სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 20, სულ: 35  შემდეგი > 
ბ.გუგუშვილის ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“ 2005 ნოემბერი (ტექსტი, ნაწ.1)
ავტ.: შავლეგო : 11/28/2005

უპირველეს ყოვლისა - სანამ თქვენს შეკითხვებზე პასუხს გავცემ - მათ წინასიტყვაობა უნდა წარვუმძღვანო:

საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ადამიანების დაღუპვა ყოველთვის იყო და იქნება მოცული გარკვეული ბურუსით, მარავალაზროვანებითა და ყოველგვარი ეჭვებით. ამასთანავე, არა აქვს მნიშვნელობა - მოხდა ეს სადღაც მთაში და ტყეში, სულ რამდენიმე მოწმის თვალწინ თუ - მოხდა მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიის თვალწინ.

საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით ყოველთვის მძლავრობს ამა თუ იმ ადამიანის სუბიექტური განწყობა ამ დაღუპვისადმი და არა საკუთრივ ობიექტური ფაქტები. ანუ - ვისაც როგორ მოეხერხება და როგორც აწყობს იმ ვერსიას განიმტკიცებს, იმ ვერსიას ეპოტინება (საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ მომხდარი და დიდი საერთაშორისო რეზონანსის მქონე გახმაურებული სიკვდილის შემთხვევა საკმარისია ამის საილუსტრაციოდ).

სწორედ ამის გათვალისწინებით - მე არასოდეს ვცდილობდი და არც ახლა ვცდილობ ვინმე რამეში დავარწმუნო ან გადავარწმუნო, ვინმეს რამე დავუმტკიცო ან დავაჯერო - რამდენადაც, თუ ადამიანს რაღაცის დაჯერება არ აწყობს - იგი ამას არ დაიჯერებს.

ჩემს განმარტებებს ერთი ფრიად მარტივი მიზანი აქვთ - დაფიქსირდეს ზვიად გამსახურდიას დაღუპვის თვითმხილველისა და მოწმის ჩვენებები, რომლებიც ადრე არ ყოფილა გამოქვეყნებული - ქართველ მკითხველს გავაცნოთ ზოგი აქამდე უცნობი დოკუმენტი და ფაქტი (ნებისმიერი ჩემი ქვემორე გამონათქვამი რაიმე დოკუმენტს ეყრდნობა, მათი მოწმეები არსებობენ და იოლი გადამოწმებადია).

ამას გარდა - ზოგადი პასუხი უნდა გავცე საზოგადოებრიობის ერთ ნაწილში გაბატონებულ იმ მოსაზრებას, თითქოს ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებებთან დაკავშირებით „ჭეშმარიტებისა და სიმართლის“ დადგენა შეუძლია ვთქვათ პროკურატურას ან რაიმე იურიდიულ კომისიას. ასეთებს უნდა განვუმარტო - პროკურატურებსა და კომისიებს რომ სიმართლისა და მით უმეტეს ჭეშმარიტების დადგენის უნარი გააჩნდეთ - არ იარსებებდა არც მეცნიერება და არც რელიგია - პროკურატურები და იურიდიული კომისიები გააკეთებდნენ მათ საქმეს... ჩემთვის ნათელია, რომ ასეთი ადამიანები ვერ განასხვავებენ სიმართლესა და სამართალს (იურისპუდენციას)...

ერთად ერთი - რაც შეიძლება ახლა და საერთოდაც რეალურად გაკეთდეს ისტორიისათვის - ობიექტურად და მიუკერძოებლად მოიკრიბოს და დაფიქსირდეს თვითმხილველთა ჩვენებები და მათ მიერ მოწოდებული ობიექტური ფაქტობრივი ინფორმაცია (და არა - „მე ასე მგონია“,  „მე ასე ვთვლი“, „მე ასე ვფიქრობ“). ხოლო, „სიმართლე“ და „ჭეშმარიტება“ ამასთან დაკავშირებით იმდენი იქნება - რამდენიც ამაზე დაფიქრებული ადამიანი იარსებებს.

მე საშუალება მქონდა შედარებით ვრცლად გამეცნო ქართველობა ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების შესახებ ტელევიზია „იმედის“ 2004 წლის 6 ივნისის „დროების“ ექსკლუზირ გადაცემაში და ამიტომ ამჯერად არ შევჩერდები საკითხებზე და ფაქტებზე, რომლებიც იმ გადაცემემ უკვე მოიცვა.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტი და ასპექტი სხვაც ბევრია - იმის გარდა რაზეც ქვემოთ იქნება სუბარი, მაგრამ მათი დრო ჯერ არ მოსულა (თუ საერთოდ ოდესმე მოვა...). ვგულისხმობ იმ დროს, როდესაც საქართველოს თავგანწირული გმირი, თავგანწირული ზვიადი დასჭირდება... და არა საპატიო პენსიაზე გასული, უსაქმურობისგან გალოთებული და არაფრისმთქმელი, გაყალბებული მემუარების მწერალი „გმირი“... გარკვეული თვალსაზრისით - მე ვგულისხმობ იმასაც, რომ ზვიადმა დატოვა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მილოშევიჩის ან სადდამ ხუსეინის ხვედრის თავიდან აცილება - და როგორი უნდა იყოს ზნეობრივი გმირის: ზვიადის, ჯოჰარის, ასლანის ხვედრი.

 

ჩემს პასუხებში ხშირადაა ნახსენები ვიდეომასალები, რომლებიც ყველასათვის მისაწვდომია ვებ საითზე „სიმართლე“ ..

* * *

ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდგომ და მისი გროზნიში გადასვენების თაობაზე გროზნისა და თბილისს შორის მოლაპარაკების პერიოდში არავითარი სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსია მის დაღუპვაზე - თვითმკველობის გარდა - არც ერთი მხრიდან ღიად, საჯაროდ არ გამოთქმულა და არ დაფიქსირებულა.

მაგრამ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ მხოლოდ ზვიადის გროზნიში დაკრძალვის შემდგომ გავიგე, რომ თურმე ჩვენს მიერ გროზნიში ზვიადის დაღუპვის ცნობის მიწოდებისთანავე - ანუ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც მე სამეგრელოში ზვიადის საფლავის გვერდზე ვიყავი და მას არ ვშორდებოდი - მის ოჯახს, ჩვენს ზურგს უკან -- მუხანათურად და მოღალატურად საქართველოს ხუნტის პროკურატურისათვის მიუმარათვს ჩვენი დაპატიმრების მოთხოვნით!

მეტიც - თურმე ოჯახს საქართველოს პროკურატურისათვის გადაუცია მის ხელთ არსებული ცნობებიც კი - თუ სად უნდა ვეძებნეთ. ამდენად - ხუნტას ჩვენი დევნა და გამოძიება დააწყებინა გამსახურდიას ოჯახმა - შემდეგ ისინიც მოატყუა, კატეგორიული უარი თქვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ყოველგვარი გამოძიების ჩატარებაზე - შეაჩეჩა რა გაბრიყვებულ ბალუაშვილს გამოუძიებადი საქმე!

ეს ყველაფერი გამსახურდიას ოჯახის წევრების თანდასწრებით განაცხადა პროკურორმა ბალუაშვილმა გამსახურდიას გადმოსვენების კომისიის სხდომაზე თბილისში და დაფიქსირებულია ჩემს ხელთ არსებულ და ვებში გამოქვეყნებულ ვიდეოფირზე. მე ამ დოკუმენტური ვიდეოფირის ეგზემპლიარი მხოლოდ ზვიადის გროზნიში დასაფლავების შემდეგ გადმომცა ჩეჩნეთის ტელევიზიამ და მანამდე სამწუხაროდ ამ ფატებს არ ვიცნობდი...

კიდევ კარგი, რომ ბაჩუკისა და ზაზას ჭკუა ეყოთ და გროზნიში ჩასვლის შემდეგ არც სამეგრელოში ზვიადის სასაფლაოსა და არც ჩვენი ზუსტი ადგილსამყოფელი ქვრივისთვის არ გაუმხელიათ - თორემ იქვე ჩაახოცინებდა „ოჯახი“ ჩვენს თავს ხუნტის ჯალათებს.

სწორედ ამნაირად გავიგე, რომ თურმე ზვიად გამსახურდიას დაღუპვის თაობაზე საქართველოს ხუნტის ანუ პროკურორ ბალუაშვილის მიერ დაწყებული გამოძიება - გამსახურდიას „ოჯახის“ მოთხოვნით იყო ინსპირირებული და ჩვენი გზა-კვალიც სამეგრელოში მის მიერ ჰქონია პროკურატურას მიცემული.

* * *

გამსახურდიას ქვრივმა - ჯერ კიდევ ზ.გამსახურდიას ცხედრის გროზნიში გადმოსვენების თაობაზე თბილისთან წარმოებული მოლაპარაკების პერიოდში, საგანგებოდ დამიბარა და სიტყვა-სიტყვით ასე განმიცხადა: „ბატონო ბესარიონ. თქვენ უნდა თქვათ, რომ ზვიადი ბრძოლაში მოკლეს. მე არ მაწყობს მისი თვითმკვლელობა - ამის თქმას მე ყოველთვის მოვასწრებ. თუ ასე არ იტყვით, მაშინ მე იძულებული ვიქნები თქვენ დაგაბრალოთ ზვიადის მოკვლა“. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მე არაფრის არ მეშინია, სიმართლის მეტს ვერაფერს ვიტყვი და სიმართლე კი თვითმკვლელობაა. ამას დავამატე - რახან ასეთი ეჭვები შეიძლება გაჩნდეს - მაშინ ჩვენ, მოწმეები კატეგორიულად მოვითხოვთ ჩატარდეს სრულმასშტაბოვანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიება, რადგან მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს ჩვენი სიმართლის დამტკიცების საშუალება.

თუ ამას დავუმატებთ ქვრივის, მისი დისა და ზოგიერთი მათი დამქაშის ისტერიულ და გამუდმებულ რეჩიტატივებს თემაზე „არავის არ ვაპირველებ“ (თუმცა იმდენად დაღლილი და იმედგატეხილი ვიყავი, რომ სრულებითაც არ ვაპირებდი დევნილ ხელისუფლებაში არა-თუ პირველკაცობას და მით უმეტეს ზვიადის ადგილის დაკავებას, არამედ რაიმე გამორჩეულ აქტიურობას) - ფრიად უსიამოვნო, მძიმე და დაძაბული ვითარება შეიქმნა.

მახსენდება, ქვრივმა რეზიდენციაში დაიბარა ზვიადის დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად გროზნიში ჩამოსული უზენაესი საბჭოს დეპუტატები (ორი თუ სამი ათეული კაცი) და ჩემი თანდასწრებით განუცხადა - „რახან ზვიადმა მე მომაწერინა ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე - ამითი გაგრძნობინათ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მე უნდა დამიჯეროთო“.

ამაზე ქვრივთან ძალზე ცხარე და უხეში შეკამათება მომივიდა (თავი ვერ შევიკავე) - „ჯერ ადამიანი არ დაგვიმარხია და რა დროს ჩინ-მედლებისა და თანამდებობების გადანაწილებაა“ მეთქი და მეტიც - საჯაროდ, ყველას წინაშე ვამხილე, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ოფიციალურ ეგზემპლიარზე მას ხელი არ ჰქონდა მოწერილი და ცრუობდა. სინამდვილე ისაა, რომ არჩვაძეს ხელი მოაწერინეს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის „სასაჩუქრო“ ანუ მერაბ კოსტავას სახელობის ეგზემპლიარზე - რომელიც შემდგომ საზეიმოდ მერაბის დედის - ოლღა დემურიასათვის გადასაცემად იყო სპეციალურად და საგანგებოდ მომზადებული „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის თხოვნით.

ქვრივს ყველას თანდასწრებით განვუცხადე - „არ გამოგივათ ციან ცძინობა (მაო ძე დუნის ცნობილი ქვრივის სახელია, რომელიც მაოს სიკვდილის შემდეგ ჩინეთის მეთაურობას ეპოტინებოდა) - არც სამაგისო ცოდნა და არც სამაგისო ნიჭი არ გაგაჩნიათ, ჯობია ზვიადის ოჯახსა და შვილებს მიხედეთ. უკეთესს აწი ვერაფერს გააკეთებთ“-მეთქი. ზუსტად და სიტყვა-სიტყვით ეს ვუთხარი. თან დავაყოლე - ნუ ეცდებით გროზნიში ზვიად გამსახურდიას საფლავი და რეზიდენცია ლენინის მავზოლეუმივით სამარცხვინო კერპად გადააქციოთ - რომლის ტრიბუნასაც თქვენ დაეპატრონებით - მეთქი. ჩემს ამ ამ სიტყვებზე ქვრივი გაშრა, ტუჩები აუკანკალდა, გაფითრდა და ოთახიდან ხმის დაუძრავად გაწბილებული გავიდა (თუმცა დერეფნიდან კარგა ხანს ისმოდა მისი დის გაღიზიანებული წკავ-წკავი), ხოლო შეკრებილი დეპუტატები კი მძიმე პროსტრაციის მდგომარეობაში ჩავარდნენ, გაითიშნენ...

სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავეს და გაამძაფრეს მოსკოვიდან შემოგდებულმა პროვოკაციულმა სტიმულებმა - ზუსტად დაკრძალვის წინა დღეებში „კომსომოლკაია პრავდამ“ ნიშანდობლივი სტატია დაბეჭდა ზვიადის დაღუპვაზე - რომელშიც ჩამოყალიბებული და დასაბუთებული იყო მოსაზრება, რომ ზვიადის დაღუპვის შემდეგ საქართველოს ეროვნულ მოძრაობასა და დევნილ ხელისუფლებას სათავეში გამსახურდიას ქვრივი ჩაუდგება. „კომსომოლსკაია პრავდას“ მაშინათვე აუბეს მხარი სხვა რუსულმა ჟურნალ-გაზეთებმაც - რომლებსაც ზვიადის პანაშვიდებზე გლოვისათვის სავსებით შეუფერებელი გამარჯვებული სახეებითა და ნიშნისმოგებით დააფრიალებდნენ და აღფრთოვანებულები განიხილავდნენ უკვე ლამის ფრაქციად ჩამოყალიბებული „მანანისტები“ და ახალმოვლენილ „თამარ დედოფალს“ ადიდებდნენ (ზუსტად ასე მიმართა მას წერილით ციხის იზოლაციიდან ერთ-ერთმა პატივცემულმა პოლიტპატიმარმა - რომელ წერილსაც ასევე დიდ რეკლამას უკეთებდნენ, როგორც სამაგალითო ქცევას).

მოკლე ხანში კი ჩემთვისაც და მრავალი იქ მყოფისთვისაც ნათელი გახდა, რომ ქვრივი ცდილობს რამენაირად და როგორღაც პირადად მე გამამტყუნოს ზვიადის დაღუპვაში, ამიმხედროს უზენაესი საბჭოს დეპუტატები და მინისტრთა კაბინეტის წევრები - რათა თავისი ჭკუით დევნილი ხელისუფლების პრემიერ მინისტრობა წამართვას და ამით „პირველკაცობა“ ჩაიგდოს ხელში. რაღაც ასპექტში სულ მალე ქვრივმა მართლაც „გაახერხა“ ასეთი „შინაგანი პუტჩის“ მოწყობა - ამისთვის ჯერ თავიდან მოიცილეს უზენაესი საჭოს თავმჯდომარის მოვალეობის აღმსრულებელი მ.კიკნაძე და შემდეგ მე - ლეგიტიმური პრემიერი (რითაც დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ყველა ზვიად გამსახურდიას ხელდასმული პირველი პირი მათი ჭკუით ხელისუფლებას ჩამოაშორეს). ლეგიტიმურობის მისეული წარმოსახვით - ასეთი რამ მას სავსებით დასაშვებად და შესაძლებლადაც მიაჩნდა.

ჩემს შემდეგ - არჩვაძემ პრემიერის პირველ მიადგილეზე გ.აბსანდძეზე (ზვიადის ხელდასმულ ბოლო შემორჩენილ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეზე) მიიტანა იერიში, ამჯერად მას დააბრალა და ცილი დასწამა საჯაროდ ზვიადის „მოკვლის ორგანიზებაში“ (რამდენაც მე უკვე დევნილ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ჩამოშორებულად მივაჩნდი) - აბსანძეს შეუსია თავისი ხროვა და დევნილი უზენაესი საბჭოს „მანანისტ“ ფრაქციონერებს ისიც „გაანთავისუფლებინა“ თანამდებობიდან. ამით არჩვაძემ დაასრულა ლეგიტიმური ხელისუფლებაში „შინაგანი პუტჩი“, შემოიმტკიცა ცვედანი, უნებისყოფო და მარიონეტი პირების ხროვა ლეგიტიმური უზენაესი საბჭოდან და მისი აზრით სავსებით საკმარისი ბაზა შეიქმნა „გა-თამარ-დედოფლებისათვის“.

ამ მიმდინარე „შინაგან პუტჩზე“ და მის შესაძლო განვითარებასა და შედეგებზე საკმაოდ ღრმა და დეტალური მსჯელობა გვქონდა დაკრძალვის მომდევნო დღეებში გროზნიში შეკრებილ „მრგვალი მაგიდის“ წევრებთან - თუმცა ბოლოს გადავწყვიტეთ არ შევბრძოლებოდით და წინააღმდეგობა არ გაგვეწია - „გიჟი მიუშვი ნებასა - თვით გადეყრება ვნებასა“ პრინციპით.

მართლაც - უკვე თბილისში დაბრუნების შემდეგ - არჩვაძე „მრგვალ მაგიდასაც“ და „მრგვალი მაგიდის“ ყველა წევრ ორგანიაზაციასაც „დაეპატრონა“, აბსოლუტურად „გა-პირველ-დედა-კაცდა“ და თავისი აზრით დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ყველა შტო ჩაიგდო ხელთ - ამით, იგი თავისი აზრით საქართველოს დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ერთპიროვნული ბელადი გახდა და „კომსომოლსკაია პრავდაში“ ზემოთხსენებული პროგნოზიც მთლიანად და სრულად გაამართლა - საქართველოს ახალი „ქუჩის თამარ დედოფალი“ მოუვლინა.

მაგრამ ისევ საქმეთა მიმდინარეობას დავუბრუნდეთ...

მდგომარეობის ასეთი შეცვლის გამო მე ზ.გამსახურდიას სიკვდილის სხვა მოწმეებთან შეთანხმებით მივმართე ჯოჰარ დუდაევსა და ზელიმხა იანდარბიევს (რომელიც უძღვებოდა მოლაპარაკებებს ზვიადის გადმოსაფლავების თაობაზე და საერთაშორისო შუამავლების კომისიას - რომელიც ჩეჩნეთის ხელისუფლებამ შეიქმნა ზ.გამსახურდიას ქვრივის მ.არჩვაძის ოფიციალური წერილობითი მიმართვის საფუძველზე) მოთხოვნით - ყოველ მიზეზ გარეშე და დაუყონებლივ ჩაეტარებინათ ჩეჩნეთში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (ზ.გამსახურდიას თხოვნის შესაბამისად, მდგომარეობის ასეთი გაუარესების მიუხედავად. ვერ გავწირე იგი მკვდარიც კი ჩამეგდო ხინტის ხელში). თანაც დავემუქრე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩეჩნეთშიც არ ჩაატარებენ ექსპერტიზას - მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება და გავუმხელთ ხუნტას ზ.გამსახურდიას დასაფლავების ადგილსაყოფელს - რათა შევარდნაძის მხარემ ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სრული მასშტაბით (უკვე ვიცოდით, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისს უკვე ჰყავდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები).

ჯოჰარ დუდაევს ისიც მოვახსენე, რომ ქვრივი ასე ვთქვათ „თანამდებობაში მეცილება“ და ეს მთავარი მოტივი და მიზეზია იმისა, რომ მან დაიწყო ჩემს მიმართ ბინძური ცილისწამება და ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს.

ჯოჰარმა მითხრა: ეგ ვიცი, სხვებიც მეუბნევიან მაგასო. მაგ „ნახირისაგან (რუს. ბიდლა)“ აწი, ზვიადის გარეშე (მწყემსის გარეშეო - დააყოლა) რაიმე პოლიტიკური ძალის მობილიზება ვეღარ მოხერხდება (სამხედროს რომ თავი დავანებოთ) და უმჯობესია თქვენი ცოდნა და ენერგია ახლა ჩეჩნეთს მოახმაროთ, ჩვენ ჩეჩნები იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას განვაგრძობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ - ჩვენს მთავრობას ამოუდექით მხარშიო. ტყუილა მაგათთან დავაში ნუ მოცდებით - რაღაც ხანში სტრესი გაუვლით, იქნებ გონს მოეგონ და მერე ახლიდან ერთად ვცადოთ დევნილობაში საქართველოს ხელისუფლების ხელახალი კონსოლიდაციაო (რაც ისეც ვერ მოხერხდა). მართლაც რამდენიმე დღეში უკვე ჩეჩნეთის მინისტრთა კაბინეტისა და მთავრობის წევრად დამნიშნა.

სხვათა შორის - სულ მალე კი ჯოჰარმა ჩეჩნეთის პარლამენტის (კიდევ ერთი „ნახირის“) მუშაობა შეაჩერა და ყველა დეპუტატს სამხედრო მოსამზადებელ ბანაკებში წასვლა მოუწოდა - ლაყბობის დრო მოთავდა და საჭირო იყო მომავალი ომისათვის სერიოზული მომზადება. ხოლო - ჩეჩნეთის კანონებით პარლამენტის წევრობა არ ათავისუფლებდა ომის დროს სამხედრო სამსახურისაგან - პარლამეტის წევრები პირველსავე ეშელონში უნდა წასულიყვნენ ფრონტზე, ცეცხლის ხაზზე - რათა პირადი მაგალითი მიეცათ რიგითი მოქალაქეებისათვის. რაც შეეხება პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტსა და სამინისტროებს - ისინი უკვე გადასული იყვნენ სამხედრო რეჟიმზე - უნიფორმის ჩათვლით და კვირაში ორ-სამ დღეს უკვე სამხედრო ბანაკში წვრთნებზე ატარებდნენ (თქვენი მონა-მორჩილიც).

თემას ისევ ცოტათი გადავუხვიეთ...

ხსენებული შეხვედრის შემდეგ, ჯოჰარ დუდაევი, ზელიმხა იანდარბიევი და საერთაშორისო შუამავლები ლიტვიდან (ლიტვის პარლამენტის დეპუტატი რომულას ოზოლასი  და ვ.ეიდუკაიტისი) - ჩეჩენ იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ  ამ პრობლემასთან დაკავშირებით საგანგებოდ შეხვდნენ არჩვაძეს, გადასცეს ჩვენი მოთხოვნა და აუხსნეს, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა სავსებით კანონიერია და არჩვაძე ვალდებულია ჩვენი (თვითმკვლელობის მოწმეების) ეს სამართლიანი მოთხოვნა გაითვალისწინოს.

ეს ოფიცალური, შუამავლების მეშვეობით და ჩარევით ჩატარებული მრავალმხრივი მოლაპარაკება იყო ქვრივთან, რომლის შედაგადაც:

ერთის მხრივ ჩვენს - ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეებსა და მეორეს მხრივ ზ.გამსახურდიას ოჯახს შორის - მისი ქვრივის მანანა არჩვაძის სახით - სართაშორისო შუამავალთა მონაწილეობით და მოწმეობით მოხდა ქვემორე შეთანხმება და გარიგება ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობთ სიკვდილის შესახებ

« ზვიად გამსახურდიას ოჯახი, მისი ქვრივის სახით, არასოდეს არ წამოაყენებს რაიმე სხვა ვერსიას ზ.გამსახურდიას სიკვდილის შესახებ გარდა თვითმკვლელობისა.

ხოლო

ჩვენ, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეები არ მოვითხოვთ ცხედრის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არც ჩეჩნეთში და არც საქართველოში და არ მივიღებთ მონაწილეობას ამასთან დაკავშირებულ არავითარ გამოძიებაში. »

ეს გარიგება შეჯერებული და ჩამოყალიბებული სახით ასახულია გამოქვეყნებულ დოკუმენტებშიც:

«პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნა

3. ოჯახის წევრები და სიკვდილის მოწმენი კატეგორიულად უარს ამბობენ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებასა თუ რაიმე გამოკვლევაში მონაწილეობაზე.

4. პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულად უარს ამბობს, რომ გარდაცვლილის ცხედარი გაკვეთონ, გამოიკვლიონ ანდა განახორციელონ რაიმე სხვა მოქმედება, გარდა უშუალოდ ადგილზე ამოცნობისა.

გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს შეიქმნას საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესრულებას.

ოჯახი დაბეჯითებით მოითხოვს ამ მოთხოვნების შესრულებას.

წყარო: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“. გვ.33. [დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოცემა]. თბილისი, 2004. გამომცემლობა „ზანი“. »

მიაქციეთ ყურადღება - გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ რაიმე გამოძიებასა და გამოკვლევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ არა მხოლოდ ხ.გამსახურდიას სიკვდილის მოწმეები, არამედ - და რაც არსებითია რიგი თვალსაზრისით - გამსახურდიას ოჯახის წევრებიც... ღირს, რომ ამის წამკითხველი კარგად დაუფიქრდის, თუ რატომ იქნენ ამ მუხლში საგანგებოდ მოხსენიებული ოჯახის წევრებიც....

ამ შეთანხმების მოწმეებად და შესრულების გარანტებად დაგვიდგნენ ჩეჩნეთის ხელისუფლება - კერძოდ ჩეჩნეთის ვიცე პრეზიდენტი გადმოსვენების კომისიის თავმჯდომარე ზელიმხა იანდარბიევი, ჩეჩნეთის პარლამენტის საგარეო კომისიის თავმჯდომარე მათე ციხესაშვილი, ლიტვის მხარე - რომელშიც ლიტვის პარლამენტის დელეგაციის წევრები იყვნენ (რომულას ოზოლასი და ვიტატუტას ეიდუკაიტისი) და ინგუშეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ისა კაძოევი.

გადმოსვენების კომისიაში იყვნენ და ამით ასრულებდნენ გარდაცვლილის ოჯახისა და თვითმკვლელობის მოწმეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველების როლს - შუამავლის სახით: გ.შარაძე. ოჯახის წარმომადგენლების სახით: ნ.ტიტვინიძე, ი.აფაქიძე, ჯ.ბარამიძე, ი.ბარდაველიძე, ს.გახარინა-შარაძე. კომისიის წევრები: ც.ბუჩუკური და რ.კობახიძე. საქართველოს რეჟიმის წარმომადგენლები: ჯ.კეკელია, თ.მახარაძე, ლ.კვესელავა. როგორც ხედავთ აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებაში მრავალი ქვეყნის მრავალი წარმომადგენელი მონაწილეობდა და საქმის კურსში იყო!

ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითია, რომ ეს შეთანხმება მიღებული, დაფიქსირებული და გათვალიწინებული იყო აგრეთვე საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლებისა და თვით მისი პროკურატურის მხრივ (რომელსაც საქმე უკვე წამოწყებული ჰქონდა) - პროკურორი ჯ.ბალუაშვილი.

ხსენებულ ვიდეოფირებზე აღბეჭდილია კიდევ ათობით სხვა პირი, რომელიც აგრეთვე საქმის კურსში იყო ამ შეთანხმების, ხელშეკრულების შესახებ!

ეს შეთანხმება და მისი შინაარსი განმტკიცებულია არაერთი საჯარო განცხადებით როგორც ზ.გამსახურდიას გადმოსვენების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე შუამავალი მხარეების მხრივ, ასევე პრესაში და ასევე აისახა ოჯახისა და ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეების ერთობლივ განცხადებაში (იხილეთ ვიდეოოქმები და დოკუმენტები). ეს ზუსტად ასევეა აგრეთვე დოკუმენტირებული აგრეთვე რამდენიმე უცხოეთში ოფიციალური შუამავლების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც რომელიც ხელთ მაქვს (Vitautas Eidukaitis. Vienišos vilkes vaikai. Kario Dienoraštis, 2001, Kaunas. ISBN 9955-466-07-3). ამის ცოცხალი მოწმეები ჯერ კიდევ არსებობენ ლიტვაში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და საქართველოშიც...

ამდენად - მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაციაა, თითქოს 1994 წელს საქართველოს პროკურატურამ ზვიადის დაღუპვის შესახებ საქმე და გამოძიება თავისი ნებით ან რეჟიმის დაძალებით შეწყვიტა - ეს გამოძიება შეწყდა გამსახურდიას ოჯახსა და მისი თვითმკვლელობის მოწმეებს შორის ზემოთხსენებული შეთანხმებისა საფუძველზე და ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით, რომელმაც შეუძლებელი გახადა არა თუ მოწმეების რაიმე გამოძიებასა თუ გამოკვლევაში მონაწილეობა, არამედ და რაც მთავარია - შეუძლებელი გახადა ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა - ურომლისოდაც გამოძიება ვერაფრით ვერ ჩატარდებოდა (და ვერასოდეს ვერ ჩატარდება).

ეს ყველაფერი დღესაც ძალიან კარგად იცის და გაეგება საქართველოს პროკურატურას - მთლად ეგეთი უვიცებიც არ არიან... მაგრამ რა ჰქნან? მბრძანებელს ხომ ვერ შეეკამათებიან? ცოტაც მოიცადონ, დრო გაწელონ და ეგების  თვით მბრძანებელიც შეიცვალოს - რაც ეს „საქმე“ არსებობს, ერთხელ ხომ უკვე შეიცვალა... მბრძანებლები მიდიან და მოდიან - პროკურატურა კი რჩება...

* * *

ზ.გამსახურდიას ცხედრის გროზნიში გადმოსვენებისთანავე და განსაკუთრებით დაკრძალვის უშუალოდ წინა დღეებში არჩვაძემ გააძლიერა საჯარო ცილისწამება  იმაზე, რომ ვითომ ზ.გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და რომ იგი გარემოცვიდან ვიღაცამ მოკლა.

ამით აღშფოთებულმა, დასაფლავებამდე ორი თუ სამი დღით ადრე ოფიციალურად, მოწმეების თანდასწრებით მივმართე ჩეჩნეთის პროკურატურას, ჯოჰარ დუდაევს და ზელიმხა იანდარბიევს კატეგორიული მოთხოვნით დაუყონებლივ ჩაეტარებინათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტზა. ჯოჰარ დუდაევმა მთხოვა თავი შემეკავებინა ამ მოთხოვნისაგან, რამდენადაც ისეთ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს ყურადღება გროზნიზე და ზ.გამსახურდიას დაკრძალვაზე იყო კონცენტრირებული ეს ფრიად არასასურველ სკანდალს გამოიწვევდა. სამაგიეროდ ჯოჰარ დუდაევი შემპირდა, რომ დაკრძალვაზე თავის გამოსათხოვარ სიტყვაში საგანგებოდ გაამახვილებდა  ყურადღებას თვითმკვლელობის ფაქტზე - რათა ეს საერთაშორისო მედიის მიერ დაფიქსირებულიყო, და, რამდენადაც, ჩეჩნეთის პრეზიდენტის გამოსათხოვარი სიტყვა საქართველოს პრეზიდენტის დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიაზე სახელმწიფო და სახელისუფლებო დონის დოკუმენტია, - იგი (ჯოჰარ დუდაევი) ამით შეასრულებდა ზ.გამსახურდიას თვითმკველობის მოწმეებსა და ზ.გამსახურდიას ოჯახს შორის ზემოაღნიშნული შეთანხმების გარანტის ფუნქციას.

ჯოჰარ დუდაევმა პირნათლად შეასრულა თავისი კაცური დაპირება (მით უფრო, რომ მისთვის უკვე სავსებით ნათელი გახდა გამსახურდიას ქვრივის ანგარებითი მოტივაცია ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში ანუ „პირველკაცობის“ მოტივი) და ზ.გამსახურდიას დაკრძალვაზე თავის ოფიციალურ გამოსათხოვარ სიტყვაში, რომელსაც არაერთი მსოფლიო საინფორმაციო სამსახური იწერდა აუდიოსაშუალებებით და იღებდა ვიდეო-აუდიო ფირზე და რომელიც უპირობოდ და ცალსახად მიღებული უნდა იქნას არა მხოლოდ ოფიციალურ სახელმწიფო რანგის დოკუმენტად, არამედ - ზემოთხსენებული შეთანხმებისა და გარიგების შუამავალი მხარის ოფიციალურ დოკუმენტად - პირდაპირ და არაორააზროვნად და რამდენიმე ვარიანტში განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კერძოდ მან თქვა:

„ზვიად კონსტანტინეს ძე ნებაყოფილობით წავიდა ამ ცხოვრებიდან, გააკეთა რა ყოველივე, რისი გაკეთებაც შეეძლო საქართველოსა და კავკასიისათვის.

ცხოვრებაში თავისი ამ გააზრებული ნაბიჯის გადადგმისას მან თავი გაიღო საქართველოსა და კავკასიის ხალხთა პატვის, სინდისის, ღირსების, დამოუკიდებლობისა და ამ მიწაზე მათი უფლებების დაცვისათვის.

და თავისი უკანასკნელი ნაბიჯი მან გადადგა მარადისობაში, რათა წინ აღდგომოდა მისი სახელითა და დროშით შემდგომ სისხლისღვრას.

მე კარგად ვიცი, რატომ წავიდა იგი (ამქვეყნიური) საქართველოდან. ზვიად კონსტანტინეს ძე არ იყო მხდალთა რიგებიდან. ის იყო გმირული, ძლიერი, ნიჭით თვით ღვთისა და ბუნებისაგან დაჯილდოებული ადამიანი. ასეთ ადამიანს კი შეუძლებელია, გაუცნობიერებლად გადაედგა თუნდაც ერთი ნაბიჯი. და გადადგა კიდეც ეს ნაბიჯი, რათა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თავისი ერთგულებისა და სიყვერულისათვის საქართველოსა და მისი ხალხისადმი“.

ხოლო საფლავის ქვაზე, რომელიც დუდაევმა დაუკვეთა და დასაფლავებიდან რამდენიმე დღეში დადგეს ზვიადის საფლავზე ჯოჰარმა გააკეთებინა წარწერა „ჩემს მასწავლებელსა და მეგობარს ზვიად გამსახურდიას რომელიც თავისი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან“-ო. სიტყვები „რომელიც თავისი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან“ ქვრივმა მეორე დღესვე ამოამტვრევინა და დიდ ხანს ეს საფლავის ქვა ასე დამახინჯებულ-ამომტვრეული იდგა...

სხვათა შორის - ჯოჰარ დუდაევის გამოსათხოვარი სიტყვის რამდენიმე ვიდეოჩანაწერი მაქვს და მათგან მხოლოდ ორზეა დატოვებული მისი სიტყვები „ზვიად კონსტანტინეს ძე თავისი ნებით წავიდა ამ ცხოვრებიდან“ - სხვებზე კი სწორედ და მხოლოდ ეს მონაკვეთი აკურატულად ამოშლილია, განადგურებულია - როგორც ეტყობა ვიღაც-ვიღაცეებს ძალზე არ აწყობთ ეს სიტყვები და მით უმეტეს ასეთი დიდი და გამოჩენილი ადამიანის მიერ ასეთ დროსა და ასეთ გარემოებებში თქმული...

გამოტოვებულია ჯოჰარ დუდაევის ეს სიტყვები აგრეთვე „საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოცემაში, რომელიც თბილისში, 2004 წელს გამოვიდა. სამარცხვიონო ფაქტია, მაგრამ „სიმართლის გალამაზების“ ტიპობრივი ნიმუშია - მით უმეტეს, რომ ამ გამოცემის მესვეურებს ჯოჰარის სიტყვები საკუთარი ყურით აქვთ მოსმენილი და საფლავის ქვაზე წარწრის ამოტეხვის სკანდალურ და სამარცხვინო ისტორიასაც პირადად იცნობენ.

ზვიადის გროზნიში დაკრძალვიდან მცირე ხნის შემდეგ კი საქართველოს ტელევიზიის ჟურნალისტის (თუ არ ვცდები თარგამაძის) შეკითხვაზე კი ჯოჰარმა ვრცლად და დაწვრილებით გაანალიზა რა ზვიადის თვითმკვლელობის ფაქტორები ასე უპასუხა: „იმითი, რომ გადადგა ნაბიჯი უკუნისობაში - ზვიადმა ქართველ ხალხს გზიდან აარიდა თავისი ფაქტორი“ (ამ ვრცელი და მნიშვნელოვანი ინტერვიუს ვიდეოდოკუმენტი არსებობს და მისი გაცნობა ქართველი საზოგადოებრიობისათვის ფრიად საშურ საქმედ მიმაჩნია).

სერიოზულ მკველვარსა ან ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესებულ ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება არ დაებადოს შეკითხვა - რატომ იზრუნა საგანგებოდ კავკასიის თავგანწირულმა გმირმა (თავგაუწირავი „გმირებისაგან“ განსხვავებით), ზვიადის თანამებრძოლმა და მოწაფემ ჯოჰარ დუდაევმა იმაზე, რომ ასე ხაზგასმით, დაბეჯითებით, დაჟინებით, მრავალგზის და ანალიტიკურად დააფიქსირებინა მომავალი თაობებისათვის ზვიადის სწორედ თავგანწირვითი თვითმკვლელობის ფაქტი და არა რაიმე სხვა ვერსია? რა აზრი, რა მოტივაცია ჰქონდა კავკასიის ამ ბრწყინვალე რაინდის ასეთ ქცევას? პასუხები ამ შეკითხვებზე ფრიად არსებით დასკვნებამდე მიიყვანს კაცს - დასკვნებამდე, რომელიც რომელიღაც ძალებს ძლიერ არ აწყობთ და არ მისწონთ (დაე მკითხველმა თვით ცადოს დასკვნების გამოტანა)...

ნუ ჰგონია ზოგიერთ კაცუნას თავი დიდ ჯოჰარ დუდაევზე უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი.

ხოლო, რა კონკრეტული მოტივები ამოძრავებდა და რა გეგმის შესაბამისად მოქმედებდა ქვრივი და რატომ დასჭირდა მას ჯერ ჩემი და შემდეგ გ.აბსანძის დადანაშაულება ზვიადის დაღუპვაში ზემოთ უკვე მოგახსენეთ - რაც მოაზროვნე მკითხველს მიახვედრებს ქვრივის ანგარებით და კარგად გათვლილ მიზნებს.

თუ მკითხველი ჩაუკვირდება ყველაფერს ზემოთ თქმულს, ალბათ ადვილად მივა იმ დასკვნამდე - გინდაც ეჭვი დაარქვით, რომ თუ მიცვალებულის ექსპერტიზა ჩატარდებოდა - მაშინ დიდი შესაძლებლობით ობიექტურად დადგინდებოდა და უცილობელი გახდებოდა თვითმკვლელობის ფაქტობრივი ცნობაც - რაც არჩვაძეს საბოლოოდ დაუკარგავდა „პირველდედაკაცობისა“ და „ახალი თამარ დედოფლობის“ შანსს. სწორედ ეს იყო ქვრივის ასეთი და ამ გზით მოქმედების ერთ-ერთი მოტივი და მიზეზი (მაგრამ არა ერთად-ერთი - რაც ცალკე საუბრის თემაა).

* * *

საერთაშორისო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი მიწვეული ჰყავდა შევარდნაძის რეჟიმს - რათა თბილისში პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესაბამისად ჩაეტარებინათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გროზნიში კი, ექსპერტიზისათვის მზად იყვნენ ჩეჩენი სპეციალისტები (უცხოელები მათს შორის არ შეურიეს, რათა მკაცრად ყოფილიყო დაცული საიდუმლოება და ოჯახის პრივატულობა). საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება და მისი პროკურატურა კატეგორიულად ითხოვდნენ ექსპერტიზის ჩატარებას - ქვრივი კიდევ უფრო შეუძლებლად მიიჩნევდა ექსპერტიზის ჩატარებას და სწორედ ეს გახდა იმისი ერთად-ერთი მიზეზი, რომ გადმოსვენების პროცედურა რამდენიმე კვირას გაჭიანურდა და გაიწელა (ამას ადასტურებს ვრცელი მიმოწერა გროზნისა და თბილისს შორის რომლის დოკუმენტებიც ხელთ მაქვს). რამდენიმეჯერ ამის გამო საქმე კინაღამ სკანდალამდეც კი მივიდა. ეს ყველაფერი (გადმოსვენების კომისიის სხდომები გროზნისა და თბილისში) დოკუმენტირებულია ვიდეოფირზე, რომელსაც იღებდა ჩეჩნეთის ტელევიზია და რომელიც ხელთ მაქვს.

ამდენად, ერთად-ერთი მხარე რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კატეგორიული წინააღმდეგი იყო - იყო გამსახურდიას ოჯახი ქვრივის სახით. მაგრამ, ეს ყველაზე ძლიერი მხარე იყო - ოჯახური ტრაგედიის საყოველთაოდ და ყველა მხრის მიერ  გათვალიწინებულ ფონზე. თუმცა რა იყო ამ ექსპერტიზისადმი ზ.გამსახურდიას ოჯახის ასეთი კატეგორიული წინააღმდეგობის რეალური მიზეზი - ეს სულ სხვა საკითხი და სხვა განზომილებაა...

* * *

მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას გადასვენების საერთაშორისო კომისიისა და ჩეჩნეთის ხელისუფლების შუამდგომლობით მიღწეული იქნა ოფიციალური და საერთაშორისო დონეზე დოკუმენტირებული და რეგისტრირებული შეთანხმება ოჯახსა და გამსახურდიას დაღუპვის მოწმეებს შორის  - აღარ იყო საჭირო ჩვენი მხრივ სხვა რაიმე ღონისიძების ან აქციის ჩატარება.

რაც შეეხება სპეკულაციებს, ჭორებს, მითქმა-მოთქმასა და ეჭვებს - ამას ვერასოდეს და ვერაფერი უშველის - როგორც ამ ინტერვიუს წინასიტყვაობაში მოგახსენეთ. ხოლო, რაც შეეხება იურიდიულად საჭირო დოკუმენტებს - ისინი შეიქმნა და არსებობს. ამ სამართლებრივმა დოკუმენტებმა - ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა უნდა იმუშაონ ანუ იმოქმედონ (თუ სამართალი არსებობს, რაც სამწუხაროდ არ ხდება).

კიდევ ერთხელ გავიმეორებ გამსახურდიას დაღუპვის მოწმეებისათვის ამ შეთანხმების ყველაზე არსებით პუნქტს: „გამსახურდიას ოჯახის წევრები და სიკვდილის მოწმენი კატეგორიულად უარს ამბობენ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებასა თუ რაიმე გამოკვლევაში მონაწილეობაზე“. მორჩა და დამთავრდა... ეს საერთაშორისო დონეზე მიღებული და დაფიქსირებული ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე - თუ სამართალი არსებობს ან იარსებებს - უნდა დაისაჯოს. ხოლო თუ სამართალი არ არსებობს და არ იარსებებს - მაშინ ხომ ყველაფერი ფუჭია.

დაცვის წევრებთან დაკავშირებით კი, რომლებიც ფაქტობრივად ზვიადის სრულუფლებიან და მოხალისე თანამებრძოლებად იქცნენ (რამდენადაც ხელფასისათვის უკვე არ მუშაობდნენ) - ზვიადის დასაფლავებიდან დაახლოებით ერთ თვეში ფრიად უასიამოვნო და სამარცხვინო ფაქტს ჰქონდა ადგილი.

ზვიადის დაკრძალვის შემდეგ ბაჩუკი გროზნიში ერთ-ერთ ჩეჩნურ ოჯახს შეეკედლა. ერთ დღეს ამ ოჯახს მიადგნენ გამსახურდიას ქვრივი და ზვიადის ვაჟი ცოტნე. მათ ბაჩუკი გარეთ გამოიძახეს და აძალებდნენ „აიღე შენს თავზე ზვიადის მკვლელობა და მერე თავი მოიკალი - რაღად გინდა უზვიადოთ ეგ ძაღლური სიციცხლეო. თუ დამტკიცდა, რომ ზვიადმა თავი მოიკლა - მაშინ მას ეკლესიისაგან შენდობა არ ექნებაო“. რა თქმა უნდა ბაჩუკი ამაზე არ დაეთანხმა. მაშინ ქვრივმა ცოტნეს უბრძანა. „ხომ იცი რისთვისაც ხარ აქ - ესროლეო“. ცოტნემ ვერ აიძულა საკუთარი თავი რომ ბაჩუკი მოეკლა, ვერ გაიმეტა (ცოტა ხნით ადრე ცოტნე და ბაჩუკი სისხლით ძმადნაფიცები გახდნენ) - მაგრამ სამი გასროლით ორი ჭრილობა კი მიაყენა ფეხებში (იქნებ დღემდე აფორიაქებს ცოტნეს სინდისს ეს მისი ათი წლის წინანდელი აფექტური და გარეშე დაძალებით გამოწვეული საქციელი? თუმცა ისიც ვიცი ზუსტად, რომ ბაჩუკიმ დიდსულოვნად შეუნდო და აპატია...). ბაჩუკის ერთი საკმაოდ მძიმე ჭრილობა აღმოაჩნდა და ორიოდ კვირა საავადმყოფოში გაატარა.

ბაჩუკის ჩეჩენი მასპინძელი უკიდურესად შეურაცხყოფილი იყო და ამ ფაქტზე გამსახურდიებს პროკურატურაში უჩივლა (თუ არა და სტუმრის სისხლის აღებით იმუქრებოდა) - რაზეც ჩეჩნეთის პროკურატურამ საქმე მართლაც აღძრა და გამოძიება წამოიწყო. ეს საქმე ისეც ღია დარჩა, თუმცა ჯოჰარ დუდაევის ჩარევის შედეგად შეჩერებული იყო. დანარჩენი კი უფრო დაწვრილებითა და დეტალურად რა თქმა უნდა თითონ ბაჩუკიმ იცის (ძმადნაფიცის ნასროლი ტყვიებით მიყენებული ჭრილობების ნაიარევებიც ხომ ასე იოლად არ წაიშლებოდა...).

* * *

ჩემთვის და რამდენადაც ვიცი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მოწმე მისი თანამებრძოლებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა და როგორ გესლს ანთხევენ და რა და როგორ ბოროტ ზღაპრებს თხზავენ ესა თუ ის კერძო პირები თუ ორგანიზაციები. რბილად რომ ვსთქვა - ჩვენ არ ვართ მათ მიმართ ანგარიშვალდებულები.

ჩვენთვის ყველაზე არსებითია - არავის შეეპაროს ეჭვი, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მივატოვეთ და რომ იგი მარტო იყო მის უმძიმეს დღეებში. და ამ მინიმუმს ჩვენ უკვე საყოველთაოდ მივაღწიეთ.

ჩვენ ამაყად ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით: ბატონებო და ქალბატონებო, მეგობრებო - ჩვენ საქართველოს ლეგენდარული პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უერგულესი თანამებრძოლები ვართ. ჩვენ მასთან ერთად ბოლომდე გავიარეთ ის იდუმალი ლეგენდა რომელიც საუკუნეებს იარსებებს.  ამიერიდან და სანამ ქართველი ერი იარსებებს, ჩვენ: მე - ბესარიონი, რობინზონი, ბაჩუკი, გოჩა და ზაზა ამ ლეგენდის, საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი ვართ - ჩვენ და უნებლიედ... აწი ზვიადის შესახებ დაწერილ ნებისმიერ ისტორიაში ჩვენ ჩვენი საკუთარი ადგილი გვაქვს - ასეთი კი ბევრი და ბევრჯერ დაიწერება... თქვენ კი, ზოგიერთს - სწორედ ამიტომ და ამ მიზეზით - შური განთხევინებთ შხამს! მოგეხსენებათ: „ადამიანი მისი გარყვნილებისამებრ მსჯელობს“.

უკვე საზოგადოებრივად და ისტორიულად ცნობილი ფაქტია რომ მე, თქვენი მონა-მორჩილი ბესარიონი ვიყოფდი მეომრის მკაცრ სარეცელს ზვიად გამსახურდიასთან მისი სიცოცხლის ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ დღეებში. ცნობილია - განგების ნებით ზვიადმა ჩვენს საერთო მებრძოლის სარეცელზე, ჩემს გვერდით დალია სული, გასწირა თავი - რათა მე, ანუ ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი - მისი დედ-მამის მეგობარი ოჯახის, მისი დედ-მამის ქორწინების ოფიციალური მოწმეების ოჯახის შვილი, ზვიადის  ერთგული მეგობარი და თანამებრძოლი გადავერჩინე (და კიდევ სხვა მრავალი).

მთელი ჩვენი შიგანით და რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო მეტად და მძლავრად ვგრძნობთ თუ რა საოცარი ჯილდო და საჩუქარი გვარგუნა უზენაესმა - ვყოფილიყავით საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გმირის გვერდში მის ყველაზე ტრაგიკულ და გმირულ დღეებში - მის უკანასკნელ გზაზე. ამას მე და ჩვენ - უკვე ვერავინ, ვერასოდეს და ვერაფრით ვერ ჩამოგვიხურდავებს და ვერ დაგვიკნინებს - რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად.

ისინი კი, ვინც (თუნდაც ვითომ ჩვენდამი კეთილი განზრახვითა და გაწყობით) ჩვენს სიტყვებსა და ჩვენებებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე - მხოლოდ მათი საკუთარი ცვედნური არასრულფასოვანების კომპლექსით გამოწვეულ ბუნდოვან მოსაზრებებზე დაყრდნობით - ეჭვის ქვეშ აყენებენ - ცოდვას ჩადიან ჩვენს მიმართ.


 

დართული სურათები:

დართული ფაილები:

სტატია ტექსტურ ფორმატში:

© ბესარიონ გუგუშვილი