Kavtaradze

საქართველოს ეკლესია გუშინ, დღეს

სამეცნიერო კონფერენცია

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომები

თბილისი

2016

 

რედაქტორი: ბონდო არველაძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

 

      ანისის მეფის გაგიკ I-ის ქანდაკების შესახებ

გიორგი ქავთარაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

თსუ- ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

/გვ. 19/

ანატოლიის არქეოლოგიით მრვალწლიანი დაინტერესების მიუხედავად, თურქეთის რესპუბლიკაში პირველი სტუმრობა მხოლოდ 1994 წლის ივლისის დამდეგს მოვახერხე, როდესაც მელბურნის უნივერსიტეტის კლასიკური და ახლოაღმოსავლური კვლევის დეპარტამენტის გამგის, პროფესორ ანტონიო საგონას მიწვევით ჩავედი ქალაქ ერზურუმში, მის მიერ ერზურუმსა (ისტორიული კარნუ-ქალაქი) და ქალაქ პასინლერს (ისტორიული ბასიანი) შორის მდებარე მრავალფენიან ძეგლზე სოს ჰოიუქზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების გასაცნობად. ძეგლი მეტად საინტერესო ფენებს შეიცავდა სპილენძის ხანიდან დაწყებული. ბორცვის შიგნით, მიწურებში, იმ ხანად რამდენიმე ოჯახი ჯერ კიდევ ცხოვრობდა. თურქეთში გავემგზავრე არქეოლოგ კოლეგებთან ბედი შატბერაშვილთან და სანდრო ნონეშვილთან ერთად.

ერზურუმის ათათურქის სახელობის მუზეუმში პირველსავე სტუმრობისას  ყურადღება მიიპყრო საგამოფენო დარბაზში სანდრო ნონეშვილის დავამ მუზეუმის მცველებთან, რომლებიც სანდროს უმტკიცებდნენ, რომ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი ადამიანის ქვის ქანდაკების ფრაგმენტიასლანს” (თურქულად: ლომი) ანბალიკს” (თურქულად: თევზი) განეკუთვნებოდა და არა ადამიანს. ქანდაკება, მართლაც, ისე იყო პირაღმა ამოტრიალებული, რომ მისი ანტროპომორფული ხასიათი ძნელად წარმოსადგენი ხდებოდა. ქანდაკებას მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში არავითარი განმარტებითი წარწერა არ ახლდა, ხოლო მუზეუმის ექსპონატთა კატალოგში მთელი ინფორმაცია ქანდაკების შესახებ გადახაზული დაგვხვდა. გადახაზული ინფორმაციის გაცნობამ ცხადი გახადა სანდრო ნონეშვილისა და მუზეუმის მცველის დავის მიზეზი. იისფერი მელნითა და კალმისტრით ნაწერი, რაც ამ ექსპონატის მუზეუმში მიღების სიძველეზე უნდა მიანიშნებდეს, გვაუწყებდა, რომ ქვის სკულპტურა წარმოადგენდა ლომის გამოსახულებას. როგორც ჩანს, გამოქანდაკებული სამოსელის მარცხენა მკლავის ჩაღარულ-ამოზნექილი, ტალღოვანი ზედაპირი ლომის ფაფრად ან თევზის ფარფლად იყო მიჩნეული. ეს ინფორმაცია, ქანდაკების ლომისადმი კუთვნილების თაობაზე, მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების იმჟამინდელ გამგეს ჰილმი ოზკორუჯუკლუს სავსებით მართებულად გადაუხაზავს. - ოზკორუჯუკლუს ქანდაკებისათვის მუზეუმის ფონდსაცავში მიუკვლევია 90-იანი წლების დასაწყისში, მამაკაცის ქანდაკების ფრაგმენტად აღუქვამს იგი და იმთავითვე სამუზეუმო ექსპოზიციაში მიუჩენია მისთვის ადგილი. ქანდაკების ზურგზე გამოსახული ნომერი 96–78, როგორც ჩანს, 1978 წლით უნდა განსაზღვრავდეს ქანდაკების მუზეუმში რეგისტრაციის თარიღს.

მოწითალო-რუხი ფერის ქვისგან დამზადებული ქანდაკება (დაუმუშავებული ზურგი ვარდისფერი აქვს), ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მამაკაცის გამოსახულებას წარმოადგენს. შემორჩენილია მისი ძირითადი ფრაგმენტიტორსის ცენტრალური და მარცხენა ნაწილიმარცხენა მხრით და მკლავით და წვერის ქვედა ბოლოთი (ფრაგმენტის სიმაღლე დაახლ. 1,50 სმ, სიგანე 0,70 სმ.); გამოსახული სამოსისა და ყელსაკიდის, ასევე ქანდაკების გრანდიოზულობიდან გამომდინარე, სავარაუდო იყო, რომ იგი მეფესა თუ მმართველს განეკუთვნებოდა[1]. ჰილმი ოზკორუჯუკლუ იზიარებდა აიდინის უნივერსიტეტის (. იზმირთან) პროფესორის სერაპ იაილალის აზრს, ამ ქანდაკების ასურული წარმომავლობის თაობაზე და მას ახალასურული ხანით ათარიღებდა. /გვ. 20/

თურქ არქეოლოგთა ვარაუდი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა, ახალასურული დინასტიის მეფის სალმანასარ III-ის წარწერაში ნაუწყებ ამბავთან მისი შესაძლო კავშირის გამო. სალმანასარი იუწყებოდა, რომ მან ძვ. . 844 . მდინარე ევფრატის სათავესთან (. ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლოებით 30–40 კმ) მისულმა, მისწინაშე დავარდნილიდაიაენის მეფე ასია შეივრდომა და უკანასკნელისსამეფოქალაქში თანგაყოლილს იქ საკუთარი ძეგლიც კი აღუმართავს. დაიაენის მთავარი ქალაქის ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას იძლევა დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგდროინდელი ცნობა, ურარტუს მეფის მენუას მიერ დიაუხის დედაქალაქის შაშილუს (სპეციალისტთა საერთო აზრით უნდა იკითხებოდესა როგორცსასილო”) დანგრევის შესახებ. ურარტული დიაუხი ასურული დაიაენის და კლასიკური ხანის ბერძნული წყაროების ტაოხთა ქვეყნის შესატყვისია[2]. ვინაიდან სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ პერიოდში დაიაენე/დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს არ ჰქონია ადგილი, საფიქრებელია, რომ დაიაენის დედაქალაქი სწორედ შაშილუ უნდა ყოფილიყო.

შაშილუს ლოკალიზაციისთვის გასათვალისწინებელია, რომ მდინარე ევფრატის სათავემდინარის, დუმლუ-სუს შემადგენელი წყაროების დასავლეთით, დაახლ. 20 კმ-ით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის ზედა წელთან, თორთომის ციხესთან მდებარეობდა შუა საუკუნეების ქართული სოფელი სასირე (თურქულად: საღირი, თანამედროვე ესენ-დურაკი). გარდა დაიაენი/დიაუხის ქვეყნისა და ძველი ქართული მხარის ტაოს სახელწოდებათა ჟღერადობისა და სივრცობრივი დამთხვევისა, საყურადღებოა ტოპონიმებს სასირესა და შაშილუს (უფრო ზუსტადსასილოს) შორის არსებული ბგერითი თანხვედრა; კერძოდ, ის გარემოება, რომ ურარტულ ლურსმულ დამწერლობაში, ისევე როგორც ასურულში, საიდანაც იგი არის ნასესხები, ბგერები s და š, r და l, o და u ერთმანეთისაგან არ განირჩევიან. თუ ტოპონიმი შაშილუ სინამდვილეში ჟღერდა როგორც სასირო, მისი სახელწოდება შესაძლებელია დიაუხი/დაიაენეს მოსახლეობის ქართველურობის მიმანიშნებელიც კი იყოს; სასირო ხომ ძველქართულადჩიტების ადგილსანუსაჩიტოსნიშნავდა (შდრ. სასირეთი, სირაქლემა, გვარი: სირაძე). ეს დამთხვევა, შესაძლოა, ძვ. . IX საუკუნეში არსებული უძველესი ქართული თუ ქართველური დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებასაც კი იძლეოდეს[3]. დაიაენე/დიაუხის ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური იდენტიფიკაციისას შესაძლებელი ჩანს სტრაბონის ცნობის, მდ. ევფრატის სათავის მხარის, კარენიტის, არმენიელების მიერ ხალიბებისაგან დაპყრობის შესახებ (11, 14, 5), შეპირისპირება ურარტუს მეფის, არგიშტი I-ის (ძვ. . 786-764 წწ.) ერთ-ერთ წარწერასთან, რომლის თანახმადაც, დიაუხის მოსახლეობა რკინის მოპოვებას ეწეოდა. ხალიბები ხომ სახელგანთქმულნი იყვნენ როგორც რკინის დამმუშავებელი ტომი; თვით ეთნონიმი ხალიბიც ხომ ბერძნულ calurV - "ფოლადი" და calkoV - "რკინა" უახლოვდება. ეს მონაცემები საშუალებას გვაძლევს დიაუხელებსა და ხალიბებს შორის იგივეობა თუ არა, ახლო კავშირი მაინც ვივარაუდოთ.

ყოველივე ამის გამო, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდებოდა ერზურუმის მუზეუმში დაცული ქანდაკების რაობისა და წარმომავლობის საკითხის გარკვევა. გერმანიაში წლების განმავლობაში ყოფნისას შევეცადე, ერზურუმის მუზეუმში დაცული ქანდაკების ფრაგმენტის შესახებ გამეგო ცნობილ მეცნიერთა აზრი. თუ თურქები, როგორც უკვე აღვნიშნე, ახალასურული ხანით ათარიღებდნენ ამ ქანდაკებას, ევა შტრომბერგი, ეველინ კლენგელი, ევა ბრაუნჰოლცინგერი, რალფ ვარტკე და მანფრედ კორფმანი ფოტო მასალის გაცნობის შემდეგ მის პართაულ წარმომავლობას ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო ვინიფრედ ორთმანიაქემენიდურს. ცნობილ მეცნიერთა აზრთა სხვადასხვაობა, გამოწვეული ძირითადად ქანდაკების ფრაგმენტური ხასიათით, განაპირობებდა შემდგომი კვლევა-ძიების აუცილებლობას. ამის გამო /გვ. 21/ 1996 წელს შტუტგარტში, ისტორიული გეოგრაფიის საერთაშორისო ჟურნალ Orbis Terrarum-ში გამოქვეყნებულ წერილში თავი შევიკავე ქანდაკების კუთვნილების ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციისაგან[4] და, როგორც შემდგომში ცხადი გახდა, სავსებით მართებულადაც.

რამდენიმეწლიანი ძიების შედეგად, გერმანიაში სომხეთისადმი მიძღვნილ პაულ რორბახის მიერ შტუტგარტში 1919 . გამოცემულ წიგნში მივაკვლიე გაგიკ I-ის, ანისის მეფის ქანდაკების ფოტოსურათს[5], თვალის ერთი შევლებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მიმხვდარიყავი ჩემს წინაშე იყო ერზურუმის ქანდაკების ფრაგმენტის სრული, დანაწევრებამდელი გამოსახულება.

გაგიკ I-ის ქანდაკება, გამოკვეთილი მასიური ვარდისფერი ფერის ქვიშაქვისაგან, გამოსახავდა ფეხზე მდგარ მეფეს ნატურალურზე აღმატებულ ზომებში (ქანდაკების სიმაღლეა 2, 26 )[6] და აღმოჩენილი იყო 1906 წელს ნაქალაქარ ანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი (ექსპედიცია მუშაობდა 1892-93, 1904-1916 წწ.)[7]. ქანდაკება ნაპოვნი იყო სომეხი არქიტექტორის თრდატის მიერ აგებული წმ. გრიგოლის გაგიკისეული სამიარუსიანი მრგვალი ტაძრის გათხრისას, მისი ნანგრევებიდან 4 დაშორებით (ჩრდილოეთით)[8].

სომეხ ბაგრატიდთა წარმომადგენლის, გაგიკ I-ის ზეობის წლები (ახ.. 990-1020 წწ.) ემთხვევა ანისის სამეფოს ოქროს ხანას. როგორც ცნობილია, სომეხი ბაგრატიდები ფლობდნენ სომხეთის ჩრდილოეთ რეგიონებს VIII საუკუნიდან, ხოლო IX საუკუნის დამლევს მათ ხელახლა ჩამოაყალიბეს სომხეთის სამეფო. აშოტ III- თავისი დედაქალაქი X საუკუნის მეორე ნახევარში ყარსიდან ანისში გადაიტანა.

სომეხი მემატიანეების, ასოღიკის, კირაკოსის, მხითარ აირივანელის, სამუელ ანისელისა და სტეფანე ტარონელის ცნობების შეჯერებით ცხადი ხდება, რომ წმ. გრიგოლის გაგიკისეული ტაძარი, აგებული ზვარტნოცის ცნობილი ტაძრის გეგმის მიხედვით XI საუკუნის დამდეგს, შემკული იყო ქანდაკებებით თვით გაგიკ I-ის მეფობის ხანაში. მართლაც, სპეციალისტთა აზრით, გაგიკ I-ის მრგვალი ქანდაკება სტოვებს ნატურიდან დამზადებულის შთაბეჭდილებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაგიკის ქანდაკება, მისივე ფონად ეკლესიის კედლებში გამოყენებული ქვები და ნაწილობრივ ეკლესიის მოდელი დამზადებული ყოფილა ერთი დიდი ზომის ქვისგან. ეს გარემოება საშუალებას იძლევა, რომ ქანდაკების დამზადება ტაძრის მშენებლობის თანადროულად, 1001-1015 წწ., დათარიღდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქანდაკება ამიერკავკასიულ ხელოვნებაში რელიეფურიდან მრგვალ სკულპტურაზე გადასვლის პერიოდის მანიფესტირების გამო[9].

წმ. გრიგოლის გაგიკისეული ეკლესია არ ყოფილა მყარად ნაგები და მიუხედავად კედლებისა და სვეტების ხშირი გამაგრებებისა, მალე დაქცეულა[10]. გაგიკ I-ის ქანდაკება, მის წინგაშვერილ და იდაყვში ოდნავ მოხრილ ხელებზე დასვენებული ამავე ტაძრის მოდელითურთ,  ტაძრის უკანა, ჩრდილოეთის მხრის ზედა ნაწილში (ნიშაში, ან სახურავთან) ყოფილა მოთავსებული (დაახლ. 10-12 სიმაღლეზე), სადაც არიან ხოლმე გამოსახული ქართული და სომხური ეკლესიების დამფუძნებლები, ვინაიდან იგი აშკარად ატარებს სიმაღლიდან გადმოვარდნის კვალს[11] გაგიკის ქანდაკება 69, ხოლო ტაძრის მოდელი 20 ნატეხისაგან ყოფილა შეკოწიწებული ექსპედიციის წევრის, მხატვარ სერგეი პოლტორაცკის, მიერ[12]. რესტავრაციის დროს მას ყველა დეტალი ხელთ ჰქონია და ამდენად აღდგენის სიზუსტე ვს არ უნდა იწვევდეს. /გვ. 22/ ქანდაკება მიყუდებული ყოფილა კედელთან მარჯვენა დაუმუშავებელი მხრით, ხოლო თავი ოდნავ მიტრიალებული ჰქონია კედლიდან მარცხნისაკენ[13]. თავი შემკობილი ჰქონდა ბაღდადის ხალიფ აჩუქარ თავსაბურავი, ჩალმის გამოსახულებით. ნიკო მარს მიაჩნდა, რომ ჩალმა და ფართოსახელოებიანი ხალათი ტრადიციული სამოსელი უნდა ყოფილიყო სომხეთის მოსახლეობის ნაწილისათვის[14], მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობას ანისის სამეფოსა და ბიზანტიას შორის, სამოსელის ეს ელემენტები, ისევე როგორც გაგიკის ტიტულატურის სპარსული ხასიათი შაჰინშაჰი, მოულოდნელი არ უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ ნახევარი საუკუნეც არ იყო გასული ამის შემდეგ და ბიზანტიამ მოახერხა ანისის სამეფოს გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ ერზურუმულ ქანდაკებასაც ზურგი დაუმუშავებელი აქვს (მარჯვენა მხარი და მკლავი არ არის შემორჩენილი), ხოლო წვერი სრულიად აშკარად მასაც მარცხნისაკენ აქვს გადახრილი. ქანდაკებას მარჯვენა ნაწილში ამოჭრილი აქვს ოთხკუთხა ხვრელი, ეტყობა, ეკლესიის კედელზე მისამაგრებლად. ამასთანავე, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან გარემოებად მიგვაჩნია გაგიკის ქანდაკებასთან მის გასაიგივებლად, მას აშკარად ემჩნევა, როგორც ჩანს, სერგეი პოლტორაცკის მიერ ჩატარებული რესტავრაციის კვალი; კერძოთ, სხეულის ზედა ნაწილში გაყრილი რკინის შტიფტი. რესტავრაციის შემდეგ ქანდაკება და ეკლესიის მოდელი დაცული იყო ანისის მუზეუმში, რომელიც ადრინდელი მეჩეთის შენობაში ყოფილა მოწყობილი[15].

გაგიკის ქანდაკებაზე ქვაში ფაქიზად გამოკვეთილია ტანსაცმელი: მკერდზე არშიადაყოლებული სქელნაჭრიანი ხალათი. დეტალებში თანხვდება ანისურ ფოტოსურათსა და ერზურუმულ ფრაგმენტზე ხალათის მარცხენა დრაპირებული სახელოს ნაოჭების ხაზების კონფიგურაცია და წელის მარცხენა ნაწილის დეკორატიული შემკულობა.

ერთადერთი, რაც ერზურუმულ ფრაგმენტს გაგიკის ქანდაკებისაგან განასხვავებს, არის მისი ფერი. თუმცა, თავდაპირველად იგი პოლიქრომულად ყოფილა მოხატული: სახე, ხალათი და ზონარიანი ჯვარი წითელი, წვერი, ულვაშები და თმა შავი, ჩალმა თეთრი, ზედ, წითლად არის შესრულებული არაბული წარწერა. როგორც ზემოთ ითქვა, ქანდაკების ქვა ვარდისფერი ყოფილა, ერზურუმული ფრაგმენტი კი მოწითალო-რუხი ფერისაა. სავარაუდოა, ეს განსხვავება გამოიწვია ფრაგმენტის ხანგრძლივი დროით ნესტიან ან წყლიან ადგილას გდებამ[16]. ამავე დროს მისი მარჯვენა ნაწილის ჩამოტეხილი ზედაპირი მოვარდისფრო დარჩენილა, ალბათ, იმის გამო, რომ საღებავების ზემოქმედება აღარ განუცდია.

გაგიკისეული ტაძრის ზვარტნოცის მიბაძვით აგება (საყურადღებოა, რომ სწორედ სურვილმა, შეევსოთ ზვარტნოცის ტაძრის გათხრებში არსებული ხარვეზები, განაპირობა 1905 წელს ანისში ექსპედიციის მუშაობის ობიექტად გაგიკისეული ტაძრის ნანგრევების შერჩევა), ზვარტნოცისა, რომელიც VII საუკუნის ქალკედონური მოძღვრების მიმდევარი სომეხი კათალიკოსის ნერსეს III-ის მიერ იყო აგებული არაპარში (ვაღარშაპატთან), და აგრეთვე ხელოვნებათმცოდნეთა მიერ შენიშნული გაგიკისეული ტაძრის არქიტექტურული დეტალების მართლმადიდებლურ ეკლესიათა დეტალებთან სიახლოვე[17] უნდა მიგვანიშნებდეს ძლიერი მართლმადიდებლური ზეგავლენის არსებობაზე ანისის სამეფოში. ამ მხრივ, გარდა ბიზანტიის იმპერიის უდიდესი პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენისა, უნდა გავითვალისწინოთ ქართული მიწების, მრავალრიცხოვანი ქართული (მართლმადიდებლური) მოსახლეობითურთ, ანისის სამეფოში მოქცევის ფაქტი. იმავე ხანებში აგებული ანისის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც გაგიკის მეუღლეს, დედოფალ კათრამიდეს ეკუთვნის, გაგიკი წოდებულია /გვ. 23/ სომეხთა და ქართველთა შაჰინშაჰად[18]. მიჩნეულია, რომ გაგიკისეულ ტაძარში გამოვლენილია სომხური ქალკედონისტური მოძრაობის მიერ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში შეტანილი წვლილი.

ერზურუმული ფრაგმენტის ანისური ქანდაკებისადმი კუთვნილება ჩემში არავითარ ეჭვს არ იწვევდა. აღსანიშნავია, რომ თვით ანისის ექსპედიციის დროს გადაღებულ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ქანდაკების ქვის დაზიანებული ადგილები ასახულია ერზრუმის მუზეუმის ფრაგმენტზეც. ოღონდ გაუგებარი რჩებოდა თუ როგორ უნდა მომხდარიყო მეფის ქანდაკების "გადაქცევა" ერზურუმულ ფრაგმენტად? ჩემს გაურკვევლობას კიდევ უფრო ამძაფრებდა 1992 წლის ბერლიცის ამერიკულ-ინგლისური თურქეთის მეგზურის (გამომცემელი ალან თაქერი) ჩემთვის სრულიად დაუჯერებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გაგიკ I-ის ქანდაკება ანისის ექსპედიციის სხვა მონაპოვრებთან ერთად ათიანი წლების დამლევს რუსებს ანისიდან ერევანში გადაეტანათ, სადაც იგი თურმე დღესაც მუზეუმში ინახება. მაგრამ პირველივე ინფორმაცია, რომელიც თბილისში ჩამოსვლისთანავე მივიღე, ცხადყოფდა, რომ გაგიკ I-ის უნიკალური ქანდაკება დაკარგულად ითვლება[19]. ამასვე ვგებულობთ ნათელა ალადაშვილის მიერ 1981 წელს ერევანში გამოქვეყნებული წერილიდან, რომელიც სომხური ხელოვნების მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენების ტექსტს წარმოადგენს[20].

უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს 1963 წელს ერევანში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ იოსებ ორბელის რჩეულ ნაშრომებში მოცემული სარედაქციო შენიშვნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ მეფე გაგიკის ქანდაკება 1917 წელს (ალბათ, 1920 წელი უნდა იყოს ნაგულისხმევი ..) თურქული ჯარის მოახლოებისას ანისში მიწაში იქნა ჩაფლული[21]. ეს ინფორმაცია უპირისპირდება ბერლიცის მეგზურის ზემომოყვანილ ცნობას, ათიანი წლების დამლევს ქანდაკების ანისიდან ერევანში გადატანის თაობაზე[22] და მას ჩვენი რწმენით უპირატესობა უნდა მიენიჭოს. . პოლტორაცკის დაუმზადებია თურმე გაგიკის ქანდაკების პოლიქრომულად მოხატული ასლი, ეკლესიის მოდელით ხელში[23], რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ორიგინალის ნაცვლად გამოიყენებოდა, მისი გაუჩინარების შემდეგ ხანებში. როგორც ჩანს, სწორედ აღნიშნული ასლი უნდა ჰქონოდათ მხედველობაში ქანდაკების ერევანში გადატანის ცნობის შემოქმედთ.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის (დირექტორი ნიკო მარი) 1917 წლის ანგარიშის (გამოქვეყნებულია ტფილისში გამომავალ ჟურნალ Ars-ში, II-III, 1918 .) თანახმად, ყარსის ოლქის თურქეთისათვის გადაცემისთანავე ინსტიტუტმა დაიწყო ანისის სიძველეთა მუზეუმის ექსპონატების ევაკუციისათვის მზადება. გაგიკის ქანდაკების დაშლა და შეფუთვა-ჩალაგება, თავის დროზე ამ ქანდაკების აღმდგენელსა და შემაკოწიწებელს, . . პოლტარაცკის, დაევალა. მუზეუმიდან გამოტანილი და მდ. არპაჩაიზე გადატანილი ძეგლი ანისის რკინიგზის ჩამომდგარ ვაგონში მოათავსეს. თუმცა, ყველა ექსპონატების გადარჩენა ვერ მოხერხდა 29 აპრილს ანისში თურქების გამოჩენის გამო. იმავე დღის საღამოთი სამუზეუმო ინვენტარის ძირითადი ნაწილი, გაგიკის ქანდაკებასთან ერთად, გადატანილი იყო . ალექსანდროპოლში (გუმრი, ყოფილი ლენინაკანი), ხოლო იქიდან დანიშნულების ადგილას. გადარჩენილი ნივთები სომხეთის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებითი შენახვისათვის ლორეს მთებში იყო გახიზნული. ანგარიშში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ამგვარად მოხერხდა შუასაუკუნეების სკულპტურის ამ უძვირფასესი ძეგლის გადარჩენა მოსალოდნელი დაზიანებისა და დაღუპვისაგან. /გვ. 24/

ათიანი წლების დამლევს ახლადშექმნილი, დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერთა ჯგუფმა განაგრძო ანისის გათხრები, მაგ., 1920 წლის ზაფხულში არქიტექტორ თოროს თორომანიანის ექსპედიციამ, არქეოლოგების, არქიტექტორების, მხატვრებისა და ფოტოგრაფების მონაწილეობით, შეისწავლა სომხეთის ძველი დედაქალაქის გალავანი, ტაძრები, ძეგლები, ქვაჯვრები, წარწერები და სხვ. იმავე წლის აგვისტოში ანისში გაიმართა სიძველეთა დაცვისა და რესტავრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია[24]. როგორც ჩანს, ამ პერიოდში გაგიკის ქანდაკება ანისის მუზეუმში უნდა ყოფილიყო დაბრუნებული. მაგრამ ქვეყანას დიდი საგარეო საფრთხე ელოდა. უკვე 1920 წლის 30 ოქტომბერს ქალაქი ყარსი დაეცა თურქი გენერლის კარაბექირის სამხედრო რაზმების შეტევის შედეგად, ხოლო 17 ნოემბრისათვის სომხურმა ნაწილებმა ანისის რკინიგზის სადგურისაკენ დაიხიეს[25]. სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ უნდა მომხდარიყო გაგიკის ქანდაკების მიწაში ჩამარხვა.

უნდა ვიფიქროთ, რომ გაგიკ I-ის ქანდაკება ოციან წლებში მიწიდან ამოიღეს და დაამტვრიეს, ხოლო სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, როგორც ზემოთ ითქვა, შემთხვევით ნაპოვნი და ერზერუმის მუზეუმში მიტანილი მისი ძირითადი ნაწილი, ლომის გამოსახულებად მიიჩნიეს, ხოლო უფრო გვიან, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მუზეუმის თანამშრომლებმა შენიშნეს ქანდაკების ანთროპომორფული ხასიათი, ივარაუდეს მისი ასურული წარმომავლობა და ექსპოზიციაში მიუჩინეს ადგილი ყოველგვარი თანმხლები ინფორმაციის გარეშე.

არ არის გამორიცხული, რომ ანისელი მეფის ქანდაკების ნაკლული ნაწილები აღმოჩნდეს აღმოსავლეთ თურქეთის სამხარეო მუზეუმების ფონდსაცავებში. მითუმეტეს, რომ სპეციალურ ლიტერატურაში გვხვდება მინიშნება, რომ ანისიდან გატანილი ჩუქურთმიანი ქვები ინახება ქალაქ ყარსის მუზეუმში[26].

განსაკუთრებით გაგიკის დაკარგული თავის პოვნა მიგვაჩნია შესაძლებლად, ვინაიდან ბაღდადის ხალიფის ნაჩუქარი თეთრი ჩალმა შემკობილია წითლად შესრულებული არაბული წარწერით: არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი. ძნელი წარმოსადგენია თურქ, მუსლიმ, მოსახლეობას გაებედა მუსლიმთა საკრალური ფორმულის შემცველი ამ არაბული წარწერის განადგურება. სავარაუდოდ იგი შეიძლება აღმოჩნდეს თურქეთის მუზეუმების (პირველ ყოვლისა, საკუთრივ . ერზრუმ არსებულ) ფონდსაცავებში.

1998 წელს, თბილისში დაბრუნებისთანავე, საჭიროდ ჩავთალე კოლეგებისთვის გაგიკის ქანდაკების გადარჩენილი ფრაგმენტის მიკვლევის თაობაზე მეცნობებინა და 19 ივნისს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში წავიკითხე მოხსენება ქალაქ ერზერუმის მუზეუმში დაცული ერთი ქანდაკების ფრაგმენტის შესახებ.” მოხსენებაზე დამსწრე ჩემმა ქართველმა კოლეგებმა (გერმანელი კოლეგებისაგან განსხვავებით, რომელთაც თბილისში წამოსვლამდი გავაცანი ჩემს ხელთ არსებული მასალები) ჩემი შეხედულება, ერზურუმული ფრაგმენტის გაგიკ I-ის ქანდაკებისადმი კუთვნილების თაობაზე, არადამაჯერებლად მიიჩნიეს. მე კი, ჩემი მხრით, ქართველი კოლეგების აზრი არაობიექტური მომეჩვენა (უნდა ვაღიარო, რომ მათ აზრს ჩემთვის მაინცადამაინც გული არ დაუწყვეტია,  პირიქით ნათელი ხდებოდა, რომ თუ არა ასეთ თვალსაჩინო შემთხვევაში, სხვაში რაღაში დამეთანხმებოდნენ) და იმავე წლის აგვისტო-სექტემბერში ორი საგაზეთო წერილი (რუსულ და სომხურ ენებზე) გამოვაქვეყნე ამავე საკითხზე "სვობოდნაია გრუზიასა" და "ვრასტანში". ამას კი სრული დუმილი მოჰყვა.

სხვა რა გზა იყო, გაგიკის ქანდაკების ბედი არათუ ქართველებს, სომხებსაც არაფერში ედარდებოდათ და მეც სრულიად სხვა თემებთან დაკავშირებით განვაგრძე მუშაობა. მაგრამ, 2000 წლის ადრე გაზაფხულს (19 მარტს) ინტერნეტში "ბორიალისას" წავაწყდი 1999 წლის 11 /გვ. 25/ სექტემბრით დათარიღებულ ანისის ვებ-საითს (Armenian Architecture − Virtual Ani − Gagikashen Church), რომელიც იუწყებოდა, რომ "თურმე მეფე გაგიკის უნიკალური ქანდაკებადაკარგულაპირველი მსოფლიო ომის დამლევს გაურკვეველ ვითარებაში და მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი ყოფილა შემონახული."

დამატებითი ინფორმაცია მოცემული იყო ასევე ვირტუალურ ანისში შემავალ სხვა გვერდზე (Armenian Architecture − Virtual Ani − History: Part Two), იმის თაობაზე, რომ 1918 წელს: "თურქების არმიის მოახლოებამდე ანისში ბევრს ეცადნენ გაეტანათ მუზეუმის ყველაზე უძვირფასესი ექსპონანტები, მაგრამ, ზოგიერთმა ნივთმა (მათ შორის მეფე გაგიკის უნიკალურმა ქანდაკებამ) ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილს. ყველაფერი, რაც შემორჩა (გათხრებისა და ძიებების არქივების, ანგარიშებისა და ფოტო მასალების სახით) განადგურებული იყო თურქების მიერ."

ჩემთვის იმთავითვე ცხადი გახდა გაგიკის ქანდაკების ფრაგმენტის აღმოჩენის დიდი მნიშვნელობა და გერმანიაში მყოფმა გადავწყვიტე ამჯერად უკვე ევროპისა და ამერიკის სომხურ სამეცნიერო წრეებს დავკავშირებოდი. იმავე დღეებში ელექტრონული ფოსტის (-მეილის) მეშვეობით შეტყობინება დავუგზავნე სომეხ მეცნიერებს. შედეგმაც არ დააყოვნა. უკვე 4 აპრილს არიზონის უნივერსიტეტი, ინტერნეტში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ თავის განცხადებაში "სომხური არქეოლოგიის სიახლე" იუწყებოდა, რომ "ანისის მეფის გაგიკ I ბაგრატუნის ქანდაკების მთავარი ნაწილი ნაპოვნი იქნა დოქტორ გიორგი ლეონ ქავთარაძის, არქეოლოგის, მიერ რამდენიმე წლის წინ თურქეთში, ხოლო სომხური ვებ-რინგი, ვირტუალური ანისი: “მეფე გაგიკის წმ. გრიგოლის ტაძარი (გაგიკაშენი)’ (http://www.virtualani.freeserve.co.uk/gagikashen/gagikashen.htm), ჯერ ისევ გვაუწყებს, რომმეფე გაგიკის ქანდაკება... ‘დაკარგულა’ (გაურკვეველ ვითარებაში პირველი მსოფლიო ომის დამლევს) და მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი გადარჩენილა. უკანასკნელი ვერსია ამ ინფორმაციისა თარიღდება 1999 წლის 11 სექტემბრით. დოქტორმა ქავთარაძემ ორი წლის წინ გამოაქვეყნა წერილები ამ მონაპოვრის თაობაზე თბილისის რუსულ და სომხურ გაზეთებში ("ვრაცტანი" 26.09.1998 14623-24 და "სვობოდნია გრუზია" 26.08.1998 21446). ქანდაკება არ იყო დაკარგული პირველი მსოფლიო ომის დამლევს; პროფესორი იოსებ ორბელი იუწყებოდა, რომ რუსული საფრონტო ხაზის დაშლისა და თურქული ძალების მოახლოებისას მეფის ძეგლი ისევ ანისის მიწაში იყო ჩამარხული. ინფორმაციისათვის გთხოვთ აპრილის დამლევამდე დაუკავშირდეთ გიორგი ლეონ ქავთარაძეს მისამართზე [email protected]".

იმავე წლის 28 მარტს ანალოგიური შინაარსის შემცველ ჩემს წერილს, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე და არმენოლოგი, კალიფორნიის (ფრესნოს) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიკრან ქუიუმჯიანი გამომეხმაურა შემდეგი წერილით: "ძვირფასო დოქტორო ქავთარაძე, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ პირველად მესმის ამის შესახებ, თუმცა მე ძალზე დაინტერესებული ვიყავი საკითხით, თუ რა ბედი ეწია ანისის მუზეუმის ექსპონატებს. სამწუხაროდ, მე არაფერი ვიცი თქვენი სტატიების შესახებ და ხელში რომ ჩამვარდნოდა სომხური ვარიანტის ასლი, შევეცდებოდი იგი დამებეჭდა პარიზში ან ყოველ შემთხვევაში მომეთავსებინა ჩვენს ვებ-პეიჯში, ინგლისურ ენაზე. ეს ინფორმაცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომავალ წელს პარიზში მოეწყობა დიდი გამოფენა ანისის შუასაუკუნეების ქალაქის შესახებ. ორი დღის წინ სრულიად შემთხვევით წავაწყდი ქვის ძეგლის კარგი ხარისხის შავ-თეთრ ფოტოსურათს (ვიდრე მას რეტუშს გაუკეთებდნენ საბჭოელები). გასულ წელს მე და ჩემმა მეუღლემ მოვინახულეთ ანისი და გაგიკაშენის ნანგრევები; მე რეგულარულად ვასწავლი სომხურ არქიტექტურას და ვსაუბრობ ხოლმე დაკარგულ სკულპტურებზე. შეგიძლიათ თუ არა მითხრათ, სად არის თურქეთში სკულპტურისძირითადი ნაწილი’? გადაღებული გაქვთ თუ არა მისი უკანასკნელი ხანების სურათი? მე ამჟამად სახლში ვიმყოფები, პარიზში; ჩემი საფოსტო მისამართია შევერის ქუჩა 30,  75007 პარიზი, საფრანგეთი. მადლობა კარგი ამბისათვის. გერმანიიდან მეტს ველოდები თქვენგან. დიკრანი." /გვ. 26/

რა თქმა უნდა, ამ წერილის მიღებისთანავე მე არა თუ შევატყობინე პროფესორ ქუიუჯიანს ყველაფერი, რასაც კი მივაკვლიე გაგიკის ძეგლთან დაკავშირებით, არამედ დავასკანერე და ელექტრული ფოსტის მეშვეობით გავუგზავნე მასვე ერზერუმული ფრაგმენტის ფოტოგრაფიული გამოსახულება.

კვირას, 2 აპრილს, შუადღეს, მივიღე პროფესორ ქუიუმჯიანის პასუხი: "ძვირფასო გიორგი, მე შევძელი თქვენი ფაილის გახსნა და რა თქმა უნდა ვიხილე დაზიანებული, მაგრამ უეჭველი ქანდაკება გაგიკისა ანისიდან. თუ მოხერხდა მისი სუფთად ამობეჭდვა, იქნებ იგი მოგვეთავსებინა მომავალ წელს პარიზში მოსაწყობ ანისის გამოფენის კატალოგში, რასაკვირველია, მის აღმოჩენაში თქვენი ღვაწლის აღნიშვნით. ყოველივე დამატებით, რაც კი გაგაჩნიათ ამ ანდა ანისის სხვა ფრაგმენტებთან დაკავშირებით, მეტად სასარგებლო იქნებოდა. დიკრანი."

საყურადღებოა, რომ იმავე დღეს, რამდენიმე საათის დაგვიანებით, მივიღე (როგორც ჩანს, დასავლეთ ნახევარსფეროდან გამოგზავნილი) ვირტუალური ანისის ზემოდასახელებული ვებ-საითის შემქმნელისა და ადმინისტრატორის (რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, გაგიკის ქანდაკების დაკარგვასა და მხოლოდ მისი ფოტოსურათების გადარჩენას იუწყებოდა), რამდენადმე სარკასტული ტონით შეფერილი, მესიჯი:

"ძვირფასო დოქტორო ქავთარაძე, მადლობა მინდა მოგახსენოთ ვირტუალური ანისის ვებ-საითის მიმართ თქვენს მიერ გამოვლენილი ინტერესისათვის. ნუთუ თქვენ მართლა აცხადებთ, რომ იპოვეთ მეფე გაგიკის დაკარგული ქანდაკება? თუ ასეა, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მოლოცვები თქვენ!! ჩემი თავდაპირველი რეაქცია დიდი გაოცება, და ნაწილობრივ უნდობლობაცაა, განა შესაძლებელია, ეს ქანდაკება ამდენ ხანს მიუკვლეველი დარჩენილიყო (თუმცა, მე შემიძლია დავუშვა, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ქალაქ მუშში, სურბ კარაპეტის მონასტრის კარები ხომ მხოლოდ ოთხმოციან წლებში იპოვეს). გეთაყვა, შეგიძლიათ მომაწოდოთ დამატებითი დეტალები თქვენი აღმოჩენის გარემოებათა შესახებ, ანდა თუ გაქვთ მისი სურათები? ქანდაკება გაუჩინარებამდე ინახებოდა მუზეუმში, რომელსაც ბინა ედო მანუჩირის მეჩეთში. მე მახსოვს, რომ 1989 წელს, მაშინ როდესაც თურქმა სამხედროებმა შეასუსტეს კონტროლი ანისზე, მიზნად დავისახე შემემოწმებინა მთელი ნაგავი, დაგროვილი მეჩეთის ქვემოთ მდებარე ციცაბო ფერდობზე და ჩავძვერი მდინარის ნაპირამდე, იმ ვარაუდით, რომ თუ ვინმე მეჩეთის ფანჯრიდან მოისროდა ქანდაკებას, იქ მეპოვა მისი ნამტვრევები. მე არ ვიცი მისი გაუჩინარების შესახებ იმაზე მეტი, რაც მოვათავსე ვირტუალური ანის ვებ-საითზე (გაგიკაშენის გვერდზე და ანისის ისტორიის მეორე გვერდზე). მგონი წაკითხული უნდა მქონდეს სადღაც, რომ იგი ჩატვირთული იყო (თუ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩაეტვირთათ) ერევნისაკენ მიმავალ მატარებლის შემადგენლობაში, მაგრამ ქანდაკებამ ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე თუმცა, უნდა ითქვას, რომ მე არ მიმესვლება რომელიმე სომხურ წყარომდე.; ხოლო ყველა იმ წიგნში, რომელიც კი წამიკითხავს, მხოლოდ ქანდაკების დაკარგვის ფაქტია კონსტანტირებული და ყველა ცნობა მეტად ბუნდოვანია იმის თაობაზე თუ რა შეემთხვა ამ ქანდაკებას. გულწრფელად თქვენი სთივი. P.S. იმის გამო, რომ მსურს მაქსიმალურად შევამცირო თურქეთში გამგზავრებისას მოსალოდნელი პრობლემები, მიზანშეწონილად მიმაჩნია არ გავამხილო ჩემი ვინაობა ვებ-საითებზე ანდა -მეილების საშუალებით დამყარებულ საწყისი კონტაქტების დროს."

მე .. სთივს მაშინ ვერ გავეცი პასუხი, არა იმდენად მისი ანონიმურობის, არამედ უფრო იმის გამო, რომ ველოდებოდი პასუხს თურქეთის კულტურის სამინისტროსაგან, რომელსაც მივმართე შტუტგარტში თურქეთის ვიცე-კონსულის რეკომენდაციით, რათა დაერთოთ ჩემთვის ნება გამომექვეყნებინა ერზერუმის მუზეუმში მიკვლეული ქანდაკების ჩემს მიერ მოპოვებული ფოტოსურათი. სამწუხაროდ, გერმანიაში ნებართვამ ვერ ჩამომისწრო, ხოლო აპრილის დამლევს მე უკვე თბილისში ვიყავი.

ნოემბერის დამდეგს გერმანიაში მობრუნებულს, -მეილის ბოქსში დამხვდა სთივის /გვ. 27/ 2000 წლის 11 ივნისით დათარიღებული -მეილი, რომელშიც იგი ისევ მთხოვდა, მეცნობებინა მისთვის ქანდაკების ადგილმდებარეობა და მისი საჯაროდ ნახვის შესაძლებლობის არსებობა. იგი იუწყებოდა, რომ ზაფხულში მიემგზავრებოდა თურქეთში და სურდა შესაძლებლობის შემთხვევაში ქანდაკების ხილვა. ამჯერად იგი ხელს აწერდა, როგორც ვირტუალური ანისის ვებ-მასტერი (webmaster: www.virtualani.freeserve.co.uk). უკვე 8 ნოემბერს სთივს გავუგზავნე ვრცელი ინფორმაცია ერზერუმული ფრაგმენტის შესახებ. იმავე დღეს ჩემი გერმანიაში ჩამოსვლა შევატყობინე პროფესორ ქუიუმჯიანს, რომელსაც შევპირდი ჟურნალ “Caucasica”-ში (3, 1999) დაბედილი ჩემი წერილის გაგზავნას.

სთივმა მიპასუხა 21 ნოემბერს: "ძვირფასო გიორგი, მადლობას გიხდი შენი -მეილისათვის. ამ ზაფხულს მე ვნახე ერზერუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ქანდაკების ფრაგმენტი და ფოტოაპარატით გადავიღე იგი. ერთი თვის შემდეგ მე ვათვალიერებდი 1993 წელს ამ მუზეუმის შიგნით ჩემს მიერ გადაღებულ კადრებს და შევნიშნე იგივე ფრაგმენტი იმავე მდებარეობაში. ამ ამბავმა გამახსენა, რომ მე ფაქტიურად ადრევე შევნიშნე იგი მაგრამ, მაშინ ვფიქრობდი, რომ იგი ცხოველის გამოსახულების ფრაგმენტს წარმოადგენდა, შესაძლოა ლომისას (მე მაშინ არ მქონდა ნანახი მთლიანი ქანდაკების სურათი და მკლავის ფაქტურა რამდენადმე ლომის-მსგავსი ცხოველის წინამკლავს მივამსგავსე). თუ კი მოგეპოვება რაიმე გასაზიარებელი დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ, მოხარული ვიქნებოდი მიმეღო იგი. თუ არის ცნობილი, თურქეთში სად და რა ვითარებაში იყო ნაპოვნი ფრაგმენტი? მე ამჟამად მოვათავსე ქანდაკების შესახებ გვერდი ანისის ვებ-საითზე მისი URL-ია: http://www.virtualani.freeserve.co.uk/gagikashen/gagikashen.htm. გმადლობთ, სთივი." რა თქმა უნდა იმ წამსვე შევამოწმე ვირტუალური ანისის ვებ-საითი. 2000 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული ვებ-საითს, იმჟამად უკვე გაჩნდა ცალკე გვერდი, მიძღვნილი მეფე გაგიკის ქანდაკებისადმი; იგი ჯერ იმეორებდა 1999 წლის 11 სექტემბრის ზემომოყვანილი ვერსიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ქანდაკებადაკარგულიყოფილა პირველი მსოფლიო ომის დამლევს გაურკვეველ ვითარებაში და მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი შემორჩენილა," ხოლო შემდეგ დამატებული იყო, რომ "ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მისი ნაწილი (გაგიკის ტორსის ზედა მარცხენა ნაწილი) ნაპოვნი იყო თურქეთის ტერიტორიაზე. ეს ნაწილი ამჟამად იმყოფება ერზურუმის არქეოლოგიურ მუზეუმში."

კიდევ უფრო გვიან, 10 დეკემბერს, მივიღე პროფესორ ქუიუმჯიანის პასუხი: "ძვირფასო გიორგი, ამ ზაფხულს ერთი მეგობარი იყო მუზეუმში და გადაიღო მაღალხარისხოვანი ფოტოსურათები ანისის გამოფენისათვის, რომელიც, როგორც გითხარი თებერვალში იხსნება პარიზში. მე ისევ ფრესნოში (კალიფორნიაში) ვარ, მაგრამ პარიზში დავბრუნდები 25 დეკემბრისათვის. გეთაყვა, გამოიყენე ჩემი სხვა -მეილი, [email protected]. ველოდები შენს სტატიას. გმადლობთ, დიკრანი." მე -მეილითვე შევატყობინე პროფესორ ქუიუმჯიანს ფოსტით გაგზავნილი სტატიის შესახებ. მან კი, როგორც ჩანს, ჯერ ამანათი მიიღო, ხოლო მოგვიანებით გახსნა -მეილის ბოქსი; ამის გამო მე მისგან ორი -მეილი მივიღე. 29 დეკემბერს იგი მწერდა: "ძვირფასო გიორგი, ეს-ესაა მივიღე შენი წერილიThe Problem of the Identification of the Mysterious Statue from the Erzerum Museum” ბერლინის გავლით. დიდი მადლობა. როგორც ვხედავ, საკმაოდ დიდი დეტექტური მუშაობა გაგიწევია. იმედი მაქვს, რაიმონდ კევორკიანს თებერვალში გასამართი ანისის თავისი გამოფენასთან დაკავშირებით ეცოდინება შენი წერილის არსებობის შესახებ. მე ამის შესახებ მას შევეკითხები. საუკეთესო და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ. დიკრანი." 2001 წლის 4 იანვარს გამოგზავნილი -მეილით პროფესორი ქუიუმჯიანი იტყობინებოდა: "გმადლობთ გიორგი, ეს-ესაა გავხსენი იაჰუს ჩემი მეილი და წავაწყდი შენს ცნობას. გპასუხობ ისევ. მე მივიღე იგი, მე წავიკითხე იგი, მე იგი ძალზე საინტერესოდ მიმაჩნია. გმადლობთ, დიკრანი." ასე და ამრიგად, იულიუს კეისრისეული veni, vidi, vici- ნოტაზე, დამთავრდა ჩემი ურთიერთობა პროფესორ ქუიუმჯიანთან. თუ რა შედეგი მოყვა რაიმონდ კევორკიანთან მის შეკითხვას, ჩემთვის უცნობი დარჩა. /გვ. 28/

 

1 Kavtaradze 1999, 65, fig. 1-4.

2 ასურული კუთვნილებითი ნაცვალსახელი -ine შეესაბამება ხურიტულ -ke-, ხოლო d > t მონაცვლეობა ტიპიურია ხურიტული ენისათვის.

3 შდრ. ქავთარაძე 2006, 86-103.

4 Kavtaradze 1996, 215, Anm. 50.

5 Rohrbach 1919, 11.

6 Kavtaradze 1999, 65, fig. 5-6.

7 Марр 1907, passim.

8 Marr 1907, 20, рис. 15.

9 Strzygowski 1918, 432, Anm.2.

10 Sinclair 1987, 363-365.

11 Strzygowski 1918, 432, 706.

12 Strzygowski 1918, 72, 431.

13 Strzygowski 1918, 431-432, Abb. 471.

14 Marr 1939, 109.

15 შდრ. Strzygowski 1918, 822, Abb. 773.

16 შდრ. Strzygowski 1918, 431-432.

17 Schmit 1908, 282; შდრ. Марр 1939, 119-120; Sinclair 1987, 364-365.

18 Strzygowski 1918, 57.

19 ლორთქიფანიძე 1973, 465-466; Аладашвили 1981, 84, прим.10; გაგოშიძე 1996, 123.

20 Аладашвили 1981, 80.

21 Орбели 1963, 121.

22 Tucker 1992, 607-608.

23 იხ. Марр 1934, 108, табл. XXVII, рис. 91.

24 Hovannisian 1996, 17, 277.

25 Hovannisian 1996a, 264, 289; Somakian 1995, 235-236.

26 Sinclair 1987, 364.

 

ABOUT THE STATUE OF GAGIK I, KING OF ANI

Summary

At the exhibition at the Erzerum Museum (Turkey, Eastern Anatolia) the fragment of a stone statue (h ca. 1,5; w ca. 0,7), which seems to represent a king or ruler, attracts the attention of visitors and must have been carved of red-brown stone, though the back of the statue is pinkish.

In the opinion of the Turkish archaeologists, the statue belongs to the Neoassyrian period. On the other hand, in the view of German specialists, the statue of the Erzerum museum is of the Parthian or Achaemenian type. The difference of opinion is mainly caused by the fragmentary character of the statue: only the left half of the torso, the left arm and part of the beard are survived.

We think that the problem of its attribution can be solved only on the basis of the native, East Anatolian-South Transcaucasian, data. An identical copy made of the pink stone, if not the same sculpture, which seems to be most plausible, can be traced among the findings of Ani excavations (near Kars, on the shores of Arpa-çay) which took place in 1906 and were conducted by the famous linguist, Niko Marr. I bear in mind the stone statue of the Armenian, Bagratid, king, Gagik I (989-1020), detected at the time of the excavations of the round plan church of St. Gregory Gagikashen. Under the rule of Gagik I Ani and its kingdom had a golden age in which architecture, literature and intellectual-spiritual life had their heyday.

The statue of Gagik I was found 4 m north of the church, the model of which king carried with his stretched out hands and which was designed to imitate the mid-seventh century church at Zvartnots (near Yerevan). The church was decorated with sculptures already at the time of Gagik I. The statue is especially remarkable for the period of transitivity from the relief to the round sculpture in Transcaucasian art.

The fact that Gagik I built his church as an imitation to the St. Gregory church of the Zwartnotz which was built by the Chalkedonically minded Armenian catholikos of the seventh century, Nerses II (and therefore it repeated the architectural details characteristic of the Chalkedonical parish), indicates the existence of the strong Orthodox-Chlakedonian influences in the kingdom of Gagik I. In addition to the immense political and cultural influence of the Byzantine Empire in East Anatolian-West Transcaucasian area, the existence of the numerous Georgian-Orthodox populations in the Ani kingdom must be taken into account as well. In the inscription of Gagik's wife, queen Katramirde, from the Ani cathedral which was built simultaneously with the St. Gregory church, Gagik is mentioned as Shahinshah of Armenians and Georgians. The St. Gregory church fell down soon after its completion; it seems to have never been very stable and the strengthening of the walls and columns was carried out, but without success; already before its final collapse the church was nearly empty: all valuables had been taken out.

69 fragments of the statue of Gagik I (the height of 3,5 m) were put together with 20 pieces of the model of the church by the artist S. N. Poltoratski, the member of N. Marr’s excavation team. After its restoration the statue was placed in the museum of Ani which was arranged by the Russian administration in the building of the former Turkish mosque. There are also restoration signs on a fragment of statue at the Erzurum museum: the fragment represented there was obviously connected by a metallic pin with another lacking part.

In N. Marr’s opinion, the comparison with the image of the founder on the gable of the Akhpat church (near the eastern part of the Armenian-Georgian border) makes it possible to consider the dress of Gagik (the robe with wide sleeves and turban) as customary for Armenians. But we think that the oriental dress of the Armenian king, as well as his Iranian tide Shahinshah  must have been the reflection of his anti-Byzantine feelings. Exactly the Byzantine Empire abolished Ani Kingdom after forty-five years.

How and when did the statue of Gagik come into the exhibition of the Erzerum museum? We only know without doubt that the statue was discovered, as it was mentioned above, in Ani, at 1906, and that it was recorded in the Erzerum museum. Because of the fragmentary character of the statue and of the great number of the folds on its left sleeve which obviously seem to be a lion's mane or a fish-scale, it was at the time of its second detection misinterpreted as a sculpture of a lion or a fish. There are signs that the sculpture was situated in a watery place for years, maybe this is the reason why its polychrome painting did not survive and the primarily pink colour of it (now retained on the unfinished back side) was changed to the red-brown.

About the fate of the statue after its primary discovery and its disposition in Ani museum we can only guess. According to specialists’ statements the statue disappeared. At the same time, a noted scholar, Iosif Orbeli, the member of N. Marr's team, reports that after the decomposition of the Russian front-line of World War I and the approach of the Turkish forces, the statue of the king was buried in the earth. This information seems more preferable than the one which tells us that the statue together with other findings of the Ani expedition were taken by the Russians in the late 1910s from Ani to Yerevan and that the statue is now in Yerevan. It is plausible that the creators of the second information have in mind its /გვ. 29/ counterpart made by S. Poltoratski.

We can only hope that in the store-rooms of the East Anatolian museums it would be possible to detect some of the lacking parts of the above discussed statue.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  გაგოშიძე 1996 = . გაგოშიძე. სანაჰინის მონასტრის მაცხოვრის ტაძრის თარიღისათვის, - საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები, II. თბილისი, 1996.

2.  ლორთქიფანიძე 1973 = . ლორთქიფანიძე. ანისი, ქსე, . I, 1973.

3.  ქავთარაძე 2006 = . ქავთარაძე. ტაოს უძველესი ციხე-ქალაქების ადგილმდებარეობის გამო, - კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, XII. ეძღვნება პროფესორ მანანა ხიდაშელის დაბდების 70 წლისთავს. ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2006.

4.    Аладашвили 1981 = Аладашвили, Н. А. Об изображении ктиторов в монументальной скульптуре Армении и Грузии (VIVII и X вв.). 2-ой Международный симпозиум по армянскому искусству, том III. Ереван, 1981.

5.    Марр 1907 = Марр, Н. Я. О раскопках и работах в Ани летом 1906 г., - Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, том X. С.-Петербург, 1907.

6.    Марр 1934 = Марр, Н. Я. Ани: Книжная история города и раскопки на месте городища. Ленинград-Москва, 1934.

7.    Марр 1939 = Марр, Н. Я. Ани. Ереван, 1939.

8.    Орбели 1963 = Орбели, И. А. Городище Ани и его раскопки, - Избранные труды. Ереван, 1963. 

9.    Hovannisian 1996 = R. G. Hovannisian. The Republic of Armenia, vol. III. From London to Sèvres, February-August 1920. Berkeley, Los Angeles & London; University of California Press, 1996.

10.                       Hovannisian 1996a = R. G. Hovannisian. The Republic of Armenia, vol. IV. Between Crescent and Sickle: Partition and Sovetization. Berkeley, Los Angeles & London: University of California Press, 1996.

11.                       Kavtaradze 1996 = G. L. Kavtaradze. Probleme der historischen Geographie Anatoliens und Transkaukasiens im ersten Jahrtausend v. Chr., Orbis Terrarum, Internationale Zeitschrift für Historische Geographie der Alten Welt, 2, 1996.

12.                       Kavtaradze 1999 = G. L. Kavtaradze. The Problem of the Identification of the Mysterious Statue from the Erzerum Museum, Caucasica, vol. 3, 1999.

13.                       Rohrbach 1919 = P. Rohrbach. Geschichtlicher Überblick, Armenien, Beiträge zur armenischen Landes-und Volkskunde. Rohrbach, P. (ed.). Stuttgart, 1919.

14.                       Schmit 1908 = Th. Schmit (Review) - N. Marr, Ausgrabungen und Arbeiten in Ani im Sommer 1906. Byzantinische Zeitschrifl, B. 17. Leipzig, 1908.

15.                       Sinclair 1987 = A. Sinclair. Eastern Turkey: an architectural and archaeological survey, vol. I. London, 1987.

16.                       Somakian 1995 = M. G. Somakian. Empires in Conflict: Armenia and the Great Powers, 1895-1920. London & New York: Tauris Publishers, 1995.

17.                       Strzygowski 1918 = J. Strzygowski. Die Baukunst der Armenier und Europa. Ergebnisse einer vom kunsthistorischen Institute der Universität Wien 1913 durchgeführten Forschungsreise. Wien 1918.

18.                       Tucker 1992 = A. Tucker (ed.). The Berlitz Travellers Guide to Turkey 1992. New Haven & Oxford, 1992.

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblema/index.html

 

&

 

http://www.scribd.com/kavta/documents?sort_by=views

 

or

 

http://kavtaradze.wikifoundry.com/

 



[1] Kavtaradze 1999, 65, fig. 1-4.

[2] ასურული კუთვნილებითი ნაცვალსახელი -ine შეესაბამება ხურიტულ -ke-, ხოლო d > t მონაცვლეობა ტიპიურია ხურიტული ენისათვის.

[3] შდრ. ქავთარაძე 2006, 86-103.

[4] Kavtaradze 1996, 215, Anm. 50.

[5] Rohrbach 1919, 11.

[6] Kavtaradze 1999, 65, fig. 5-6.

[7] Марр 1907, passim.

[8] Marr 1907, 20, рис. 15.

[9] Strzygowski 1918, 432, Anm.2.

[10] Sinclair 1987, 363-365.

[11] Strzygowski 1918, 432, 706.

[12] Strzygowski 1918, 72, 431.

[13] Strzygowski 1918, 431-432, Abb. 471.

[14] Marr 1939, 109.

[15] შდრ. Strzygowski 1918, 822, Abb. 773.

[16] შდრ. Strzygowski 1918, 431-432.

[17] Schmit 1908, 282; შდრ. Марр 1939, 119-120; Sinclair 1987, 364-365.

[18] Strzygowski 1918, 57.

[19] ლორთქიფანიძე 1973, 465-466; Аладашвили 1981, 84, прим.10; გაგოშიძე 1996, 123.

[20] Аладашвили 1981, 80.

[21] Орбели 1963, 121.

[22] Tucker 1992, 607-608.

[23] იხ., Марр 1934, 108, табл. XXVII, рис. 91.

[24] Hovannisian 1996, 17, 277.

[25] Hovannisian 1996a, 264, 289; Somakian 1995, 235-236.

[26] Sinclair 1987, 364.