Giorgi Kavtaradze. Leonidze and the Idea of Freedom of Georgia (in Georgian).

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

ლეონიძე და საქართველოს თავისუფლების იდეა

 

გიორგი ლეონიძის მთელი არსი, გააზრებული ცხოვრების დასაწყისიდან სიკვდილის კარამდე, გამსჭვალული იყო საქართველოს თავისუფლების იდეითა და დამპყრობელთაგან ერის გადარჩენის საჭიროებით. ვისაც ამის დანახვა არ უჭირს, ადვილად შეამჩნევს, რომ ეს ძირითად ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას, ყოველდღიურ საქმიანობას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ასახულია თანამედროვეთა მოგონებებში. პოეზია ხომ მისთვის უპირველესად სამშობლოს სამსახურია:

 

    „ვისაც სათქმელი არაფერი აქვს,

    ადვილი არის მისთვის ლექსობა,                        

მე სიტყვა ცრემლში დამიფერია                     

ძველ წყლულში დანა ფხით გამესობა!..“                 

 

სხვა საქმეა, რომ ეს სულისკვეთება პოეტის შემოქმედებაში სხვადასხვა ხანაში განსხვავებული რელიეფურობით იყო გამოკვეთილი, თუმცა კი მისი არსი ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. ამიტომაც წერდა:

 

    „ხან სევდიანი

წარსულისაც თუ ვარ მხედარი,

    შორეულ ელვამ თუ კალამი დამისხიურა, -                   

მე გულს მესობა წინაპართა შემოხედვანი,                    

უწყალო მზერა მე მამოწმებს ყოველდღიურად!...                  

სამშობლოს კოშკის გამოვდექი უღონო მცველი!..                 

დღითა თუ ღამით, მაინც ნობათს არ დავცდენილვარ,

ვდგევარ,                                

    აჩრდილნი, სადაც ხმლებით გადაწვენილან...“                 

 

ლეონიძის ყოველი პწკარი, მათ შორის, უმძიმეს გარემოებათა გამო, იძულებით ნაწერი და მისი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა. თვით 1936 წლის დასაწყისში ქვეყნის გასაბჭოების მეთხუთმეტე წლისთავთან დაკავშირებით სტალინისადმი ქართველი მწერლების სახელით ლექსად მიწერილი წერილსაც კი ამისთვის იყენებდა:

 

    „...რუსის მეფემ, სისხლის მსმელმა,

ქრისტეს ჯვარზე ჰფიცა ჯერა,     

მერე ცეცხლით შემოვიდა, სიკვდილივით დაგვეძგერა, -            

ხიშტებით და ბორკილებით კავკასია მოამტვერა.                  

მას უნდოდა ოქრო, ვერცხლი, მიწა, მსხვერპლი ყველა მხრიდან, 

    ჰგვიდა, თხრიდა ყოველივეს, თავს რომელი არ უხრიდა.            

საქართველო წინ გაიდო აზიისკენ გზად და ხიდად...              

ამოგვართო მეფემ ენა, სიტყვის კარი ამოჰქოლა,                  

ათას წლოვან ჩვენს კულტურას მოეხვია ცეცხლის რგოლად...”          

 

ლექსის ზემომოყვანილი სტრიქონი, “საქართველო წინ გაიდო აზიისკენ გზად და ხიდად...” ავლენს პოეტის ინტერესს გეოპოლიტიკის მიმართ და ეს სავსებით ესადაგება მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის განწყობილებებს. თუმცა გეოპოლიტიკით პოეტის დაინტერესება არ იყო შემთხვევითი. ჯერ კიდევ 1920 წელს გამოქვეყნებულ წერილშივახტანგ მეექვსე”, ლეონიძე ადრეული XVIII საუკუნის შესახებ წერდა, რომამ საუკუნის დრამაში მრავალი საშინელი აკტია. მაგრამ ყველაზე ის აკტია სისხლეური, რომელსაც ეწოდება: “საქართველოს პოლიტიკის დუელი საქართველოს გეოგრაფიასთან””.

 

წერილიდან ვიგებთ, რომ ავტორს მხედველობაში აქვს საქართველოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო, პეტრე პირველის დროინდელი რუსეთის სწრაფვა ჩვენი ქვეყნის დასაუფლებლად. გეოპოლიტიკური თვალთახედვით რუსეთისათვის დაუშვებელი იქნებოდა კავკასიონის ქედის გადაღმა დამოუკიდებელი და, მით უფრო, ძლიერი სახელწიფოს არსებობა, თუნდაც იგი მისი ერთმორწმუნე და მოკავშირე ყოფილიყო. ეს უნდა იყოს ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ყოველგვარიმოკავშირეობათუმეგობრობარუსეთსა და საქართველოს შორის უკანასკნელის ოკუპაციითა და ანექსიით თუ ინკორპორაციით მთავრდებოდა. საქართველოს მოსახლეობის სიმპატიები ერთმორწმუნე რუსეთის მიმართ, მხოლოდ ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენდა ამ უკანასკნელისათვის საქართველოსასათვისებლადდა თავისი შემდგომი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპანსიების პლაცდარმად გადასაქცევად.

 

გიორგი ლეონიძის თქმით, აღმოსავლეთში თავისი ვრცელი პოლიტიკური გეგმის განსახორციელებლად რუსეთისსაშიშარ ქირურგს”, პეტრე იმპერატორს, “საშიშარი ოპერაცია” გაუკეთებია საქართველოსათვის, ქართული ისტორიის მარკუს ავრელიუსი და ქართული ლირიკის გოლგოთაზე ჯვარცმული უბედო მეფევახტანგ მეექვსე პეტრე პირველმა სპარსეთის წინააღმდეგ მოკავშირედ მიიწვია და ამასთანავე მრავალი პოლიტიკური კომბინაციების შედეგად მოტყუებული თბილისის სამეფო კარი მოჰქანცა ელჩების გაგზავნითა და უთავბოლო დაპირებებით. ავტორის სიტყვებით: “არა დროს არ ყოფილა საქართველო თავის დასასრულთან ასე ახლოს, როგორც ამ ბაგრატიონის დროს”. ვახტანგ VI-ის შეცდომაში შეყვანით, “ამ ქრისტეს საფლავზე მთებარე კანდელმა”, როგორც ვახტანგი უწოდებდა თავის მოკავშირეს, საქრისტიანო ქვეყანა იანიჩრებს მისცა სათარეშოდ. თვით მეფე კი, მთელი თავისი ტაძრეულით და უმაღლეს არისტოკრატიის თანხლებით, რომელიც ორი ათასი თავად-აზნაურისაგან შესდგებოდა, რუსეთს გაიწვია, . . მოკავშირისსაფარველის” ქვეშ საცხოვრებლად. ავტორის თქმით, “ამ გადახვეწამ ქართულ რასას საუკეთესო სისხლი დაუკარგა”.

 

იმავე საუკუნის დამლევს, ამსისხლმა” საბედისწერო როლი ითამაშა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს. რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებული ვახტანგის მემკვიდრეების ქართლის ტახტზე უფლებების გამოყენებამ, რუსეთს საშუალება მისცა, თავისი შანტაჟის ქვეშ მოექცია ერეკლე მეორე, იმავე ტახტზე მისი უფლებების ვითომდა არალეგიტიმურობის მომიზეზებით და ამ უფლებების ლეგიტიმაციისათვის შესძლო მისგან გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერა გამოეძალა, რაც, როგორც ვიცით, გახდა ორიათასწლოვანზე მეტი ხნის ქართული სამეფოს დასასრულის დასაწყისი.

 

მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ლეონიძისეული სიტყვები საქართველოს პოლიტიკისდუელის” შესახებ საქართველოს გეოგრაფიასთან. თუ რა უნდა ყოფილიყო, ლეონიძის აზრით, იმ დროინდელი საქართველოს პოლიტიკა, ნათელი ხდება იმავე წერილიდან. ავტორი გვამცნობს: “ამ დროს ჩვენი სარდლები ატაცებულნი იყვნენ ეკლესიური შთაგონებით, ხოლო ვეზირები იამბიკოებს სწერდნენ. სამეფო პოლიტიკაში კი, როგორც იტყვის სოლომონ ლეონიძე: “ჯვარი იყო სკიპტრის საფუძველი”.

 

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დიდი ერთმორწმუნე ქვეყნისაგან მომდინარე საფრთხე იმ დროინდელი საქართველოს პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ პირებს ვერ დაენახათ. თუ რას წარმადგენდა იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური აზროვნების დონე, კარგად აქვს გადმოცემული გასული საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს ზურაბ ავალიშვილს. იგი მართებულად შენიშნავს, რომ “XVIII საუკუნის ქართული პოლიტიკა გასაოცარია თავისი აღმოსავალი პრინციპებისა და შეცდომების უცვლელობითვახტანგის კატასტროფამ მათ ვერაფერი ვერ ასწავლა, ვინაიდან მათი ინტერესები და კულტურა იგივე დარჩა. ქართველების პოლიტიკური მისწრაფებანი შეფერილი იყო რელიგიური წარმოდგენებით, ისინი სრული გულუბრყვილობით იყვნენ დაფუძნებულნი მართლმადიდებლობისა დაურჯულოთა წინააღმდეგ ბრძოლისიდეებზე; მათ არ მიეცათ შესაძლებლობა ამაღლებულიყვნენ უფრო რთული პოლიტიკური იდეების აღსათქმელად, ვინაიდან არ გააჩნდათ უფრო რთული ინტერესებიპრიმიტიული წყობა იწვევდა პრიმიტიულ აზროვნებას და პრიმიტიულ პოლიტიკას. ინგლისელი ისტორიკოსი დეივიდ ლენგიც შენიშნავს, რომ ქართველი მმართველები რუსეთის მიმართ ავლენდნენბრმა და გულის ამაჩუყებელ ოპტიმიზმს”. ხოლო თუ რა უნდა ყოფილიყო ზემომოყვანილი წინადადების, მეორედუელანტი” მხარესაქართველოს გეოგრაფია, ამაზე მინიშნებას იძლევა გიორგი ლეონიძის 1947 წელს დაწერილი ისტორიული პოემისსამგორის” სტრიქონები, მიძღვნილი გურამ ბივრიტიანისა და ვახტანგ გორგასლის გასაუბრებისადმი. პოემის მიხედვით, ბივრიტიანი მეფეს შემდეგნაირად ამცნობს, მისადმი რომის იმპერატორის მიერ შეთავაზებულ წინადადებას:   

 

“ – რომ შევკრათ კავკასიონი,                          

ჰონნი, ძურძუკნი, სარაგურები,                          

არ გადმოუშვათ დასავლეთისკენ,                   

გავხადოთ ცეცხლით დადაგულები!”                 

 

საყურადღებოა ვახტანგ გორგასალისადმი მიწერილი სიტყვებიც:

 

    “მაგრამ რამდენჯერ დაგვიცავს სისხლით,

    ახსოვს დასავლეთს ჩვენი ამაგი?!

    რამდენ ნიაღვარს გადავარჩინეთ

    და ახლაც ჩვენი მკლავით და მკერდით                          

დარაჯად ვდგავართ კავკასიონზე,                           

ამდენ ველური ტომების გვერდით!”                 

 

აშკარაა, რომ პოეტის აზრით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ძირითადი, პოლიტიკურად განმსაზღვრელი ნიშანი, კავკასიონის გადასასვლელებისშეკვრის” ანუ დაცვის საჭიროება ყოფილა ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ველური ტომებისაგან და ამ ფუნქციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკა წინააღმდეგობაში ანუ მისი თქმით, “დუელში” მოდიოდა საქართველოს გეოგრაფიასთან.

 

ამ დაკვირვების სისწორეს უნდა მოწმობდეს ლეონიძის მეორე წერილი, “ჩაბნელებული არმაზი”, დაწერილი 1917 წელს. ავტორის აზრით: “ყველაზედ მაზარალებელი ჩვენთვის ჩრდილოეთის წყვდიადი გამოდგა. ჩვენ გავაღეთ დარიალი იმ ფიქრით, რომ იგი მზეს იჭერდა. მაგრამ მზის ნაცვლად სიცივე შემოიჭრა. მართალია, სული ჩვენი არ ემონა ციმბირის ღმერთებს, მაგრამ მოიშხამა და გაუწმინდურდა. ჩვენ წაგვართვეს მზე და ვეღარც ვიტყოდით მზის სიტყვას, ...რადგან... მთელი საუკუნე ჩვენში არ თქმულა ლამაზი სიმღერა, იგი ჩაჰკლა საქართველოს მონურმა სულმა”.

 

ქართული სახელმწიფოებრიობის ბედის კავშირი კავკასიონის გადასასვლელების გაკონტროლების მოთხოვნასთან მართლაც მკაფიოდ იკვეთება მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენი აზრით, ძირითადად ქვეყნის ამ ფუნქციის არსებობით უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომელიც კავკასიის ისტორიის დიდმა მცოდნემ კირილ თუმანოვმა შენიშნა, რომ, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს მთელ ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ხანებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე.

 

საქართველოს ხელისუფალნი ქმედითად იყენებდნენ ქვეყნის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით ბოძებულ უპირატესობას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთიდან ძალთა გადმოყვანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა, რათა ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი არ მისცემოდა და არც არასოდეს, თითქმის XIX საუკუნემდე, საქართველოს ხელისუფალთ არ გადაუციათ კავკასიის ზეკარისა და შემოსასვლელი გზების კონტროლის უფლება ჩრდილოეთის მხარისათვის, რაც, თავისთავად ცხადია, საკუთარი ქვეყნისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნებოდა, ვინაიდან სახელმწიფო დაკარგავდა თავის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას. თუ რომის იმპერიისა და პართიის, ბიზანტიისა და ირანის, ოსმალეთისა და სპარსეთის ურთიერთბრძოლისას კავკასიონის ზეკარებზე ადგილობრივი ამიერკავკასიელი მოსახლეობის კონტროლი ძირითადად მისაღები იყო ორივე, როგორც სამხრეთ-დასავლეთით, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარისათვის, სრულიად სხვა მდგომარეობა იქმნება რუსეთის იმპერიის კავკასიაში ექსპანსიის დროს. რუსეთს ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, სულაც არ ესაჭიროებოდა კავკასიონის გადასასვლელების დამცველი ძალა.

 

ჩრდილოეთიდან მომდგარი იმპერიის სულ უფრო მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიონის მთავარი ქედის გადალახვას ისახავდნენ მიზნად; ამ ქვეყანას ესაჭიროებოდა კავკასიონის ზეკარებზე არატიხრებისათურკინის კარებისაგება-მოწყობა, არამედ მათიმოშლადაშემტვრევა“. ცხადია ეს საქართველოს საკუთარი ისტორიული ფუნქციის, „არსებობის არსის“, დაკარგვით ემუქრებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღნიშნული ფუნქციის დაკარგვამ საქართველოს დამოუკიდებელ არსებობას აზრი დაუკარგა და თითქმის ორი საუკუნე ქვეყანა აღარ ჩანდა მსოფლიოს რუკაზე. “კავკასიონის კარიბჭეთა მფლობელისეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია არსებითად განაპირობებდა და მომავალშიც განაპირობებს საქართველოს სვე-ბედს. დღესაც ჩვენი მტერი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ არ დაიბრუნოს თავისი ოდინდელი ფუნქცია, რაც მისი არსებობის მტკიცე გარანტია იქნებოდა.

 

პოემასამგორში” საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის პოლიტიკურ დანიშნულებას ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლა რომ წარმოადგენს, მკაფიოდ არის გამოვლენილი თვით ამ პოემის მთელი პათოსით, რომელიც თუმცა მძაფრ წინააღმდეგობაში მოდიოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საქართველოში გაბატონებულ საზოგადოებრივ მსოფლმხედველობასთან; ამის გამო ლეონიძემ პოემის დაწერიდან ერთი წლის შემდეგ, 1948 წელს, მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა გაზეთკომუნისტის” მიერ გამოქვეყნებულ წერილშისიმბოლოზმის ნამსხვრევები”. პოეტი კი წერდა:

 

    “ჩვენ კი სხვა ქვეყნად არ ვეძებთ ოქროს,                    

არ გაგვიშლია მისთვის აფრები,                        

თავისუფლების ვართ მაძებარი,                         

ზედ მშობელ მიწას დავეკაფებით!”                          

 

ან კიდევ:

 

    “მაგრამ გულისთქმა საქართველოში                         

ყველასი ერთი იყო უკლებლად:                        

      ნემსში გავძვრებით, ცეცხლში დავდნებით                  

და მოვიპოვებთ თავისუფლებას!...”

 

რა თქმა უნდა, გიორგი ლეონიძემ კარგად იცოდა, რომ სიცოცხლეში ვეღარ მოესწრებოდა თავის ოცნებასდამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს, ამიტომაც ნიშანდობლივიანატვრის ხის” ჩორეხზე გადატანილი მისი სიტყვები: “ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...,” იგი ხომ თვითონ იყოსამშობლოს დარდით მოავადეჩორეხის პროტოტიპი! ესავადობა” არც მის პოეზიას დაკლებია და დღესაც ისევ ძირითად მაცოცხლებელ ძარღვად გასდევს:

 

    გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,                        

მისი ნაღველი, მომებურება...                               

ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,                       

დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?                          

ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,                     

ვინ დამცა სევდა განუკურნელი?                        

                                               

    დამწვარ დროშების, დამწვარ იალქნის,                          

დამჭკნარ ვარდების მიყვარს სურნელი...”                     

 

 

გაზეთი: ლიტერატურული მესხეთი, # 10 (118), ოქტომბერი, 2008 წელი, გვ. 14.

 

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.com/komblege/kavta.html

 &

http://www.geocities.com/komblege/publications2.htm

&

 http://www.scribd.com/people/view/400119-giorgi-leon-kavtaradze

or

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

1