სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  ვიდეო დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
პუბლიკაცია 1, სულ: 8  შემდეგი > 
ერთი სახლისა და ორი ოჯახის დოკუმენტირებული ისტორია
ავტ.: შავლეგო : 3/9/2005

ერთი სახლისა და ორი ოჯახის ისტორია - სახლი, სახლიკაცები და არაკაცები...


თბილისის ერთ სახლში ეს ოჯახი ცხოვრობდა, ოდესღაც...


ეს ბავშვები ამ სახლში იზრდებოდნენ...


ბოლო წელი საქართველოში


დიდი ბაბუა ბესარიონის სული აქ თავის შთამომავლებს ვერ ხედავს...


ვერც აკად.პ.გუგუშვილის სული ვერ ხედავს მის ბიუსტთან და
მისი უზარმაზარი ბიბლიოთეკის ნარჩენებითან თავის შთამომავლებს


სახლის ბინადრები, სოხუმიდან ლტოლვილი ომში შვილდაღუპული ჭელიძეების ოჯახი

მოვიდნენ ავტომატებით... ჩვენ მხედრიონის წევრები ვართო, ჯაბას ხალხი ვართო და ჯაბამ ეს სახლი გვაჩუქაო...

გავდა რაღაც პერიოდი, მხედრიონელი ფალიანისგან - გაგრის კომენდანტის მოადგილისაგან - დავისვენეთ... ერთ დღეს ამოდის მხედრიონელი ნუგზარ პაპინაშვილი იარაღებით აქა და მე შევარდნაძის დაცვაში ვარო და აწი ეს სახლი ჩემიაო...

 ვიდეო: ერთი სახლის ისტორია (კომპაქტური - ნელი ინტერნეტისათვის)

ვიდეო: ერთი სახლის ისტორია (ADSL - სწრაფი ინტერნეტისათვის)



თბილისის ვაკის რაიონის პოლიციის უფროსს
ლია ერგემლიძის
ჩაწერილი: თბილისი, მარაბდის ქ. 39
ემიგრაციაში: Rajakentankuja 5 A 1, Vantaa 01280, Finland

განცხადება-საჩივარი

ამ განცხადება-საჩივრით მოგმართავთ იმ ძალადობისა და დარბევა-ძარცვის გამო, რომელიც ჩემმა ოჯახმა განიცადა კანონიერი ხელისუფლების ძალით დამხობის შემდეგ - 1992 წლის იანვარში და რომელიც ჩემი მეუღლის - კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გუგუშვილისა და მისი ოჯახის პოლიტიკური საფუძვლებზე აგებული დევნა-შევიწროების ნაწილს წარმოადგენდა.

1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის პუტჩის დაწყების შემდგომ, გამუდმებული ტელეფონით მუქარა-დაშინების  გამო მე და ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი (8 და 7 წლისა) ვეღარ გავჩერდით ჩვენს სახლში და ნათესავ-მეგობრებთან ვაფარებდით თავს.

1992 წლის 12 იანვრამდე ჩემს კერძო სახლს (თბილისი, მარაბდის ქ. 39), რომელშიც ცხოვრობდა ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე ბ.გუგუშვილი, იცავდა სამთავრობო დაცვის პოლიციელი. დაცვის პოლიციელის წასვლისთანავე ხუნტის ბანდებმა დაიწყეს ჩემი სახლ-კარის ძარცვა.

პირველი შეიარაღებული გაძარცვა მოხდა 1992 წლის 13 იანვარს დღისით, როდესაც სახლს თავს დაესხა რამდენიმე ავტომანქანით მოსული სამოქალაქო ტანსაცმელიანი შეიარაღებული ჯგუფი. მეზობლები შეეცადნენ დაეცვათ ჩვენი სახლ-კარი, მაგრამ თავდასხმელებმა იარაღის მუქარით გაყარეს ისინი. ამ ავტომობილებს შორის ერთ-ერთი მეზობლებმა ამოიცნეს როგორც ქალაქის პოლიციის სამმართველოსი. თავდამსხმელებმა შეტეხეს ჭიშკრის კარები  და რამდენიმე საათის განმავლობაში არბევდნენ და ძარცვავდნენ კარ-მიდამოს - გაიტაცეს ავტომიბილი “ვაზ-09”.

მეზობლებმა ამის შესახებ ტელეფონით დაუყონებლივ შეატყობინეს ჩვენს ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებმაც რამდენჯერმე დარეკეს ვაკის პოლიციაში და მოსთხოვეს დამრბევ-მძარცველთა დაკავება. ამაზე პოლიციიდან მათ უპასუხეს - ჩვენ ახლა არა გვაქვს ადგილზე გასვლის საშუალება, მაგრამ თუ თქვენ თითონ შეიპყრობთ ქურდებს და მოიყვანთ პოლიციაში, ჩვენ მათ დავაკავებთო, არც აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით რაიმე გამოძიება არ წამოუწყიათ.

ამ პირველი თავდასხმის შემდეგ, ჩვენს ბინას (რომელსაც შეიარაღებული მუქარის შიშით უკვე ვეღარ ეკარებოდნენ და ვეღარ იცავდნენ ჩვენი მეზობლები და ახლობელ-მეგობრები) კიდევ რამდენიმეჯერ დაესხენ თავს და გაძარცვეს ხუნტის შეიარაღებულმა ბანდებმა – გაიტაცეს მთელი დოკუმენტაცია, ოჯახური რელიქვიები, სამკაული, ძვირფასი ჭურჭელი; გაიტაცეს ან დახიეს-დაანაკუწეს ყველა ოჯახური ფოტოსურათი - მათ შორის ჩემი მამამთილის აკადემიკოს პაატა გუგუშვილის საოჯახო ფოტოარქივი. წაიღეს პრაქტიკულად მთელი ოჯახური ქონება. გაიტაცეს ავეჯი, საოჯახო ტექნიკა (მაცივარი, ტელევიზორი, კომპიუტერი, ვიდეოაპარატურა და ა.შ.), თეთრეულიც. მოხსნეს და წაიღეს სანტექნიკაც კი გათბობის ბატარეებისა და უნიტაზის ჩათვლით.

ნიშანდობლივია, რომ გაძარცვები ყოველთვის ხდებოდა დაუფარავად, შეიარაღებული ბანდიტები რამდენიმე მსუბუქი და საბარგო მანქანით მოდიოდნენ. ამასთანავე - ის ფაქტი, რომ გაიტაცეს ყველა დოკუმენტი (როგორც ოჯახური, ასევე სამთავრობო) და ფოტოსურათები მოწმობს იმას, რომ მძარცველებს პოლიტიკური დავალება ჰქონდათ - ეს ფაქტობრივად იყო ხუნტის მიერ ჩვენი ოჯახის მთელი ქონების არაკანონიერი, ბანდიტური კონფისკაცია-ექსპროპრიაცია.

ჩვენმა ახლობლებმა და მეზობლებმა არაერთხელ შეატყობინეს პოლიციას და სთხოვეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც მათ ქომაგობისათვის დაემუქრენ.

ხუნტის ბანდების მიერ ამ რბევა-გაძარცვების შედეგად სრულიად გაანადგურეს და მოსპეს ჩემი ოჯახის მატერიალური ბაზა, დავკარგეთ ორი თაობის შრომით შეძენილი მთელი საოჯახო ქონება და ამით მოგვესპო საქართველოში ცხოვრების თვით საშუალებაც. საგანგებოდ აღვნიშნავ - პოლიციის მხრივ რომ ყოფილიყო რაიმე რეაგირება ჩემი ოჯახის პირველსავე დარბევა-გაძარცვაზე – ეს არ მოხდებოდა.

ამ განცხადება-საჩივრით ახლა მოგმართავთ იმიტომ, რომ თითქოს მიეცა გარკვეული პოლიტიკური შეფასება 1991-1992 წლების მოვლენებს. ხოლო, იმ დევნა-შევიწროებასა და ძარცვას, რომელიც ჩემმა ოჯახმა განიცადა სწორედ პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.

ლია ერგემლიძე
თბილისი, 2000 წლის 20 ოქტომბერი

რეგისტრირებულია ე/37, 10.10.00

 


 

 

საქართველოს პარლამენტის
ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს
ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს

ლია ერგემლიძის
ჩაწერილი: თბილისი, მარაბდის ქ. 39
ემიგრაციაში: Rajakentankuja 5 A 1, Vantaa 01280, Finland

განცხადება-მიმართვა

ამ განცხადებით მოგმართავთ იმ დევნა-ძალადობისა და დარბევა-ძარცვის გამო, რომელიც ჩემმა ოჯახმა კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული პუტჩით დამხობის შემდეგ - 1992 წლის 6 იანვრის შემდგომ განიცადა ხუნტის მხრივ და რომელიც ჩემი მეუღლის - კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გუგუშვილისა და მისი ოჯახის პოლიტიკურ საფუძვლებზე აგებულ დევნა-შევიწროებას წარმოადგენდა.

1. 1992 წლის იანვარში ხუნტის შეიარაღებულმა ბანდებმა არაერთხელ დაარბიეს და გაძარცვეს ჩემი კერძო სახლი (თბილისი, მარაბდის ქ.39), რომელშიც ცხოვრობდა ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე ბ.გუგუშვილი. ხუნტის ბანდების მიერ ამ რბევა-გაძარცვების შედეგად გაიტაცეს,  გაანადგურეს და მოსპეს ჩემი ოჯახის მატერიალური ბაზა, დავკარგეთ ორი თაობის შრომით შეძენილი მთელი საოჯახო ქონება და ამით მოგვესპო საქართველოში ცხოვრების თვით საშუალებაც - ეს ფაქტობრივად იყო ხუნტის მიერ ჩვენი ოჯახის მთელი ქონების არაკანონიერი, არალეგალური, ბანდიტური კონფისკაცია-ექპროპრიაცია. ასევე სრულიად გაძარცვული და გაპარტახებულია ჩემი მეუღლის კერძო აგარაკი წყნეთში (ტაბიძის ქ.27) - აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მივმართე საჩივრით ვაკისა და წყნეთის პოლიციას, ასლები ერთვის ამ დოკუმენტს.

2. ხუნტის მიერ ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ, ჩემი მეუღლის წინააღმდეგ წამოწყებული იქნა ოფიციალური სასამართლო დევნა და იგი დაპატიმრების საშიშროების გამო იძულებული გახდა დევნილობაში და ემიგრაციაში წასულიყო. ამის გამო შემოსავლების გარეშე დავრჩით და დავკარგეთ ყოველგვარი საარსებო საშუალება. იმისათვის, რომ თავი გვერჩინა (და ეს წლობით გრძელდებოდა), იძულებული გავხდით თანდათანობით გაგვეყიდა გადარჩენილი ქონება – რამაც ჩვენი ოჯახი აბსოლუტურ სიღატაკემდე მიიყვანა.

3. პუტჩის შემდგომ დაიწყო ჩემი მეუღლის მასშტაბური მორალური დამცირება-დევნა ხუნტის ოფიციალური პირებისა და ხუნტის მორჩილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ – პრესა, რადიო, ტელევიზია. წამებდნენ რა ჩემს მეუღლეს სამშობლოს ღალატსა და სახელმწიფო ქონების დიდი მასშტაბებით დატაცებას, ამით მთელს ჩვენს ოჯახს უდიდესი მორალური ზარალი მოგვაყენეს, რამაც განსაკუთრებით იმოქმედა ჩვენს მცირეასაკოვან ბავშვებზე.

4. პუტჩის შემდგომ გამუდმებული ტელეფონით მუქარა-დაშინების  გამო მე და ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი (7 და 8 წლისა) ვეღარ გავჩერდით ჩვენს სახლში და ნათესავ-მეგობრებთან ვაფარებდით თავს. მაგრამ, იქაც გვპოულობდნენ და გვატერორებდნენ - ბავშვების გატაცება-დატყვევების მუქარით მოითხოვდნენ, რომ ჩემი მეუღლე ჩაბარებოდა ხუნტას. ამის გამო მე და ბავშვებიც იძულებულნი გავხდით 1992 წლის მარტში დევნილობაში და ემიგრაციაში წავსულიყავით. შედეგად ბავშვები წლების განმავლობაში მოწყდნენ სწავლას, სამშობლოს, ახლობელ-ნათესავების წრეს, რითაც მათს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას მძიმე ტრამვები მიაყენეს.

ხაზს ვუსვავ, რომ მთელი ეს დევნა-შევიწროვება ჩვენმა ოჯახმა განიცადა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ბოლომდე საქართველოს ინტერესების, კანონიერი ხელისუფლების ერთგული დარჩა - მთელი ეს ზარალი ამ ერთგულებისა და პატიოსნების საზღაურად გადაგვიქციეს.

ახლა, როდესაც გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება 1991-1992 წლების მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ გაჩნდა შესაძლებლობა დაიწყოს ჩემი ოჯახისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის გაცნობიერება-დაფიქსირება – არაფერი რომ ვთქვათ დამნაშავეების დასჯაზე, რაც ამის გაგრძელება და ლოგიკური დაბოლოება უნდა გახდეს. პოლიტიკური რეაბილიტაციის საკანონმდებლო-სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ამ სამართლებრივი და ადამიანური განზომილების გათვალისწინების გარეშე ჩემი ოჯახის სამშობლოში დაბრუნების საშუალებასა და გზას მე ვერ ვხედავ.

ლია ერგემლიძე
თბილისი, 2000 წლის 16 ოქტომბერი

რეგისტრირებულია ე-6074/60-1, 25.10.00

 

 

© ბესარიონ გუგუშვილი