ისტორია - 2007-11-17 12:21
22 ივნისის სხდომაზე ზვიად გამსახურდია ინტელიგენციას, მწერლებს ქართული ენის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს. თურმე ჯანსუღ ჩარკვიანს რომელიღაც სტატია ორ ენაზე გამოუქვეყნებია. გამსახურდიას პრეტენზია ცოტა უცნაურია, იგი "ერთენოვნებისაკენ” მოუწოდებს სახალხო ფრონტს და ჩარკვიანს კი კეთილგანწყობილად საყვედურობს: "ჯანსუღ, ძმაო, შენგან გამიკვირდა, არ შეიძლება, ძმაო...…”
გაუგებარია, რა არ შეიძლებოდა, სტატიის ორ ენაზე გამოქვეყნება? ის კი გასაგებია, რომ გამსახურდია სახალხო ფრონტს ერთენოვნების - ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის უფლებების დაცვას ურჩევდა. მაგრამ როცა გამსახურდიამ მიკროფონით ჯანსუღ ჩარკვიანს მიმართა, ეს უკანასკნელი უკვე შუა დარბაზში იდგა და თავისი ნამოქმედარის გამართლებას ასაბუთებდა. აქ მთავარი ის კი არ არის, რომელი მათგანის მხარეზე გახლდათ სიმართლე, არამედ ის, რომ ისედაც ახმაურებულ დარბაზში ორატორები ერთმანეთს არ უსმედნენ. დასანანი და დამახასითებელი ეპიზოდია.
უკვე ყრილობის გახსნისთანავე დაიწყო კამათი, კინკლაობა, ხმაური, წონააღმდეგობა ნებისმიერ წვრილმან თუ მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგ., იმაზე, თუ რამდენი წუთი უნდა ყოფილიყო გამომსვლელთა რეგლამენტი, ვინ უნდა ყოფილიყო სხდომის წამყვანი-თავმჯდომარე. ზ. გამსახურდიამ რომ თავმჯდომარედ ავთანდილ იმნაძის კანდიდატურა დაასახელა, თან დარბაზს თუ დარბაზში მყოფ გარკვეულ ჯგუფს მიმართა - მოეშვით ობსტრუქციებსო. მეტისმეტად გაიწელა და როგორც იქნა აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია. მეორე ბანაკიდან მერაბ კოკოჩაშვილმაც მოითხოვა: დისკრიმინაციით ნუ დავიწყებთ, ყველა აზრის მქონეს უნდა მიეცეს სიტყვაო. ქართლოს ღარიბაშვილმა კატეგორიულად დააყენა საკითხი - ვინც დამოუკიდებლობის მოთხოვნას ხელს შეუშლის ან შეეწინააღმდეგება, დარბაზიდან გაძევდესო. საღამოს სხდომისათვის დარბაზი უკვე საბოლოოდ განთავისუფლდა ნოდარ ნათაძის მიერ მოწოდებული "აკადემიურობის” ყოველგვარი ნიშანწყლისგან. რომელიღაც ქალბატონმა - ლია გამყრელიძემ განწირულად გააპროტესტა - ჩემს გვერდით იგინებიან, შეურაცხყოფილი ვარო,
22 ივნისის შუადღის სხდომაზე თავმჯდომარე რობერტ პეტრიაშვილი შიშს გამოთქვამდა, გარკვეულ ძალებს ყრილობის ჩაშლა სურთო. მან რეგლამენტის დაცვისაკენ მოუწოდა აუდიტორიას და დაიჩივლა, სიტყვაში გამომსვლელთა სიაში 150 კაცია ჩაწერილიო. რამდენიმე ორატორის გამოსვლის მერე რობერტ პეტრიაშვილმა გამოსვლების შეწყვეტის საკითხი დააყენა - უკვე აღარაფერს ვამბობთ და თუ არ შეწყდება გამოსვლები, თავმჯდომარეობიდან გადავდგებიო.
რადიკალებსა და ზომიერ-ლიბერალებს შორის წინააღმდეგობა გრძელდებოდა. 22 ივნისს ელდარ შენგელაიამ მკვეთრად დააყენა საკითხი - რადიკალიზმმა და ექსტრემიზმმა დაღუპა საქართველო. ჩვენ ჭკუა არ გვისწავლია. აქ უმრავლესობა რადიკალურადაა განწყობილი და თუ ჩვენი პოზიცია არ გინდათ, წავალთო.
შენგელაიაზე ადრე ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი გამოვიდა და მონაწილეებს მიმართა - გაფრთხილებთ, სტუმრებს ავყევით და ეს არ გამოგვადგებაო. ჯავახიშვილი სახალხო ფრონტის ყრილობაზე ჩამოსულ სტუმრებს გულისხმობდა ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან. ზომიერი ინტელიგენციის ნაწილს არ მოსწონდა ბალტიელების მიერ დამოუკიდებლობის ლოზუნგის დაყენება, თუმცა ზომიერთა მეორე ნაწილი ან რწმენით, ან სხვათა ზეგავლენით აღიარებდა დამოუკიდებლობის მოთხოვნის აუცილებლობას. კობა იმედაშვილმა განაცხადა - გვეყოფა კუკუმალაობის თამაში, საჭიროა პირდაპირ სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნა, ოღონდ სხვა ხალხების ინტერესების გათვალისწინებით, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. რეზო ჩხეიძეც "დაეთანხმა” გამსახურდიას მოთხოვნას, ფრონტის პროგრამაში მკვეთრად გამოხატულიყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჯერ ალექსანდრე ჯავახიშვილმა, შემდეგ კი გივი თუმანიშვილმა დატოვეს დარბაზი.
დარბაზი უკმაყოფილოდ ხვდებოდა ზომიერთა ფრთხილ ნოტებს. გივი თუმანიშვილმა და რამდენიმე ორატორმა ალექსანდრე ჯავახიშვილს მხარი დაუჭირა. რომელიღაც ორატორმა რადიკალების ბანაკიდან პროგრამის სასწრაფო მიღება მოითხოვა, მთავარი მიზანი არ ჩაგვეშალოსო. სულ უფრო ხშირად გაისმოდა სიტყვები ყრილობის ჩაშლის საშიშროების შესახებ და ასევე გახშირდა მოწოდებები გაერთიანების აუვილებლობისაკენ. მაგრამ გაერთიანება ორივე ბანაკს საკუთარი პოზიციის გარშემო წარმოედგინა, თანაც აბსტრაქტულად.
ლანა ღოღობერიძემაც დააყენა ერთიანობის საკითხი, ოპოზიციონერები ერთად უნდა ვიყოთო. მისი აზრით, სახალხო ფრონტი ერთადერთი ორგანიზაცია შეიძლებოდა ყოფილიყო, სადაც "ყველანი შეიკრიბებოდნენ”. ყველამ შეიძლება სხვადასხვანაირად ვიაზროვნოთ, მაგრამ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთად ვიყოთ. მის ლირიულ გამოსვლაში ნაკლებად იყო საუბარი, როგორ უნდა გაერთიანებულიყვნენ.
ცოტა ხანს შევჩერდეთ: რატომ ან რით შეიძლებოდა უკმაყოფილო ყოფილიყო ალექსანდრე ჯავახიშვილი სტუმართა გამოსვლების და დარბაზის უმრავლესობის განწყობის მიმართ.
ყრილობის მდტრვინავი დარბაზი ხანდახან, ეპიზოდურად, უცებ ჩაცხრებოდა და გაირინდებოდა ხოლმე, ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა მიკროფონთან საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსული სტუმრები გამოდიოდნენ. ყრილობის მონაწილენი განსაკუთრებულ სიმპათიას ბალტიისპირეთის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ იჩენდნენ. ბალტიელები იმპერიის სხვა ეროვნულ მოძრაობათა შორის გამორჩეული რაციონალიზმით და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ დამოუკიდებლობისაკენ და სხვებისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც მისაბაძ ნიმუშს წარმოადგენდნენ. ბალტიელებიც ხვდებოდნენ, რომ საქართველო ანტიიმპერიული განწყობის ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენდა და ცდილობდნენ არამარტო წრფელი სოლიდარობა გამოეხატათ, არამედ რაციონალიზმის ელემენტი გაეძლიერებინათ მიმდინარე ყრილობაზეც და საერთოდ, მოძრაობაშიც. პირველად სახალხო ფრონტები სწორედ ბალტიის რესპუბლიკებში ჩამოყალიბდა. ამიტომ სტუმართა გამოცდილების გაზიარება საქართველოს სახალხო ფრონტის მესვეურთათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა.
ყრილობას ერთ-ერთი პირველი ლიტველი სტუმარი ეგიდიუს კლუმბუსი მიესალმა. ეს ის ლიტველი დეპუტატი გახლდათ, რომელმაც საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, როცა 9 აპრილის დამრბევი რუსი სამხედროები გამოჩდნენ. ახლა ლიტველი "საიუდისის” წარმომადგენელი თავის ქართველ კოლეგებს მოუწოდებდა, პრინციპულად ებრძოლათ "თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის” - დამოუკიდებლობისათვის.
მეორე, ახლა უკვე ლატვიელმა სტუმარმა ხაზი გაუსვა ბალტიელებისა და ქართველების საერთო მიზანს. ბელორუსელმა სტუმარმა იგორ პინკოვსკიმ საბჭოთა იმპერიის ჩაგრული და მებრძოლი ერების გზა იესო ქრისტეს მოწამეობრივ გზას შეადარა - ქრისტეს მოწამეობრივ გზას ახლა ჩაგრული ხალხები გადიანო.
ლიტვის სეიმის წევრმა მეჩის ლაურინკუსმა რეალისტურობისაკენ მოუწოდა ყრილობას. იგი გულისხმობდა მრავალი არჩეული პრობლემიდან მთავარი პრობლემების გარკვევას და მათზე ყურადღების გამახვილებას. სწორედ ამ გზას ადგნენ ლიტვაში, როცა მათ პრიორიტეტად ეკონომიკური პრობლემების მოგვარება დაისახეს მიზნად, ისეთი ეკონომიკური პრობლემები, რომლების თანდათან გადაჭრა ლიტვის მომავალ დამოუკიდებლობას შეუწყობდა ხელს: საზღვრებზე საბაჟო გადასახადის რესპუბლიკის ხელში გადასვლა; უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება; მიგრაციის რეგულირება; თანდათანობით რუსეთის ჯარის გაყვანაზე ზრუნვა; მრავალპარტიულობის დაკანონება-დამკვიდრება; მიწების გლეხთა ხელში გადაცემა კერძო საკუთრებაში და ა. შ.
რა უნდა ყოფილიყო ან რას გულისხმობდა ლიტველი სტუმრის თეზისი - ბევრიდან განსაკუთრებული უნდა ავირჩიოთო? საქართველოს სახალხო ფრონტისათვის ეს თეზისი ნიშნავდა რჩევას - ძლიერი ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია შეექმნათ. ბალტიელებს აწუხებდათ ყრილობაზე არსებული კონფრონტაციული ატმოსფერო. ცხადია, მათ სურდათ საქართველოს სახალხო ფრონტის სახით ძლიერი მოკავშირე ჰყოლოდათ, აქ კი ისინი ხედავდნენ უწესრიგო და გაუთავებელ ორთაბრძოლებს. "ბალტიისპირეთი ელის საქართველოს სახალხო ფრონტის შექმნას” - მიმართა ყრილობის სულგანაბულ დარბაზს ლატვიელმა სტუმარმა ქალმა ინგუნა ედელემ და ამით მიანიშნა ქართველებს - მთავარი მიზანი ურთიერთთანხმობით განეხორციელებინათ.
ამისათვის კი ერთიანობა და ურთიერთშეთანხმება აუცილებელი ხდებოდა.
23 ივნისს ყრილობა მერაბ კოკოჩაშვილის მეთაურობით წარიმართა. ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ ყრილობის დატოვებამ პრინციპული ხასიათი შეიძინა და გათიშვა-ერთიანობის შესაძლებლობის მნიშვნელობაც კი მიიღო გარკვეულწილად. ავთანდილ იმნაძემ საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა - გუშინ კინაღამ კრება ჩაგვიშალაო. საკითხმა ისეთი მნიშვნელობა მიიღო, გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ. ყრილობის 470 მონაწილემ ჯავახიშვილის დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა. გაუგონარი ამბავი მოხდა. ალექსანდრე ჯავახიშვილი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი პიროვნება გახლდათ. ცნობილი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და დიდი შრომა გასწია ქვეყნის უპირველესი მუზეუმის განვითარებისათვის - აი, ასეთი პიროვნების სახალხო ფრონტის ყრილობაზე დაბრუნების წინააღმდეგ მონაწილეთაგან 470 კაცმა მისცა ხმა.
ამ თავისთავად არასასიამოვნო მოვლენას ახსნა და ჩაკვირვება უნდა. ადვილია მისი ცალმხრივად შეფასება. მაგ., ჯანსუღ ჩარკვიანმა ყრილობის მონაწილეებს ეთიკურობისაკენ მოუწოდა და ამით საკითხი გააუბრალოა. სხვებმა დარბაზის მიერ გამოჩენილი შეუწყნარებლობა - რადიკალიზმს დააბრალეს. მიზეზი სხვა გახლდათ. საქმე იმაში იყო, რომ ლალი ჯავახიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, გივი თუმანიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია თუ სხვანი, უნდა ვაღიაროთ, იმხანად, იმჯერად, იმ დროს, 1989 წლის ზაფხულის პერიოდისათვის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები არ იყვნენ. მათი ნაწილი, ზოგნი შესანიშნავი პროფესიონალები იყვნენ, ზოგნი კარგი საზოგადო მოღვაწენი, ზოგნი ბრწყინვალე რეჟისორები, მწერლები, მუსიკოსები, მეცნიერები, გულწრფელი პატრიოტები და ა. შ., მაგრამ არა მებრძოლები, არა ისეთნი, ვისაც შეეძლო იდეისათვის საკუთარი ინტერესის გაწირვა, თავის გაწირვა, ფიზიკური საფრთხის წინაშე დგომა, დაპატიმრების, გადასახლების ფასად დამოუკიდებლობის იდეისათვის სამსახური; მიტინგებზე, მანიფესტაციებზე სირბილი, პროპაგანდა, ხალხში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში აგიტაცია და სხვა უამრავი რამ, რასაც პოლიტიკური აქტივობა, საქმიანობა და, საერთოდ, პოლიტიკური მოღვაწეობა ჰქვია.
ისინი აკადემიური პროფესიონალები, კაბინეტის მოღვაწეები იყვნენ და არა პოლიტიკური ლიდერები. მათ ყველაფერი აშინებდათ, რასაც პოლიტიკური ნონკონფორმიზმი ჰქვია და ამიტომ ისინი - ჩვენი დამსახურებული ინტელიგენცია, მით უფრო, რომ ისინი კომუნისტურ ეპოქაში მნიშვნელოვან თანამდებობრივ, პროფესიულ, საზოგადოებრივ და ქონებრივ პრივილეგიებსაც ფლობდნენ, პოლიტიკურ ლიდერებად არ გამოდგებოდნენ სამწუხაროდ. ეროვნულ მოძრაობას კი ლიდერები სჭირდებოდა და ეს როლი, ბევრი მიზეზის გამო, რადიკალებს ერგოთ. სწორედ ამიტომ სრულიად ლოგიკური გახლდათ, რომ რადიკალიზმის უარმყოფელი ინტელიგენტური ელიტა რადიკალებმაც უარყვეს, ხოლო მათი ავტორიტეტები ზოგი იძულებული გახდა ხცენიდან ჩამოსულიყო, ზოგი კი დარბაზიდან გასულიყო. აქ უკვე აღარც იმას ჰქონდა დიდი მნიშნელობა, რომ 470 უარმყოფელის წინააღმდეგ 477-მა დელეგატმა ლალი ჯავახიშვილისა და გივი თუმანიშვილის ყრილობაზე დაბრუნებას დაუჭირა მხარი, მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორმა და თქვენმა მონა-მორჩილმაც, როგორც მაშინდელი ყრილობის ერთ-ერთმა დელეგატმა.
წონააღმდეგობა კიდევ უფრო გამწვავდა სახალხო ფრონტის გამგეობის არჩევნების დროს.
23 ივნისს ზედიზედ გამგეობის წევრობის რამდენიმე კანდიდატმა აცილება მისცა თავის თავს. რეზო ჩხეიძემ გულისტკენა გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოება "დამსახურებულ მოღვაწეებს” პატივს არ სცემს, ისეთებს, როგორნიც მამარდაშვილი და ჯავახიშვილი არიან. გარდა ამისა, გამგეობის წესდებაში იგი მთელ რიგ პუნქტებს არ ეთანხმებოდა და ამიტომ ამ მოვალეობის შემსრულებლადაც არ გამოდგებოდა.
მერაბ მამარდაშვილმაც აცილება მისცა თავს და ისეთი რამ განაცხადა, რაც სრულიად ამართლებდა მის უარს - მე ფილოსოფოსი ვარ და არა პოლიტიკოსიო. უფრო პრაქტიკული მიზეზი აღმოაჩნდა მერაბ კოკოჩაშვილს: მანაც უარი თქვა გამგეობის წევრობაზე, ფილმს ვიღებ და ამ მოვალეობას ვეღარ შევასრულებო. დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა ელდარ შენგელაიას კანდიდატურის გამო, რომელიც იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა სხდომაზე და მისი პოზიციაც წესიერად არავინ იცოდა. საღამოს სხდომაზე ფილარმონიის სცენაზე ათეულობით დელეგატი ავიდა, ისინი ყვირილით ასახელებდნენ თუ ხმას აძლევდნენ თავიანთ კანდიდატებს. ბოლოს გადაწყვიტეს, ხმის მიცემა ფურცლების გაგზავნის საშუალებით მომხდარიყო. ამანაც დიდად არ უშველა წესრიგს.
ამასობაში გრძელდებოდა გამგეობის წევრობაზე თავის აცილების პროცესი, განზრახ თუ უნებურად. უარი თქვეს:: იზა ორჯონიკიძემ, გია ჟორჟოლიანმა, ნოდარ გრიგალაშვილმა... რეზო ჩხეიძემ კვლავ ლალი ჯავახიშვილის წასვლა გაიხსენა - კეთილმა ხელმა დატოვა დარბაზიო, წევრობაზე უარის თქმა კი სხვა მიზეზით ახსნა - კინოში გავაკეთებ საქმეს, "დავით აღმაშენებელს” გადავიღებო. რეჟისორს არც ეს უარი აპატიეს, ვინმე ქალბატონმა დარბაზიდან შესძახა - "ბატონო რეზო, ომში არ ეძახიან, ომში თავად მიდიან”.
ინტელიგენციის წარმომადგენლები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. დარბაზი მათ აქტიურობის გამოვლენის დროსაც ებრძოდა და პასიურობასაც საყვედურობდა. ისინი თითქმის პირველად აღმოჩნდნენ მწვავე პოლიტიკური შეხლა-შემოხლის ეპიცენტრში და, მართალი უნდა ითქვას, არც თუ აკადემიურ ატმოსფეროს - გარიდება ამჯობინეს. მათი მდგომარეობა და საერთოდ, შექმნილი სიტუაცია შეუმცდარად შეაფასა იქ მყოფმა ცნობილმა ფსიქოლოგმა შოთა ნადირაშვილმა: ინტელიგენციას მართვა არ შეუძლია. რა ტრაგიკული მდგომარეობაა. ჩვენ საშუალო პოზიციაზე ვართ. დღეს არენიდან წავიდნენ ჩემი კოლეგები, ჩვენი წასვლა კი არ შეიძლება, ღალატის უფლება არ გვაქვს. გთხოვთ, შევიდეთ გამგეობაში, ვურჩიოთ, დავეხმაროთ ჩვენი გამოცდილებით. პარტიის აღარ გვწამს, თუმცა იქ ძალაა, მაგრამ არ გვინდა. მარცხნივ მორალია და სიმართლე, მაგრამ არ შეგვიძლია მათი გზით სიარული. შუაში ვართ, რა ვქნათ, უნდა დავდგეთ შუაში.
შოთა ნადირაშვილის გამოსვლამ ერთსულოვანი აღფრთოვანება გამოიწვია დარბაზში. მის სიტყვებში ყველა ბანაკმა დაინახა სინათლე - ინტელიგენციის მოვალეობა და ადგილი, მეტიც - გამოსავალი. ეტყობა, მონაწილეთა უმრავლესობამ გაიაზრა, რომ თუ ქართული ინტელიგენციის ელიტა სახალხო ფრონტს ან მის გამგეობას მიატოვებდა, თვით ეს ორგანიზაცია დაკარგავდა თავის ფუნქციას. ასეთ შემთხვევაში სახალხო ფრონტში მხოლოდ რადიკალები დარჩებოდნენ, რომლებსაც თავიანთი ორგანიზაციები უკვე ჰქონდათ შექმნილი და მხოლოდ რადიკალური სახალხო ფრონტი არაფრად სჭირდებოდათ. მათ სჭირდებოდათ მასობრივი პატრიოტულ-ცენტრისტული ორგანიზაცია, რომელზედაც ზეგავლენას მოახდენდნენ და ეროვნულ მოძრაობაში ჩააბამდნენ. ამიტომ იყო, რომ 24 ივნისს თვით ზვიად გამსახურდია შეშფოთებული მიმართავდა სახალხო ფრონტის მესვეურებს - გეხვეწებით, შექმენით ორგანიზაცია, მიიღეთ იურიდიული სტატუსი.
მას უკვე ყრილობის ჩაშლის თუ ფრონტის შეუქმნელობის პერსპექტივა აწუხებდა, რაც პირველ რიგში, ზომიერი ინტელიგენციისა და რადიკალების მოურიგებლობას, კონფრონტაციას ნიშნავდა. ყრილობაზე არსებულმა დაპირისპირებამ ბალტიისპირელი სტუმრები ისე სერიოზულად და გულწრფელად შეაწუხა, რომ ახალგაზრდა ლატვიელი ქალი ინგუნა ედელე თითქმის ტირილით მიმართავდა დარბაზს - გთხოვთ, გეხვეწებით, გაერთიანდით. რა იდეალური ხალხი ხართ. თუ თქვენ ერთიანი არ იქნებით, მომავალი არ გექნებათ. მე თქვენ გეხვეწებით, გაერთიანდით.
ლატვიელი ქალის შეშფოთებამ ერთი ძველი, ცოტათი მსგავსი ისტორია გამახსენა, რომელსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწე იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს. ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის მწვავე პოლემიკა მიმდინარეობდა. ილია თავისი სახელგანთქმული "ივერიიდან” აძრობდა ტყავს თავის თერგდალეულ ოპონენტს. არც ნიკო ნიკოლაძე რჩებოდა ვალში და თავისი პოპულარული ყოველდღიური რუსულენოვან გაზეთ "ობზორიდან” ეპასუხებოდა. ერთხელაც ილიას ნიკოლაძის პასუხიდან რაღაც არ მოეწონა, პირადი ღირსების ხელყოფად მიიჩნია და ნიკო ნიკოლაძე დუელში გამოიწვია.
ყველაფერი კლასიკური დუელის წესებით წარიმართა. დუელიანტებმა სეკუნდანტები დანიშნეს, სეკუნდანტებმა ადგილსა და დროზე მოილაპარაკეს და შეხვედრაც შედგა. ნიკო ნიკოლაძის სეკუნდანტი იყო რუსი პოეტი და ჟურნალისტი ნიკოლოზ სიმბორსკი. ეს კაცი ერთი სატირული ლექსისათვის რუსის არმიიდან იყო გამოძევებული, თბილისში დამკვიდრებული და გაზეთ "ობზორში” მუშაობდა. სიმბორსკის ეტყობა ქართველები უყვარდა, ბევრსა ცდილა, დუელიანტები შეერიგებინა და ხან ილიას მივარდებოდა, ხან ნიკოლაძეს, ეხვეწებოდა, შერიგდითო. ბოლოს, რომ არაფერი გამოუვიდა, სიმბორსკის "გული ამოსჯდომოდა და ქვითინი დაეწყო: ეტყობა, ეს ორი ნიჭიერი კაცი, ქართველებისათვის ერთგულნი, არ ემეტებოდა სასიკვდილოდ. ამან იმოქმედა, თუ სხვა რამ გარემოებამ, არ ვიცი, მაგრამ მაინც საქმე შერიგებით გათავდა” - დასძენს იაკობ მანსვეტაშვილი (იაკობ მანსვეტაშვილი, მოგონებები, თბ., 1985, გვ. 115).
ყრილობას დავუბრუნდეთ, სადაც ზემომოთხრობილ ამბიდან ერთი საუკუნის შემდეგ ზომიერ-ინტელიგენტებს და რადიკალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებდნენ თანამედროვე სიმბორსკები - ბალტიელები.
გაერთიანებისკენ მოწოდება, პირველ რიგში იმათ ეხებოდათ, ვინც საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით ყრილობა დატოვა. ასე ფიქრობდნენ თვით ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. შოთა ნადირაშვილმა ნათლად განმარტა ინტელიგენციის მძიმე მდგომარეობაც და მისი მძიმე მოვალეობაც. უფრო მკაცრად შეაფასა წამსვლელთა ქმედება პროფესორმა სოლომონ ხუციშვილმა, როცა ყრილობის დატოვება დეზერტირობას შეადარა და დაბრუნებისაკენ მოუწოდა მათ.
ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მართლაც დაბრუნება დაიწყეს. ჯერ თამაზ გამყრელიძე გამოჩნდა ტრიბუნაზე: "დიდ ყრილობაზე” არ გვეშინოდა - განმარტა მან, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა ჰქონდა მხედველობაში, - აქ კი შეგვეშინდა. გთხოვთ მიმიღოთ ფრონტის (თუ გამგეობის) წევრად. ერთად ვიყოთ”. შემდეგ რეზო ჩხეიძემ მიმართა ყრილობას - ერთად ვიყოთ, ვბრუნდებით, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა და ა. შ. სხვებიც დაბრუნდნენ.
24-25 ივნისს მიმდინარეობდა გამგეობის, გაზეთის რედაქტორის და სხვა სტრუქტურების არჩევნები. მართალია კიდევ ხმაურით, ყვირილით, ჩხუბით, მაგრამ მაინც ყველანაირი არჩევნების ჩატარება მოხერხდა. სახალხო ფრონტის გამგეობაში 33 წევრი აირჩიეს. მათი უმრავლესობა კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ. სხდომის თავმჯდომარესთან ვიღაცამ წერილი გაგზავნა წინადადებით: "დავარქვათ ფრონტს რეჟისორთა პროფკავშირიო”. რაღაც ამის მაგვარი მართლაც მოხდა. გამგეობაში აირჩიეს: ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, რეზო თაბუკაშვილი, რეზო ჩხეიძე, ნაირა გელაშვილი, სოლომონ ხუციშვილი, თამაზ გამყრელიძე, შოთა ნადირაშვილი, კობა იმედაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ზურაბ კიკნაძე, გურამ ყორანაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ გეგეშიძე, გია ბუღაძე - რეჟისორები, მწერლები, ხელოვნები გამგეობის უმეტესობას შეადგენდნენ.
გამგეობაში შედარებით "უჩინონიც” გაერივნენ: შალვა წიწუაშვილი - ეთნიკური ნიშნით - "ერთი ებრაელიც ავირჩიოთ”; დათო ტურაშვილი, ადა მარშანია, როსტომ ლორთქიფანიძე, როინ თაქთაქიძე, დავით ბერძენიშვილი და ბოლოს, რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ზვიადისტური მიმართულების - ნოდარ წულეისკირი, ავთანდილ იმნაძე, გურამ პეტრიაშვილი, გიორგი მარჯანიშვილი...
უკანასკნელი დებატები გაზეთის რედაქტორის არჩევნებს მიეძღვნა. აქაც რამდენიმე კანდიდატი იყო დასახელებული, მათ შორის ნაირა გელაშვილი, ლანა ღოღობერიძე და სხვები. დაასახელეს ზვიად გამსახურდიაც, რომელიც ყრილობაზე აღარ გამოჩენილა. სახალხო ფრონტის გაზეთის რედაქტორად მამუკა ფაჩუაშვილი აირჩიეს. გაზეთის პლატფორმაში ხაზი გაესვა, რომ ის ყოფილიყო "რადიკალური”, "ოპოზიციური”, რადგან სხვანაირად ფასი არ ექნებოდა და რაც მთავარია, მისი ფურცლები ყველა მიმართულებას დაეთმობოდა, რადგან გაზეთისათვის, ისე როგორც საერთოდ სახალხო ფრონტისათვის, მთავარი კონსოლიდაციის იდეა უნდა ყოფილიყო.
ყრილობის დასასრულს, განსაკუთრებით გამგეობის დაკომპლექტების შემდეგ, ერთგვარმა ეიფორიამ და საზეიმო განწყობილებამ იმატა. თითქოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. გაზეთ "თბილისის” მაშინდელმა კორესპონდენტმა თამარ ჩიქოვანმა სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარეს ნოდარ ნათაძეს ჰკითხა: "დამფუძნებელი ყრილობის პირველ დღეს ბატონმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა ყრილობას უსურვა, მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა. როგორ თვლით, შეძლო ყრილობამ თავისი მისიის შესრულება?”
ნათაძის პასუხი ასეთი გახლდათ: "ყრილობის ერთი მისია იყო, რომ ფორმალურად დავფუძნებულიყავით. ყრილობამ მიიღო წესდება, პროგრამა, აირჩია გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე, სარევიზიო კომისია, გაზეთის რედაქტორი”. კიდევ რა? "დელეგატებმა მოისმინეს საინტერესო, გონივრული მსჯელობა მწვავე თემებზე”. და კიდევ: "ასე თუ ისე, უმრავლესობა მონაწილეობდა კამათში, ალბათ, ამით ჩვენი პოლიტიკური კულტურა გაიზარდა” (გაზ. "თბილისი”, 25 ივნისი, 1989 წ.).
შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყო. ყოველ შემთხვევაში, ყრილობამ ერთი დიდი ნაკლიც გამოავლინა. უკვე გამოჩნდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთს ორი შეურიგებელი პოლიტიკური ძალა დაუპირისპირდა - რადიკალები და ელიტარული ინტელიგენცია. მართალია, ბოლოს საქმე ფორმალურად თანხმობით დამთავრდა, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ ეს თანამშრომლობა დროებითი იყო.
დასასრულს გვინდა განვმარტოთ, რომ სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობის ზემოაღწერილი მიმდინარეობა ეყრდნობა ჩვენსავე ჩანაწერებს. ყრილობაზე ბატონ გია ნიჟარაძესთან ერთად ვესწრებოდი, როგორც მაშინ არსებული ე. წ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმში შექმნილი სახალხო ფრონტის ორგანიზაციის დელეგატი. ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ყრილობის პერიპეტიებს და რამდენადაც შემეძლო ვცდილობდი, ჩანაწერების სახით აღმენუსხა ნახულ-გაგონილი, რომელსაც შემდეგ ოფიციალური წყაროებით ვამოწმებდი კიდეც. ჩანაწერების რვეულს, რომელიც 83 ხელნაწერ გვერდს მოიცავს, როგორც მაშინ ვუწოდე, ასე მივუთითებ კიდეც, როგორც წყაროს: დიმიტრი შველიძე - "ხმები”. საქართველოს სახალხო ფრონტის. I ყრილობა. 1989 წელი. 21-25 ივნისი. დელეგატის ჩანაწერები” (ხელნაწერი)
თავს ნებას მივცემ და ნაშრომის ამ თავს ისე დავამთავრებ, როგორც "დელეგატის ჩანაწერების” რვეული მთავრდება: "დასკვნა: ეს ერთიანობა, თუნდაც დროებითი, თუნდაც ილუზორული - მისასალმებელია, დიდებულია, სამაგალითოა. ეს ნაღდად უშველიდა ჩვენს ერს.
მაგრამ ეს შეუძლებელია, არ ვიცი ჩვენი ხასიათისა თუ სხვა რაიმე საერთო კანონზომიერების გამო. ხვალ ერთობა გაითიშება. ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს პირველსავე პრინციპულ საკითხში. ეს გარდაუვალია.
ამისი ხომ არ შეეშინდა ვინმე დელეგატს - მათ დაბრუნებას წიწამურისკენ მივყევართ და მე ვტოვებ ყრილობასო”.
23 ივნისის სხდომა, ისევე როგორც სხვა დღეებში, გვიან ღამით დამთავრდა, რის გამოც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციაც და მომსახურე პერსონალიც იქანცებოდნენ. ბატონმა ნოდარ ნათაძემ დარბაზს მიმართა: - მეგობრებო! სიტყვა აქვს X დეპუტატს (გვარი ვერ დავაფიქსირე - დ. შ.). ხუთ წუთში ჩაგვიქრობენ შუქს, ამიტომ ვამთავრებ დღევანდელ სხდომას. ვთხოვ, მომღერლებს მოემზადონ.
"ჩემო კარგო ქვეყანავ” უნდა ემღერათ. ეს ყოველი დღის დამამთავრებელი რიტუალი გახლდათ.
ამ დიდებულმა სიმღერამ დაასრულა 25 ივნისის სხდომაც და საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობაც. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეასრულა სახალხო ფრონტმა მასზე დაკისრებული მისია, შემდგომში განვითარებული მოვლენები გაგვცემენ პასუხს.