ისტორია - 2007-10-27 15:44
რადიკალური ბანაკის ფორმირება. მემარჯვენეთა ბანაკის წარმომადგენელ პარტიებს შორის ცალკე ფრთად უნდა გამოვყოთ რადიკალური მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციები. მთავარი მიზეზი ამგვარი გამოყოფისა რადიკალური პარტიების აქტიურობის ხარისხი და ის მნიშვნელოვანი როლია, რაც მათ 1988-1991 წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში შეასრულეს.
დეფინიციის სიზუსტისათვის უფრო მართებული იქნება ამ მიმართულების ორგანიზაციებს ეროვნულ-რადიკალური პოლიტიკური პარტიები ვუწოდოთ, რადგან თოთქმის ყველა რადიკალურ ორგანიზაციაში, დეკლარაციულად მაინც, წამყვან საპროგრამო მიზანდასახულებას ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა.
რადიკალური მიმართულების ორგანიზაციას - ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც გიორგი ჭანტურიას სახით დაასაბუთა რადიკალიზმის არამარტო საკუთარი გეგმა, არამედ მისი პრიორიტეტული ფუნქციაც - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სხვა ორგანიზაციებთან შედარებით, უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით.
1988-1991 წლების პერიოდში ფაქტიურად ეროვნულ-რადიკალურ მოძრაობას მიეკუთვნებოდა - ჰელსინკის კავშირი. მას კვლავინდებურად ხელმძღვანელობდნენ ახლა უკვე ქართული ეროვნულ-რადიკალური მოძრაობის გამორჩეული ლიდერები - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
მათვე 1988 წელს დააარსეს რადიკალური ბანაკის ერთ-ერთი უძლიერესი და წამყვანი ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება.” ორივე ამ ორგანიზაციის უპირველეს მიზანს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა წარმოადგენდა. იდენტური იყო აგრეთვე მათი დასავლური ორიენტაცია, რასაც დეკლარაციული ასახვა ჰქონდა მათ საპროგრამო დოკუმენტებში. მომავალი კავკასია მათ წარმოდგენილი ჰქონდათ, როგორც ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული სივრცე და სახელმწიფოთა ერთიანობა, რომელიც ფიქსირდებოდა როგორც "კავკასიური” სახლი თუ კონფედერაცია. უფრო კონკრეტულად ამგვარი ან მსგავსი ერთიანობის საგულვებელი კონსტრუქცია იმხანად არ საბუთდებოდა.
წმინდა ილია მართლის საზოგადოების პრიორიტეტი იყო "უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს მიწებიდან დამპყრობლის ჯარისა და ერთა ლიგის მიერ აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენისათვის”. ეს უნდა მომხდარიყო "მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის ფორმების, პროკლამაციებისა და თვითგამოცემითი ლიტერატურის გავრცელების, მიტინგების, დემონსტრაციების, მანიფესტაციების, გაფიცვებისა” და სხვა ამგვარი საშუალებებით.
რადიკალურ პარტიებს შორის ყურადღებას იქცევდა 1989 წელს ირაკლი წერეთლის თავმჯდომარეობით შექმნილი - საქართველოს დამოუკიდებლობის პარტია. საპროგრამო დოკუმენტებში გამოკვეთილად ესმებოდა ხაზი ორგანიზაციის პროდასავლურ ორიენტაციას "აშშ-ის პრიორიტეტით”. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია თავადვე მიჯნავდა საკუთარ თავს ჩვეულებრივი მემარჯვენეებისაგან და რადიკალურ ორგანიზაციად მიიჩნევდა თავს: "საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია არის ეროვნულ-პატრიოტულ ძალთა რადიკალური ნაწილის... დემოკრატიული გაერთიანება - ვკითხულობთ გაზ. "დამოუკიდებლობაში” (გაზ. "დამოუკიდებლობა”, 1990, აპრილი, N2).
მალე ირაკლი წერეთლის პარტიას გამოეყო იმავე მიზნების მქონე ჯგუფი, რომელმაც "დემოკრატების” სახელი დაუმატა საკუთარი პარტიის სახელწოდებას: "საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის (დემოკრატებისა) პარტია”. უფრო გვიან, 1989 წლის 22 ოქტომბერს შემდგარ "დემოკრატების” მეორე პლენარულ სხდომაზე "დაადგინეს”, ახალ ჯგუფს თუ ორგანიზაციას წოდებოდა "საქართველოს დემოკრატიული პარტია”. "მთავარ კომიტეტში” თავმჯდომარის ვ. მთავრიშვილის გარდა შედიოდნენ: მ. ჩახვაშვილი, გ. ზუმბაძე, ვ. ტალახაძე და თ. შარმანაშვილი. ვ. მთავრიშვილის პარტიის აქტივისტებმა ახლანდელ თავისუფლების მოედანზე მდებარე ხუთსართულიანი შენობის ოკუპირება მოახდინეს, სადაც ფუნქციონირებდა ხალხთა მეგობრობის მუზეუმი და საკუთარ ბანაკად აქციეს. "დემოკრატები” ხანგამოშვებით საკუთარ გაზეთსაც სცემდნენ, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა ეპიგრაფი: "ერი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, მოიპოვებს თავისუფლებას” (გაზ. "თავისუფლება”. საქართველოს დემოკრატიული პარტიის გაზეთი. 1989 წ. დეკემბერი, N20). ჯერჯერობით მათ "ბრძოლით” პარტიის რეზიდენცია მოიპოვეს.
სხვა პარტიების მიზანდასახულებებისაგან თითქოს განსხვავდებოდა 1989 წელს დაარსებული საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, რომელიც, ტრადიციონალისტების მსგავსად, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერის სახელმწიფოებრივ მოწყობას - მონარქიის აღდგენაში ხედავდა. სხვა პრიორიტეტები: კერძო საკუთრება მიწაზე, საპარლამენტო სისტემა, ფედერალიზმი და რაც მთავარია, პროდასავლური ორიენტაცია. თუ დღევანდელობიდან გადავავლებთ თვალს ერთ-ერთი მთავარი მონარქისტის - თ. ჟორჟოლიანის მერმინდელ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან სოლიდარობას, მაშინ საეჭვო ხდება პარტიის "ანტირუსული, პროდასავლური” ორიენტაცია.
1990 წელს გაფორმდა "მერაბ კოსტავას საზოგადოება”. ერთ ინტერვიუში "საზოგადოების” უცვლელი სახე - ექსექიმი-სტომატოლოგი ვ. ადამია თითქოს გულდაწყვეტით შენიშნავდა: "ჩვენში, კოსტაველებში, გამოცდილ ჯარისკაცებს უფრო ხედავენ, ვიდრე დაღვინებულ პოლიტიკოსებსო”. როგორი "დაღვინებული პოლიტიკოსები” იყვნენ "კოსტაველები”, ქვემოთ შევეხებით, მანამდე კი "მერაბ კოსტავას საზოგადოების” საპროგრამო პრიორიტეტები ჩამოვთვალოთ: საბაზრო ეკონომიკა, სამართლიანი პრივატიზაცია, მჭიდრო ურთიერთობა აშშ-თან, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებთან, კეთილმეზობლობა, "ფედერალური პრინციპის განხორციელება ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან და კონფედერეციულისა კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან” ("საქართველოს პოლიტიკური პარტიები, ცნობარი”. რედ. პაატა ჯავახიშვილი. მოამზადეს კონსტანტინე კანდელაკმა, ლელა ხომერიკმა და ნინო ჩუბინიძემ. თბ., 1998, გვ. 38).
"ხალხით და ხალხისათვის” - ასეთი დევიზით გამოვიდა 1990 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან გამოყოფილ-დაარსებული "საქართველოს სახალხო პარტია”. მიუხედავად გამოყოფისა, "სახალხოელების” პროგრამა ძნელად თუ განსხვავდებოდა ეროვნულ-დემოკრატების მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტებისაგან.
საერთოდ, 1988-1991 წლების ქართული პოლიტიკური სპექტრი სხვა წვრილმან პარტიებსაც მოიცავდა: ეროვნული თანხმობის ასოციაცია, კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია, პროგრესულ-დემოკრატრიული პარტია, შრომის პარტია, საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, ეროვნულ-ქრისტიანული კავშირი, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი, ივანე ჯავახიშვილის საზოგადოება, არჩილ ჯორჯაძის საზოგადოება, დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია და სხვ. მათგან ზოგი მემარცხენედ, ზოგი ცენტრისტად, ზოგიც მემარჯვენედ ან რადიკალურ პარტიად მიიჩნევდა თავს. მათი პრაქტიკული საქმიანობა ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელო გახლდათ, ხოლო საპროგრამო დოკუმენტების მიხედვით კი მათი ერთმანეთისაგან განსხვავება ან რომელიმე ბანაკისადმი მიკუთვნება ძნელია. ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ გააჩნდა ის, რასაც პარტიის პროგრამას ან წესდებას უწოდებენ და რეგისტრაციისათვის ამ აუცილებელ დოკუმენტებს საჩქაროდ, უშუალოდ რეგისტრაციის წინ დახეულ ფურცლებზე ადგენდნენ.
გათიშულობა თანამშრომლობამდე. ის თუ როგორი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებს, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იყოს ზუსტი ან ობიექტური, როცა შეისწავლება და დადგინდება მისი წინამორბედი და გამომწვევი მოვლენები, მიზეზები, ფაქტები. ჩვენი მიზანი არაა მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების დამხობის პრობლემების გადმოცემა, არც 1987 წლიდან ან უფრო ადრეც დაწყებული და აღმავალი ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის, არც 1991 წლის აპრილში გამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველოს ერთწლიან ისტორიას ვწერთ.
ჩვენი მიზანია, საქართველოში მომხდარი პოლიტიკური დაპირისპირების ხასიათის დადგენა, მისი გამომწვევი მიზეზების ახსნა და დროთა განმავლობაში წარმოქმნილი და მიმდინარე კონფრონტაციის პროცესის სისტემატური სურათის აღდგენა. იმის გარკვევაც გვსურს - ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კონფრონტაციამ გამოიწვია თუ სხვა უფრო ძლიერმა ფაქტორებმა განაპირობეს იგი. ანუ რა ხარისხისა იყო ე. წ. "სამოქალაქო დაპირისპირება”, რა ძალას წარმოადგენდა ოპოზიცია, შეეძლო თუ არა მას არსებული ხელისუფლების ჩამოგდება დამოუკიდებლად, სხვის დაუხმარებლად, თუ მან უბრალოდ სხვის მიერ წარმართულ პროცესებში მარიონეტის როლი შეასრულა და ა. შ.
ამჯერად ის გავარკვიოთ, როდის და ვის შორის დაიწყო დაპირისპირება საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში და რა ხასიათს ატარებდა იგი.
1987 წლის 31 ოქტომბერს თბილისში შეიქმნა პირველი არაფორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება”. ასე უწოდებდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის რიგ რესპუბლიკებში ჩამოყალიბებულ პირველ პოსტდისიდენტურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. სახელმწიფო ამგვარ ორგანიზაციებს რეგისტრაციაში არ ატარებდა, მაგრამ არც მათ საქმიანობას კრძალავდა.
"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” გამგეობაში თავდაპირველად აირჩიეს 9 პირი: ციალა არდაშელია, მერაბ კოსტავა, გ. მამულია, ელისაბედ ქავთარაძე, მიხეილ ქურდიანი, თამარ ჩხეიძე, ირ. წერეთელი, გ. ჭანტურია, ი. ხუხუნაიშვილი. აღნიშნული შემადგენლობა 1987 წლის 11 დეკემბერს შემდგარმა საზოგადოების დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა. ეს იმით არის საინტერესო, რომ სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ მასში მხოლოდ ერთი წევრიღა (თ. ჩხეიძე) შემორჩა პირვანდელ გამგეობას. დანარჩენი რვა წევრიდან ექვსმა სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები დააარსა ან ამგვარ პროცესში მიიღო მონაწილეობა. ერთი - გ. მამულია გარიცხეს გამგეობიდან. მხოლოდ ერთადერთმა წევრმა მერაბ კოსტავამ დატოვა გამგეობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის - მოულოდნელი სიკვდილის გამო.
ეს გარემოება "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თანდაყოლილ იდეურ და პიროვნულ-ფსიქოლოგიურ სიჭრელესა და არაერთგვაროვნებაზე მიუთითებს. უკვე 1988 წლის 8 მარტს საზოგადოების გამგეობა და შემდგომ საზოგადოებაც ორმა მისმა წევრმა - გ. ჭანტურიამ და ი. ხუხუნაიშვილმა დატოვეს. ამ გარემოების გამო 13 მარტს საზოგადოების საგანგებო საერთო კრებამ ახალი გამგეობა აირჩია. მასში ჯერ ათი წევრი შედიოდა: ციალა არდაშელია, ავთანდილ იმნაძე, ჯუმბერ კოპალიანი, გაიოზ კორძაძე, მერაბ კოსტავა, გ. მამულია, მიხეილ ქურდიანი, თამარ ჩხეიძე და ირ. წერეთელი. ცოტა მოგვიანებით გამგეობაში ზურაბ ჭავჭავაძე მიიღეს.
საზოგადოებიდან გასულმა წევრებმა ახლო ხანებში ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნეს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტში არაფერი იყო უჩვეულო. სხვა გარემოება გახლდათ ყურადსაღები - ახალშექმნილ ორგანიზაციას ინიციატორებმა თავისივე დაწუნებულ-მიტოვებული ორგანიზაციის სახელი უწოდეს ოდნავი სახეცვლილებით - "ილია ჭავჭავაძის საზოგადოები - IV დასი”. სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის გარიჟრაჟზე მომხდარ ერთ-ერთ პირველ განხეთქილებად და კითხვასაც სვამს: "მაინც რა იყო განხეთქილების მიზეზი?” მისივე აზრით, და ჩვენც ვეთანხმებით ავტორს, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო "უბრალო გაბრაზების ან გაღიზიანების შედეგი”. ცოტა მოგვიანებით ავტორი ასევე მართებულად მიუთითებს, მომხდარი გათიშვა "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საზოგადოებიდან გასული პირები კვლავ აქტიურად ებმებიან ეროვნულ მოძრაობაში და უკვე რამდენიმე დღეში ქმნიან ჯგუფს ისევ და ისევ "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” სახელით (ვახტანგ ძაბირაძე. ეროვნული მოძრაობის შუქ-ჩრდილები. თბ., 2007, გვ. 19).
ეს რაც შეეხება 1988 წლის გაზაფხულზე მომხდარ პირველ გათიშვას ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” ფარგლებში მოხდა და "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - IV დასის” დაარსებით დასრულდა.
მაგრამ ვახტანგ ძაბირაძე სანამ ამ მოვლენას შეეხება, მანამდე კიდევ ერთ საყურადღებო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. იგი მიუთითებს, რომ "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” არც დაარსებაში, არც დეკლარაციის შემუშავებაში, არც საზოგადოებისა თუ გამგეობის წევრთა შორის და არც საზოგადოების მიერ ჩატარებულ აქციებში არ ფიგურირებდა ზვიად გამსახურდიას სახელი. "არ ვიცი რატომ არ მიიღო მონაწილეობა საზოგადოების დაფუძნებაში ზვიად გამსახურდიამ - არ იცოდა საზოგადოების დაფუძნების შესახებ... თუ სხვა რამ მიზეზი არსებობდა”.
დავუჯეროთ ავტორს, რომ იგი გულწრფელად სვამს ამ კითხვას, თუმცა თუ აღნიშნული საკითხი აინტერესებდა, მით უფრო წიგნის წერის დროს, ადვილად შეეძლო გაერკვია "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” გამგეობის ყოფილი წევრებისაგან, რომლებსაც წლების განმავლობაში მრავალჯერ ხვდებოდა და რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა. ამგვარი საკითხის გაურკვევლობა და მისით დაუინტერესებლობა მით უფრო უცნაურად მოსჩანს ავტორისაგან, რომელსაც ზვიად გამსახურდიას არყოფნა ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატორთა შორის ფრიად მნიშვნელოვან გარემოებად მიაჩნია და წერს კიდეც: "ვფიქრობ, რომ ჩვენი ერის უახლესი ისტორიისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალია” (ვ. ძაბირაძე. დასახ. ნაშრ., გვ. 84). ეტყობა ამ საკითხის გარკვევა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა შეგნებულად დააკისრა ისტორიკოსებს.
ნამდვილად "მნიშვნელოვანი დეტალია”. ადვილი შესაძლებელია აქვე, ამ დროს, 1987 წლის მიწურულში ჩაეყარა საფუძველი პირველად ან საბოლოოდ იმ მწვავე კონფრონტაციას, რაც ჭავჭავაძის საზოგადოებასა და გამსახურდიას შორის არსებობდა მომავალი წლების მანძილზე. ამ კონფრონტაციამ უაღრესად უარყოფითი როლი ითამაშა ზოგადად ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერებისა და კულტურის ფორმირების პროცესზე, ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის ჯანსაღი ევოლუციის შესაძლებლობაზე.
ის რომ დაპირისპირების ჩასახვის დრო და გარემოებები სწორედ ამ პერიოდში უნდა ვეძებოთ, გიორგი წიქარიშვილის ცნობაც გვიდასტურებს. მისი ინფორმაციით, "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” დამფუძნებლებმა თამრიკო ჩხეიძემ, ზურაბ ჭავჭავაძემ და გ. მამულიამ "მოიწვიეს ყველა დისიდენტი ზვიად გამსახურდიას გარდა”. აქვე შევნიშნოთ ბარემ, გადაჭარბება თუ უზუსტობა: ზემოაღნიშნულ პირებს "ყველა დისიდენტი” არ მოუწვევიათ. გავიხსენოთ, ერთ-ერთი დისიდენტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ამ დროისათვის გადასახლება-პატიმრობიდან რამდენიმე თვის დაბრუნებული გახლდათ სამშობლოში, თავად წერს, არც საზოგადოების, არც გამგეობის წევრი არ ვყოფილვარო და არც მის პირვანდელ საინიციატივო სხდომებს ვესწრებოდიო. პირველად ვახტანგ ძაბირაძე "ჭავჭავაძელთა” შორის დიდუბის პანთეონის აქციაზე გამოჩნდა და ისიც თავისი ინიციატივით.
მაგრამ ეს უზუსტობა საქმის არსს და გიორგი წიქარიშვილის ინფორმაციის რეალობას არ ცვლის. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამჯერად მაინც, ვის დაუძახეს და არ დაუძახეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დაარსების ინიციატორებმა. მთავარი ისაა, მათ მიერ მიწვეულთა შორის ნამდვილად არ იყო ზვიად გამსახურდია. გიორგი წიქარიშვილი მიუწვევლობის მიზეზსაც გვისახელებს: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” დამფუძნებელთათვის გამსახურდიას პიროვნება მიუღებელი იყო. ცნობილი მონანიების შემდეგ იგი საბოლოოდ დისკრედიტირებული ეგონათ. ბუნებრივია, ამ ფაქტმა გამსახურდია საშინლად გაანაწყენა” (გიორგი წიქარიშვილი. ჟამი ჭეშმარიტი. დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა. თბილისი, 2003, გვ. 15).
ფაქტი დასამახსოვრებელიცაა და გასათვალისწინებელიც. ზვიად გამსახურდიას ამ პირველ და დემონსტრაციულ უგულებელყოფას თუ განაპირებას უშუალო შედეგი არ მოჰყოლია. მაინც, ის უნდა აღვიქვათ, როგორც "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” მესვეურ-ინიციატორთა მიერ ზვიად გამსახურდიას, როგორც ეროვნულ-პოლიტიკური ფიგურის იზოლირებისაკენ მიმართული ქმედება. ამავდროულად, ეს იყო პრეტენზია ეროვნულ-პოლიტიკური მეთაურობა-წინამძღოლობაზეც, ზვიად გამსახურდიას გარეშე.
ამ ურთიერთუხერხულ წინააღმდეგობის გამჟღავნებას ან მის ოფიციალურად განცხადებას ორივე მხარე ჯერჯერობით მაინც ერიდებოდა. ზვიად გამსახურდიას იზოლირება შემდგომ თვეებშიც გრძელდებოდა. 1987 წლის დეკემბრის ბოლოს "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” ინიციატივით მოეწყო აქცია დიდუბის პანთეონში - მიძღვნილი რეპრესირებულ პატრიოტთა ხსოვნისადმი. მიუხედავად მონაწილეთა მცირერიცხოვნებისა, აქცია მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ იმჟამინდელი საქართველოს რეალობისათვის. მასში მონაწილეობდნენ მერმინდელი "მოძრაობის” სახეები: ირ. წერეთელი, გ. ჭანტურია, ირაკლი შენგელაია, მერაბ კოსტავა, გ. მამულია, ავთო იმნაძე, საკუთარი სურვილით მისული ვახტანგ ძაბირაძე - სულ რამდენიმე ათეული კაცი.
მიუხედავად მონაწილეთა სიმცირისა, აღნიშნულმა აქციამ სათავე დაუდო შემდგომში პერმანენტულად გადაქცეულ მიტინგებს, დემონსტრაციებს, შიმშილობებს, პიკეტებს და მსგავს პროტესტებს. დისიდენტური მოღვაწეობის ჩარჩოებში მოქცეული ეროვნული მიზანსწრაფვა პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზარდა და როგორც იტყვიან - ქუჩაში გამოვიდა. ალბათ ამგვარი ტრანსფორმაცია ჰქონდა მხედველობაში გ. ჭანტურიას, როცა დიდუბის პანთეონში შემდგარი ზემოაღნიშნული აქციის ბოლოს თანამონაწილეებს შესძახა: "მეგობრებო, რაც მოხდა, ჩვენი გამარჯვებაა! გაუმარჯოს ჩვენ საქმეს!!!” (გ. წიქარიშვილი. დასახ. ნაშრ., იქვე). ზ. გამსახურდია არც ამ აქციაში მონაწილეობდა.
ცხადია, ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობისაგან მისი ნეიტრალიზაციისა თუ იზოლირების პერპექტივას ვერ შეურიგდებოდა, მით უფრო, როცა ამისი ცდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ნაწილისაგან მომდინარეობდა.
ყოველ შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, რომელმაც არ აპატია ზვიად გამსახურდიას მისი ცნობილი "აღიარება და მონანიება”. შემდგომში თამარ ჩხეიძე ადასტურებდა, რომ მასსა და გამსახურდიას შორის უკვე 80-იან წლებში იყო "სამი ძირითადი საკითხი, რის გამოც გამუდმებით კამათობდნენ”. აქედან ერთ-ერთი გახლდათ ის, რომ გამსახურდია "თავის მონანიებას ღირსეულ საქციელად თვლიდა და სხვებისაგან მოითხოვდა მისთვის ეს დაედასტურებინათ” (გაზ. "შანსი”. 1992 წ. 20 თებერვალი. ინტერვიუ თ. ჩხეიძესთან. "მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?”).
თამარ ჩხეიძე კიდევ ორ საკამათო საკითხს ასახელებდა, რის გამოც არ ეთანხმებოდა გამსახურდიას. "იგი ლანძღავდა დასავლეთის დემოკრატიას და აქებდა თეოკრატიულ მონარქიას” და "გარშემო ყველას სუკის აგენტად ნათლავდა”. ორივე ამ საკითხსაც სხვა დროს შევეხებით. აქ უბრალოდ დავაფიქსირებთ, რომ თ. ჩხეიძეს და ჭავჭავაძის საზოგადოების ზოგიერთ სხვა ლიდერს უკვე 80-იანი წლების მანძილზე ჰქონდათ ან ფიქრობდნენ, რომ ჰქონდათ სრულიად განსხვავებული და შეურიგებელი პოზიცია რამდენიმე ისეთ საკითხში, რომელიც უკვე ამ დროს გამორიცხავდა მათ თანამშრომლობას გამსახურდიასთან. აღნიშნული კონფრონტაციული საკითხები იყო ერთის მხრივ იდეური (დასავლეთთან დამოკიდებულება) და მეორეს მხრივ - ტაქტიკური (მონანიებისა და აგენტობის სხვადასხვაგვარი გაგება).
"ჭავჭავაძისტებსა” და გამსახურდიას შორის იმთავითვე არსებული ანტიპათია განაპირობა და შემდგომში კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოების კიდევ ერთი დამაარსებლის - გ. მამულიას შეურიგებლობამ გამსახურდიას პიროვნებისადმი. თუ ვინ გახლდათ მტყუან-მართალი ამ ორ პიროვნებას შორის, შემდგომში უფრო გამოიკვეთა. ახლა კი ისღა შეგვიძლია აღვნიშნოთ, გამსახურდიას და ჭავჭავაძისტებს შორის უკვე 1987 წლის გვიან შემოდგომაზე - "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” შექმნის პერიოდშივე - არსებობდა წინააღმდეგობა, რამაც მათი თანამშრომლობა საწყის ეტაპზევე გამორიცხა.
დავუბრუნდეთ ზემოაღნიშნულ განხეთქილებას ჭავჭავაძისტებსა და ამ საზოგადოებიდან გასულ ჭანტურიას შორის, რომელმაც ი. ხუხუნაიშვილთან ერთად შექმნა ახალი თუ იგივე საზოგადოების სახელწოდების ალტერნატიული ორგანიზacia - "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - IV დასი”. მომხდარი გათიშვა ძველმა ჭავჭავაძისტებმა არ განმარტეს. სამაგიეროდ, გათიშვის მიზეზების დასადგენად გამოგვადგება გ. ჭანტურიას მიერ ჟურნალ "მოამბეში” გამოქვეყნებული წერილი "ახალი ძალა”. ცხადია, მარჩიელობა არ ღირს: ახალ ძალაში "IV დასი” იგულისხმება. წერილში გ. ჭანტურია აყალიბებს რამდენიმე მსოფლმხედველობრივ პოზიციას, თეზისს. სწორედ ამ თეზისებში თუ პოზიციებში იდო ის განსხვავება, რომელიც არსებობდა ძველ ჭავჭავაძისტებსა და ახალ ჭავჭავაძისტ - IV დასელებს, ე. ი. გ. ჭანტურიას მომხრეებს შორის.
მეოთხე დასელი ჭავჭავაძისტებისათვის ეროვნული ინტერესი იყო პირველხარისხოვანი პოსტულატი, ხოლო სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანი, რომელიც უნდა შეწირვოდა მთავარს. ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად ჭანტურია მაკიაველის სახელს მიმართავდა და ამონარიდი მოჰყავდა იტალიელი მოაზროვნის ნაწერებიდან: "როცა საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, - წერდა მაკიაველი - ჩვენი ქმედება არ უნდა შევაფასოთ, სამართლიანი თუ უსამართლო, საქებარია თუ საძრახისი, არამედ ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არაფერს და მივიღოთ მხოლოდ სამშობლოს ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება”.
აქ ჭანტურია თითქოს გრძნობს, მაკიაველის მთავარი დოქტრინის გაზიარების შემთხვევაში, ზნეობრივი ნორმების უარყოფაში არ დასდებოდა ბრალი და თავს იზღვევს, ჩვენ "უზნეობის აპოლოგიას” არ ვეწევითო. მაგრამ იქვე ავტორი სტრატეგიული ხასიათის თეზისს აყალიბებს: "თეთრხელება” და ყბედ ადამიანებს არავითარი კარგი არ გაუკეთებიათ ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით ბევრი რამ წაუხდენიათო”. საილუსტრაციოდ გ. ჭანტურიას მოჰყავს 1918-1921 წლების ქართველი "პოლიტიკოსების” მაგალითი. ჩანს, როცა ამ სიტყვებს წერდა, გ. ჭანტურიას პირველი ქართული რესპუბლიკის მესვეურებზე მეტის გაკეთების პრეტენზია ჰქონდა.
"თეთრხელება” და ყბედი ადამიანების უნიათობას ჭანტურია უპირისპირებს "პერმანენტული, ყოველდღიური ბრძოლის” საჭიროებას. სწორედ ამგვარი ბრძოლის შემძლებელია "ახალი ძალა”, რომელიც "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - IV დასის” სახით გამოვიდა ასპარეზზე. ახალი ძალა "არ ელოდება მომენტსა და კონკრეტულ სიტუაციას, ის თავად იბრძვის ამ სიტუაციის შესაქმნელად, იბრძვის ყოველდღე, მთელი ძალ-ღონით და ენერგიით”.
ჭანტურია არ ასახელებდა, მაგრამ გულისხმობდა ძველი ჭავჭავაძის საზოგადოებას, მის ზომიერ ტაქტიკას და ემიჯნებოდა მას. სახეზე იყო ორ ეროვნულ-პოლიტიკურ ძალას შორის არსებული იდეური და სტრატეგიულ-ტაქტიკური ხასიათის განსხვავება - განსხვავება რადიკალებსა და ზომიერებს შორის.
შემდგომში გ. ჭანტურიამ კიდევ უფრო გააღრმავა განსხვავება ზომიერებისაგან და გააიდეალა რადიკალიზმი, რომელიც მისი აზრით ახალგაზრდებისათვის დამახასიათებელი ნიშანი იყო და რომ სწორედ ახალგაზრდობას უნდა ეთამაშა ხალხის "ბელადის” როლი. აქ ავტორი მორალურ, ფსიქოლოგიურ ახალგაზრდობას გულისხმობდა და არა ასაკობრივს. იგი გულისხმობდა ახალგაზრდობის მაძინისეულ გაგებას და მოჰყავდა ამონარიდი იტალიელი მოღვაწის ნაწერიდან: "უმჯობესია, თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგან ბედისწერა ქალია და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს”.
ეს სიტყვები XIX საუკუნის შუახანებში იწერებოდა, როცა იტალიელი პატრიოტ-რადიკალი ფარულ ორგანიზაციას - "ახალგაზრდა იტალიას” ქმნიდა და აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდა 1830-იან, 40-იან, 50-იან წლებში. ჯუზეპე მაძინი (1805-1872) იტალიის თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი გახლდათ, მაგრამ რამდენად იყო საუკუნენახევრის წინანდელი მრავალრიცხოვანი იტალიელების ავსტრიელთა წინააღმდეგ წარმოებული ტაქტიკა მისაღები 1980-იანი წლების ქართული ეროვნული მოძრაობისათვის, რომელიც რუსეთის იმპერიას უპირისპირდებოდა, საკამათო გახლდათ.
ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამჯერად ძველ და ახალ მეოთხე დასელ ჭავჭავაძისტებს შორის მომხდარი გათიშვის მიზეზები გვაინტერესებს. ეს მიზეზები, გარეგნულად მაინც, იდეოლოგიური და სტრატეგიული ხასიათის გახლდათ. ჭანტურიასათვის მიუღებელი აღმოჩნდა "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში” მყოფი კონტიგენტის ზომიერი, ფრთხილი, სიტუაციის მომლოდინე სტრატეგია, რაც, მისი აზრით, "უნიათობის” ტოლფასი იყო და საბოლოო ჯამში, ერისათვის "არავითარი კარგი” არ მოჰქონდა. "მეოთხე დასელი” ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით ასპარეზზე მოვლენილი "ახალი ძალის” სტრატეგია გახლდათ მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასთან, შეურიგებელი, ყოველდღიური ბრძოლა და ბრძოლის საშუალებათა ერთი მიზნისადმი დაქვემდებარება. გ. ჭანტურიამ მაკიაველისა და მაძინის ნააზრევის ორიოდე ამონარიდიდან რელიეფურად ჩამოაყალიბა ახალი არაფორმალური ორგანიზაციის რადიკალური განაცხადი და სახე.
ასეა თუ ისე, ერთ-ერთი პირველი განხეთქილება ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ ბანაკში სწორედ მაშინ მოხდა, როცა მოძრაობა აღმავლობას იწყებდა. ზომიერი მიმართულების ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას გამოეყვნენ რადიკალური მიმართულების წარმომადგენლები გ. ჭანტურია და ი. ხუხუნაიშვილი. მათ შექმნეს "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - IV დასი”. მანამდე კი, ჭავჭავაძისტები თავიდანვე გაემიჯნენ ზ. გამსახურდიას.
რადიკალური ჯგუფების გამოყოფა ჭავჭავაძის საზოგადოებიდან ამით არ დამთავრებულა. 1989 წლის პირველ ნახევარში საკუთარ პარტიას აარსებს ქართული პატრიოტული რადიკალიზმის ერთ-ერთი ტიპიური წარმომადგენელი ირაკლი წერეთელი. იგი 22 წლისა იყო, როცა ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისათვის დააპატიმრეს 1983 წელს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში ირ. წერეთელს ლიტერატურულ-კულტურული სექცია ებარა. ეტყობა, ვერც იგი დააკმაყოფილა ჭავჭავაძისტების ინტელიგენტურ-პროტესტანტულმა საქმიანობამ და ახალი პარტიის ორგანიზება გადაწყვიტა, რომლის სახელწოდებაც მიუკიბ-მოუკიბავად გამოხატავდა მთავარ მიზანს - საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია.
ახალ პარტიას და მის ლიდერს ბრძოლის მეთოდებიც პირდაპირი და მიუკიბ-მოუკიბავი ჰქონდა. 1989 წლის აგვისტოში პარტიის წევრებმა "უვადო შიმშილობა” გამოაცხადეს, რომელიც, გარკვეულვადიანი აღმოჩნდა და 92-ე დღეზე შეწყდა. შიმშილობის მიზეზ-მიზანი "საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა” გახლდათ. პარტიის სამოქმედო პროგრამის "ა” პუნქტი მოითხოვდა "საქართველოს ტერიტორიიდან სსრ კავშირის საოკუპაციო ჯარების გაყვანას სრული შემადგენლობით”, ხოლო "ბ” პუნქტი - "საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი წესწყობილების გაუქმებას და ქართველი ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლების დამყარებას” (გაზ. "დამოუკიდებლობა”. 1990, N2. 20 აპრილი). წესდებაში "დამოუკიდებლები” თავად განმარტავდნენ საკუთარი პარტიის რაობას: "საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია არის ეროვნულ-პატრიოტულ ძალთა რადიკალური ნაწილის... დემოკრატიული გაერთიანება”.
დამოუკიდებლობის პარტიის შექმნის ინიციატორები იყვნენ ირ. წერეთლის გარდა თემურ სუმბათაშვილი, ვ. ხომერიკი, მ. შარაშენიძე, ზ. აბრამიშვილი, გ. ჯინჭარაძე, ვ. მთავრიშვილი. უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ შემთხვევაში ჭავჭავაძისტების საზოგადოებისაგან გამოყოფას და დამოუკიდებლობის პარტიის დაარსებასაც უფრო იდეურ-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა.
1989 წლის მაისისათვის ეროვნულ მოძრაობაში უკვე არსებობენ მწვავედ ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფები, მათ შორის, არაფორმალური ორგანიზაციები. უკვე ამ დროისათვის "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” გამიჯნულია რადიკალური ბანაკისაგან. "საზოგადოება” აკრიტიკებს მათ პოზოციას რიგ საკითხებში. მაგ., ბრძოლის "ლიტვური გზის უარყოფის გამო” ან "თურქ მესხთა” ჩამოსახლების პრობლემასთან დაკავშირებით. იგი აღიარებს, რომ ამ დროისათვის არსებობდნენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან "მტრულად განწყობილი დაჯგუფებები” (გაზ. "ივერია”. 1989, 21. VI).
სრული გამიჯვნა და ურთიერთდაპირისპირება "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა” და რადიკალერ ჯგუფებს შორის 1989 წლის აპრილის მოვლენების დროს მოხდა. როგორც ცნობილია 4 აპრილს მთავრობის სახლის წინ სწორედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ წამოიწყო აქცია, ან როგორც თავად ამბობდნენ, "უვადო მჯდომარე მანიფესტაცია და საყოველთაო-სახალხო გაფიცვა”. აქციის მიზანი გახლდათ "აფხაზეთის პრობლემის მოგვარება”. მაგრამ 6 აპრილიდან "სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ” ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ ინიცირებული აქცია "გადაიზარდა იმჟამად სრულიად უპერსპექტივო "საქართველოს სსრკ-დან გამოყოფის) მოთხოვნაში”. 18 ივლისს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთმა "ივერიამ” რადიკალური დაჯგუფებები მთელ რიგ მცდარ ნაბიჯებში დაადანაშაულა. კერძოდ, "საზოგადოების” აზრით:
1. "9 აპრილის ტრაგედია ნაწილობრივ ქართული ეროვნული მოძრაობის მოუქნელობის და პოლიტიკური სიბეცის შედეგიც იყო”;
2. შეცდომა იყო "ქართული ეროვნული მოძრაობის” მიერ 6 აპრილის ან 6 აპრილიდან მიმდინარე აქციაზე აფხაზეთის საკითხის მოხსნა და სსრკ-დან საქართველოს გამოყოფის მოთხოვნის წამოყენება, რაც თავისთავად "იმჟამად სრულიად უპერსპექტივო მოთხოვნას” წარმოადგენდა.
შემდგომში ურთიერთდაპირისპირების ხარისხი იზრდება და პარალელურად მატულობს ურთიერთბრალდებების რაოდენობაც. ჯერ ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს შევეხოთ. 1989 წლის ივლისში წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ინიციატივით ჩატარდა აქციები სსრკ-დან საქართველოს გამოყოფის მოთხოვნით. ჭავჭავაძის საზოგადოება აკრიტიკებს აქციის მომწყობებს, ჯერ ერთი იმის გამო, რომ აპრილის მოვლენებს და შემდეგ ქვემო ქართლსა და აფხაზეთში არსებული დაძაბულობის გამო, არაფორმალურ გაერთიანებათა უმრავლესობა გაფიცვების მოწყობის წინააღმდეგი იყო.
მეორე მთავარი მიზეზი კი ეროვნული მოძრაობის ერთი ნაწილის მიერ "პოლიტიკური რეალიზმის” უქონლობა გახლდათ. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აზრით, გაფიცვას ყოველთვის უნდა ჰქონოდა "კონკრეტული და რეალური მოთხოვნა”, რომლის შესრულება მთავრობაზე დაწოლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგით, რასაც ზემოაღნიშნული ჯგუფები მოითხოვდნენ, გაფიცვის ან მიტინგის მოწყობა ჭავჭავაძისტების აზრით, "სრულიად გაუმართლებელია”, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლო, ხოლო კრემლი ამას "არ დაუშვებდა”. დამოუკიდებლობის მოპოვება ყველა ოპიზიციური ჯგუფის საბოლოო მიზანი გახლდათ და ამ "საბოლოო მიზნის” წამოყენება გაფიცვის დაუყოვნებლივ მოთხოვნად შეიძლება იმპერიასთან ფიზიკური შეტაკებით და სისხლიანი კატასტროფით დასრულებულიყო” - წერდა ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თ. ჩხეიძე.
მისი აზრითვე, "ამჟამად მიმდინარეობდა იმპერიის რღვევის პროცესი”, რის გამოც "სისხლისღვრების შესაძლებლობა” არსებობდა. სწორედ ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა და "პოლიტიკური რეალიზმი” გახლდათ საჭირო. თ. ჩხეიძე მართებულად აღნიშნავდა, რომ რუსეთის იმპერიას სურდა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაეხშო საქართველოსი ეროვნული მოძრაობა და მათთვის საბაბი არ უნდა მიეცათ. ამჯერად "ქართველმა ერმა” გამოიჩინა "პოლიტიკური რეალიზმი” და აქციები მცირერიცხოვანი და ხანმოკლე აღმოჩნდა - დაასკვნიდა ავტორი წერილისა "გაფიცვები და პოლიტიკური რეალიზმი” (გაზ. "ივერია”, 1989 წ. 12 აგვისტო, N12).
თ. ჩხეიძემ დამოუკიდებლობის მიზნით ბრძოლის ზომიერი სტრატეგია წამოაყენა და პოლიტიკური რეალიზმისაკენ მოუწოდა ეროვნულ მოძრაობას. მისი წერილი და სხვა საგაზეთო გამოსვლები უკვე მწვავე მინიშნებებსაც შეიცავდნენ. გაისმა მისივე გაფრთხილება, რომ "მოახლოებული განთავისუფლების” ნაცვლად ყველაფერი შეიძლება "ნეობოლშევიზმის ბატონობით” დამთავრებულიყო. ზემოაღნიშნულ წერილში ეს ტერმინი ახსნილი არ გახლდათ, არც ნეობოლშევიკები იყვნენ კონკრეტულად დასახელებულნი, მაგრამ მკითხველისათვის ცხადი იყო ამ ტერმინის ადრესატები - რადიკალები, გამსახურდია, წერეთელი, ჭანტურია და სხვ. თუ რადიკალები "მოღალატის”, "სუკის აგენტების” პრიმიტიული იარლიყებით კმაყოფილდებოდნენ, ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი თავის ოპონენტებს პოლიტიკური ტერმინით და მასში ნაგულისხმები მძიმე ბრალდებით გაუმასპინძლდა, ხოლო ქართველი საზოგადოება ასეთივე პერსპექტივით გააფრთხილა.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა და ოპოზიციურ-რადიკალური მოძრაობის რამენაირ ორგანიზაციულ თუ იდეურ კავშირს, კონტაქტს თუ ურთიერთთანადგომას 1989 წლის ოქტომბერში საბოლოოდ დაესვა წერტილი. ამ თვის 29-ში დაფიქსირდა მთელი რიგი ოპოზიციური ძალების გაერთიანება "ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში”. 30 ოქტომბერს ჭავჭავაძის საზოგადოებამ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული "კომიტეტის” წევრი გამხდარიყო, მაგრამ შესაბამის განცხადებაზე უარი მიიღო. იგივე განმეორდა 31 ოქტომბერსაც. იმ მიზეზით, რომ ჭავჭავაძის საზოგადოებას განსხვავებული პოზიცია გააჩნდა "კომიტეტისაგან”, მომავალ უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და არ იზიარებდა ბოიკოტის იდეას. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას” უარი ეთქვა "ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში” შესვლა-გაერთიანებაზე.
"ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში” გაერთიანდნენ: 1. საქართველოს ჰელსინკის კავშირი, 2. წმონდა ილია მართლის საზოგადოება, 3. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, 4. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, 5. ეროვნული სამართლიანობის პარტია, 6. მონარქისტული პარტია, 7. საქართველოს დემოკრატიული პარტია, 8. ქრისტიან-დემოკრატიული ასოციაცია, 9. საქართველოს ღირსების კავშირი.
თავიანთ "ერთობლივ კომუნიკეში” საქართველოს "ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციები” აცხადებდნენ, რომ "ამიერიდან იწყებდნენ ერთიან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ეროვნული ხსნისა და აღორძინებისათვის”. ამ დაპირებას მოსდევდა მეორე უფრო ამბიციური (როგორც მომავალმა ცხადყო - დ. შ.) და ემოციური დაპირება: "მერაბ კოსტავას ნათელი სული მოგვიწოდებს გაერთიანებისაკენ, რამეთუ მისი ოცნება იყო საქართველოს ყველა ეროვნულ ძალთა კონსოლიდაცია და ერთობლივი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. აღსრულდა მისი ოცნება, იყოს ნება მისი” (გაზ. "დემოკრატი”, 1989, N1, 30 ოქტომბერი).