სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 3, სულ: 35  შემდეგი > 
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1)
ავტ.: შავლეგო : 9/19/2005

,,საქართველოს მწერალთა კავშირი... საქართველოს სსრ ლხცს არქივი... ფონდი # 8... აღწ. 1, საქ. 2913... საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის 1977 წლის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში... 01.04.77“.
 
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი,
თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე.

თავმჯდომარე: - ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს.

თქვენ ყველა გაეცანით თქვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო.
 
ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეეანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ეოთილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი "მთვარის მოტაცება", მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.
 
ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ... (კითხულობს)" ... ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს.
 
როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოდვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენ სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ "მოამბეში". მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გაძო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა.
 
აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს. როგორ გაიმართლებს თავს .
 
ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გვქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდი მოვიდა ხელმძდვანელობაში, კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას, და კიდევ უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა.
 
ზვიად გამსახურდია - რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება?
 
თავმჯდომარე - პრესისა და პროკურატურის მასალით.
 
ზვიად გამსახურდია - იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ?
 
თავმჯდომარე - გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება... „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში".
 
ზვიად გამსახურდია - ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი.
 
თავმჯდომარე - მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას, ჩვენ უნდა დავეერდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია.
 
ზვიად გამსახურდია - გაზეთში ყველაფერი სიმართლეა?
 
თავმჯდომარე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა, ზვიად! - არავის არ აინტერესებდა თქვენი გალანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო, გამოთქვით აზრი.
 
თავმჯდომარე - ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?!
 
ნოდარ დუმბაძე - ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში". კიდევ გავეცანით ჟურნალების წეებას, რომელსაც "ოქროს საწმისი“ ჰქვია პირადად მე, როდესაც წავიკითხე ,,ოქროს საწმისი", ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრათიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, - მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია.
 
თავმჯდომარე - გიორგი!
 
გიორგი ციციშვილი - მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა.
 
მე ვნახე ხალხი დახოცილი "დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება.
 
მე საშინლად ამაღელვა იმან, მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მო^ქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო წერს, როგორიც არის პროკურატურა.
 
ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს.
 
მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ, ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი.
 
თავმჯდომარე - იოსებ!
 
იოსებ ნონეშვილი - მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია.
 
მე მიჭირს როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დდეს "ლიტერატურულ საქართველოშია" დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ,,ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია - არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში.
 
მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე.
 
ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს.
 
თავმჯდომარე - მორის!
 
მორის ფოცხიშვილი - შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, - ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი. 
 
თავმჯდომარე - კარლო! 
 
კარლო კალაძე -  მინდა განვაცხადო, რომ  სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის. 
 
ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით. 
 
რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიდეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა.
 
ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, მწერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე, უნდა ვიცოდე ისიც. რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად რაც ჩვენს თვალწინ არის, მე ამისიც მჯერა. 
 
რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით...  ჩვენ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირის ხმა - ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. - და, რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწეისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ.

მე წავიკითხე, რაც ზვიადს უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ გვქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე ათასჯერ შევხვედრივარ და ჩვენ არ გვქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა - აფეთქებული ხასიათის კაცია.

ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი. 

თავმჯდომარე - კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი?
 
ალექსი გომიაშვილი - ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი.
 
თქვენ განაცხადეთ - ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არა
ხართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? - და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ - რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ?
 
ზვიად გამსახურდია - მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი.
 
ალექსი გომიაშვილი - მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს.
 
თავმჯდომარე - ვის სურს გამოთქვას აზრი? 

ვანო თარბა - უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში, ჩემს სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა, მძიმე მდგომარეობაში ვარ, ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც. 

არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია... ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი? იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა. 

თავმჯდომარე - გიორგი! 

გიორგი ნატროშვილი - ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანის საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გადმოცემები, ეს მასალა, ესენი ყველაფერი - როგორ შეიძლება?! ვუერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს.
 
თავმჯდომარე - ელგუჯა!
 
ელგუჯა მაღრაძე - ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველა იმის, რომელმაც ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, - ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა.

მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხავობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ამ ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია. 

თავმჯდომარე - ხუტა!

ხუტა ბერულავა - მწერალთა კავშირი - ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან.
 
მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუ ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქნებ აღმოვაჩინოთ... 

თავმჯდომარე - ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის - დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“ , „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?! 

ხუტა ბერულავა - ყველაზეე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება.
 
მე ვუერთდები ამხანაგების აზრს - საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს.
 
თავმჯდომარე - კიდევ?
 
ვახტანგ ჭელიძე - ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი იმიტომ, რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი, იმის შემდეგ რა საბუთებსაც ჩვენ გავეცანით - იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას, - წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და ვუერთდები საერთო აზრს - ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში.
 
თავმჯდომარე - სერგი!
 
სერგი ჭილაძე - მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია - საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია.
 
ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს - „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ესა აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო.

მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ - იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული.
 
ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა „,თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს, ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა - ამ კითხვებზე პასუხი იყოს. 

მორის ფოცხიშვილი - ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორი, ამან დაბადა ეს აზრი. ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ. 

თავმჯდომარე - კიდევ? 

რევაზ მარგიანი - ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართული საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს - არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა. 

თავმჯდომარე - ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს? 

ირაკლი აბაშიძე - რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში?

ზვიად გამსახურდია - 1966 წლიდან.

თავმჯდომარე - 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად!
 
ირაკლი აბაშიძე - 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ.
 
თავმჯდომარე - უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად.
 
ირაკლი აბაშიძე - რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ - საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ... (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ...
 
ზვიად გამსახურდია - ბოლოს ვიტყვი 

ირაკლი აბაშიძე - სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ?

ზვიად გამსახურდია - სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი.

ირაკლი აბაშიძე - თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ? 

11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემს თავზედაც - ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ - რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემს თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუ  კი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის - აუწევთ ხელს. იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს - მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც, უნდა გვემუშავა. მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ - მე ჩემს შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს. 

ხმები - სთქვას. 

ზვიად გამსახურდია - საერთოდ რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს - საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში, არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა. რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს? ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოიგზავნება აქ და იბეჭდება ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა ჩამოვთვალო?
 
აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ გადავცემ ნაცნობ-მეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის.
 
რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე. 

არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ - არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, - ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს. 

გიორგი ჟორჟოლიანი - მე არ ვარ მაგ წერილის ავტორიო... 

ზვიად გამხახურდია - თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ მე ვარ მაგ წერილის ავტორი, ან ეს პროკლამაციაც ჩემი თარგმნილია... მე არ ვაწერ ხელს ჟურნალს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არა, მე არა ვარ მშიშარა. მე არ ვიცი სად გამოდის ეს ჟურნალი. ამ ჟურნალში ყველაფერი - რაც ფაქტიური მასალაა - სიმართლეა და მე ამაზე ვაწერ ხელს. 

გიორგი ციციშვილი - თქვენ ამბობთ, რომ არ იცით, სად გამოდის, ვინ არის რედაქტორი და ხელმძღვანელი. გაქვთ თუ არა უფლება მწერალთა კავშირის წევრს ბეჭდოთ, გაუშვათ თუნდაც უწყინარი კორესპონდენცია იმ ჟურნალში, რომლის არც რედაქტორი იცით, არც შემდგენელი, არც ინიციატორი, არც ფასი აწერია და ის კი ნამდვილად იცით, რომ არალეგალური ჟურნალია. მე პირადად არც მინახია ეს ჟურნალი. ეს რომ ყოფილიყო დაბეჭდილი „ცისკარში“, „მნათობში“, გამოვიდოდი, შევათასებდი. რანაირად შეფასდება ეს თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როცა თქვენ ბეჭდავთ იმ ჟურნალში?
 
ზვიად გამსახურდია - ბატონო გიორგი, ეს ისეთი ჟურნალია, სადაც შეიძლება ხვალ თქვენი ნაწარმოებიც მოხვდეს. მე ჩემს ნაწარმოებებს ვუშვებ ჩემს ნაცნობ-მეგობრებში, ისეთებს, რომლებსაც არ მიბეჭდავს პრესა. იქ რედაქციაა და კანტორა კი არ არის, როგორც წერენ, არავითარი კანტორა არ არის. ეს გეშლებათ. ეს ყველაფერი დასადგენია და რაც განზრახული გაქვთ უკვე, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ.

>>> გაგრძელება >>>

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი