ისტორია - 2007-10-13 13:11
რამდენი შეხედულებაც არ უნდა არსებობდეს 1991-1992 წლებში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ, ერთი რამ ცხადია - ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობამ კატასტროფული შედეგები მოუტანა ქართველ ხალხს.
რატომ წარიმართა პოლიტიკური პროცესები ასე ტრაგიკულად? რა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობეს კონფრონტაციული ევოლუცია? რა საშინაო თუ საგარეო ფაქტორები განსაზღვრავდნენ უკვე ოსტორიად ქცეულ მწარე წარსულს და, ბოლოს - შესაძლებელია თუ არა ისტორიული გაკვეთილების გათვალისწინება, რომ ქართულმა საზოგადოებამ მომავალში მაინც აღარ დაუშვას უმძიმესი შეცდომები?
ამ კითხვების არასრულ ჩამონათვალზე პასუხის გასაცემად განვიზრახეთ მეცნიერულად შეგვესწავლა 1991-1992 წლების მოვლენების განმსაზღვრელი პროცესები, წინაპირობები, მიმდინარეობა, მიზეზები, შედეგები. წინამდებარე პუბლიკაცია ან ნაშრომის ნაწილია. ქართველ მკითხველს ვთხოვთ, როგორც დაღესტნურ ხანჯალზე ერთი წარწერის დასაწყისი გვაუწყებს: "მალე ნუ გაბრაზდება” და არა წარსულზე, არამედ მომავალზე უფრო მეტი იფიქროს.
მრავალპარტიული სისტემის ფორმირება; მემარცხენეთა ბანაკი. 1988-1989 წლებში საქართველოში ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა მრავალპარტიულ სისტემას. მართალია, არაფორმალური ჯგუფები და პარტიები ოფიციალურად რეგისტრირებულნი არ იყვნენ, მაგრამ რეალურად ისინი არსებობდნენ და სერიოზულ ზეგავლენას ახდენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
უკვე ამ პერიოდისათვის შეიძლებოდა პარტიათა კლასიფიკაცია სამ ძირითად ბანაკად - მემარცხენე, ცენტრისტულ და მემარჯვენე ფრთებად. ჩვენ ამჟამად რადიკალური მიმართულების ბანაკის ფორმირების პრობლემა გვაინტერესებს, მაგრამ სურათი უფრო ნათელი რომ იყოს, გავიხსენოთ მაშინდელი პოლიტიკური სპექტრი, რომელი ბანაკი რა პოლიტიკურ დაჯგუფებებისაგან შედგებოდა.
1989 წლის მეორე ნახევრისათვის საქართველოში ორმოცდაათამდე პოლიტიკური ორგანიზაცია თუ არაფორმალური დაჯგუფება ფუნქციონირებდა. მემარცხენე ფრთაზე ორი მიმართულების დაჯგუფებები არსებობდა ან იქმნებოდა. პირველ მიმართულებაში შედიოდნენ პრობოლშევიკურ-კომუნისტური ტიპის ორგანიზაციები. მათ ჯერ არ დაეკარგათ ან ვერ შელეოდნენ მარქსისტულ-ლენინურ იდეალებს. მეორე მიმართულებას ქმნიდნენ ისინი, ვინც უარყო მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია და ევროპული სოციალ-რეფორმიზმის პოზიციებზე დადგა. შესაბამისად, პირველ ფრთას შესაძლებელია ვუწოდოთ პროკომუნისტური, ხოლო მეორეს - სოციალ-რეფორმისტული (ევრორეფორმისტული).
მემარცხენე ბანაკს წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1989 წლისათვის იგი უკვე ფუნქციონირებდა. 1990 წლის თებერვალში შედგა პარტიის ყრილობა, რომელმაც სოციალ-დემოკრატიული პარტია გამოაცხადა აღდგენილად და მისი სახელით განაგრძო მოქმედება. სოციალ-დემოკრატები "მშრომელთა" ინტერესების დაცვაზე აკეთებდნენ ორიენტაციას. "ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ საზოგადოება, სადაც ყველა მშრომელი გახდება მესაკუთრე, ყველა მესაკუთრე კი იქნება მშრომელი" - წერდნენ პროგრამაში "მესამე დასელთა" მემკვიდრეები.
საგარეო პოლიტიკის სფეროში სოციალ-დემოკრატები ერიდებოდნენ მკვეთრი ორიენტაციის დაფიქსირებას და "მშვიდობიანი თანაარსებობისა" და "აქტიური ნეიტრალიტეტის" მომხრეები იყვნენ. სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა უნიტარული უნდა ყოფილიყო, ხოლო ეროვნულ უმცირესობებს კულტურული ავტონომია მიენიჭებოდათ. ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერები იყვნენ ჯემალ კახნიაშვილი, გურამ მუჩაიძე. პროგრამულ და იდეოლოგიურ პრობლემებს ეხებოდა უჩა ბლუაშვილის წერილები, რომელიც პარტიულ გაზეთ "ერთობაში" ქვეყნებოდა.
1989 წელს შეიქმნა მემარცხენე მიმართულების პროკომუნისტური ორგანიზაცია - ი. ბ. სტალინის საზოგადოება. სტალინელების იდეალს ამჯერად კომუნისტური საზოგადოების ჩინური მოდელი წარმოადგენდა. პროგრამულ მოთხოვნებში გათვალისწინებული იყო მიწაზე შერეული სახელმწიფო და კერძო საკუთრება. საგარეო ორიენტაცია ბუნდოვანი და ერთდროულად რუსულ-ევროპული გახლდათ. უფრო უცნაურად გამოიყურებოდა სტალინელების სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელად კონსტიტუციური მონარქიის მოთხოვნის წამოყენება. (ინიციატორები: გრიგოლ ონიანი და ი. ფანცხავა).
მემარცხენე ბანაკს იყო მიკუთვნებული 1988 წელს დაარსებული ეროვნული ერთიანობისა და სოციალური თანასწორობის პარტია (თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაული). პარტიის მიზანი კარგად მოსჩანდა მისივე სახელწოდებიდან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, პროგრამული მოთხოვნების ხასიათით ეს ორგანიზაცია უფრო სოციალური ორიენტაციის ცენტრისტულ დაჯგუფებას წარმოადგენდა.
1990-1991 წლებში მემარცხენეთა ბანაკს რამდენიმე ორგანიზაცია შეემატა.
სტალინისტური მიმართულების კომუნისტურ დჯგუფებას წარმოადგენდა საქართველოს მშრომელთა პოლიტიკური ორგანიზაცია (თავმჯდომარე თენგიზ კანთელაშვილი). ორგანიზაციის პროგრამულ დოკუმენტებში აღნიშნული გახლდათ წევრთა ვალდებულებები: "მარქსისტულ-ლენინური თეორიის დაუფლება", საქმიანობის წარმართვა "მშრომელი ხალხის საკეთილდღეოდ მუშურ-გლეხური სახელმწიფოს განმტკიცებისათვის". სხვა პროგრამულ პრიორიტეტებად ცხადდებოდა: მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში, ურთიერთობა და მეგობრობა ყველა სოციალისტურ სახელმწიფოსთან, სახელმწიფო სისტემა - სოციალისტური. "მშრომელები" არ ცნობდნენ და უარყოფდნენ კაპიტალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობას და მეგობრობას. ორგანიზაცია ბეჭდვით ორგანოს - "სტალინელს" გამოსცემდა და სტალინური ტიპის იზოლირებული სახელმწიფოს რესტავრაციაზეც არ იტყოდა უარს.
მემარცხენე ბანაკის სოციალ-რეფორმისტულ მიმართულებას მიეკუთვნებოდა საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი. იგი 1990 წელს შეიქმნა არჩილ იოსელიანის თავმჯდომარეობით. კავშირი მოითხოვდა სახელმწიფო საკუთრების აღდგენას მიწაზე, სოფლის მეურნეობასა თუ მრეწველობაში.
1989 წელს იყო შექმნილი ორგანიზაცია "მიწათმოქმედთა კავშირი", რომელსაც შემდგომში "მამულის აღორძინება" ეწოდა. შესაძლოა, მისი პატრიოტული დევიზის გამო: "მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა" - ორგანიზაცია ცენტრისტული ბანაკისათვის მიგვეკუთვნებინა. მაინც, ეკონომიკური პოზიციის გამო "მიწათმოქმედთა კავშირი" სოციალ-რეფორმისტულ ფრთას უფრო მიესადაგებოდა. იგი უარყოფდა როგორც სოციალიზს, ისე კაპიტალიზმს და ქართველებისათვის განსაკუთრებული, "ხალხისათვის მისაღები ფორმების მოძებნას" ცდილობდა, რომელიც შესაფერისი იქნებოდა "ქართული ეროვნული ტრადიციისათვის".
მაგრამ, "მიწათმოქმედთა კავშირი" მიწაზე მხოლოდ სახელმწიფი საკუთრებას ცნობდა და გამორიცხავდა მისი ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას. იგი მუდმივ სარგებლობაში უნდა ყოფილიყო და შთამომავლობით გადასცემოდა მფლობელებს. ეს იყო ფაქტობრივად, კვლავ სოციალისტური საკუთრების ფორმა და გამორიცხავდა კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპს - კერძო საკუთრებას.
ასეა თუ ისე, მემარცხენე ბანაკის უმრავლეს პარტიებს ნაკლებად აწუხებდათ ის პრობლემები, რომლებიც უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა ეროვნული მიმართულების ორგანიზაციებისთვის, ამდენად, ამ უკანასკნელთა კრიტიკოსებს და მოწინააღმდეგეებს წარმოადგენდნენ.
ცენტრისტები. ეს ფრთა საქართველოს შიდა პოლიტიკურ რუკაზე სუსტ რგოლს წარმოადგენდა. მასში ორიოდე შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ორგანიზაცია უნდა ვიგულისხმოთ. მაგ., 1988 წელს შეიქმნა საქართველოს მთიელთა პოლიტიკური კავშირი (შემდგომში - ლიგა). ორგანიზაციის პროგრამული პრიორიტეტები გამოუკვეთავი და შუალედური, ამდენად ბუნდოვანიც გახლდათ - მიწაზე საკუთრების ყველა ფორმის დაშვება; საგარეო პოლიტიკაში - უორიენტაციო "ურთიერთთანასწორობის" პრინციპი და ა. შ.
იგივე შეიძლება თქმულიყო საქართველოს მთიელთა კავშირის შესახებაც. იგი 1990 წელს გაფორმდა. ერთადერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი ამ ორი ორგანიზაციის სახელწოდებაში გამოიხატებოდა - საქართველოს მთის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
დაახლოებით, ანალოგიური ხასიათის გახლდათ 1990 წელს დაარსებული "სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემი". მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებზე და განსაკუთრებით სვანეთზე ორიენტირებული ორგანიზაცია უშვებდა მიწაზე როგორც კერძო, ისე საიჯარო საკუთრების ფორმებს, თუმცა საზღვრისპირა ზოლში კერძო საკუთრება მიწაზე დაუშვებლად მიაჩნდა. რაც შეეხება საგარეო ორიენტაციას, "ლემი" დასავლეთის ქვეყნებთან ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრე გახლდათ, ხოლო მეზობელ ქვეყნებთანაც თანასწორუფლებიან, კეთილმეზობლურ ურთიერთობას მიიჩნევდა სასურველად.
ეკოლოგია, დემოკრატია, არაძალადობა - ამ დევიზით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში 1990 წელს დაარსებული "საქართველოს მწვანეთა პარტია". ზურაბ ჟვანიას, გიორგი ბარამიძის, პირვანდელი თავჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებული მწვანეთა პარტია თავიდანვე "ევროგაერთიანებაში" ინტეგრაციას გეგმავდა საგარეო სფეროში. ამავდროულად, მწვანეები არამარტო "მოსახლეობის საარსებო გარემოს დაცვას" ფიქრობდნენ, არამედ "სოციალური სამართლიანობის პრინციპების მაქსიმალურ" რეალიზაციასაც ხაზს უსვამდნენ.
1991 წლიდან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ორი "დემოკრატიული" და მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია შემოემატა. ერთი იყო "დემოკრატიული პარტია". მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ: ქართლოს ღარიბაშვილი, მიხეილ ქურდიანი, გელა ქვლივიძე და სხვ.
მეორე გახლდათ "საქართველოს დემოკრატიული კავშირი". მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: ავთანდილ მარგიანი (თავმჯდომარე), ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, გურამ მამულია და სხვ. უკანასკნელის განმარტებით, უკვე 1991 წლის სექტემბრიდან ამ ორგანიზაციამ "დაიწყო რეალური ნიადაგის შემზადება ე. შევარდნაძის საქართველოში დასაბრუნებლად" (გაზ. "დემოკრატიული საქართველო", 1992, 18 ივლისი. გურამ მამულია - "არასოდეს ვებრძოდი პიროვნებებს...").
ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ძალები გაერთიანდნენ ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციაში "საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი". იგი 1990 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა ვალერიან ადვაძის თავმჯდომარეობით და არაერთი მბრწყინავი ავტორიტეტის წევრობით მიიქცია საზოგადოების ყურადღება: ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ გამყრელიძე, ლაშა თაბუკაშვილი, იგორ ბოგომოლოვი, რომან მიმინოშვილი... პროგრამული პრიორიტეტებიც გონივრული თანმიმდევრობით ითვალისწინებდა არა იმდენად დიდი ხნის ნაოცნებარ იდეალებს, არამედ უფრო თანადროულობის მიერ წამოჭრილ მოთხოვნებს: ქართველი ხალხისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხების კონსოლიდაცია "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად, სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სუვერენიტეტის მისაღწევად, ახალი თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის შესაქმნელად და განსამტკიცებლად".
ცენტრში განლაგებულ ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციებს რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება აერთიანებდათ. ერთის მხრივ ისინი უარყოფდნენ ძველ საბჭოურ სისტემას, ნორმებს, ღირებულებებს, ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც იმხანად ჯერჯერობით სოციალისტური ბანაკის დაშლის, საბჭოთა კავშირის დასუსტებისა და დასავლურ-დემოკრატიული სისტემის გაძლიერების ნიშნით მიმდინარეობდა. მეორე მხრივ, ისინი საქართველოში სასურველი პროცესების ევოლუციური, ფრთხილი განვითარების მოსურნენი იყვნენ, უფრთხოდნენ მოვლენების რადიკალიზაციას როგორც პირადი, ისე ქვეყნის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამგვარი ევოლუციონისტები არა მარტო რადიკალიზაციას, რადიკალებსაც უფრთხოდნენ, რაც მეტისმეტად ზღუდავდა მათ პოლიტიკურ აქტივობას და მათ ქმედითუნარიანობას ლოდინის ჩარჩოებში აქცევდა.
ამ თავისებურმა კლასობრივ-პირადულმა ეგოიზმმა, უმოქმედობამ ცენტრისტული პარტიები და ფენები ჩამოაცილა მოსახლეობის ხელმძღვანელობის საპატიო მისიას და ეს მოვალეობა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არგუნა. ცენტრისტებს ორ ცხენზე ჯდომის უხერხული როლი ერგოთ, რაც მათ ბუნდოვან პროგრამებშიც აისახა, როცა ისინი მიწაზე კერძო საკუთრებასაც მოითხოვდნენ, მაგრამ სახელმწიფო საკუთრების ფორმასაც არ უარყოფდნენ; როცა ისინი ორიენტაციულად საბჭოთა თუ პოსტსაბჭოურ სივრცესთან თანასწორუფლებიან ურთიერთობასაც ფიქრობდნენ და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციასაც თითქოს მიელტვოდნენ. მთავარი მაინც ცენტრისტული ბანაკის პოლიტიკური აქტივობის დაბალი ხარისხი გახლდათ, რამაც სხვა ჯგუფებს მოქმედების მეტი შესაძლებლობა და არეალი შეუქმნა.
გამორიცხული არ არის, რომ ძლიერი ცენტრისტული საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობის შექმნის საჭიროებას მაშინ საქართველოს კომუნისტურ ხელმძღვანელობაშიც მიხვდნენ. სწორედ იმჟამინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით და შესაძლოა, ინიცირებითაც შეიქმნა შოთა რუსთაველის საზოგადოება. მის რიგებს 1980-იანი წლების ქართული ზეინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი ავსებდა.
მაგრამ ხელისუფლებამ აქაც შეცდომა დაუშვა. მან რუსთაველის საზოგადოებას, ქართველი საზოგადოების შემკრები მისიის მაგიერ, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან კონკურენციის ფუნქცია დააკისრა, ანუ მის "საპირისპიროდ" შექმნა. მიუხედავად რიგი პრივილეგიებისა, რუსთაველის საზოგადოებამ ვერც ხელისუფლების შეკვეთა შეასრულა და ვერც ის მისია აღასრულა, რომელსაც ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებდა ხოლმე სახელიანი ინტელიგენცია. ღვაწლმოსილ პიროვნებათა კაშკაშა სახელები: ტარიელ ჭანტურია, ანა კალანდაძე, გურამ გეგეშიძე, ოთარ ჭილაძე თუ სხვანი რუსთაველის საზოგადოებაში, მისი სახელით და საშუალებით საზოგადოებრივ, კულტურულ და პატრიოტულ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ იმ მღელვარე ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის აღმავლობის დროში ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც მათ და, სამწუხაროდ, ვერც ისეთმა პოპულარულმა საზოგადო მოღვაწემ, როგორიც აკაკი ბაქრაძე გახლდათ, რუსთაველის საზოგადოება ვერ აქციეს ეროვნული მოძრაობის ტონის მიმცემ ორგანიზაციად.
ეროვნულ მოძრაობას სხვა თავკაცები და ლიდერები წარუძღვნენ.
მოგვიანებით აკაკი ბაქრაძე გონების თვალით აანალიზებდა განვლილ მოვლენებს და ასკვნიდა: "ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ ევოლუციის, თანდათანობის გზას დასდგომოდა, იგი ძმათა სისხლით არ შეიღებებოდა, ბუნებრივი განვითარების პროცესს გაჰყვებოდა. თავისუფლება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, უცრემლოდ და უსისხლოდ დამკვიდრდებოდა საქართველოში, მაგრამ სულწასულობის გამო ქართველმა ხალხმა უარყო თანდათანობითობის გზა. უცბათ და ერთბაშად მოინდომა იმის მიღება, რის მოპოვებასაც დიდი მოთმინება, წესრიგი, შრომა, სიყვარული და გონიერება სჭირდებოდა" ("და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა". წერილების კრებული აკაკი ბაქრაძის შესახებ. შემდგენელ-რედაქტორი თინათინ კობალაძე. თბ., 2002, გვ. 21).
ამ დასკვნაში, რა თქმა უნდა, ბევრია სიმართლე. მასზე სხვა დროს შევჩერდებით. ისიც სიმართლეა, რომ "ქართველმა ხალხმა უარყო თანდათანობითობის გზა", მაგრამ გამოსაყოფია "ქართველი ხალხის" ის ჯგუფები, რომლებსაც მეტი ბრძოლისუნარიანობა, ენერგია და პოლიტიკური აქტიურობა უნდა გამოევლინათ და წინამძღოლობა ადვილად არ დაეთმოთ სხვებისათვის, აქ კი სწორედ ქართული პოლიტიკური სპექტრის ცენტრში მდგარი ინტელიგენტური ჯგუფები და ზედაფენაც იყო პასუხისმგებელი, რისი პრეტენზიაც მას აქამდე სიტყვით და კალმით გააჩნდა.
ცენტრისტულ ბანაკს უნდა მივაკუთვნოთ ალბათ "საქართველოს ღვთისშვილთა კავშირიც", რომელიც მართალია ამ სახელით 1992 წლის თებერვალში გაფორმდა, მაგრამ უკვე 1989 წელს ფუნქციონირებდა, როგორც "სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია)". როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მიზანი გახლდათ ნაკლებადუზრუნველყოფილი სოციალური ფენების - ინვალიდების, პენსიონერების, ობოლ-მარტოხელათა, მატერიალურად ხელმოკლეთა, მრავალშვილიან ოჯახთა, დაზარალებულთა, პატიმართა და სხვა სახის შეჭირვებულთა ინტერესების დაცვა. ორგანიზაციის მსოფლმხედველობა და რწმენა ქრისტიანულ-ტრადიციული გახლდათ. ერთის მხრივ ისინი მიელტვოდნენ ქრისტიანული რწმენის აღორძინებას, ჰუმანისტური მსოფლმხედველობის, ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებას. საგარეო ორიენტაციაც, "ღვთისშვილთა" წარმოდგენით, "ფრთხილი, მოქნილი, დაბალანსებული" უნდა ყოფილიყო.
1989 წლის იანვარში შედგა ერთ-ერთი მასობრივი ცენტრისტული ორგანიზაციის - სახალხო ფრონტის დამფუძნებელი კრება. პროგრამულ დოკუმენტებში მიუთითებდნენ, რომ ფრონტი აერთიანებდა კეთილი ნების ადამიანებს - საქართველოს სრული დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ჰუმანური საზოგადოების შექმნის მიზნით. თავდაპირველად, ორგანიზაციის დამაარსებელს და თავკაცს ნოდარ ნათაძეს და მის თანამოააზრებს სახალხო ფრონტი ესახებოდათ, როგორც გამაერთიანებელი საზოგადოება, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში საკოორდინაციო ცენტრის წამყვანი ძალის როლს შეასრულებდა. ამგვარი მისიის აღსრულება ქართულმა სახალხო ფრონტმა ვერ შეძლო, თუმცა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 1988-1991 წლების პოლიტიკურ ცხოვრებაში და რადიკალიზმსა და ზომიერ მიმართულებებს შორისაც ცენტრისტულ პოზიციას ინარჩუნებდა.
სახალხო ფრონტი სოციალურად და პოლიტიკურად მოსახლეობის საშუალო ფენებზე ცდილობდა ორიენტირებული ყოფილიყო. ესენი იყვნენ "პატიოსანი და მშრომელი" ადამიანები, "ნამდვილი მეცნიერები და ბეჯითი სტუდენტობა", კულტურის მოღვაწენი, "საქმიანი სამეურნეო მუშაკები, გონებაგახსნილი ეკონომისტები, ნამუსიანი ბიზნესმენები... ყველა ამ წესიერი პროფესიონალ და მოაზროვნე ხალხის ინტერესებს პოლიტიკურ სარბიელზე დაიცავენ ნამდვილად ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაციები. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს სახალხო ფრონტი" (გაზ. "საქართველო", 1992, 22 მაისი).
აქვე გვინდა აღვნიშნოთ: სახალხო ფრონტს რომ ცენტრისტული მიმართულების ბანაკში ვათავსებთ, იმითაცაა ნაკარნახევი, რომ ასე თავად ფრონტის მესვეურები იქცევიან. რაც შეეხება, თავიანთი მოქმედების ხასიათით, რიგ შემთხვევაში შეურიგებელი პოზიციით და მისი გამოხატვის ადეკვატური ფორმით, პრინციპული განცხადებებით და ქმედებით, რაც არაერთხელ გამოუთქვამთ და გამოუხატავთ სახალხო ფრონტის ლიდერებს და განსაკუთრებით მათ თავკაცს ნოდარ ნათაძეს, ეს ორგანიზაცია უფრო რადიკალურ ბანაკს შეიძლება მივაკუთვნოთ, ვიდრე ცენტრისტულს. უფრო სამართლიანი კი ის იქნება დავასკვნათ, რომ სახალხო ფრონტი ერთის მხრივ, კერძოდ კი, თავისი სოციალურ-პოლიტიკური მსოფლმხედველობით ცენტრისტული იყო, ხოლო პოლიტიკური ბრძოლის მანერით - რადიკალური. ამ ორ შინაარსს თითქოს საკუთარ არსებაში რელიეფურად ატარებდა სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე, რომელიც ერთის მხრივ ხან ღრმა ინტელექტუალად წარმოგვიდგებოდა, ხოლო მეორე მხრივ კი უკომპრომისო რადიკალად, რაც ჯამში, არათანმიმდევრული ექსცენტრულობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე თანმიმდევრულობის.
მემარჯვენე ბანაკი. რუსეთის საბჭოური იმპერიის დეცენტრალისტურ პროცესებს ბევრად უფრო მომზადებულად და ენერგიული განწყობით შეხვდა ქართული პოლიტიკური სპექტრის მომდევნო, მემარჯვენეთა ბანაკი. იყო დრო, როცა მემარჯვენეობა საძრახის საქმედ ითვლებოდა, რეაქციულობისა და შავრაზმელობის სინონიმს წარმოადგენდა. რომანოვების რუსეთის იმპერიაში, XX საუკუნის დასაწყისში, მემარჯვენეთა ბანაკს შეადგენდნენ რუსული მონარქიის დამცველი პოლიტიკური ორგანიზაციები: რუსი ხალხის კავშირი, ოქტიაბრისტები და ძმანი მათნი. საქართველოში მემარჯვენე ორგანიზაციებს ადგილობრივი რუსული ადმინისტრაციის და ოფიცრობის წარმომადგენელნი ქმნიდნენ. ქართველები მას არ ეკარებოდნენ. 1909 წელს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოების ერთ-ერთ კრებაზე სასტიკად გაკიცხეს ერთი რენეგატი სტუდენტი, რომელიც თურმე ოდესაში "ჭეშმარიტ რუსთა კავშირში" შესულიყო. ასეთი შემთხვევები გამონაკლისი გახლდათ.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, აღარც რუსეთის ადგილობრივი ადმინისტრაცია არსებობს. მემარჯვენეობის ტრადიციულმა მნიშვნელობამაც შინაარსი შეიცვალა.
საერთოდ, მემარჯვენეები პირველ რიგში, იმით განსხვავდებოდნენ ცენტრისტული ორგანიზაციებისაგან, რომ გამოკვეთილად გამოხატავდნენ და ასაბუთებდნენ თავიანთ იდეოლოგიურ პოზიციებს. ამ მხრივ გამოირჩეოდა "საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი". ამ ორგანიზაციამ იდეური და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის გარკვეული გზა განვლო, რაც სხვათა შორის, პარტიის სახელწოდებათა ცვლილებებში აისახა.
1988 წლის ივლისში ჩამოყალიბდა "საქართველოს ეროვნული სამართლიანობის კავშირი", რომლის პოლიტიკურ ორგანიზაციასაც წარმოადგენდა "საქართველოს სამართალ-რადიკალური პარტია". 1989 წლის ოქტომბერში ორივე ორგანიზაცია გაერთიანდა "საქართველოს ეროვნული სამართლიანობის პარტიის" სახელით. 1990 წლის იანვარში პარტიამ იცვალა სახელი და ამჯერად "რესპუბლიკურ-ფედერალურ პარტიად" გარდაიქმნა. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაში ფორმირების რთული პროცესი მიმდინარეობდა, რადგან დაშლისა თუ შიდა წინააღმდეგობის შედეგად რესპუბლიკელ-ფედერალისტების ერთი ნაწილი ახლადშექმნილ ქრისტიანულ-დემოკრატიულ ახალგაზრდობის ასოციაციას შეუერთდა. ეს მოხდა 1990 წლის მარტში და ორგანიზაციამ ამ გაერთიანების შედეგად საბოლოოდ საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის სახელი მიიღო.
ასე რომ, "კავშირი", როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ახალიც იყო და ძველიც. განსაკუთრებით ძველი და ტრადიციული გახლდათ ქრისტიანულ-დემოკრატთა მემარჯვენე მსოფლმხედველობა. იგი "ქრისტიანულ ღირებულებებს ეყრდობა, მოქმედება - ქრისტიანულ პასუხისმგებლობას" - ვკითხულობთ პარტიის მაშინდელ წესდებაში. სხვა პრიორიტეტები: ღია საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა, მიწაზე შეუზღუდავი კერძო საკუთრება და გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია - ევროინტეგრაციის ხაზით და ევროპული კავკასიის მიმზიდველი ფორმით. პარტიას და მის ლიდერს ირაკლი შენგელაიას ფედერალური მოწყობა არამარტო საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სისტემის საუკეთესო ფორმად, არამედ ეთნოკონფლიქტების თავიდან აცილების გარანტიად მიაჩნდა, თუ იგი ისტორიული კუთხეების ტრადიციას დაეფუძნებოდა: ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, გურია...
1990 წელს ჩამოყალიბდა ერთ-ერთი წამყვანი მემარჯვენე ორგანიზაცია ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია. თავდაპირველად, ეს იყო სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ფრაქცია, რომლის ბაზაზეც 20 მარტს დამფუძნებელ კრებაზე შეიქმნა აღნიშნული პარტიული ორგანიზაცია. ლიბერალ-დემოკრატები მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოლიტიკური ორიენტაციის მატარებლები იყვნენ. პრიორიტეტული იყო დასავლური ტიპის დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ მიზანს არ წარმოადგენდა, არამედ ეს უნდა ყოფილიყო საშუალება უფრო მაღალი რანგის იდეალის - ლიბერალური დემოკრატიის ტიპის ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად.
ამავდროულად, პარტიის იდეოლოგიურ ფორმულას ეროვნულ საკითხში ლიბერალურ-დემოკრატიული ნაციონალიზმი წარმოადგენდა. პარტიის მესვეურთა რწმენით, ლიბერალურ-დემოკრატიული ნაციონალიზმის მამამთავარი საქართველოში ილია ჭავჭავაძე გახლდათ, ხოლო სხვა წარმომადგენლები იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და სხვანი. ლიბერალ-დემოკრატები საბაზრო ეკონომიკის, მიწაზე კერძო საკუთრების მომხრეები, საქართველოს დსთ-დან გამოსვლისა და ევროპასთან ინტეგრაციის პროპაგანდისტები იყვნენ, პირველ რიგში კი - პარტიის დამაარსებელი და ლიდერი მიხეილ ნანეიშვილი.
ერთ-ერთ უძველეს მემარჯვენე ორგანიზაციას წარმოადგენდა რესპუბლიკური პარტია. იგი 1978 წელს შეიქმნა და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ძალებს აერთიანებდა. პარტიის დამაარსებლები იყვნენ: ვახტანგ ძაბირაძე, ლევან და დავით ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა და სხვ. რესპუბლიკელები, როგორც პროდასავლური პოლიტიკური ორიენტაციისა და ღირებულებების დამამკვიდრებლები, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას მიელტვოდნენ.
მემარჯვენე ბანაკს მიეკუთვნებოდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომელიც რეალიზმის ზომიერ მემარჯვენე-ცენტრისტულ პოზიციაზე იდგა. საზოგადოება არ იყო ერთგვაროვანი და მისი რიგებიდან გასული პიროვნებებისა და ორგანიზაციების კვალდაკვალ სულ უფრო ყალიბდებოდა, როგორც ერთგვაროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია.
ერთ-ერთ ტიპიურ გამოკვეთილ ეროვნული მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა ქართვველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ტრადიციონალისტებმა აღდგენილად გამოაცხადეს 1942 წელს გერმანიაში ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი ანალოგიური სახელწოდების მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მონარქიის დამყარებას ისახავდა მიზნად - ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავლის სამეფო ტახტზე ასვლის გზით. ახალი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი კი 1990 წლის ზაფხულში შეიქმნა აკაკი ასათიანის თავმჯდომარეობით.
"საქართველო უწინარეს ყოვლისა" - ამ დევიზით იყო გამსჭვალული ყველა საპროგრამო დოკუმენტი, გამოსვლა, საქმიანობა, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული პრიორიტეტი. ამ დევიზს ემყარებოდა აკაკი ასათიანის ცნობილი თეზისი - ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატრია. სხვა მიზანდასახულებანი: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, წვრილი და საშუალო ბიზნესის სტიმულირება, მიწაზე კერძო საკუთრება, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაუშვებლობის პირობით ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. აქ ცოტა არ იყოს ისე გამოიყურებოდა საქმე, თითქოს ჩვენ ვუყენებდით მოთხოვნებს დიდ სახელმწიფოებს და არა ისინი ჩვენ, რაც იდეალური იქნებოდა, არარეალური რომ არ ყოფილიყო.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისათვის განსაკუთრებით რთულ, კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში, პოლიტიკური რეალიზმი და კომპრომისი უფრო იყო დამახასიათებელი. ცოტა მოგვიანებით ტრადიციონალისტების ერთი ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს კიდეც თავისი პოზიციის რეალისტურ-შუალედურ პრიორიტეტს: "ეროვნული მოძრაობის პირველი, 1988 წლის მასობრივი აქციებიდან დაწყებული, ჩვენს ეროვნულ უბედურებად იქცა იმ ძალის არარსებობა, რომელიც გაემიჯნება ორივე რადიკალურ მხარეს და შეასრულებს იმგვარ შუამავლის როლს, რომელიც მოემსახურება დაპირისპირებათა განმუხტვას და არსებული პრობლემების მშვიდობიან მოგვარებას" ("ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტს". გაზ. "ქართველი ერი", 1993, თებერვალი, N12).
მემარჯვენე ფრთაზე კიდევ რამდენიმე ახალშექმნილი პარტია ცდილობდა ფეხის მოკიდებას.
ე. წ. "საქართველოს თავისუფლების პარტია" - შეიქმნა 1990 წელს.
ქართველ ნაციონალისტთა ერთობა, რომელიც 1920-იანი წლების პარიზში შექმნილ ქართულ-ემიგრანტული ორგანიზაციის "თეთრი გიორგის" მემკვიდრედ აცხადებდა თავს. "ნაციონალისტები" და მათი ლიდერი გაიოზ (გია) მამალაძე ცდილობდნენ საქართველო გარე სამყაროსა და გარე პროცესებისაგან მაქსიმალურად დაცულ ქვეყნად წარმოედგინათ: ტრადიციული აგრარული ეკონომიკის, ეროვნული მრეწველობის განვითარება სახელმწიფო სექტორის ფორმით, მიწის გადაცემა ყიდვა-გაყიდვის გარეშე, ერთიანი კავკასიური კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა და ა. შ.
1989 წლის სექტემბერში შექმნილი "თვითგამორკვევის ლიგა", რომლის წევრებიც უარყოფდნენ საბჭოთა კავშირს და იღებდნენ "საქართველოს მოქალაქეობას".
1990 წელს დაარსდა "საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირი".
ამ პერიოდში უკვე არსებობდა რიგი პარტიებისა, დაჯგუფებებისა, რომელნიც არც წევრთა რაოდენობით, არც მნიშნელობით, არც საპროგრამო მიზნებით არ გამოირჩეოდნენ როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ერთმანეთისაგან. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მემარჯვენე ორგანიზაცია შედარებით მეტ გავლენას ახდენდა ქვეყნის პოლიტიკურ ყოველდღიურობაზე, ვიდრე მემარცხენე ან ცენტრისტული პარტიები. მემარჯვენეებს გააჩნდათ მეტი ინიციატივა, აქტიურობა, გამოკვეთილი პროგრამები, ანტიიმპერიული განწყობა, დამოუკიდებლობისაკენ, რეფორმიზმისაკენ, დემოკრატიული სისტემისაკენ სწრაფვა, პოლიტიკური რეალიზმის ხარისხი.
მიუხედავად ყველა ამ გარემოებისა, მიმდინარე ეროვნულ-პოლიტიკური პროცესების ჰეგემონობა ქართული პოლიტიკური სპექტრის სხვა, კიდევ ერთი ბანაკის წარმომადგენელმა ძალებმა მოიპოვეს.