სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული ხელისუფლება

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 4, სულ: 25  შემდეგი > 
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს
ავტ.: შავლეგო : 1/7/2005

დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის.

მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი.

ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მფგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას - იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს, უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე - ღმერთკაცი და ბარაბა - ავაზაკი. მაშინ იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი!

ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს სახელმწიფოებრივობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი, ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და, აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს.

აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა.

აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ.  და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე.

ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშეპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი - ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.

გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას!

კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა!

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

© ბესარიონ გუგუშვილი