სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 27, სულ: 35  შემდეგი > 
მერაბ კიკნაძე: პრეზიდენტ გამსახურდიას გადასვენება გროზნოში
ავტ.: შავლეგო : 8/7/2006

1994 წლის 5 იანვარს დილის 4 საათზე გროზნოში, "ნეფტიანკაზე", ნაქირავებ ბინაში, სადაც ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ვცხოვრობდი, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ბესარიონ გუგუშვილის ცოლმა, ლია ერგემლიძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი შეგვატყობინა. რამდენიმე წუთში სოსო თორია მოვიდა და ერთად სასტუმრო "კავკაზში" წავედით, სადაც სამეგრელოდან ამ ამბის ჩამომტანი ზვიადის ორი მცველი - ბაჩუკი გვანცელაძე და ზაზა ბურჯანაძე იმყოფებოდნენ. ბესო გუგუშვილი ორ სხვა მცველთან - რობინზონ მარგველანთან და გოჩა კეკენაძესთან ერთად სამეგრელოში დარჩა. იქაური ამბების აღწერას აქ არ მოვყვები - ეს ყველაფერი დეტალურად აქვს მოთხრობილი თავად ბესარიონ გუგუშვილს და სხვა თვითმხილველებსაც. ერთს კი ვიტყვი: არავითარი საფუძველი ამ ხალხის პატიოსნებასა და ერთგულებაში ეჭვის შეტანისა არასოდეს გამჩენია. სამწუხაროა, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო ეს აუტანელი ტვირთი ძირითადად ამ ადამიანებს დააწვა.

ასე დასრულდა სრული გაურკვევლობა, რომელმაც 1993 წლის 5 ნოემბრიდან - ზუგდიდიში ადმირალ ბალტინის "ძლევამოსილი მარშის" შემდეგ დაისადგურა. ამ ორი თვის განმავლობაში ზვიადის შესახებ გროზნოში არაფერი ვიცოდით, გარდა რამდენიმე მწირი ცნობისა. 16 თუ 17 დეკემბერს სამეგრელოდან გურამ აბსანძემ ჩამოაღწია - როგორც ყოველთვის, მხნე და ოპტიმისტურად განწყობილი ჩანდა. ეს იყო და ეს. მანამდე კი ჩვეულებრივად გაცხოველებული მიმოსვლა საქართველოდან შეწყდა, თუ არ ჩავთვლით ბესო გუგუშვილის სიყმაწვილის მეგობრის, აწ უკვე გარდაცვლილი არჩილ საჯაიას რეგულარულ ჩამოსვლებს. ამ კაცის მეგობრული ერთგულება და თავდადება საარაკოა. 1992 წლიდან მოყოლებული, გროზნოში ოცჯერ თუ მეტად მოახერხა ჩამოსვლა და მთელს იქაურ ქართველობას, რითაც შეეძლო, გვამაგრებდა.

იმ დღესვე თბილისში ჩეჩნეთიდან სამთავრობო დელეგაცია გაფრინდა. ასეთი ოპერატიულობა გარდა ჭირისუფლობის ბუნებრივი გრძნობისა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე ჯ. იოსელიანმა განაცხადა: "გამსახურდია ჩეჩნებმა თავად მოკლეს გროზნოში და გვამი საქართველოში ჩამოიტანესო". ამ დელეგაციამ შევარდნაძეს ჯოხარ დუდაევის სურვილი გადასცა - საქართველოს პირველი პრეზიდენტის თბილისში შესაფერისი პატივით დაკრძალვის შესახებ და იმ დღესვე დაბრუნდა (თუ მეორე დღეს, ზუსტად არ მახსოვს).

ჩეჩნებს თბილისიდან ქართული დელეგაცია ჩამოჰყვა. მათთან სამუშაო შეხვედრაზე მეც დამიძახეს. შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. უკვე ამ დროისათვის, მიუხედავად უმძიმესი სულიერი მდგომარეობისა, პრეზიდენტ გამსახურდიას ქვრივმა ქ-ნმა მანანამ სავსებით ნათლად ჩამოაყალიბა ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოში გადმოსვენების სურვილი. ამის გამო მეც მკითხა რჩევა და დავეთანხმე, თუმც ისიც ვუთხარი: - ამით ოჯახი გროზნოს მიეჯაჭვება, რისთვისაც ძალიან მეცოდებით-მეთქი. ცხადი იყო, რომ ჩეჩნეთში ომის ზღვარზე ბალანსირების მდგომარეობა დიდხანს აღარ გასტანდა. ამ გადაწყვეტილებით მივედი ზემოხსენებულ შეხვედრაზე, როგორც პრეზიდენტის ოჯახის წარმომადგენელი, და არა დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.

შეხვედრაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ "ქართული დელეგაცია" პროკურატურის, უშიშროებისა და შსს გამომძიებლებით დაკომპლექტებული ჩვეულებრივი საგამოძიებო ჯგუფია, რომელიც საგამოძიებო ქმედებათა ჩასატარებლადაა ჩამოსული. "უბრალო საქმე ხომ არაა, ის კაცი საქართველოს პრეზიდენტი იყო... მოწმეები უნდა დავკითხოთ..." - განაცხადეს. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. "თოფს რომ ესროდით, მაშინ არ იყო პრეზიდენტი?" - ვკითხე. ამან გარკვეულწილად ჩეჩნების შეშფოთებაც გამოიწვია - განსაკუთრებით შს მინისტრის. საუბარი ჩემი მოთხოვნით რუსულად მიდიოდა. "ამ ხალხმა (ჩეჩნებს ვგულისხმობდი) შუამავლობის უკიდურესად საპასუხისმგებლო ტვირთი იკისრა და აქ მათთვის გაუგებარი არც ერთი სიტყვა არ უნდა ითქვას"-მეთქი. ჩეჩნებს პრეზიდენტის ოჯახის გადაწყვეტილება ვაცნობე, ცხადი იყო, რომ "დელეგაციას" არანაირი ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა, ამიტომ ვურჩიე, რომ ეს "უფროსებისათვის" გადაეცათ. ვეცადე ისიც ამეხსნა, რომ ეს გადაწყვეტილება შევარდნაძის რეჟიმისათვისაც მაქსიმალურად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რადგან თავიდან აარიდებდა სავარაუდო მასობრივ გამოსვლებსა და არეულობას. ამის შემდეგ შეხვედრა დავტოვე და თათბირი უჩემოდ გაგრძელდა.

იმავე საღამოს "კოშკში" პრეზიდენტის გვარდიის მეთაური, აბუ არსანუკაევი მოვიდა - "ბაჩუკის ჯოჰარი იბარებსო". "ბაჩუკიმ მხოლოდ დაკრძალვის ადგილი იცის, რაც შეეხება ოჯახის აზრს, ჯოჰარს მე უკეთ გადავცემ"-მეთქი. ამას მცირე შელაპარაკებაც მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ ჯოჰართან მე და აბუ წავედით. იქ უკვე დაგვხვდნენ თვით ჯოჰარ დუდაევი, ზელიმხან იანდარბიევი, ჩეჩნეთის პარლამენტის წევრი, ქისტი მათე ციხესაშვილი და რამდენიმე ადამიანი, ვისი ვინაობაც აღარ მახსოვს. ჯოჰარს პრეზიდენტის ოჯახის თხოვნა გადავეცი ზვიადის ნეშტის გროზნოში გადმოსვენების შესახებ - რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებლად ჩაითვლებოდა. ისიც ვუთხარი, რომ თბილისიდან ჩამოსული ხალხი დელეგაცია კი არა, საგამოძიებო ჯგუფია, რომელიც ზვიადის ერთგულ თანამებრძოლებს - სულ ცოტა - დაკითხვას უპირებს. ჯოჰარმა წუთიერი ფიქრის შემდეგ თქვა: "ჩვენთვის ოჯახის სურვილი - კანონია" და ამ საკითხზე დისკუსია ჩანასახშივე შეწყვიტა. შემდეგ იანდარბიევს მიუბრუნდა და სთხოვა, ყველაფერი გადაედო და ამ საქმისათვის მიეხედა, რასაც ზელიმხანი უსიტყვოდ დაეთანხმა.

მეორე დღიდან დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკების 40-დღიანი უაზრო მარათონი, რომელსაც ზელიმხანი მათე ციხესაშვილის დახმარებით აწარმოებდა. ოჯახის მოთხოვნები ხუთ პუნქტად ჩამოვაყალიბეთ: იქმნება შერეული საერთაშორისო კომისია; ადგილზე ხდება მხოლოდ ამოცნობა; არ ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა (ქ-ნ მანანას განსაკუთრებული მოთხოვნა); ნეშტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადასვენებული ჩეჩნეთში; ამ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს ეძლევა პირადი უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიები.

"ოფიციალური თბილისის" მხრიდან ამ მოლაპარაკებაში თავიდან უშიშროების მინისტრის მოადგილე ა. იოსელიანი მონაწილეობდა, მოგვიანებით "სამთავრობო კომისია" შეიქმნა და სათავეში ავთანდილ მარგიანი ჩაუყენეს - როგორც ჩანს, ამ საქმისათვის შესაფერისი გონებაგახსნილობის გამო. მოლაპარაკებებში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა გურამ შარაძეც, რომელიც თავს ორივე მხარეს შინაურად თვლიდა.

მოთხოვნების თითოეული მუხლი გაუთავებელი და მომქანცველი კამათის საგნად იქცა. ცხადი იყო, რომ თბილისიდან უბრალოდ დროს ჭიმავდნენ - სავარაუდოდ, პრეზიდენტის საფლავის მიგნების იმედით. ნერვები ისე გადაიძაბა, რომ დაცვის ბიჭები ჩეჩნებთან ერთად პრეზიდენტის ნეშტის ფარულ გადმოსვენებაზეც კი ალაპარაკდნენ. ზელიმხან იანდარბიევმა გასაოცარი მოთმინება და პრინციპულობა გამოიჩინა და ჯიუტად, მეთოდურად იცავდა მოთხოვნების თითოეულ მუხლს. მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ ლამის ყოველდღიურად ანგარიშს აბარებდა ჯოჰარ დუდაევს.

ერთ-ერთი ასეთი ანგარიშის შემდეგ, გვიან საღამოს, ჯოჰარმა დამიმარტოხელა და მკითხა: "ოჯახი როგორ არის?". მე ვუთხარი: "მდგომარეობის შესაბამისად"-მეთქი. "წამოდი, ვინახულოთ"...

ამ ამბის შეტყობის შემდეგ ჯოჰარის მეუღლე ალა დუდაევა ხშირად დადიოდა ქ-ნ მანანასთან. თავად ჯოჰარს კი, როგორც ჩანს, ეს ძალიან ემძიმებოდა. საერთოდ, "თავზეხელაღებული გენერალი" ახლოდან საკმაოდ მგრძნობიარე, გულჩვილიც კი ჩანდა. ზვიადის გარდაცვალების შემდეგ კი თვალებში სხვანაირი სევდა ჩაუდგა...

მივედით "კოშკში". პრეზიდენტის ქვრივი იმდენად მძიმედ იყო, რომ ლოგინიდანაც კი ვერ წამოდგა... ჯოჰარმა რამდენიმე საათი ზვიადის ოჯახთან ერთად გაატარა. "მე წინააღმდეგი ვიყავი ზვიადის საქართველოში დაბრუნების, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეო"... "ელცინს მოსკოვში ისეთი პრობლემები ჰქონდა, თითქოს საქართველოსათვის ვერ უნდა მოეცალა"-მეთქი (მოსკოვის არეულობას ვგულისხმობდი). "რუსები ჩვენთვის ყოველთვის მოიცლიანო"... სხვათა შორის, მაშინ თქვა: "დანამდვილებით ვიცი, რომ ჯარი ყაზარმიდან ვერაფრით ვერ გამოიყვანეს, მაგრამ ბოლოს გაიდარი ვენაში გადაფრინდა, 10 მლნ. დოლარი ნაღდი ფული ჩამოიტანა და დუმის შტურმისათვის "ალფას" დაურიგაო"...

თუ სწორად მახსოვს, იანვრის ბოლოს საქართველოდან გროზნოში მეორე, "საზოგადოებრიობის წარმომადგენელთაგან" შედგენილი დელეგაცია ჩამოფრინდა - ამჯერად ბევრად უფრო ხალმხრავალი და შეუდარებლად უფრო ეკლექტური, რადგან სანახევროდ "ზვიადისტებისაგან", სანახევროდ კი "სამოქალაქოში გამოწყობილი ბიჭებისაგან" შედგებოდა. ერთ-ერთი ამათგანი, რომელიც წინა დელეგაცის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა, დუდაევთან გამართულ მიღებაზე სატაბელო იარაღით შესვლას ცდილობდა... დელეგაციას გურამ შარაძე ხელმძღვანელობდა.

ამ შეხვედრაზე ჯოჰარი ხაზგასმით გულითადი და "აპოლიტიკური" იყო. "ჩვენ, პოლიტიკოსები, ძალიან ბევრს ვცოდავთ. თქვენ - ინტელიგენციას - ჩვენზე ბევრად უფრო მეტი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ... აბა რასა ჰგავს, პოლიტიკოსთა დაპირისპირებას თბილისში კავკასიური სულიერების კერა - "კოლხური კოშკი" შეეწირა... მე მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი სახსრები არა აქვს... ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ - მასალითაც, მუშახელითაც - ეგებ ერთიანი ძალისხმევით აღვადგინოთო"...

ამან გურამ შარაძე განსაკუთრებით აღაფრთოვანა და შეხვედრის შემდეგ მითხრა: "ეს რა კაცი ყოფილაო!" "ეს იგივეა, რუსებს ვინმემ რომ შესთავაზოს: Ясная Поляна დაგინგრევიათ და ჩვენ აღგიდგენთ... თქვენი არ ვიცი, მე კი სირცხვილის ოფლმა დამასხა"- მეთქი. "მართალია, მე ამ კუთხით არ შემიხედავსო," - ცოტათი შეცბა.

ამ მისვლა-მოსვლისა და ყოველდღიური სატელეფონო საუბრების მიუხედავად, საქმე ადგილიდან არ დაძრულა. თბილისში ელცინის ჩამოსვლა იყო დაგეგმილი თებერვლის პირველ რიცხვებში და როგორც ჩანს, ამ საქმეში "დიდი ძმის" სანქციას ელოდებოდნენ.

ჩეჩნური მხარე ბევრს ეცადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მოეზიდა, მაგრამ ამ მოწოდებას მეზობელი ინგუშებისა და ლიტველების გარდა არავინ გამოეხმაურა. ლიტვიდან საგანგებოდ ოთხკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, მათ შორის - ორი ლიტვის სეიმის წევრი და ერთი დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, მაგრამ ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ უკანვე გაბრუნდა. "როგორც კი გადაწყდება გადმოსვენება, მაშინვე დავბრუნდებითო," - დაგვპირდნენ.

პრეზიდენტმა დუდაევმა დაკრძალვის ადგილის შესახებ არჩევანის გაკეთება მთლიანად ოჯახს მიანდო. რამდენიმე ალტერნატივა განიხილებოდა, მათ შორის: შეიხ მანსურის მოედანი (გროზნოს მთავარი მოედანი) და იქაური რუსული ეკლესიის ეზო. ეს უკანასკნელი სერიოზული განსჯის საგნად იქცა. პრეზიდენტის ვაჟ ცოტნესთან ერთად ეკლესია დავათვალიერეთ და დავრწმუნდით, რომ იქ შესაფერისი ადგილი არ მოიძებნებოდა. არჩევანი საბოლოოდ იქაური "კოშკის" ეზოზე შეჩერდა. საუბარია სამთავრობო რეზიდენციაზე, სადაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ გროზნოში ყოფნის ორი არასრული წელი გაატარა. მოგვიანებით ეს სახლი და მისი ეზო პრეზიდენტმა დუდაევმა საგანგებო ბრძანებულებით პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახს გადასცა.

ჯოჰარ დუდაევს ოჯახის არჩევანი გადავეცი. "ეკლესიაზე თავი რატომ შეიკავესო," - იკითხა. "ჩათვალეს, რომ ეს არასწორი იქნებოდა. თქვენ ხომ უკეთ იცით, რომ თქვენი და პრეზიდენტ გამსახურდიას ურთიერთობა კონფესიებზე უფრო მაღლა იდგა"-მეთქი. ამის გაგონებაზე აღელვება ვერ დამალა.

ამასობაში თბილისში ჩამოსულ ელცინს თეთრი ჩოხით და ქამარ-ხანჯლით მოკაზმულმა ჯაბა იოსელიანმა წარმატებით უმასპინძლა და საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა. დიდი ყოყმანის შემდეგ, თებერვლის შუა რიცხვებში, ოჯახის ხუთივე მოთხოვნას დათანხმდნენ. ამ დროისათვის გროზნოში ჯერ პრეზიდენტის დაცვის დარჩენილმა ორმა წევრმა - რობინზონ მარგველანმა და გოჩა კეკენაძემ, მოგვიანებით კი - ბესარიონ გუგუშვილმაც ჩამოაღწიეს. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ბესოს მეუღლის - ლია ერგემლიძის უმაგალითო თავშეკავება და მხნეობა, რომელიც მთელი ამ აუტანელი გაურკვევლობის პერიოდში გამოავლინა.

საქმე გადასვენებაში მონაწილე პირთა სიის შეთანხმებაზე მიდგა. გროზნოდან გაგზავნილ სიაში სხვებთან ერთად უზენაესი საბჭოს ოთხი წევრისა და პრეზიდენტ გამსახურდიას ოთხი პირადი მცველის გვარი ფიგურირებდა. თბილისიდან დაბრუნებულ სიაში ოთხივე დეპუტატის, მათ შორის ჩემი გვარიც ამოშლილი აღმოჩნდა. გამოდიოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადმოსვენებაში ქართული მხარე მხოლოდ პრეზიდენტის მცველით, ანუ მეგზურით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და მთელი საფრთხე - ვინ იცის, რა დაგეგმილი პროვოკაციებისა - მხოლოდ ჩეჩნებს უნდა დასწოლოდა. ზელიმხანთან - დელეგაციის მეთაურთან - მივედი და ვთხოვე, რომ თან წავეყვანე. "ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემ" - იყო პასუხი.

15 თებერვალს, გვიან ღამით, პრეზიდენტის ოჯახს დავემშვიდობე. ზვიადის უმცროსმა ვაჟმა, 14 წლის გიორგიმ, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ინარჩუნებდა მხნეობას, კარებამდე გამომაცილა, მცირე ზომის ფსალმუნნი მომცა და მითხრა: "თუ გაგიჭირდეს, 90-ე ფსალმუნი წაიკითხე." თან დაამატა: "თუ რამე დაგემართა, იცოდე - შენ შვილს მე ვუპატრონებო."

16 თებერვალს, დილით, ტუ-135 თვითმფრინავი გროზნოდან თბილისში გამოფრინდა. დელეგაციაში შედიოდნენ: ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჩეჩნეთის პარლამენტის წევრი მათე ციხესაშვილი, ინგუში დისიდენტი და ზვიადის მეგობარი ისა კოძოევი, ლიტველები: ჯოჰარის მეგობარი და თანამებრძოლი ვიტაუტას ეიდუკაიტისი, სეიმის წევრი ალგირდას პატაცკასი, აგრეთვე ზელიმხანის დაცვის რამდენიმე წევრი; ქართველებიდან - რობინზონ მარგველანი და მე.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, თბილისში პროცედურული დეტალების საბოლოო დაზუსტების შემდეგ თვითმფრინავი სენაკში უნდა გადაფრენილიყო. თბილისში დაფრენისთანავე დელეგაცია სრული შემადგენლობით მოსალაპარაკებლად გაემართა. მე და რობინზონს წინასწარ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მოლაპარაკებაზე არაფერი გვესაქმება, თუ რაიმე აუცილებლობა არ მოითხოვს და რომ პროცედურაში საბოლოო სტადიაზე ჩავერთვებით. ასეც მოხდა და თვითმფრინავში მარტონი დავრჩით. დაშვებისთანავე თვითმფრინავში გურამ შარაძე ამოვიდა, რომელსაც ჩემს დანახვაზე ფერი ეცვალა: "შეუთანხმებლად რატომ ჩამოხვედით, ახლა აქ ავთანდილ იოსელიანი ამოვა, მე პასუხს თქვენს უსაფრთხოებაზე ვერ ვაგებო" - და მალევე უკან გაბრუნდა. იოსელიანმაც, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი, არ დააყოვნა. "თბილად" მოგვესალმა და ხელიც გამოიშვირა. მე არ ჩამოვართვი. "ხელს რატომ არ მართმევ?"- იკითხა. "არ გიცნობ და იმიტომ"-მეთქი. "მალე გამიცნობ!" - თქვა და წავიდა. თვითმფრინავს ტრაპი მოხსნეს და დაცვა დაუყენეს.

გამოირკვა, რომ "დეტალების დაზუსტებამ" ახალი სიმწვავე და დამხვდურების მხრიდან ყოყლოჩინობის ხასიათი შეიძინა. განსაკუთრებულად თურმე ანზორ ბალუაშვილი ცხარობდა: "თვითმფრინავში კრიმინალები გყავთ და ახლავე მათი დაკავების განკარგულებას გავცემო." "თვითმფრინავი ჩეჩნეთის ტერიტორიაა და ამის გაკეთებას არ გირჩევთო," - აუღელვებლად უპასუხა ზელიმხანმა. საბოლოოდ ზელიმხანის წყნარმა შეუვალობამ გაჭრა. გადაწყდა, რომ მეორე დღეს დილით სენაკში გადავფრინდებით და ყველაფერი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნების თანახმად ჩაივლის. ბალუაშვილის ყელყელაობასთან დაკავშირებით შარაძეს დანარჩენებისათვის უთქვამს: "რა გჭირთ, საქმე რომ ისრაელის პრეზიდენტს ეხებოდეს, ქართველს ამდენს ალაპარაკებდნენო?"

მოლაპარაკებების შუალედში თვითმფრინავში მათე ციხესაშვილი, გივი ლომინაძე, მიქელაძე და ავთანდილ იოსელიანი ამობრუნდნენ. იოსელიანმა რობინზონ მარგველანი დაიმარტოხელა და ეუბნება: "დაკრძალვის ადგილი უნდა გაამხილო - სხვანაირად არაფერი გამოვა. ხვალ იქ ხომ უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყო." რობინზონი შეცბუნებული ჩანს... "მითხარი, ჯაღრაშია, არა?" რობინზონმა თავი დაუქნია. "ასეც ვიცოდი!" - კმაყოფილმა იოსელიანმა ტაში შემოჰკრა.

მე ეს საუბარი ყურმოკვრით მესმოდა და ფერი მეცვალა. აკი მოვილაპარაკეთ, რომ დაკრძალვის ადგილს არ გავამხელთ, სანამ უშუალოდ იქ არ ავღმოჩნდებით! ზუსტი ადგილი მე არც ვიცოდი - რაში მჭირდებოდა? რობინზონისაკენ უკმაყოფილო მზერა გამეპარა. რობინზონს ჩაეღიმა და თვალი სხვებისათვის შეუმჩნევლად ჩამიკრა. ჩეკას "მზაკვრობას" სვანურმა "გულუბრყვილობამ" აჯობა...

თვითმფრინავიდან ჩემი ჩამოსვლის საკითხი ღიად დარჩა. მე მოვითხოვე, რომ პროცედურის საბოლოო სტადიაში ჩემთვის მონაწილეობის საშუალება მოეცათ. ამაზე იოსელიანმა მიპასუხა: "შენზე საქმეა აღძრული. თვითმფრინავიდან რომ ჩამოგიშვა, პირდაპირ საკანში უნდა მიგაბრძანო". მეორე დილით ზელიმხანმა თქვა: "არა უშავს, შენი მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ვხედავო". უსიტყვოდ დავეთანხმე.

დაღამდა. მოლაპარაკების მონაწილენი "საქმის ღირსეულად დამთავრების აღსანიშნავად" გაემართნენ. თვითმფრინავში დავრჩით მე, რობინზონი და ზელიმხანის დაცვის ოთხი წევრი. მთელი ქალაქი ჩაბნელებულია - აეროპორტის ჩათვლით. ყინავს. თვითმფრინავი კონსერვის ქილასავით მყისიერად გაიყინა. გვცივა და გვშია. კიდევ კარგი, ვიტას ეიდუკაიტისს გავახსენდით: "ბანკეტიდან" მცირეოდენი სანოვაგე, რამდენიმე ბოთლი ღვინო მოგვიტანა და რის ვაივაგლახით თვითმფრინავში ამოგვაწოდა (ტრაპი კვლავ მოხსნილი იყო).

მუსლიმებისათვის განსაკუთრებით მკაცრი მარხვის თვე - რამადანი იდგა. სანოვაგის დიდი ნაწილი კი ღორის ხორცია. ჩეჩნები გვეკითხებიან: "ეს რა არის?" ორჭოფულ მდგომარეობაში ავღმოჩნდით. ფრთხილად შევაპარე: "მგონი ღორის ხორცია"-მეთქი. "არა უშავს, მგზავრობისას ყველაფერი დასაშვებია!" - ერთად მივირთვით და ღვინოც დავაყოლეთ. ასეთია "ისლამური ფუნდამენტალიზმის" ჩეჩნური ვარიანტი. თუმცა ღვინომაც ვერ გვიშველა და მთელი ღამე თვითმფრინავში დავრბოდით, რომ არ გავყინულიყავით.

მეორე დილას თბილისიდან სენაკში ერთი ვერტმფრენის თანხლებით გავფრინდით. ქართული მხარის თხოვნით, თვითმფრინავში დამატებით უშიშროების სპეცრაზმიც განთავსდა, რადგან ვერტმფრენში ვერ დაეტია. თვითმფრინავში საწვავის ჩამატება გახდა აუცილებელი, რაშიც "გულუხვმა მასპინძლებმა" ჩეჩნებს თანხა საერთაშორისო ნიხრის მიხედვით გამოართვეს. ამაზეა ნათქვამი: "ძმამ ძმას ანგარიში უყოო..." ერთმა ჩეჩენმა, რომელზეც სპეცრაზმმა სათანადო შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, მითხრა: "ასეთი ჯარით საქართველოს ძალიან გაუჭირდებაო." - ამათ ქართულ ჯართან არაფერი ესაქმებათ-მეთქი. სხვა რა მეთქმოდა...

ჩავფრინდით სენაკში. დელეგაციამ ვერტმფრენში გადაინაცვლა და რობინზონის მეგზურობით ჯიხაშკარისაკენ გაფრინდა, სადაც პრეზიდენტ გამსახურდიას ნეშტი დროებით ზარანდიების ოჯახში დაეკრძალათ. რობინზონმა ადგილი ჰაერიდანვე იპოვა. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დამთავრდა. ზელიმხან იანდარბიევმა მარგიანს ხელშეუხებლობის პირობა შეახსენა. მარგიანმა თურმე იუკადრისა: "რა დევნა, როგორ გეკადრებათ, კვირიკეს ხატზე დავიფიცებ, რომ ამათ არავინ ხელს არ ახლებს. პირიქით, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ოჯახს, რადგან პრეზიდენტს საკადრისი პატივი მიაგესო." (გროზნოში დაბრუნების შემდეგ შევიტყეთ, რომ ოჯახის ოთხმოც წელს გადაცილებული უფროსი სენაკის პოლიციაში წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მცირეოდენი დროის შემდეგ ეს კაცი გარდაიცვალა. იანდარბიევმა ჩემი თანდასწრებით ტელეფონით უთხრა მარგიანს: "ეს იყო თქვენი პირობაო?" რა პასუხი მიიღო, არ ვიცი.).

პრეზიდენტის ნეშტი ვერტმფრენით სენაკის აეროდრომზე გადმოასვენეს, სადაც კვლავ წამოიწია ექსპერტიზის საკითხმა. ზელიმხანმა და ლიტველებმა თავისი გაიტანეს და ყველაფერი ვიზუალური დათვალიერებით შემოიფარგლა, რომელშიც პათანატომი თამარ დეკანოსიძე და პროფესორი ვახტანგ ბოჭორიშვილი მონაწილეობდნენ. ვიტას ედუკაიტისი და ალგირდას პატაცკასი აბეზარი ფოტოკორესპონდენტების მოგერიებას უნდებოდნენ. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ ჩეჩნეთიდან წამოღებული ქართული დროშა კუბოს გადავაფარეთ, თვითმფრინავში დავასვენეთ და გროზნოსაკენ გავფრინდით.

მერაბ კიკნაძე
დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი

http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=84&date=&new_month=&new_year=
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=84&info_id=8122

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი