სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 22, სულ: 33  შემდეგი > 
რეჟისორი იოსელიანი - გამოჩენილი ხელოვანი და კიდევ უფრო გამოჩენილი არაკაცი (ნაწილი 6)
ავტ.: შავლეგო : 9/3/2004

ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ არაკაცების მიერ აღძრულ საქმეში ვკითხულობთ: „უკანონობით აღშფოთებული საზოგადოების წარმომადგენლები, იმის გამო, რომ ზ. გამსახურდია მათ სამართლიან კრიტიკას ყურად არ იღებდა, იძულებული გახდნენ, მიემართათ პროტესტის ისეთი ფორმებისათვის, როგორიცაა მსვლელობები და მიტინგები.
 
1991 წლის 2 სექტემბერს, 18 საათზე, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლის წინ, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები ატარებდნენ საინფორმაციო მიტინგს, რის თაობაზეც საზოგადოება წინასწარ იყო ინფორმირებული გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელში" 1991 წლის 31 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული განცხადებით.

ზ. გამსახურდიამ, მისი საწინააღმდეგო აზრის მქონე პირთა ფიზიკური ანგარიშსწორების, მათი შემდგომში დაშინების და დამორჩილების მიზნით, ხელისუფლების გადამეტებით განიზრახა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაერბია მშვიდობიანი მიტინგი, რა მიზნითაც, 1991 წლის 2 სექტემბერს, 12 საათზე, თავის სამუშაო ოთახში რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს დილარ ხაბულიანს და ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს ალექსანდრე მიქაბერიძეს მისცა უკანონო განკარგულება მიტინგის დასარბევად გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შინაგან საქმეთა სპეცდანიშნულების რაზმის პირადი შემადგენლობა.

ზ. გამსახურდიას უკანონო განკარგულების შესასრულებლად დ. ხაბულიანმა და ა. მიქაბერიძემ თავის მხრივ შს სამინისტროს ათასეულის მეთაურს, ავთანდილ წოწორიას მისცეს ასევე აშკარად უკანონო განკარგულება, სპეცდანიშნულების პირადი შემადგენლობის სრული ეკიპირებით კინოს სახლთან გაყვანისა და მიტინგის ძალის გამოყენებით დარბევის შესახებ. იმავე დღეს, 17 საათსა და 45 წუთზე, რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლის წინ 200-მდე მომიტინგე ძალის გამოყენებით დარბეულ იქნა, რასაც თან ახლდა იარაღის გამოყენება. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო გიორგი ზოდელავამ, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ალექსანდრე გრიშინმა, ხოლო თენგიზ შვანგირაძემ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

მიტინგის დარბევის დროს ათეულობით სხვა მოქალაქემ და მილიციის მუშაკმა მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებანი.

ამდენად, ზ. გამსახურდიას მიერ ხელისუფლების გადამეტებამ განსაკუთრებით მძიმე შედეგები გამოიღო.“

  • არაკაც ოთარ იოსელიანს, რომლის საათნახევრიან ფილმში არ და ვერ მოინახა ადგილი კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მიტინგებისა და მსვლელობების მრავალრიცხვოვანი მხეცური დახვრეტების თუნდა ერთი ფაქტის აღნიშვნისათვის -  რა თქმა უნდა არ ძალუძს საგანგებოდ არ გამოჰყოს 1991 წლის 2 სექტემბერის ვითომ დემოკრატების „სისხლიანი“ დარბევა. ამასთან - არაკაციმა იოსელიანმა ვითომ არ იცის, რომ ამ ინციდენტის დროს ცეცხლსასროლი ჭრილობა პოლიციელებმა მიიღეს... ამ პოლიციელებს „მშვიდობიანმა და შეუიარაღებელმა“ მომიტინგეებმა ესროლეს!!


    მიაქციეთ ყურადღება ენ-დე-პე-შნიკების მცირე ჯგუფს, რომელიც ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მრავალათასიანი მიტინგის შუაგულში პროვიკაციულად შეიჭრა და მსხდომარე აქციის მოწყობა დაიწყო იმ მიზნით, რომ გამოეწვია კანონიერი ხელისუფლების მომხრეები ხელჩართულ ჩხუბში


    მიაქციეთ ყურადღება კედელთან მიმწყვდეულ ჩაფხუტიანი პოლიციელების მცირე ჯგუფს როგორ პროვოკაციულად უტევენ ვითომ მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეები

    სიმართლე - ამ ინციდენტის დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაძლო დარღვევების თაობაზე თვით ზვიად გამსახურდიამ აღძრა გამოძიება და საქმე, თუმცა ახლა, 2004 წელს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1991 წლის 2 სეტემბრის აქცია დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების დასაწყისი იყო და კანონიერი ხელისუფლების მხრივ მკაცრ აღკვეთას იმსახურებდა.

ვიდეო: 1992 წლის 2 სექტემბერი - პუტჩების დასაწყისი


რეჟისორ იოსელიანის არაკაცობის დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტი:
ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა
(გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 10 ივლისი - 15 აგვისტო, 2004 წელი)

მტკიცებულებათა ანალიზით დადასტურებას ვერ პოულობს ბრალდება, თითქოსდა ზვიად გამსახურდიას მიერ გაცემული კანონსაწინააღმდეგო განკარგულების საფუძველზე, 1991 წლის 2 სექტემბერს დარბეულ იქნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ გამართული მიტინგი, ასევე, რომ იგი სისტემატურად არღვევდა კონსტიტუციურ გარანტიებს, ატარებდა ანტისახელმწიფოებრივ, ანტისახალხო საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რისთვისაც ცდილობდა უზენაესი საბჭოს წევრების უსიტყვო მორჩილებაში მოქცევას და თავის ნებაზე დაყოლიებას. მან უზენაეს საბჭოზე ზეგავლენის გზით მიაღწია 3 დეპუტატისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას, შემდეგ კი, ახორციელებდა რა ანტისახალხო საშინაო პოლიტიკას, ქართული სახელმწიფო მოაქცია სრულ იზოლაციაში, ამასთან, 1991 წლის 22 დეკემბერს, მისი მითითებით, ასევე ცეცხლი გაუხსნეს საკუთარ მოსახლეობას.

დადასტურებას ვერ პოულობს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ გამართული მიტინგის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა თუ სხვა საშუალებით დარბევის კანონსაწინააღმდეგო განკარგულების გაცემის ფაქტი, მიუხედავად აღნიშნულში მისთვის ბრალის შერაცხვისა.

საქმის მასალებით, 1991 წლის 2 სექტემბერს, 18 საათზე, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლის წინ, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები ატარებდნენ საინფორმაციო მიტინგს, რაზედაც საზოგადოებრიობა წინასწარ იყო 1991 წლის 31 აგვისტოს გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელში" გამოქვეყნებული განცხადებით ინფორმირებული.

აღნიშნული მიტინგი დაშლილ იქნა. მიტინგში მონაწილეთა ნაწილმა, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველმა მილიციის მუშაკებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის, მათ შორის, ცეცხლნასროლი დაზიანებები.

ამ ფაქტზე, იმავე დღეს, 1991 წლის 2 სექტემბერს, ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის #1091816 საქმე ჩატარებულ მიტინგში მონაწილეთა მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი დაუმორჩილებლობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ათასეულის მუშაკთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ხსენებულ დანაშაულებრივ ფაქტზე, გამოძიების მასალებით, მიტინგი ჩატარებული იქნა აღნიშნულისათვის აუცილებელი სანქციის გარეშე. საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებამდე ამ დანაშაულში სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ ყოფილა მიცემული.

1992 წლის 2 მარტს საქმეზე გამოტანილი იქნა ალექსანდრე მიქაბერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება იმაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელმა მიტინგი დაარბია საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განკარგულების საფუძველზე, რომელიც მან მისცა შინაგან საქმეთა მინისტრს დილარ ხაბულიანს, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, აღნიშნულის შესრულება დაავალა ა. მიქაბერიძეს.

ხსენებული დადგენილების მიხედვით, იმის გამო, რომ "რესპუბლიკაში ტოტალური რეჟიმი იყო დამყარებული, სადაც კანონი არ წარმოადგენდა უზენაესს და ყველაფერი დამოკიდებული იყო პრეზიდენტის ნება-სურვილზე, შეუძლებელი იყო ა. მიქაბერიძეს არ შეესრულებინა პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანება, მით უმეტეს, რომ თვით ა. მიქაბერიძეს არ გაუცია არავითარი განკარგულება მიტინგი აღეკვეთათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით..."

იმავე დღეს, 1992 წლის 2 მარტს, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია ბრალდებულის სახით ხსენებულ საქმეზე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში იმისათვის, რომ 1991 წლის 2 სექტემბერს გამართული ზემოხსენებული მიტინგი დარბეული იქნა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გაცემული კანონსაწინააღმდეგო განკარგულების საფუძველზე, რასაც შედეგად მოჰყვა ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა - დარბევის შედეგად ათეულობით მოქალაქემ და მილიციის მუშაკებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის, მათ შორის, ცეცხლნასროლი დაზიანება.

1992 წლის 2 მარტს სისხლის სამართლის საქმე შეჩერებული იქნა წარმოებით იმაზე მითითებით, რომ ზვიად გამსახურდიას და დილარ ხაბულიანის დაკითხვის გარეშე შეუძლებელი იყო ალექსანდრე მიქაბერიძისა და ასევე დარბევაში მონაწილე სპეცდანიშნულების ათასეულის მეთაურის ავთანდილ წოწორიას ბრალეულობის საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა.

1992 წლის 11 მაისს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დილარ ხაბულიანი, რომელმაც არ დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიტინგის დარბევის თაობაზე განკარგულების მიღება.

აღნიშნულის მიუხედავად, გამოძიების მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული ზვიად გამსახურდიას მიერ დილარ ხაბულიანისათვის მიტინგის დაშლაზე კანონსაწინააღმდეგო განკარგულების მიცემა და მის მიმართ, 1995 წლის 10 ნოემბრის გადგენილებით, გარდაცვალების მოტივით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

დ. ხაბულიანის, ა. მიქაბერიძის და ა. წოწორიას მიმართ გამოძიებას არ უმსჯელია და ხსენებული პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუცია კანონსაწინააღმდეგო განკარგულების შესრულებისათვის.

ხსენებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა, გამოძიებას არ გააჩნდა მტკიცებულებები აღნიშნულ დანაშაულში ზვიად გამსახურდიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის, გარკვეულ ზეწოლათა შედეგად, გამოძიების მიერ მას მაინც შეერაცხა ბრალდება ამ დანაშაულში, ხოლო იმავე ინტერესებიდან გამომდინარე და შეცვლილ გარემოებათა გამო, ზემოხსენებული სხვა პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილან.

ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით, დაგმობილი იქნა 2 სექტემბერს ქ. თბილისში რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გარემოებებთა ყოველმხრივი შესწავლისათვის შეიქმნა უზენაესი საბჭოს კომისია, ყველა რეგისტრირებული პარტიის, აგრეთვე საზოგადოებრიობის წარმომადგენლობათა მონაწილეობით. ამასთან, ცნობად იქნა მიღებული, რომ ამ ფაქტის გამო ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა გამოძიება.


 

 

კრიტიკული ნარკვევის ავტორი:
საქართველოს კინიკორპორაციის პრეზიდენტი
კულტურის მინისტრის მოადგილე კინემატოგრაფის დარგში
ბესარიონ გუგუშვილი

 

© ბესარიონ გუგუშვილი