სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 4, სულ: 11  შემდეგი > 
მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა
ავტ.: შავლეგო : 12/29/2007

მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა (ზაზა გაბედავას ვიდეოდოკუმენტური მასალა).

მერაბ კოსტავას დაკრძალვა

ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა მერაბ კოსტავასადმი

მ.კოსტავას დაკრძალვა -- ოფოიოზური ვიდეომასალა


ზვიად გამსახურდიას სიტყვა წარმოთქმული მერაბ კოსტავას დაკრძალვაზე მთაწმინდის პანთეონში

დასრულდა მოწამეობრივი გზა დიდი მამულიშვილისა, ჩვენი ძმის და მეგობრის, ყველა ქართველის საფიცარი მერაბ კოსტავასი.

ჭეშმარიტად დიდია ღვაწლი, რომელიც მან დასდო საქართველოს თავისი სიბრძნით, თავისი მაღალი ზნეობით, მაღალზნეობრივი მაგალითით.

ძმანო, დღევანდელი დღე 9 აპრილის ტოლია. ღვთის დიდება გადმოვიდა საქართველოზე, ძმანო, რამეთუ ამაღლდა დიდი ქართველი და დაჰნათის საქართველოს, ვითარცა წამებულნი 9 აპრილისანი და მოგვიწოდებს თავდადებისაკენ, მამულის სიყვარულისაკენ, ურთიერთ სიყვარულისაკენ.

თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერთიანა საქართველო. მას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა, უკეთუ არ შეიყვარეთ ურთიერთი, არ შეგიყვარებთ უფალი, ვერ გადარჩება ჩვენი სამშობლო. აი, ეს არის მერაბის ანდერძი: იყვარებოდეთ ურთიერთას, აი, მერაბის კრედო ცხოვრებისეული, აი, ის მიზანი, რომლისკენაც უნდა ვილტვოდეთ ჩვენ.

ძმანო, მოვექცეთ სარწმუნოებაზე, დავიბრუნოთ წინაპრების სარწმუნოება, რამეთუ წავწყდებით სიმრავლეთაგან, მოვწყდებით ცოდვათა შინა. აი, მერაბის ანდერძი, ძმანო! ვემსახუროთ უფალს, რომელსაც მსახურებდნენ ჩვენი წინაპრები, განვიწმინდოთ გულნი ჩვენნი. აი, მერაბის ანდერძი, ძმანო!

რაღად უნდა რეფერენდუმი საქართველოს, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა აღიარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რაინდის დიდება, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა ამოაცილა წინაპართა, წმინდანთა და მოღვაწეთა სამკვიდრებელში. განა მერაბთან ერთად ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა არ ამოვიდა აქ, ძმანო? განა არ განიწმინდა ამით ჩვენი მოძრაობა, ჩვენი ერი?

ძმაო, დამუნჯებული ვარ მწუხარებისაგან, გაგვიშრა ცრემლი, შენს ძმებს გაგვიშრა ცრემლი. მძიმე ტვირთია, რომელიც შეგვატოვე მხრებზე, ძმაო!

უტყვია მწუხარება, ვეღარ მითქვამს გულისნადები. იმას კი ვიტყვი, რომ ჩვენს გულებში ანთებული სანთლები გაგვინათებს გზას სულეთისაკენ, ვითარცა შენი ხატება გაგვინათებს ჩვენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე.

დიახ, ძმაო, მთელი საქართველო დაგტირის, მაგრამ შენ აღაზევე დღეს საქართველო! აღაზევე შენი მსხვერპლით, რამეთუ არ შეუშინდი სიკვდილს, ძმაო. შენი ცხოვრება ვეფხისა და მოყმის ბრძოლას ჰგავდა და არც შენ შეხვდი, ძმაო, ვეფხვს ჭკვიანი.

მრავალჯერ გაგაფრთხილე, მრავალჯერ გთხოვე, შენი ძვირფასი სიცოცხლე შეგვინარჩუნე-მეთქი, მაგრამ შენ მუდამ მაღლა იდექი ყოველგვარ შიშზე. მუდამ მაღლა იდექი ყოველგვარ სულმოკლეობაზე! წინაპრების სასუფევლიდან მოგვივლინა უფალმან წინაპარი ჩვენი აღმდგარი, რამეთუ დავეცით, რამეთუ ვუღალატეთ სარწმუნოებას, ვუღალატეთ ზნეობას, ვუღალატეთ ერს!

და იგი მოგვივლინა, რათა შთაგვბეროს სული გმირობისა, შეუპოვრობისა, მამულისათვის თავდადებისა. აწ აღვსდგეთ და მივსდიოთ მაგალითს მისას, რათა ვიხსნათ ჩვენი ერი, გათელილი მტრის ჩექმის ქვეშ. იგი გაგვიძღვება, ძმანო! იგი არ მომკვდარა, იგი კვლავ შეგვასმენს თავის გმირულ “შავლეგოს”, კვლავ შეგვასმენს და კვლავ დაამხობს მტერს, დაამხობს და გაათავისუფლებს საქართველოს!

საუკუნოდ იყოს, ძმაო, სახსენებელი შენი! შენი ერი შენთან არის, შენ მიერ გაღვიძებული ივერი შენთან არის, ძმაო, დიდი ილიას გვერდით დამკვიდრებულო!

 


საკვანძო სიტყვები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა

ასოცირებული პუბლიკაციები::
• 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ »
• პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნიში »
• ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია »
• ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა »
• „გორგასლიანი“ - 1956 »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი