ისტორია - 2007-11-03 12:59
ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ მათ შორის არსებული "ნიუანსური განსხვავებები” პოლიტიკურ შეხედულებებს შორის არ იძლეოდა "დაქსაქსული, სეპარატისტული მოქმედებების საფუძველს”. თუ რაიმე სადავო და საკონფლიქტო საკითხები წარმოიშვებოდა, ამასაც ეშველებოდა, მათ "მოლაპარაკების გზით” გადაწყვეტდნენ. ამგვარი იმედიანობითა და თავდაჯერებული დაპირებებით შეუდგა მოღვაწეობას "ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი”.
ე. წ. ზომიერ-ოპოზიციურ ჭავჭავაძის საზოგადოებასა და რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არც ადრე იყო იდეალური ურთიერთობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძისტებს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე "ეროვნული ხსნის კომიტეტის” კარი მიუხურეს, მათ შორის ღია კონფრონტაციის ეტაპი დაიწყო. ისტორია განმეორდა. ადრე ჭავჭავაძისტებმა უგულებელყვეს ზვიად გამსახურდიას პიროვნება და მასთან თანამშრომლობა არ მოინდომეს. ახლა გამსახურდიამ და მისმა რადიკალურმა მოკავშირეებმა აარიდეს თავი ჭავჭავაძისტებთან თანამშრომლობას. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” ეროვნული მოძრაობისაგან ფაქტიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ "ეროვნულ მოძრაობაში” რადიკალურ ბანაკს და "ეროვნული ხსნის კომიტეტში” გაერთიანებულ ორგანიზაციებს ვგულისხმობთ. იმ პერიოდში "ეროვნულ მოძრაობაში” რატომღაც მხოლოდ რადიკალურ დაჯგუფებებს გულისხმობდნენ, რაც თავისთავად არ იყო სამართლიანი მიდგომა. ეროვნული მოძრაობა არარადიკალური ბანაკის წარმომადგენლებსაც მოიცავდა.
ამ მარტოობას ჭავჭავაძისტები აღიარებდნენ. "ალბათ სწორედ ამიტომ აწყდებოდა და აწყდება ამ ჯოჯოხეთში ჩვენი საზოგადოება გააფთრებულ წინააღმდეგობას; ალბათ ამიტომ რჩება ხშირ შემთხვევაში იგი მარტო, და ალბათ ამ მიზეზით სახიჩრდებიან და იხოცებიან მისი წევრები ასეთ ბრძოლებში” - წერდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთი "ივერია”.
მართალია ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა და ცალკეულ რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება უკვე 1987-1988 წლების მიჯნაზე დაიწყო, მაგრამ ისტორიული ხდომილებების სიზუსტისათვის საჭიროა კონკრეტული გამმიჯნავი თარიღი დავასახელოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იყო 1989 წლის ოქტომბერი, როცა ეროვნული ხსნის მთავარმა კომიტეტმა უარი უთხრა ჭავჭავაძის საზოგადოებას თანამშრომლობაზე. პირველი სრული გათიშვა და დაპირისპირება მემარჯვენეთა ბანაკის ზომიერ ნაწილსა და რადიკალებს შორის მოხდა.
სახალხო ფრონტის დაფუძნება - კიდევ ერთი დაპირისპირების ფონზე. 1989 წლის ზაფხულისათვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე თვეა გასული. ზვიად გამსახურდიასა და რადიკალური მოძრაობისადმი ინტელიგენციის ძირითადი ნაწილის პოზიცია დადებითია. ბევრი ისეთი მოღვაწე, რომელიც შემდეგში მწვავედ დაუპირისპირდა ეროვნულ რადიკალებს, ჯერ კიდევ ლოიალურია მათ მიმართ. მათ შორისაა ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც 1989 წლის 8 აპრილის პარტიული აქტივის კრებაზე პროტესტს აცხადებს მისაღები დოკუმენტის იმ პუნქტის შესახებ, რომელიც არაფორმალების დაპატიმრებას ითვალისწინებს. უფრო გვიან ჯ. ჩარკვიანი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისადმი გაგზავნილ წერილში უკვე დაპატიმრებული არაფორმალების ლიდერების განთავისუფლებას მოითხოვს. მეტიც, იგი თავდებად უდგება გამსახურდიას, კოსტავას, ჭანტურიას და წერეთლის განთავისუფლებას. დამახასიათებელია იმჟამინდელი მცირეხნიანი და ურთიერთსოლიდარობის გამომხატველი მისივე სიტყვები: "ისინი დღეს გარეთ არიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს მომავლისათვის, განა ესეც ჩვენი დიდი მწერლობის სახელით არ გაკეთდა?... დიახ, ერთად, მხოლოდ ერთად, ჩვენ ტანკი არ გვაქვს, არც ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება, ამიტომ ჩვენი ძალა ერთობაშია!” (გაზ. "ქართული ფილმი.” 1989, 14 ივნისი). ისღა დაგვრჩენია, ჯანსუღ ჩარკვიანის ეს სიტყვები ქართველი მწერლებისა და არაფორმალების მაშინდელი ერთიანობის ამაღელვებელ დადასტურებად მივიღოთ.
ასევე არაფორმალებისადმი და, კერძოდ, გამსახურდიასადმი თუ სხვა ლიდერებისადმი ლოიალურია ნაირა გელაშვილიც. 1988 წლის ოქტომბერში რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ინტელიგენციის შეხვედრაზე იგი კატეგორიულად აცხადებს: "ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, საერთოდ არაფორმალურ გაერთიანებებს აქვთ უდიდესი გავლენა ახალგაზრდობაზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო, მათ მიეცეთ პრესა. მათი ლანძღვა-გინება პრესის ფურცლებზე, როცა მათ პასუხის შესაძლებლობა წართმეული აქვთ - დაუშვებელია!”. აქაც არაფორმალებისადმი ლოიალობაა, მხარდაჭერა, მათი საქმიანობის აღიარებაა. გამსახურდიასადმი მხარდაჭერა იმდენად თვალშისაცემია, რომ იმავე კრებაზე, თვით ნაირა გელაშვილის გადმოცემით, "ერთი ხანდაზმული ბატონი” წამომდგარა და თანაპარტიელი კომუნისტებისათვის მიუმართავს: "მე დავადგინე, რომ მწერალთა კრება, ვისი სახელითაც ეს ქალბატონი ლაპარაკობს, საერთოდ არ შემდგარა. ქალბატონი მეტყველებს ზვიად გამსახურდიას ინსპირაციით და ტექსტიც მისი დაწერილი შემოგვაპარაო”. აი, მაშინდელი ქართული საზოგადოებრივი ერთიანობის კიდევ ერთი საბუთი, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ უჭირდათ ნაირა გელაშვილისა და ზვიად გამსახურდიას ერთმანეთისაგან გარჩევა მსოფლმხედველობრივად.
მაგრამ გაივლის ერთი წელი თუ რამდენიმე თვე და ნაირა გელაშვილის დამოკიდებულება "მოძრაობის” ლიდერებისადმი თუ ერთ-ერთი ლიდერისადმი კარდინალურად შეიცვლება. სწორედ ამ არასასურველ მეტამორფოზას ეძღვნება მისი ინტერვიუ, 1989 წლის 10 ოქტომბერს რომაა მიცემული და რასაც აღწერს კიდეც მწერალი-მანდილოსანი. ცხადია მისი აზრით, მეტამორფოზა მის მსოფლმხედველობაში კი არ მოხდა, არამედ ეროვნული მოძრაობის ლიდერებში, რამაც განაპირობა კიდეც ცვლილება მწერლის პოზიციაში.
მთავარი ცვლილება, რასაც მწერლის შეშფოთება გამოუწვევია, არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებსა და ინტელიგენციას შორის დაპირისპირებაა. ადრე ეს მკვეთრად არ ჩანდა, მაგრამ მთელი რელიეფურობით გამოჩნდა სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე და სწორედ აქ განვითარებულ პერიპეტიებს იხსენებს ნაირა გელაშვილი. "დარბაზი გაიყო ორ მტრულ ბანაკად. თუმცა აქ აღარც მთავრობა იჯდა, აღარც პარტიული აპარატის მუშაკები - აქ იყო ერის გადასარჩენად მოსული რესპუბლიკის რეაქციულ ძალებს დაპირისპირებული ხალხი”.
სახალხო ფრონტის ყრილობას ქვემოთ შევეხებით. ნაირა გელაშვილის ინტერვიუში ყურადღებას მის მიერ მასის, ხალხის, მოძრაობის მხარდამჭერი დიდი ჯგუფების შეფასება იპყრობს. ასეთი შეფასებები იმ დროს უკვე ინტელიგენტურ ერთგვარ ფორმას წარმოადგენდა და ამიტომაც მის ინტერვიუს ახალგაჩენილი მანერის, დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითად განვიხილავთ.
ნაირა გელაშვილი სახალხო ფრონტის ყრილობის სხდომას რესპუბლიკის კომუნისტური ხელმძღვანელობისა და ინტელიგენციის ზემოაღნიშნულ შეხვედრას ადარებს, სადაც დამსწრეთა უმრავლესობას პარტიული ნომენკლატურის მუშაკები წარმოადგენდნენ. "ეს იგივე დარბაზი იყო, იგივე აგრესიული უმრავლესობით, ბევრად უფრო ენერგიული, შეუწყნარებელი, უხეში!” მწერალს რომელიღაც აღშფოთებული გამომსვლელის მონაყოლიც კი მოჰყავს თავისი პოზიციის დასადასტურებლად. თურმე ეს ინტელიგენტი ბატონი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაუბარებიათ და ისეთი შთაბეჭდილება გამოჰყოლია, რომ "იქ არ ყოფილა ასეთი საშინელი ატმოსფერო”, როგორც ფილარმონიის დიდ დარბაზში, სადაც სახალხო ფრონტის ემოციური სხდომები მიმდინარეობდა.
რამდენიმე მწერლისეული შტრიხით ნაირა გელაშვილი არაფორმალების ლიდერთა მხარდამჭერ ხალხს წარმოადგენდა "აგრესიულ”, "ტლანქ და დაუნდობელ” მასად, ხოლო ლიდერებისადმი არდათანხმება მათში ბრმა მძვინვარებას იწვევდა და "ფსიქოზში გადადიოდა”. მაინც რა მოხდა სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე.
სახალხო ფრონტის შექმნის იდეა საქართველოში ბალტიისპირეთიდან შემოვიდა. იქ ამგვარი ორგანიზაციები ფაქტიურად ფართო, მასობრივ მოძრაობებს წარმოადგენდნენ, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ჯგუფები, საზოგადოებები და ა. შ. საქართველოშიც სახალხო ფრონტს მსგავსი მისია უნდა შეესრულებინა. იგი უნდა გამხდარიყო ყველაზე მასობრივი მოძრაობა ქვეყანაში.
თავდაპირველად საქართველოს სახალხო ფრონტი თითქოს სწორედ ამგვარი მოძრაობის ტენდენციას ამჟღავნებდა. ფრონტის დამფუძნებლები და ინიციატორები აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ საზოგადოებაში, რათა მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ფრონტის მიზნები ზომიერი პატრიოტიზმისა და დემოკრატიის სულისკვეთებას გამოხატავდნენ და საზოგადოების საშუალო ფენებზე და ინტელიგენტურ ჯგუფებზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამიტომ იყო, რომ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით თბილისისა და რეგიონული ქალაქების მოსახლეობა ენთუზიაზმით მოეკიდა სახალხო ფრონტის შექმნის იდეას.
1989 წლის ზაფხულისათვის სახალხო ფრონტის ჯგუფები თბილისის, ქუთაისის, გორის და სხვა ქალაქების მრავალ ორგანიზაციაში, ფაბრიკა-ქარხნებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო თუ კულტურულ დაწესებულებებში იყო შექმნილი. ამ დროისათვის, თუ ნოდარ ნათაძის მონაცემს ვერწმუნებით, სახალხო ფრონტი 50 000 პირს აერთიანებდა და კომპარტიის შემდეგ ალბათ ყველაზე მასობრივი პოლიტიკური მოძრაობა გახლდათ ქვეყანაში.
საქართველოში სახალხო ფრონტს სერიოზულ ფუნქციას ან, უფრო პრეტენზიულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, მისიას აკისრებდნენ. მას უნდა შემოეკრიბა ქართველი საზოგადოების ინტელიგენტური ძალები და ქცეულიყო პატრიოტული მოძრაობის თავისებურ წარმართთველ ინტელექტუალურ ცენტრად. კლასიფიკაციის მიხედვით ამგვარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, თანაც მასობრივი მოძრაობა ძლიერი ცენტრის მდგომარეობას დაიკავებდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ზომიერ-გონივრულ იმპულსს მისცემდა ეროვნულ მოძრაობას.
იდეალურ შემთხვევაში ლიბერალურ-ცენტრისტული სახალხო ფრონტი ერთის მხრივ მონდომებით ითანამშრომლებდა ეროვნულ-რადიკალურ ძალებთან, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებასთან შეეძლებოდა დიალოგი, იგი პერმანენტულად შეეცდებოდა მის დაყოლიებას კომპრომისებზე ეროვნული მოძრაობის მიმართ. ალბათ ეს იყო ყველაზე სასურველი მოლოდინი, რომელიც ქართველ საზოგადოებას შეიძლებოდა ჰქონოდა სახალხო ფრონტის მიმართ. თუმცა არსებობდა სხვა "მოლოდინებიც”. ისეთი მრავალრიცხოვანი "არმიის” მქონე ორგანიზაციის მიმართ, როგორიც სახალხო ფრონტი იყო, თავისი მიზნები ჰქონდა კომუნისტურ ხელისუფლებასაც და ეროვნული მოძრაობის რადიკალურ ძალებსაც. ორივე ეს ურთიერთდაპირისპირებული ძალა, ბუნებრივია, სახალხო ფრონტის თავის მხარეზე მიზიდვას ფიქრობდა და ცდილობდა.
ამგვარი "მოლოდინების” ატმოსფეროში, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 1989 წლის 21 ივნისს გაიხსნა საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა. სხდომები 25 ივნისამდე მიმდინარეობდა. ნოდარ ნათაძის ცნობით, ყრილობას 2000-მდე მონაწილე ესწრებოდა. მათი უმრავლესობა ცდილობდა აქტიური მონაწილეობა მიეღო ყრილობის მუშაობაში და თუ სცენაზე ახვლას ან მიკროფონთან მიახლოებას ვერ მოახერხებდა, ადგილიდან ან ადგილზე კამათით, მსჯელობით, დისკუსიით თუ ყვირილითაც კი გამოხატავდა აქტიურობას. მართალია სხდომების თავმჯდომარეები ყოველდღიურად იცვლებოდნენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებდა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის დაწყნარებას, რის გამოც ყრილობის მუშაობა განუწყვეტელ ხმაურში მიმდინარეობდა.
ყრილობის პირველივე სხდომიდან ცხადი გახდა, აუდიტორიის უმრავლესობას ემოციურად და რადიკალურად განწყობილი დელეგატები შეადგენდნენ. პირველი სხდომის თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდიას წინადადებით დასახელებული ავთანდილ იმნაძე აირჩიეს. თითქმის ყველა საკითხი, რომელიც სხდომაზე ირჩეოდა - ეს იქნებოდა ხმის დამთვლელი თუ სამანდატო კომისიების არჩევა, წესდების მიღება თუ სხვა, მძაფრი პოლემიკის და წინააღმდეგობის ფონზე წყდებოდა.
განსაკუთრებული დაპირისპირების საგანი გახდა საკითხი სათათბიროს არჩევისა და ფუნქციონირების შესახებ. აქაც, როგორც სხვა პრობლემის გარჩევის შემთხვევაში, ერთმანეთს ორი თვალსაზრისი და მისი მხარდამჭერნი დაუპირისპირდნენ - ზომიერი ინტელიგენციის წარმომადგენელნი და ეროვნული რადიკალები. ზომიერთა აზრით, სათათბირო უნდა ყოფილიყო ფართო წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ყრილობებს შორის წარმართავდა სახალხო ფრონტის საქმიანობას.
სათათბიროს იდეას იცავდა მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი. მისი დასაბუთებით, ამ ორგანოში პარლამენტის იდეა იდო. სათათბიროს საშუალებით ხალხი უნდა გაეაქტიურებინათ. დარბაზი ახმაურდა. ორატორს ლაპარაკის საშუალება არ მისცეს. არაფორმალებს განსაკუთრებით არ მოეწონათ მამარდაშვილის შეფარული ბრალდება: ფრონტი კომუნისტური პარტიის სათამაშო კი არა, "სხვა ძალების” სათამაშო ხდებაო. ცხადია, მოსკოველი ფილოსოფოსი "სხვა ძალებში”” არაფორმალ რადიკალებს გულისხმობდა. მამარდაშვილი იძულებული გახდა სცენიდან ჩასულიყო: თუ არ დამაცადეთ, რაღა გამოვიდაო. ბატონებო, გთხოვთ, დაიცვათ "აკადემიური”, "ოლიმპიური სიმშვიდე” - ამაოდ მოუწოდებდა ნოდარ ნათაძე ახმაურებულ აუდიტორიას. ვნებები განსაკუთრებით გააღვივა ზვიად გამსახურდიას გაფრთხილებამ, რომელმაც სახალხო ფრონტი "დაშლილად” გამოაცხადა, თუ სათათბიროს იდეას მიიღებდნენ.
სათათბიროს მხარდაჭერის წინადადებით სხვა ორატორებიც გამოდიოდნენ: გია ჟორჟოლიანი, ადა მარშანია, სხვებიც. მაგრამ არაფორმალები მრავალრიცხოვანნი იყვნენ და უფრო აქტიურებიც. ადა მარშანია მხურვალედ იცავდა სათათბიროს შემოღების ვარიანტს: ესაა გზა პარლამენტარიზმისაკენ, რომელიც ერთადერთი გზა არისო, მაგრამ იქვე დაასკვნიდა - ზვიად გამსახურდიას ეს არ უნდაო.
რატომ არ უნდოდათ არაფორმალებს სათათბიროს შემოღება? მათი აზრით, ეს მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობითი სტრუქტურა შეიცავდა საშიშროებას, რომ მასში ბლომად მოხვდებოდნენ ხელისუფლების მიერ შეგზავნილი პიროვნებები და შესაბამისად, სათათბირო იქცეოდა მართვად სტრუქტურად. არ უნდა შეიქმნას სათათბირო - აფრთხილებდა ფრონტელებს გამსახურდია, რადგან ამ გზით ცეკა ცდილობს სახალხო ფრონტის ხელში ჩაგდებას.
რადიკალთა მტკიცებით, უფრო მობილური და ეფექტური ორგანო იქნებოდა შედარებით მცირერიცხოვანი - გამგეობა. მის შემოღებას მხარს უჭერდა თვით სახალხო ფრონტის შექმნის ინიციატორი ნოდარ ნათაძე. მან განაცხადა - სათათბიროს საჭიროების სერიოზული დასაბუთება მე აქ ვერ მოვისმინეო და ეს სიტყვები განაჩენივით გაისმა - სათათბიროს იდეა კენჭისყრის შედეგად უარყოფილი იქნა. დარბაზი ტაშით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას.
სათათბიროს საჭიროების უარყოფა მიმდინარე ყროლობაზე არაფორმალი რადიკალების პირველ გამარჯვებად იქნა აღქმული. საერთოდ, როგორც აღვნიშნეთ, ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობა რადიკალურად იყო განწყობილი და აქტიურად გამოხატავდა მხარდაჭერას ზ. გამსახურდიას მიერ დაკავებული პოზოციის მიმართ, სხვადასხვა საკითხებზე. ცუდი ის იყო, რომ ყროლობაზე ნაკლებად შეიმჩნეოდა კონსენსუსისაკენ, პოზიციათა დაახლოებისაკენ მიდრეკილება რადიკალებსა და ზომიერ-ლიბერალებს შორის. ამას ხაზგასმით ვამბობთ და მხოლოდ რადიკალებს არ ვგულისხმობთ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ. არანაკლებ და ზოგ შემთხვევაში მეტადაც, შეურიგებლობას იჩენდნენ ინტელიგენციის ავტორიტეტული წარმომადგენლები, რომელთა მტკიცებასაც თან "მასისადმი” შეუწყნარებლობისა და ინტელექტუალური უპირატესობის მანიშნებელი ტონი ახლდა, რასაც ქვეშეცნეულად გრძნობდა "მასა” და ბუნებრივად ღიზიანდებოდა. ეს მომენტი ურთიერთდაპირისპირების დამატებით ფსიქოლოგიურ ფაქტორს ქმნიდა.
რადიკალების ძირითადი პლატფორმა სახალხო ფრონტის საქმიანობაში ეროვნული მიმართულების აქცენტირება და ხელისუფლების მიმართ მებრძოლი, პრინციპული პოზიციის გაძლიერება გახლდათ. სახალხო ფრონტი, ისევე როგორც რუსთაველის საზოგადოება, მთავრობის ინსპირაციით შეიქმნა - აცხადებდა მერაბ კოსტავა. იგი თითქოს არაფორმალებს ბაძავს, მაგრამ მის საპროგრამო დოკუმენტებში ნაკლებად ვხედავთ ეროვნულ მომენტს. უნდა დავაფიქსიროთ, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში ოკუპაციურია და მისი გასვლა მოვითხოვოთ. სწორედ ამას მოითხოვენ ბალტიისპირელები. კომუნისტურ მთავრობასთან ჯიქური ლაპარაკია საჭირო - ურჩევდა სახალხო ფრონტელებს მერაბ კოსტავა, რომელიც თავადაც ჯიქურად მომზირალი და გაჯგიმული შეუვალობით იდგა სცენაზე - ეს ძალის დემონსტრირებას არ ნიშნავს, საჭირო არაა მცოცავი საშუალებები.
ის თუ სახელდობრ, რა საკითხებში არ იყო საჭირო "მცოცავი საშუალებებით” მოქმედება, კონკრეტულად განმარტავდა ზვიად გამსახურდია: პროგრამაში უნდა გამოიკვეთოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა; ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი; ყველა ერის ინტერესები დაცული უნდა იყოს, მაგრამ ქართველი ხალხი და საქართველო ცალკე უნდა ჩანდეს პროგრამაში; უნდა განიმარტოს საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი. სხვა გამოსვლაში გამსახურდია ირწმუნებოდა: პროგრამაში არ ჩანს, როგორ უნდა იბრძოლოს სახალხო ფრონტმა სუვერენიტეტის აღდგენისათვისო. საერთოდ იგი ურჩევდა ფრონტელებს, მეტი კონკრეტიზაცია შეეტანათ პროგრამაში და ბრძოლის საშუალებებში.
ამ საქმეში არაფერი იყო გადაჭარბებელი და რადიკალურიც კი. ისინი თავისუფლად შეიძლებოდა სახალხო ფრონტის ზომიერ ნაწილსაც გაეთვალისწინებინა, როგორც მოწოდება პრინციპულობისა და აქტიურობისაკენ. გამსახურდიასა და ზოგიერთი რადიკალის გამოსვლებში სხვა იყო საჩოთირო და საკამათო - გადახრა ნაციონალიზმისაკენ, უფრო ზუსტად - ეთნიკური ნაციონალიზმისაკენ. ზ. გამსახურდიას ნაციონალისტური მსოფლმხედველობის, მისი მიზეზების, ხასიათის, პოზიტიურ-ნეგატიური მხარეების შესახებ სხვაგან და სპეციალურად გავამახვილებთ ყურადღებას. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ ზოგადად, რომ გამსახურდია ითხოვდა სახალხო ფრონტის პროგრამაში პრიორიტეტულად წარმოჩენილიყო ქართველი ხალხის ინტერესები, რომ აქსიომატური ყოფილიყო პოზიცია: "საქართველო არის ქართველების ქვეყანა”.
მიუხედავად ეთნონაციონალისტური ლოზუნგისა, უნდა ითქვას, გამსახურდიას პოზიცია საბჭოთა ეპოქაში შელახულ-დაჩაგრული ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე არაქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ და მისი ნაციონალიზმისაგან ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა. საქმე უფრო მარტივად იყო. გამსახურდიასათვის მთავარ სტრატეგიულ მიზანს სახელმწიფოებრივი და ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა და ამ მიზანს ყველა სხვა პოლიტიკური, კულტურული, სოციალური თუ დემოკრატიული მიზანდასახულებები უნდა დაქვემდებარებოდა. მაგ., მან სურვილი გამოთქვა, სახალხო ფრონტს ეროვნული ფრონტი დარქმეოდა. ამ ნაბიჯით უფრო გამოიკვეთებოდა ფრონტის ეროვნული პრიორიტეტი.
სხვა საკითხია, რომ ასეთ შემთხვევაში სახალხო ფრონტი არაქართველი მოსახლეობისათვის მიმზიდველობას დაკარგავდა და ამდენად ამგვარი ნაბიჯი უფრო შეცდომა იქნებოდა და არა დანაშაული. სხვაგვარად ფიქრობდნენ იგივე ბალტიისპირელები, რომლებსაც სახალხო ფრონტში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნდათ. საქართველოს სახალხო ფრონტის ყრილობის პირველი სხდომის შემდეგ, თბილისში სტუმრად მყოფმა ლატვიის სახალხო ფრონტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ინც ცალეტისმა, ნაკლად შეაფასა ის, რომ ქართველებმა სახალხო ფრონტის პროგრამა რუსულად არ თარგმნეს და არაქართველ საზოგადოებას არ მიაწოდეს. რუსულად პროგრამისა და წესდების თარგმნა "ლატვიაში ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მივიჩნიეთ - ჩვენ უნდა მივიტანოთ სახალხო ფრონტის იდეა მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც არ ფლობს ლატვიურ ენას” (გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი”, 1989, 22 ივნისი).
ყრილობაზე, რბილად რომ ვთქვათ, შოვინისტური რეპლიკები და მოწოდებებიც გაისმა. ლუიზა შაკიაშვილის აღშფოთება გამოიწვია აფხაზეთისათვის "სრული კულტურული ავტონომიის” სტატუსის მინიჭების წინადადებამ - საქართველოში ყველას ყველაფერი აქვს, როგორ აძლევთ სამუდამო ავტონომიას აფხაზეთსო. ერთ-ერთმა გამომსვლელმა თუ რეპლიკის ავტორმა პროტესტიც კი გამოთქვა - აფხაზი ერი არ არსებობსო. გოჩა გავაშელი უფრო შორს წავიდა და საქართველოს "ქართველიზაციის” თეზისი წარმოადგინა: ქართული მიწის პატრონი უნდა იყოს "მხოლოდ ქართველი კაცი”. არაქართველების გასახლება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მიწის ჩამორთმევა, სახლების დანგრევა... საბედნიეროდ, ამგვარი ზღვარდაუდებელი პროტესტები და მოწოდებები ყრილობაზე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა და მათთვის ყურადღება არც დარბაზს მიუქცევია, არც რაიმე დოკუმენტში ასახულა. არც თემურ სუმბათაშვილის მოწოდებისათვის მიუქცევია ვინმეს ყურადღება, როცა მან წინადადება წამოაყენა - კონცეფციურად დასაბუთდეს, რომ აფხაზები ეთნიკურად ქართველები არიანო.
ეროვნულ უმცირესობებსა და არაქართველ მოსახლეობასთან დამოკიდებულების საკითხში ყრილობის როგორც ზომიერ-ლიბერალურ, ისე რადიკალურ ნაწილს სერიოზული წინააღმდეგობა არ ჰქონია. ორივე ბანაკი შედარებით სიმშვიდით უსმენდა და ამით თავის თანხმობას გამოხატავდა ადა მარშანიას თუ რეზო ჩხეიძის მიერ აფხაზეთისათვის ავტონომიური სტატუსის აუცილებლობის დამასაბუთებელი გამოსვლების მიმართ. როდესაც ყრილობამ პროგრამაში აფხაზეთის ავტონომიის მუხლი შეიტანა და აფხაზებისადმი მიმართვის გაგზავნა გადაწყვიტა, რადიკალმა გიორგი მარჯანიშვილმა განაცხადა: არ იქნება სწორი, რომ აფხაზეთის ორგანიზაციებს თუ სტრუქტურებს მივმართოთ, უნდა მივმართოთ აფხაზ ხალხს, კურთხეულ იყოს ჩვენი ძმობაო.
რაც შეეხება ყრილობის უმრავლესობის რადიკალურ განწყობას, იგი უფრო პრინციპული და აქტიური ეროვნული საქმიანობისაკენ მოწოდებაში გამოიხატებოდა, ხოლო მოწოდების ობიექტი სახალხო ფრონტი და ზომიერ- ლიბერალური ინტელიგენცია გახლდათ.
თვით სახალხო ფრონტის წევრთა ერთი ნაწილი, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენდა, არაფორმალებთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე იყო. დარბაზი ტაშით შეხვდა ნოდარ ნათაძის სიტყვებს - არაფორმალებთან ურთიერთობის გარეშე სახალხო ფრონტის საქმიანობა შეუძლებელიაო. ნ. სამარგულიანმა, ქუთაისის საავტომობილი ქარხნის წარმომადგენელმა, ხაზი გაუსვა ზ. გამსახურდიას მომხრეების ფრონტში მონაწილეობის აუცილებლობას. გიორგი ხოშტარიამ გამორიცხა კომპარტიის წევრების მონაწილეობა სახალხო ფრონტის ხელმძღვანელობაში. მისი რეკომენდაციით, ეს უნდა ყოფილიყო ერთი მოძრაობა, რომელიც გარკვეუწილად გაითვალისწინებდა როგორც არაფორმალების, ისე ხელისუფლების პოზიციასაც. რეზო ესაძემაც დაუჭირა მხარი არაფორმალებთან ფრონტის ახლო ურთიერთობას, რადგან ისინი გამოხატავდნენ ეროვნულ ინტერესს.
ზ. გამსახურდიამ როგორც სხვა გამოსვლების დროს, ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პრიორიტეტს. მან გაილაშქრა დიდი ჰესების წინააღმდეგ, რადგან "კრემლი” მათი საშუალებით ეკოლოგიურ ომს აწარმოებდა საქართველოსთან. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული მისივე აზრით, დემოგრაფიული შემოტევა, რაც ქართველი ერის "გენოციდის” საფუძველს ქმნიდა. გამსახურდიას პოზიცია მრავალმა ორატორმა გაიზიარა და არა მარტო ე. წ. რადიკალ-არაფორმალების, არამედ ზომიერთა წრეებიდანაც - რეზო ჩხეიძემ, გივი თუმანიშვილმა, ამირან კალაძემ, დავით მაჭავარიანმა და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საბოლოო მიზანსა და მისი მიღწევა-განხორციელების საშუალებებში მართლაც არ იყო დიდი განსხვავება, ფოლარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა მაინც პერმანენტული კამათის, შეჯახებების და შეურიგებლობის არენად იქცა. დღევანდელი გადასახედიდან და განვლილი ისტორიული კატაკლიზმების გათვალისწინებიდან გამომდინარე, შეიძლება დღესაც ორად გაიყოს აზრი - ერთნი ალბათ რადიკალებს დასდებენ ბრალს ამბიციურობაში, აჩქარებაში თუ შეურიგებლობაში, მეორენი ზომიერ ინტელიგენციას გაამტყუნებენ, რადგან იგი ხელისუფლებისა და კონიუნქტურის ტყვეობაში იყო გამოკეტილი. მაინც საითაა სიმართლე? ეს საკითხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რადგან სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა პირველი მასშტაბური შეჯახება გახლდათ რადიკალებსა და ზომიერ ინტელიგენციას შორის და მაშინ ბევრი ისეთი რამ გამოვლინდა, რამაც შემდგომში მოვლენების დრამატულ განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
მრავალ დამახასიათებელ მოვლენებიდან უველაზე მთავარი უნდა გამოვყოთ - პოზიციათა და შეხედულებათა შეურიგებლობა და უკომპრომისობა დაპირისპირებულ მხარეთა შორის. ერთ-ერთი ვისაც რადიკალების მიმართ ლოიალობის ან მათთან კომპრომისის სურვილი არ გამოუმჟღავნებია, მერაბ მამარდაშვილი გახლდათ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ მისი კონფლიქტის შესახებ რადიკალებთან, პირველივე სხდომაზე, როცა მან შიში გამოთქვა - სახალხო ფრონტი კომუნისტური პარტიის სათამაში კი არა, სხვა ძალების სათამაშო ხდებაო. "სხვა ძალებში” რადიკალები და, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას მომხრეები იგულისხმებოდნენ.
მას შემდეგ, რაც მამარდაშვილს პროტესტის ნიშნად ხმაური აუტეხეს და იძულებული გახდა სცენიდან ჩამოსულიყო, ყრილობის მსვლელობაში მონაწილეობა თითქმის აღარ მიუღია. სწორედ აქ, სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე წარმოთქვა მერაბ მამარდაშვილმა ფრაზა - ჭეშმარიტება მაღლა დგას სამშობლოზე - რომელიც ერთის მხრივ მაშინვე იქცა იქ მყოფი პატრიოტული უმრავლესობის რისხვის საგნად, ხოლო მეორე მხრივ, იგივე სიტყვები შემწყნარებლურად მიიღო ზომიერმა ინტელიგენციამ და ერთგვარი ინტელექტუალური უპირატესობის დამადასტურებელ დროშადაც კი გაიხადა.
ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზამ, ისეთ ცუდად შერჩეულ დროსა და ადგილას ითქვა, რომ გაერთიანება-შეთანხმებისათვის შეკრებილი საზოგადოება კიდევ ერთი დამატებითი მუხტით დააპირისპირა ერთმანეთს. ჩვენ პოლიტიკური მოვლენები გვაინტერესებს და ფილოსოფიური კატეგორიების, ამ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლო განხილვას რომ თავი ავარიდოთ, ასეც შეიძლება საკითხი დავსვათ - როგორც ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი მართალი გახლდათ. მან არისტოტელესეული თეზისის პერიფრაზირება მოახდინა: amicus plato sed magis, amika veritas - პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია ჩემი. ჩავსვათ "პლატონის” მაგიერ სიტყვა "სამშობლო” და მივიღებთ არისტოტელესეული პრინციპის მამარდაშვილისეულ გადამეორებას - სამშობლო დიდად ძვირფასი ღირებულებაა, მაგრამ მასზე მაღალი ღირებულება ჭეშმარიტებაა.
მაშ მერაბ მამარდაშვილი, როგორც ფილოსოფოსი მართალი გახლდათ მაგრამ ათასჯერ მართალი იქნებოდა, რომ თავისი თეზისი ფილოსოფოსთა სიმპოზიუმზე ან ინტელექტუალთა შეხვედრაზე ემტკიცებინა. სახალხო ფრონტის ყრილობა არც ერთი იყო, არც მეორე. იგი პოლიტიკური თავყრილობა გახლდათ და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტუალურ პრობლემებს არკვევდა. პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს ორი უპირველესი კატეგორია - მიზანი და მისი განხორციელების საშუალება, მისი არჩევის ანუ პოლიტიკური მიზანშეწინილობის პრობლემა.
რადიკალთა აზრით, ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ერთი მიზანი ჰქონდა - დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს ზოგადად. სახალხო ფრონტის ყრილობა ამ მიზნის განხორვიელებისაკენ მიმართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლდათ და ფრონტის არსი ეროვნული ძალების თუ გაერთიანებაში არა, ამ ძალების თანამშრომლობაში მაინც მდგომარეობდა. საერთოდ, საქართველო მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა იყო და აქ წარმოდგენილი ეროვნული მოძრაობის უპირველესი საზრუნავთაგანი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების მაქსიმალური ერთიანობა უნდა ყოფილიყო. ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში, თუ სრული ერთიანობა არ მოხერხდებოდა, ამ ძალების თანამშრომლობა მაინც აუცილებელი მინიმუმი უნდა გამხდარიყო.
სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული მოძრაობა გაითიშებოდა და ადრე თუ გვიან ურთიერთკონფრონტაციულ პროცესებში აღმოჩნდებოდა ჩათრეული. სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, პორველ რიგში, ერთიანობის ან თანამშრომლობის პრობლემა უნდა გადაეწყვიტა. ამაზე გახლდათ დამოკიდებული, რამდენად იყო მომზადებული და რაციონალური ქართული ეროვნული მოძრაობა, ზოგადად კი, ქართველი საზოგადოება.
ამ საკითხს ქვემოთაც არაერთხელ შევეხებით, რადგან სწორედ ამ პრობლემის სიღრმისეული კვლევა მიგვაჩნია ჩვენი ნაშრომის მთავარ დანიშნულებად. ამიტომ და ამჯერად 1989 წლის 21-25 ივნისს გამართული სახალსო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობის პერიპეტიებს გადმოვცემთ და მთავარ კითხვას ვუპასუხ ებთ - როგორ იდგა და როგორ გადაიჭრა ამ ყრილობაზე ეროვნული ძალების ერთიანობის თუ თანამშრომლობის პრობლემა.
ყრილობაზე რამდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა იყო წარმოდგენილი. ერთნი იყვნენ რადიკალები და მათი მხარდამჭერნი. რადიკალები ერთიანობის პრობლემას მარტივად და ხისტად უყურებდნენ - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მოწინააღმდეგეა, ან - ვინც ჩვენთან არ არის, არც ეროვნულ მოძრაობაშია, ის ხელისუფლების მხარეზეა. ამ პრინციპით უყურებდნენ ისინი ინტელიგენციას. ყრილობაზე წარმოდგენილი ინტელიგენცია ორ ნაწილად იყოფოდა. ერთი იყო საშუალო ინტელიგენციის შედარებით მრავალრიცხოვანი ფენა, ხოლო მეორე ნაწილს შეადგენდა ინტელიგენციის ზედაფენა, მისი ელიტარული ნაწილი.
რადიკალები ელიტარულ ინტელიგენციას არ ენდობოდნენ და მიაჩნდათ, რომ თუ ისინი სახალხო ფრონტში მოკალათდებოდნენ, ეს ორგანიზაცია ხელისუფლების მიერ მართვად სტრუქტურად გადაიქცეოდა. სწორედ ამგვარ პოზიციაზე მეტყველებდა ზვიად გამსახურდიას სიტყვები: ჩენი დამოკიდებულება ფრონტთან, რატომ ვარ აქ. მე სტუმარი ვარ. რა იქნება მომავალში ფრონტი, არ ვიცი. თუ დამოუკიდებელი იქნება, გავხდები მისი წევრი.
მხედველობაში თუ მივიღებთ ფაქტს, რომ ფრონტის ყრილობაზე დამსწრე რადიკალთა უმრავლესობა გამსახურდიას მომხრე გახლდათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათი პოზოციაც ლიდერის პოზიციის იდენტური იქნებოდა.
ის რომ რადიკალები ხელისუფლებასთან და მასთან ალიანსში მყოფ საგულვებელ ძალებთან გარიგებას თუ თანამშრომლობას არ აპირებდნენ, შესაძლოა შეცდომად ან არარაციონალურ ტაქტიკად მივიჩნიოთ. მაგრამ ისიც ფაქტია, თუ საქართველოში ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა არსებობდა, მხოლოდ რადიკალების დამსახურება გახლდათ. დიახ, რადიკალებმა დაიწყეს ეროვნული დამოუკიდებლობის პროპაგანდა, გამოსცეს ჟურნალ-გაზეთები, აწყობდნენ აქციებს, მიტინგებს, მანიფესტაციებს და ამ გზით აამოძრავეს ქართველი საზოგადოება და მოსახლეობის მთელი რიგი ჯგუფები. ისინი უპირისპირდებოდნენ ცენტრალურ და ადგილობრივ კომუნისტურ ხელისუფლებას, მათ გააშიშვლეს ხელისუფლების საქმიანობის მრავალი დანაშაულებრივი მხარე და ა. შ. ერთი სიტყვით, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა საქართველოში რადიკალებმა წამოიწყეს და მათივე მეთაურობით მიმდინარეობდა.
სამწუხაროდ, ელიტარული ინტელიგენცია, მიუხედავად მისი დიდი და სხვადასხვა დამსახურებისა, ამ ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდა, ყოველ შემთხვევაში 1989 წლის ზაფხულამდე, ჯერჯერობით ამ ჩვენთვის საინტერესო პერიოდამდე. ელიტარული ინტელიგენციის გააქტიურება 9 აპრილის ტრაგედიამ გამოიწვია, ხოლო ამ გააქტიურებისა და ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მათი სახალხო ფრონტის ორგანიზებაში და დამფუძნებელ ყრილობაში მონაწილეობა გახლდათ. აქ უნდა გარკვეულიყო, რამდენად მომწიფებული გახლდათ ქართული ინტელიგენციის მაშინდელი ლიდერი - მისი ზედაფენა იმისათვის, რომ ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მოძრაობაში ჩაბმულიყო და რამდენად შეეძლო მას ეთანამშრომლა რადიკალებთან. ამით მას უნდა ეკისრა ისტორიული მისია - განეხორციელებინა ეროვნული ერთიანობის მინიმუმი, რაც რადიკალებთან თანამშრომლობაში გამოიხატებოდა.
ამგვარი ნაბიჯი თუ გადაიდგმებოდა, ორივე ძალა მოიგებდა. რადიკალური მოძრაობა უფრო რაციონალური გახდებოდა, ხოლო ელიტარული ინტელიგენცია დამოუკიდებლობისათვის უშუალო მოძრაობაში ჩაერთვებოდა.
რადიკალების, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, არაფორმალების დამსახურებას კარგად ხედავდა საზოგადოება და ამას ელიტარული ინტელიგენციის ერთი ნაწილიც აღიარებდა. რეზო ჩხეიძემ ყრილობაზე ერთ-ერთ გამოსვლაში არაფორმალების მოღვაწეობა ყინულმჭრელსაც კი შეადარა. არაფორმალების საქმიანობა ყინულმჭრელივითაა და რასაც ისინი მოიპოვებენ, "ჩვენ უნდა დავაკანონოთ”. აქ რ. ჩხეიძემ არაფორმალი რადიკალებისა და ინტელიგენციის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების თავისებური სტრატეგიული თეზისი ჩამოაყალიბა. ეს კარგის მანიშნებელი იყო, მაგრამ როგორ განხორციელდა იგი ყრილობაზე? მისი მთავარი გეზი გახდა, თუ პატარა ეპიზოდივით ჩაიკარგა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამეფებულ ხმაურში.
უკანასკნელს უფრო ჰგავდა და მერაბ მამარდაშვილის ფრაზამაც ამ უკანასკნელს უფრო შეუწყო ხელი.
სახალხო ფრონტის რადიკალური უმრავლესობა თავის საქმიანობის მთავარ მიზნად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას მიიჩნევდა. ახლა კი, ფრონტის ყრილობის პირველსავე დღეს, მას პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად საეჭვო ღირებულების ფრაზა შესთავაზეს - რომ სამშობლოზე, მის თავისუფლებაზე მაღლა - ჭეშმარიტება მდგარა. ის, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ჭეშმარიტება - არ განმარტავდნენ. ჭეშმარიტებად შეიძლებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ნებისმიერი ალტერნატივა მიჩნეულიყო. მაგ., დემოკრატია, კონფედერაცია, "ახალი” საკავშირო სახელმწიფო და რაიმე სხვა კომბინაცია. მერაბ მამარდაშვილმა თავისდაუნებურად იმთავითვე უარყო რადიკალ არაფორმალებთან არა მარტო ერთიანობის, არამედ თანამშრომლობა-შეთანხმების გზა და ფაქტიურად, თავისი თეზისით მათთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მიმდინარე ყრილობაზე დაპირისპირების ხარისხი შემდგომში კიდევ უფრო იზრდებოდა.