სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 24, სულ: 35  შემდეგი > 
მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში (1)
ავტ.: შავლეგო : 8/7/2006

ნაწილი 1

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გროზნოში ყოფნის პერიოდში მუდმივად იგრძნობოდა პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპაში მოგზაურობის აუცილებლობა. ეს ყურადღებას მიაპყრობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელს შეუწყობდა მათ ობიექტურ გაშუქებას, კანონიერი ხელისუფლების ირგვლივ არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებდა კარგად ორგანიზებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ყველაფერი ამის გროზნოდან მოხერხება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ჯოჰარ დუდაევის გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა ჩეჩნეთი თავად მოაქცია ბლოკადაში და დასავლური საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებისათვის იქ მოხვედრა უკიდურესად გაძნელდა. თავის მხრივ, დასავლური მედიაც დიდად არ აქტიურობდა, რადგან იმთავითვე წინასწარ შემუშავებული "დემოკრატი ელცინისა" და "აბრაგი დუდაევის" შტამპებით იფარგლებოდა. ამასთან, დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩეჩნეთში განუწყვეტლად ეწყობოდა პროვოკაციები - ხან რუსეთის უშუალო მონაწილეობით, ხან შინაგანი "ოპოზიციის" საშუალებით, რომელიც მოსკოვის მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. სიტუაცია უკიდურესად ფეთქებადსაშიში იყო.

უდავოა (და ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით), რომ ზვიად გამსახურდია არ აპირებდა, ჩეჩნეთს გარიდებოდა და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაენაცვლა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი ისაა, რომ ჩეჩნეთში ყოფნა სანახევროდ საქართველოში ყოფნას ნიშნავდა ფიზიკურადაც და სულიერადაც; მეორე კი ის, რომ ჩეჩნეთში ყოფნით ზვიადი ჩეჩნებსაც ამაგრებდა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუპოვრობას ჰმატებდა. ეს ყველაფერი ერთად კი ორასი წლის განმავლობაში მინავლებული კავკასიური ერთიანობის გრძნობის არნახულ გაცხოველებას იწვევდა. ამდენად, ლაპარაკი მხოლოდ ხანმოკლე მოგზაურობას ეხებოდა.

ასეთი მოგზაურობის პირველ, უშედეგო მცდელობას 1992 წლის ზაფხულში ჰქონდა ადგილი, როდესაც საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების საკითხი დაისვა. ეს ჰელსინკში, ეუთო-ს უმაღლესი დონის შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც ივლისში შედგა. ამას წინ უსწრებდა ეუთო-ს დამკვირვებლების ვიზიტი საქართველოში (ხელმძღვანელი - ბელგიელი ეიკენსონი), რომლებმაც "დემოკრატიული რევოლუციის" შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის საბანკეტო დარბაზიდან შეისწავლეს და შემდეგ დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ. იქ "მხედრიონის" სადამსჯელო რეიდების შედეგად გაუბედურებულ შავოსან დედებთან შეხვედრაზე უარი თქვეს; დელეგაციის მეთაურმა განაცხადა: ეს შოუა, რომელიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საერთო შთაბეჭდილებაზეო.

პარალელურად გროზნოში, ეუთო-ს ეგიდით, ჩეხოსლოვაკიის მოსკოვის საელჩოს ორი საშუალო რანგის მოხელე, ორივე ეროვნებით სლოვაკი - მილან ტოკარი და იოზეფ ვრობეცა ჩამოვიდნენ პრეზიდენტ გამსახურდიასთან შესახვედრად (1992 წელს ჩეხოსლოვაკია ეუთო-ს თავმჯდომარეობდა). ზვიადმა დეტალურად აღუწერა მათ საქართველოში მომხდარი გადატრიალება და მის შედეგად შექმნილი მდგომარეობა, აჩვენა თბილისში მიტინგების დარბევა-დახვრეტისა და სამეგრელოში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც სტუმრებმა ლამის მთქნარებით ადევნეს თვალი. ზვიად გამსახურდიამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ეუთო-ს მისიის დასკვნა ვერანაირად ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ის არ შეხვდება კანონიერ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომლებიც არ გადამდგარან და დევნილობაში აგრძელებენ ფუნქციონირებას (ამ დროისათვის გროზნოში უკვე ჩატარებული იყო დევნილი უზენაესი საბჭოს სესია). სლოვაკებმა განაცხადეს: ეუთო-ს მისიასაც ძალიან სურს ამ შეხვედრის მოწყობა, მაგრამ ეს შეუძლებელია - საქართველოდან გროზნოში მოხვედრა პრაქტიკულად გამორიცხულიაო. ზვიადი მათი თანდასწრებით ურეკავს ჯოჰარ დუდაევს და ეკითხება, ხომ არაა შესაძლებელი დასავლეთ საქართველოში მყოფი ეუთო-ს მისიის გროზნოში ჩამოყვანა. რამდენიმე წუთში დუდაევი პასუხობს, რომ უკვე გასცა ბრძანება და კიევიდან გროზნოსაკენ მომავალი სარეისო თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში საგანგებო დაშვებას შეასრულებს ერთ საათში, რათა იქ მყოფი ეუთო-ს მისია თან გამოიყოლოს. სლოვაკებს ფერი ეცვალათ და იძულებულნი გახდნენ, ეს ინფორმაცია ტელეფონით ეცნობებინათ საქართველოში მყოფი მისიისათვის, საიდანაც ცივი უარი მიიღეს, რაშიც წინასწარვე არავის ეჭვი არ ეპარებოდა. ამას მოჰყვა საცოდავი ლუღლუღი: "ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, გარემოებები ხშირად სიმართლეზე ძლიერია" და ა.შ.

ეს ორი დიპლომატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, შამილ ბენოს შევახვედრე. ჩეჩნები ნებისმიერ საგარეო კონტაქტს ძალიან აფასებდნენ - გასაგები მიზეზების გამო. სლოვაკებმა ბენოს ინფორმაცია ინდიფერენტულად მოისმინეს. შეხვედრა უაზროდ გაიჭიმა. ბოლოს ერთ-ერთმა სარკასტული ღიმილით გადმომილაპარაკა: როგორც ჩანს, კავკასიაში პროტოკოლს პატივს არ სცემენო. მე ვუპასუხე: კავკასიაში პროტოკოლზე მეტად სტუმრის პატივისცემა ფასობს და აქ ცოცხს არავინ გამოგიტანთ-მეთქი. შეხვედრა დამთავრდა და ორივე მხარემ შვებით ამოისუნთქა.

ჰელსინკში ეუთო-ს სამიტზე "სამხედრო საბჭოს" მეთაურ შევარდნაძესთან ერთდროულად ზვიად გამსახურდიას გამოჩენას რა სკანდალი მოჰყვებოდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის. მიუხედავად ფინეთ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის - აილა ნიინიმაას, ფინეთის პარლამენტის წევრის, ჰეიკი რიიჰიარვის დაუღალავი მეცადინეობისა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არა მარტო ოფიციალური მიწვევა არ გამოუგზავნა პრეზიდენტ გამსახურდიას, არამედ კერძო მიწვევით ვიზაზეც კი უარი უთხრა. ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობას არ მიუღია - ასეთი გადაწყვეტილების მიღება შორს სცდება ერთი პატარა, თუნდაც დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობის კომპეტენციას. ამის შედეგად ეუთო-ს ისტორიაში ყველაზე უფრო სამარცხვინო და სასაცილო ფურცელი ჩაიწერა: საქართველოს სახელით "ჰელსინკის დოკუმენტზე" საბჭოთა კავშირში პირველი "ჰელსინკის ჯგუფის" დამფუძნებლის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ თავისუფალ არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ნაცვლად დისიდენტების დევნაში გაწაფულ სუკ-ის გენერალსა და "სამხედრო საბჭოს" მეთაურს მოაწერინეს ხელი, რომელსაც იმ დროისათვის ლეგიტიმურობის მოჩვენებითი ნიშნებიც კი არ გააჩნდა.

1992 წლის აგვისტოში გროზნოდან ლიტვაში გავემგზავრე, სადაც პრეზიდენტის დავალებით სეიმის თავმჯდომარეს, ვიტაუტას ლანდსბერგისს შევხვდი. ლანდსბერგისმა და აზერბაიჯანის ლიდერმა აბულფაზ ელჩიბეიმ პრინციპულობა გამოიჩინეს საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებისას, რაც საყოველთაო დუმილისა და მითუმეტეს - "დემოკრატიული რევოლუციით" აღტაცების ფონზე განსაკუთრებით დასაფასებებლი იყო. ლანდსბერგისმა საქართველოში შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ საჯაროდ განაცხადა: "საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ვეჭვობ, რომ შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი საკმარისი აღმოჩნდება რეჟიმის ლეგიტიმიზაციისათვის." ელჩიბეიმ 1992 წელს, სტამბოლის სამიტის დროს, შევარდნაძისაგან თავი შორს დაიჭირა: "თქვენ ქვეყნის არჩეული ლიდერი არ ხართ და იძულებული ვარ, თქვენთან ურთიერთობისაგან თავი შევიკავო." (ეს ამბავი ბაქოში ყოფნისას მილიმეჯლისის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ისა ღამბარმა მიამბო 1992 წლის შემოდგომაზე.). ლიტვა ერთ-ერთი უკანასკნელია ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა შევარდნაძის მთავრობასთან. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციაში გადასულმა ლანდსბერგისმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი დამოკიდებულება უკანონო რეჟიმის მიმართ.

შეხვედრისას ლანდსბერგისს გადავეცი პრზიდენტის მადლობა აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის. მან თქვა, რომ ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შეუძლია, რადგან დასავლეთის დიდი სახელმწიფოების დამოკიდებულება საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ არასახარბიელოა; საპარლამენტო არჩევნებიც კარზე იყო მომდგარი და ლიტვის სახეცვლილი კომუნისტური ოპოზიციის ხმაურიც ამძიმებდა მდგომარეობას; აღნიშნა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია ძალადობის გზით ხელისუფლებაში მოსულ რეჟიმთან ყოველგვარი ურთიერთობისა; თბილად გაიხსენა საქართველოს თანადგომა ლიტვისათვის მძიმე დღეებში 1991 წლის იანვარში, როდესაც სეიმის ირგვლივ, ბარიკადებზე, შტურმის მოლოდინში ხალხი მორიგეობდა (მათ შორის - თითქმის უცვლელად - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელისმომწერი, ბ-ნი შალვა წიკლაური); გაიხსენა საქართველოდან გაგზავნილი მედიკამენტებითა და სხვა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავიც; დაწვრილებით გამომკითხა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა; თქვა, რომ პარლამენტის დევნილობაში ფუნქციონირების სხვა შემთხვევას არ იცნობს; ძალიან აინტერესებდა სიტუაცია ჩეჩნეთში. ჩემი ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენად უსაფრთხო იქნებოდა პრეზიდენტ გამსახურდიასათვის ლიტვის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენება (იმ დროისათვის გროზნოს აეროპორტი რუსების მიერ პრაქტიკულად ბლოკირებული იყო, ერთადერთი თვითმფრინავი ვილნიუსის მიმართულებით დაფრინავდა). პასუხი ასე ჟღერდა: "მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. საპატიო ყარაულს ვერ შეგპირდებით, მეგობრული შეხვედრა და თავშესაფარი კი გარანტირებული გაქვთ..." ბოლოს წარმატება უსურვა საქართველოს და ჩეჩნეთს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ლანდსბერგისის საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა ლიტვის სეიმში ჩეჩნეთის მხარდამჭერი ჯგუფი შექმნეს, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა, რისთვისაც ათეულ ათასობით ხელმოწერა მოაგროვა; მათივე მხარდაჭერით ლიტვაში გაიხსნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის მუდმივი წარმომადგენლობა, რომელსაც წლების განმავლობაში ქ-ნი ამენათ საიიევა ხელმძღვანელობდა.

1992 წლის ნოემბერის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მითხრა, საერთაშორისო მივლინებისათვის მოვმზადებულიყავი. მე ვუთხარი, რომ არანაირი საბუთი არა მაქვს, გარდა ჩეჩნეთის შსს მიერ შედგენილი პირადობის დამადასტურებელი დროებითი ცნობისა, რომელსაც ჩვეულებრივი პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში გასცემენ ხოლმე. ზვიადის თხოვნით ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ დღეში დამიმზადა საბჭოთა "ნამგალ-უროიანი" უცხოური პასპორტი. ამ დროისათვის საჰაერო ბლოკადა მოიხსნა და გროზნოდან სტამბოლში მეტ-ნაკლები სიხშირით ჩარტერული რეისი დაფრინავდა. მივლინების შესახებ ცოლის გარდა არავისთვის მითქვამს. გაფრენის დღეს, 23 ნოემბერს, დილით, ჩეხოვის ქუჩაზე "კოშკში" მივედი დეტალური ინსტრუქციების მისაღებად. გამოირკვა, რომ მარტო არ მივფრინავ და ჩემი თანამგზავრი თავად პრეზიდენტი გამსახურდიაა. გავემართეთ აეროპორტში, ავედით ცარიელ თვითმფრინავში და მფრინავების კაბინაში მოვთავსდით. ცოტა ხანში ჩეჩნეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შამსუდდინ იუსეფი* შემოგვიერთდა, რომელიც სტამბოლში დუდაევის საგანგებო დავალებით მიფრინავდა. ეს რეისი ნახევრადლეგალური იყო და ხან ბაქოს გავლით დაფრინავდა, ხან - პირდაპირ სტამბოლში. ამჯერად საქართველოს სადისპეტჩერო სამსახურმა თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში არ შეუშვა და შემოვლითი გზით - კავკასიონის გაყოლებით - შავი ზღვის გავლით ვიფრინეთ.

სტამბოლში მსხვილი კომპანიის, Aslan Transmarin Shipping Trading and Industry Co. Inc., გენერალური დირექტორი, აიდინ კუტლუგი დაგვხვდა და VIP სალონში მიგვიწვია. პასპორტები გამოგვართვეს და რამდენიმე წუთში ჩარტყმული ვიზებით დაგვიბრუნეს. იმ დროს თურქეთში პოსტ-საბჭოური სივრცის მოქალაქეებისათვის გამარტივებული, გამოცხადებითი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. აეროპორტიდან კომპანიის სათაო ოფისისაკენ გავემართეთ, სადაც კომპანიის მფლობელი იბრაჰიმ ასლანი, თურქეთის მეჯლისის რამდენიმე წევრი და კომპანიის "თოფ-მენეჯმენტის" სხვა წარმომადგენლები დაგვხვდენ. გაიმართა სახელდახელო სადილი. ასლანი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, ტურგუტ ოზალის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, რამდენჯერმე იყო ნამყოფი გროზნოში, ერთხელ - ოზალის ვაჟთან ერთად. როგორც ჩანს, ჩეჩნეთთან სერიოზული ინტერესები აკავშირებდა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის შესაფერისი დახვედრა მოუწყვეს. კომპანიის მფლობელმა ჰკითხა პრეზიდენტს, თუ რა გეგმები ჰქონდა. ზვიადმა უპასუხა, რომ აქვს მიწვევა გერმანიაში IGFM**-ისაგან და შეძლებისდაგვარად სწრაფად სურს იქ მოხვედრა. თურქმა მასპინძელმა იქვე გაატანა ჩვენი პასპორტები კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს გერმანიის საკონსულოში ვიზების მისაღებად.

სადილზე ერთი საინტერესო ეპიზოდი მოხდა: კომპანიის წარმომადგენელმა გაერთიანებულ სამეფოში, ახალგაზრდა კაცმა სახელად ზაქარია გუნდოგდუმ ზვიადს ჰკითხა: "მე წარმოშობით ლაზი ვარ. მართალია, რომ ჩვენ და გურჯები ბიძაშვილები ვართ?" ამაზე ზვიადმა უპასუხა: "მე თავად ლაზი გახლავარ ნახევრად, დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ლაზებითაა დასახლებული და გურჯები და ლაზები ბიძაშვილები კი არა, ერთნი ვართ." აღმოჩნდა, რომ დამხვდურთა ლამის ნახევარი ლაზია, მათ შორის - მეჯლისის წევრებიც. ამ განცხადებით გაამაყებულნი საგრძნობლად გაიშალნენ მხრებში, რაც იბრაჰიმ ასლანს, მგონი, დიდად არ ეპიტნავა. ამასობაში ვიზებზე გაგზავნილი კაცი გაოცებული დაბრუნდა და ამბობს: "კონსულს პირადად შევხვდი. გამსახურდიას გაგონებაზე ნირი ეცვალა და პირდაპირ წამოროშა: მე ამ საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტ, მოსკოვს (და არა ბონს!) უნდა შევუთანხმოო." საერთაშორისო თანამშრომლობის ამ მარგალიტმა საყოველთაო მხიარულება გამოიწვია და ზვიადს გაორმაგებული პატივისცემით მიაჩერდნენ. მასპინძელმა ფრანკფურტში თავის წარმომადგენელს დაურეკა, რომელმაც განაცხადა - პირდაპირ ფრანკფურტში ჩამოფრინდეს და ვიზას აქვე გავაკეთებო. ზვიადმა ეს გაუმართლებელ "ხულიგნობად" ჩათვალა.

დავურეკეთ აილა ნიინიმას ჰელსინკში. მან ყურებს არ დაუჯერა, რომ ზვიადი სტამბოლშია. "თავი დაანებეთ გერმანიას, ჯერ ფინეთში ჩამოდით და მერე ვნახოთ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო იმდენადაა დარცხვენილი წინა უარის გამო, რომ რეაბილიტაციის ამ საშუალებას ხელიდან არ გაუშვებს და ვიზას დაუყოვნებლივ მოგცემთ..." მართლაც, დღის ბოლომდე ფინეთის საკონსულოში ვიზები მოგვცეს, მგონი აპლიკაციებიც კი არ შეგვივსია.

ღამე SWISS HOTEL-ში გავათიეთ. დილით, სასტუმროში, საუზმისას, მიმტან კაცს, რომელიც გვემსახურებოდა, სახეზე გაოცება შევამჩნიე, რომელსაც ვერ მალავდა. შემდეგ ჩვენი თანმხლები აიდინ კუტლუგი როგორღაც დაუმარტოხელებია და უკითხავს: ეს მართლა გამსახურდიაა თუ მისი ორეულიაო. საკმაოდ უჩვეულო შემთხვევაა ამ კლასის სასტუმროსათვის, სადაც მომსახურე პერსონალი არავის და არაფერს "არ ამჩნევს".

მასპინძელმა დაგვახვედრა ორი ღია წრიული ავიაბილეთი სტამბოლი-ფრანკფურტი-ჰელსინკი-სტამბოლი (ჩეჩნეთში დაბრუნების ერთადერთ შესაძლებლობად ხომ სტამბოლი რჩებოდა). ამას თან მოჰყვა მოულოდნელი შეთავაზება: უცხოეთიდან ანკარაში დაბრუნებისას პრეზიდენტი ოზალი სტამბოლში რამდენიმე საათით გაჩერდება და შესაძლებელია ხანმოკლე შეხვედრის მოწყობა. ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და მცირე ხნის შემდეგ იბრაჰიმ ასლანის თანხლებით სტამბოლის სამხედრო აეროდრომისაკენ გავეშურეთ, სადაც ოზალის თვითმფრინავი დაეშვა. ადგილზე რომ მივედით, თვითმფრინავს უკვე ანკარაში გასაფრენად ამზადებდნენ. ასაფრენ ბილიკზე რამდენიმე წუთიანი გულთბილი შეხვედრა შედგა. მე შორიახლოს ვიდექი. ზვიადის გვერდით ტანმორჩილი ოზალი ოდნავ კომიკურად გამოიყურებოდა. "ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის საშუალება მომეცა," - თქვა ოზალმა და ასლანს მიუბრუნდა: "ყველაფერი გააკეთეთ, რაც ძალგიძთ. მეზობელს გაჭირვებაში უნდა დაეხმარო." აეროდრომიდან რომ ვბრუნდებოდით, მასპინძელმა, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩანდა, ზვიადს უთხრა: "დაბრუნებისას პრეზიდენტ ოზალთან უფრო ხანგრძლივ და სერიოზულ შეხვედრას მოგიწყობთ ანკარაში."

საღამოს ფრანკფურტის გავლით ჰელსინკში გავფრინდით და დანიშნულების ადგილზე ნაშუაღამევს, 25 ნოემბერს ჩავედით. ჰელსინკის აეროპორტში ზვიად გამსახურდიას რეპორტიორების დიდი ჯგუფი, აილა ნიინიმაა და სხვა ფინელი მეგობრები, იქაური ქართველი ემიგრანტი რენო სირაძე და ფინეთში სამკურნალოდ მყოფი პრიმადონნა და უზენაესი საბჭოს წევრი მაია თომაძე ელოდებოდნენ.

ზვიადმა კორესპონდენტებს განუცხადა: "ბედნიერი ვარ იმით, რომ ჰელსინკის ვსტუმრობ. ამ ქალაქის სახელთან ბევრი რამ მაკავშირებს, ჰელსინკის შეხვედრის დასკვნით აქტში დეკლარირებულ პრინციპებისათვის ბრძოლას მთელი ცხოვრება შევალიე... იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს მოვახერხებთ გავაგებინოთ სიმართლე მსოფლიოს საქართველოში და კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ..." …არც ერთი, თუნდაც ირიბი საყვედურის სიტყვა ფინეთის მთავრობის მიმართ.

საქართველოს და ფინეთის ალმებიანი ავტომობილით სატუმრო Holiday Inn-ისაკენ გავემართეთ. მეორე დილით სასტუმროს კონფერენც-დარბაზში დიდი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთლიანად იყო წარმოდგენილი ფინური და ფინეთში აკრედიტებული საინფორმაციო საშუალებები. ზვიადმა განცხადა, რომ საქართველოში მომხდარი გადატრიალება არის ბუშის, "მხედრიონის" საპატიო წევრის - ბეიკერისა და გორბაჩოვის შეთქმულება მის წინააღმდეგ, რომლის უშუალო შემსრულებლები კომუნისტური ნომენკლატურა და Çჭêგî-ს საჯარისო ნაწილები იყვნენ. "ესაა ნომენკლატურის რევანში," - თქვა ზვიადმა და მოაყოლა, რომ ეს რევანში არა მარტო ქართული მოვლენაა. "დააკვირდით, - თქვა მან, - თითქმის ყველგან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ხელისუფლებაში ისევ კომუნისტები დაბრუნდნენ, ამის უახლესი მაგალითი ლიტვაა. დასავლეთის დემოკრატიებს მეტი სიფხიზლე მართებთ." ფინეთში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ლიტვაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ბრაზაუსკასმა გაიმარჯვა (თუ არ ვცდები, ტერმინი "ნომენკლატურის რევანში" ზვიადმა პირველად კრისტოფერ სტორის Soviet Analyst -ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოიყენა, რომელიც ასე იყო დასათაურებული.).

ზვიადმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ შევარდნაძის ხუნტამ დაშალა ხელისუფლებისა და მმართველობის ყველა დონის ორგანო, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას; რომ რეჟიმი უმოწყალოდ უსწორდება კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს მთელ საქართველოში; რომ აფხაზეთში ჯარის შეყვანის ერთადერთი მიზანი იქ ქართული მოსახლეობის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კამპანიის დათრგუნვაა; ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი არ გადამდგარან და დევნილობაში აგრძელებენ ფუნქციონირებას, რომ ამ ბრძოლის მიზანი არა ხელისუფლების დაბრუნება, არამედ ქვეყანაში კანონიერების აღდგენაა; თქვა, რომ დასავლური პრესა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავენ. "თუ ასე გაგრძელდა, საქართველო მალე სომალის მდგომარეობაში აღმოჩნდება. ერთადერთი გამოსავალი დანაშაულებრივი რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაა."

ფინეთში ჩასვლისთანავე ზვიადმა შეიტყო ზუგდიდის პოლიციის შენობაში მოწყობილი აფეთქების შედეგად კანონიერი ხელისუფლების რამდენიმე მომხრის, მათ შორის სლავა მინჯიას ვერაგული განადგურების ამბავი, რაც ძალიან განიცადა. პირადი პასუხისმგებლობის ეს გამძაფრებული გრძნობა - ხშირად სრულიად უცნობი ადამიანების მიმართ - მისთვის ბევრჯერ შემიმჩნევია. ეს შემთხვევა ზვიადმა პრესკონფერენციაზეც მოიყვანა, როგორც არსებული რეჟიმის ტერორისტული ხასიათის საილუსტრაციო მაგალითი. AP-ს კორესპონდენტის შეკითხვაზე - "რა რეაქცია გქონდათ ეუთო-ს შეხვედრაზე ფინეთმა ვიზა რომ არ მოგცათ?" - ზვიადმა უპასუხა - "ეს ფინეთის მთავრობის ბრალი არ არის, მსოფლიო მთავრობის გადაწყვეტილებაა."

ფინურმა მედიამ პრესკონფერენცია დეტალურად გააშუქა - იქაურების თქმით - საკმაოდ ობიექტურადაც. ფინური საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა ასეთი კომენტარი მოაყოლა: "გამსახურდიას გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლებაში მშვიდობიანი გზით დაბრუნება. საინტერესოა, არის თუ არა მისი პოზიციები საქართველოში ისეთივე ძლიერი, როგორც მისი სიტყვებია?" პრეს-კონფერენციის ანგარიში და მასალები საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა.

ფინეთში პრეზიდენტ გამსახურდიას ჩასვლას წინ უსწრებდა საინტერესო ეპიზოდი. გავლენით მეორე გაზეთის Ilta Sanomat-ის მთავარმა რედაქტორმა, მარტტი ბაკმანმა ხანგრძლივ სატელევიზიო გამოსვლაში აღწერა, თუ როგორ გახდა "დიქტატორი" გამსახურდიასა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებული ცილისმწამებლური საერთაშორისო კამპანიის მსხვერპლი და უნებლიე მონაწილე. ამ სატელევიზიო გადაცემის ვიდეოჩანაწერი აილა ნიინიმაამ დაგვახვედრა, რომლის დამსახურება საკუთარ "მოქცევაში" თვით ბაკმანმა დაადასტურა. მისი სიტყვებით, შეხედულების ასეთ მკვეთრ ცვლილებაში ძირითადი როლი იმ ფაქტმა ითამაშა, რომ სუკ-ის გენერლის და "დასავლეთის ფავორიტის" საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასავლურ მედიაში საქართველოზე, სადაც ხალხს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტენ, მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება. "ახლა ვხვდები, რომ გამსახურდიას "დიქტატორობა" გულუბრყვილო ხალხზე გათვლილი მედია-ხრიკი იყო. ვწუხვარ, რომ ამ გულუბრყვილო ხალხის სიაში თავად აღმოვჩნდი. არადა, თავს ასეთად ნამდვილად არ მივიჩნევდი."

საკუთარი გულუბრყვილობის მსხვერპლი ბაკმანი ამჯერად გულახდილობისა და პატიოსნების გამო დაზარალდა. ამ სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ის მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჩანს, "დინების საწინააღმდეგოდ ცურვა" არსად არაა იოლი.

"ფინეთ-საქართველოს საზოგადოების" ოფისში პრეზიდენტ გამსახურდიასა და მარტი ბაკმანს შორის ხანგრძლივი მეგობრული საუბარი შედგა. აისახა თუ არა ეს საუბარი შემდგომ რაიმე სახის პუბლიკაციაში, არ ვიცი.


* შამსუდდინ იუსეფი იორდანული წარმოშობის ჩეჩენია. იორდანიაში მუჰაჯირობის დროიდან ჩეჩნების კომპაქტური დიასპორა არსებობს, რომელიც განსაკუთრებული პატივით სარგებლობს, კერძოდ, იორდანიის მეფის პირადი გვარდია ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული, ტანსაცმელიც - კავკასიური ჩოხაა. შამსუდდინ იუსეფის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა არაბულ სამყაროში მისმა კავშირებმა (არსებულმა თუ არარსებულმა?) განაპირობა. იგულისხმებოდა, რომ ამას გარკვეული როლი უნდა ეთამაშა იმ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაში, რომელშიც ჩეჩნეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ აღმოჩნდა. იუსეფმა ამ თანამდებობაზე შამილ ბენო შეცვალა, რომელიც გარეგნულად უსაქმური ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, ხოლო როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, უბრალოდ მოსკოვის სუკ-ის მიერ ჩანერგილი კაცი აღმოჩნდა. ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებისთანავე შამსუდდინ იუსეფი ღიად განუდგა დუდაევს და დაგმო მისი პოლიტიკა. ის ხალხი, რომელიც ნაკლებად იცნობს ჩეჩნეთს და ჩეჩნურ ხასიათს, ხშირად საუბრობს "პანისლამურ" და "ფუნდამენტალისტურ" განწყობაზე ჩეჩნებში, სადაც ეროვნული სიამაყისა და კავკასიური ერთიანობის განცდა უძლიერესი და წამყვანია (ყოველ შემთხვევაში, იყო ჩემს იქ ყოფნისას). ამის ნათელი ილუსტრაციაა შამსუდდინის "მოღვაწეობასთან" დაკავშირებული ასეთი ეპიზოდი: საერთოკავკასიური "წესის" თანახმად, დანიშვნისთანავე მან სამინისტრო იორდანული წარმოშობის ჩეჩნებით აავსო, რამაც იქაურების ხუმრობანარევი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ხალხი იმწამსვე "ბედუინებად" მონათლეს და სხვანაირად აღარც ახსენებდნენ. მაგ. ერთი ნაცნობი ჩეჩენი მეკითხება: "სლუშაი, ტი ნე ვიდელ ნაშიხ ბედუინოვ?"

**  International Geselschaft Fur Menchenrehte - ფრანკფურტში განლაგებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციაა, უფრო ზუსტად - სხვადასხვა ეროვნულ ორგანიზაციათა გაერთიანება.

დართული ფაილები:


საკვანძო სიტყვები: ზ.გამსახურდია ფინეთსა და ევროპაში

ასოცირებული პუბლიკაციები::
• პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვიზიტი ფინეთიში »
• მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში (2) »
© ბესარიონ გუგუშვილი