სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 7, სულ: 23  შემდეგი > 
ეროვნული ხელისუფლება და აფხაზეთი - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 12/18/2006

აფხაზეთის საკითხი და ეროვნული ხელისუფლება

კრემლის მიერ ასევე ხდებოდა აფხაზი სეპარატისტების წაქეზება და მდგომარეობის დაძაბვა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში “აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ” ვკითხულობთ:

”აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს.

... მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად, არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადგენს:

  1.  წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს:
    აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;
    აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75-ე მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა წ.წ. 15 მარტამდე.

  2. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს, ამ დადგენილების პირველი მუხლის შეუსრულებლობა გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას”

(1991 წლის 25 თებერვალი).

 

არსებული დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ისახავდა მიზნად ზვიად გამსახურდიას “მიმართვა აფხაზი ხალხისადმი”:

”ძვირფასო თანამემამულენო!

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება... ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ურთიერთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით... ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა. მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს... მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერც განახორციელებდა მხოლოდ რეპრესიებითა და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი-“გათიშე და იბატონე” და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად... დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვებობით, რაც, მისი გეგმით, დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში.

...მოგიწოდებთ: ნუ აჰყვებით პროკომუნისტებს-ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებსა და პროვოკატორებს. ბოიკოტი გამოუცხადეთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანი არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობასა და დამოუკიდებლობას!

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!”

(1991 წლის 12 მარტი)

 

სამწუხაროდ, კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები აფხაზეთში აგრძელებდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. აი, რას წერდა ზვიად გამსახურდია ვლადისლავ არძინბას:

  • ”საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება, ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს...

  • ...თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ, და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულვებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვა და სხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

  • თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...

  • ...ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, მონაწილეობა მიიღეთ მის მუშაობაში, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით”

(1991 წლის 29 მარტი).

მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუნსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება-მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის-28 აფხაზი ეროვნებისა, 26-ქართველი და 11-სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-ქართველი და რაც მთავარია, აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით, რომლის მოსაგროვებლად (44 ხმა) აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი. ასე უსისხლოდ და სხვა მძაფრი დაპირისპირების განვითარების გარეშე მოხერხდა აფხაზური პრობლემის მოგვარება.


ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეთა
პერმანენტული, უწყვეტი საპროტესტო აქცია სოხუმში


აფხაზეთში ეს მხოლოდ ცრემლის ზღვის დასაწყისია

სოხუმში "შავლეგოს" სული ბორგავს

  ვიდეოდოკუმენტი:
ზუგდიდის ოკუპაცია,
წინააღმდეგობის მოძრაობა აფხაზეთში,
მზადება აფხაზეთში "ომობანობისათვის" >>>

 ბრძოლა აფხაზეთისათვის პუტჩის შემდგომ

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს გულისტკივილითა და დიდი საშიშროების მოლოდინის ხედვით ქართველ ხალხს ამცნო თუ რას უპირებდნენ საქართველოს ისინი, ვინც გეგმავდნენ და ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას - პუტჩს:

”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...

... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”

მიუხედავად დევნილობაში ყოფნისა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას აფხაზეთში. იგი წინასწარ აფრთხილებდა საქართველოს მოსახლეობას, საერთაშორისო საზოგადოებას, რათა არ დაეშვათ აფხაზეთში ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, რაც მიგვიყვანდა სისხლისღვრამდე.

1992 წლის 19 აპრილს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია „ღია წერილში ედუარდ შევარდნაძეს“ ამხელდა შევარდნაძის ხუნტის მიერ აფხაზეთში ომისა და ეთნოკონფლიქტის გაჩაღების მცდელობას:

თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992 წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-გს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურურტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.“

1992 წლის 14 მაისის მიმართვაში აფხაზეთის მოსახლეობისადმი იგი აღნიშნავდა:

”მოგმართავთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებით “გააუქმა” საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია, ვინაიდან მისი აზრით საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისაკენ, გაერთიანებისაკენ, ყველა სადავო პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისაკენ. მე მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას იმოქმედოს პარლამენტზე, რათა მან შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდაუვალი იქნება სისხლის ღვრა”.

მიუხედავად ამისა, როგორც ხუნტა, ისე აფხაზი სეპარატისტები აგრძელებდნენ თავიანთ ანტისახალხო ქმედებებს. ამასთან დაკავშირებით ბატონი ზვიად გამსახურდია 1992 წლის 24 ივლისს აკეთებს ასეთ განცხადებას:

”ა.წ. 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო რიგი ანტიკონსტიტუციური აქტები, გამოცხადდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა, აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია, რაც საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გასვლას ნიშნავს.

სესია უფლებამოსილი არ იყო ასეთი აქტების მიღებისა, რადგან დარბაზში არ იყო კვორუმი, ანუ კვალიფიცირებული უმრავლესობა-დეპუტატების ორი მესამედი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური შესწორებებისათვის, ან კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისას.

ამგვარი მოქმედება გამართლებულ იქნა იმით, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია შეჩერებულია, ხოლო ძველ კონსტიტუციაში აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ მოიხსენიება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია მოქმედებს და საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ უფლებამოსილი არ არის.

აღდგენა 1925 წლის კონსტიტუციისა, სადაც ლაპარაკია პროლეტარიატის დიქტატურაზე, კომუნიზმის იდეალებზე, ნიშნავს საბჭოთა კომუნისტური წყობის აღდგენას აფხაზეთში, რაც, იოლად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ანაქრონიზმს და ეწინააღმდეგება მსოფლიო ისტორიის განვითარებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს უაღრესად უარყოფითი შედეგები, დაპირისპირება და კონფლიქტი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყველა ზემოთნახსენები აქტი მოკლებულია კონსტიტუციურ საფუძველს და არა აქვს იურიდიული ძალა.

საკითხი აფხაზეთის სტატუსის შესახებ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.”

მიუხედავად პრეზიდენტის ამ მცდელობისა, ვერ მოხერხდა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება. ზვიად გამსახურდია იმავე დღეს, 14 აგვისტოს გამოეხმაურა სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას:

”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.”

ამასთან მან 21 აგვისტოს მიმართა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ვლადისლავ არძინბას:

“აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისათვის, აფხაზი ხალხის გენოციდისაგან გადასარჩენად გთავაზობთ სასწრაფოდ მოიწვიოთ პარლამენტის სესია და გააუქმოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, აღადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია”.

ბატონ ზვიადს არც მოსკოვში 3 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა დარჩენია ყურადღების გარეშე:

”3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ. ელცინს, ე. შევარდნაძესა და ვ. არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.”

თავის განცხადებას პრეზიდენტი ასე ამთავრებს:

”მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს”.

განსაკუთრებით მწვავე იყო ზვიად გამსახურდიას რეაქცია ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულების მიმართ, რომლის საფუძველზე სოხუმიდან გაყვანილ იქნა ქართული ჯარი და ფაქტობრივად დაუცველი დატოვეს ქართული მოსახლეობა. 1993 წლის 20 ივლისის იმმართვაში ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი პრეზიდენტი აღნიშნავს:

”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. “ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც “დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ. პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე.შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!

ღმერთი და სამართალი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ!”

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ განაპირობა ის, რომ, მიუხედავად მის წინაშე მდგარი წინააღმდეგობისა და საშიშროებისა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა სამშობლოში, რათა არ დაეშვა აფხაზეთის წინასწარ დაგეგმილი ჩაბარება. ჩამოსვლის მეორე დღეს, 25 სექტემბერს, მან ასე მიმართა ქართველ ერს:

”ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.

ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩემოვედი არა იმისათვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.

თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით.

ალბათ, მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა; იმის გამო, მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ აი, დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ.

დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის.

გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად!

გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას”

ხედავდა რა, რომ ფრონტზე იყო კატასტროფული მდგომარეობა, რომ ხორციელდებოდა მზაკვრული გეგმა სოხუმის ჩაბარებისა, რომ ე.შევარდნაძის ყოფნა სოხუმში, პირიქით, ხელს უშლიდა სოხუმის დამცველებს, არ იყო სამხედრო ნაწილებს შორის ურთიერთთანხმობა, რაც იწვევდა პანიკას და ჯარისკაცების დემორალიზებას, ზვიად გამსახურდიამ აიღო ინიციატივა გაერთიანებულიყვნენ კანონიერი ხელისუფლებისა და ფაქტობრივი ხელისუფლების ძალები. ამ გზით იგი ?; სექტემბერს მიდის ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის შტაბში. ხუნტის გენერლებს ზვიად გამსახუდრიამ განუცხადა:

„... დაარწმუნეთ თქვენ თქვენი მხარე, ვინც აქა ხართ მათი წარმომადგენლები, რომ ჩვენ მზად ვართ ამისათვის  (ძალების გაერთიანებისთვის. - რედ.) და გავაერთიანოთ ყველაფერი, ტექნიკური რესურსები, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს და წავიდეს ერთად მოქმედება, ბრძოლა...

თქვენ ხომ იცით, ავღანეთის ომი ათი-თერთმეტი წელიწადი რატომ გაგრძელდა? იმიტომ რომ იქ იბრძოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებსაც ერთმანეთში ჰქონდათ ჩხუბი. აი, ეს იყო ძირითადი. არ ჰქონდათ ერთიანი ფრონტი, არ ჰქონდათ ერთიანი ხელმძღვანელობა. იქ ყველა ხელმძღვანელი იყო, ყველას თავისი ჯგუფი ეკუთვნოდა...

ერთიანი ეროვნული არმიის სტრუქტურაში უნდა გაერთიანდეს ყველა. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს. აი, სოხუმის წაგება ამის შედეგია... ე.შევარდნაძემ მოაწერა ხელი პირდაპირ სოხუმის ჩაბარებას. მითხარით ვინმემ, არა ვარ ამაში სწორი? მოაწერა ხელი თუ  არა მან, რომ ყველა შეიარაღებული  ქართული ძალა გამოყვანილი ყოფილიყო სოხუმიდან? მოაწერა თუ არა ხელი რომ მთელი ტექნიკა გაყვანილი ყოფილიყო აფხაზეთიდან? მოაწერა თუ არა ხელი, არძინბა დაბრუნებულიყო სოხუმში?..

ჰოდა, რაზეც მაგან ხელი მოაწერა, ის შესრულდა... იძახის (ე. შევარდნაძე- რედ.), რომ აი, ესენი, ოჩამჩირის ფრონტი, არ მომეხმარაო, არ შემოვიდნენ დროზეო და მოღალატეები არიანო... თვითონ არის მოღალატე, მაგან ჩააბარა სოხუმი და ახლა არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩააბაროს ოჩამჩირის რაიონი. მაგას ამის ნებას არ მივცემთ. სოხუმსაც დავიბრუნებთ, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით... აი, გეუბნებით მე თვენ, არ მოვშორდები აქაურობას, სულ აქ ვიქნებით ახლა დღე და ღამე..

ჩემზე ავრცელებს ე. შევარდნაძე ჭორებს... იძახისო, რომ არ წახვიდეთ, არ იომოთ აფხაზეთშიო, წავიდეთ, თბილისი ავიღოთო (ხმა: აფხაზეთი თუ დავკარგეთ, თბილისი რად გვინდა...). ჰო, რად გვინდა... მთელი ძალები ჰყავს მაგას სამტრედიაში და ფოთში, მთელი ტექნიკა იქა ჰყავს... და დავიცვათ ქუთაისი, დავიცვათ თბილისიო. ვინ ესხმის,  რად გვინდა ჩვენ  ახლა იქით წასვლა. შავნაბადას ბატალიონი ფოთში უყენია. მე როგორც კი ჩამოვედი ზუგდიდში, პირველ დღესვე მოვიდა  იმ შავნაბადას ბატალიონის მეთაური  და კომენდანტი და აი, ახლავე წავალთო აფხაზეთში. რატომ არ წამოვიდა? შევარდნაძეს უნდა ჩააბაროს მთელი აფხაზეთი, როგორც სოხუმი. ამას აკეთებს შეგნებულად.

გაგრაში რა გააკეთეს? გაგრაში იგივე არ იყო? გაგრის ჩაბარების დღეს ჩაბარდა სოხუმი, იმიტომ, რომ გახსნილია რუსეთის საზღვარი, ზურგი ღიაა, ე. ი. აფხაზების მთელი ზურგი არის რუსეთი. ამოდენა ზურგი გაუხსნა აფხაზებს ამ გაგრის ჩაბარებით.სოხუმი იმ დღეს იყო ჩაბარებული, გვიკვირს რამე?...

სოხუმში ვითომ მშვიდობა დამყარდა, ყველა ჩავიდა... ყველა ჩავიდა სოხუმში... ხაფანგში გააბა ხალხი... სანამ ყველას არ გავიყვან არ გავალო, ე. ი. ყველა ქართველი უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან. ეს არის მაგის მიზანი (ხმა: უკვე თბილისშია). უკვე თბილისშია არა? ხომ ხედავთ. ახლა ზეიმი იქნება თბილისში - დაგვიბრუნდა მეთაური, ეროვნული გმირი, ე. ი. ჩააბარა სოხუმი და გმირი გახდა... შეიძლება ახლა მოვიდა ბრძანება - გაიყვანეთ ტექნიკა და გადიწო  არაფერი არ დაუთმოთ, არ დაემორჩილოთ თბილისიდან ბრძანებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ აფხაზეთის დასაცავად.

მოკლედ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ: ერთიანი შტაბი, ერთიანი მოქმედება, ერთიანი გეგმა...„

ოჩამჩირიდან მობრუნებულ პრეზიდენტს გალში დახვდა სახელდახელოდ შეკრებილი მოსახლეობა, რომელსაც მან გააცნო ფაქტობრივი ხელისუფლების გენერლებთან ოჩამჩირის შტაბში მიღწეული შეთანხმების დეტალები, თავისი ჩამოსვლის მიზნები:

„მე მინდა დეტალურად გვესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში საქართველოდან ჩემი ჩამოსვლის პირველი დღიდან, მართალია, დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლება და ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთან ვარ, მოგობრებო. პირველივე დღიდან, პირველივე დღიდან, პირველივე მიტინგიდან, რომელიც ჩავატარე ზუგდიდში, მე მოვუწოდებ ხალხს, მე მოვუწოდებ ქართველ ერს  არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე, არ დათმონ მამა-პაპათა საფლავები, გაერთიანდნენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით დავიბრუნოთ ის, რასაც გვართმევენ მოღალატენი, ჩვენი სამშობლოს გამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მტრებთან ალიანსში მყოფი მოღალატეები.

მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრცელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოზიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. ვაფრთხილებ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება,  კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე რომ , მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას გთხოვთ, მთელი რაიონის მოსახლეობას, ქალაქის მოსახლეობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჯკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის  და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდე ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დადგება საქართველოს სადარაჯოზე, დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე, დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით„.

ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთში მებრძოლი ყველა სამხედრო ძალა გაერთიანებულიყო და ერთიანი ფრონტით ებრძოლა აფხაზეთის გადასარჩენად. სამწუხაროდ და საუბედუროდ, შევარდნაძემ და მისმა დაქვემდებარებულმა სამხედრო ნაწილმა კვლავ ღალატის გზა აირჩიეს და თვითნებურად დატოვეს ფრონტის ხაზი. კანონიერი ეროვნული გვარდიის ნაწილები ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის გამო იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრისა და მხარდამჭერის კატეხიზმო
© ბესარიონ გუგუშვილი