სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 6, სულ: 35  შემდეგი > 
ბ.გუგუშვილი: „ვარსკვლავიერი საათი (1991 წლის დეკემბრის მიწურული)“
ავტ.: შავლეგო : 3/28/2006

ვარსკვლავიერი საათი

1991 წლის დეკემბრის მიწურულს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სასწრაფოდ მიმავლინა ბრიუსელში - რათა მეცადა შევხვედრა ევროპარლამენტის წარმომადგენლებსა და ნატოს ხელმძღვანელობასთან და განმემარტა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური პოზიცია. აჩქარება საჭირო იყო იმიტომ, რომ კრემლი სარგებლობდა რა იმითი, რომ მსოფლიო არ ჩქარობდა დამოუკიდებელი საქართველოს ცნობას - სულ უფრო აძლიერებდა შეიარაღებულ ჩარევას სამაჩაბლოში და გამალებით აიარაღებდა შინაგან ანტიეროვნულ ძალებს.

სასწრაფოდ, მოსკოვში, საბჭოთა საგარეო დიპლომატიური პასპორტი და რამდენიმე ევროპის ქვეყნის ვიზა გამიკეთეს (ჯერ კიდევ საბჭოთა მოქალაქედ ვითვლებოდი) და მცირე სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად - ვენის გავლით ბრიუსელში ჩავფრინდი.

იმის და მიუხედავად, რომ ევროპარლამენტისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სავსებით მოულოდნელი და წინასწარ დაუგეგმავი იყო - იქ გადაწყვიტეს დაუყონებლივ მივეღეთ და მეორე დღესვე, საგარეო კომისიის საგანგებო გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც ევროპარლამენტის ასზე მეტი დეპუტატი ესწრებოდა მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია. სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იდგა - საქართველოს ინფორმაციისა და თხოვნის მოსმენა ცნობის შესახებ.

ეს ევროპარლამენტში საქართველოს წარმომადგენლისა და საერთოდ საბჭოთა სივრცეში შემავალი სახელმწიფოების წარმომადგენლის პირველი ოფიციალური მიღება და გამოსვლა იყო - აქედან და სწორედ ამ დღიდან დაიწყო საქართველოს გზა ევროპის კავშირისაკენ. და ეს რეალურად და პრაქტიკულად დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ!

ჩემი გამოსვლა ინგლისურად დავიწყე და ევროპარლამენტს გადავეცი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს პარლამენტის მოწოდება დაუყონებლივ ეცნოთ საქართველო, რომელმაც დემოკრატიულად ჩატარებული რეფერენდუმით გადაწყვიტა აღედგინა 1921 წელს საბჭოეთის ოკუპაციით დამხობილი დამოუკიდებლობა. მოვახსენე აგრეთვე სამაჩაბლოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ და ავუხსენი, რომ ეს არ არის ოსი და ქართველი ხალხის ეთნიკურ საბუძვლებზე დაფუძნებული დაპირისპირება, არამედ არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. გადავეცი აგრეთვე პრეზიდენტ გამსახურდიას თხოვნა - აქტიურად ჩაბმულიყვნენ სამაჩაბლოში სამშვიდობო პროცესში - რაშიც ჩვენი მხრიდან ყოველგვარი ხელშეწყობა ექნებოდათ.

მივმართე - საქართველო, რომელიც პრაქტიკულად 200 წელი იყო ჯერ ცარისტული რუსეთის და შემდეგ საბჭოთა იმპერიის კოლონია ჯერ არ არის იმ ზომით დემოკრატიზებული ქვეყანა, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ევროპარლამენტის წევრები არიან. მაგრამ, საქართველოში, მის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაში არის დიდი სწრაფვა დემოკრატიისდმი და სურვილი, რომ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის გზით ვიაროთ და ამდენად - თანდათანობით, თქვენი დახმარებით იმედი გვაქვს დავძლევთ ყველა სირთულეს.

შემდეგ უფლება მოვითხოვე ჩემი გამოსვლა ქართულ ენაზე წარმემართა, მე ვუთხარი: „გთხოვთ ახლა მომცეთ ნება პირველად ევროპარლამენტის ისტორიაში ამ კედლებში გაისმას ქართული ენა, მოგმართოთ ჩემს მშობლიურ ქართულ ენაზე, რადგან მინდა, რომ ევროპარლამენტის წევრებმა გაიგონ ჩემი ხალხის ხმა მის დედაენაზე, ხალხისა - რომელიც ესწრაფვის გახდეს დემოკრატიული ევროპის წევრი. ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ სულ მალე გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო და შემდგომ კი - ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა“. რამდენადაც ევროპარლამენტში ქართულიდან მთარგმნელი არ აღმოაჩნდათ საქართველოს პრემიერის სიტყვებს თარგმნიდა საქართველოს კანცლერი ალეკო ლანდია.

საქართველოდან ევროპარლამენტში წარგზავნილის დედაენაზე წარმოთქმულ სიტყვებს პარლამენტარები ტაშით შეხვდნდნ და ამით წახალისებულმა მე ისევ ინგლისურად მივმართე. ვუთხარი - „საქართველოს ხელისუფლებაზე კრემლის აგენტურა ავრცელებს ჭორებსა და სიცრუეს თითქოს ჩვენ უკიდურესი, ექსტრემისტი ნაციონალისტები ვართ. ბატონო პარლამენტარებო, მე პირადად ბებიით ბერძენი ვარ, ბერძნები ჩემთვის ისეთივე მშობლიური ხალხია - როგორც ქართველები. ასეთივეა ჩვენი ხელისუფლების მრავალი წევრი და ამდენად - ჩვენ ძალზე კარგად გვესმის და ვუგებთ საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს. ვიცით და ვითვალიწინებთ მათს ყველა კანონიერ სწრაფვას. ნუ დაუჯერებთ საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებს. კალიმერა (ბერძნულად: გამარჯობა) ბატონო პარლამენტარებო“!

ეს სიტყვები არ მქონდა დასრულებული, რომ საბერძნეთის მთელი დელეგაცია ფეხზე ადგა და საგანგებო ტაშით დამაჯილდოვა (ძალიან გამიკვირდა)... მეტიც, მაშინათვე - დემონსტრატიულად - ტრიბუნასთან მოვიდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიაში საბერძნეთის დელეგაციის მეთაური, ხელი ჩამომართვა, გამეცნო და საჯაროდ შემპირდა, რომ საბერძნეთის დელეგაცია უახლოეს დღეებში დააყენებს საკითხს საქართველოს ცნობის შესახებ!

ამის შემდეგ უკვე თბილი და შეიძლება ითქვას - მეგობრული ატმოსფერო შეიქნა, მცირე დაძაბულობა, რომელიც სულ თავიდან იგრძნობოდა მოიხსნა და სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ შესთავაზა შეკითხვები დაესვათ. ხუთი-ექვსი შეკითხვა იყო დასმული, ყველა კეთილგანწყობილი. განსაკუთრებით აინტერესებდათ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები, კავკასიის ნავთობი და სატრანსპორტო მაგისტრალები. არც ერთი უხერხული და მძაფრი შეკითხვა (რომელსაც ველოდით და მზად ვიყავით მოგვეგერიებინა) არ ყოფილა.

საქართველოს დელეგაციის მიღება ევროპარლამენტში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა (აქედან 45 წუთი მე ვილაპარაკე) და მისი დასრულების შემდეგ დამსწრეთა საკმაოდ გრძელი რიგი დადგა - იმისათვის რომ საქართველოს პრემიერისათვის ხელი ჩამოერთვათ და საქართველოსათვის წარმატება ესურვათ...

სულ ბოლოს მოვიდა ერთი ძალზე სიმპატიური, ხანდაზმული პარლამენტარი, გამეცნო - მე ოტტო ჰაბსბურგი ვარ და ხვალ საღამოთი გეპატიჟებით ჩემს კაბინეტში ყავაზე და საუბრისთვისო. სიამოვნებით დავთანხმდი და ამით დავშორდით.

საქართველოს მთელი დელეგაცია აღფრთოვანებული და დიდად იმედმოცემული იყო. სხვა გარემოებათა გარდა იმითიც, რომ საგარეო საქმეთა კომისიამ გვიშუამდგომლა უშუალოდ (კრემლის გარეშე) მიგვემართა ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისათვის ევროსტრუქტურებისათვის - რაც საშუალებას მოგვცემდა კრემლის მიერ მოწყობილი სასტიკი ეკონომიკური ბლოკადა შეგვემსუბუქებინა. ამაზე მუშაობა კი დაუყონებლივ დავიწყეთ და მომდევნო ორიოდ დღეში ძალზე არსებითად წავიწიეთ წინ.


ევროპარლამენტის ენერგეტიკულ კომისიაზე ვაცნობთ ტრანსკავკასიის ნავთობსადენებს

როგორც კი გავნთავისუფლდით, ჩვენს მასპინძელს, ვთხოვე დაწვრილებითი ცნობები მოეწოდებინა იმ პარლამენტარის შესახებ, რომელმაც შემდეგ საღამოთი მიგვიწვია - ამან კი მისი დიდი გაკვირვება გამოიწვია: „არ იცით ვინაა ბატონი ოტტო?“. ახლა ალბათ საქართველოში ბევრმა იცის ვინაა ბატონი ოტტო ჰაბსბურგი - გაერთიანებული ევროპის ერთ-ერთი იდეოლოგი, დამფუძნებელი და მამამთავარი - მაგრამ, მაშინ სულ ახლახანს ჯერ კიდევ საბჭოთა მოქალაქეებს საიდან უნდა გვცოდნოდა ავსტროუნგრეთის შთამომავლობითი მეფის შესახებ?

მეორე საღამოთი ბატონ ოტტოს ვესტუმრეთ ევროპარლამენტში მის ოფისში. მან თბილად მიგვიღო და საქართველოს პრემიერს მაგიდის თავში ადგილი შესთავაზა. მე ვუთხარი „ბატონო ოტტო. მე ქართველი აზნაური ვარ და მეფეს სუფრის თავში ვერ დავუჯდები - თქვენ დაბრძანდით“ მეთქი. მან კი სიცილით მომიგო „ამ შენობაში არისტოკრატიულ ტიტულებს არ ცნობენ, აქ ეგ არ მოქმედებს და რაც მთავარია - თქვენ სტუმარი ხართო“.

საუბარი მე დავიწყე და დავიწყე საქართველოს ძალზე მოკლე ისტორიულ-სტრატეგიული, გეოპოლიტიკური მიმოხილვით. რამდენიმე ზოგადი ფრაზის შემდეგ ბატონი ოტტო ზრდილობიანად ჩაერთო და მითხრა: „ახალგაზრდობაში ესპანეთში კომუნისტებისა და საბჭოთა ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომლებსაც კრემლი აიარაღებდა და აქეზებდა - ვიბრძოდი ერთ ემიგრანტ ქართველ თავადიშვილთან ერთად (გვარიც ახსენა - ქართლელი თუ კახელი დიდგვაროვნის, სამწუხაროდ არ მახსოვს), რომელიც იმ ომში ესპანელი ხალხის მომავლისათვის გმირულად დაიღუპა. ასე, რომ საქართველოს წარსულზე, აწმყოზე და ასე განსაჯეთ ნაწილობრივ მომავალზეც-კი საკმაოდ ბევრი ვიცი. მოდით დღევანდელ პრობლემებზე და საშიშროებებზე ვილაპარაკოთ, გავარკვიოთ - რითი შეიძლება რეალურად დავეხმაროთ ევროპიდან დამოუკიდებელ საქართველოსო“. შემდეგ დაწვრილებით ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს გარეგანი თუ შინაგანი მტრებისაგან იყო მოსალოდნელი.

ბატონმა ოტტომ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ცნობა უახლოეს დღეებში მოხდებოდა, და, რომ, ეს უკვე თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გადაწყვეტილი საკითხია - ამავე დროს გაგვაფრთხილა, რომ რაც უფრო მოახლოვდება ცნობის ჟამი, მით უფრო საშიში გახდებოდა ჩვენი მდგომარეობა. მისი აზრით არ იყო გამორიცხული რუსეთის ღია სამხედრო ჩარევა, ეროვნული ხელისუფლების დაპატიმრება (ჩეხოსლოვაკიის მსგავსად) და სამხედრო კონტროლის დაწესება მთელს საქართველოზე...

დასასრულს ბატონმა ოტტომ გულთბილი სალამი გადასცა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და გვითხრა, რომ აღტაცებულია მისი დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი წარსულით, დიდ პატივს სცემს მას და უსურვებს სიმტკიცესა და წარმატებებს...

რა თქმა უნდა ყოველ საღამოს ჩვენი დელეგაციის წარმატებების შესახებ ვაცნობდი პრეზიდენტს და იგიც ფრიად კმაყოფილი იყო.

შემდგომ დღეს, საკმაოდ მოულოდნელად, მივიღეთ თანხმობა ნატოს გენერალური მდივნისაგან მანფრედ ვორნერისაგან შეხვედრის თაობაზე. შეხვედრაზე გავემართეთ მე, ლანდია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კალანდია. ნატოს შტაბ ბინის შესასვლელში, გარეთ დაგვხვდა ოფიცერი, რომელიც ყველას ცალ-ცალკე სახელითა და გვარით მოგვესალმა და შეგვიძღვა შენობის შიგნით.

გამაკვირვა ნატოს შტაბ ბინის სამუშაო სათავსოების დაბალმა ჭერმა, ძალზე ვიწრო უსარკმელო დერეფნებმა და ზოგადად ზედმეტად სპარტანულმა გარემომ (მით უმეტეს, რომ რამდენჯერმე ნამყოფი ვიყავი საბჭოთა გენშტაბში - უმდიდრეს და პომპეზურ სასახლეში, მოსკოვში).

დერეფანში გაღიმებული სახით და საკმაოდ არაოფიციალურად შეგვხვდა გენერალური მდივანი ვერნერი და არც თუ მდიდრულ და არც თუ დიდ კაბინეტში მიგვიწვია. მას შემდეგ რაც რბილ სავარძლებში კომფორტულად მოვეწყეთ - და ყავა და ნამცხვარი მოგვართვეს - ზოგადი ფრაზების შემდეგ მე მას გადავეცი პრეზიდენტ გამსახურდიას მოკითხვა და ვუთხარი: „ქართველმა ხალხმა რეფერენდუმით განაცხადა სურვილი აღადგინო დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო. გადმოგცემთ ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის სურვილს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აქ უკვე აღარ მოვალთ სტუმრად - არამედ, მოვალთ როგორც ნატოს ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრი და უკვე ჩვენ მიგიწვევთ ამ შტაბ ბინის ჩვენს კუთვნილ აპარტამენტებში“. ამის შემდეგ, კვლავ ქართულად წარმოვთქვი რამდენიმე ფრაზა (რომლებსაც კვლევ ლანდია თარგმნიდა) – „ეს იმიტომ, რომ ამ შენობაში გაისმას ქართული და ყური შეაჩვით ნატოში ქართულ ენას“ მეთქი - ვიხუმრე. შევატყე, რომ ფრიად ნასიამოვნები დარჩა ჩემი სიტყვებით - არც მალავდა...

პასუხად მითხრა: „თქვენ პირველი ადამიანი ხართ საბჭოთა კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან, რომელსაც ნდობა და პატივი გხვდათ ნატოს შტაბ ბინის ზღურბლს აქეთ გადმოგებიჯებინათ ფეხი. ეს პატივი არ ღირსებია არც გორბაჩოვს და არც თქვენს თანამემამულეს შევარდნაძეს. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ნატოს ხელმძღვანელობა საქართველოს კეთილგანწყობით შეჰყურებს და იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ნატოს კავშირები მეგობრული, მტკიცე და მრავალმხრივი გახდება. ვინ იცის მომავალში თქვენი სიტყვებიც გამართლდესო.“

ამის შემდგომ გენერალური მდივნის მითითებით დამსწრე ოფიცერმა ა.ლანდიას სთხოვა გამოერთო ვიდეოაპარატი (ამ შენობის სამუშაო ტერიტორიებზე საერთოდ და მკაცრად აკრძალულია ყოველგვარი ვიდეოგადაღებაო - თქვენ დიდი შეღავათი მოგეცითო) - რომლითაც ის ჩვენს შეხვედრას იღებდა და საკმაოდ ხანგრძლივი კონკრეტული და საქმიანი საუბარი გაიმართა. საუბარი ძირითადად ეხებოდა იმ დახმარებას, რომელიც საბჭოთა ბირთვული იარაღის მოძრაობის დაფიქსირებაში და კონტროლში შეგვეძლო აღმოგვეჩინა ნატოსათვის საქართველოსა და მთელი კავკასიის მასშტაბით (თანამშრომლობა, რომელიც არსებითად რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ) - რათა იგი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო და არ მოხვედრილიყო არასასურველ ხელში (ტერმინი „ტერორიზმი“ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ახლანდელი სახით). მე მას გადავეცი ის ინფორმაცია, რომელიც ამის შესახებ გაგვაჩნდა. ლაპარაკი იყო აპარტურუზე - რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რკინისგზებითა და საავტომობილო გზებით შენიღბული ბირთვული იარაღის გადაზიდვების დაფიქსირება.

უნდა აღვნიშნო, რომ დასავლელ სამხედროებთან ლაპარაკი ყოველთვის (ამის შემდეგ არაერთხელ მქონია - ჩეჩნეთში) ბევრად უფრო მარტივი იყო - ვიდრე პოლიტიკოსებთან. სამხედოების სამყარო ბევრად უფრო მარტივი და ცალსახაა - არის მოწინააღმდეგე, არის მოკავშირე და არის სისხლი - ჯარისკაცების სიკვდილ-სიცოცხლე...

ბოლოს მე მას საჩუქარი - ლამაზად მოჭედილი ქართული ხმალი დაგავეცი - რომელიც მაშინათვე ქარქაშიდან ამოსწია და პირი გაუსიჯა: „დიდი მადლობა ნატოს შეიარაღებისთვისო“ - ხუმრობით მითხრა. მე კი მივუგე „იმედია ამის სანაცვლოდ ნატო ბევრ და თანამედროვე იარაღს მოგვაწვდის“ მეთქი... ასეთ განწყობაზე დავშორდით. დერეფანშიც გამოგვაცილა და მოიცადა სანამ პალტოებს ჩავიცმევდით და გამოვემშვიდობებოდით. ძალზე თავმდაბალი, ზრდილობიანი და ინტელიგენტი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

ეს იყო ნატოს სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პირველი ნაბიჯები და ეს მოხდა ზუსტად 15 წლის წინ! მოხდა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დროს და მის მიერ!

შინ მისვლისთანავე პრეზიდენტს დავურეკე და აღფრთოვანებულმა მოვახსენე წარმატებების შესახებ. მაგრამ მისი ხმა არ მომეწონა, რაღაცით... განსაკუთრებით კი ამაღელვა მისმა განკარგულებამ - მეტს მანდ ნუ გაჩერდებით და რაც შეიძლება სწრაფად ჩამოდითო. შემდეგ, უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე პუტჩისტები ქალაქში შემოსულან და ცენტრში საბრძოლო პოზიციებს იკავებენ. მეორე დილითვე გამოვფრინდით საქართველოში...

თბილისში ავსტრიის გავლით გვიან ღამით ჩამოვფრინდით. თბილისის აეროპორტშიც კი იგრძნობოდა უკიდურესი დაძაბულობა - ყველგან შეიარაღებული ხალხი იდგა... სახლში შევიარე, სწრაფად ვივახშმე და მაშინათვე პრეზიდენტის სანახავად გავეშურე. ნაღუაღამევს კარგად გადაცილებული იყო.

ჩვეულებრივი მანქანით, „ჟიგულებით“ წავედი, მძღოლი და სამი მცველი მახლდა - გზა და გზა ბევრგან ვხედავდი კიტოვანის კბილებამდე შეიარაღებულ ბანდებს, მათს ბე-ტე-ერებს, ბე-ერ-დე-ემებს. ზოგი მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი უკვე სრული კონტროლის ქვეშ ჰქონდათ - პრაქტიკულად მთელი რუსთაველის პროსპექტზე პირველ სკოლამდე მათი შეიარაღებული ბანდიტები იდგნენ - ყველა მანქანას აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. მილიცია არსად ჩანდა, ქუჩები უკაცრიელი იყო...

დაახლოებით „იმელიდან“ იძულებული გავხდით უკან გავბრუნებულიყავით და მეორეხარისხოვანი ქუჩებით, შემოვლით, უკანა მხრიდან მივედით მთავრობის სასახლეში. პრეზიდენტი კაბინეტში არ იყო - მოედნისაკენ წავიდა, მიტინგზე სიტყვით გამოსვლას აპირებსო...

თითქმის სირბილით გავეშურე მთავრობის სასახლის წინა გასასვლელისაკენ. მართლაც კარებთან ზვიადი იდგა, ხოლო კარში კი მტკიცედ ჩამდგარიყვნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები - ისინი არ უშვებდნენ გარეთ ზვიადს. მართლაც არ იქნებოდა ზვიადის გარეთ გასვლა: პუტჩისტების ხროვები, ორი-სამი ათასი, ზედ მთავრობის სასახლის კიბეებთან იყვნენ მომდგარები და მათი მძიმე საბარგო მანქანები კი ტროსებით ათრედნენ ბეტონის ბლოკებს რომლებიც „ჩვენს“ და „იმათს“ ყოფდნენ. ჩვენები პუტჩისტებზე ბევრად მეტნი იყვნენ და თითქმის მთლიანად ავსებდნენ მთავრობის სასახლის წინა მოედანს კინო „რუსთაველის“ ბოლომდე. მაგრამ საგანგაშო ის იყო, რომ იმათი მხრიდან შეიარაღებული პირები სულ ახლოს იყვნენ მოსული და უკვე გარკვევით ჩანდნენ შეუიარაღებელი, ნარკოტიკებით გაბრუებული ბრბოს მიღმა.

პუტჩისტების მიტინგს სიგუა უძღვებოდა, ზვიადს საპაექროდ იწვევდა - ამიტომ ზვიადს ვთხოვე, არ არის სიგუა თქვენი დონისა და რანგის, იმისი ღირსი, რომ თქვენ გასცეთ პასუხი - მე გავალ და მე ვეპაექრები მეთქი. მართლაც დავითანხმე - გავედი და მივმართე მომიტინგეებს. ჯერ გავაცანი ჩვენი ევროპაში და ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის შედეგები და ევროპარლამენტის პირობა, რომ უახლოეს დღეებში ცნობენ საქართველოს დამოუკიდებლობას - რასაც ეროვნული ხელისუფლების მომხრეები აღფრთოვანებით შეხვდნენ, ხოლო პუტჩისტები - სტვენითა და ღრიანცელით. შემდეგ სიგუას მივმართე - თუ რაიმე არგუმენტები გაქვთ და საერთოდ რამე სერიოზული გაქვთ სათქმელი, გიწვევთ სატელევიზიო დებატებში - ახლავე, დაუყონებლივ მეთქი. ნუ მიიყვანთ საქმეს სისხლისღვრამდე - პოლიტიკური გზებით გადავწყვიტოთ ყველაფერი მეთქი. რა თქმა უნდა არავითარი რეაქცია ჩემს სიტყვებს არ მოჰყოლია. მათ ხალხმა ამასობაში სულ მთლად მოაშორა ყოველგვარი ჯებირები და ორივე მხირივ მხარეები უკვე პირისპირ აღმოჩნდნენ. ერთი იყო მხოლოდ რაც მათი ძალოვანი შეტევისაგან გვიცავდა - ჩვენი მომხრეების ფრიად ჭარბი რიცხვოვნობა...

ერთ საათში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა ტელევიზიით - კაცი-ქუდზე ითხოვა - ეს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების უკიდურეს მძიმე მდგომარეობაზე მიუნიშნებდა... ამის შემდეგ მეც გამოვედი ტელევიზიით და გავაფრთხილე საქართველო მოსალოდნელ საშიშროებაზე.

კიდევ ერთი-ორი საათის შემდეგ პუტჩისტების მხრივ მიტინგი მნიშვნელოვნად შეთხელდა, უკან დაიხია და შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა. ამითი ვისარგებლე და მინისტრთა კაბინეტის შენობაში გადავედი. იქ მინისტრთა ბირთვი შეიკრიბა (მინისტრების ნაწილი უკვე პუტჩისტებისაკენ იყვნენ გადასულები, ზოგიც დაიმალა) - ჯერ მოკლედ გავაცანი ევროპაში ვიზიტის შედეგები და მერე დავიწყეთ თადარიგი - ასე შემომათენდა.

დილის დაახლოებით რვა საათი იქნებოდა, მთავრობის სასახლის მხრიდან ძლიერი, ძალზე ძლიერი სროლის ხმა მომესმა. პრეზიდენტის მისაღებში დავრეკე - მდივანს, ლალის ვკითხე - რა ხდება მეთქი? დაიწყეს შეტევაო მითხრა, გვესვრიანო... შენობაში ხომ არ შემოუღწევიათ მეთქი - არაო, პირველ სკოლას ვერ გადმოცილებიანო...

ფანჯარაში გავიხედე, მაგრამ კვამლის მეტი არაფერი ჩანდა. სამაგიეროდ დავინახე, რომ მთელი რუსთაველის პროსპექტი მუზეუმის შენობიდან მოყოლებული დამოუკიდებლობის მოედნამდე - სულ მოწინააღმდეგის მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული - თითქმის ყოველი ჭადრის უკან მათი კაცი იყო ჩასაფრებული და იარაღი მთავრობის სასახლისაკენ ჰქონდათ მიმართული. მეტროს სახურავზეც და დიდი უნივერმაღის სახურავზეც მათი სნაიპერები იყვნენ და ტყვიამფრქვევი ჰქონდათ დადგმული.

მაშინათვე ომონის ოფიცერს დავუძახე - რომელიც მინისტრთა კაბინეტის შენობას იცავდა - დავანახე ჩასაფრებულები და ვკითხე - რა შეგიძლიათ ქნათ მეთქი. არაფერიო, მითხრა - მხოლოდ იმისი საკმარისი ხალხი მყავს რამენაირად ეს შენობა დავიცვაო - მაგრამ დასაზვერად კაცს გავუშვებო. სულ მალე დასაზვერად წასული დაბრუნდა და მოახსენა - ადამიას ხალხია, ველაპარაკე კიდეც - ერთი ნაცნობიც გამოჩნდა. ასე გაირკვა, რომ თურმე მთავრობის მთელი უბანი ალყაში ყოფილა: პირველი სკოლის მხიდან კიტოვანის „გვარდიელები“ და მოედნის მხრიდან კი ადამიას მებრძოლები.

კიდევ პატარა ხნის შემდეგ გამოჩნდნენ პრეზიდენტის ერთგული გვარდიის მებრძოლები - რამდენიმე ათეულმა მინისტრთა კაბინეტის შენობაში და ახლო-მახლო დაიკავეს პოზიციები, ზოგმა კი ახლო-მახლო გზაჯვარედინებიზე. ამის შემდეგ - როცა დავრწმუნდი, რომ ამ მხრიდან ვერავინ შემოგვიტევდა - გადავედი მთავრობის სასახლეში.

როდესაც მთავრობის სასახლეში მივედი, პირველი შეტევა უკვე მოგერიებული იყო - მხოლოდ კანტი-კუნტი გასროლები და ავტომატის ჯერები ისმოდა, სნაიპერების ორთაბრძოლების ხმა. მაგრამ ყველგან ეყარა დამსხვრეული მინები, შენობას ბევრი ნატყვიარი ემჩნეოდა. რამდენიმე მანქანა იწვოდა. ეროვნული ხელისუფლების უიარაღო მომხრეები მთავრობის სასახლის შენობის ეზოსა და კინო რუსთაველის შესასვლელში იყვნენ შეყუჟულნი - რამდენიმე ათასი იყვნენ. აღგზნებულები იყვნენ, მაგრამ შიში არ ეტყობოდათ. მითხრეს რომ უკვე იყო მსხვერპლი ჩვენი მხრიდან... წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრებმა ტირილით შემომჩივლეს, რომ რამდენიმე წუთის წინ მოუკლავთ აჩიკო რამიშვილი - მაშინ, როდესაც იგი დაჭრილის შენობაში შემოთრევას ცდილობდა - გული დამეწვა და სიბრაზემ, შურისძიების გრძნობამ ამიტანა... აჩიკო ყველას ძალზე გვიყვარდა - გამორჩეული იყო კეთილშობილებითა და სიმამაცით.

ძალიან მალე ჩვენი მომხრეების რაოდენობამ ზრდა იწყო - მოდიოდნენ უკანა ქუჩებით, რუსთაველი უკვე პუტჩისტებს ჰქონდათ სრულად დაპყრობილი. უკვე დილის ათი-თერთმეტი საათისათვის ათასობით უიარაღო ადამიანმა მოიყარა თავი მთავრობის სასახლის ეზოში - ტევა არ იყო...

მაგრამ, სტრატეგიული ტერიტორია, მთავრობის სასახლის წინა მოედანი უკვე ფიზიკურად დაკარგული გვქონდა - ტყვიის შიშით იქ უკვე მომიტინგეები ვეღარ დგებოდნენ და ამითი პუტჩისტებს უკვე მთავრობის სასახლეზე პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმისათვის ასპარეზი ღიად დარჩათ.

სამოქალაქო დაპირისპირება - რაშიც ყოველთვის ჩვენ ვიყავით მოგებულები იმიტომ რომ ყოველთვის მათზე შეუდარებლად ბევრად მეტი მხარდამჭერი გვყავდა ხოლმე, შეგნებულად შეიარაღებულ დაპირისპირებად აქციეს - რომელშიც მათ უპირატესობის მიღება ძალზე იოლად შეეძლოთ (რუსის დახმარებით)...

ზვიადს შევხვდი, დაველაპარაკე - ძალზე დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მტკიცედ და დაჯერებულად გამოიყურებოდა. კიდევ ერთ საათში სროლები სულ შეწყდა და შედარებითი სიმშვიდე დამყარდა. ამით ვისარგებლე და კვლავ მინისტრთა კაბინეტის შენობაში დავბრუნდი - უნდა დაგვეჩქარებინა ბრძოლებისთავის სამეურნეო მზადყოფნა...

ნაშუადღევის ოთხი თუ ხუთი საათი იქნებოდა - პრეზიდენტის მდივანმა ლალიმ დამირეკა, ტიროდა: „ბატონო ბესარიონ. სასწრაფოდ გადმოდით, გვიშველეთ რამეო...“ მეტი ვერაფერი მითხრა - ტიროდა. სასწრაფოდ, სირბილით გავიქეცი - მანქანის მოსვლას არ დავლოდებივარ. მთავრობის სასახლის ეზო სირბილით გადავკვეთე - ყველგან ჩვენი მომხრეები მესალმებოდნენ, ხელს მითათუნებდნენ, მიღიმოდნენ, მამხნევებდნენ...

ავირბინე პრეზიდენტის მისაღებში - ერთი ფანჯარა ტყვიებით იყო დაცხრილული და დატეხილი და იქ არავინ იყო... ვიღაცამ გვითხრა - შენობის სიღრმეში, იქით გადავიდაო - ოთახში, რომლის ფანჯრები ეზოში გადიოდა... იმ ოთახის შესასვლელში ლალი შემხვდა - ისევ ტიროდა... რა მოხდა, ხომ არ დაჭრეს - მეთქი. არაო, მითხრა - წასვლას აპირებსო... კინაღამ დამბლა დამეცა, ფეხები მომეკვეთა...

შევლასლასდი იმ ოთახში. ზვიადი პორტფელში რაღაც ქაღალდებს აწყობდა. ოთახის სიღრმეში მურმან ომანიძე როგორც გავიგონე აეროპორტში ვიღაცას ელაპარაკებოდა თვითმფრინავის მომზადების თაობაზე და მარშრუტზე - ხან ერთ ქალაქს ასახელებდა, ხან - მეორეს. ფანჯარასთან სასოწარკვეთილი სახით მანანა ძოძუაშვილი იდგა - გარეთ იყურებოდა. სხვა არავინ იყო. გავშრი. ერთ ხანობას ხმის ამოღება ვერ შევძელი. ზვიადმა ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და მშვიდად პოტფელის ჩალაგება განაგრძო. პირი გამიშრა... ენას ვერ ვაბრუნებდი... ბოლოს როგორც იქნა საყვედურივით ამოვილუღლუღე: „ყაჩაღებს უტოვებთ საქართველოს?“. გაკვირვებულმა შემომხედა „აბა სხვა რა გზა მაქვს?“. „უნდა შეებრძოლოთ... უნდა შევებრძოლოთ... ბატონო ზვიად. ათასობით ადამიანია ქვემოთ - თქვენი იმედი აქვთ“...

მანანა ძოძუაშვილი წამომეხმარა: „სწორია ბატონი ბესარიონი - ბატონო ზვიად“. ზვიადი რამდენიმე წამი გაჩერდა, იატაკს მისჩერებოდა - მერე პორთფელი მიაგდო, ლალის დაუძახა და უთხრა - „მოვიდნენ ქუთათელაძე და ლოთი“. შემდეგ ომანიძეს მიუბრუნდა - „უთხარი, რომ მე არ მჭირდება თვითმფრინავი. იმათ მოუმზადონ თვითმფრინავი“...

ორ-სამ წუთში ბესო ქუთათელაძე შემოვიდა, სამხედრო ფორმა ეცვა, უკმაყოფილო სახე ჰქონდა. ზვიადმა უთხრა: „უნდა ბრძოლისთვის მოვემზადოთ“ და მიაჩერდა. „როგორ, ზვიად. სულ 30 წუთის სამყოფი ვაზნები გვაქვს. დაიხარჯა სამაჩაბლოში“. „როგორ? სულ სამაჩაბლოში დაიხარჯა?“ - ჰკითხა ზვიადმა.

ამასობაში ლოთი ქობალიაც შემოვიდა. „ბესო ქუთათელაძე ამტკიცებს, რომ 30 წუთის სამყოფი ვაზნები გვაქვს და წინააღმდეგობას აზრი არა აქვს“ - დაეკითხა ზვიადი. ლოთმა ქუთათელაძეს გადახედა და უპასუხა „ხო, ასე 30-45 წუთის სამყოფი“... მაგრამ, მაშინათვე გამოასწორა - „აქ არა გვაქვს ბატონო ზვიად... მაგრამ ჩამოვიტანთ, თუ საჭიროა...“. ზვიადი დამშვიდდა: „ხო, და, ჩამოიტანეთ. ეხლავე“... ქუთათელაძე და ქობალია პრეზიდენტის განკარგულების შესასრულებლად გავიდნენ...

მე და მინისტრები კვლავ მინისტრთა კაბინეტის შენობაში გადავედით და თადარიგი განვაგრძეთ...

იმ ღამეს უსასტიკესი, დაუნდობელი და გააფთრებული შეტევა გადავიტანეთ. გვიტევდნენ აფთრებივით, ცოფიანი ძაღლებივით - პრაქტიკულად ყველა არაკაცი ნარკოტიკების დიდი დოზებით იყო გაბრუებული და უსულო მექანიზმად - რობოტად, ზომბიდ იყო ქცეული... ჭრილობებსაც კი ვერ გრძნობდნენ...

დიდი ყალიბის არტილერიის ჭურვების აფეთქებებისაგან მთავრობის სასახლეში, შიგნით, მტვრის ისეთი ბუღი იდგა - 2-3 მეტრზე არაფერი ჩანდა. დაძაბული ყვირლით თუ გააგებინებდი გვერდზე მდგომს - ისეთი ხმაური იყო. წამდაუწუმ შემოჰყავდათ დაჭრილები და მოკლულები... წამდაუწუმ ქრებოდა ელექტრობა - თუმცა ისე ავაწყეთ, რომ დენს სამი დამოუკიდებელი წყაროდან ვიღებდით...

ამ შეტევის ძალაზე ახლაც ნებისმიერს შეუძლია იმსჯელოს თუნდაც იმ ფოტოებით, რომელზეც დანგრეულ-დალეწილი მთავრობის სასახლე და რუსთაველია აღბეჭდილი. პრეზიდენტის ერთგულმა სამასიოდე მებრძოლმა, რომელთა უმეტესობას უკიდურესად მდარე ხარისხის იარაღი ჰქონდა, ხოლო - არსებით ნაწილს - სანადირო თოფები, საოცარი სიმტკიცით იბრძოლა - დაიცვა სიმართლე და მოიგერია ბოროტი - რომელიც აბსოლუტურედ დარწმუნებული იყო იოლ და სწრაფ გამარჯვებაში. იმ ღამის შემართება და ბრძოლა ცალკე რომანის, ცალკე ფილმის, ცალკე პოემის ღირსია.

იმ ერთ ღამეს უამრავი ადამიანი გახდა გმირი. იმ ღამეს უამრავი გახდა უფრო დიდი ვიდრე დედამ შობა. ბევრზე-ბევრმა აჯობა საკუთარ თავს, დაამარცხა სუსტი და ლაჩარი საკუთარ სულში. გმირები გახდნენ ის უზენაესი საბჭოს დეპუტატები - რომლებსაც არ შეეშინდათ და არ მიატოვეს თავისი პოსტი... გმირები გახდნენ ის მინისტრები, პრეფექტები, ქალაქებისა და სოფლების მერები და გამგებლები - რომლებსაც არ შეეშინდათ და არ დათმეს ლეგიტიმურობა... სამუდამო გმირი გახდა მთავრობის სასახლის დამცველი ის ასობით თავმდაბალი მებრძოლი - რომელთა სახელი დღეს აღარავის ახსოვს. გმირები გახდნენ ის ათასობით უიარაღო, მაგრამ უსაზღვრო რწმენით აღჭურვილი ჩვეულებრივი, დღეს უსახელო ადამიანი - რომლებმაც ის ღამე მთავრობის სასახლის ეზოში, მისადგომებთან, დერეფნებში და ოთახებში თეთრად გაათიეს და თავისი იქ ყოფნით, თანადგომით ამხნევებდნენ მებრძოლებს...

მე კარგად მახსოვს იმ ღამის მებრძოლების, მათ შორის შავფორმიანი „ომონელების“ თავმდაბალი, უშიშარი, გადაწყვეტილი თავგანწირვის ძალით დამშვიდებული სახეები... ისინი არ იცავდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და თუნდაც ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას (როგორც ზოგს უნდა ახლა გაასაღოს): ისინი რესპუბლიკის პრეზიდენტის მეთაურობით იცავდნენ მართალ, კაცურ, ამაყ საქართველოს - თვითონ კაცები. ამიტომ - მუდამ გამარჯვებულები იქნებიან - იმის მიუხედავად, რომ ვერც სიცოცხლეში და ვერც მერე ვერ ეღირსებიან იმ დაფასებას, რომელიც მათ ერგებათ. და, დარწმუნებული ვარ - ამას არც ელოდებოდნენ, არც ელოდებიან და არც სჭირდებათ... ესაა სწორედ მათი თავგანწირვისა და გმირობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი!

იმ ღამეს გმირი გახდა მთელი ქართველი ხალხი - რომელმაც არა სთქვა უარი საკუთარ არჩევანზე... გმირი გახდა ქართველობა ზოგადად - რომელიც ტყვიითა და სიკვდილით ვერ შეაშინეს და ვერ დააჩოქეს!

ეს საქართველოს უდიდესი გამარჯვება იყო. ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა... კიდევ ერთხელ თავგანწირვითა და უკანმოუხედავად შეებრძოლა ბოროტს... კიდევ ერთხელ არ დათმო სიმართლე, სამართალი, კაცობა... არ აიტანა სულში ჩაფურთხება...

საქართველო და ქართველობა იმ ღამეს სულ სხვანაირი გახდა.

იმ ღამეს დათესილი რწმენა და სისხლი, საქართველოს სულსა და გულში იმ ღამეს ჩანერგილი გმირობა და თავგანწირვა - ბოროტი ცეცხლითა და მხვილით, მასობრივი სასტიკი რეპრესიებითა და წამებით, ცილისწამებისა და სიცრუის ვულკანით ვერ ამოშანთა შევარდნაძის არაკაცული ძალაუფლების თორმეტმა წელიწადმა და ვერც სხვა ნებისმიერი ხელისუფლების მიერ არაკაცული მიჩუმათება და ჩამოხურდავება ამოშანთავს!

კიდევ არა ერთი მთავრობა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რომ მართალი სიმართლე მთლიანად და სრულად სახელმწიფო დონეზე იქნას აღიარებული - კაცურად, ქართულად, ფარისევლობის გარეშე - თუ კი ეს საერთოდ ოდესმე იქნება; რომ - თეთრზე თეთრი ითქვას და შავზე შავი... რომ კაცზე - კაცი ითქვას და არაკაცზე - არაკაცი... რომ - გაკეთდეს მტკიცე, უტყევი, საბოლოო და სავალდებულო არჩევანი კაცის გზასა და არაკაცის გზას შორის - რაზეც ზვიადმა წინასწარმეტყველურად აუწყა ქართველ ხალხს 1991 წლის 26 მაისს!

თხუთმეტი წელი გავიდა იმ გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ. მე კი მას შემდეგ ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს - ნუთუ მართლა ჩემმა თითქმის ჩურჩულით ნათქვამმა: „ყაჩაღებს უტოვებთ საქართველოს?“ - გადაწონა ეჭვისა და მერყეობის სასწორი? ნუთუ ამ სამმა სიტყვამ იმოქმედა საქართველოსათვის საბედისწერო გადაწყვეტილებაზე?

თუ ასე იყო და თითქოს ასე იყო - მაშინ ეს ყოფილა ვარსკვლავიერი საათი - რისთვისაც ამ ქვეყანაზე მოვსულვარ! მაშინ, მე - პირველი ვარ ვისაც არა აქვს უფლება უღალატოს იმ ბრძოლის ღამის, მრავალი მომდევნო ბრძოლის დღებისა და ღამეების სამუდამოდ უსახელო, უცნობ გმირებს! მე - უნდა გავისარჯო და ამოვკვეთო შეუიარაღებელ, მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე არაკაცების ხელით ასობით მოკლულთა და დაჭრილთა, ნაწამებთა და დარბეულ-დაჩაგრულთა სახელები! მე - ვარ მათი სახელებისა და სწრაფვის მატარებელი ცოცხალი დაფა! მე - არა მაქვს უფლება დავთმო ის, რისთვისაც მათ - ჩვენი სამუდამო ერთობისა და უღალატობის იმედად - საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ დადეს ბედის სასწორზე! მე - უნდა ვიყო მეხსიერება მათთვის! თუნდაც, რომ, იმ ღამის ბრძოლის უმაღლესი მიზანი ამ ქვეყნად მიუღწეველი და განუხორციელებელი იყოს! და, სწორედ ამიტომ: ესაა პასუხისმგებლობა!

P.S. როდესაც ლოგინად ჩავარდნილ, დამბლადაცემულ ჩემს დედას, ნინოს ჩვენი ოჯახის კეთილმოსურნე მეგობრები, ნათესავები და მეზობლები 1991 წლის სწორედ ამ სისხლიან დღეებში დაჟინებით ურჩევდნენ: „დაუკავშირდი ბესოს, წამოვიდეს მთავრობის სასახლიდან - იქ იმათ ყველას ამოჟლიტავენო“ - დედაჩემმა დაუძლურებული და აკანკალებული ხმით უპასუხა: „სამშობლო მსხვერპლს მოითხოვს“-ო! და, რა თქმა უნდა, ლაჩრული გაქცევა არ შემომთავაზა... ქართველმა დედამ ყველაზე კარგად იცის სამშობლოს წადილი.

ბესარიონ გუგუშვილი
ფინეთი, ვანტაა
2006 წლის 9 მარტი


პრემიერი ბ.გუგუშვილი და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი ალექსანდრე ლანდია

საწყისი ტექსტი

დაუწკაპუნეთ სანახავად:
ბ.გუგუშვილი, „ვარსკვლავიერი საათი“. გაზ. „ასავალ-დასავალი“, 27 მარტი, 2006

გამოქვეყნებულია გაზეთ „ასავალ დასავალში“, 2006, N13, 27 მარტი - 2 აპრილი

 

© ბესარიონ გუგუშვილი