სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 34, სულ: 40  შემდეგი > 
მერაბ კოსტავას ეზოში არაკაცების მიერ მოკლული ნუგზარ ლეჟავა
ავტ.: შავლეგო : 5/29/2005

თქვენ გიხილავთ ირმები? თქვენ გიხილავთ ყელმოღერებული ირმის სევდა? გიხილავთ განცვიფრებული, გაფაციცებული, გულუბრყვილო ირმის მზერა?.. თუ არ გიხილავთ, ნუგზარ ლეჟავას სახლში მიბრძანდით, ბატონებო, დავით და ანა ლეჟავებს ჩახედეთ თვალებში და ირმის სევდასაც ჩაწვდეთ, იქნებ!.. ო, ეს მზერა!.. ათასი კითხვებით დამძიმებული სიჩუმე და მწარე რეალობა! ოქროსფერ ჩარჩოში სათუთად ჩასმული ახალგაზრდა მოკლული მამის სურათი! სუფთა, გაწკრიალებული, ფაქიზი სივრცე... არც სასოწარკეეთილება, მაგრამ არც სასოიბა... რაღაც უფრო მეტი, განსაცვიფრებლად მტკივნეული და უნაპირო... და თევზი... ციცქნა აკვარიუმში მოფუსფუსე ოქროსფერი თევზის მოქნილი სილუეტი...

საღამო ხანს ვეწვიე ლეჟავების მოკრძალებულ, კოპწია ოჯახს.

ნუგზარის ერთგულმა მეუღლემ და მეგობარმა ქ-ნმა მზიამ ფაქიზად მოვლილი რვეულები გადმომცა, ჩვეულებრივი რეეულები კი არა, ნუგზარ ლეჟავას სულის ტრაგიკული და ლამაზი სიმფონია!..

ჩემს თვალწინ ზღვასავით გადაიშალა ნუგზარის სამყარო: გადახაზული სტროფები, ძიება, იჭვები, ტკივილები, ფარული თუ აშკარა სიყვარული... და უსაშველო, უკიდეგანო მამულის ერთგულება! ხეები ჰყვარებია უსაზღვროდ ნუგზარს, ხეები და ფოთოლცვენა. არც იუმორის გრძნობასთან ყოფილა მწყრალად და ლექსის რითმის გახედნაც მრავალგზის უცდია...

ნუგზარს პოეტობის პრეტენზია არასოდეს ჰქონია, არც მე მაქვს მისი პოეტად წარმოჩენის დაჟინებული სურვილი, არა, უბრალოდ სხვათა შორის, ჟამიდან-ჟამს, იქნებ გადაგვეფურცლა საქართველოსათვის მსხვერპლად შეწირული, მერაბ კოსტავას ისტორიულ ეზოში უღვთოდ მოკლული ქართველი კაცის დანატოვარი ლექსები... მოვფერებოდით მის ლამაზ სულს და პატივი მიგვეგო ნუგზარ ლეჟავას ხსოვნისათვის.

ნუგზარ ლეჟავას აქვს დაწერილი მცირე მოთხრობები, ნოველები, საკმაოდ ვრცელი მეცნიერული გამოკვლევა მისი საყვარელი მეფის თეიმურაზ I-ის შესახებ... ამ ნაწარმოების გამოქვეყნება, ალბათ, მომავლის საქმეა...

და დგანან მერაბის ეზოში ალვის ხეები... ნუგზარ ლეჟავას საზარელი მკვლელობის უტყვი მოწმეები... უსამართლოდ დასჯილი და ბრალდებული ალვის ხეები...

თინათინ მღვდლიაშვილი

 

ქართველი ერის ღირსების დაცვისათვის მებრძოლო, შვილო, ნუგზარ! შენნაირ გმირთა გადარჩენილია საქართვვლო. ჩვენი ისტორიული ეზო შენი სულის შარავანდედმა კიდევ უფრო გააცისკროვნა.

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს სიმართლისათვის დევნილი ნუგზარ ლვჟავას მართალი სული.

ამინ!

ოლღა დემურია-კოსტავა

 

საქართველოში როს დაბნელდება,
აანთებ სანთლებს და
ფიქრებს გაჰყვები ჩემზე.
დედავ, დედიკო,
რა მეშველება,
როცა აღარ იქნები ქვეყნად?..
საქართველოში როს დაბნელდება,
აანთებ სანთლებს და
ჩემზე ფიქრით გადაღლილი
სხვა საქმისათვის ვეღარ მოიცლი...

ნუგზარ ლეჟავა

 

სადღეგრძელო

ქართველების სევდა მომკლავს,
საქართველოს სიყვარული,
აღმა-დაღმა ხეტიალი,
ბეწვის ხიდზე სიარული.
სადღეგრძელოს სმა ბოლომდე
ტრფობა მომკლავს მე მამულის,
კარდანახის ღვინოს შევსვამ,
სადღეგრძელოს სიყვარულის.
ისე წავალ ამ ქვეყნიდან,
დრო არ დამრჩეს სინანულის.
შემოგწირავთ ჩემს სიცოცხლეს,
წუთი დამრჩეს თუნდაც ათი....
სიკვდილამდე ვერ გაიგეთ, —
ქართველების ხასიათი?!...

 

დამიდგით ჯვარი
საფლავის ქვაზე.
ანათოს მთვარემ
ლურჯთვალა ცაზე.
მერე გათენდეს.
აენთოს მზე.
უბრალოებაშია –
სილამაზე...


სიკვდილამდე
და სიკვდილის შემდეგაც,
ულაყებივით ჩაიქროლებენ წლები...
მხოლოდ აქა-იქ დარჩება
ფერდობზე,
ეგზოტიკურად გათლილი
საფლავის ქვები...

წიგნიდან: „მე ვადანაშაულებ“, თბილისი, 2001, გვ. 344-347

 

© ბესარიონ გუგუშვილი