სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 21, სულ: 35  შემდეგი > 
ბ.გუგუშვილის ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“ 2005 ნოემბერი (ტექსტი, ნაწ.2)
ავტ.: შავლეგო : 11/28/2005

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ თქვენს მიერ ხსენებული მეორე, ზ.გამსახურდიას დაღუპვიდან 10 წლის შემდეგ ხელახლა წამოწყებული და 2004 წლიდან მიმდინარე უკანონო „გამოძიების“ ხელახალი დაწყების მთავარი ინიციატორი პერსონალურად გამსახურდიას ქვრივი იყო. ეს იმ პერიოდში მოხდა როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება ქვრივს ზვიადის თბილისში გადმოსვენების პიარული კამპანიის შესახებ ევაჭრებოდა და ეს „გამოძიება“ ამ ვაჭრული, ორმხრივ-ანგარებითი გარიგების არსებითი ნაწილი იყო. ამით ქვრივმა კიდევ ერთხელ ჩვეული მუხანათობით დაარღვია ჩვენს შორის საერთაშორისო დონეზე დადებული შეთანხმება.

ქვრივმა ცბიერად შეაცდინა „ვარდების“ ხელისუფლება - ჯერ შეაქმნევინა ე.წ. „საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის“ შემსწავლელი კომისია  (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ¹174, 2004 წლის 21 თებერვალი) თავისი პირადი და პერსონალური მონაწილეობით. მერე კი, როდესაც ზვიადის გადმოსვენებისათვის მისაღებ საზღაურზე, ჯილდოზე ვერ შეთანხმდნენ - ამ კომისიიდან თითონ გაძვრა და მთელი ეს ნაგავი და ბინძური პროვოკაცია სააკაშვილის ხელისუფლებას შეაჩეჩა - აჰკიდა. შეგახსენებთ, რომ ეს კომისია არჩვაძის გასვლის შემდეგ ერთხელაც არ შეკრებილა - იმის გამო, რომ ჩაიშალა თვით კომისიის შექმნის პიარული კამპანიის გარიგება.

აღნიშნული გამოძიების წამოწყებას წინ უსწრებდა სააკაშვილის სახელმწიფოს ფაქტობრივი მეთაურისათვის ძალზე უხეში და მიუტევებელი იურიდიული ლაფსუსი. გაგაცნობთ ამონარიდს სააკაშვილის სიტყვებით: «პრეზიდენტი სააკაშვილი კი საპატრიარქოდან იძლეოდა კომენტარს: "მე როგორც ქრისტიანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა". სააკაშვილის თქმით, ასეთი დიდბუნოვანი ადამიანი იმ დროისათვის მიუღებელი იყო და იგი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდოდათ» (გაზეთი „რაზონანსი“ , 2004, http://www.opentext.org.ge/04/resonance/086/086-22.htm)

სააკაშვილის ეს სიტყვები ცალსახად ადასტურებს, რომ  „საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის“ შესახებ არჩვაძის წაქეზებითა და სააკაშვილის ბრძანებით პროკურატურის მიერ წამოწყებული ყოვლად უპერსპექტივო და უკანონო „საქმე“ პირადად სააკაშვილის ექსტრაიურიდიულ ანუ არასამართლებრივ, პიროვნულ და სუბიექტურ ფსევდორელიგიურ თვალთახედვაზეა დაფუძნებული, აგებული და მოტივირებული.

მეორე მხრივ - სააკაშვილის ზემოთხსენებული სიტყვები იმას ნიშნავს და სხვა არაფერს, რომ თუ ზვიადის თვითმკვლელობა დამტკიცდა და დადასტურდა - იქმნება უდიდესი საშიშროება იმისა, რომ სააკაშვილს („როგორც ქრისტიან ადამიანს“) გული გაუტყდება ქრისტეს სჯულზე, მოუწევს უარის თქმა ქრისტიანობაზე (მართლმადიდებლობას რომ თავი დავანებოთ) და იგი ალბათ მუსლიმი, ბუდისტი, იუდეველი, ათეისტი ან კიდევ უარესი - სატანისტი გახდება... ამას კი საქართველოსათვის ფრიად სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს! ხომ არ აჯობებდა ასეთ კრიტიკულ ვითარებაში კიდევ ერთხელ გაგვეწირა თავი ზვიადის თვითმკვლელობის მოწმეებს და დავთანხმებულიყავით რაიმე სხვა - პოლიტიკურად და არჩვაძე-სააკაშვილისთვის უფრო მისაღებ ვერსიაზე? საქართველოს გადასარჩენად...

მაგრამ, არა - კიდევ ერთხელ, ჯიუტად და დაუზარებლად გავიმეორებ გამსახურდიას ოჯახსა და მისი თვითმკვლელობის მოწმეთა ზემოთხსენებულ შეთანხმების ყველაზე არსებით პუნქტს: „გამსახურდიას ოჯახის წევრები და სიკვდილის მოწმენი კატეგორიულად უარს ამბობენ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებასა თუ რაიმე გამოკვლევაში მონაწილეობაზე“. - ხომ კითხულობთ? კატეგორიულად უარს ამბობენ - აწ, და მარადის, და უკუნისიდან უკუნისობამდე... ეს საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე - კერძო პირი იქნება ეს თუ სახელმწიფო ორგანო - უნდა დაისაჯოს.

წესით - საქართველოში განუკითხავობა რომ არ იყოს გამეფებული და კანონი რომ კანონობდეს - ამ სტატიის გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პროკურატურამ დაუყონებლივ უნდა წამოიწყოს საქმე ხსენებული ხელშეკრულების (რომლის არსებითი და აქტიური მონაწილე მხარე, მოწმე და სუბიექტი თვით საქართველოს პროკურატურა იყო) დარღვევის თაობაზე - პირველ რიგში კი სააკაშვილისა და არჩვაძის წინააღმდეგ. მეორე მხრივ - სწორედ ამ ხელშეკრულების არსებობის გამო და მის შესაბამისად ზვიად გამსახურდიას დაღუპვისა და მით უმეტეს „ფიზიკური ლიკვიდაციის“ შესახებ ვერავითარი გამოძიება ან გამოკვლევა ვერ და არ ჩატარდება! შეუძლებელია!

მე საქართველოს პროკურატურამ მესამე პირების ხელით გადმომიგზავნა ძალზე საეჭვოდ  შედგენილი ქაღალდი - (23.09.2004 N 18-2-8/2) ხელმოწერილი საგამომძიებლო ნაწილის უფროსი პროკურორის რ.ზარანდიას მიერ:

«გაცნობებთ, რომ 1993 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღძრულ N 7493846 სისხლის სამართლის საქმეზე თქვენს მიმართ სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტის საფუძველზე 2001 წლის 28 მაისის დადგენილებით შეწყვეტილია.

იმავდროულად გაუქმდა დადგენილება თქვენი დაპატიმრების, ძებნის გამოცხადებისა და ეტაპირების შესახებ.

ამასთან, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

რიგი გარემოების უტყუარი გამორკვევისა და დადგენისათვის აუცილებელია საქმეზე თქვენი მოწმის სახით დაკითხვა, რამდენადაც დაღუპვის მომენტში ზვიად გამსახურდიას გვერდით თქვენ იმყოფებოდით და წარმოადგენთ თვითმხილველ მოწმეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2004 წლის ოქტომბერში, თქვენთვის მისაღებ დღისათვის გიბარებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში...»

ეს ქაღალდი გავაცანი ჩემს ფინელ იურისტებს, რომლებმაც მასში არაერთი უხეში შეცდომა აღმოაჩინეს:

კერძოდ, ამ დოკუმენტში არ არის მითითებული პროკურატურის მიერ წამოწყებული საქმის საოქმო ნომერი და ზუსტი საოქმო დასახელება - რაც სავსებით და აბსოლუტურად აუცილებელია იმიტომ, რომ პროკურატურის ქაღალდში ხსენებული „ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტი“ ზემოთხსენებულ და უფრო მნიშვნელოვან სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში - რომლებმაც ეს გამოძიება წამოაწყებინეს პროკურატურას „საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის“ ანუ მისი მკვლელობის საქმედააა ნახსენები. ეს კი იურიდიული თვალსაზრისით იმას ნიშნავს, რომ ზ.გამსახურდიას მკვლელობა უკვე დადგენილ და უცილობელ ფაქტად ითვლება (რამდენადაც სააკაშვილი მტკიცედ დარწმუნებულია ამაში - როგორც ქრისტიანი) და პროკურატურა მხოლოდ ამ მკვლელობის გარემოებებს იძიებს.

ამავე დროს, ეს დოკუმენტი შეიცავს სხვა, ძალზე არსებით ორაზროვნებას ან უზუსტობას. რასთანაც დაკავშირებით საჭიროა გავეცნოთ სხვა ოფიციალურ დოკუმენტს - რომელიც გამომიგზავნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ვ.მაღლაფერიძემ (N 118, 5 ივლისი 2000):

«საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ მოთხოვნიდან გამომდინარე კომისიამ სთხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისთ დადგენილი წესით განეხილა და გადაეწყვიტა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი იმ პირების სასხლისსამართლებრივი დევნის საკითხი, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

თქვენს მიმართ დაუყონებლივ იქნება საქმე შეწყვეტილი, როცა გამოცხადდებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და საქმის შეწყვეტის შესახებ განაცხადებთ თანხმობას, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტის საფუძველზე („ვითარების შეცვლის შდედგად ქმედება აღარ არის საშიში“) საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია

როგორც ხედავთ მითითებული ორივე წერილი საპროცესო კოდექსის ერთსა და იმავე -- 28-ე მუხლის მე-7 ნაწილს შესაბამისად ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტს იმოწმებს. პროკურატურა წერს საქმე უკვე შეწყვეტილიაო (მე კი ამის თანხმობა არ მიმიცია) -- პარლამენტი კი წერს - საქმის შეწყვეტა თქვენი თანხმობის გარეშე დაუშვებელიაო.

ახლა თქვენ თითონ განსაჯეთ - ძალიანაც რომ მინდოდეს ამ საქმეში მოწმედ მონაწილეობა - ასეთი გაურკვევლობის ვითარებაში როგორ უნდა ვენდო პროკურატურას?

საქართველოს პროკურატურას აღნიშნული გამოძიება ჯერ კიდევ 2004 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. მას შემდეგ კიდევ ერთი წელი გავიდა და ჯერაც ვერ მოათავეს და ვერც ვერასოდეს მოათავებენ... იმიტომ, რომ - შეუძლებელია...

* * *

როდესაც გასროლის ხმის გაგონებითანავე მე ფეხზე წამოვვარდი (სათვალეების აღება და გაკეთება რა თქმა უნდა ვერ მოვასწარი) ყვირილით „არიქა გული ერევა“ მეთქი და ჭრაქით ძლივს განათებული ოთახის ბინდ-ბუნდში საწოლს შემოვუარე და  ლოგინს მარჯვენა მხრიდან დავხედე - ზვიადს სქელი საბანი ეხურა (ისევე როგორც ყველას, რადგანაც სახლში ძალზე ციოდა) და საბნიდან მხოლოდ თავი და ხელები უჩანდა.

თვალი უნებლიედ მიიტაცა მის ხელში პისტოლეტმა, ჭრილობამ საფეთქელზე, რომლიდანაც სისხლი გადმოდიოდა და აგრეთვე სისხლმა რომელიც პირიდან გადმოდიოდა. თვალები ღია ჰქონდა და პირდაპირ, თითქოს სადღაც შორს იყურებოდა...

ამის მერე ჩემი მზერა შეჩერდა ბაჩუკიზე, რომელიც ჩუმად, მაღალი ხმით კიოდა, და კედელს ურახუნებდა თავს. მერე რობინზონს შევხედე -  გახევებული სახით და ამ საშინელებისაგან გაყინული, გადმოკარკლული თვალებით - ჩემს გვერდით იდგა...

ოთახში „სალიარკის“ (რომელიც ჭრაქში იწვოდა), დენთისა და სისხლის აუტანელი სუნი იდგა და უცებ მომესმა როგორ ისხმევა ზვიადის სისხლი იატაკზე... უნებლიედ ბნელში იატაკს დავხედე - ზვიადის სისხლის გუბეში ხომ არა ვდგავარ მეთქი - შიშველი ფეხით თითქოს ზვიადის სისხლის სითბოც კი ვიგრძენი...

ბნელ იატაკს მივჩერებოდი, რომ სრული განზომილებით და მასშტაბით წარმომიდგა და წარმომესახა რა უბედურებაც შეგვემთხვა. საშინელმა, ძნელად აღსაწერმა გრძნობამ შემიპყრო - ძარღვებში სისხლი თითქოს ამიდუღდა, თვალთ დამიბნელდა...

ამის მერე არსებითად არაფერი მახსენდება - მეხსიერება და აზროვნება რომ აღმიდგა - უკვე დილა იყო, პირველ სართულზე ბუხართან ვიჯექი. ასე, რომ არ ვიცი თუ რა ეცვა ზვიადს გასროლის მომენტში - არ მინახავს იგი საბან გადახდილი.

* * *

მე ზვიადის მარცხენა მხარეს ვიწექი. როდესაც გასროლის ყრუ ხმა გავიგე, რომელიც თასის იატაკზე ბრახუნად მივიჩნიე. პირველ რიგში მყისიერად მარჯვენა მხარეს შემოვბრუნდი და ზვიადს შევხედე. ბინდ-ბუნდში მხოლოდ ის დავინახე, რომ პირიდან მუქი სითხე გადმოსდიოდა და ჩავთვალე, რომ პირღებინება ჰქონდა. ჩემსკენ მოქცეულ - მარცხენა მხარეს თავზე არავითარი ჭრილობა არ შეემჩნეოდა, არც სისხლი არ სდიოდა.

უკვე მომდევნო დღეს, კვარაცხელიას სახლში, როდესაც ზაზა მიცვალებულს ბანდა, პარსავდა და აპატიოსნებდა - ვაიძულე თავი და მისი სიკვდილის მერე პირველად და შედარებით ყურადღებით შევხედე ზვიადს - განსაკუთრებით მის თავს და თავის მარცხენა მხარესაც - ტყვიის ვერავითარი ჭრილობა თავისქალის მარცხენა მხარეს ვერ შევამჩნიე. როდესაც სხვა თვითმხილველებთან ამაზე ვისაუბრე გაირკვა, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ტყვია ყურის ნახვრეტიდან გამოფრინდა გარეთ. ტყვიაც ბევრი ეძებეს - მაგრამ ვერ იპოვეს (გილზა კი იპოვეს).

აგრეთვე დიდი ეჭვი მეპარება, რომ ლოგინის თავზე პატარა ამოტეხილი, რომელიც სხვა თვითმხილველებმა თავის ქალიდან გარეთ გამოსული ტყვიის ნაკვალევად მიიჩნიეს - ნამდვილად ასეთი იყო. ამაში ჩემი დაეჭვების მთავარი საფუძველი ისაა, რომ თუ თავისქალიდან გამოფრენილი ტყვია ლოგინის თავს მოხვდა (თავიდან 20-30 სანტიმეტრის სიშორეზე) - ლოგინის თავიც, მასზე ვითომ ტყვიის ამონატეხიც და ზვიადის ბალიშისა და ლოგინის მარცხენა მხარეც აუცილებლად სისხლის ჭავლის რაიმე, თუნაც უმნიშვნელო კვალს უნდა ატარებდნენ. ამ ადგილებზე კი როდესაც ისინი საკმაოდ დაკვირვებით - ზვიადის სიკვდილის დილით - დღის შუქზე დავათვალიერე (იმ დროს, როდესაც სხვები გასროლილ ტყვიას ეძებდნენ მთელს ოთახსა და იატაკზე) - სისხლის არავითარი კვალი ან ნაკვალევი არ იყო.

სხვათა შორის, ლოგინის თავზე ამინატეხი არის თუ არა ტყვიის მოხვედრის შედეგი - ძალზე ადვილი შესამოწმებელია და ექსპერტიზისათვის ახლაც სავსებით ხელმისაწვდომია. ის ლოგინის თავი ხომ გადარჩა და არსებობს! საკმარისია მას ესროლონ ტყვია „სტეჩკინის“ მარკის პისტოლეტიდან (რომელიც ჯერ შესაბამის წინაღობაში გაივლის - ვთქვათ რამე ცხოველის თავის ქალაში) და შემდეგ ახალი ნატყვიარი იმ ძველ ამონატეხს შეადარონ. ლოგინის თავი დიდია და ათობით ასეთ ექსპერიმენტს გაუძლებს. ჩაატაროს პროკურატურამ ასეთი რამდენიმე ექსპერიმენტი და საზოგადოებრიობას ტელევიზიით გააცნოს სანდო დოკუმენტური ვიდეო და ფოტო მასალა ექსპერიმენტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ეს თუნდაც რაღაც არსებითი შედეგი იქნება მათი ორი წლის „მუშაობით“ მიღებული. ვინ და რა უშლით ხელს? რატომ არ აკეთებენ ამას? ან იქნებ უკვე ჩაატარეს კიდეც ასეთი ექსპერიმენტი, მაგრამ ისეთი შედეგები მიიღეს, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობა არ აწყობთ?..

სხვათა შორის მსგავსი, მიახლოვებითი ექსპერიმენტის ჩატარებას ჟურნალისტებიც კი შეძლებენ თავისი ძალებით - იმედია ერთი „სტეჩკინი“ და მსგავსი ლოგინის თავი ჯერ კიდევ მოიძებნება საქართველოში. ცადეთ ბატონო ჟურნალისტებო - იქნებ სენსაციური შედეგები მიიღოთ!..

ათიოდე წლის წინ კი, ტყვიის გამოსასვლელი ადგილის (თუ ასეთი საერთოდ არსებობდა) სანდო და დოკუმენტირებული  დადგენა ძალზე იოლად შეიძლებოდა სამედიცინო ექსპერტიზით - შუნტირებით და კიდევ უკეთესად თავისქალის რენტგენული გადაღებით - მაგრამ ეს არ გაკეთდა, ამით კი ეს საკითხი სამუდამოდ კითხვის ქვეშ დარჩება და ამაზე ათასგვარი დაუსაბუთებელი და ფანტასტიკური მოსაზრება იტრიალებს. მე მაინც სუბიექტურად მგონია, რომ ტყვია გარეთ არ გამოსულა და იგი თავისქალაში ჩარჩა (იმიტიმაც ვერ იპოვეს).

* * *

ოთახს, რომელშიც ზვიადი და მე ვიწექით - გარეთ აივაზე გასასვლელი ყრუ კარი და აივანზე გამავალი ფანჯარა ჰქონდა. ფანჯარა მოწყობილი იყო მასიური ხის ყრუ დარაბებით, რომლებიც მუდმივად - დღისითად და ღამითაც დახურული იყო. ისე, რომ გარედან ოთახში შემოხედვა შეუძლებელი იყო.

ამას გარდა - როგორც დილით ოთახის დათვალიერებით დავრწმუნდი - ფანჯრის მინები მთელი იყო და საერთოდ არავითარი ნატყვიარი ოთახს სადმე (კედლებზე, ჭერზე ან იატაკზე) არ ეტყობოდა. ამიტომ ამ ვერსიას არავითარი რეალისტური დასაბუთება არ გააჩნია, გარემოებების არ ცოდნითა და სენსაციის მოხდენის სურვილითაა გამოწვეული.

* * *

უშუალოდ სიკვდილის წინ ზვიადის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კრიტიკული გახდა და იგი უკვე მძიმედ ავადმყოფი ადამიანი იყო. განსაკუთრებით აწუხებდა მუდმივი ძლიერი ტკივილები მუცლისა და მუცლის ქვედა (პროსტატის) არეში. ძლიერ გახდა, ვერ ჭამდა საჭმელს და ჩიოდა „ყველაფერი გადამეკეტა“-ო. მისი ასეთი საგანგაშო მდგომარეობის გამო ფრიად შეზღუდული გახდა ჩვენი გადაადგილებების მოწყობა - ფეხით დიდი მანძილების გავლა მას უკვე აღარ შეეძლო.

ბოლო სადგომზე რომ ვიყავით დიდი გაჭირვებით ჩუხუამ იპოვა და მოიყვანა ექიმი, მაგრამ ზვიადმა ექიმს თავი ხელით არ გაასინჯინა და ექიმი იძულებული იყო გარეგანი დათვალიერებითა და გამოკითხვით დაკმაყოფილებულიყო. ექიმის მოსაზრებით ავადმყოფობის ყველაზე რეალური მიზეზი იყო შაქრის დაიბეტის გამწვავება და ამიტომ მან გამოუწერა წამალი „მანილინი“. ექიმმა გაგვაფრთხილა, რომ ჩაურევლობის შემთხვევაში არ იყო გამორიცხული ზვიადს დამართოდა „კომა“. „მანილინი“ ჩუხუამ მეორე დღესვე იშოვა და მოიტანა. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ზვიადი წამალს ნამდვილად ყლაპავდა (და მალულად ისევ არ აფურთხებდა).

სიკვდილის წინა დღეს, დაახლოებით შუადღისას, ზვიადმა გონება დაკარგა, თვალები გადაუტრიალდა და ხროტინი ამოუშვა - მაგრამ, ოციოდე წუთში ისევ გონს მოვიდა,  დაილაპარაკა და მოითხოვა მისი ბალიშის ქვეშ ბიბლიის წიგნი ამოედოთ. საღამოსაკენ მან უკვე ფეხზე სულ მცირე ხნით ადგომაც მოახერხა...

სამწუხაროდ, სამედიცინო ექპერტიზის არ-ჩატარების გამო ეს საკითხიც სამუდამოდ საიდუმლოებით შებურული დარჩება, შეუძლებელი იქნება დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეკითხვაზე თუ რა დაავადება სჭირდა ზვიადს - თუმცა ჭორები და ვარაუდები ამის შესახებ ბევრია - პროსტატის კიბოდან დაწყებული და მოწამვლით დამთავრებული. ყველა თანმხლების თანდასწრებით ზვიადის წარმოთქმული მისი ასეთი სიტყვებიც კარგად მახსოვს: „არსებობენ ისეთი საწამლავებიც, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ იწყებენ მოქმედებასო“...

* * *

იმის გამო. რომ ქვრივმა არ მისცა ჩეჩნეთის ხელისუფლებას ნება ჩაეტარებინა ჩეჩნეთის კანონების შესაბამისად ზ.გამსახურდიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერიზა სამუდამოდ დაიკარგა იმის შანსი, რომ მტკიცედ, ობიექტურ მასალაზე დაყრდნობით დადგინდეს არა მხოლოდ მისი სიკვდილის მიზეზები და გერემოებები, არამედ ისიც კი - ნამდვილად იყო თუ არა გროზნიში დასაფლავებული პირი ზ.გამსახურდია.

თუ მაინც ჩაითვლება, რომ გროზნიში დაკრძალული პირი ნამდვილად ზ.გამსახურდია იყო (რაც ნამდვილად ასეც იყო) - არ ასებობს ობიექტური (იგულისხმება მოწმეების ჩვენებებისაგან დამოუკიდებელი) საექსპერტო მასალა იმის შესახებ თუ რა გახდა ზ.გამსახურდიას სიკვდილის ნამდვილი მიზეზი შემდეგი შესაძლო ვარიანტებიდან (და ვერასოდეს ცალსახად ვერ დამტკიცდება): - სიკვდილი ავადმყოფობის გამო (კიბო, კომა, გულის შეტევა); - სიკვდილი მოწამვლის გამო (რა საწამლავით?); - სიკვდილი ტყვიით ან სხვა სახის იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად; - სიკვდილი შემთხვევითი ტრამვის გამო (დავარდნა, წაქცევა).

თუ ჩაითვლება, რომ მისი სიკვდილი ნამდვილად იარაღით მიყენებული ჭრილობით იყო გამოწვეული მაშინ ზუსტად და ობიექტურად დაუდგენელია: - სად ჰქონდა იარაღით მიყენებული ჭრილობა (ჭრილობები) და სულ რამდენი ჭრილობა ჰქონდა; - თუ ერთ ჭრილობაზე მეტი ჰქონდა - რომელი გახდა მათგან სასიკვდილო.

შეუძლებელია იმის დასაბუთებული და დოკუმენტირებული დადგენა, იყო თუ არა მარჯვენა საფეთქელის არეში გარეგანი დათვალიერებით შესამჩნევი ჭრილობის მსგავსი რამ: - ნამდვილად ჭრილობა; - თუ მხოლოდ გარეგნულად ჰგავდა ჭრილობას.

ექსპერული თვალსაზრისით დაუდგენელია მარჯვენა საფეთქელის არეში გარეგანი დათვალიერებით შესამჩნევი ჭრილობის მსგავსი რამ იყო: - კანის ზედაპირული დაზიანება; - ტყვიით მიყენებული ჭრილობა; - ყუმბარის ნამსხვრევით მიყენებული ჭრილობა; - რაიმე სხვა მჭრელი იარაღით მიყენებული ჭრილობა; - შემთხვევით მიღებული ჭრილობა (წაქცევის, დავარდნის გამო).

თუ თავისქალის მარჯვენა მხარეს ნამდვილად ჭრილობა იყო - შეუძლებელია ობიექტურად დამტკიცდეს იყო ეს: - კანის ზედაპირული დაზიანება; - შემავალი ჭრილობა.

თუ ჩაითვლება, რომ მარჯვენა საფეთქელზე ნამდვილად ტყვიით მიყენებული (შემავალი) ჭრილობა იყო, მაშინ შეუძლებელია ობიექტურად დამტკიცდეს: - იყო ამ ტყვიით მიყენებული ჭრილობა სიკვდილის მიზეზი თუ ტყვია უკვე მკვდარს მოხვდა; - რა ყალიბის და რა მარკის იარაღით იყო მიყენებული ეს ჭრილობა; - რა მანძილიდან იყო ტყვია ნასროლი; - რა ბალიტიკური მახასიათებლები ჰქონდა ტყვიას (სროლის კუთხე, მიმართულება, წინაღობა ფრენის გზაზე და ასე შემდეგ).

ამას გარდა და რაც ძალზე არსებითია - შეუძლებელია დოკუმენტირებულად და ობიექტურად დადგინდეს ტყვიის გამოსავალი ნახვრეტი - არსებობდა თუ არა; - თუ არსებობდა მაშინ ზუსტად სად მდებარეობდა.

ვერც ერთ ამ ყოვლად აუცილებელ და ნებისმიერი გამოძიებისათვის სავალდებულო შეკითხვაზე ობიექტური, სანდო საექსპერტიზო მასალაზე და ობიექტურ ფაქტოგრაფიასა და გამოკვლევაზე დაფუძნებული პასუხი ვერასოდეს ვერ გაიცემა და ამდენად ნებისმიერი ფორმალური გამოძიება ამ ფაქტორების გაურკვევლობის ვითარებაში იმთავითვე განწირულია.

საწორედ ამაზე საუბრობდა და ამას გულისხმობდა ზ.გამსახურდიას გროზნიში გადმოსვენების კომისიის თავმჯდომარე ზ.იანდარბიევი თბილისში მიცემულ მის ინტერვიუში - რომლის ვიდეოჩანაწერის გაცნობა მკითხველს უფრო ზუსტად გაარკვევს პრობლემაში, ზ.გამსახურდიას ოჯახსა და სიკვდილის მოწმეებს შორის ხელშეკრულების არსში და ამასთან დაკავშირებით იმაში - თუ რა შედეგები გამოიწვია ოჯახის მიერ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე უარის თქმას...

იანდარბიევის ინტერვიუში ალბათ მიაქცევთ ყურადღებას მის სიტყვებს იმის შესახებ, რომ მიღწეული შეთანხმებით ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიაზე პასუხისმგებლობა ზვიადის ოჯახმა იკისრა!.. ამდენად, ხსენებული მოლაპარაკების, ხელშეკრულების, პირობისა და ოჯახის მიერ მოცემული პატიოსანი სიტყვის შესაბამისად - ზვიადის თვითმკვლელობის ვერსიას ზვიად გამსახურდიას ოჯახი უნდა იცავდეს უპირველეს ყოვლისა... გააჩნიათ განა პატიოსნება?

ოჯახის დაჩემებით ექსპერტიზის ჩაუტარებლობის გამო - ერთად ერთი მასალა რაც ზვიადის დაღუპვაზე არსებობს და იარსებებს - ეს მოწმეთა და თვითმხილველთა მოგონებებია - რომელთა უმეტესობა ათი და მეტი წლის შემდეგ იკრიბება და რომლებიც არსით ფრიად სუბიექტურია, ფორმალური და საზოგადოებრივი სტრუქტურების განუწყვეტელი ფსიქოლოგიური წნეხის ზეგავლენას განიცდიან ანუ ხშირად მოწმეები ლაპარაკობენ იმას, რასაც მათგან საზოგადოებრიობა ელოდება - რათა სოციუმთან კონფლიქტი აიცილონ თავიდან და არ ლაპარაკობენ მთელსა და სრულ სიმართლეს. ყოველივე ამის გამო ამ მოგონებათა დიდი ნაწილი ნებისმიერი ფორმალური გამოძიებისათვის არსებითად გამოუსადეგარია.

აგრეთვე, არ არის გამორიცხული, რომ არჩვაძის ამბიციების გამო სამუდამოდ დაიკარგა პრეზიდენტ გამსახურდიას ნეშტი - ამის სეროიზულ ეჭვს იძლევა თითონ არჩვაძის ქცევა პრეზიდენტის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით და ჩეჩნეთში არსებული ობიექტური სიტუაციის ცოდნა (მით უმეტეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახლანდელი მკვეთრი გაუარესების ფონზე).

ყველა ეს ფაქტორი არსებითია იმ შემთხვევაშიც კი - თუ საერთოდ შესაძლებელი გახდა ოდესმე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოკვლევა-გამოძიება. არსებულ ვითარებაში, კი უდიდეს ასპარეზია ყოველგვარი ფანტაზიებისათვის, მონაჭორებისათვის, ფალსიფიკატებისათვის...

* * *

მაშინ, ზვიადის დაკრძალვის ჟამს, ჩემს ამ სიტყვებს არ ჩავღრმავებივარ - იმას ვლაპარაკობდი, რაც ენაზე მომადგებოდა - ხან რუსულად და ხან ქართულად. არც კი მახსოვდა ზუსტად რა ვილაპარაკე - სანამ ვიდეოჩანაწერი არ ვნახე. იმ პერიოდში ძალზე მძიმე დეპრესიას განვიცდიდი, არც სიტყვა წინასწარ არ მომიმზადებია და ისიც კი არ ვიცოდი, რომ დაკრძალვის პროტოკოლით ჩემი გამoსვლა იყო თურმე დაგეგმილი (უკვე აღვნიშნე თუ როგორ დაიძაბა იმ დროს მდგომარეობა ქვრივის ცილისმწამებლური გამოხდომების გამო ჩემსა და ლეგიტიმური ხელისუფლების სხვა წევრებს შორის, რომლებიც პროტოკოლს აჯერებდნენ). დაკრძალვამდე ორე საათით ადრე მითხრეს, რომ ჯოჰარის შემდეგ მე უნდა მეთქვა გამოსათხოვარი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თურმე ჩემს ამ უნებლიე სიტყვებს მომავალი ქართველი რაინდების თაობებისათვის (თუ ასეთები ოდესმე ეღირსება საქართველოს) მართლაც დიდი და არსებითი ზნეობრივი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

მტრის გარემოცვაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, თუ ზვიად გამსახურდია წინააღმდეგობის გაგრძელებას გადაწყვეტდა - ადრე თუ გვიან მოგვიწევდა სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლის მიღება (ჩვენ რომ ამის უნარი შეგვწევს 1991-1992 წლების მიჯნაზე თბილისში გამართულმა ბრძოლებმა თვალნათლივ დაადასტურა) და მოგვიწევდა ამ ბრძოლაში დაღუპვა.

ბრძოლაში დაიღუპებოდა თვით ზვიადიც (იგი ცოცხალი მტერს არ ჩაბარდებოდა - რაზეც არაერთხელ მოგვმართა დაუფარავად და კატეგორიულად) და ალბათ დაიღუპებოდა ჩვენი უმეტესობაც და შესაძლოა დაიღუპებოდნენ სხვა, გარეშე ადამიანებიც - ჩვენი მასპინძლების ოჯახები ან ჩვენი გამყოლები.

ქრისტიანული თვალსაზრისით კი, თვითმკვლელობა ვერ და არ ჩაითვლება ცოდვად - თუ ამ თვითმკვლელობით და საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ადამიანმა სხვისი სიცოცხლეები გადაარჩინა. ეს ნებისმიერმა ასე-თუ ისე განათლებულმა მღვდელმა და ღვთისმეტყველმა იცის (თუ საგანგებოდ და ბოროტი განზრახვით არ დამალა). სწორედ და ზუსტად ასეთ მაღალზნეობრივ თავგანწირვის შემთხვევასთან გვქონდა ჩვენ შეხება.

საბუთის სახით მოვიტან ამონარიდს მართლმადიდებელი მოძღვრის დარიგებიდან:
შეკითხვა - არის თუ არა ცოდვა, როდესაც მეომარი საკუთარ თავს აიფეთქებს მტრის გარემოცვაში?
პასუხი
- ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია მოტივაცია. თუ მეომარმა თავი აიფეთქა, რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყო, მას ეს ქმედება თვითმკვლელობად ჩაეთვლება. ხოლო თუ ეს თანამებრძოლის გადასარჩენად გააკეთა, მაშინ ამგვარი საქციელი გმირობა, მოყვასისადმი თავის დადება, ანუ სათნოებაა. (მამა თეოდორე გიგნაძე) http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/pasukhebi_8.php#5

ზვიადის დაკრძალვაზე ჩემს უნებლიე და ამით მართალ სიტყვებს არსებითი მნიშვნელობა აღმოაჩნდა - ჩემდა უნებურად... ალბათ სწორედ ამიტომ წამომაცდინა განგებამ ეს სიტყვები მაშინ და კიდევ იგივე უნდა გავიმეორო - ზვიადმა თავი ჩემთვის (ჩვენთვის - ყოველი ჩვენთაგანისათვის) გაწირა, - რათა თავისი სიცოცხლის ხარჯზე ჩემთვის (მრავალი ჩვენთაგანისთვის) სიცოცხლე ეჩუქებინა! არსებობს ასეთი თავგანწირვაც - თურმე... სწორედ და ზუსტად ამიტომ - ეს თვითმკვლელობა ზვიადს არა თუ ცოდვად ვერ და არ ჩაითვლება - არამედ ზვიადის დიდი სათნოებისა და მოყვასისადმი თავის დადების - ზნეობრივი გმირობის დადასტურებაა!

 

ფინეთი, ჰელსინკი-ვანტაა
2005 წლის 15 11, სამშაბათი


 სტატია ტექსტურ ფორმატში:

დართული სურათები:

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი