სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 31, სულ: 35  შემდეგი > 
ბესარიონ გუგუშვილი: ინტერვიუ "ახალი 7 დღე", 6-13 აპრილი, 2007 წელი
ავტ.: შავლეგო : 4/9/2007
"ახალი 7 დღე", # 13, 6-13 აპრილი, 2007 წელი
http://www.opentext.org.ge/07/new7day/13/13-4.htm

ბესარიონ გუგუშვილი: დღევანდელი ხელისუფლება ჩემი ხელისუფლებისადმი მტრულია

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი - ვანტაა

უპირველესად, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება მინდა მივულოცო იმ მრავალრიცხოვან დაღუპულთა სულებსა და მათ ოჯახებს, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირეს სიცოცხლე, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ფინეთში მყოფმა, დევნილი მთავრობის პრემიერმინისტრმა ბესარიონ გუგუშვილმა, - გამსახურდიასადმი ქართველი ადამიანების მიერ მიგებული პატივი ჩვენს წამებულ დებსა და ძმებსაც მიეგებათ, ეროვნული ბრძოლის იმ რიგით ჯარისკაცებს, რომლებიც ყველასგან მივიწყებულნი არიან. მათი თავგანწირვის გარეშე ვერ იქნებოდა მოპოვებული ეს გამარჯვება, გამარჯვება, რომელსაც ზვიად გამსახურდია ჩაუდგა სათავეში.

- როგორ აფასებთ გამსახურდიას გადმოსვენების მიზეზს?

- როგორც თავიდან ითქვა, ჩეჩნეთის ახლანდელმა მარიონეტულმა რეჟიმმა მოითხოვა ნეშტის გადასვენება იმის გამო, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი განისვენებდა, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო გადასვენების პროცესის ოფიციალურად გაცხადებული საფუძველი. ამდენად გადმოსვენება მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი მარიონეტული რეჟიმის ინიციატივა იყო. რომ არა ეს ფაქტორი - ვინ იცის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტის გადმოსვენება როდის მოხდებოდა.

- პოლიტიკური ემიგრაცია რატომ არ ჩავიდა დაკრძალვაზე?

- პოლიტიკური ემიგრანტი ეწოდება იმ ადამიანს, რომელიც სამშობლოში იდევნება, რომელსაც სამშობლოში დაპატიმრება, დევნა ან სხვა საფრთხე ემუქრება და ამის გამო იძულებულია, უცხოეთს შეაფაროს თავი. ანუ ადამიანს პოლიტიკური ემიგრანტი რომ ვუწოდოთ, იგი სამშობლოში რეალურად უნდა იდევნებოდეს. თუმცა ბოლო ხანებში მომრავლდნენ “პოლიტიკური ემიგრანტები”, რომლებიც მუდმივად უცხოეთში ცხოვრობენ, მაგრამ ყოველგვარი საფრთხისა და დაბრკოლების გარეშე ჩადიან სამშობლოში და ბრუნდებიან ისევ უცხოეთში. ასეთები მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ მიგრანტებად შეიძლება ჩაითვალონ, რადგან უცხოეთში ცხოვრობენ მხოლოდ ცხოვრების უფრო მაღალი დონის გამო, სოციალური პრივილეგიების გამო და არა იმიტომ, რომ სამშობლოში იდევნებიან.

მეოცე საუკუნის მიწურულის პოლიტიკური ემიგრაციის ბედი ბევრად უფრო რთულად განვითარდა, ვიდრე - მეოცე საუკუნის დამდეგისა. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ პუტჩის შემდეგ, 1993 წელს, დევნილ ხელისუფლებას კვლავ მიეცა სამშობლოში დაბრუნებისა და საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ლეგიტიმურობის აღდგენის შესაძლებლობა. აგრეთვე იმ თვალსაზრისით, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ დაკარგა თავისი აღიარებული და ერთპიროვნული ლიდერი - ზვიად გამსახურდია, რომელმაც სამშობლოში სიკვდილი არჩია, ჟორდანიას მთავრობის თავკაცებივით, დევნილობაში სიბერით სიკვდილს. გარკვეულად იმოქმედა იმანაც, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების არაერთი ემიგრანტი მოტყუვდა “ვარდების რევოლუციით” და მიიჩნია, რომ ამ რევოლუციით მოსული ხელისუფლება - რადგან შევარდნაძის დიქტატურას “დაუპირისპირდა” - ზვიად გამსახურდიას იდეების გამგრძელებელი იქნებოდა...

მე არ ვცნობ არსებულ ხელისუფლებას და კვლავ ერთგული ვრჩები იმ საქართველოსი, რომელსაც შინდისფერი “ტრიკოლორი”, ანუ, როგორც მას ახლა უწოდებენ - “ეროვნული დროშა”, აქვს, რომლის გერბზე თეთრი გიორგია გამოსახული. მე იმ საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელმაც ცნო ჩეჩნეთის რესპუბლიკა. მე კვლავ ერთგული ვრჩები მთავრობისა, რომელსაც გამსახურდიას მთავრობა ეწოდება და თავს კვლავ ვთვლი ზვიად გამსახურდიას ხელდასხმულ მინისტრად... ხელდასხმის ფაქტორი კი, მოგეხსენებათ, რა სახის არგუმენტია. მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ახლა არსებული სახელმწიფო ჩემი, ეროვნული სახელმწიფოს მიმართ, მტრულად განწყობილი, ანტიეროვნული სახელმწიფოა. მით უმეტეს, რომ ჩემ მიმართ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს “სამშობლოს ღალატის” მუხლით წაყენებული ბრალდება ჯერაც არ არის დახურული. ჩამოვალ, როდესაც საქართველოში ზოგადად ლეგიტიმურობა და კანონიერება აღდგება - რაც გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნება...

- არის თუ არა ერთსულოვნება პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს შორის?

- ნამდვილი პოლიტიკური ემიგრაცია, ამ სიტყვის სერიოზული გაგებით, ამჟამად ძალზე მცირერიცხოვანია და მოიცავს არსებული ხელისუფლების, არსებული სახელმწიფოს მიმართ შეურიგებლად განწყობილ, რადიკალურ და შეუქცევად პოზიციაზე მდგომ მცირე ჯგუფს - რომელიც ერთგული რჩება იმ სახელმწიფოსი, რომლის მეთაური იყო ზვიად გამსახურდია და რომლის დროშაც არის შინდისფერი “ტრიკოლორი”, ღერბზე კი თეთრი გიორგია გამოსახული, იმ ხელისუფლებისა, რომლის პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია. ვიმეორებ, საქართველოში ამჟამად არსებული სახელმწიფო და ამჟამად არსებული ხელისუფლება მტრულია იმ სახელმწიფოს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთგულიც მე ვარ და ასეთადაც დავრჩები. ჩემი სახელმწიფოს მტრებთან კი არანაირი ურთიერთობა არ მაქვს!

- როგორ აფასებთ მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ, რადგანაც გამსახურდიას წმინდანად გამოცხადება უნდათ, ამიტომ არ ჩატარდა ესქპერტიზა, რათა არ “დადასტურებულიყო თვითმკვლელობა”...

- ამ ფაქტორს არ გამოვრიცხავ, თუმცა, ალბათ, სხვა ფაქტორებიც არსებობს.

იმ უმძიმეს და თავგანწირულ ბრძოლას საქართველოს სულიერი მისიის აღსასრულებლად, რომელიც ქართულ ეროვნულ მოძრაობას ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გადახდა, ანალოგები არ გააჩნია...

არ მგონია, რომ არსებობს რამე სერიოზული ხელშემშლელი გარემოება ზვიად გამსახურდიას წმინდანად გამოცხადებისთვის - ფორმალური თვითმკვლელობაც კი. სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით თვითმკვლელობას მართლმადიდებელი ეკლესია თავგანწირვად, სათნოებად მიიჩნევს, თუმცა რატომღაც ქართული ეკლესიის მესვეურები ამას არ ახმაურებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ თვითმკვლელობის იძულების მუხლი არსებობს საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების სისხლის სამართალში.

- როგორ ფიქრობთ, რა არის რეალური მიზეზი იმისა, რომ პატივი გამსახურდიას ცხედარს მათაც მიაგეს, ვინც მას დასაჭერად დასდევდა?

- პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა ვერ მოახერხეს ქართველ ხალხში ეროვნული მოძრაობის იდეის ჩაკვლა, ვერ მოახერხეს ეროვნული იდეის, ეროვნული მოძრაობის დისკრედიტება. როგორც ამ დღეებში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის მასობრივმა გამოკითხვებმა დაადასტურა - საქართველოს მოსახლეობის, სულ მცირე, 70 პროცენტი ზვიად გამსახურდიას - ეროვნული მოძრაობის ლიდერს - ეროვნულ გმირად მიიჩნევს და ასე განსაჯეთ, 15 პროცენტი წმიდანადაც კი აღიარებს. ეს ელექტორატის, მომავალ არჩევნებში მონაწილეთა 70 პროცენტია და მათ აზრს და მისწრაფებებს ვერავინ დატოვებს უყურადღებოდ, ვერავინ უგულებელყოფს.

ზოგადად, ეს ნიშავს იმასაც, რომ დღევანდელ საქართველოში ზვიად გამსახურდიას აუგად მხსენებელი საზოგადოებისგან გარიყული, ექსტრემალური მარგინალი იქნება. გარიყულობა, ექსტრემალ-მარგინალობა კი არავის აძლევს ხელს.

- უნდა მოხდეს თუ არა იმ ადამიანების სამართლებრივი თუ არა “მორალური” “დარცხვენა” მაინც, რომლებმაც ომი გააჩაღეს, მაგრამ ახლა პატივი მიაგეს გამსახურდიას ცხედარს. თუ ინტელიგენცია მიიჩნევდა, რომ გამსახურდია ფაშისტი იყო, მაშინ გამოდის, რომ 15 წლის შემდეგ “ქართველ ჰიტლერს” მიაგეს პატივი და მთაწმინდაზე დაასვენეს.

- თუ სახელმწიფოში არსებობს სამართალი და არ არის გამეფებული განუკითხაობა, აუცილებელია ნებისმიერი კრიმინალის, ნებისმიერი დანაშაულის სამართლებრივი დევნა. შეგახსენებთ - არსებული ხელისუფლების პარლამენტმა 1991-93 წლებში საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება უკვე უწოდა. ხოლო, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მომწყობთა მიმართ სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება - ეს ნიშნავს, რომ საქართველოში განუკითხაობა და უკანონობა სუფევს.

საბჭოთა დროიდან მოყოლებული და განსაკუთრებით კომუნისტური ნომენკლატურის რევანშის ანუ 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების, პერიოდში “ინტელიგენტობის” პრეროგატივა მიიტაცა, “დაიპრივატა” ნომენკლატურულმა, კომუნისტური ელიტის ერთმა მცირე წრემ, ანუ “ავტომატიანმა” ინტელიგენციამ, რათა სპეკულაციური მიზნები გამოეყენებინა ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი იყვნენ ანტიეროვნულად განწყობილი მარგინალები, გარიყულები. ამავე დროს, ინტელიგენციის ან გონებრივი შრომით დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი - დაწყებული შემოქმედებით ინტელიგენციით, - პოეტებითა და მწერლებით და დამთავრებული სკოლის მასწავლებლებით (ინტელიგენციის ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილით) იყო და რჩება ეროვნული იდეის ერთგული. ილიას, ვაჟას, აკაკის, კონსტანტინეს, ზვიადის, მერაბის, ანუ იდეოლოგიური სამების - “ენა, მამული, სარწმუნოება” - მიმდევარი ინტელიგენცია იყო, არის და იქნება ერის იმედი და მომავალი!

- როგორ აფასებთ გამსახურდიას ოჯახის წევრების მადლიერებას პუტინისა და კადიროვის მიმართ?

- სანამ მიცვალებულის ნეშტი დათვის ხელშია - ნეშტის პატრონი იძულებულია, დათვს “ბაბაია” უძახოს...

- ძალიან ხშირად გამსახურდიას ხელისუფლების დამსახურებად სახელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. არის თუ არა ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რის გამოც სხვა “პლუს-მინუსების” დაფარვაა შესაძლებელი...

- არსებული სახელმწიფოს მეთაურმა ისიც კი იკადრა ამ დღეებში, რომ განაცხადა, დამოუკიდებლობის გამოცხადება გამსახურდიას დროს მოხდაო, თითქოს დამოუკიდებლობის გამოცხადება რაღაც სეზონური ბუნებრივი მოვლენა იყოს - ზამთარ-ზაფხულივით... არსებითად კი რა უნდა იყოს იმაზე დიდი დამსახურება ერის წინაშე, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენაა? ერისთვის თავისუფლების მოტანაზე დიდი დამსახურება ან მიღწევა რა შეიძლება იყოს? ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის სათავეში დამოუკიდებელი საქართველოს მშობელია - ამაზე მეტი რა შეიძლება? ნატო-ში გაწევრიანება? მილების გაყვანა? ქართველი ახალგაზრდების მამლუქებად ერაყში გაგზავნა? მე პირადად ზვიად გამსახურდიას მთავარ დამსახურებად ეროვნული სულის გამოღვიძებას ვთვლი და ეროვნული მოძრაობის გენიალურ ორგანიზება-დარაზმვას თავგანწირული ბრძოლისთვის - რომელმაც საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობა მოაპოვებინა ქართველ ხალხს. ამ ხალხმა დამოუკიდებლობა გამოჰგლიჯა შინაგან და გარეგან ანტიეროვნულ ძალებს, გლობალისტურ ტრანსნაციონალისტურ ნომენკლატურას.

ცოდვილობენ ანტიეროვნული ძალები...

- თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ გამსახურდიას იზოლაციონიზმის გამო 15 წლის წინათ ჩვენ ვერ მივიღეთ ამერიკული გრანტის - 5 მილიარდის - ნაწილი, რომელიც ასევე ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე უნდა გადანაწილებულიყო. მიიღო თუ არა ეს დახმარება ბალტიისპირეთმა და რა ბედი ეწია ჩვენს წილს. ამერიკამ ოფიციალურად რა მიზეზი დაასახელა?

- სიგუა კრიმინალია. ფართოდ ცნობილი და პატენტირებული გამყალბებელი და ფალსიფიკატორი... ჯერ კიდევ არ დაუპატიმრებიათ? არავითარი 5 მილიარდი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო იმ დროს ჯერ კიდევ საბჭოთა ფინანსური სისტემის შიგნით მოიაზრებოდა. მას არ გააჩნდა რამე დამოუკიდებელი საფინანსო-საბანკო ანგარიშები და ნებისმიერი ფულადი რესურსები მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის გავლით შემოდიოდა. ვერავითარი 5 მილიარდი კრემლის გვერდის ავლით ვერ შემოვიდოდა - ხოლო კრემლი, რომელმაც ომი გამოგვიცხადა, არ დაუშვებდა საქართველოს ფინანსურ გაძლიერებას. მეტიც - არანაირი სანდო დოკუმენტები ამ ეფემერული 5 მილიარდის შესახებ სიგუას არ გააჩნია...

- მონანიება ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად დარჩება. რეალურად რა და როგორ მოხდა?..

- ზოგადად, გამსახურდიას “მონანიება” ასახავდა იმ უფსკრულს, რომელიც გაჩნდა საქართველოს ეროვნულ მოძრაობასა და საბჭოთა გლობალისტურ დისიდენტურ მოძრაობებს შორის. უახლოეს მომავალში ეროვნულ მოძრაობას ზვიადისა და მერაბის მეთაურობით უნდა წამოეწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, ხოლო დისიდენტურ მოძრაობას სახაროვის მეთაურობით - ბრძოლა საბჭოთა კავშირის რეორგანიზაცია-შენარჩუნებისთვის და საქართველოს “მცირე იმპერიად” გამოცხადებისთვის. მოვლენათა განვითარებამ დაგვანახვა, რომ საბჭოთა გლობალისტური დისიდენტური მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი აღმოჩნდა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოსგან ჩამოშორების მთავარი იდეოლოგიური ბაზა. უკლებლივ ყველა გლობალისტ-დისიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი აღმოჩნდა! ზვიად გამსახურდიამ მოინანია ის, რომ ერთ პერიოდში იგი მოექცა გლობალისტური დისიდენტების გავლენის ქვეშ - საქართველოს მომავალი მტრების გავლენის ქვეშ.

- თქვა თუ არა გამსახურდიამ ყბადაღებული ფრაზა - “საქართველო ქართველებისთვის”?

- განვმარტავ: “საქართველო ქართველებითვის” არის გამოთქმა, ტერმინი, “სლოგანი”, რომელსაც ანტიეროვნული ძალები ცილისმწამებლურად მიაწერენ ზვიად გამსახურდიას - მისი “უკიდურესი ნაციონალიზმის” გასამართლებლად და დასამტკიცებლად.

არადა, გამოთქმა წარმოადგენს ამერიკაში ფართოდ ცნობილი “მონროს დოქტრინის” (“ამერიკა ამერიკელებისთვის”) შემადგენელ ნაწილს და, ამდენად, ამ გამოთქმის “გადაქართულება” უმთავრესად ამერიკულ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა დაუფარავი ბრძოლა გამოუცხადა იმ საბჭოთა რესპუბლიკებს (და, პირველ რიგში, საქართველოს), რომლებიც გორბაჩოვ-ბუშის მალტის გარიგების საწინააღმდეგოდ ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლასა და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას. ამასთან დაკავშირებით არსებობს პრეზიდენტ ბუშის ტექსტები: “ადამიანი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს”; პრეზიდენტ ბუშის მიერ წარმოთქმული სიტყვა (კონდოლიზა რაისის მიერ დაწერილი) “კიევური კატლეტი” (კიევი, 1991 წელი) და “საბჭოთა ანექსიის არცნობის დოქტრინა”. “საქართველო ქართველებისთვის” წარმოადგენს ერთ-ერთ უბინძურეს ცილისწამებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ იღვრებოდა და იღვრება. მისთვის გამოთქმის - “საქართველო ქართველებისთვის” - მიწერა და ამ გამოთქმის საფუძველზე მისთვის და მთელი ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისთვის ფაშისტების, ნაცისტების სახის შექმნა გახლდათ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ინფორმაციული ომის ერთ-ერთი არსებითი ფრონტი.

საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, ქართველი ხალხისთვის, აღნიშნული გამოთქმის - როგორც გამეფებული იდეოლოგიის - მიწერით ანტიქართული ძალები ამართლებდნენ და ამართლებენ აფხაზი და ოსი სეპარატისტების რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ ცენტრიდანულ, სეპარატისტულ მისწრაფებებს. ამით იჩქმალება, რომ აფხაზური და ოსური სეპარატიზმის მთავარი წყარო და მამოძრავებელი ძალა არის რუსული იმპერიალიზმის მისწრაფება აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების ოკუპაციისა და თანდათანობით ანექსიისკენ.

აი, რას წერდა ამაზე თავად ზვიად გამსახურდია ინგლისურენოვან “სოვიეტ ანალისტში”: “დასავლეთის მასმედიამ სრულად გაიმეორა საბჭოური პროპაგანდის კარგად შემუშავებული ტყუილი, მათ შორის, გაავრცელა ჩემი ხატი, როგორც საქართველოს საშინელი დიქტატორისა, სადამ ჰუსეინის მსგავსისა, რომელიც დაინტერესებული იყო პირადი თავისუფლების სრული დათრგუნვით, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით, ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევით, ეროვნულ უმცირესობათა ჩაგვრით და “ფაშისტური ომის” გაჩაღებით მათ წინააღმდეგ მოწოდების “საქართველო ქართველებისთვის” საშუალებით” (Zviad Gamsakhurdia, The nomenclatura revanshe in Georgia, Published by “SOVIET ANALYST” (Editor and publisher christopher Story), Vol.21, N. 9-10, 93).

ამ ცილისწამების მთავარი გამავრცელებელი კი არის ვინმე გია ნოდია, რომელმაც დასავლეთში კარიერა გაიკეთა ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცილისწამებით: 1996 წელს ის წერდა:

“სხვა ნაციონალისტების მსგავსად, ახალმა ქართველმა ლიდერებმა 1989-91 წლებში უმცირესობებს თავის ტკივილი გაუჩინეს. საქართველოს პირველ პრეზიდენტს პრეტენზია ჰქონდა, წოდებულიყო დემოკრატად, მაგრამ მისი პოზიცია უფრო ახლო იყო პოზიციასთან “საქართველო ქართველებისთვის”. ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ გამსახურდიას მოძრაობა მიაკუთვნა “პროვინციულ ფაშიზმს”. ქართველებმა დაყვეს უმცირესობები ორ კატეგორიად, საშიშად და არასაშიშად” (Bყ Gia NodiaChairman of the Board of the caucasian institute of Peace, Democracy and developement in february 1997. (c) the institute for war and peace reporting 1996) (თარგმანი ეკუთვნის ია მერკვილაძეს - რედ.).

უფრო მოგვიანებით კი, როდესაც ცილისწამება იმის შესახებ, ვითომ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის მოწოდება “საქართველო ქართველებისთვის” მთელ მსოფლიოს მოედო, იგივე გია ნოდია აღიარებს, რომ მას არ სმენია ასეთი რამ ზვიად გამსახურდიასგან: “რასაკვირველია, ქართველი ნაციონალისტები, განსაკუთრებით გამსახურდიას პერიოდში, შორს იყვნენ უმცირესობებისადმი დელიკატური დამოკიდებულებისგან. გამსახურდიას ხშირად მიაწერენ გამონათქვამს “საქართველო ქართველებისთვის”, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს არ არის მართალი, მე არასოდეს მინახავს ეს ლოზუნგი მის მანიფესტაციებზე და არავის მოჰყავს წყარო, რომ გამსახურდია მართლაც ხმარობდა ამ ფორმულას. მიუხედავად ამისა, იგი მისი ჭეშმარიტი პოზიციის ადეკვატურად შეიძლება ჩაითვალოს. იმ დროს ქართულ პრესაში სირთულეს არ წარმოადგენს აშკარად რასისტული გამონათქვამების პოვნა (გია ნოდია. კონფლიკტ ვ აფხაზიი, ნაციონალნიე პროეკტი ი პოლიტიჩესკიე ობსტოიატელსტვა centrum politologie. vrije university, bruxelles. 1998; იზდატელსტვო "ვესს მირ"”, 1998).

“ვაშინგტონ პოსტის” პროვოკატორი და ცილისწამებელი “გავლენიანი” ჟურნალისტი, ვინმე მაიკლ დობსი კი ასე ჭორაობდა: “გამსახურდიას უთქვამს უზენაესი საბჭოს წინ გამართულ მიტინგზე შეკრებილთათვის: “ყველა სხვა ერის წარმომადგენელი საქართველოში მხოლოდ სტუმრები არიან, რომლებსაც მასპინძელი, როცა მოუნდება, კარისკენ მიუთითებს”. ამაზე მეტი ცილისწამება და, გნებავთ, სიბინძურე წარმოუდგენელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოთქმამ “საქართველო ქართველებისთვის” ქართველი ხალხისა და მთელი საქართველოს ერთი პერიოდის პოლიტიკურ მიზნად ცილისმწამებლურმა მიწერამ უკიდურესად დაასუსტა საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციები და გააძლიერა აფხაზი და ოსი სეპარატისტების პოზიციები.

- უფრო დაწვრილებით ხომ ვერ გაიხსენებთ უფროსი ბუშის დამოკიდებულებასა და მოვლენათა იმდროინდელ განვითარებას?

- ჯორჯ ბუშის მიერ 1991 წლის 1 აგვისტოს წარმოთქმული სიტყვა ეხებოდა ამერიკის ვაშინგტონისეულ გეგმას საბჭოთა კავშირის განვითარების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტი მითითებებს აძლევდა სსრკ-ის ყველა რესპუბლიკას, ბალტიისპირეთის გარდა, წინააღმდეგობა არ გაეწიათ მიმდინარე პროცესებისთვის და დამორჩილებოდნენ ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ შეთანხმებულ პოლიტიკურ გეზს საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის. ზუსტად იმ დღეებში საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში უკვე კომისიების დონეზე განიხილებოდა და მაგიდაზე იდო კანონი ბალტიის რესპუბლიკების: ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, რაც ბუშის კიევური სიტყვის შემდეგ 5 კვირაში განხორციელდა. ეს იმ დროს არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა და ბუშმა ეს შესანიშნავად იცოდა. ასე რომ, ბუშის სიტყვა მთლიანად ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპებლიკებს. კონდოლიზა რაისის მიერ მომზადებული ეს სიტყვა ცნობილია “კიევური კატლეტის” სახელწოდებით. აი, რას ამბობდა ბუში: “მოსკოვში მე უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ჩვენ დავეხმარებით ყველას როგორც ცენტრში, ასევე რესპუბლიკებში, მათ, ვინც მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი დახმარება არ იქნება პერსონიფიცირებული, ის დაეყრდნობა პრინციპებს და არა პიროვნებებს. ვერ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი საზოგადოების რეფორმირება. ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენ რესპუბლიკებსა და ცენტრსა თუ თავად რესპუბლიკებს შორის მოგებულისა და წაგებულის გარჩევას არ დავიწყებთ. ეს უკანასკნელი მხოლოდ თქვენი საქმეა. ეს აშშ-ს არ ეხება.” აქვე შევნიშნავ, რომ აშშ თავის პრიორიტეტებში არ ახსენებს რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. “ჩვენი განზრახვაა ისეთი სამუშაოს ჩატარება, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ჩავერევით თქვენს შიდა საქმეებში.

ზოგიერთმა უკვე მიმართა აშშ-ს, რათა გავაკეთოთ არჩევანი გორბაჩოვსა და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების თითოეულ მმართველს შორის. ჩემი აზრით, ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს მისაღებ ალტერნატივას.” აქ იგულისხმება ზოგიერთი რესპუბლიკის, მათ შორის, საქართველოს თხოვნა აშშ-ისადმი, რათა ეღიარებინა ჩვენი დამოუკიდებლობა და გვეწარმოებინა მოლაპარაკებები კრემლის გვერდის ავლით. “უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტ გორბაჩოვს საოცარი მიღწევები აქვს პოლიტიკის სფეროში. საუბარია მის მიერ გატარებულ გლასტონოსტის, პერესტროიკისა და დემოკრატიზაციის პროცესზე. ამ ყველაფერს კი დემოკრატიზაციისკენ, თავისუფლებისკენ და თავისუფალ ეკონომიკურ სისტემამდე მივყავართ”. ბუში ისევ ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ რესპუბლიკებთან მხოლოდ კრემლის გავლით ექნება ურთიერთობა. “როგორც ლორდ ექტონი აღნიშნავს, ნამდვილად თავისუფალია ქვეყანა, სადაც უმცირესობები დაცულნი არიან. თავისუფლებას წინ უნდა უძღოდეს ტოლერანტობა. უკრაინაში, რუსეთში, სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყვავის თავისუფლების სული. მაგრამ თავისუფლება ვერ გადარჩება, თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ დესპოტიზმის განვითარებას.” აქ ბუში “თავისუფლების სულის” ქვეყნებს შორის საქართველოს არ ასახელებს. “თავისუფლება არ უნდა გავაიგივოთ დამოუკიდებლობასთან. ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ იმათ, რომლებიც ცდილობენ, მიაღწიონ დამოუკიდებლობას ლოკალური დესპოტიზმის შექმნის ფასად. მათ უნდათ, მოიშორონ ცენტრალიზებული ტირანია, მაგრამ, სამაგიეროდ, თვითმკვლელობრივ ნაციონალიზმს ნერგავენ, რომელიც ეთნიკურ ზიზღზეა დაფუძნებული”. აქ ბუშმა დამოუკიდებლობისთვის სწრაფვა გააიგივა დესპოტიების შექმნასთან და სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ “თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმი” უწოდა... შემდეგ საქართველოს ანტიეროვნულმა ძალებმა აიტაცეს ბუშის ტერმინები და წამოაყენეს ლოზუნგები “ჯერ თავისუფლება და მერე დამოუკიდებლობა” და “თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმი”, რითაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდოდათ გაეიგივებინათ ექსტრემისტულ ნაციონალიზმთან. ინგლისურენოვანი საინტერნეტო ენციკლოპედიის “ვიკიპედიის” განმარტებით, ბუში თავის სიტყვაში აფრთხილებს უკრაინას, არ დაადგეს “თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმის” გზას. არადა, უკრაინაში მაშინ არანაირი ეთნოკონფლიქტები არ იყო. ბუშის სიტყვებიდან ჩანს, რომ აშშ-ის გეგმებში სულაც არ შედიოდა სსრკ-ის დაშლა. თუმცა ეს არ ეხებოდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს. პრეზიდენტ ბუშის სიტყვამ “კიევური კატლეტი” დიდი სკანდალური გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში. 2004 წელს იგი, როგორც ექს-პრეზიდენტი, კვლავ ესტუმრა კიევს და შეეცადა, თავისი შეცდომა გამოესწორებინა: “ეს არ არის ის, რაც მე ვთქვი. მე წავახალისე ისინი, რათა სისულელე არ ჩაედინათ. თუ კარგად მოუსმინეთ და წაიკითხეთ ჩემი სიტყვა, მიხვდებით, რომ მე მინდოდა შემეზღუდა საჭირო მიმართულების საწინააღმდეგო ქმედებების საფუძველი.” ბუში აქ თავს იმართლებს, არადა, მაშინ ეს გაგებული იყო, როგორც სხვა რესპუბლიკებისადმი პირდაპირი მუქარა - არ გაბედოთ სსრკ-დან გასვლა. “კაცი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს”, - ასე უწოდა ჯ. ბუშმა გამსახურდიას 1990 წლის 21 აგვისტოს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ ეჭვი შეიტანა რუსული პუტჩის ჭეშმარიტებაში. საყურადღებო იყო ის, რომ პუტჩისტებმა მაშინვე არ დააპატიმრეს გორბაჩოვი, არამედ მასთან საეჭვო მოლაპარაკებები გამართეს. გამსახურდია ეჭვობდა და ეს დადასტურდა კიდეც, რომ “გე-კა-ჩე-პეს” უნდოდა, სამხედრო მმართველობის დამყარება იმ რესპუბლიკებში, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფოდნენ. შემდგომ ეს სიტყვები ანტიეროვნული ძალების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებად ფრაზად იქცა გამსახურდიასთან, ეროვნულ ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს.

© ბესარიონ გუგუშვილი