სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 25, სულ: 35  შემდეგი > 
მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში (2)
ავტ.: შავლეგო : 8/7/2006

ნაწილი 2

ფინეთში ერთკვირიანი სტუმრობისას ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პარლამენტში გამართული მიღება იყო, რომელიც ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილმა ჰეიკკი რიიჰიიარვიმ საქართველოს დევნილი პრეზიდენტის პატივსაცემად მოაწყო. თავად ჰეიკკი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ჯავშანსაწინააღმდეგო ქვედანაყოფის თადარიგის კაპიტანი, ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსი, ფინეთის პარლამენტის ოთხი მოწვევის წევრი, ჰეიკკი რიიჰიიარვი პროფესიონალ პოლიტიკოსთა იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არა ყბადაღებული “პრაგმატიზმის” მოსაზრებებით, არამედ საკუთარი სინდისის კარნახით მოქმედებენ. რა გასაკვირია, რომ ასეთ ადამიანს ზვიად გამსახურდიას მიმართ დიდი პატივისცემა გაუჩნდა, რომელიც მათი პირადი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, ფინეთ-საქართველოს საზოგადოების წევრები, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტი და დისიდენტი ჰეიკკი ესკილინენი, რომელიც პრეზიდენტმა კეკკონენმა 60-იან წლებში ციხეში გამოამწყვდია, აგრეთვე ფინეთის ჰელსინკის ჯგუფის უცვლელი თავმჯდომარე ჰეიმო რანტალა. ჰეიკკი რიიჰიიარვი და ჰეიკკი ესკილინენი მოკლე მოხსენებებით გამოვიდნენ, სადაც სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას. აღნიშნეს, რომ ფინელებს საკუთარი მწარე ისტორიული გამოცდილების წყალობით განსაკუთრებით კარგად ესმით, თუ ვინ უქმნის პრობლემებს საქართველოს დამოუკიდებლობას, და რომ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ეს სწორედაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაა. საერთოდ, ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფმა, ფინეთ–საქართველოს საზოგადოებამ, ფინეთის ჰელსინკის ჯგუფმა არაერთი საპროტესტოO განცხადებით მიმართეს დასავლეთის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე შევარდნაძის რეჟიმს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჰეიკკი რიიჰიიარვიმ ზვიადს ასე მიმართა: “ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, განსაკუთრებულად ძვირფასია ის ჭეშმარიტად ქრისტიანული თავშეკავება და მარადიული ღირებულებების პატივისცემა, რომლებითაც თქვენს ბრძოლაში ხელმძღვანელობთ.” ზვიადის გარდაცვალების შემდეგ, ფინეთში ყოფნისას, ჰეიკკის ბევრჯერ შევხვედრივარ. ერთხელ მეგობრულ საუბარში მითხრა: “ზვიადი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ასევე იბრძოდა, მაგათ წინააღმდეგ კი სხვანაირი მოქმედებაა საჭირო. ფინეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (1918 წ) შეუდარებლად უფრო დაუნდობელი იყო. ამ ომში “წითლების” მხარეს რამდენიმე ჩემი უახლოესი ნათესავი დაიღუპა, მაგრამ ვთვლი, რომ თავისუფლება ამად ნამდვილად ღირდა; თუმც, ახლა უკვე ჩვენში ბევრი სხვანაირად ფიქრობს...” როგორც ჩანს, მის ამ სიტყვებში სასულიერო პირზე უფრო თადარიგის კაპიტანმა იჩინა თავი.

ამ შეხვედრაზე რამდენიმე სიტყვა მეც ვთქვი იმის შესახებ, რომ საქართველოში პრეზიდენტთან ერთად პარლამენტიც დაამხეს; რომ პარლამენტი დევნილობაში აგრძელებს მუშაობას; და რომ ამ ფაქტებს დასავლური მედია ჩქმალავს, რადგან ეს აშკარა შეუსაბამობაშია დიქტატორის გამოგონილ ხატთან.

გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც - კორექტული და არაფრისმთქმელი. პრეზიდენტ გამსახურდიას მოკლე განცხადება ზრდილობიანად და უკომენტაროდ მოისმინეს და “დახმარება აღუთქვეს”.

ფინელმა ბიზნესმენმა იუსსი X-მა, რომელმაც ფინეთში ჩვენს ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღო, ზვიადის საპატივცემულოდ თავის კერძო კლუბში ვახშამი გამართა, რომელსაც ათამდე ადამიანი ესწრებოდა. ვახშამი ცალკე ოთახში იყო სერვირებული. მეზობლად განლაგებული დიდი დარბაზიდან სიმღერის ხმა შემოდიოდა, რაც ფინეთისათვის საკმაოდ უჩვეულოა. ზვიადი დაინტერესდა, რა ხდებოდა. გამოირკვა, რომ ჰელსინკის უნივერსიტეტის უძველესი და ფინეთში საუკეთესო გუნდი ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრას მართავს. გუნდი “ფინელი” შვედებითაა დაკომპლექტებული. მასპინძელი დაინტერესდა: ხმაურმა ხომ არ შეგაწუხათო? ზვიადმა უპასუხა:  პირიქით, ხმაური კი არა, შესანიშნავად მღერიანო. როგორც ჩანს, აილას მეშვეობით ეს ამბავი გუნდის წევრებმა გაიგეს და ცოტა ხნის შემდეგ ნებართვა ითხოვეს: პრეზიდნტ გამსახურდიას საპატივცემულოდ ვიმღერებთო. ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და პატარა ოთახი სხვადასხვა ასაკის, ფრაკებში გამოწყობილი შექეიფიანებული მომღერლებით აივსო. სიმღერას სიმღერა მოჰყვა. შესანიშნავად იმღერეს. საოცრად ამაღელვებელი, ამაღლებული განწყობა შეიქმნა.

დასამახსოვრებელი იყო ცნობილი ფინეთის დირიჟორის, კარი ტიკკას ოჯახში გამართული საღამო, სადაც ზვიადმა ყველა მოხიბლა. საღამოს მაია თომაძე ესწრებოდა. კარი ძალიან დაეხმარა მაიას, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული და მკურნალობის კურსი ახალდამთავრებული ჰქონდა. საღამოზე მაიამ შესანიშნავად იმღერა. აკომპანიატორი კარი ტიკკა იყო. ზვიადმა ჰკითხა მაიას, ჰქონდა თუ არა რეპერტუარში შუბერტის Ave Maria - აღმოჩნდა, რომ არა. “ვეცდებოდი აკომპანემენტი გამეწია”- უთხრა ზვიადმა. დუეტი სამწუხაროდ არ შედგა.

ვიყავით სტუმრად ჰეიმო რანტალას ოჯახშიც. სხვათაშორის, ამ საღამოზე ჩამოვარდა საუბარი იმის შესახებ, რომ იმპერიის წინააღმდეგ ჩვენი გუშინდელი მოკავშირე ბალტელები, განსაკუთრებით - ესტონელები და ლატვიელები სამარცხვინო გულგრილობას იჩენენ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ. მასპინძელი ამან ძალიან აღაშფოთა: “რა სწრაფად დაავიწყდა ზოგიერთ ახლანდელ ესტონელ პარლამენტარს, რომ სამშობლოდან გამოქცეული ჩემს სახლში ემალებოდა ფინეთის მთავრობისაგან მოსალოდნელ ექსტრადიციას!” 

მოვინახულეთ XIX საუკუნის შუა წლებში აშენებული “უსპენსკი” კათედრალი, რომელსაც ამჟამად ფინეთის მართმადიდებელი ეპარქია განაგებს. ტაძარი, რომელიც ჰელსინკის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნავობაა, დაკეტილი არმოჩნდა, მაგრამ ზვიადის ხათრით გააღეს. ზვიადმა სანთლები დაანთო და ილოცა.

თითქმის ერთი სრული დღით განმარტოვდა ზვიადი ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

მოვინახულეთ ევროპაში უდიდესი Suomen Akateeminen Kirijakauppa – “ფინეთის აკადემიური წიგნის მაღაზია”, სადაც ზვიადს რამდენიმე სოლიდური გამოცემა უსახსოვრეს. გამვლელები ხშირად ცნობდნენ, მოკრძალებულად - როგორც ფინელებს სჩვევიათ – ესალმებოდნენ და წარმატებას უსურვებდნენ.

 გერმანიის საკონსულოს ჰელსინკში ვიზებისათვის განმეორებით მივმართეთ. კონსულმა აილა ნიინიმაას პრივატულად განუცხადა, რომ აპლიკაციების შეტანას აზრი არა აქვს, ოფიციალურ, წერილობით პასუხზე კი ცივი უარი განაცხადა. ამის პასუხად ზვიადმა კანცლერ კოლს ფაქსით წერილი გაუგზავნა - დაახლოებით ასეთი სულისკვეთების: “კომუნისტური რეჟიმის დროიდან ვცდილობ გერმანიაში მოხვეედრას, სადაც მამაჩემმა - ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა - განათლება მიიღო და რომელთან მეც, როგორც მკვლევარს, უამრავი რამ მაკავშირებს. კომუნისტები ჩემი ქვეყნიდან არ მიშვებდნენ, ახლა თქვენ თქვენს ქვეყანაში არ მიშვებთ. რამ შეგაშინათ, არანაირი პოლიტიკური, მით უმეტეს “დესტრუქტიული” მოქმედების გაშლას მანდ არ ვაპირებ. კერძო მოწვევით მსურს ჩამოსვლა”. წერილი, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა, ამიტომ ვერ შევიტყეთ, თუ რისი ეშინოდა კოლს. ეს ფაქტი გახმაურდა და სკანდალის ხასიათი შეიძინა, როცა უმსხვილესმა Frankfurter Algemain-მ გამოაქვეყნა წერილი “მეტერნიხი ბონში” - დაახლოებით ასეთი ხასიათის: “ზვიად გამსახურდიას თავის სიმართლე აქვს. მისაღებია ეს სიმართლე თუ არა, ჩვენი განსჯის საგანი არ არის. ცხადი ისაა, რომ ამ სიმართლეში რაღაც ძალზე უსიამოვნოა კანცლერი კოლისათვის. სხვანაირად რომ იყოს, რატომ შეეეწინააღმდეგებოდა ერთი კაცის ქვეყანაში შემოშვებას?” - ავტორს ეჭვიც არ შეპარვია იმაში, რომ ზვიადის შეშვება-არშეშვების საკითხს კოლი წყვეტდა. მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უტიფრად განაცხადა: ვიზაზე უარი არ გვითქვამს, უბრალოდ აპლიკაცია არ შემოუტანიაო(!).

ზვიად გამსახურდიას ევროპაში გამოჩენამ “დიდი დემოკრატი” და მისი “მეგობრები” საკმაოდ ააფორიაქა. ამის პირველი სიმპტომები უკვე ფინეთში იგრძნობოდა, მთელი სისრულით კი ეს ავსტრიაში გამოვლინდა.

ამასობაში IGFM –მა ზვიადს ახალი მოწვევა - ამჯერად ამ ორგანიზაციის ავსტრიის განყოფილების სახელით (ქ-ნი კატარინა გრიბ) გამოუგზავნა. ავსტრიის საკონსულომ ათდღიანი ერთჯერადი ვიზები მოგვცა და 1 დეკემბერს, ღამით, ვენაში ჩავფრინდით.

აეროპორტში ზვიადს დახვდნენ: შვეიცარიიდან ჩამოსული ვაჟი კონსტანტინე, კატარინა გრიბი, IGFM –ის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების კურატორი ვანდა ვანზიდლერი და ზვიადის მხურვალე მხარდამჭერი ქალბატონი, გერმანიაში გათხოვილი რუსუდან შმიდტი.

მოკრძალებულ სასტუმრო Kუგელ – ში დავბინავდით. სასტუმროს მფლობელი, 70 წლის იოჰანეს როლერი, ძალიან ამაყია იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლობს. ახოვანი მოხუცი იერით და ჟესტიკულაციით ძალიან ჰგავს ქართული ფილმის პერსონაჟს - პიპინია ერისთავს. სასტუმროს გაძღოლა სრულიად უსახური ვაჟისათვის გადაუბარებია და თავად ნახევარ განაკვეთზე აგრძელებს სამსახურს: “One ship – one cap” – ხშირად იმეორებს. დილით, საუზმეს თავად გვიშლის. მას შემდეგ, რაც ზვიადმა პარიზიდან მის სანახავად საგანგებოდ ჩამოსული კოკი გუგუშვილის ჩამოტანილი ერთი ბოთლი შესანიშნავი კონიაკი აჩუქა, ამ რიტუალს რეგულარული, სასტუმროს სხვა მოსაუზმე ბინადართა გასაგონად თავის დაკვრით წარმოთქმული სადღეგრძელოც დაემატა: “ Herr President!…” - იშვიათი სანახაობა გახლდათ!

ვანდა ვანზიდლერი და კატარინა გრიბი ავსტრიის მთავრობის გამბედაობით აღფრთოვანებულნი იყვნენ: “პატარა ავსტრიამ ძველებურად კუდი მოიქნია და გერმანიას სილა გააწნა...” ვანდასთან სატელეფონო ნაცნობობა გროზნოდან მაკავშირებდა, საიდანაც საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ მასალებს რეგულარულად ვაწვდიდი. ხშირად პირიქითაც ხდებოდა – დარბეული მიტინგების შესახებ ინფორმაციას ვანდა დამოუკიდებლად მოიპოვებდა თბილისში - ნანა ზუმბურიძის, ზურაბ შანიძის, მაია კერესელიძის და სხვათა თავგანწირვისა და დაუღალავი გარჯის წყალობით და გროზნოში გვატყობინებდა. ვანდა თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულად და საბჭოეთს ზედმიწევნით კარგად იცნობდა - ინტერნირებული გერმანელი კოლონისტების შვილი გულაგის ერთერთ ბანაკში იყო დაბადებული. საერთოდ, IGFM –ის როლი საქართველოს მოვლენების გაშუქებაში უმაგალითოა: ეს პრაქტიკულად ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა (გარდა ბრიტანეთის ჰელსინკის ჯგუფის (მარკ ალმონდი) და ფინული მხარდამჭერი ორგანიზაციებისა), რომელმაც თვალები ძალით არ დაიბრმავა. სწორედ ამ პრინციპულობის შედეგი უნდა იყოს ის, რომ გაეროში ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის აკრედიტაცია ორჯერ დაბლოკეს - ერთხელ საბჭოთა კავშირმა (კუბის გამო), მეორედ - აშშ-მ (ისრაელის გამო). ვანდამ მითხრა: “ჩვენ “მემარჯვენეების” პარტიული იარლიყი მოგვაწებეს, რაც ძალიან გვიშლის ხელს მუშაობაში.”

2 დეკემბერს ტელეკომპანია ÖRF 2200 საინფორმაციო გამოშვების პირველ 10-წუთიან მონაკვეთს მთლიანად უთმობს ზვიადს. მასპინძლების თქმით, ძალიან კარგი გაშუქებაა. ზვიადიც კმაყოფილია.

დღის მეორე ნახევარში პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპიკერს, ქრისტიანული პარტიის წარმომადგენელს დოქტორ ჰოჰტლს შევხვდით, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილი ჩანდა, “დინების საწინააღმდეგო ცურვა” გაიხსენა. ამას მოჰყვა ხუმრობა იმაზე, თუ რა მიაქვს თან დინებას. დოქტორმა ჰოჰტლმა ჩამოგვართვა ყველა ჩვენს ხელთ არსებული მასალები საგარეო და თავდაცვის მინისტრებისათვის გადასაცემად და ზვიადს ყველანაირი დახმარება აღუთქვა.

3 დეკემბერს ორსაათიანი პრესკონფერენცია გაიმართა პრესსკლუბ Concordia -ში. დასაწყისში ვანდა ვანზიდლერმა წარმოადგინა IGFM –ის მიერ მოძიებული მასალები. მნიშვნელოვანი ნაწილი “მხედრიონის” სამეგრელოში ჩატარებულ რეიდებს დაეთმო, განსაკუთრებით - წალენჯიხაში განვითარებულ მოვლენებს; წარმოდგენილი იყო მდიდარი ვიდეო- და ფოტომასალა, პოლიტპატიმართა დეტალური სია. ამის შემდეგ ზვიადმა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ იყო ცალკეული ინტერვიუები, მათ შორის - ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტთან, იაპონურ The Sehai Nippo -სთან, ვატიკანის გამოცემასთან, ავსტრიულ ÖVP-სთან - ყველა არ მახსოვს.

3 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიგვიღეს. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი და რამდენიმე სხვა მოხელე ესწრებოდა. ესენი შეშინებულები და იერიშის მოსაგერიებლად გამზადებულები ჩანდნენ, თანაც თავი მოისულელეს - საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცითო. ზვიადმა “დააწყნარა”: ძალიან ვაფასებ, რომ თქვენი მთავრობა გერმანელებზე უფრო პრინციპულად იქცევა, ჩემთვის პატარა ქვეყნის პრობლემები გასაგებია, ვიცი, რა წნეხის ქვეშაც ხართ, ფინეთშიც ანალოგიური მდგომარეობააო... შერჩათ საჩხუბრად მომართული მუშტები ჰაერში.

ამასობაში ინტერვიუები გრძელდებოდა. 3 დეკემბერს, 18 საათზე Rundfunk -მა ვრცელი რადიოინტერვიუ გადასცა. 4 დეკემბერს დილით - Deutsche Funk -მა - პირდაპირ ეთერში - ძალიან კარგი ინტერვიუ, 13 საათზე - Osterreich Funk -მა ზვიადს ერთსაათიანი გადაცემა მიუძღვნა პრეს-კონფერენციის დეტალური ანალიზით და ცალკე ინტერვიუთი. რედაქციის კომენტარი:”საქართველოში პუტჩი მაფიასთან და მოსკოვთან დაპირისპირების გამო მოხდა...” ეს უკანასკნელი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული რადიოსადგურია. ზვიადის სიტყვები: “ჩვენ თავისუფალ არჩევნებში დავამარცხეთ კომუნისტები... საპრეზიდენტო არჩევნებში 5 მოწინააღმდეგე მყავდა... მე მსახავენ აღმოსავლური ტიპის დიქტატორად, ფაშისტად... ჩემს წინააღმდეგ საშინელი კამპანია გაჩაღდა დასავლეთის პრესაში... პუტჩს გორბაჩოვი და შევარდნაძე ამზადებდნენ და ხელმძღვანელობდნენ... პუტჩისტებს იარაღითა და სპეციალისტებით ЗакВО ამარაგებდა... საქართველოში სახელმწიფო მაფიამ ჩაანაცვლა… “

ვენაში ყოფნისას მოგვაწოდეს ბრიტანელი დოკუმენტალისტის კრის ვენერის ფილმი “Shevardnadze Unveile”  რომლის გერმანულ ვერსიას “ნომენკლატურის რევანში” ჰქვია. ჩემი აზრით, ეს ნაშრომი პროფესიული სინდისიერებისა და სამოქალაქო გმირობის ნიმუშია. განსაკუთრებით იმედის მომცემი ის იყო, რომ ფილმი Dისცოვერყ–მ აჩვენა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყინული დაიძრა...

4 დეკემბერს ვანდა ვანზიდლერი დაგვემშვიდობა და გერმანიაში დაბრუნდა.

ერთი დღე დაეთმო მოგზაურობას ზალცბურგში, სადაც ზვიადმა მოცარტის მუზეუმი მოინახულა, ზალცბურგის გოეთეანუმში კი იმპროვიზებული ლექცია წაიკითხა გერმანულად. ლექცია ეხებოდა ზვიადისა და მერაბის ბრძოლას სულიერებისათვის ტოტალიტარიზმის ეპოქაში, ანტროპოსოფიის როლს ამ ბრძოლაში. ლექციას ასამდე მსმენელი დაესწრო.

ფინეთისა და ავსტრიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპული ტურნე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა (ოფიციალურ დონეზე წარმატებას არავინ ელოდა), ამიტომ ზვიადმა გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოეცვა. ვენაში მივმართეთ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საკონსულოებს, საიდანაც მიწვევები გვქონდა მიღებული (ინგლისიდან - ჩარლზ ჩქოტუასაგან). მივმართეთ აგრეთვე შვეიცარიის საკონსულოს, სადაც იმ დროს ზვიადის ვაჟი - კონსტანტინე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად პოლიტიკური დევნილის სტატუსით.

აქ იწყება მოგზაურობის “დეტექტიური” ნაწილი, რომელიც კალეიდოსკოპური სისწრაფით დატრიალდა.

შვეიცარიის კონსულმა ზვიადი საკონსულოში მიიპატიჟა და ძალიან დელიკატურად მოგზაურობის მიზეზი ჰკითხა. ზვიადმა უპასუხა, რომ ძირითადი მიზეზი - შვილიშვილების მონახულებაა, მათგან უმცროსი - ზვიადი ემიგრაციაში დაიბადა და ამიტომ ნანახი საერთოდ არ ჰყავდა. კონსულმა თქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრის მიღება ქვეყნისათვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ამიტომ სასურველია იმის ცოდნა, თუ სად აპირებს შემდეგ ეს სტუმარი გამგზავრებას. პასუხი: “სტამბოლის გავლით ჩეჩნეთში”. კონსული კითხულობს: “თურქეთის ვიზები გაქვთ?” პასუხი: ”თურქეთში გამოცხადებითი სავიზო რეჟიმია” - ვაჩვენებთ პასპორტებს. კონსული (ძალიან კმაყოფილი გამომეტყველებით): “მე ამის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მაქვს.”(!)

სიტუაცია მართლაც საინტერესოა! საიდან უნდა იცოდეს, ან რაში სჭირდება ვენაში შვეიცარიის კონსულს იმის ცოდნა, თუ როგორი სავიზო რეჟიმი მოქმედებს თურქეთში საქართველოს მოქალაქეებისათვის? “ჩვენ არავითარ პრობლემებს არ შეგიქმნით, დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სულ უბრალო რამ არის საჭირო: მაჩვენეთ თურქული ვიზები და შვეიცარულსაც დაუყოვნებლივ მიიღებთ...” მომაჯადოებელი ღიმილით კონსული შენობიდან გვაცილებს.

ცხადია, რომ მახეა. ზვიადი ამბობს: “წავიდეთ თურქეთის საკონსულოში!”. მე ვეხვეწები: “ბატონო ზვიად, თქვენ სასტუმროში დაბრუნდით, მე ვეცდები გავარკვიო, რა ხდება.” “არა.” წავედით თურქეთის საკონსულოში. ზვიადი საკონსულოში შესვლისთანავე იცნეს და ატყდა აქეთ-იქეთ სირბილი და ჩურჩული: “გამსახურდია, გამსახურდია...” ნათელია, რომ ელოდებოდნენ. ზვიადმა მოითხოვა კონსულთან დაუყოვნებლივ შეეხვედრა. რამდენიმე წუთში კონსულმა ქალმა - გვარად სოისალ - მიგვიღო. “რაშია საქმე?”- ვეკითხებით. “თქვენი პასპორტები თურქეთის ტერიტორიაზე ძალდაკარგულია”- გვპასუხობს. “როდიდან?” - ვეკითხებით. ”დიდი ხანია.” “კი მაგრამ, ამ პასპორტებით არ შეგვიშვეს 23 ნოემბერს?” – ვაჩვენებ ვიზებს. მხრებს იჩეჩავს... “200 მილიონი ადამიანისათვის ძალაშია და ჩვენთვის არა?” მხრებს იჩეჩავს... ზვიადი დადუმდა... კონსულს ვეკითხები:”სტამბოლში პრეზიდენტი გამსახურდია პრეზიდენტ ოზალს შეხვდა. გსმენიათ ამაზე რამე?” პასუხი:“პრეზიდენტი ამჟამად თურქეთში არ იმყოფება. ამასთან, მთავრობას პრეზიდენტი კი არა, პრემიერი ხელმძღვანელობს, მე მთავრობის მოხელე ვარ” (მაშინ პრემიერი დემირელი იყო)... “სტამბოლის აეროპორტის სატრანზიტო ნაწილში ვიზა სავალდებულოა თუ არა?”- ვეკითხები. მხრებს იჩეჩავს: ”ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ(!). ამის დასადგენად დრო მჭირდება. დამიტოვეთ თქვენი კოორდინატები და პასუხს შეგატყობინებთ”... საუბრის გაგრძელებას აზრი ეკარგება. კონსულის ბოლო ფრაზა მოულოდნელად გულახდილია:” მე მხოლოდ მოხელე ვარ და გადაწყვეტილებებს არ ვიღებ”.

დავბრუნდით სატუმროში. ზვიადის დავალებით ვრეკავ სტამბოლში - იქაურ მასპინძელთან, რომელსაც დაბრუნებისას ოზალთან ანკარაში უნდა მოეწყო შეხვედრა. მეუბნებიან, რომ რუსეთშია წასული და ტელეფონი არ დაუტოვებია(!). ძლივს მივაკვლიე კომპანიის დირექტორს, რომელიც სტამბოლში გვერდიდან არ გვცილდებოდა; ავუხსენი სიტუაცია. ვეკითხები: “იქნებ ამიხსნათ, რა შეიცვალა?” “არ ვიცი” - აშკარად შეშინებულია. ვერაფერი ვერ დავადგინე. ზვიადი მეუბნება:”იქნებ იმ ლაზ კაცს, ზაქარიას დაუკავშირდე”. ბედად, იმის სავიზიტო ბარათი ვიპოვე და ძლივს დავუკავშირდი. ზაქარიაც ძალიან შეშინებულია, მაგრამ პატიოსნად მეუბნება:”ძალიან ცუდი ამბებია: თქვენი აქედან წასვლიდან რამდენიმე დღეში სტამბოლის წამყვანმა გაზეთმა (თუ არ ვცდები, Mილიეტ ) გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, თითქოს გამსახურდიამ არალეგალურად შემოაღწია თურქეთში... რომ გამსახურდია და დუდაევი ქურთ სეპარატისტებთან თანამშრომლობენ და მათ იარაღით ამარაგებენ (!)... ყველას ესმის, რომ ეს აბსურდია, მაგრამ როგორც ჩანს, კამპანია ძალიან გავლენიანი ძალების მიერაა ორგანიზებული...” ზაქარიას ვეკითხები, საჭიროა თუ არა სტამბოლის აეროპორტის სატრანზიტო ნაწილში მოსახვედრად სატრანზიტო ვიზა. მპასუხობს, რომ ჩვეულებრივ შემთხვევებში – არა.

ეს ყველაფერი 7 დეკემბერს ხდება, 10 რიცხვში კი ავსტრიაში ყოფნის ვადა იწურება. ჩეჩნეთიდან გვატყობინებენ, რომ ჩარტერული რეისი გროზნოდან სტამბოლში ისეთი რეგულარობით ვეღარ დაფრინავს ICAO –ს აკრძალვის გამო. უახლოესი ასეთი რეისი, უკვე აზერბაიჯანის დროშით - ბაქოს გავლით – 12 დაკემბერს. იგეგმება.

სიტუაცია თანდათან მძიმდება. კატარინა გრიბმა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზების გაგრძელების თხოვნით მიმართა და უარი მიიღო. ჩარლზ ჩქოტუა ლონდონიდან იტყობინება, რომ სამინისტრო ვიზების გაცემას უარობს, თუმცა ოფიციალურ პასუხს არ იძლევა. საფრანგეთიდანაც იგივე პასუხია. ამასობაში მასპინძელი - კატარინა გრიბი დაიკარგა: IGFM-ის ოფისში აღარ მიდის. ვრეკავ სახლში - შვილი მეუბნება: “ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვიცოდე, სადაა დედაჩემი”- მოკლედ, დაიმალა, ან დამალეს. ზვიადს გაეცინა: “ადამიანის უფლებების დაცვას რომ ხელობად გაიხდის, იმ ადამიანს ბევრი არ მოეთხოვება...” რუსუდან შმიდტის ქმარი ერვინი გერმანიაში რამდენიმე უცნობმა სასტიკად სცემა, ურტყამდნენ და თან აყოლებდნენ: შენი ცოლი სად დაბრძანდებაო. პოლიციაში “დააწყნარეს” - ალბათ სკინჰედები იყვნენო. ვანდას ვურეკავ - გაოგნებულია და არაფერი არ შეუძლია. ვცდილობთ უნგრეთის პრეზიდენტს არპად გენცს დავუკავშირდეთ, რომელთანაც ზვიადმა ჰელსიკიდან ტელეფონით ისაუბრა და მიპატიჟებაც მიიღო - იმალება. ვრეკავ ბაქოში - ვერც ელჩიბეის, ვერც გამიდოვს (შინაგან საქმეთა მინისტრს) ვერ ვუკავშირდები.

ამის პარალელურად “უცნაურობების” მეორე ტალღა დაიწყო: სხვადასხვა მხრიდან არ წყდება ზარები: კოტე ნადირაშვილი - “რადიო თავისუფლებიდან”, კლოდ კემულარია - პარიზიდან, (ეს – რაც მე ვიცი) შევარდნაძესთან მოლაპარაკების გამართვის შეთავაზებით, გარანტიებით და ა.შ. ზვიადის პასუხი ერთია:” მე შევარდნაძეს არაფერს ვერჩი. აღიაროს რაც ჩაიდინა, გადადგეს და ხელშეუხებლობის გარანტიას მივცემ...” როგორც ჩანს, ამ ტიპის შეთავაზებები მისთვის ახალი არ იყო. შედარებით შემაშფოთებელია შამსუდინ იუსეფისაგან მოსული იგივე წინადადება, რომელმაც ამასობაში წარუმატებელი არაბული ვოიაჟიდან გროზნოში დაბრუნება მოასწრო. ეს შამსუდინის თვითშემოქმედების ნაყოფი იყო, თუ საერთო ტალღის ნაწილი, ძნელი სათქმელია.

10 დეკემბერს, დილით, ზაქარია სტამბოლდან იტყობინება: “თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა - არ შემოვუშვებთო”. ოტტო ფონ ჰაბსბურგმა***, რომელთანაც ზვიადს მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა, ავსტრიული ვიზის გაგრძელებაში დახმარება აღუთქვა: “ყველაფერ ვიღონებ, ბატონო პრეზიდენტო. რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ახლოა განთიადი...”

თითქმის გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. დავუშვათ, თურქეთის მთავრობის მუქარას ყური არ ვათხოვეთ, სტამბოლში ჩავფრინდით და სატრანზიტო ნაწილიდან არ გამოვდივართ. რა გარანტიაა, რომ გროზნოდან თვითმფრინავს ჩამოუშვებენ? ეს რომ რეგულარული რეისი ყოფილიყო, იტყოდი რომ ამა და ამ რეისს ელოდები... მართლაც, 12 დეკემბერს გროზნოდან აზერბაიჯანის დროშით გამოფრენილი თვითმფრინავი ბაქოში ჩაფრინდა, მაგრამ იქ გაურკვეველი დროით გაიჭედა, რადგან თურქეთმა აღარ შეუშვა!

როგორც ჩანს, პრეზიდენტ გამსახურდიას დაკავებას ან მითუმეტეს, ექსტრადირებას ვერ გაბედავდნენ. სხვანაირად, რით აიხსნებოდა შვეიცარიისა და თურქეთის საკონსულოების მიერ ერთობლივად გათამაშებული ფარსი? ყველაფერ ამაში სხვა ჩანაფიქრი ჩანდა: რამენაირად მოეცილებინათ ზვიადი კავკასიას. რადგან ჩეჩნეთში დასაბრუნებელი გზა მოჭრილია, ზვიად გამსახურდიას ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი რჩება - მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, მაგ. ავსტრიაში ან სხვა ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ დაუყოვნებლივ მისცემდნენ. მაგრამ ზვიადმა ეს “ლოგიკური” გამოსავალი კატეგორიულად უარყო: “ეს კაპიტულაციის ტოლფასია...”

ვრეკავთ გროზნოში - თვითმფრინავი ბაქოშია გაჭედილი - არც იქით, არც აქეთ. ასე გაგრძელდა 13 დეკემბრის (შაბათი დღე იყო) ღამემდე. ვიზებს ყავლი გაუვიდა. დარეკა ჰაბსბურგმა: “საგარეო საქმეთა სამინისტროში დამპირდნენ - ორშაბათს ვიზებს გავაგრძელებთო.”

ამასობაში გროზნოში ვიტაუტას ეიდუკაიტისი გამოჩნდა. ავიაციის პოლკოვნიკი, რომელიც დუდაევის სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიაში მსახურობდა, თადარიგში გასვლის შემდეგ ჯოჰარის თანამებრძოლად დარჩა, ხშირად ჩამოდიოდა გროზნოში და ჩეჩნებს რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. ვიტასმა შესთავაზა ზვიადს: “ჩაფრინდით ვილნიუსში, არანაირი ვიზები არ გინდათ, იქ თქვენს მიღებას მე უზრუნველვყოფ, ჯოჰარი კი თვითმფრინავს გამოგიგზავნით.” ვიტასი საკმაოდ დაახლოებული იყო ლანდსბერგისთან, მაგრამ ლიტვაში ხელისუფლება არჩევნების შედეგად ხომ ყოფილმა (არსებობს კი ასეთი?) კომუნისტებმა დაიბრუნეს? მიუხედავად ამისა, ვიტასი ამბობს, რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს - თანაც გროზნოდან, ვილნიუსში მაინც იყოს!. მომცა იმ ხალხის კოორდინატები, რომლებიც იქ დაგვხვდებიან. ზვიადმა თქვა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.

ნაშუაღამევს, უკვე 14 დეკემბერს, წავედი ვენის აეროპორტში და ვენა-სტამბოლის ღია ბილეთიები ვენა-ვილნიუსის მიმართულებაზე გადავცვალე. დავბრუნდი სასტუმროში. დაახლოებით საათნახევარში გროზნოდან გვატყობინებენ, რომ ბაქოში 2 დღით შეჩერებული თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა!

დილით დავემშვიდობეთ კონსტანტინე ზ. გამსახურდიას, რუსუდან შმიდტს და 14 დეკემბერს, 1155-ზე OS 633 რეისით ვილნიუსში გავფრინდით. საპასპორტო კონტროლი ვადაგასული ვიზებით გავიარეთ. როგორც ჩანს, ვერ შეამჩნიეს.

ვილნიუსში 1450 ჩავფრინდით. წვიმს. თვითმფრინავს ტრაპი მოადგეს. ტრაპთან ახლოს ორი შავი მანქანა და რამდენიმე საყელოაწეულ ლაბადიანი და “შლაპიანი” ფიგურა ჩანს - ტიპიური “სამოქალაქოში გამოწყობილი ბიჭები”. ზვიადს ვთხოვე: ”ბატონო ზვიად, თქვენ ცოტა ხანს აქ დაიცადეთ - რაც გინდა იყოს, თვითმფრინავი ავსტრიის ტერიტორიაა -მე გადავალ და სიტუაციაში გავერკვევი”. თავი დამიქნია. კარები გააღეს თუ არა - გარეთ პირველი გავიდა. ერთი დამხვდურთაგანი მოგვიახლოვდა. “ბატონი გამსახურდია?” “დიახ.” “მე ვიტაუტას რამანაუსკასი ვარ (სახელი ისაა, რაც ეიდუკაიტისმა თქვა). კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ლიტვაში.”

უსიტყვოდ ჩავჯექით მანქანებში - ზვიადი, მე, რამანაუსკასი და მძღოლი - პირველში. დანარჩენები - მეორეში. რამანაუსკასმა პასპორტები გვთხოვა და ვიღაცას გაატანა. რამდენიმე წუთში უკან მოიტანეს - შიგნით მხოლოდ ქვეყანაში შესვლის ბეჭედია ჩარტყმული. დავიძარით. ასაფრენი ბილიკიდან ჭიშკრის გავლით პირდაპირ ქალაქში გამოვედით - არც საპასპორტო, არც საბაჟო კონტროლი არ გაგვივლია. რამდენიმე წუთმა დუმილში გაიარა - ზვიადი გაყუჩებულია, ლიტველებიც არ არიან დიდი მოლაპარაკე ხალხი. მივადექით ქალაქის ცენტრში განლაგებულ ყოფილ სამთავრობო რეზიდენციას. რამანაუსკასი გვიხსნის, რომ რეზიდენცია ახლახან გააპრივატეს - სასტუმრო Draugist–ს გადასცეს, ახალ პატრონს ჯერ არ აუთვისებია, ამიტომ სრულიად ცარიელია – არც მაცხოვრებელი, არც მომსახურე პერსონალი არ ჩანს, მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული და შესასვლელში შეიარაღებული ჯარისკაცი დგას. ორსართულიან სასტუმრო სახლში მოგვათავსეს, რამანაუსკასმა ამიხსნა, სად რა არის და ხვალამდე დაგვემშვიდობა.

სიტუაცია, ცოტა არ იყოს, კომიკურია. სად ვართ, მეგობრებთან სტუმრად თუ კომფორტულ შინაპატიმრობაში? ზვიადს ვუთხარი: სიგარეტი გამითავდა და ვიყიდი-მეთქი. გამოვედი გარეთ და ჭიშკრისაკენ გავემართე. ჯარისკაცმა უსიტყვოდ გამიღო კარები. იქვე ახლოს, პირველსავე ჯიხურში სიგარეტი ვიყიდე და უკან დავბრუნდი. გულზე მომეშვა.

დავრეკე გროზნოში. მითხრეს, რომ ეიდუკაიტისი 16 დეკემბერს ჩამოფრინდება. ვენაში დარჩენილებს შევატყობინე, რომ სამშვიდობოს ვართ. სხვათაშორის, ჩვენი წამოსვლის შემდეგ თურქეთის კონსულს დაურეკავს და სატრანზიტო ვიზაზეც უარი უთქვამს.

მეორე დღეს რამანაუსკასი დილით მოვიდა და სადილობამდე ვილნიუსს გვათვალიერებინებდა. მერე ზვიადს ჰკითხა: ჩემმა მეუღლემ ოჯახური სადილი მოგიმზადათ, თანაც შემჭამა, ზვიად გამსახურდიას ნახვა მინდა და კადნიერებაში ხომ არ ჩამომართმევთ, რომ მოვიყვანოო? ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და ჩვენს სასტუმრო სახლში რამანაუსკასი ცოლთან ერთად გვეწვია. ერთად ვისადილეთ.

გვიან საღამოს უეცრად ლანდსბერგისი მოვიდა. ძალიან დაღლილი და მობერებული ჩანდა. თბილი შეხვედრა ჰქონდათ. “კომუნისტებთან არჩევნებში როგორ წააგეთ?”- პირდაპირ ჰკითხა ზვიადმა. ოთახიდან ჩუმად გამოვედი და ლანდსბერგისის ახსნა-განმარტება აღარ მომისმენია. დაახლოებით ორი საათი ისაუბრეს.

16 დეკემბერს, დაპირებისამებრ, ვილნიუსში გროზნოდან ჩარტერული რეისით ტუ-134 ჩამოფრინდა, რომელსაც ვიტას ეიდუკაიტისი და სოსო თორია ჩამოჰყვნენ. ვიტასი ტრაბახობდა: კომუნისტებს მაგარი ფანდი ჩავუტარე, ახლაც აზრზე არ არიან, ზვიადი რომ აქ არისო! არ ჰქონდა სატრაბახო?

17 დეკემბერს ვიტასმა გროზნოდან ჩამოსული თვითმფრინავისათვის ახალი საფრენი ნომერი და მარშრუტი გააფორმა - ვითომ ვილნიუსი-ბაქოს ჩარტერული რეისი სრულდებოდა. ცარიელ თვითმფრინავში ზვიადი, მე და სოსო თორია ჩავსხედით და ვილნიუსიდან “ბაქოსკენ” 1845-ზე გამოვფრინდით. სამი საათის შემდეგ გროზნოსთან მოახლოვებულმა თვითმფრინავმა საჰაერო-სადისპეჩერო სამსახურისათვის მოულოდნელი მანევრი შეასრულა და გროზნოს აეროპორტში დაეშვა.  თვითმფრინავიდან გადმოსვლისას ზვიადმა თქვა: “აქ დაბრუნება თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს.”

ზვიადის გროზნოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში თურქეთის პრეზიდენტი ტურგუტ ოზალი უეცარი გულის შეტევით გარდაიცვალა...

 

მერაბ კიკნაძე
დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი

გროზნო-სტამბოლი-ჰელსინკი-ვენა-ვილნიუსი-თბილისი

1992-2005 წწ.

 

* შამსუდდინ იუსეფი იორდანული წარმოშობის ჩეჩენია. იორდანიაში მუჰაჯირობის დროიდან ჩეჩნების კომპაქტური დიასპორა არსებობს, რომელიც განსაკუთრებული პატივით სარგებლობს, კერძოდ, იორდანიის მეფის პირადი გვარდია ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული, ტანსაცმელიც - კავკასიური ჩოხაა. შამსუდდინ იუსეფის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა არაბულ სამყაროში მისმა კავშირებმა (არსებულმა თუ არარსებულმა?) განაპირობა. იგულისხმებოდა, რომ ამას გარკვეული როლი უნდა ეთამაშა იმ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაში, რომელშიც ჩეჩნეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ აღმოჩნდა. იუსეფმა ამ თანამდებობაზე შამილ ბენო შეცვალა, რომელიც გარეგნულად უსაქმური ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, ხოლო როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, უბრალოდ მოსკოვის სუკ-ის მიერ ჩანერგილი კაცი აღმოჩნდა. ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებისთანავე შამსუდდინ იუსეფი ღიად განუდგა დუდაევს და დაგმო მისი პოლიტიკა. ის ხალხი, რომელიც ნაკლებად იცნობს ჩეჩნეთს და ჩეჩნურ ხასიათს, ხშირად საუბრობს “პანისლამურ” და “ფუნდამენტალისტურ” განწყობაზე ჩეჩნებში, სადაც ეროვნული სიამაყისა და კავკასიური ერთიანობის განცდა უძლიერესი და წამყვანია (ყოველ შემთხვევაში, იყო ჩემს იქ ყოფნისას). ამის ნათელი ილუსტრაციაა შამსუდდინის “მოღვაწეობასთან” დაკავშირებული ასეთი ეპიზოდი: საერთოკავკასიური “წესის” თანახმად, დანიშვნისთანავე მან სამინისტრო იორდანული წარმოშობის ჩეჩნებით აავსო, რამაც იქაურების ხუმრობანარევი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ხალხი იმწამსვე “ბედუინებად” მონათლეს და სხვანაირად აღარც ახსენებდნენ. მაგ. ერთი ნაცნობი ჩეჩენი მეკითხება: “სლუშაი, ტი ნე ვიდელ ნაშიხ ბედუინოვ?”

** International Geselschaft Fur Menchenrehte – ფრანკფურტში განლაგებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციაა, უფრო ზუსტად – სხვადასხვა ეროვნულ ორგანიზაციათა გაერთიანება.

***დოქტორი ოტტო ფონ ჰაბსბურგი - ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ავსტრიის კრონპრინცი - საქართველოს უანგარო და ერთგული მეგობარი. ერთადერთი საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც უპასუხოდ არ დაუტოვებია პრეზიდენტ გამსახურდიას არცერთი ოფიციალული მიმართვა თუ მეგობრული თხოვნა და ყველაფერი იღონა შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის სამხილებლად. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ფინეთიდან ორჯერ მივმართე დახმარებისათვის. ერთხელ - პეტრე გელბახიანისა და ირაკლი დოკვაძის განაჩენის გამო, მეორედ - პატიმრობაში მყოფი ნუგზარ მოლოდინაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, მისმა სამეფო უმაღლესობამ (ასე მიმართავდა ხოლმე პრეზიდენტი გამსახურდია და მეც არ დამირღვევია ტრადიცია) ყველაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ მიეპყრო ამ მოვლენებისათვის საერთაშორისო ყურადღება - ერთადერთი რამ, რასაც მაშინდელ საქართველოში ანგარიშს უწევდნენ. ვშიშობ, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა.

დართული ფაილები:


საკვანძო სიტყვები: ზ.გამსახურდია ფინეთსა და ევროპაში

ასოცირებული პუბლიკაციები::
• პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვიზიტი ფინეთიში »
• მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში (1) »
© ბესარიონ გუგუშვილი