გიორგი ქავთარაძე

 

გოგლას ერთი ლექსის ადრესატის ვინაობისათვის

 

 

გოგლას ერთ-ერთი შედარებით ნაკლებად ცნობილი ლექსია ”სიმღერა თარზე”:

 

არავის ნახვა არ მინდა,

მე მხოლოდ შენთან მოველი...

მზევ, გულზე მოშუქებულო,

შენს სანახავად მოველი;

გულით, ფიქრით და ოცნებით,

ძვირფასო, შენთან მოველი...

 

ასე ბრუნდება ზღვებიდან

ქარში ნაწეწი ხომალდი.

ვით მთას არწივი ესწრაფის,

მეც ისე შენკენ ვქროლავდი.

 

ვით მოგზაური შინისკენ,

მე შენკენ მოვისწრაფოდი;

მე შენს სიყვარულს გამოვყე,

როგორც მთის ჩანჩქერს ნაფოტი...

 

იქნებ არ არი საჭირო,

რომ დღესაც შენთან მოველი?

იქნება ზღვაში ხის დარგვას

და აყვავებას მოველი?

ვით ბაღში მაისის წვიმა,

ძვირფასო, ჩუმად მოველი!

 

ლექსის ადრესატის ვინაობა გაუმხელელია, ცნობილია მხოლოდ მისი დაწერის თარიღი - 1937 წელი.

 

თუმცა ლექსის სტრიქონები - ვით მოგზაური შინისკენ, მე შენკენ მოვისწრაფოდი” და ”ასე ბრუნდება ზღვებიდან ქარში ნაწეწი ხომალდი” - თითქოს მიგვანიშნებენ, რომ იგი მეუღლისადმი უნდა იყოს მიძღვნილი.

 

მსგავსი ვარაუდის გამოთქმის უფლებას მე მაძლევს ლექსში ექვსჯერ განმეორებული სიტყვა ”მოველი” და ჩემს მეხსიერებაში დაცული ერთი მოგონება: გოგლას მეუღლე, ეფემია გედევანიშვილი, ისე ვერ ჩაუვლიდა სვეტიცხოველს, რომ არ წარმოეთქვა მისთვის ჩვეული სტრიქონები: ”სვეტიცხოველო, ცხოველო, შენს სანახავად მოველო...”, არ ვიცი საკუთრივ ეფემიასეული თუ ხალხური; მახსოვს მხოლოდ, რომ გოგლას ძალზე ახარებდა მათი განმეორება და ამ სტრიქონებს ბებიას ხშირად შეახსენებდა ხოლმე.

 

ეფემია გაბრიელ სარდლის შთამომავალი იყო და ტრადიციისამებრ მისი წინაპრები სვეტიცხოვლის ეზოში იკრძალებოდნენ.

 

და, კიდევ ერთი, შესაძლოა გაუმართლებელ ფამილიარობაში ჩამითვალოს ვინმემ გიორგი ლეონიძის გოგლად მოხსენიება, მაგრამ ამით მგონია, რომ მე მის დანატოვარ სურვილს ვანხორციელებ. გავიხსენოთ გოგლასეული სტრიქონები:

 

მინდა ვიყიდო ქვეყნის წამლები,

რათა შევესწრო იმ დღის დანახვას,

რომ მომძახოდნენ შთამომავლები:

- იცოცხლე გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ!

 

ბუნებრივია, რომ ”იმ დღეში” იგულისხმება საქართველოს სრული თავისუფლების დღე, ხოლო ”შთამომავლებში” არა იმდენად მისი უშუალო შთამომავლები, რამდენადაც საზოგადოდ საქართველოს მომავალი.

 

”ლიტერატურული მესხეთი”, 5 (17), მაისი, 2000, გვ. 2.

 

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon