ნანა ფიცხელაური

 

გოგლა ლეონიძის ცხოვრების უცნობი დეტალები

 

 

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე", 2012 წლის 2 ივნისი

http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/e3f0d040cea582036b64d4e793f3b7fd.jpg

(გამოდის ოთხშაბათობით)

 

 

"გოგლას ხშირად უთქვამს ჩემთვის, მოდი, მკითხე რამე, დამელაპარაკე, თორემ დრო მოვა, აღარ ვიქნები. ვინ იცის, როგორ მოგენატროს ჩემთან დალაპარაკება. მეც ხშირად მინატრია, ნეტავი, მამა-პაპა ცოცხალი მყავდეს, მათ რამდენ რამეს შევეკითხებოდიო. სიმართლე გითხრათ, გოგლა სულ ჩემთანაა, ჩემშია და ამიტომაც, თითქოს არ მენატრება, ზუსტად ვიცი, როდის რას მეტყვის მისი ბუბუნა ხმით," - ამბობს გოგლა ლეონიძის შვილიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ლეონ ქავთარაძე, რომელიც მგოსნის ცხოვრების უამრავ საინტერესო დეტალზე გვესაუბრება.

 


- დაბადების მოწმობაში მეწერა - გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, მაგრამ მამას ლეონი ერქვა. ვინაიდან გოგლას ვაჟიშვილი არ ჰყავდა, უთქვამს, მოდი, ქავთარაძე-ლეონიძედ დავწეროთო. მეორე ბაბუა, აკადემიკოსი, ნევროპათოლოგი იყო, - მისი სახელობისაა საბურთალოზე ქავთარაძის ქუჩა, - მან თქვა, ქალი ხომ არ არის, რად უნდა ორი გვარიო. მამამ გამოსავალი იპოვა, თქვა, ჩემს სახელს ლეონს აღვიდგენო და ამ კომპრომისული წინადადების საფუძველზე გავხდი გიორგი ლეონის ძე ქავთარაძე, რითაც გამოვიდა, რომ ორივე გვარის მქონე ვარ და ლეონისძე წინა პლანზე გადავიდა...

 

 

- ლეონიძეა, ნამდვილი ლეონიძეო - ხშირად უთქვამს თქვენზე პაპას. საოცარი გარეგნული მსგავსების გარდა, რა საერთო გქონდათ მასთან?


- მეც ძალიან მიყვარდა კითხვა და ისტორია, როგორც მას. დედისერთა ვარ, ხშირად ვავადმყოფობდი. შინაური ცხოველივით ვიზრდებოდი, რის გამოც, გოგლა მეუბნებოდა, "უჰაეროვი" ხარო. პაპა ძალიან ალერსიანი იყო, უსაზღვროდ მოსიყვარულე. ყველანი ვემალებოდით, ვინაიდან ბევრს გვკოცნიდა და გაუთავებლად გვჩქმეტდა. ჩვენთვის მეტსახელებსაც იგონებდა. მე "ბიჭო-გოგიას", "პრაკულას", "უჰაეროვს" მეძახდა. დედას "ფისო" შეარქვა და ბოლომდე შერჩა ეს სახელი. მე კი მას "ტატას" ვეძახდი. ქიაჩელის ქუჩაზე ვცხოვრობდით. როცა მოვიდოდა, ზარს გაუთავებლად რეკავდა, ხელს არ აუშვებდა... ზოოპარკში არ დავყავდი, ამბობდა, იქ ცხოველებს აწვალებენო. გოგლა ბრაზობდა, სკოლაში რომ დავდიოდი და გაკვეთილებს ხშირად მაცდენინებდა - რა უნდა სკოლაში, მანდ კარგს რას ისწავლისო. რადგან კითხვა მიყვარდა, მაკითხებდა ანტისაბჭოთა ლიტერატურას. იმხანად საკმაოდ პატარა, ალბათ, მე-5 კლასის მოსწავლე ვიყავი.

- ისტორიკოსს და არქეოლოგს რატომ გეძახდათ?


- თვითონ გოგლას ეძახდნენ ბავშვობაში ისტორიკოსს და არქეოლოგს, აინტერესებდა ეს სფერო და იმიტომ. 4-5 წლის ვიქნებოდი, მაღალი სიცხე მომცა და გამუდმებით წყალს ვთხოულობდი. პაპა მოვიდა, საწოლთან ჩამომიჯდა და ასეთი რამ მიამბო: ჩვენში ამბობენ, წყალი უმცროსისაა, პატარამ უნდა დალიოსო, არის სიტყვა წყალობაც, ეს იცი, რატომ არის? - ქართველებს წინათ ხეთები გვერქვა, კაბადოკიაში ვცხოვრობდით, სადაც წყალი ჭირდა, ამიტომაც, პირველ რიგში, მას ბავშვებს ასმევდნენო. მერე, როცა ჩვენთან მოდიოდა, სულ ვეკითხებოდი, ხეთები რომ ვიყავით, სად ვიყავით, როგორ ვიყავით.... ჩემთვის ისტორიული წიგნები მოჰქონდა, კითხვა დავიწყე და მალე გადავწყვიტე, ისტორიკოსი გამოვსულიყავი, რაშიც გოგლამ დიდი როლი ითამაშა.

- საკუთარი ლექსებიდან რომელი უყვარდა გოგლას გამორჩეულად?


- მე "ციცარი" მიყვარს, გოგლას კი "ნინოწმინდის ღამე", "ყივჩაღის პაემანი" და "ოლე" უყვარდა. "ოლეზე" ჰყვებოდა: საღამოს შინ შემოვედი, მარტო ვიყავი, დავჯექი, მელანში ჩავაწე კალამი და ერთი ამოსუნთქვით დავწერეო. მგონი, ეჭვი ეპარებოდა, მისი დაწერილი რომ იყო. ამბობდა, არ ვიცი, რამ დამაწერინაო...

- "
იების სიყვარული დედამ შთამაგონა, მასავით სპეტაკი ადამიანი იყო"... ეს ყვავილი მართლაც "მოდებულია" მის შემოქმედებაში...


- იები ჩვენ ყველას გამორჩეულად გიყვარს. დედაჩემიც გიჟდებოდა ამ ყვავილზე. გოგლა დედის საფლავზე რომ გადიოდა, სხვა ყვავილს არ იყიდდა. ყოველ გაზაფხულზე ბავშვივით ელოდა იების მოსვლას. ეს ყვავილი დედასთან ასოცირდებოდა. ბოლო წლებში განსაკუთრებით უჭირდა სოფელში ჩასვლა, პატარძეულში იფერფლებოდა, ახსენდებოდა გარდაცვლილი დედა, ძმები, დები და ძალიან განიცდიდა... მისი ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი ვიპოვე - "მე ერთი ძველი სახლი მიყურებს", რომელშიც ჩანს, პატარძეულისკენ რატომ არ მიუწევდა ბოლო ხანს გული.

-
პოეტს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა "ცისფერყანწელებთან"...


- დიახ, გოგლა ლეონიძე ტიციანთან, პაოლოსთან, შალვა აფხაიძესა და სერგო კლდიაშვილთან მეგობრობდა. ისინი იდეოლოგიურად იყვნენ ერთნი. სიმბოლისტებში გოგლა ყველაზე ეროვნული და საქართველოს ისტორიის ყველაზე კარგი მცოდნე იყო. იგი საქართველოთი საზრდოობდა. ტიციანის გარდაცვალების შემდეგ გალაკტიონთანაც ახლობლობდა, მაგრამ ისე არა, როგორც ტიციანთან. იგონებდა, ერთხელ, ვერის ხიდზე ვიდექი სასოწარკვეთილი, ლამის თავის დახრჩობა მინდოდა, ამ დროს ჩემთან პალტომოხვეული გალაკტიონი მოვიდა, უთქმელად მიმიხვდა სულიერ მდგომარეობას და მითხრა, - "გოგლა, ცხოვრებას არ აჰყვე, თორემ გაგაგიჟებს, გამაგრდი!" მერე ხელკავი გამომდო და ლურჯი მონასტრისკენ წამიყვანაო. გალაკტიონსაც ძალიან ჰყვარებია გოგლა, ასე ამბობდა, თურმე, გოგლა ვაჟკაცია, ამ კაცს არასოდეს უთქვამს ჩემზე, ლოთიაო.

- თუ ჰქონდა ისეთივე განცდა, როგორიც, მაგალითად, გალაკტიონს - "ერთადერთი ვარ, მაღალი ვარ, ვარ უკვდავება"...


- ამაზე თვითონ აქვს ხუმრობით ნათქვამი. ერთხელ, როცა 14 წლის ვიყავი, მისაყვედურა, მე შენხელა უკვე ცნობილი პოეტი ვიყავი და შენ რა დაგემართაო?! მეორე დღესვე დავჯექი და ლექსი "შამქორი" დავუწერე. მინდოდა მეჩვენებინა, რომ მეც შემეძლო წერა. ასე რომ გამაბრაზა, ვუთხარი, შეიძლება პოეტი ვერ ვარ, მაგრამ არც შენ ხარ ყველაზე კარგი პოეტი, გალაკტიონი ხომ გჯობია-მეთქი. უცებ დასერიოზულდა და განმიცხადა: "გალაკტიონიც დიდი პოეტია. ის ლამაზი გედია, რომელიც ტბაში მისრიალებს, მე კიდევ, ლომი ვარ". პოეტესა მედეა კახიძისთვის, რომელსაც უკითხავს, როგორ შეაფასებთ თქვენს და გალაკტიონის პოეზიასო, გოგლას უთქვამს: გალაკტიონის პოეზია არის ანკარა წყარო, წალკოტში რომ მოდის, ჩემი კი მღვრიე ნიაღვარიაო. მართლაც ნიაღვარივით წამლეკავია მისი შემოქმედება, თვითონ ასე ხედავდა. თუმცა ცხოვრებაში ეს ორი პოეტი საპირისპიროდ გამოიყურებოდა: გალაკტიონი - ბობოქარი, გაბურძგნილი, გოგლა - მოწესრიგებული და ჰალსტუხიანი. გარეგნობა მათ შინაგან სამყაროს არ შეესატყვისებოდა. გოგლა, რა თქმა უნდა, დიდი აზრის იყო საკუთარ შემოქმედებაზე და დარწმუნებული იყო, რომ მის გაგებას დრო და თაობები სჭირდებოდა. მეც ასე ვფიქრობ. გოგლა არის ისეთი პოეტი, რომლისთვისაც უცხოა მეშჩანური "ფალში", "თეთრ კლავიშებზე დაგდებული ვარდი". როდესაც საზოგადოებისათვის გულისამრევი გახდება "კლავიშებზე ვარდი", მაშინ მიხვდებიან, რა არის ნამდვილი რაინდული, არისტოკრატული, მაღალი დონის პოეზია.

- "ნატვრის ხე" - გოგლას შემოქმედების გვირგვინი.
მოთხრობათა კრებულში მწერალმა მისი ყრმობის აჩრდილებს მოუყარა თავი. ერთხელ თქვით, რომ გოგლას პროტოტიპია ჩორეხი, რომელიც დღენიადაგ სამშობლოს ბედზე მჭმუნვარებს. მართლა ჩორეხივით ნაღვლიანი და "ძველმანი" კაცი იყო გოგლა?


- ჩორეხი ამბობს, რომ მისი წინაპრები მოსულნი არიან მესხეთიდან (როგორც გოგლა), ეს უკვე ერთი მინიშნებაა. გოგლას ცხოვრება სხვაგვარად რომ წარმართულიყო, პატარძეულში დარჩენილიყო, გზა ქალაქისკენ არ ჰქონოდა, ჩორეხი დადგებოდა. მას ძალიან ჰგავს - მისთვის ყველაზე მაღლა იდგა საქართველო. გოგლას ძმა - ლევანი, პაოლო, ტიციანი, ყველანი დახვრიტეს და შეიძლება მისია აიღო თავზე, რომ იმათი წილიც უნდა ეკეთებინა ქვეყნისათვის.

-
საინტერესოა, რომ "ნატვრის ხის" ავტორს სხვა პროზაული ნაწარმოები არ შეუქმნია...


- ერთხელ მითხრა, ბავშვობაში მინდოდა, მთელი საქართველოს ისტორია პოემად დამეწერაო. ასე ამბობდა, "ნატვრის ხე" არაფერიაო, არ მოსწონდა. გოგლას ჩაფიქრებული ჰქონდა რომანი ცისფერყანწელებზე, რომლის მთავარი გმირი ტიციანი უნდა ყოფილიყო. თუმცა ხელნაწერები გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გაანადგურა. ეტყობა, რაღაცის წინათგრძნობა ჰქონდა. დედაჩემს, ნესტანს უთხრა, - ესენი აღარ მჭირდებაო.

- ბატონო გიორგი, მარიტა გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალურად არსებობდა ეს "მთვარის გამოახლება ქალი"?


- მარიტას პროტოტიპს უცხოვრია პატარძეულში, მაგრამ "ნატვრის ხის" პერსონაჟთან არაფერი ჰქონდა საერთო ერთის გარდა - სოფელს ის ვირზე შეუსვამს და უსეირნებია. იგი არავის მოუკლავს - სიბერით გარდაცვლილა. მისი არც სახელი მახსოვს, არც - გვარი. "ღვინჯუა" ყოფილა შაქრია გულიაშვილი, რომელსაც გოგლას სახლის პირდაპირ უცხოვრია - ასე ამბობენ სოფელში. "ნატვრის ხეში", ალბათ, ძირითადი ნაწილი მაინც მისი ფანტაზიაა. გოგლას რომ ყველაფერი ისე აღეწერა, როგორც სინამდვილეში იყო, ალბათ, ნაწარმოები ასეთი საინტერესო არ გამოვიდოდა.

- კათალიკოსობაზე მართლა ოცნებობდა?


- გოგლამ სასულიერო სემინარია დაამთავრა და ძალზე მორწმუნე იყო. ეკლესიას ისე არ ჩაუვლიდა, პირჯვარი არ გადაეწერა. ეს ისე უნდა გაეკეთებინა, არავის დაენახა, მაგრამ მე ვხედავდი. უთქვამს, ბავშვობაში კათალიკოსობაზე ვოცნებობდი და მინდოდა, "გიორგი ბროლა" ვყოფილიყავიო. ტაო-კლარჯეთის ნახვაზეც ოცნებობდა, ართვინის ახლოს, წინაპართა სოფელი ლეონიძე ეგულებოდა. ახლა მას მიოლეთი ჰქვია და იქ მაჰმადიანი ქართველები ცხოვრობენ. წლების შემდეგ მე ავასრულე მისი ოცნება და ვინახულე წინაპართა სოფელი. ბათუმში ისე არ ჩავიდოდა, ფრიდონ ხალვაშისთვის არ ეთხოვა, სარფში წამიყვანეო. მასაც მიჰყავდა საზღვარზე. გოგლა სადამდეც შეიძლებოდა, თურმე იქამდე მიდიოდა ფეხით, იდგა და მდუმარედ გაჰყურებდა შორეთს, თვალს ვერ წყვეტდა იქაურობას.

- გოგლას პიროვნებას და მის შემოქმედებას ალბათ საუკეთესოდ ახასიათებს მისივე სიტყვები - "ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი - მელნად, ვარსკვლავები გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმი".


- გოგლა მართლაც მთელი არსებით, ბავშვობიდან იყო საქართველოთი და ქართველებით შეპყრობილი. 7 წლის ყოფილა, დედას ილიას დაკრძალვაზე რომ წაუყვანია. ჰყვებოდა, ილიას შუბლზე, იქ, სადაც ნატყვიარი ჰქონდა, მუხის ფოთოლი ედოო. მუხა ძლიერების სიმბოლოა და ილიაც ხომ მუხა იყო?! იქიდან გამოსულს, ეს კადრი და ემოცია მთელი ცხოვრება გაჰყვა...

-
სიმბოლურია, რომ გოგლა ვაჟას გარდაცვალების დღეს, 9 აგვისტოს აღესრულა...


- გოგლას ვაჟა ბავშვობიდან ახსოვდა და უყვარდა. მამამისის - ნიკო ლეონიძის მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში. ვაჟამ დაულოცა გზა გოგლას დიდ პოეზიაში. 21 წლის ვიყავი, გოგლა რომ გარდაიცვალა. გარდაცვალების წინა დღეებში, წყნეთის აგარაკზე, ოთახში, სადაც მომაკვდავი გოგლა იწვა, ბოძი გაიბზარა, ახლაც ასეა... მისი უკანასკნელი სურვილი ყოფილა, საწოლიდან წამოეწიათ და არემარესთვის გადაეხედა. დეიდას მკლავებში დაულევია სული. მახსოვს, ერთხელ, წყნეთის სახლის აივანზე იდგა და ხედს გადაჰყურებდა, თან ეწეოდა, გათიშულივით იყო. ვკითხე, რაზე ფიქრობ-მეთქი და ისე, რომ არც შემოუხედავს, ხმაწართმეულმა მიპასუხა, რომ გაიზრდები, თვითონ მიხვდებიო. ახლა ვხვდები, ის სევდა მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს რომ უკავშირდება.

P.S. "ალაზნის ვაზებს დასცვივათ ოქრო, / დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ, / ვინ იჯადოქროს? უკვდავების დღეს / მხოლოდ ლექსები დაესწრებიან". ამ ლამაზი სტრიქონებით განჭვრიტა მომავალი გოგლამ და ხაზი გაუსვა როგორც მისი პიროვნების, ასევე "ლურჯთვალა იებში, ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში და მზით ამოვსებულ თავთავებში ნაპოვნი სიტყვებით" აკინძული შემოქმედების უკვდავებას, რომელშიც პოეტის "ცისა და მიწის ღიმილია ჩართული".

 

http://www.ambebi.ge/pictures/image2/8a85e3583b7f783f1ebce942d64fcebc.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/54543-gogla-leonidzis-ckhovrebis-ucnobi-detalebi.html#ixzz21HbZduye

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/documents#all?sort=reads&sort_direction=descending

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon

 

http://www.facebook.com/kavtaraze?ref=tn_tnmn