ცენტრალურ ანატოლიაში ხეთური ტომების გამოჩენის საკითხისათვის.

Giorgi Kavtaradze

 

 

საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, III

 

 

რედაქტორი: ისტ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ო. ლორთქიფანიძე

 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

 

საქართველოს არქეოლოგიური კომისია

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი

 

 

თბილისი

 

”მეცნიერება”

 

1985

 

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

ცენტრალურ ანატოლიაში ხეთური ტომების გამოჩენის საკითხისათვის*

 

 

/გვ. 3/ ადრებრინჯაოს ხანიდან შუაბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდი ცენტრალურ ანატოლიაში (დაახლ. 2100-1900 წწ.), კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში ხასიათდება დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობით.

გარდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგად აღმოცენებული ”ქალაქი-სახელმწიფოების” ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ჰეგემონიისათვის მიმდინარე ბრძოლებისა, ნედლეულით მდიდარი ანატოლიის ასპარეზზე ვხედავთ ჩამორჩენილი ნახევრადმომთაბარე ტომების, ასევე მოწინავე მეზობელი ქვეყნების სავაჭრო წრეების წარმომადგენელთა მოქმედების კვალსაც. ანატოლიის ოქრო, ვერცხლი, სპოლენძი, ლილაქვა, კედარი და სხვ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მესამე ათასწლეულის დასასრულისათვის ანატოლიასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებს ასურეთი, რომლის სამეფო კარს ასევე ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა შორეულ თუ ახლომდებარე მხარეებთან. პირველი ასურელი მმართველი, რომლის კონტაქტები ანატოლიასთან ფაქტობრივი მასალით არის დამოწმებული, იყო ერიშუმ I (დაახლ. ძვ. წ. 1941-1902 წწ., მაღალი ქრონოლოგიით)[1].

ასურელებს, რომლებსაც ლითონისა და სხვა ნედლეულის ნაცვლად ქსოვილები და ტყვია[2] შემოჰქონდათ, ანატოლიაში მრავალი სავაჭრო ორგანიზაცია გააჩნდათ. ეს ორგანიზაციები იყოფოდა ”ქარუმებად” (სავაჭრო კოლონიებად), რომელთაც საქალაქო თემის ტიპის ავტონომიური მმართველობის უფლება ჰქონდათ, და ”ვაბართუმებად”, სავაჭრო ფაქტორიებად[3]. უცხოელთა სავაჭრო თემები, როგორც ჩანს, არავითარ პოლიტიკურ პრივილეგიებს არ ფლობდნენ, ისინი ექვემდებარებოდნენ ადგილობრივი ”ქალაქი-სახელმწიფოების” /გვ. 4/ მთავრებს - ”რუბაუმებს” (ან ”რუბათუმებს” - მთავარი ქალი). თუმცა არსებობს შეხედულებაც, რომლის თანახმად ქარუმები კონტროლს უწევდნენ ადგილობრივ მთავრებს, ხოლო ვაბართუმები არსებობდნენ ანატოლიის იმ მხარეებში, სადაც ადგილობრივი მთავრები არ ექვემდებარებოდნენ ასურელთა ძალაუფლებას და მათ შემადგენლობაში ვაჭრების გარდა სამხედრო პერსონალიც შედიოდა[4].

ასურელ ვაჭართა მთავარ ”პლაცდარმს” ანატოლიაში, როგორც ჩანს, გეოგრაფიულად ასურეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ქარუმი - ქანეში წარმოადგენდა, რომელიც ამავე დროს ყველაზე ადრეულიც უნდა ყოფილიყო სხვა ქარუმებთან შედარებით.

ქანეშის (ქიულ თეფე) II დონეში ასურული ახალშენის დაარსებას (ძვ. წ. XX ს.) წინ უსწრებდა ორი ადრეული სამშენებლო დონე: III და IV, რომლებიც ძვ. წ. XXI ს. მოიცავენ. ლ. ორლინის შეხედულებით, არ უნდა იყოს მართებული ვარაუდი, მხოლოდ ასურელთა არჩევანისა თუ გადაწყვეტილების შედეგად ასურეთის სავაჭრო ორბიტაში ანატოლიის მოსახლეობის მოქცევის შესახებ[5]. მისი აზრით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ საქმოსანთა შესაბამისი ჯგუფები ჯერ კიდევ ასურელთა დაფუძნებამდე იქნებოდნენ თავმოყრილი ანატოლიის სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოებში[6]. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ასურელ ვაჭრებს ანატოლიაში წინ უსწრებდნენ ამორეველი (დასავლურსემიტური წარმომავლობის) ვაჭრები, რომლებიც, საფიქრებელია, გულგრილად არ შეხვდებოდნენ ანატოლიის საგარეო ვაჭრობის ასურელთა ხელში გადანაცვლებას.

ანატოლიაში ისტორიული პერიოდის დასაწყისად ქარუმ ქანეშის II დონე შეიძლება ჩაითვალოს; სწორედ მის ფენებში აღმოჩნდა ანატოლიის მიწიდან მიღებული პირველი წერილობითი წყაროები, დაწერილი ძველასურული ენით, ეს წერილობითი წყაროები, ე. წ. ”კაპადოკიური ფირფიტები”, უძვირფასეს ონომასტიკურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მასალას შეიცავენ III-II ათასწლეულების მიჯნის ანატოლიის ისტორიის აღსადგენად.

”კაპადოკიური ფირფიტებში” დაცული უძველესი ონომასტიკური მასალა საშუალებას იძლევა ქარუმ ქანეშ II-ის ძირითად მოსახლეობად ”პროტოლუვიელები”, ნესიტები და ხათები (პროტოხეთები) მივიჩნიოთ. აქედან ხათურად, რომელიც შესაძლოა უკვე ამ დროს მკვდარი ენა იყო, მიიჩნევა ამ სახელების მხოლოდ ერთი, საკმაოდ მცირე ნაწილი, რომელიც, ამასთანავე, შესაძლებელია სხვა შემადგენელ ნაწილებსაც შეიცავდეს[7]. ამრიგად ქარუმ ქანეშ II ხანის ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ჩანს, ძირითადად ინდოევროპული ენების ანატოლიური ჯგუფის ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობა იყო, ხოლო ქარუმ ქანეშ II დონეში დადასტურებული კულტურა სწორედ მათი, ინდო/გვ. 5/ევროპელი ხეთების, კულტურა უნდა ყოფილიყო. ქარუმ ქანეშის II დონეში, ისევე როგორც მის წინამორბედ III დონეში, გვხვდება ჩარხზე დამზადებული მონოქრომული, ე. წ. ”ხეთური” ჭურჭელი, რომელიც პირველად IV დონის ხანაში ჩნდება[8]. აღსანიშნავია, რომ II დონეში არსებული პოლიქრომულად მოხატული, ე. წ. ”კაპადოკიური კერამიკის” (იგივე ალიშარ III) რაოდენობა, წინააღმდეგ ”ხეთურისა”, III დონეში იზრდება, ხოლო ქანეშის IV დონეში იგი ძირითად ჯგუფს წარმოადგენს, მდიდარს ფორმებითა და ორნამენტებით. ამავე დროს მცირერიცხოვანი, ე. წ. ”ხეთური” მონოქრომული ჭურჭელი IV დონეში მხოლოდ მოწითალო და ღია ყავისფერი ნაწარმის სახითაა წარმოდგენილი[9]. საყურადღებოა, რომ ”ხეთური” მონოქრომული ჭურჭელი ალაჯასა და ბორაზქოიშიც ასევე წინამორბედ ხელითნაძერწ ”კაპადოკიურ ჭურჭელთან” ერთად გვხვდება[10].

ქანეშის IV დონეში ”ხეთური” კერამიკის გამოჩენა საშუალებას აძლევს ზოგიერთ ავტორს ივარაუდოს ანატოლიაში ინდოევროპელთა დაფუძნების თარიღად ძვ. წ. XX ს. (დაბალი ქრონოლოგიის მიხედვით)[11]. ქანეშის Ib დონე, როდესაც II დონის განადგურებისა და დაახლ. ოცდაათწლიანი ხარვეზის შემდეგ აქ განსხვავებული სახის კერამიკა გვხვდება, ”კაპადოკიური ფირფიტების” მონაცემების შუქზე ვერ გამოდგება ინდოევროპელი ხეთების მოსვლის თარიღად, როგორც ამას ადრე ჯ. მელართი თვლიდა[12].

კ. ბალკანსა და ლ. ორლინს დასაშვებად მიაჩნიათ, ქარუმ ქანეშის II დონის დანგრევა ცალფას მეფის უხნას შემოსევას მიაწერონ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქანეში და ნესა ერთი და იგივე ქალაქია[13].

როგორც ბოლო ხანებში წაკითხული ხეთური ტექსტები მოწმობენ, ჰ. გიუტერბოკის მიერ ნესას ქანეშად მიჩნევა[14] მართებულია, ხოლო ცალფა  მდებარეობდა მდინარე ჰალისის (კიზილ-ირმაკის) შესართავთან (დღევანდელ ქალაქ ბაფრასთან)[15]. ამდენად ცალფასა და ქანეშს შორის წარმოებული ბრძოლები შესაძლოა წარმოადგენდნენ ხათურ ჩრდილოეთსა და ხეთურ სამხრეთს შორის ცენტრალურ ანატოლიაში ჰეგემონიისათვის წარმოებული ბრძოლების გამოძახილს.

რაც შეეხება ქანეშ III-II დონეებისათვის დამახასიათებელი, მონოქრომული, ჩარხზე დამზადებული ნაწარმის ხეთურად მიჩნევას, ქანეშში ნესას, ნესიტების სამშობლო ქალაქის, დანახვაც უნდა უწყობდეს ხელს.

ბუნებრივია, დაისვას ამ კერამიკის წარმომავლობის საკითხი, რაც თითქოს უნდა უკავშირდებოდეს ხეთების გამოჩენის საკითხს ცენტრალურ ანატოლიაში. ე. წ. ”ხეთური კერამიკის” გენეზისის კვლევისას, პირველ რიგში, ჩვენი აზრით, მნიშვნელობა უნდა მიეცეს იმ გარემოებას, რომ ეს მონოქრომული ჭურჭელი, პირველი ფართოდ გავრცელებული ჩარხზე დამზადებული ნაწარმია ანატოლიის ამ მხარეში, მისი წინამორბედები კი ე. წ. ”გარდამავალი /გვ. 6/ ნაწარმი” და ”კაპადოკიური კერამიკა”, მცირე გამონაკლისის გარდა, ხელითნაძერწია.

      ამ მხრივ გასათვალისწინებელია ლ. სქოთის სიტყვები, რომ ტექნიკის განვითარება მეთუნეობაში ის ფაქტორია, რომელიც ბუნებრივად განაპირობებს ფორმასა და ორნამენტაციას[16]. განსაკუთრებით ძლიერი ზეგავლენის მოხდენის უნარი ახასიათებს ჩარხს: მისი გამოყენება ახალ ნაწარმში იწვევს წინა ხანებისათვის დამახასიათებელი ხშირი ორნამენტების ან თითქმის მთლიან გაუჩინარებას, ანდა მათ ჩამომცრობას სტილიზებულ ნარჩენებამდე[17]. ჩარხი იწვევს ფორმით გატაცებას, იძლევა რა საშუალებას მანამდე წარმოუდგენელი დეტალების და კონტურების მიღებისა[18]. სწორედ ახალი ფორმა ქმნის შეუფერებელს იმ სახეებს, რომელთაც ხელითნაძერწ ჭურჭელზე იყენებდნენ[19]. მაგალითები, როდესაც მეთუნე ფორმის გამო უკუაგდებს შეუფერებელ ორნამენტს, ლ. სქოთის მიხედვით, გვხვდება როგორც რკინის ხანის ბრიტანეთში, ასევე სამი ათასწლეულით უფრო ადრეულ მესოპოტამიაში, სადაც ორნამენტაცია უჩინარდება ჩარხის ფართო გამოყენებისთანავე, და ჩინეთში, სადაც ხანის პერიოდის შემდეგ ხდება კერამიკიდან ორნამენტაციის ფაქტიური გაქრობა[20]. ტექნოლოგიურ სფეროში მომხდარი ცვლილება იწვევდა შრომისუნარიანობის მკვეთრ ზრდას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებდა მეთუნეთა საერთო რიცხვის შემცირებას.

      ამრიგად, როგორც ზემოთ თქმულიდან ჩანს, არსებობს საფუძველი ხელით ნაძერწი ”კაპადოკიური კერამიკის” ნაცვლად ჩარხზე დამზადებული მონოქრომული ნაწარმის რიცხვის თანდათანობითი ზრდა არა ცენტრალურ ანატოლიაში მოსახლეობის შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებას მივაწეროთ, არამედ ჭურჭლის დამზადების ტექნოლოგიაში მოხდენილ გადატრიალებას. ამასთანავე, შეიმჩნევა ”კაპადოკიური ჭურჭლის” ფორმების გავლენა ახალ ნაწარმზე.

      თუ ჩვენ, აგრეთვე, ქარუმ ქანეშის II-ის ონომასტიკურ მონაცემებსაც გავითვალისწინებთ, ლოგიკური უნდა ჩანდეს, ”კაპადოკიური კერამიკის” კულტურის მატარებლებად ინდოევროპელი ხეთები მივიჩნიოთ, რასაც დღეს ბევრი მეცნიერი აღარ იზიარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქიულ თეფე (ქანეში, იგივე ნესა) ცენტრალურ ანატოლიაში ”კაპადოკიური კერამიკის” წარმოების ძირითადი ცენტრი ჩანს. კ. ბიტელი ქიულ თეფეს ”კაპადოკიური კერამიკის” სამშობლოს უწოდებს[21]; ეს გარემოებაც შესაძლოა მიგვანიშნებდეს ”კაპადოკიური კერამიკის” ხეთურ ხასიათზე. ანგარიშგასაწევია ალბათ, აგრეთვე, ჰ. ბოსერტის მიერ შენიშნული მსგავსება იეროგლიფური ხეთური დამწერლობის ერთ-ერთ ნიშანსა და ”კაპადოკიური კერამიკის” ორნამენტს შორის[22]. ა. გოეცე, უკავშირებს რა ”კაპადოკიური კერამიკის” გამოჩენას ხეთების /გვ. 7/ მოსვლას, ხაზს უსვამს იმ გარემობას, რომ ალიშარ I - ალაჯა III კულტურის კატასტროფული დასასრულის (ამ დროს ნადგურდება ბითიქი, კარაოღლანი, დიუნდართეფე) შემდეგ ალიშარისა და ალაჯის ახალ ფენებში ვხვდებით ”კაპადოკიურ კერამიკას”; ამასთანავე, ალიშარში მასიურად ეს კერამიკა თავდაპირველად 5-7 მეტრის სიმაღლის გალავნით გამაგრებულ ბორცვზე გვხვდება და უკვე შემდეგ, უფრო გვიან ტერასაზე[23]. აღსანიშნავია, რომ ე. წ. ”გარდამავალი ჭურჭელი” (intermediate ware), რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი ”კაპადოკიური კერამიკის” წინაპრად მიიჩნევს, როგორც ჩანს, ”კაპადოკიური კერამიკის” თანამედროვეა და, მაგ., ალიშარში ამ უკანასკნელთან ერთად გვხვდება[24]. ა. გოეცე მათ შორის განსხვავებას განსაკუთრებით ფორმებში ხედავს და ”გარდამავალ ნაწარმს” ”კაპადოკიური კერამიკის” ჩრდილო-დასავლეთელ მეზობლად მიიჩნევს[25]. კ. ბიტელი ”გარდამავალი” და ”კაპადოკიური კერამიკის” პარალელური განვითარების საფუძველზე აცხადებს, რომ რადგან ”კაპადოკიური კერამიკა” არ ცვლის ”გარდამავალს” და არ არღვევს უფრო ადრეული ხანებიდან მომდინარე უწყვეტ განვითარებას, იგი არ შეიძლება ყოფილიყო ხეთებთან დაკავშირებული[26], თუმცა უფრო საფიქრებელია, რომ თვით ფაქტი ამ ორი კერამიკული სახეობის თანაარსებობისა არ უნდა გამორიცხავდეს ერთ-ერთი მათგანის ხეთებისადმი მიკუთვნების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ლინგვისტური და კულტურული მონაცემები მოწმობენ, ინდოევროპელ ხეთებს საკმაო დროის განმავლობაში უხდებოდათ ანატოლიის არაინდოევროპულ მოსახლეობასთან თანაარსებობა.

      ლ. ორლინის შეხედულებით, ინდოევროპელთა შემოჭრა ანატოლიაში იწვევს დაუსახლებლობის პირობებს ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის განმავლობაში, რომლის დროსაც კონფლიქტის ძირითადი ხასიათი ახალმოსულებსა და ადგილობრივ ანატოლიურ (ხათურ) სამთავროებს შორის პირველ ხანებში შესაძლოა წააგავდა ბრძოლას ნახევრად ნომადურ ჯგუფებსა და ურბანულ ცენტრებს შორის, რასაც ადვილად შეეძლო ძირი გამოეთხარა ”ქალაქური ცხოვრებისათვის”[27]. ლ. ორლინის აზრით, არ არის აუცილებელი არეულობის ყველა კვალი ინდოევროპელებს მივაწეროთ; ბევრი დაქცეული ადგილი, ალბათ, ტრადიციულად მოქიშპე ქალაქების ბრძოლის შედეგი უნდა იყოს, რომლებიც საერთო არეულობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ეცდებოდნენ და ზოგ შემთხვევაში, ალბათ, კავშირს დაამყარებდნენ ინდოევროპელთა უფრო მობილურ ჯგუფებთან, რომლებიც რამდენიმე თაობის თანაარსებობის შემდეგ უცხოელებად აღარ განიხილებოდნენ[28]. ლ. ორლინის მიერ დახატული ეს სურათი სინამდვილეს უფრო უნდა ჰგავდეს, ვიდრე თ. იოზგიუჩის ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ანატოლიაში მოსული მცირერიცხოვანი ხეთები პასიურნი რჩებოდნენ საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში[29]. შესაძლებელია, სწორედ საერთო არეულობისა და ურთიერთმოქიშპეობის პირობების არსებობით აიხსნას ქიულ თეფეს ადრებრინჯაოს ხანის IIIa დონის დასასრული, XXII /გვ. 8/ საუკუნის ბოლოს. ამასთანავე არ არის გამორიცხული, ეს კატასტროფა სემიტური მოსახლეობის აქტივობის შედეგი იყოს, რომლებიც ერთი საუკუნის შემდეგ აქ ქარუმს აარსებენ, რის სასარგებლოდაც შესაძლოა აქ ჩარხის, უფრო ზუსტად კი ქანეშ IV პერიოდში ჩარხზე დამზადებული უმნიშვნელო რაოდენობის ჭურჭლის გამოჩენა მოწმობდეს. ჩარხი იმ ხანად უკვე გავრცელებული იყო სემიტებით დასახლებულ მთელ რიგ მხარეებში.

      რაც შეეხება ”კაპადოკიური კერამიკის” წარმომავლობის საკითხს, ამ მხრივ საყურადღებოა ”ენციკლოპედია ბრიტანიკაში” ვ. ბრაისის სტატიაში გამოთქმული შეხედულება იმის თაობაზე, რომ ”კაპადოკიური კერამიკა” თავისი დეკორით, ფორმებითა და შეფერილობით სავსებით განსხვავებულია ანატოლიაში და ეტყობა შემოტანილი უნდა იყოს აქ ახალი მოსახლეობის მიერ. ამ კერამიკის გავრცელების ხასიათიდან ჩანს, თითქოს იმიგრანტები უნდა მოსულიყვნენ უფრო აღმოსავლეთით მდებარე მხარებიდან, ვიდრე დასალეთიდან, რადგან ეს კერამიკა მდ. ჰალისის დასავლეთით ძალზე სპორადულად იჩენს თავს, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთით, ურმიის ტბის რაიონში გეოი თეფეს D დონეში იგი დიდი რაოდენობით გვხვდება[30]. სტატიის ავტორი დასძენს, რომ ლინგვისტური და ანთროპოლოგიური მონაცემების მიხედვით ხეთური ტომები ანატოლიის ზეგანზე აღმოსავლეთიდან ერთდროულად შემოდიან და ამდენად დასაშვები ჩანს მათში ”კაპადოკიური” მოხატულჭურჭლიანი კულტურის მატარებელი მოსახლეობის შეცნობა[31].

      ენათმეცნიერული მონაცემების შუქზე ნათელია, რომ თავისებური ინოვაციები, საერთო ხეთურ-ლუვიური და ე. წ. არიული ენებისათვის, იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ კავშირები და კონტაქტები ამ ენებს შორის საერთო ინდოევროპულიდან მათი გამოყოფის შენდეგ. თ. გამყრელიძის ადრინდელი შეხედულებით, ასეთი კონტაქტების მხარედ შესაძლებელია იყოს მხოლოდ შავი ზღვისა და კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია[32]. თანამედროვე მონაცემების საფუძველზე, როდესაც ინდოევროპული ერთობის ადგილმდებარეობის შესახებ ახალი მოსაზრებები წამოიჭრა, შესაძლებელი ჩანს ეს კონტაქტები უფრო აღმოსავლეთით ვივარაუდოთ[33]. ინდოევროპულ და ჩინურ-ტიბეტურ ენებს შორის შენიშნულმა ენობრივმა კონტაქტებმა კვლავ წამოაყენა ინდოევროპელთა პირველსაცხოვრისის აზიაში ლოკალიზების საკითხი[34].

      რაც შეეხება საკუთრივ ინდოევროპელი ხეთების ანატოლიაში გამოჩენას, აღმოსავლეთის გზით მათ შემოსვლას მოწმობს, აგრეთვე, ხეთურ-ლუვიურ ენებსა და ბერძნულ ენებს შორის რაიმე კავშირის უქონლობა, საერთოინდოევროპულიდან მათი გამოყოფის შემდეგ ხანებში[35].

      ფ. ზომერის მიხედვით, აღმოსავლური გზის სასარგებლოდ მოწმობს ის, /გვ. 9/ რომ რიგი ქალაქებისა, რომელთაც პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ და ხეთური სახელმწიფოს უძველეს ცენტრებს წარმოადგენდნენ, მდებარეობდნენ აღმოსავლურ რაიონებში; ამასვე მოწმობს ხეთების განსაკუთრებული კულტურულ-ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთთან[36].

      ფ. ზომერი თვლის, რომ ნესიტური დამწერლობა წარმოქმნილია არა ასურული სავაჭრო ახალშენების ლურსმული დამწერლობიდან, არამედ სხვა დაუდგენელი წყაროდან[37], რომელამდეც ადის ხურიტული ლურსმული დამწერლობაც და დაასკვნის, რომ ხეთებს თავისი დამწერლობა მცირე აზიაში ჩამოსახლებამდე, აღმოსავლეთში უნდა შეეთვისებინათ[38]. ხურიტულიდან ხეთური დამწერლობის აღმოცენების შესაძლებლობა თ. გამყრელიძის მიერ უარყოფილია[39], მაგრამ თვით ფაქტი ასურულისაგან მისი განსხვავებისა ძალაში რჩება და ამდენად შეხედულება ამ დამწერლობის აღმოსავლური წარმომავლობის შესახებ უარყოფილად ვერ ჩაითვლება.

      საინტერესოა, გუჯარათში, ლოთ-ჰალში გათხრილ ერთ-ერთ უდიდეს ჰარაპულ ძეგლზე მოპოვებული ასობით ახალი ჰარაპული წარწერა. შ. რაოს აზრით, ჰარაპული წარწერების ფონოლოგია გარკვეულად ენათესავება ხეთურ ფონოლოგიას[40].

      უკანასკნელ ხანებში თ. გამყრელიძემ და ვ. ივანოვმა შესაძლებლად მიიჩნიეს ინდოევროპული ერთობის არსებობის პოსტულირება ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. მათ მაცდუნებლად ეჩვენებათ ქრონოლოგიურად და სივრცობრივად ინდოევროპელთა პირველსაცხოვრისის მტკვარ-არაქსის კულტურასთან დაკავშირება. ინდოევროპული ენების დასავლური შტო ცენტრალური აზიის გზით მიაჩნიათ ევროპაში გადასულად, რითაც უნდა აიხსნას მისი ლინგვისტური შეხვედრები ალთაურ ენებთან და აგრეთვე ინდო-ირანულ-კელტურ-იტალიური დამთხვევები. ანატოლიურ ენებს, მათი აზრით, უმნიშვნელო გადმონაცვლება უხდებათ აღმოსავლეთიდან, ინდოევროპული ერთობის პირველადი გავრცელების არეალიდან[41].

      თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეცნიერის შეხედულებით, ინდო-ევროპული ერთობის არსებობა ბევრად უფრო ადრეულ ხანებშია სავარაუდებელი და ძვ. წ. III ათასწლეულში ამდენად უკვე მკვეთრად დიფერენცირებული ინდოევროპული ჯგუფები გვაქვს. ვ. გეორგიევს ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში დადასტურებულ ხეთურ, მიკენურ, ბერძნულ და წინარეინდურ ენებს შორის არსებული დიდი განსხვავება საშუალებას აძლევს განაცხადოს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დაშორების მიღებას მრავალი ასეული თუ ათასეული წელი დასჭირდებოდა, და რომ ინდოევროპული ფუძე-ენის დაშლა ცალკეულ ჯგუფებად ძალზე დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო. მისი აზრით, ეჭვსგარეშეა, რომ ინდოევროპული ფუძე-ენა არსებობდა უკვე თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებისთანავე ანუ გვიანი პალეოლითიდან (დაახლ. 25000 წლის წინათ)[42]. /გვ. 10/

      ინდოევროპელი ხეთების ანატოლიაში შეღწევის გზის მაძიებელნი სასურველ არგუმენტად ხშირად იყენებენ მზის ხეთურ ჰიმნში ფ. ზომერის მიერ შენიშნულ სტრიქონებს[43], სადაც საუბარია მზის ზღვიდან ამოსვლის შესახებ[44]. ხეთების დასავლეთის გზით მოსვლის მომხრეები აღნიშნულ ზღვაში შავ ზღვას გულისხმობენ[45], აღმოსავლური გზის მომხრეები კი - კასპიისას[46]. მაგრამ, ვფიქრობთ, დაუჯერებელია ძვ. წ. II თუ III ათასწლეულის ძველ აღმოსავლეთში თუ მის პერიფერიაზე მდებარე საზოგადოების გეოგრაფიული ხედვის არე შემოფარგლულიყო რომელიმე მის აღმოსავლეთით მდებარე ზღვის ნაპირებით მაშინ, როდესაც ამ ხანებში და უფრო ადრეც ბევრად უფრო დიდ მანძილებზე გაცვლა-გამოცვლის არსებობის მოწმობები მოგვეპოვება, რასაც შეუძლებელია იდეებისა და წარმოდგენების გაზიარებაც არ მოჰყოლოდა. მზის ჰიმნში შესაძლოა საუბარი იყოს რომელიღაც კონკრეტულ ადგილას მზის ამოსვლის ხასიათის შესახებ და მასში ასეთივე წარმატებით ნებისმიერი, უმნიშვნელო ტბის დასავლეთი ნაპირი შეგვიძლია ვიგულისხმოთ. მეორე მხრივ, და ეს უფრო სარწმუნო ჩანს, ჰიმნში შესაძლებელია მოცემული იყოს ძველ სამყაროში გავრცელებული კოსმოგონიური შეხედულება მზის საზოგადოდ ზღვიდან ამოსვლის (აღმოცენების) შესახებ. ამ წარმოდგენის ჩამოყალიბებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ან დიდი (წყნარი) ოკეანის არსებობა, ანდა აბსტრაქტული შეხედულება იმის თაობაზე, რომ ყოველივეს ზღვარი და სასრული (ამ შემთხვევაში - საწყისი) იყო ზღვა. შდრ. ქართულ ენაში ზღვა - ზღვარი[47]. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, უკანასკნელი გამოკვლევებიც, რომელთა მიხედვით მზის ჰიმნის ზოგიერთი ადგილი მესოპოტამიური წარმომავლობისაა[48].

      ძველი აღმოსავლეთის წერილობით წყაროებში ანატოლია ხშირად ფიგურირებს, როგორც ლეგენდარული ლაშქრობების ობიექტი, განსაკუთრებით ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის მოვლენებთან დაკავშირებით. არქეოლოგთა აზრით, აქადელთა მჭიდრო ურთიერთობა ანატოლიასთან, როგორც ჩანს, გარკვეულ საფუძველს პოულობს ორივე მხარის არქეოლოგიურ მასალებში[49]. სარგონის შვილიშვილის ნარამსუენის შესახებ ლეგენდაში საუბარია მესოპოტამიის ჩრდილოეთით მდებარე მხარეებიდან ანატოლიაში, ფურუშხანდაში, უცნაური გარეგნობის მქონე მოლაშქრეთა შემოსევის შესახებ[50]. უნდა ვიფიქროთ, ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში ანატოლია გარკვეულ ექსპანსიას განიცდის აღმოსავლეთის მხრიდან. ამ მოვლენებთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ არსებული აზრი, პოლიქრომული კერამიკის აქადეველთა ხელქვეით მყოფ ქვეყნებში გავრცელების თაობაზე. ცენტრალურ ანატოლიაში ამ მხრივ ძალზე ხელსაყრელი მასალა გვაქვს ”კაპადოკიური კერამიკის” სახით. როგორც ჩანს, ქრონოლოგიური თვალსაზრისითაც მოგვეპოვება საფუძველი ამ ორი მოვლენის - აქადელთა სავარაუდო ბატონობისა და ”კაპადოკიური ჭურჭლის” /გვ. 11/ გავრცელების - დასაკავშირებლად. მაგრამ უფრო საფიქრელია ეს აღმოსავლური ექსპანსია სულ სხვა ეთნიკურ ერთეულს უკავშირდებოდეს, რომელიც, ამავე დროს, გარკვეული ურთიერთობებით იქნებოდა გადახლართულ აქადის სამეფოსთან; ეს ურთიერთობა შეიძლება ყოფილიყო როგორც ვასალური, ასევე მტრული.

      გ. მელიქიშვილი იზიარებს ვარაუდს ცენტრალური ანატოლიის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ აღმოსავლეთით მდებარე მიწებთან. მისი სიტყვებით, პროტოხეთები (ხათები) ”ცენტრალურ ანატოლიაში აღმოსავლეთის მთიანეთიდან III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში შემოღწეულ ეთნიკურ ჯგუფს ჰქმნიდნენ და მათი ეს შემოღწევა უნდა წარმოადგენდეს ზაგროსის მთიანეთისა და ჩრდილოეთ მესოპოტამიის მთიანეთის ტომთა აქტივობის ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელსაც სერიოზული ეთნიკური და პოლიტიკური ძვრები უნდა გამოეწვია ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ მცირე აზიის მიწა-წყალზე. დიდი ხეთური სამეფოს წარმოქმნაც ამ ძვრებთან უშუალო კავშირში უნდა იყოს”[51]. მისი აზრით, სწორედ აღმოსავლეთიდან ხდებოდა პროტოხეთების თანდათანობითი შეღწევა ცენტრალური ანატოლიის ტაფობზე[52]. გ. მელიქიშვილი ეთანხმება ფ. ზომერს, რომ ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი ხათუსასში გადმოვიდოდა, იგი უფრო აღმოსავლეთით (თეგარამა-ხემუვა-ისუვას რაიონში) უნდა ყოფილიყო[53]. აღსანიშნავია, რომ თვით ფ. ზომერი ამ გარემოებას არა ხათების, არამედ ინდოევროპელი ხეთების აღმოსავლეთიდან მოსვლის არგუმენტად იყენებს[54].

      ხათები (პროტოხეთები) საფიქრებელია ჩრდილოეთიდან არიან შემოსული ანატოლიაში[55]. ამ შემთხვევაში აღმოსავლეთის მთიანეთიდან შემოღწეული ეთნიკური ჯგუფის ვინაობის დადგენისას (თუკი მოსახლეობის შემოღწევას აღმოსავლეთიდან მართლაც აქვს ადგილი), არ უნდა ჩანდეს საფუძველს მოკლებული, ზოგიერთ სხვა ავტორთან ერთად, მათში ინდოევროპელი ტომები დავინახოთ.

      ხეთური ენის ზემოთ აღნიშნული კავშირები ინდო-ირანული ჯგუფის ენებთან და წინარეინდური ენის არსებობის ფაქტი ძვ. წ. II ათასწლეულის ხურიტულენოვანი სამყაროს წიაღში, კერძოდ მითანში, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ინდოევროპული-ანატოლიური ენებისა და წინარეინდური ენის მატარებელი მოსახლეობის გამოჩენა წინა აზიაში, ანატოლიისა და მის აღმოსავლეთით მდებარე ხურიტულ მიწებზე, ერთიდაიმავე და მეტნაკლებად თანადროული მოვლენის - წინა აზიაში ინდოევროპელი ხალხების გადმოსახლების - შედეგი უნდა იყოს. ამ პროცესის მიახლოებითი ქრონოლოგიური თანადროულობის სასარგებლოდ, აღნიშნული ტომების ტერიტორიალური სიახლოვისა და მათ შორის ენობრივი კავშირის არსებობის გარდა, შესაძლოა მოწმობდეს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებისათვის წინაინდური ენა უკვე მკვდარი ენა იყო[56], რაც მისი აქ დაფუძნების ბევრად უფრო ადრეულ ხანაზე უნდა მიგვითითებდეს. ი. დიაკონოვის აზრით, თუკი მითანის ტერიტორიაზე ოდესმე ყოფილან არიე/გვ. 12/ლები, ისინი იქვე უნდა გადაგვარებულიყვნენ და იქიდან ინდოეთში ვერ მოხვდებოდნენ[57]. ეს შეხედულებაც შესაძლოა აღმოსავლეთიდან მათი გავრცელების სასარგებლოდ მეტყველებდეს.

      სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხეთებისათვის დამახასიათებელი ე. წ. არმენოიდული ანთროპოლოგიური ტიპი - ადგილობრივი, ანატოლიური წარმომავლობის მქონე - უკავშირდება ხათებს და მიგვანიშნებს ამ უკანასკნელთა რიცხობრივ უპირატესობაზე გადმოსახლებულ ინდოევროპულ ტომებთან შედარებით, რომლებიც მცირე აზიაში ხანგრძლივი ინფილტრაციის შედეგად ფუძნდებიან[58]. მაგრამ, როგორც ვ. კროგმანმა ჯერ კიდევ 30-იან წლებში ალიშარის გათხრების შედეგად მიღებული კრანიოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე განაცხადა, წინააღმდეგ ადრე გავრცელებული შეხედულებისა, ”არმენოიდული” ტიპი არ წარმოადგენდა ძირითად მოსახლეობას მცირე აზიის ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებში და რომ ბრაქიკეფალურ მოსახლეობას აქ წინ უსწრებდა დოლიქოკეფალური[59]. მ. შენიურექის აზრით, ანატოლია ხალკოლითსა და სპილენძის ხანაში (თანამედროვე ტერმინოლოგიით ადრებრინჯაოს ხანის I და II ფაზები) დოლიქოკეფალებით, ძირითადად ევროაფრიკული და მედიტერანული რასიული ტიპებით, ხოლო ბრაქიკეფალები აქ პირველად ხალკოლითში იჭრებიან, შემდეგ სპილენძის ხანაში და ბოლოს III ათასწლეულის დასასრულს. ამ უკანასკნელ შემოსევას იგი ხეთებს მიაწერს[60]. ვ. კროგმანის შეხედულებით ბრაქიკეფალები მცირე აზიაში დაახლ. 2500 წ. ჩნდებიან და მათი მოძრაობის მიმართულებაა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ; მცირე აზიიდან საკმაოდ შორს, აღმოსავლეთით ჩამოყალიბებული ე. წ. ალპიური ანთროპოლოგიური ტიპი მცირეაზიულ მასალებში თავს იჩენს III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან[61]. ვ. კროგმანის აზრით, მცირეაზიელი ბრაქიკეფალები წარმოადგენენ აღმოსავლეთ ევროპისაკენ მიმავალი ცენტრალური აზიელების ტალღას[62].

      როგორც არქეოლოგიური, ენათმეცნიერული, წერილობითი და ანთროპოლოგიური მონაცემებიდან ჩანს, ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის ცენტრალურ ანატოლიაში შეიმჩნევა აღმოსავლეთთან კონტაქტების საგრძნობი გაძლიერება.

არქეოლოგთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ”კაპადოკიური კერამიკის” საკითხი, რომელმაც აქამდე ვერ ჰპოვა ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა. ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში ე. პოტიე ეძებდა მსგავსებას ”კა/გვ. 13/პადოკიურ კერამიკასა” და სუზიანის კულტურის კერამიკას შორის შემკულობის სახეებში[63]. განსაკუთრებით დიდსა და მრავალწლიან შრომას ეწევა ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა მხარეებში გავრცელებული პოლიქრომულად მოხატული კერამიკის შესწავლის მხრივ თ. ბართონ ბრაუნი. კერამიკის პოლიქრომულად მოხატვის პრინციპს, იგი აღმოსავლეთში უფრო ადრეულად მიიჩნევს დასავლეთისაგან განსხვავებით და ფიქრობს, რომ მართებული უნდა იყოს ამ მოვლენის დაკავშირების ცდა, რომელიღაც ხალხის გადაადგილებასთან, რასაც III ათასწლეულის შუახანებიდან უნდა ჰქონოდა ადგილი. ამ ნაწარმის პირველწყარის ძიებისას მას თვით ცენტრალურ აზიამდეც კი, ანაუმდე, შესაძლებლად მიაჩნია მისვლა[64]. განსხვავებები, რომლებიც შეინიშნება წინა აზიის სხვადასხვა მხარეების პოლიქრომულ ნაწარმს შორის, თ. ბართონ ბრაუნის აზრით, აიხსნება იმით, რომ მოსახლეობის იმ ჯგუფებში, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღეს პოლიქრომული ორნამენტაციის საერთო იდეა, შესძლეს განევითარებინათ იგი სხვადასხვა მხარებში განსხვავებულად[65], თუმცა შენარჩუნებულია ამ სახის ნაწარმის ძირითადი გამაერთიანებელი პრინციპი - ჭურჭლის ზედა ნაწილის დაფარვა მქრქალი ანგობით, რომელზედაც შემდეგ ნახატია შესრულებული, ჩვეულებრივ წითლად ან შავად შესრულებული და გეომეტრიულხაზებიანი; გვხვდება დაკლაკნილხაზებიანიც[66].

თ. ბართონ ბრაუნის აზრით, პოლიქრომულად მოხატული ჭურჭლის გავრცელება მესოპოტამიაში მეტნაკლებად აქადელთა ბატონობის დაფუძნების სინქრონული ჩანს[67], თუმცა საკუთრივ მესოპოტამიაში ამ ნაწარმის გამოჩენას იგი ეტყობა ურმიისპირეთიდან მომდინარე იმპულსებს უნდა მიაწერდეს. მაგ., პოლიქრომული ნაწარმის მესოპოტამიურ ნაირსახეობას, ე. წ. ”მეწამულ ჭურჭელს” იგი ანსხვავებს უფრო ადრეულ ”ჯემდეთ ნასრის” პოლიქრომული ნაწარმისაგან, რომელსაც ფართო გავრცელება არ ჰქონია, და აღნიშნავს ”მეწამული ჭურჭლის” შესაძლო კავშირს გეოი თეფეს პოლიქრომულ ნაწარმთან[68]. ასევე გეოი თეფე D დონესთან აკავშირებს და მის თანადროულად მიიჩნევს ჩრდილომესოპოტამიურ - ნინევია V ნაწარმსაც[69].

ნინევიაში მოხატული კერამიკა შემოჭრილი უნდა იყოს, რადგან იგი უეცრად დიდი რაოდენობით ჩნდება და იკავებს უფრო ადრეული, სამხრეთმესოპოტამიური ჭურჭლის ადგილს; შემდეგ კი ფართოდ ვრცელდება მთელ ტიგროს-ევფრატის ველზე, თუმცაღა ვერ აღწევს ბაბილონეთს[70]. მ. მელოვანი თვლის, რომ ნინევია V კერამიკას წინამორბედი არ უნდა ჰყავდეს სირიაში და საერთოდ არსად მდ. ხაბურის დასავლეთით და გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით ყველაზე უფრო დასაშვებად მისი წარმოქმნის ადგილად ირანს მიიჩნევს[71]. იგი შენიშნავს, რომ ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ირანის აზერბაიჯანში, ურმიის ტბის სამხრეთით ა. სთეინის მიერ მოპოვებული მასალა /გვ. 14/ პირველი შეხედვისთანავე იძლევა ტიპიური ნინევია V ნიმუშებს, ამდენად მ. მელოვანი არ გამორიცხავს, იმის შესაძლებლობას რომ ამ სახის ნაწარმს მდინარე მცირე ზაბის საშუალებით ჩაეღწია მდ. ტიგროსზე, ნინევიის სანახებამდე; მეორე მხრივ, იმის გამო, რომ სიალკი და ჰისარი ავლენენ უწყვეტ თანმიმდევრობას ნინევია V-სთან და ამდენად იძლევიან გარკვეულ საფუძველს მისი ადრეული სტადიების დანახვისათვის, მ. მელოვანი ფიქრობს, რომ ირანის ზეგნის ბევრად უფრო ადრეული კერამიკა, შესაძლოა შუქს მოჰფენდეს ამ სახეობის ნაწარმის თავდაპირველი წარმომავლობის საკითხს[72]. ე. პერკინსი ხაზს უსვამს ნინევია V კერამიკის ირანულ ხასიათს და ვარაუდობს აქ მოსახლეობის იმიგრაციას აღმოსავლეთიდან[73]. დ. მაქ ქოუნი, კ. შეფერი და მათზე დაყრდნობით ი. ალიევი ფიქრობენ, რომ შესამჩნევია ჰისარიდან მომავალი გავლენა მთელ ირანზე, მესოპოტამიამდე და თვით მცირე აზიამდეც კი[74]. ვ. მასონის აზრით, თუმცა ნინევია V-ის ირანული წარმომავლობა გამორიცხულია, განსაზღვრული აღმოსავლური ზეგავლენა ნათლად შეიმჩნევა არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სხვა ჩრდილომესოპოტამიურ ძეგლებზეც[75].

საფიქრებელია, რომ აღმოსავლური ელფერი, შენიშნული მესოპოტამიურ კერამიკაზე, ვერ იქნებოდა მესოპოტამიაზე საგრძნობლად უფრო ჩამორჩენილი აღმოსავლეთის მხოლოდ კულტურული ზეგავლენის შედეგი და ამდენად არ უნდა იყოს სავსებით გამორიცხული გარკვეული ეთნიკური მასების გადაადგილების შესაძლებლობის არსებობა, რისი დასტურიც აღნიშნული ხანის მესოპოტამიურ წერილობით წყაროებშიც თითქოს უნდა შეიმჩნეოდეს.

ურმიისპირეთში, გეოი თეფე D დონეში ჩნდება პოლიქრომულად მოხატული ჭურჭელი, სრულიად უცნობი წინამორბედი ფენებისათვის. გეოი თეფეს გამთხრელი თ. ბართონ ბრაუნი აცხადებს, რომ ერთადერთი შესაძლებელი ახსნა მომხდარი ცვლილებისა შეიძლება იყოს მხოლოდ ახალი მოსახლეობის მოსვლა[76]. რაც შეეხება D პერიოდის მოხატული ნაწარმის მიღებას რომელიმე უფრო ადრე არსებული სახეობიდან, მას ეს შეუძლებლად მიაჩნია. მისი აზრით, მოსახლეობა, რომელიც მოვიდა გეოი თეფეზე, ფართოდ უნდა გავრცელებულიყო მთელ ახლო აღმოსავლეთში, რასაც D პერიოდის მასალის მრავალრიცხოვანი პარალელების არსებობა უნდა მოწმობდეს[77]; მათ შორის ცენტრალურანატოლიური ”კაპადოკიური კერამიკის” სახითაც[78]. თ. ბართონ ბრაუნი გეოი თეფე D კერამიკის მსგავსებას ხედავს მალათიის აღმოსავლეთანატოლიურ კერმიკასთანაც, რომლის პოლიქრომული ნაწარმი, დ. დელაპორტის შეხედულებით, სავსებით განსხვავებულია ყველაფრისაგან, რაც კი გვხვდე/გვ. 15/ბა უფრო დასავლეთით[79]. ჩ. ბიორნი, პირიქით, ამ კერამიკის წარმოშობას დასავლეთიდან მომდინარე გავლენას უკავშირებს[80].

თ. ბართონ ბრაუნი, ე. შპაიზერზე და ი. გელბზე დაყრდნობით, რომლებიც გვიანდელ III ათასწლეულს მიიჩნევენ ახლო აღმოსავლეთში ხურიტების გამოჩენის ხანად, რაც, თავის მხრივ, მათი აზრით, უნდა ყოფილიყო უფრო გვიან ეგვიპტეში ჰიქსოსებისა და მესოპოტამიაში კასიტების შეჭრასთან, და არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე ვარაუდობს ხალხთა ფართოდ გავრცელებულ მიგრაციებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით[81]. ამ მიგრაციებს უკავშირებს იგი პოლიქრომული ნაწარმის ცენტრალურ სპარსეთში გამოჩენას, სადაც ეს ნაწარმი მესოპოტამიასთან ერთდროულად უნდა გამოჩენილიყო და პაკისტანის პოლიქრომულად მოხატულ ჭურჭელს, რომელიც უფრო ადრეულ, წითელზე შავით მოხატული ჭურჭლისაგან სავსებით განსხვავებულია და რომლისგანაც იგი, მისი შეხედულებით, ვერ წარმოიქმნებოდა[82].

აღსანიშნავია, რომ რ. გირშმანი შუა აზიიდან საცსებით განსხვავებული შავი ან მონაცისფრო-შავი კერამიკის მატარებელი ხალხის შემოჭრას ვარაუდობს, რომელიც თანდათანობით ვრცელდებოდა ირანის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა ჩრდილოეთში და ეტყობა კასპიის ზღვის ნაპირების გავლით შეიჭრა კაპადოკიაში, სადაც ქიულ თეფეში გვხვდება შეზნექილმუცლიანი, ნაცრისფერი კერამიკა, როგორც ჩანს, ჩრდილოური წარმომავლობისა[83].

უკანასკნელ ხანებში დასავლეთ ირანში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ რ. დაისონი (უმცროსი) და თ. ქვილერ იანგი (უმცროსი).

რ. დაისონი ხედავს III ათასწლეულის მეორე ნახევრის სუზისათვის დამახასიათებელი მოხატვის ტრადიციის გავრცელებას გიან IV-ში და კიდევ უფრო ჩრდილოეთით. სამხრეთ (ირანის) აზერბაიჯანში ჰასანლუს ”ნარინჯისფრად მოხატული ჭურჭელი” - ჰასანლუ VII, C14-ით გვიანი III ათასწლეულით (2100 წ.) დათარიღებული, როგორც ჭურჭლის ფორმით, ასევე მოხატვის სტილით გიან IV-ის ზეგავლენას ასახავს[84]. უფრო გვიან გამოქვეყნებულ თავის წერილში რ. დაისონი მის მოყვანილობას აქადურ ფორმებს ამსგავსებს, ხოლო მოხატვის სტილს სუზა-გიან-გოდინისას[85]. რ. დაისონის აზრით, აქადური ხანით გიან IV F-ის დათარიღება შეესაბამება ადრედინასტიურ III - გიან IV A-სთვის და ჰასანლუს შესაბამისი მასალისათვის მიღებულ თარიღს[86].

თ. ქვილერ იანგი გიან IV დონის დასაწყისს ძვ. წ. 2400 წ. ათარიღებს, ხაზს უსვამს მის დიდ მსგავსებას ადრეულ გოდინ III-სთან და აღნიშნავს, რომ ჰასანლუ-დინკას მხარეში არაფერი ჩანს იანიქ/გოდინ IV-ის მტკვარ-/გვ. 16/არაქსის (ანუ იანიქის ტიპის) კულტურის თანადროული[87]. მისი აზრით, გოდინ III ცვლის რა გოდინ IV მტკვარ-არაქსის კულტურას, შესაძლოა აღადგენს აქ ძველ ტრადიციებს, დროებით დარღვეულს იანიქ/გოდინ IV კულტურის მიერ[88]. ამავე დროს, რ. დაისონი ვარაუდობს რა სამხრეთიდან ჰასანლუ VII გავრცელებას, მეორე მხრივ, ხედავს საპირისპირო მიმართულებით, ურმიისპირეთიდან სამხრეთისაკენ, ჰამადანის ველისაკენ და მის იქით, კიდევ უფრო აღმოსავლეთით, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი მოსახლეობის გადაადგილებას[89]. ეს გარემოება შესაძლოა მოწმობდეს გოდინ III კულტურის არა სამხრეთიდან გავრცელების სასარგებლოდ, არამედ მის აღორძინებაზე, რომელიღაც უფრო დასავლეთით მდებარე ამ კულტურის ცენტრიდან როგორც ურმიისპირეთში, ასევე ლურისტანში. ამ მხრივ საყურადღებოა, თვით რ. დაისონის განცხადება, რომ ძნელია აღნიშნულ ხანაში ყადარის ველზე დასახლების მითითება, ვინაიდან, როგორც ჩანს, ეს ველი წარმოადგენდა საშუალედო ზონას ორ, ერთმანეთის მოქიშპე კულტურულ ჯგუფს შორის და ფაქტიურად დაუსახლებელი რჩებოდა[90].

      საყურადღებოა, თეფე ჯემშიდის ქვის აკლდამებში (8 და 9) მიკლეული პოლიქრომული სამფეხა ჭურჭლები. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ჭურჭელი ირანში უცნობია, რ. დაისონი მათთვის ანატოლიურ წარმომავლობას ვარაუდობს და დასაშვებად მიიჩნევს, ირანში მათი გამოჩენა ახსნას ან ჩრდილო-დასავლეთ სპარსეთის გზის მეშვეობით სავაჭრო კონტაქტების დამყარებით, ანდა მოსახლეობის მიგრაციით, რაც, მისი თქმით, ჯერჯერობით არ მტკიცდება[91]. რ. დაისონი შენიშნავს, აგრეთვე, ქიულ თეფე II დონის შუბისპირისა და ტალღოვანი ხაზებით, ფრინველებითა და მზის მოტივით მოხატული კერამიკის მსგავსებას ირანულთან[92].

      ბევრად უფრო მკაფიოდ გამოხატულ ანატოლიურ ზეგავლენა ვარაუდობს რ; დაისონი გეოი თეფე D კულტურის მიმართ, რომელიც ”კაპადოკიური კერამიკის” პოლიქრომიული ტრადიციის გავრცელების შედეგად ჩამოყალიბებულად მიაჩნია[93]. ეს ტრადიცია, მისი სიტყვებით, ჯერ გიან III, ხოლო შემდეგ, II ათასწლეულის შუახანებში (დაახლ. ძვ. წ. 1600 წ.), ცენტრალურ სპარსეთს აღწევს, სადაც საქიზაბადში (ქ. ყაზვინის სამხრეთ-დასავლეთით 66 კმ) იჩენს თავს[94]. აქვე უნდა ითქვას, რომ უკვე ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ თავის წერილში რ. დაისონი, როდესაც ეხება ყადარის ველზე (ურმიის ტბის სამხრეთით) ჩატარებული გათხრების შედეგებს, ლაპარაკობს უკვე ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან თუ სამხრეთ თურქეთიდან შემოჭრილ ხალხზე, რომელიც იყენებდა ე. წ. ”ხაბურის ჭურჭელს” და საგანგებოდ უსვამს ხაზს, ამავე ხანებში, ირანის აზერბაიჯანის დიდ ნაწილზე პოლიქრომული კერამიკის გამოჩენას[95]. რ. დაისონი /გვ. 17/ შენიშნავს, რომ ყადარის ველი ანალოგიური კულტურის გავრცელების უკიდურესი სამხრეთი საზღვარი უნდა ყოფილიყო, რადგან უფრო შორს მდებარე მხარეებში ანალოგიური მასალა არ იყო გამოვლენილი (ყადარის ველის სამხრეთით იგი უკვე სხვა სახეობის პოლიქრომულ ნაწარმს ხედავს). რაც შეეხება, მცირე ზომის ნივთებსა და დამარხვის წესს, ისინი, მისი აზრით, მესოპოტამიური ხასიათისაა[96]. რ. დაისონის შეხედულებით, ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ყადარის ველი წარმოადგენს იმ ზონის აღმოსავლურ კიდეს, რომელსაც შეეხო ანატოლიის ზეგნიდან ხურიტულად მოლაპარაკე მოსახლეობის ინფილტრაცია, ხოლო აღმოსვლეთიდან - ინდოევროპელთა მცირე ჯგუფებისა[97].

      რ. დაისონი გეოი თეფე D დონეს ქრონოლოგიურად ათავსებს ცენტრალურანატოლიური ”კაპადოკიური კერამიკის” ზედა თარიღსა - ძვ. წ. 1900 წ. - და თრიალეთის მოხატული კერამიკის (რომელიც, მისი შეხედულებით, ასევე ახლო დგას გეოი თეფე D დონის კერამიასთან) თარიღს - ძვ. წ. 1550-1450 წწ. - შორის[98].

      თ. ბართონ ბრაუნი, როგორც ჩანს, არ იზიარებს გეოი თეფე D-ს ესოდენ გვიანი ხანით დათარიღებას, რადგან თავის 1970 წ. გამოცემულ ნაშრომში გეოი თეფე D დონეს თითქმის მთელი ათასწლეულით უფრო ადრეული ხანით ათარიღებს - III ათასწლეულის შუახანებით[99]. ამ მხრივ, საყურადღებო ჩანს ის გარემოება, რომ, თუ რ. დაისონი მტკვარ-არაქსის კულტურის ადგილობრივი ვარიანტის (ე. წ. იანიქ თეფეს კულტურა) გავრცელებას ადრე მხოლოდ ძვ. წ. II ათასწლეულით ათარიღებდა, ამჟამად, გოდინ თეფეს გათხრების შედეგად IV დონეში იანიქ თეფეს (მტკვარ-არაქსის) კერამიკის გამოვლენის გამო, იძულებული გახდა ეს მოვლენა დაახლ. ძვ.წ. 2700 წლით დაეთარიღებინა[100].

      ლურისტანში მტკვარ-არაქსის კულტურის III ათასწლეულის პირველ ნახევარში შეჭრის ფაქტმა, შესაძლოა, თავის მხრივ, ურმიისპირეთის გეოი თეფე D პერიოდის მოხატული კერამიკის თარიღიც დააძველოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც თვით რ. დაისონი აღიარებს, ირანის აზერბაიჯანის აღმოსავლეთი ნაწილის კულტურული ფენების დათარიღების საკითხი ჯერჯერობით ბუნდოვანია[101].

      ი. ალიევი გეოი თეფე D-ს ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებსა და მეორე ნახევარს მიაკუთვნებს. მას ეჭვი არ ეპარება გეოი თეფე D დონისა და გუთიების ტომის ისტორიულ არენაზე გამოსვლის თანადროულობაში და გეოი თეფე D პერიოდის გუთიურ ხასიათში[102]. გეოი თეფე D დონის კულტურის მრავალრიცხოვან პარალელებს იგი გუთიების ფართო ექსპანსიისა და მესოპოტამიის დაპყრობით ხსნის[103].

      ი. დიაკონოვის აზრით, გუთიებმა აქადზე თავდასასხმელად, როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი ტომობრივი კავშირი შექმნეს და რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე გაიმარჯვეს[104]. ვ. მასონსაც მიაჩნია, რომ გუთიების სიძლიე/გვ. 18/რის მიზეზი ტომობრივი კავშირის არსებობაში იყო[105]. ვ. მასონი, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ძვ. წ. III ათასწლეულში, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, ირანის აღმოსავლეთით, კერძოდ ავღანეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ ბელუჯისტანში, შეიმჩნევა ცენტრალურ ირანთან და შუა აზიასთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება, რაც ”სიალკის ბიძგის” შედეგად მოძრაობაში მოყვანილი ტომების გადასახლებებითაა გამოწვეული[106]. ვ. მასონს მიაჩნია, რომ მსგავსი მოვლენები, შესაძლოა, დამახასიათებელი იყო არა მარტო ცენტრალური ირანის აღმოსავლეთით, არამედ დასავლეთით მდებარე მხარეებისათვისაც და მიუთითებს ნინევია V-სა და სხვა ჩრდილომესოპოტამიური არქეოლოგიური ძეგლების განათხარ ფენებში ირანული ზეგავლენის ზრდაზე[107]. მისივე შეხედულებით, ძველი აღმოსავლეთის მიწათმოქმედი ტომების გადაადგილების ახალი ფაქტების დადგენის მნიშვნელობა ნათელი ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სწორედ მათი გადაადგილების შედეგად მოხდა ჯერ გუთიების, ხოლო შემდეგ კასიტების მიერ შუამდინარეთის დაპყრობა, ხოლო ინდოეთის ნახევარკუნძულზე ინდური ჯგუფების განფენა[108].

      რაც შეეხება გუთიების ეთნიკურ ვინაობას, ი. დიაკონოვის აზრით, ხურიტული ენის საფუძველზე (ისევე როგორც შუმერულის, ელამურის, სემიტურის, ინდოევროპულის) მისი ახსნა არ ხერხება. ი. დიაკონოვის შეხედულებით, ეს თავისებური ენა შესაძლოა გარკვეულ კავშირში იყო ელამურ-კასიტურ-ლულუბეურ ენებთან, მეორე მხრივ, ელამურისაგან განსხვავებული რთული ფონეტიკა, მისი აზრით, უნდა მიუთითებდეს ხურიტებზე ან კავკასიის ალბანელებზე[109].

      უფრო სარწმუნო ჩანს, თუკი გავითვალისწინებთ გუთიების მიერ ძლიერი ტომობრივი კავშირის შექმნის ფაქტს, რომ გუთიები ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში, ისევე როგორც მომდევნო ხანებში (მაგ. ძვ. წ. I ათასწლეულში), უკვე კრებით სახელს წარმოადგენდნენ სხვადასხვა წარმომავლობის ტომებისათვის, რომლებიც გუთიურ ტომობრივ კავშირში გაერთიანდნენ.

      როგორც ჩანს, სწორედ გუთიებთან ბრძოლაში დაეცა ნარამსუენი; ისტორიული ხასიათის ტექსტში, ”ნარამსუენზე ლეგენდაში”, როგორც ზემოთ ითქვა, ნაუწყებია უცნაური გარეგნობის მქონე ხალხის ლაშქრობა ჯერ ფურუშხანდაზე, რომელიც ანატოლიაში მდებარეობდა და ნარამსუენს ექვემდებარებოდა (აქვე ხაზგასმულია ანატოლიაში აღმოსავლეთის მხრიდან მათი შეჭრა), და უკვე შემდეგ თვით აქადზეც. ამ ხალხში შესაძლოა გუთიები იგულისხმებოდნენ[110], თუმცა გამოთქმულია აზრი, რომ ეს ლაშქარი ლულუბეელებისა იყო[111].

      ლულუბეელებთან დაკავშირებით საყურადღებოა ე. ფორერის დაკვირვება, რომ, როგორც ერთი ბაბილონური ტექსტი იუწყება, რომ ლულუბეელებს ”ყვავისებური სახეები” აქვთ, რაც ფ. ლუშანის ნომენკლატურის ”არმენოიდულ” ტიპს წააგავს[112]. თუმცა შესაძლებელია, რომ ამ ანთროპოლოგიური ნიშნის /გვ. 19/ მქონეებად არა თვით ლულუბეელები იგულისხმებოდნენ, არამედ მათი გავლენის სფეროში შემავალი, რომელირაც უცხო წარმომავლობის მქონე ხალხი, ვინაიდან, როგორც ეს ნარამსუენის სტელიდან ჩანს, საკუთრივ ლულუბეელები მედიტერანული რასის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ[113], ხოლო სიტყვა ”ლულუბი” ძველი აღმოსავლეთის სინამდვილეში ხშირად მტრის, უცხოელის სინონიმი იყო[114]. ბრაქიკეფალები უნდა ყოფილიყვნენ ელამელები, რომლებიც, როდესაც ძვ. წ. III ათასწლეულის სიალკ IV-ში ფუძნდებოდნენ, ამ  ნიშნის მიხედვით გამოირჩეოდნენ ადგილობრივი მოსახლეობისაგან[115].

      ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში ცენტრალური ანატოლია ბრაქიკეფალური ხდება. როგორც ჩანს, ეს არ უნდა ყოფილიყო ბუნებრივი ბრაქიკეფალიზაციის პროცესის შედეგი. ამას შესაძლოა ისიც მოწმობდეს, რომ ცენტრალური ანატოლიის განაპირა ოლქებში, ქვეყნის შუაგულისაგან განსხვავებით, მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა დოლიქოკეფალი იყო, ხოლო თითქმის ყოველი მეორე ქალი ბრაქიკეფალი[116]. მათ შორის ალბათ ეთნიკური ხასიათის განსხვავებაცაა სავარაუდო[117].

      მაცდუნებლად გამოიყურება ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, ანატოლიაში ”უცნაური გარეგნობის მქონე მოლაშქრეებისა” და ”ყვავისებური სახეების” მქონე ლულუბეელების გამოჩენის, ხოლო ცენტრალურ ანატოლიაში ბრაქიკეფალებისა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მ. შენიურექი ძვ. წ. III ათასწლეულის ანატოლიაში ბრაქიკეფალური მოსალეობის სამ ნაკადს ხედავს[118]. ამავე დროს, სავარაუდოა, რომ საკუთრივ ხათები, რომლებიც ინდოევროპელი ხეთების მსგავსად ანატოლიის ადგილობრივ, უძველეს მოსახლეობას არ უნდა წარმოადგენდნენ, აგრეთვე ბრაქიკეფალები უნდა ყოფილიყვნენ[119].

      ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ძალზე ძნელი იქნება იმის მტკიცება, რომ ხეთები ანატოლიაში აუცილებლად აღმოსავლეთიდან ვრცელდებიან, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ლინგვისტური და წერილობითი წყაროების მონაცემებიდან გამომდინარე აღმოსავლეთთან მნიშვნელოვანი კავშირების გამომხატველი ფაქტები გარკვეულ ახსნას მოითხოვენ. სწორედ მათი გათვალისწინების შედეგად ხეთების გავრცელების აღმოსავლური გზა უფრო სავარაუდოდ გვეჩვენება, ვიდრე დასავლური ან ჩრდილო-აღმოსავლური (თუმცა საკუთრივ აღმოსავლეთში ისინი შესაძლოა ჩრდილოეთიდან ვრცელდებოდნენ), რომ აღარაფერი ვთქვათ უშუალოდ ცენტრალურ ანატოლიაში მათი ავტოქტონობის შესახებ.

      გასათვალისწინებელია აგრეთვე ხეთების სახელმწიფოს წარმოქმნის სოციალური ხასიათის წინამძღვრები. საფიქრებელია, რომ ერთ ტერიტორიაზე განსხვავებული წარმომავლობის მქონე ძველი და ახლად ჩამოსახლებული ხალხების კონგლომერაცია ხელის შემწყობი ფაქტორი გამოდგებოდა ამისათვის. /გვ. 20/

      დასასრულ უნდა ითქვას, რომ შესაძლოა უკანასკნელ ხანებში აღმოსავლეთ ანატოლიის ქებანის მხარეში ჩატარებულმა გათხრებმა გარკვეული შუქი მოჰფინონ ანატოლიაში ხეთების გამოჩენის საკითხს. როგორც ცნობილია ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი და მიწურული ცენტრალური ანატოლიის აღმოსავლეთით ხასიათდება კულტურული ფენების სიმცირით და დასახლებული ადგილების გაუკაცრიელებით, გვხვდება ნგრევის კვალი და დახანძრული ფენები. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს შედარებით უფრო ნაყოფიერი ქებან-მალათიის მხარე, სადაც ადგილობრივ მოხატულ ჭურჭელსა და ცენტრალურანატოლიურ ”კაპადოკიურ ნაწარმს” შორის გარკვეული მსგავსება შეინიშნება ორნამენტაციის მხრივ[120]. გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივ ნაწარმს აქვე ეძებნება წინაპარი ადრებრინჯაოს ხანის I ფაზის მუქით ღიაზე მოხატული ნაწარმის სახით[121]. ამდენად, არ უნდა იყოს გამორიცხული ”კაპადოკიური კერამიკის” ფესვების ძიების შესაძლებლობა აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში; დასაშვებია, აგრეთვე, ”კაპადოკიური კერამიკის” ჩამოყალიბება მიეწეროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მჭიდრო სავაჭრო კონტაქტების შედეგად კერამიკის პოლიქრომულად მოხატვის ტრადიციის ფართო გავრცელებას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, ეს ტრადიცია მეტნაკლებად და შერჩევით გავრცელდებოდა ამა თუ იმ კულტურის წიაღში და, ამდენად, კერამიკა არ დაკარგავდა იმ ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც ხდება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გამორჩევა წინარეისტორიულ ხანაში და გარკვეულად შემდეგაც.

      უკანასკნელი ხანების კიდევ ერთი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა იტალიელი არქეოლოგების მიერ სირიაში, თელ მარდიხში (ძვ. ებლა), ჩატარებული გათხრები, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდა ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი დასავლურსემიტური ქალაქი თავისი არქივით, რომელიც 15 ათასამდე ტექსტსა და ტექსტის ფრაგმენტს შეიცავს. ამ მასალის დამუშავების შედეგად ალბათ გაირკვევა ძველი აღმოსავლეთის ისტორიის ბევრი გაურკვეველი საკითხი და შესაძლოა უფრო ნათელი გახდეს ინდოევროპელი ტომების ადრეული, ჯერჯერობით ბუნდოვანი ისტორიაც.

 

 

 

Г. Л. КАВТАРАДЗЕ

 

О ПОЯВЛЕНИИ ХЕТТСКИХ ПЛЕМЕНН В ЦЕНТРАЛЬНОЙ АНАТОЛИИ

 

Резюме

 

            Конец третьего – начало второго тысячелетия до н.э. в Центральной Анатолии характеризуется значительным ростом политической, социальной и культурной активности. Обнаруженные во П слое карума Канеша т.н. каппадокийские письменные таблицы свидетельствуют о наличии здесь в указанную эпоху, наряду с хаттским этническим элементом и индоевропейских-хеттских племен. /გვ. 21/ Причем последние, судя по ономастическим данным этих же таблиц, значительно превосходят в количественном отношении хаттов.

            Таким образом, следует предположить, что «культура Каниша П», характеризующаяся изготовленной на гончарном круге монохромной керамикой, принадлежала индоевропейским-хеттским племенам. Но ввиду того, что появление указанной керамики следует объяснить следствием технологического развития в гончарном деле, хеттским племенам можно приписывать и существовавшую в более раннюю эпоху «культуру каппадокийской керамики», северозападноиранские параллели которой с большим основанием представляются в настоящее время исходными для нее, вследствие удревнения возраста слоев предшествующих культур Ирана.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

     

 

გიორგაძე 1962 = გრ. გიორგაძე. სავაჭრო-კულტურული ურთიერთობანი კაპადოკიასა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, - კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, II. თბილისი, 1962.

 

გიორგაძე 1971 = გრ. გიორგაძე. მცირე აზია უძველესი დროიდან ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულამდე, კრებ.: ძველი აღმოსავლეთის ისტორია. თბილისი, 1971.

 

მელიქიშვილი 1965 = გ. მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. თბილისი, 1965.

 

ქავთარაძე 1978 = . ქავთარაძე. ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. თბილისი, 1985.

 

 

Алиев 1960 = И. Алиев. История Мидии, 1. Баку: Издательство АН Азербайджана, 1960.

 

Брагинский 1973 = И. Брагинский. Сб.: Поэзия и проза Древнего Востока. Общая редакция и вступительная статья И. Брагинского. Москва: Художественная литература, 1973.

 

Гамкрелидзе 1957 = Т. В. Гамкрелидзе. «Хеттские языки» и вопрос о переселении в Малую Азию индо-европейских племен, - ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები; აღმოსავლურ ენათა სერია, III. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1957, გვ. 15-91.

 

Гамкрелидзе 1960 = Т. В. Гамкрелидзе. Аккадское письмо Северной Сирии и вопрос о происхождении хеттской клинописи. В кн.: XXV Международный конгресс востоковедов. Доклады делегации СССР. Москва, 1960.

 

Гамкрелидзе 1967 = Т. В. Гамкрелидзе. Анатолийские языки, - ორიონი. თბილისი, 1967.

 

Гамкрелидзе 1971 = Т. В. Гамкрелидзе. Современная диахроническая лингвистика и картвельские языки, - Вопросы языкознания, 1971, № 3.

 

Гамкрелидзе/Иванов 1972 = Т. В. Гамкрелидзе, В. В. Иванов. Проблема определения первоначальной территории обитания и путей миграции носителей диалектов общеиндоевропейского языка, - Конференция по сравнительно-исторической грамматике индоевропейских языков. Москва, 1972.

 

Георгиев 1975 = В. И. Георгиев. Индоевропейское языкознание сегодня, - Вопросы языкознания, 1975, № 5.

 

Дьяконов 1956 = И. М. Дьяконов. История Мидии от древнейших времен до конца IV века до н.э. Москва-Ленинград: Издательство Академии Наук СССР, 1956.

 

Дьяконов 1970 = И. М. Дьяконов. Арийцы на Ближнем Востоке, - Вестник древней истории, 1970 № 4.

 

Массон 1963 = В. М. Массон. Средняя Азия и Иран в III тысячелетии до нашей эры, - Краткие сообщения о докладах и полевых исследованиях Института Археологии. Вып. 93. Исследования памятников эпохи энеолита и бронзы. Москва, 1963, сс. 15-23.

 

Массон 1964 = В. И. Массон. Средняя Азия и Древный Восток. Москва-Ленинград, 1964.

 

Меликишвили 1954 = Г. А. Меликишвили. Наири-Урарту. Тбилиси, 1954.

 

 

Alkim 1968 = U. Bahadır Alkım. Anatolia I. From the Beginnings to the End of the 2nd Millennium B.C. London, 1968.

 

Bilgiη 1954 = E. Bilgiη. Die einheimischen Appellativa der Kappadokischen Texte und ihre Bedeutung fόr die Anatolischen Sprachen. Ankara, 1954.

 

Bittel 1950 = Kurt Bittel. Grundzόge der vor- und frόhgeschichte Kleinasiens. 2., erweiterte Auflage. Tόbingen, 1950.

 

Bossert 1942 = H. Th. Bossert. Altanatolien: Kunst und Handwerk in Kleinasien von den anfδngen bis zum vφlligen aufgehen in der griechischen kultur. Berlin, 1942.

 

Brice 1964 = William Charles Brice. Asia Minor, - Encyclopaedia Britannica, Volume 2, 1964.

 

Burney 1958 = C. A. Burney. Eastern Anatolia in the Chalcolithic and Early Bronze Age, - Anatolian Studies, vol. VIII, 1958.

 

Burney/Lang 1971 = Charles Burney, David Marshal Lang. The Peoples of the Hills: Ancient Ararat and the Caucasus. London: Weidenfeld and Nicolson, 1971.

 

Burton-Brown 1951 = T. Burton-Brown. Excavations in Azerbaijan, 1948. London, 1951.

 

Burton-Brown 1961 = T. Burton-Brown. Early Mediterranean Migrations. An Essay in Archaeological Interpretation. Manchester: Manchester University Press, 1960.

 

Burton-Brown 1970 = T. Burton-Brown. Third Millennium Diffusion, Volume I: Diffusion of Ideas. Oxford, 1971.

 

Cuyler Young 1977 = T. Cuyler Young, Jr. The Search for Understanding--Excavating the Second Millennium, - Expedition, Volume 13, Number 3 – 4, Spring/Summer 1971.

 

Dales 1975 = G. F. Dales: Review - Lothal and the Indus Civilization by S. R. Rao, - Antiquity, Volume 49 Number 196 December 1975, pp. 314-315.

 

Dyson 1965 = Robert H. Dyson, Jr. Problems in the Relative Chronology of Iran, 6000-2000 B.C., Chronologies in Old World Archaeology, Edited by Robert W. Ehrich. Chicago and London: The University of Chicago Press, 1965, pp. 215-256.

 

Dyson 1968 = Robert H. Dyson, Jr. The Archaeological Evidence of the Second Millennium B.C. on the Persian Plateau. The Cambridge Ancient History. Cambridge, 1968.

 

Dyson 1968a = Robert H. Dyson, Jr. Annotations and Corrections of the Relative Chronology of Iran, 1968 (Archaeological Seminar at Columbia University, 1966-1967), - American Journal of Archaeology, vol. 72, 1968: Chronologies in Old World Archaeology. pp. 308-313.

 

Dyson 1969 = Robert H. Dyson, Jr. A Decade in Iran, - Expedition, Volume 11, Number 2, Winter 1969.

 

Gadd 1971 = C. J. Gadd. The dynasty of Agade and the Gutian invasion, - The Cambridge Ancient History, Volume 1, Part 2: Early History of the Middle East. Edited by I. E. S. Edwards, C. J. Gadd, N. G. L. Hammond. Cambridge at the University Press, 1971, pp. 417-463.

 

Ghirshman 1954 = R. Ghirshman. Iran. Harmondsworth, 1954.

 

Goetze 1957 = Albrecht Goetze. Kleinasien. Zweite, neubearbeitete Auflage (Handbuch d. Altertumswiss, Abtlg. 3, Tl. 1, Bd. 3: Kultutgeschichte des alten Oreints, dritter Abschnitt, erster Unterabschnitt). Mόnchen: Beck, 1957.

 

Gόterbock 1958 = H. G. Guterbock. Kanes and Nesa: Two forms of one Anatolian place name? – Eretz Israel, vol. 5, 1958.

 

Gόterbock 1974 = H. G. Guterbock. Appendix: Hittite Parallels, - Journal of Near Eastern Studies, Volume 33, Number 3, July 1974, pp. 323-327.

 

Krogman 1937 = H. H. von der Osten. The Alishar Hόyόk Seasons of 1930-1932, Part III. [With Contributions by W. M. Krogman]. Chicago, 1937. The University of Chicago, Oriental Institute Publications, Volume XXX. Researches in Anatolia – Volume IX.

 

Krogman 1949 = Belleten, T.T.K., Cilt: XIII - Sayı: 51 - Yıl: 1949 Temmuz:

Wilton Marion Krogman. Ancient Eranial Types at Chatal Hόyόk and Tell Al-Judaidah, Syria, from the Late Fifth Millenium B.C. to the Mid-Seventh Century, A.D., pp. 407-477.

 

Lewy 1971 = H. Lewy. Anatolia in the Old Assyrian Period, - The Cambridge Ancient History, Volume 1, Part 2: Early History of the Middle East. Edited by I. E. S. Edwards, C. J. Gadd, N. G. L. Hammond. Cambridge, at the University Press, 1971, pp. 707-728.

 

Lewy 1971a = H. Lewy. Assyria, c. 2600-1816 B.C., - The Cambridge Ancient History, Volume 1, Part 2: Early History of the Middle East. Edited by I. E. S. Edwards, C. J. Gadd, N. G. L. Hammond. Cambridge, at the University Press, 1971, pp. 729-770.

 

Mallowan 1964 = M. E. L. Mallowan. Ninevite 5, - Vorderasiatische Archδologie Studien und Aufsδtze. Anton Moortgat zum Funfundsechzigsten Geburstag gewidmet von Kollegen, Freunden und Schόllern. Herausgegeben von Kurt Bittel, Ernst Heinrich, Barthel Hrouda, Wolfram Nagel. Berlin: Verlag Gebr. Mann, 1964.

 

McCown 1957 = Donald E. McCown. The Comparative Stratigraphy of Early Iran. Studies in Ancient Oriental Civilization No. 23. The Oriental Institute of the University of Chicago, Second Printing 1957 (Copyright 1942).

 

Mellaart 1958 = James Mellaart. The End of the Early Bronze Age in Anatolia and the Aegean, - American Journal of Archaeology, vol. 62, 1958, pp. 9-33, pls 1-3.

 

Mellaart 1966 = James Mellaart. The Chalcolithic and Early Bronze Ages in the Near East and Anatolia. Beirut: Khayats, 1966.

 

Mellink 1958 = Machteld J. Mellink. Archaeology in Asia Minor, - American Journal of Archaeology, vol. 62, 1958.

 

Mellink 1974 = Machteld J. Mellink. Archaeology in Asia Minor, - American Journal of Archaeology, vol. 78, 1974.

 

Φzgόη 1963 = T. Φzgόη. Early Anatolian Archaeology in the light of Recent Research, - Anatolia, vol. 7, 1963.

 

Orlin 1970 = Louis L. Orlin. Assyrian Colonies in Cappadocia. The Hague-Paris: Mouton, 1970.

 

Perkins 1949 = A. L. Perkins. The Comparative Archaeology of Early Mesopotamia. Studies in Ancient Oriental Civilization, No. 25. The Oriental Institute of the University of Chicago, 1949.

 

Pottier 1931 = Edmond Pottier. L’Art Hittite. Second Fascicule. Paris, 1931.

 

Pulleyblank 1966 = E. G. Pulleyblank. Chinese and Indo-Europeans, - Journal of the Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland, 1966, pp. 9-39.

 

Schaeffer 1948 = Claude F.A. Schaeffer. Stratigraphie Comparee et Chronologie De l'Asie Occidentale (IIIe et IIe m.): Syrie, Palestine, Asie Min. Chypre, Perse, Caucase. London: Oxford University Press, 1948.

 

Scott 1956 = Sir Lindsay Scott. Pottery, A History of Technology. Edited by Charles Singer, E. J. Holmyard and A. R. Hall. Volume I: From Early Times to Fall of Ancient Empires. Oxford: at the Clarendon Press, 1956 (first published, 1954), pp. 376-412;

 

Şenyόrek 1956 = M. Şenyόrek. A Short Review of the Anthropology of the Ancient Inhabitants of Anatolia from the Chalcolithic Age to the Hittite Empire. In: S.Lloyd. Early Anatolia. Harmondsworth, 1956.

 

Sommer 1947 = F. Sommer.  Hethiter und Hethitisch. Stuttgart, 1947.

 

 

 

Back:

http://www.scribd.cm/kavta

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 

სტატიაში წარმოდგენილი ზოგიერთი საკითხის რამდენადმე განსხვავებული ინტერპრეტაციისათვის

იხ.:

http://www.scribd.com/doc/17677813/

 



* წაკითხულია მოხსენებად არქ. კვლევის ცენტრში 1978 წ. მარტში.

[1] Lewy 1971, 708.

[2] Lewy 1971, 723. ირკვევა, რომ ლითონი - annukum, რომელიც ასურელებს შემოჰქონდათ, ნიშნავს ტყვიას და არა კალას, როგორც ეს ადრე ეგონათ (Lewy 1971, 724).

[3] გიორგაძე 1962, 21; გიორგაძე 1971, 271.

[4] Lewy 1971, 722-733.

[5] Orlin 1970, 236.

[6] Orlin 1970, 236.

[7] Bilgiη 1954, 5; იხ. მელიქიშვილი 1965, 147.

[8] Mellink 1958, 93.

[9] Mellink 1958, 93; Alkim 1968, 181.

[10] Mellaart 1966, 191.

[11] Alkim 1968, 181.

[12] Mellaart 1958, 14.

[13] იხ. Orlin 1970, 244.

[14] Gόterbock 1958.

[15] Mellink 1974, 108.

[16] Scott 1956, 403.

[17] Scott 1956, 404.

[18] Scott 1956, 404.

[19] Scott 1956, 405.

[20] Scott 1956, 405.

[21] Bittel 1950, 49; Goetze 1957, 49.

[22] Bossert 1942.

[23] Goetze 1957, 44.

[24] Goetze 1957, 44.

[25] Goetze 1957, 44.

[26] Bittel 1950, 47.

[27] Orlin 1970, 233.

[28] Orlin 1970, 233.

[29] Φzgόη 1963, 3.

[30] Brice 1964, 611.

[31] Brice 1964, 611.

[32] Гамкрелидзе 1967, 120.

[33] Гамкрелидзе\Иванов 1972.

[34] Pulleyblank 1966; იხ. Гамкрелидзе 1971, 38.

[35] Гамкрелидзе 1967, 120.

[36] Sommer 1947, 1ff.

[37] Sommer 1947, 1ff.

[38] Sommer 1947, 1ff.

[39] Гамкрелидзе 1960.

[40] Dales 1975, 315.

[41] Гамкрелидзе\Иванов 1972, 20-23.

[42] Георгиев 1975, 9.

[43] Sommer 1947, 1.

[44] Брагинский 1973, 231.

[45] მელიქიშვილი 1965, 157.

[46] Иванов 1963, 11.

[47] Климов 1964, 89.

[48] Gόterbock 1974, 327.

[49] Lewy 1971, 739-740; Orlin 1970, 230.

[50] Lewy 1971a, 739.

[51] მელიქიშვილი 1965, 189-190.

[52] მელიქიშვილი 1965, 185.

[53] მელიქიშვილი 1965, 184.

[54] Sommer 1947, 5-8.

[55] ქავთარაძე 1978, 5-19.

[56] Дьяконов 1970, 41.

[57] Дьяконов 1970, 41.

[58] Гамкрелидзе 1957, 51.

[59] Krogman 1937, 271; Alkim 1968, 79.

[60] Şenyόrek 1956, 205-209.

[61] Krogman 1949, 456f.

[62] Krogman 1937, 274.

[63] Pottier 1931.

[64] Burton-Brown 1970, 191.

[65] Burton-Brown 1961, 51.

[66] Burton-Brown 1951, 86.

[67] Burton-Brown 1951, 251.

[68] Burton-Brown 1951, 88.

[69] Burton-Brown 1970, 72.

[70] Mallowan 1964, 152.

[71] Mallowan 1964, 153.

[72] Mallowan 1964, 153.

[73] Perkins 1949, 164-165.

[74] McCown 1957, 50-62; Schaeffer 1948, 445-454; Алиев 1960, 149.

[75] Массон 1964, 439, прим. 127.

[76] Burton-Brown 1951, 69.

[77] Burton-Brown 1951, 69, 82, 87.

[78] Burton-Brown 1951, 89.

[79] Burton-Brown 1951, 89.

[80] Burney 1958, 170.

[81] Burton-Brown 1951, 252-253.

[82] Burton-Brown 1951, 89.

[83] Ghirshman 1954, 46.

[84] Dyson 1965, 220. ვინაიდან წინამდებარე წერილი ძირითადად დაწერილი გვაქვს 1976 ., მასში არ არის გათვალისწინებული რადიონახშირბადული თარიღების შესწორებული მნიშვნელობები.

[85] Dyson 1969, 46-47.

[86] Dyson 1965, 233.

[87] Cuyler Young 1977, 24.

[88] Cuyler Young 1977, 24.

[89] Dyson 1969, 47.

[90] Dyson 1969, 46.

[91] Dyson 1968, 10.

[92] Dyson 1968, 10.

[93] . ბიორნის დაუშვებლად მიაჩნია ”კაპადოკიური კერამიკის” ურმიისპირეთისაკენ გავრცელების ყოველგვარი შესაძლებლობა და ხაზს უსვამს ამ კერამიკის არსებობას მხოლოდ ცენტრალური ანატოლიის სამხრეთ ნაწილში (Burney/Lang 1971, 101.).

[94] Dyson 1968, 19, 24.

[95] Dyson 1969, 47.

[96] Dyson 1969, 47.

[97] Dyson 1969, 47.

[98] Dyson 1968, 17.

[99] Burton-Brown 1970, 72.

[100] Dyson 1968a, 310.

[101] Dyson 1968, 16.

[102] Алиев 1960, 151.

[103] Алиев 1960, 151.

[104] Дьяконов 1956, 105.

[105] Массон 1963, 23.

[106] Массон 1964, 439.

[107] Массон 1964, 439.

[108] Массон 1964, 439.

[109] Дьяконов 1956, 109, 116.

[110] Gadd 1971, 454.

[111] Lewy 1971a, 739.

[112] იხ. Меликишвили 1954, 128.

[113] Дьяконов 1956, 104.

[114] Меликишвили 1954, 133-135, 155-159.

[115] Массон 1964, 443.

[116] Şenyόrek 1956, 206.

[117] Şenyόrek 1956, 207.

[118] Şenyόrek 1956, 207-208.

[119] ქავთარაძე 1978, 7.

[120] Griffin 1974, 81.

[121] Griffin 1974, 56.