ტერმინარიან-ქართლისგანმარტებისათვის - G. L. Kavtaradze

 

 

ქუთაისური საუბრები XII

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

სიმპოზიუმი ეძღვნება საქართველოში მოციქულთა

შემობრძანებასა და ქრისტიანობის

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას

 

13-14 ნოემბერი, 2009 წელი

 

სიმპოზიუმის სამუშაო პროგრამა და მასალები

 

ქუთაისი, 2009 /გვ. 70/

 

 

 

გიორგი  ქავთარაძე

 

(თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი)

 

 

ტერმინარიან-ქართლისგანმარტებისათვის

 

 

არა მხოლოდარიან-ქართლისათვისმისადაგებულ წინაელინისტური ხანის სპერის ოლქში არ იკვეთება სპარსელთა პოლიტიკური ბატონობისა თუ ეთნიკური დომინირების რაიმე განსაკუთრებული ნაკვალევი, რაც საშუალებას მოგვცემდა გვეფიქრა ამ მხარის სპარსელობისა თუ არიელობის სასარგებლოდ,

არამედ, არც საკუთრივ ტერმინარიან-ქართლშიგამოყენებულ სიტყვას არიანსაქვს, ჩვენი აზრით, შეხების რაიმე წერტილი სპარსულ სამყაროსთან.

 

ქართველთა წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში უაღრესად საყურადღებოა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. . 605-562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი /გვ. 71/ ტყვეების პონტოს გადაღმა მდებარე იბერიაში, ანუ კავკასიაში დასახლების შესახებ არსებული ცნობა, რომელიც, თვით კლასიკური ხანის მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა ისტორიკოსს, გეოგრაფოსსა და დიპლომატს მეგასთენეს (დაახლ. ძვ. . 350-290 წწ.). ეს ცნობა შემონახულია ევსები კესარიელის (დაახლ. 263-339 წწ.) თხზულებებში. კერძოდ, მისსახარებისადმი წინამომზადებაში”, ნათქვამია: ვპოვე მე აგრეთვე აბიდენოსის თხზულებაშიასურელთა შესახებნაბუქოდონოსორზე შემდეგი: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა”.

 

გადმოცემა ნაბუქოდონოსორის მიერ აფრიკისა (ლიბია) და პირენეს მთაგრეხილის სამხრეთით მდებარე იბერიის ნახევარკუნძულის (იბერია) დალაშქვრის შესახებ, რა თქმა უნდა ლეგენდარულია. ამ საკითხთან მიმართებაში, გასათვალისწინებელია . მელიქიშვილის შენიშვნა, რომ მეგასთენეს ცნობაში, ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიისა და იბერიის დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვე-იბერების პონტოს მარჯვნივ მდებარე მხარეში დასახლების შესახებ, შესაძლოა ასახული იყოს რეალური ინფორმაცია ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა სამშობლოდან აყრის შესახებ. ცნობილია, რომ მან ძვ. . 597 და 586 წწ. იუდეის სამეფოდან ბაბილონში გადაასახლა ადგილობრივი მოსახლეობის რჩეული ნაწილი და ეგვიპტეშიც გაილაშქრა; ზოგიერთთა აზრით, იუდეიდან ლტოლვილი ებრაელების დასატყვევებლად.

 

ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ სახელწოდებაიბერიასზოგიერთი მეცნიერი იმ ებრაული სიტყვიდან მიღებულად მიიჩნევს, რომელიც უნდა აღნიშნავდეს ცნებას იქითა მხარე” (მთის იქითა მხარე კავკასიის იბერია, ზღვის იქითა იბერიის (პირენეს) ნახევარკუნძულის). ბიბლიური მონაცემების მიხედვით სახელწოდებაებერ-”, ამასთანავე, ებრაელთა წინაპრისა და ეპონიმის აღმნიშვნელია.

 

საყურადღებოა, რომ X საუკუნის შუა ხანების კავკასიელ იბერთა ანუ ქართველთა შეხედულებით, ისინი შთამომავლები ყოფილან იერუსალიმიდან წამოსული ხალხისა და არაფერს იუწყებოდნენ მათი წინაპრების პირენეს ნახევარკუნძულის იბერიიდან გადმოსახლების თაობაზე. ცნობა ამის შესახებ შემონახულია ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (905-959 წწ.) თხზულებაშიიმპერიის მმართველობის შესახებ”; ამ ცნობის თანახმად: იბერიელები მოგვითხრობენ, რომ /გვ. 72/ მათი ტომი იერუსალიმიდან არის წარმოშობილი და, რომ ისინი წამოვიდნენ იერუსალიმიდან ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით და დაესახლნენ სპარსეთის მხარეებთან, . . ქვეყანაში, სადაც ამჟამად მკვიდრობენ... ვინაიდან იბერიელები, როგორც თვითვე ამბობენ, შთამომავლობით იერუსალიმიდან არიან, ამის გამო მათ აქვთ დიდი სიყვარული მისი და უფლისა იესო ქრისტეს საფლავისა და განსაზღვრულ დროებში უხვად უგზავნიან ფულს წმინდა ქალაქის პატრიარქსა და იქაურ ქრისტიანებს.

 

გასათვალისწინებელია, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის ინფორმაციას ეხმიანება ლეონტი მროველისმეფეთა ცხოვრება”, რომელიც, თუმცა კი არა იბერთა, არამედ ებრაელთა ქართლში გამოჩენას უკავშირებს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას: ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელი მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს. აქ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ქართული მატიანის მონაცემების თანახმად, “ურიანნი”, ისევე, როგორც კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაშიიბერიელნინაბუქოდონოსორს კი არ გამოჰყავს იერუსალიმიდან, არამედ ქალაქის მოსახლეობის დატყვევების შემდეგ, იქიდან (და არა პირენეს იბერიიდან) ლტოლვილნი, თავად მოდიან ქართლში. ქართული მატიანის ცნობა მიგვანიშნებს, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის იბერიელებიიერუსალიმიდან წამოსული ებრაელების შთამომავლებად არიან მიჩნეულნი.

 

სავარაუდოა, რომ მეგასთენეს ხანისათვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი სამყაროს უფრო ფართო, გლობალური ხედვის გამო, ებრაელთა ძველი სახელწოდებაებერ”- გააზრებული იქნაიბერიადანუ პირენეს იბერიის აღმნიშვნელად და შესაბამისად ამისა, ნაბუქოდონოსორის მიერებერთა ქვეყნიდანდატყვევებული მოსახლეობის წამოყვანის შესახებ გადმოცემა, იუდეის ქვეყნისა და ეგვიპტეს ნაცვლად, უკვე დაფიქსირდა პირენეს იბერიისა და მისი

მომიჯნავე აფრიკის ანუ ლიბიის მიმართ და გადაიქცა გადმოცემად ბაბილონის მეფის ლაშქრობის შესახებ პირენეს (დასავლეთის) იბერიასა და ლიბიაზე. ამავე დროს, დასავლეთის იბერების აღმოსავლეთში გადმოსახლების თაობაზე არსებულმა შეხედულებამ, რომელიც ძირითადად ორი იბერიის სახელწოდებების იდენტუ/გვ. 73/რობის საფუძველზე იყო აღმოცენებული, თავის მხრივ განაპირობა ნაბუქოდონოსორის მიერ ვითომდა დალაშქრულიჰერკულესის სვეტებისმხარიდან, ანუ პირენეს იბერიიიდან და ლიბიიდან, დატყვევებული მოსახლეობის პონტოს აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე ლეგენდის ჩამოყალიბება.

 

გასათვალისწინებელია, რომ მოვსეს ხორენაცისათვის ”არიან-ქართლიუცნობია. მისი გადმოცემით, დარეჰის ნახარარი მიჰრდატი წამოიყვანა ალექსანდრე დიდმა და მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიელთა და ივერთა ქვეყნებიდან ტყვედ მოყვანილ და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებულ ივერიელთა მოდგმას. ვინაიდან, მოვსეს ხორენაცი შენიშნავს, რომ ივერია (ვერია) ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს, აშკარა ხდება, რომ ივერიაში იგი პირენეს ნახევარკუნძულს გულისხმობდა. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მოვსეს ხორენაცის სომხეთის ისტორიაშიქართველთა პირველსაცხოვრისის სახელი (ქართული წყაროებისარიან-ქართლი”) გამოტოვებული კი არ არის, არამედ წარმოდგენილია მემატიანის მიერ ხმარებული ტერმინისვერიისსახით, რომელიც ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს; მისთვისარიან-ქართლი” “ვერიაანუ პირენეს იბერიაა; ეს ბუნებრივიცაა, მისი ძირითადი წყარო ხომ ევსები კესარიელის თხზულება იყო.

 

ამავე საკითხთან მიმართებაში, გასათვალისწინებელი ჩანს, . მელიქიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომარიან-ქართლის” ”არიანიშესაძლოაპირენეის” (პირენეს) დამახინჯების შედეგად იყოს მიღებული. როგორც ვნახეთ, ანტიკურ ხანაში გადმოცემა პონტოსთან მცხოვრები იბერების დასავლეთის იბერიიდან გადმოსახლების თაობაზე, საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და სავსებით მოსალოდნელია მას თავისებური ასახვა ქართულ მატიანეშიც ეპოვნა; არ არის გამორიცხული, რომ ტერმინიარიან-ქართლი” “პირენეს-იბერიისგადმოქართულებული ფორმა ყოფილიყო. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ძველი ქართული სამწერლობო ტრადიციის მიხედვით, სახელწოდებაიბერიელნი”, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევაშიქართველებადითარგმნებოდა; ასე, მაგალითად, ექვთიმე მთაწმინდელის (დაახლ. 955-1028 წწ.) მიერ პირენეს ნახევარკუნძულზე მცხოვრები კელტიბერების სახელწოდება თარგმნილია, როგორც ”კელტ-ქართველნი დასავლისანი”. ძველ ქართველ მწიგნობარ/გვ. 74/თათვის ცნობილი იქნებოდა გადმოცემა კავკასიელ იბერთა პირენეს იბერიიდან გადმოსახლების შესახებ და სავარაუდოა, რომ არიან-ქართლით გამოსრულ ქართველთა წინაპრებში მათ ესპანეთიდან ანუ სპანიიდან გამოსულნი ეგულისხმათ.

 

არიან-ქართლისპრობლემა ძირითადად მაინც ტერმინოლოგიური ხასიათის ჩანს და იგი სხვადასხვა წყაროებში გამოყენებული ტერმინების აღრევის შედეგად უნდა იყოს აღმოცენებული. ცნებაარიან-ქართლი”, ჩვენი აზრით, წმინდა მწიგნობრული გზით შექმნილი ფიქციაა, რომელსაც საფუძვლად უდევს მხოლოდ და მხოლოდ ორი იბერიის (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) სახელწოდებათა იგივეობა.

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html