სპარტაკ ჟვანია

 

სპარტაკ ჟვანიას ნათელ ხსოვნას

 

შემდგენელ-რედაქტორი თამაზ ფიფია

 

თბილისი

2006

 

გზისგამკვალავი

/გვ. 29/   სპარტაკ ჟვანია - რამდენი ტკივილი და სევდაა დღეს ამ სახელსა და გვარში ყველასათვის ვინც ამ ბავშვით სპეტაკსა და გმირული სულის კაცს იცნობდა.

როგორც ყველა ღირსეული კაცი, ვისაც არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, სპარტაკი მორიდებული და უპრეტენზიო ადამიანი იყო. თუმცა იმდენად დიდი და ყოვლისმომცველი იყო მასში სხვათა მიმართ კეთილმოსურნეობის, სხვათა (თუნდაც უნებლიე) არწყენინების იმპულსი, რომ იგი, შორიდან, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წლებში, ალბათ უაღრესად მორცხვი და საკუთარ თავში არადაჯერებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არადა მისი ასეთი სახე მხოლოდ და მხოლოდ ყოველგვარ წრეს გადასული ტაქტიანობით იყო გამოწვეული, რასაც ამძაფრებდა მისი იშვიათი გამჭრიახობა და მგრძნობელობა.

ძნელი იყო სპარტაკის გვერდით გაზრდილიყავი და შეძლებისგვარად არ მიგებაძა მისთვის კაცთმოყვარეობასა და ტაქტში. სპარტაკი მძაფრად გრძნობდა საკუთარ თავისებურებას, სხვათაგან გამორჩეულობას და ღიმილით იტყოდა ხოლმე "ჭეშმარიტი კოლხი ვარო", გულისხმობდა რა ძველ დასავლეთქართველთათვის დამახასიათებელ ტაქტიანობას - თავაზსა და ზრდილობას. მეამაყება რომ ჩემთვისთაც უთქვამს: "შენც ნამდვილი კოლხი ხარო".

ერთხელ მიამბო ბავშვობაში მძიმედ ვიყავი ავადო: "ბაბუამ ორი ცხვარი მოიყვანა შავი და თეთრი, ჯერ შავი ცხვარი შეისვა მხრებზე და რამდენიმეჯერ ირგვლივ შემომიარა, შენი ავი მე მომცეს ღმერთმაო, შემდეგ იგივე ბეჭებზე ატანილი თეთრი ცხვრით გაიმეორა და დაილოცა, რაც კი მე წინ კარგი მელოდება ყველაფერი შენ გადმოგეცესო". ეს იქნებოდა უძველესი კაცთმოყვარეობისა და სიკეთის გაკვეთილი, რომელთა მრავალი მსგავსი ათასობით წლის განმავლობაში გადადიოდა თაობიდან თაობაში და აყალიბებდა ადამიანს, საზოგადოებას, ერს, კაცობრიობას. სპარტაკში მართლაც იყო რაღაც არქაული, ძველ ქართველთათვის, პატრიარქალური კავკასიისათვის დამახასიათებელი; არადა მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო აქ, ამ მთებშია შესაძლებელია ადამიანი იყოს უაღრესად მორი/გვ. 30/დებული, მორცხვიც კი და ამავე დროს უაღრესად ამაყი და ჰეროიკული სულის მატარებელი, დღევანდელი ენით - ჭეშმარიტი ჯენტლმენი.

ამასთან დაკავშირებით, გასახსენებელია რომში ნაპოვნი ეპიტაფია, რომელშიც მოხსენიებულია ახ. წთ. 115 წელს ნიზიბისში იმპერატორ ტრაიანეს დასახმარებლად მისული და პართელთა მიერ იქ მოკლული იბერიელთა ლაშქრის წინამძღოლი, იბერი უფლისწული ამაზასპი: "მეფის სახელოვანი ძე ამაზასპი, მითრიდატე მეფის ძმა, რომლის მშობლიური მიწაც არის კასპიის ბჭესთან (დარიალი - გ.ქ.), იბერი იბერის ძე, აქ მარხია წმინდა ქალაქთან, რომელიც ააგო ნიკატორმა მიგდონის ზეთისხილოვან მდინარესთან. გარდაიცვალა... მოსული პართელებთან საბრძოლველად, გარდაიცვალა უწინ ვიდრე გაისვრიდა ხელს ვაი რომ ძლიერ ხელს მტრის სისხლში შუბსა, მშვილდსა და მახვილის პირზე, იყო ქვეითიცა და მხედარიც, თვით - მორცხვი ქალწულების მსგავსი". როგორც ვხედავთ, ძველთაგანვე ეს ორი თვისება - სულიერი სისპეტაკე და გმირობა - ერთმანეთის გამომრიცხავი კი არ იყო, არამედ სრულფასოვანი ადამიანისათვის თანადროულად და თანაბრად დამახასიათებელი.

მე მქონდა უდიდესი უბედურება და ამასთანავე დიდი ბედნიერება მენახა სპარტაკ ჟვანიას უკანასკნელი წუთები: მკერდზე სალტეებშემოჭდეული, აუტანელი ტკივილით გათანგული კაცი, მხოლოდ იმას წუხდა ჩვენ არ შევშინებულიყავით, ჩვენ არ შევწუხებულიყავით; დიდი ბედნიერებაა ადამიანისთვის როდესაც მას გვერდში მდგომი ნათელი პიროვნება ღირსეულად უკვალავს გზას და თავისი მაგალითით უჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს ცხოვრებაში და როგორ უნდა შეხვდეს თავის აღსასრულს, როგორ უნდა იყოს თავისთვის უმძიმეს წუთებში "უშიში ვითარცა უხორცო".

გიორგი ქავთარაძე

 

Back:

http://www.scribd.cm/kavta

&

http://www.geocities.ws/komblege/index.html

&

http://kavtaradze.wetpaint.com/