Giorgi Kavtaradze. For the Location of Sololaki.

გიორგი ქავთარაძე

სოლოლაკის ადგილმდებარეობისათვის

[გვ. 310] თბილისის ისტორიულ ტოპონიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბუნდოვანი და ძნელად ასახსნელი სახელწოდებაა სოლოლაკი.

ამ ტერმინით აღინიშნება ისტორიული გარეთუბნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მდებარეობს სოლოლაკის ქედის ჩრდილო-დასავლეთისა და მთაწმინდის სამხრეთ კალთებს შორის.

ხალხური გადმოცემით, არაბების ბატონობის ხანაში ციხის ბაღის (ამჟამინდელი ბოტანიკური ბაღი) მოსარწყავად გამოუყვანიათ თუ აღუდგენიათ აკვედუკის ტიპის სარწყავი არხი. მის მკვებავ ნაკადულს სათავე კოჯრის მთებში ჰქონია; იგი ორი მიმართულებით იყოფოდა: ერთი სოლოლაკის ქედის სამხრეთი კალთებიდან ბოტანიკური ბაღისკენ ეშვებოდა, ხოლო მეორე სოლოლაკის ქედის გადმოღმა ჩრდილოეთით მოედინებოდა, შემდეგდროინდელ სოლოლაკის უბნში არსებული ბაღების მოსარწყავად. (სოლოლაკის უბანში შემორჩენილი არაბულენოვანი წარწერების შესახებ, იხ. ღვინიაშვილი 2005). ამ არხის არაბული სახელი ყოფილა "სულუ-ლაჰ". აღნიშნული სახელწოდება შემდეგ გავრცელებულა მის მკვებავ ნაკადულზე და თვით სოლოლაკის მთაზე, რომლის ფერდობებზეც ეს არხი გადიოდა. უფრო გვიან კი ეს სახელწოდება მთის ძირას მოქცეულ ნაკვეთსაც დაარქვეს (Бадриашвили 1957, 10; კვირკველია 1985, 76-77).

შენიშვნა: . ბერიძის აზრით, ეს არაბული სახელწოდება შესაძლოა სარწყავი წყაროს სახელიდან ყოფილიყო წარმომდგარი თუ იგი სარწყავ არხს არ აღნიშნავდა (ბერიძე 2002, 836).

სოლოლაკის ქუჩა XIX საუკუნეში ერქვა დღევანდელ ლეონიძის (ყოფილი კიროვის, უფრო ადრე აღმასკომის) ქუჩას. ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, ამ ადგილას ადრე გადიოდა სოლოლაკის ხევი; აღნიშნული სახელი ხევის ამოვსების შემდეგ გადმოვიდა აქ მოწყობილ ქუჩაზე.

უძველესი ცნობა სოლოლაკის შესახებ ეკუთვნის ვახუშტი ბატონიშვილს, ოღონდ იგი მას იცნობს სალალაკის ფორმით: "...კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს". იქვე: "კალას არს ციხე, ნაშენი მაღალს კლდესა ზედა, და ჩამოზღუდვილი სალალაკის-ჴვი მტკურამდე. სალალაკის-ჴევის კარს უწოდებენ განჯისკარად" (ვახუშტი 1973, 334:2-4, 17-19).

კალა, თბილისის ციხის ანუ ნარიყალას უძველესი სახელია, რომელიც სოლოლაკის ქედის თხემზე იყო აგებული, აკი ვახუშტიც გვამცნობს: "კალა მოზღუდა მეორე შააბაზ... სამრით მოავლო სალალაკის კლდეზედ" (ვახუშტი 1973, 337:9-10). განჯის კარი ნარიყალის სამხრეთ კედელში იყო დატანებული სტამბოლის კოშკთან. ეს ადგილი დაახლოებით იმ ადგილასაა, სადაც ამჟამად ბოტანიკური ბაღის შესასვლელია აბანოების მხრიდან (შდრ. ბერძნიშვილი 1965, 37).

ვინაიდან განსახილველი ტოპონიმის ადრეული ფორმა "სალალაკია", და არა "სოლოლაკი", მისი ზემომოყვანილი არაბულად მიჩნეული ეტიმოლოგია  "სულუ-ლაჰ" (სარწყავი არხი)  თუნდაც მხოლოდ ფონეტიკური მონაცემების [გვ. 311] გათვალისწინების შედეგად უნდა გამოირიცხოს, უფრო სავარაუდოა, რომ "სულუ-ლაჰ"- წარმოადგენდა თურქული ენის საფუძველზე წარმოქმნილ გვიანდელ ხალხურ ეტიმოლოგიას: თურქულად "სუ"  წყალია, ხოლო "ლულე"  ნაკადულის გამოსასვლელი ხვრელი, მილი (შდრ. Баскаков 1977, 591, 791). გამოთქმული იყო აგრეთვე მოსაზრება ტერმინ სოლოლაკი (სალალაკი) წარმომავლობის თაობაზე ქართული სიტყვებიდან სალი და ლაყი, თითქოსდა "სველი ბრტყელი ქვის" მნიშვნელობით (Ган 1909, 131). (არმენოლოგ ნინო აფციაურის აზრით, ეს ტოპონიმი შესაძლოა ქართული სალი ალაგიდან მომდინარეობდეს, სალკლდოვანი ადგილის მნიშვნელობით. ბევრად უფრო ანგარიშგასაწევია . ჩიქოვანის მიერ არაბული ენის ცენტრალურაზიურ, კაშკადარიულ დიალექტში დაფიქსირებული ტერმინი sulu lak "ხელოვნურად დაგუბებული წყალი, აუზი" (ჩიქოვანი 2002, 197). ავტორი ამ ტერმინში გამოყოფს კაშკადარიულ sayōl- (მრ. sayōlāt) "ნიაღვარი, ნაკადი" და მას არაბულ suyūl- უკავშირებს ფორმა sayl-ის მსხვრეულ მრავლობითს: saylun (მრ. sayūlun) "ნაკადი, ნაკადული" და ადგილის მაწარმოებელ თურქულ სუფიქსს ak, ek, -la+k (ჩიქოვანი 2002, 197-198). აღნიშნული ტერმინის სასარგებლოდ შესაძლოა ის გარემოებაც მოწმობდეს, რომ თბილისის ციტადელში მართლაც იყო მოწყობილი წყლის სამარაგო აუზი, ისევე როგორც ოქროყანის მიდამოებსა და გარეთუბნის ბაღებში (შდრ. ბერძნიშვილი 1965, 75), მაგრამ რა კავშირი უნდა ჰქონოდა თურქულსუფიქსიან კაშკადარიულ დიალექტში გამოყენებულ სიტყვას თბილისის ძველ ტოპონიმიასთან ძნელი სათქმელია. უფრო საფიქრებელია, ტერმინ სალალაკში, გარდა არაბული სიტყვისა سال (sāla), "დინება" გვხვდებოდეს არაბულივე სიტყვა لقى (laqiya), "შეხვედრა" (შდრ. Brockelmann 1962, 78*, 90*; Баранов 1962, 487, 930-931; იხ., იქვე, ამ სიტყვებთან დაკავშირებული სხვა ფორმებიც).

ვახუშტის ზემომოყვანილ ცნობათა მიხედვით, ნარიყალას და მის სამხრეთით მდებარე აბანოთუბნის ანუ საკუთრივ თბილისის გამყოფია სოლოლაკის ხევი, ამდენად, თბილისი მდებარეობდა სოლოლაკის ხევის მარჯვენა, ხოლო კალა მარცხენა ნაპირზე. ციხე-ქალაქი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: თბილისის ერთ ნაწილს, ქალაქისებურად დასახლებულ ნაწილს, იგივე აბანოთუბანს ანუ სეიდაბადს, საკუთრივ თბილისი ეწოდებოდა, ხოლო მეორე, გამაგრებულ ნაწილს, ციხე-სიმაგრეს კი კალა (Вейденбаум 1888, 305-307). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბოტანიკური ბაღის ზემოთ მდებარე სოლოლაკის მთაზე უნდა გაჩენილიყო თბილისის ყველაზე ადრეული მოსახლეობა, ამ ადგილის საუკეთესო თავდაცვითი მახასიათებლების გამო (Натадзе 1925, 71).

შენიშვნა: ბოლო დროს საუბარია, ძველი თბილისის სავარაუდო დასახლების შესახებ უკვე რომაელთა ხანაში; კერძოდ, არქეოლოგ . ღამბაშიძის აზრით, მტკვრის ვიწრობებში, ბუნებრივი თბილი წყლების რაიონის ქვედა სტრატიგრაფიულ დონეზე, სავარაუდოდ, რომაული პერიოდის უძველესი გალავანი და თერმები აღმოჩნდა, რაც შესაძლოა ვახტანგ გორგასალამდელი გამაგრებული დასახლების არსებობაზე მიგვანიშნებდეს (ალექსიძე 2007). მართლაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა რომაულ-პართული დაპირისპირებისა და განსაკუთრებით I . 70-იანი წლებიდან იბერიაში რომაელთა განსაკუთრებული აქტიურობის პერიოდში მათი ყურადღების გარეშე დარჩენილიყო [გვ. 312] სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან არმაზციხე-მცხეთის ჩამკეტი ისეთი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი, როგორსაც თბილისთან მდებარე მტკვრის ვიწრობები წარმოადგენდნენ (შდრ. ქავთარაძე 2006, 93-95); ამ ადგილებში მტკვარსა და სოლოლაკის ქედს შორის მართლაც ტიპური კლდეკარი იქმნებოდა (Вейденбаум 1888, 303, 305). შესაბამისად ამისა, ვფიქრობ, უფრო გასაგები უნდა გახდეს თბილისის შესახებ ლეონტი მროველის მიერ ნათქვამი: "...და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისის კართა შორის ციხედ მცხეთისად" (ლეონტი მროველი 1955, 136:12-13), იმ კორექტივით, რომ "ციხედ მცხეთისად" ანუ მცხეთის დამცველად თბილისის კლდეკართა შორის ციხის აგება ყველაზე ნაკლებად სპარსელთათვის თუ იქნებოდა ხელსაყრელი; მაშინ როდესაც თბილისი ყველა მხრიდან მთებით არის შემოზღუდული, მტკვრის აღმა, მცხეთისაკენ, მისი საზღვარი თითქმის მთლიანად გაშლილია (შდრ. დონდუა 1923, 72).

სალალაკის წყლის ხევის თანამედროვე სახელია წავკისის წყალი, ძველად მას ლეღვთა ხევიც რქმევია, ხოლო XIX საუკუნეში იგი ძირითადად "დაბახანკის" (Дабаханка - დაბახანის თუ დაბაღხანის ხევი) სახელით იყო ცნობილი; ვინაიდან უძველესი დროიდან თბილისში დაბაღების (მეტყავეების) რიგები განლაგებული იყო ამ მდინარის ქვედა დინებაზე, მის შესართავთან მტკვართან, მდინარის ქვემო წელს და მიმდებარე მცირე ტერიტორიას და მათგან თვით მდინარესაც დაბახანა უწოდეს (დონდუა 1923, 87; მესხია 1958, 3-4; ბერიძე 1960, 33; კვირკველია 1985, 29). თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამ სახელწოდებებში არა მხოლოდ ქრონოლოგიურ, არამედ სივრცობრივ სხვაობასაც ხედავს; მათი აზრით, ეს მდინარე სათავეში წავკისისწყლად იწოდება, რადგანაც სოფ. წავკისზე გაივლის, შემდეგ ფართო ხევში შედის და ლეღვთახევს უწოდებენ, ხევში ლეღვთა ხის სიხშირის გამო, ხოლო შესართავთან დაბაღხანას, დაბაღების საქმიანობის გამო (ზარდალიშვილი 1978, 20-21, 42).

თუ დაბაღხანის ხევისა (იგივე სალალაკის წყალი) და მტკვრის ხერთვისთან დაბაღები ტყავეულობას ალბობდნენ, ბუნებრივია, იქვე უნდა ყოფილიყო პირუტყვის საკლავიც. როგორც ცნობილია, თათრის მოედნის (იგივე შაითან-ბაზარი, დღეს ვახტანგ გორგასლის მოედანი) უშუალო სიახლოვეს, მტკვრის ნაპირზე იყო სასაკლაოც (კვირკველია 1985, 45). "დაბახანისა" და მეტყავეობის წარმატება დიდად იქნებოდა დამოკიდებული მეტეხიდან გადმომავალ ხიდზე ერთადერთზე რომლითაც შეიძლებოდა მტკვარზე საქონლის გადაყვანა კახეთიდან თრიალეთის მიმართულებით მცხეთაში არსებული, . . პომპეუსის ხიდის შემდეგ (მელიქსეთ-ბეგი 1959, 32). დაბაღხანას და სასაკლაოს ქალაქის ფარგლებიდან განდევნა, როგორც ჩანს დროებითი, მხოლოდ . ციციანოვის მთავარმმართველობის დროს მოხდა მისი ბრძანების საფუძველზე (იხ. ჯანაშვილი 1899, 150). "დაბახანა" გადაუტანიათ სეიდაბადის ბაღების უბანში, სუმბატოვების ბაღის ადგილას, მტკვრის პირას (ბერძნიშვილი 1965, 42).

ვინაიდან სალალაკის წყლის ხევს დაბაღების აქ მოღვაწეობის გამო შეერქვა დაბაღხანის ხევი, თითქოს არ უნდა ყოფილიყო გამორიცხული, რომ იმავე ხევს სალალაკის სახელწოდებაც იქვე არსებული სასაკლაოს აღმნიშვნელი არაბულ-სპარსული ტერმინის (sāllai) მიხედვით დარქმეოდა, რომელიც აქედან მდინარის აღმა მდებარე ხევსა და მის ფერდობებზეც გავრცელდებოდა. თუმცა აქ [გვ. 313] პრობლემურია გემინირებული თანხმოვნის (ll) a-თი სუპერაციის დაშვების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ წავკისის წყლის სათავესთან, ტაბახმელიდან წავკისისაკენ გამავალ გზასთან დასტურდება სახელწოდება "ბოინისხევი" (იგივე "სასაკლაოსხევი" ანუ "დამპალო"); უწინ იქ პირუტყვის საკლავი ადგილი ყოფილა (ზარდალიშვილი 1978, 16).

შენიშვნა: სპარსულად, دباغ (dābbagh) მეტყავე, "დაბაღი", ტყავის გამომქმნელი, მთრიმლავი (შდრ. Миллер 1960, 210).

არაბულად ﺴَﻟَﺦَ (sāllaa) - ტყავის გაცლა, გაძრობას ნიშნავს, ხოლო ﺴَﻠَﺨَﺎﻨَﺔ (sāllaānatun) სასაკლაოს (შდრ. Баранов 1962, 460). სპარსულად სასაკლაო, "სასალახო" არაბული წარმომავლობის სიტყვით ﺴﻼخى (sāllai), ან ამავე სიტყვიდან ნაწარმოები ﺴﻼخانه (sāla-ane)-თი აღინიშნება (შდრ. Миллер 1960, 289); იგივე სიტყვა შესულია თურქულშიც ﺴﻼخ (salla) გამტყავებელი, ტყავისმხდელი, ხოლო ﺴﺎﻟﺨﺎﻨﺔ , سلخ خانة  sele სასაკლაო, "სასალახო" (შდრ. Будагов 1869, 631-632).

ვინაიდან სოლოლაკის, იგივე წავკისის წყალი აბანოების უბნის დაღმა, მეტეხის მოპირდაპირე ნაპირზე უერთდება მტკვარს, XIX საუკუნეში გარეთუბნის დასავლეთ ნაწილში არსებული "სოლოლაკის ქუჩა" ვერ იქნებოდა სოლოლაკის ხევის ადგილას მოწყობილი; აქ ავანაანთ ხევი მდებარეობდა.

ავანაანთ ხევი, ანუ . . არხი, წავკის-სოლოლაკის მთიდან იღებდა სათავეს. იგი დღევანდელ ამაღლებისა (ყოფ. დავითაშვილის) და ლეონიძის (ყოფ. კიროვის) ქუჩებს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს კვეთდა და ბარათაშვილის სახელობის ხიდის ხელმარჯვნივ უერთდებოდა მტკვარს. ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე ეს ადგილი იმდენად მიყრუებული და მიგდებული ყოფილა, რომ საანდაზოდაც კი გადაქცეულა: "ვისაც ღმერთი მისცემსო, ავანაანთ ხევშიც მისცემსო" (ლეონიძე 2000, 475).

ამჟამად ავანაანთ ხევი ამ ქუჩებისა და თავისუფლების მოედნის ქვეშაა მოქცეული (იხ., მაგ., ზარდალიშვილი 1978, 10, 13; მესხია 1958, 4). იგი გადაიხურა XIX საუკუნის შუა ხანებში; მოეწყო ღვარსადენი და საგანგებო ჯებირები. ქუჩას თავდაპირველად "ნაგორნაია" ერქვა, ხოლო 1843 წელს, როდესაც ეს სახელი ახლანდელ ლერმონტოვის ქუჩას უწოდეს, ყოფილ ავანაანთ ხევს უკვე სალალაკის ქუჩის (Салалакская улица) სახელი მიაკუთვნეს (ბერიძე 1960, 26, 133, 134). სავარაუდოა, რომ ამ ქუჩის აღსანიშნავად ფორმა "სოლოლაკის" მყარი გამოყენება "სალალაკის" ნაცვლად XIX საუკუნის მეორე ნახევარში ხდება (XIX . 60-იანი წლების დამლევს . ბერზენოვი ამ სახელწოდებას მოიხსენიებს, როგორც სალოლაკის, ასევე სოლოლაკის ფორმით (შდრ., Бакрадзе 1870, 123 და 126). თუმცა .-. კლაპროთი უკვე იმავე საუკუნის დასაწყისში ხმარობს სოლალან-ის (იხ., ქვემოთ), ხოლო 1800 წელს კაპიტან ჩუიკოს მიერ შედგენილ თბილისის გეგმაზე გვხვდება ფორმა სოლაკი (იხ., ქვემოთ).

ამ ცვლილებას შესაძლოა რამდენადმე ხელი შეეწყო რუსული ენისათვის დამახასიათებელი "о" ხმოვნის "а"- გამოთქმამაც. სოლოლაკი ქალაქის ბურჟუაზიის უმთავრეს უბნად, ნამდვილ ციტადელად იყო გადაქცეული (იხ. ბერიძე 1960, 34); იგი ითვლებოდა უხვი მცენარეულობისა და სიგრილის [გვ. 314] კერად (Полиевктов/Натадзе 1929, 102). როგორც ჩანს, ქალაქის ახლად წარმოქმნილი, ძირითადად არაქართული მოსახლეობისგან შექმნილი ნუვორიშების კასტისათვის, ისევე როგორც რუსული ადმინისტრაციისათვის მიუღებელი იყო ქართული სახელწოდება "ავანაანთ ხევი" (სოლოლაკი ძირითადად სომხურ უბნად იყო მიჩნეული XX . დასაწყისისთვის (იხ., მაგ., Villari 1906, 333)). გასათვალისწინებელია, . ბერიძის შენიშვნა, რომ ტოპონიმი "სოლოლაკი" გაჩნდა XIX საუკუნის I ნახევარში, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სალალაკის - სოლოლაკის ხევის სახელი დაიმკვიდრა გარეთუბანში მდებარე "ავანაანთ ხევმა" და, შესაბამისად, მის ზემო წელზე მიმდებარე ტერიტორიამაც (ბერიძე 1977, 58; ბერიძე 1985, 456).

მოსაზრება, რომ თითქოს ავანაანთ ხევის ძველი სახელწოდება "სალალაკის წყალი" უნდა ყოფილიყო (კვირკველია 1985, 34; ბერიძე 2002, 836), არსებული მონაცემებით არ დასტურდება [1]. ეს შეხედულება უნდა მომდინარეობდეს ვახუშტის გეგმის (H - 2079) ექსპლიკაციებიდან, სადაც სალალაკის წყალი ეწოდება წყლის ნაკადს, რომელიც გეგმაზე ("სახე ტბილისისა") ჯერ სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ ფერდობს გასდევს აღმოსავლეთის მიმართულებით ანუ ვახუშტისეული აღწერის "სალალაკის წყლის" (უფრო გვიანდელ ცნობათა "წავკისის წყლის") პარალელურად, შემდეგ დასავლეთისაკენ მიემართება [2], ბოლოს კი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ იღებს პირს და იქვე მდებარე ბაღებში იქსაქსება. აქ ბაღები მეფე-დედოფლის გარდა ჰქონიათ ბატონიშვილებს, თბილელს, ქალაქის მამასახლისს და სხვ. აღნიშნული ბაღები ვახუშტის გეგმაზე ბეჟანას ქარვასლას (გეგმის განმარტებებში 37-ით აღნიშნული), ანუ დღევანდელი თავისუფლების მოედნისა და დადიანის ქუჩის გადაკვეთის ადგილის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდნენ და ცხადია, ეს წყალი ავანაანთ ხევის ზემო ნაწილში, კერძოდ, დღევანდელი ლეონიძის ქუჩის ქვეშ გამავალ ხევში ნაკლებად თუ მოხვდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ხევი მშრალ, სანიაღვრე ხევად ყოფილა მიჩნეული (Кобяков 1880, 260; შდრ. კვირკველია 1985, 34) და ბუნებრივია, იგი ვერ ატარებდა ვახუშტის გეგმის ექსპლიკაციებში მოცემულ სალალაკის წყლის სახელს.

ტერმინ "სალალაკის წყლის" ორ განსხვავებულ ადგილას გამოყენებით გამოწვეულ გაურკვევლობას გარკვეულ შუქს ჰფენს რუსეთის ხელისუფლების დავალებით შესრულებული და მოსკოვში დაცული (ЦГВИА, Фонд ВУА, 22656) თბილისის 1782 წლის რუკა (იხ. ბერიძე 1960, 21, სურ. 1; 130, შენ. 2), რომლის საშუალებითაც ირკვევა, რომ წყლის ორივე ეს ნაკადი, "სალალაკის წყლად" სახელდებული, სინამდვილეში ერთიდაიმავე მდინარის წყლისაგან შედგებოდა, რომლის ძირითადი დინება აბანოთუბანში ჩაედინება, ხოლო ჩრდილოეთის განშტოება [3], ორ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ, ნაწილად დაყოფილი, ერთი მხრივ, ჯერ აღმოსავლეთით, ხოლო შემდეგ შაჰ ტახტის სიახლოვეს ვიდრე ჩრდილოეთისაკენ გაუხვევდა, თავის მხრივ ორად იყოფოდა, ნაწილი გალავნის შიგნით შედიოდა და ციტადელისაკენ იღებდა გეზს [4], ხოლო უფრო წყალსავსე დინება ქალაქის დასავლეთ გალავანს ჩრდილოეთისკენ მიუყვებოდა და კოჯრის კართან ავანაანთ ხევს უერთდებოდა, ხოლო წყლის მეორე, ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ჰკვეთდა სოლოლაკის ქედს, გამოდიოდა დღევანდელი ამაღლების ქუჩასთან (Бадриашвили 1957, 17) და დაახლოებით დღევანდელი ქიქოძისა და [გვ. 315] ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთასთან ისიც ორად იყოფოდა, რომელთაგანაც მარჯვენა ტოტი, ისევე როგორც ვახუშტის გეგმაზე ბაღებში იქსაქსებოდა [5], ხოლო მარცხენა ავანაანთ ხევის ზედა ნაწილს უერთდებოდა [6]. როგორც ჩანს, სწორედ ამ გარემოებით, ერთიდაიმავე სალალაკის/წავკისის წყლის ორ განშტოებად დაყოფით, უნდა აიხსნას ვახუშტის ძირითადი ტექსტისა და მის თანმხლებ გეგმის ექსპლიკაციებში ერთი და იმავე, აბანოთუბანში ჩამავალი, მდინარისათვის ორი სხვადასხვა სახელის, წავკისის წყალი და სალალაკის წყალი გამოყენება და ამასთანავე ერთი და იმავე მდინარის ორ, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის, განშტოებებად მიჩნეული ნაკადებისათვის, შესაბამისად, ვახუშტის გეგმის ექსპლიკაციებში ორი განსხვავებული სახელის, "წავკისის წყლისა" და "სალალაკის წყლის", მიკუთვნება. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ აბანოთუბანში ჩამავალი მდინარე იყო ამ ორი სახელით სახელდებული, არამედ გარეთუბანში გამოყვანილი მისი ნაკადიც, კერძოდ, ავანაანთ ხევისკენ დინების მქონე სალალაკის წყალსაც ერქვა იმავდროულად "წავკისის წყალი"; ჩუიკოს მიერ 1800 წელს შედგენილ რუკაზე გარეთუბანში რამდენიმე ადგილას ნაჩვენებია ბაღების მოსარწყავ არხთა სისტემა, რომელიც შემდეგი სახელწოდებებით მოიხსენიება: "ров водяной для пущания по садам воды", "водяной ров из речки Цавкисы для пущания воды в сады" (იხ. ბერიძე 1960, 20, 23, სურ. 2; შდრ. ბერძნიშვილი 1965, 77, 87:1, 3; დანართი: თბილისის 1800 წლის გეგმა).

მხოლოდ მას შემდეგ რაც დღევანდელ ლეონიძის ქუჩას "ნაგორნაიას" ნაცვლად "სალალაკის ქუჩის" სახელი მიეკუთვნა, ადრე აქ არსებული ხევის სახელი ავანაანთ ხევი შეუნარჩუნდა მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით მტკვრისაკენ (მუხრანის, იგივე ბარათაშვილის ხიდთან) ჩამავალ მის ქვედა ნაწილს, ხოლო უკვე გადახურულ და ამაღლების ქუჩის შუა ნაწილიდან დიდ მილში მიწის ქვეშ გამავალ სანიაღვრე ხევის ზედა ნაწილს ეწოდა  "სოლოლაკის ხევი" (შდრ. Берзенов 1870, 123; ბერიძე 1947, 132). აღსანიშნავია, რომ უფრო ადრეული  1821, 1828 და 1831 წლების თბილისის გეგმების მიხედვით გარეთუბანში ცვლილებები არ ჩანს. . . "სალალაკის ბაღები" ისევ ხელუხლებელი რჩება, ხოლო ტოპონიმი "სალალაკი" პირველად გარეთუბნის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, 1828 წლის გეგმა-პროექტზეა [7] დაფიქსირებული, ისიც უბნის ზედა ნაწილში, იმ ადგილებში, რომლებიც უფრო ადრეულ გეგმებზე მხოლოდ ბაღებით იყო დაფარული. აქ უკვე ჩნდება სოფელი სალალაკი. იმდროინდელ დაგეგმვაში სალალაკი სრულიად გათიშულია მომავალი რუსთველის პროსპექტის რაიონისაგან გიორგი ბატონიშვილისეული ბაღით (ბერიძე 1960, 25, 28, 29; კვირკველია 1985, 77).

ამრიგად, სალალაკის ხევის აბანოთუბანში ლოკალიზაციისათვის, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ვახუშტის ზემომოყვანილი სიტყვები, რომ "...კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი... სამჴრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს", აგრეთვე "სალალაკის-ჴევის კარს უწოდებენ განჯისკარად". სოლოლაკის ხევის, სამხრეთულ, აბანოების უბანში, ლოკალიზაციას მოწმობს აგრეთვე 1776 . წყალობის სიგელი, რომლის მიხედვით, თაბორის ციხის ძირთან მდებარე მიწის ნაკვეთი ირწყვებოდა სოლოლაკის წყლის საშუალებით (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივის ფონდი 1449, 161; იხ. ბერიძე 1977, 96) [8]. ამასვე [გვ. 316] მოწმობს 1800 წელს რუსი კაპიტნის ჩუიკოს მიერ შედგენილ გეგმაზე დატანილი წარწერა: "Речка Цавкис она же Солаки" (ЦГВИА, Фонд ВУА, 22660, იხ. ბერძნიშვილი 1965, 83-87; დანართი: თბილისის 1800 წლის გეგმა; შდრ. ბერიძე 1960, 23, სურ. 2; 130, შენ. 2). გასათვალისწინებელია, აგრეთვე, 1807-1808 წწ. თბილისში მყოფი, .-. კლაპროთის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის სამხრეთ ნაწილში მდებარე განჯისკარიდან განჯისაკენ მიმავალი გზა სოლალანის ველზე გადიოდა (იხ. Полиевктов/Натадзе 1929, 69) [9].

თუ ტერმინი სალალაკი/სოლოლაკი მთისა და ქედის გარდა თავდაპირველად იხმარებოდა ე. წ. წავკისის წყლის, მისი ხეობისა და მდინარის მტკვართან შეერთების სამხრეთით მდებარე ველის აღსანიშნავად, უფრო გვიან ამავე მდინარის ჩრდილოეთი განშტოების წყლის გარეთუბნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბაღების სარწყავად გამოყენების გამო ამ უბნის სარწყავი სისტემის წყლისა და იქვე XIX საუკუნის პირველ ნახევარში არსებული სოფლისათვის; ხოლო მას შემდეგ, რაც ავანაანთ ხევის გადახურვის შედეგად მოწყობილ ქუჩას "ნაგორნაიას" სალალაკის სახელი მიეკუთვნა, ეს ტერმინი გავრცელდა ქალაქის ყოფილი გალავნის (დაახლ. შ. დადიანის ქუჩის მარცხენა მხარის), დასავლეთითა და მთაწმინდის სამხრეთით მდებარე ვრცელ უბანზე.

შენიშვნები:

[1] სახელწოდება ავანაანთ ხევის სიძველეს თუნდაც ის უნდა მოწმობდეს, რომ ჯერ კიდევ ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის ხანაში, მცხეთის 1546 წლის სიგელში იხსენიებიან თბილისის მცხოვრები ავანაშვილები (ლეონიძე 2000, 475). ავანაანთ ხევი ყოფილა კახეთშიც, ძველ გავაზში (ლეონიძე 2000, 475), ხოლო სოფ. ავანა ნიგალის ხეობაში, ართვინის ჩრდილო-დასავლეთით (Исарлов 1899, 283).

 [2] ეს წყალი დაახლ. . დადიანის . დასავლეთით მდებარე . ასათიანის . სექტორიდან მკვეთრად უხვევდა დასავლეთისაკენ და დღევ. . ქიქოძის (ყოფილი მახარაძის) ქუჩის გაყოლებით ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდა (იხ. Кобяков 1880, 290-291; ბერძნიშვილი 1965, 78, 79; დანართი: ვახუშტის გეგმა); აქ, კოჯრის გზის გადაკვეთამდე, სალალაკის წყალი (ვახუშტის გეგმის განმარტებებში 43-ით აღნიშნული), დაახლ. დღევ. ლერმონტოვისა და ქიქოძის ქუჩების გზაჯვარედინთან და თბილელის ბაღის ( 42) მახლობლად ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ იღებდა გეზს მეფის დიდ, დედოფლისა და მამასახლისის ბაღებისაკენ (№№ 40, 39, 48).

[3] . ბადრიაშვილის განცხადებით, იგი ხელოვნურად მოწყობილ წყალსადენს წარმოადგენდა და XIX . ოცდაათიან წლებამდე ჯერ ბაღების სარწყავად გამოიყენებოდა, ხოლო შემდეგ ამჟამინდელი თავისუფლების მოედნისა და ძველი ქალაქის აუზებს წყლით ამარაგებდა (იხ. Бадриашвили 1957, 16, 17).

[4] ეს უნდა ყოფილიყო . ტურნეფორისეულ თბილისის 1701 წლის ნახატზე, სოლოლაკის ქედის თხემზე გამავალი აკვედუკი (კვირკველია 1985, 70). იგივე არხი გარდა ვახუშტის გეგმისა დატანილია 1785 და 1800 წწ. თბილისის რუკებზეც (იხ. ბერძიშვილი 1965, 76).

[5] ნიშანდობლივია, რომ 1823 . მარტში რუსი ადმინისტრაციისადმი მიწერილ განცხადებაში (იხ. ბერიძე 1977, 57) თეკლა ბატონიშვილი მისი ბაღის მოსარწყავად გამოყენებულ ნაკადულს მოიხსენიებს არა ჰიდრონიმით სოლოლაკის წყალი, არამედ როგორც "განწესებულს სოლოლაკიდამ წყალს". [გვ. 317]

[6] იგივე ვითარებაა ასახული 1785 წელს პიშჩევიჩის მიერ შესრულებულ რუკაზეც (იხ. ბერძნიშვილი 1965, 80-82; დანართი: თბილისის 1785 წლის გეგმა პიშჩევიჩისა).

[7] "Новый план Тифлиса", შესრულებული ტენგინის ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკის სემიონოვის მიერ. ეს გეგმა შემდგომში საფუძვლად დასდებია სოლოლაკის უბნის მშენებლობას (იხ. ბერიძე 1960, 28, 29).

[8] თაბორის მთის ადგილმდებარეობისათვის, იხ., მაგ., Исарлов 1899, 328; ბერიძე 1977, 88; კვირკველია 1985, 44.

[9] აღსანიშნავია, რომ .-. კლაპროთი სოლალანის სახელით იცნობს სოლოლაკის ქედსაც, თუმცა ვახუშტისეულ სალალაკის წყალს უკვე "წავკისის წყალს" უწოდებს (იხ. Полиевктов/Натадзе 1929, 67-68), ისევე, როგორც თვით ვახუშტისეული 1735 . გეგმა (Кобяков 1880, 290-291).

ლიტერატურა:

ალექსიძე 2007 = . ალექსიძე. "...და ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისა...", გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", 47, ოთხშაბათი 14 მარტი, 2007 .

ბერიძე 1947 = . ბერიძე. XVIII საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, - ანალები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, 1947. თბ., 1947.

ბერიძე 1960 = . ბერიძე. თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917 წლები. თბილისი, 1960.

ბერიძე 1977 = . ბერიძე. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. თბილისი, 1977.

ბერიძე 1985 = . ბერიძე. სოლოლაკი, - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, . 9, 1985.

ბერიძე 2002 = . ბერიძე. სოლოლაკი, - თბილისის ენციკლოპედია. თბილისი, 2002.

ბერძნიშვილი 1965 = . ბერძნიშვილი. თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში (ქართული დოკუმენტური მასალის მიხედვით). თბილისი, 1965.

დონდუა 1923 = . დონდუა. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი. ტფილისი, 1923.

ვახუშტი 1973 = ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, . IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1973.

ზარდალიშვილი 1978 = გრ. ზარდალიშვილი. თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია. თბილისი, 1978.

კვირკველია 1985 = . კვირკველია. ძველთბილისური დასახელებანი. თბილისი, 1985.

ლეონტი მროველი 1955 = ლეონტი მროველი. ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955. [გვ. 318]

ლეონიძე 2000 = . ლეონიძე. ავანაანთ ხევი, წგნ.: გიორგი ლეონიძე, ოლე. შემდგენელი და რედაქტორი: . ორჯონიკიძე. თბილისი, 2000.

მელიქსეთ-ბეგი 1959 = . მელიქსეთ-ბეგი. ძალისი-თბილისი-ფაიტარაკანი, წგნ.: თბილისი - 1500. თბილისი, 1959.

მესხია 1958 = . მესხია. უძველესი თბილისი, - წგნ.: . მესხია, . გვრიტიშვილი, . დუმბაძე, . სურგულაძე. თბილისის ისტორია. თბილისი, 1958.

ქავთარაძე 2006 = . ქავთარაძე. საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები (ადრეული ხანიდან). იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი. კავკასიოლოგიური სერია, II. თბილისი, 2006.

ღვინიაშვილი 2005 = . ღვინიაშვილი. სოლოლაკის არაბულენოვანი წარწერები, - პერსპექტივა-XXI, VII. თბილისი, 2005.

ჩიქოვანი 2002 = . ჩიქოვანი. შუა აზიის არაბული დიალექტები. კაშკადარიული დიალექტი (ფონოლოგია, გრამატიკა, ლექსიკა). თბილისი, 2002.

ჯანაშვილი 1899 = . ჯანაშვილი. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი. ქუთაისი, 1899.

Бадриашвили 1957 = Н. Бадриашвили. Тбилиси. Тбилиси, 1957.

Бакрадзе/Берзенов 1870 = Д. Бакрадзе, И. Берзенов. Тифлис в историческом и этнографическом отношениях. Санктпетербург, 1870.

Баранов 1962 = Арабско-русский словарь. Составил Х. К. Баранов. Москва, 1962.

Баскаков 1977 = А. Н. Баскаков, Н. П. Голубева, А. А. Кямилева, К. М. Любимов, Ф. А. Салимзянова, Р. Р. Юсипова. Турецко-русский словарь. Москва, 1977.

Будагов 1869 = Сравнительный словарь турецко-татарских наречий, со включением употребительнейших слов арабских и персидских и с переводом на русский язык. Составил Л. Будагов. Том I. Санктпетербург, 1869.

Вейденбаум 1888 = Е. Вейденбаум. Путеводитель по Кавказу. Тифлис, 1888.

Ган 1909 = К. Ф. Ган. Опыт объяснения кавказских географических названий, В кн.: Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып. 40. Тифлис, 1909.

Исарлов 1899 = Л. С. Исарлов. Письма о Грузии. Тифлис, 1899.

Кобяков 1880 = Краткий географический и топографический очерк Тифлиса, В кн.: Сборник cведений о Кавказе, том VI. Составлен и редактирован Д. А Кобяковым. Тифлис, 1880.

Миллер 1960 = Персидско-русский словарь. Составил Б. В. Миллер. Москва: Государственное издательство иностранных и национальных словарей, 1960.

Натадзе 1925 = Г. Натадзе. Этюды по истории Тифлиса на основании рельефа его территории. В кн.:  Тифлис и его окрестности (Путеводитель). Ред.: И. А. Асланишвили. Тифлис, 1925.

Полиевктов/Натадзе 1929 = М. Полиевктов, Г. Натадзе. Старый Тифлис в известиях современников. Тифлис, 1929.

Brockelmann 1962 = C. Brockelmann. Arabische Grammatik. Paradigmen, Literatur,  Übungsstücke und Glossar. Leipzig, 1962.

Villari 1906 = L. Villari. Fire and Sword in the Caucasus. London & New York, 1906. [gv. 319]

 

GIORGI KAVTARADZE

 

FOR THE LOCATION OF SOLOLAKI

               

                Sololaki Street was the name of the present Leonidze street (Kirov street during the Soviet times). According to the popular thought the place was the ravine of the Sololaki river and after filling up the place the name was transferred to the street that was built in this place.

            The word "Sololaki" is considered to be originated from the Arabic word "Sululahad" meaning irrigating channel. However, more convincing seems the origination of the word "Sululahad" from the Turkish word "Su-Lula", su meaning water and lula - a hole where the stream flows through. We should not also exclude that the word salalaki, apart from the Arabic سال, sāla, "to flow", may have another element as a word لقى laqiya "to meet" which denote the water reservoir arranged in the citadel at the ridge of the mountain.

                According to Vakhushti Bagrationi, a 18th century scholar and a geographer, Narikala castle is built on the crest of the Sololaki hill and that the river Sololaki divides Kala (Narikala) and Abanotubani, located to the south direction from Kala, i.e. Tbilisi city, proper.

            The modern name of the river Sololaki is Tsavkisis Tskali, it had also the name Leghvis Khevi; and in the 19th century it was known as Dabaghkhanis Khevi.

            As Sololaki river valley joins the Kura at the opposite bank of Metekhi, lower of the Abanotubani i.e. Seidabadi, the 19th century "Sololaki street" could not be arranged at the place of the Sololaki  river; the place of this street was known as Avanaant Khevi which was mainly a dry channel for rain flood, and naturally it could not bear the name Salalakis Tskali.

            In addition to Vakhushti's information about the location of Salalaki ravine there is an Award Certificate of 1776 which says that the plot of land at the foot of Tabori castle was irrigated by Sololaki waters. It should be noted also that in the beginning of 19th century H.-J. Klaproth, visiting Tbilisi, gives us the information according to which the road leading from Ganjiskari to Ganja, crossing the southern part of Tbilisi, went through the Solalani field.

            If the place-name Salalaki/Sololaki was originally denoting (except the crest of the hill) the river (the Tsavkisis Tskali), its ravine and the field located to the southern part of its estuary, later, because of the application of this name as the irrigating source of the orchards of the western part, it came to use in the beginning of the 19th century for the newly emerged settlement. When the ravine of Avanaant Khevi was roofed to arrange a new street by the name of "Nagornaya" and this later name was changed into the Sololaki street, the place name Sololaki spread far to the west direction of the former city walls and to the vast locality south to Mtatsminda.

ქართველური მემკვიდრეობა, X

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქუთაისი: გამომცემლობა "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", 2006

 

Kartvelian Heritage, X

Akaki Tsereteli State University

Kutaisi: Kutaisi State University Press, 2006

 

Back:

 

http://kavtaradze.wetpaint.com/

 &

 http://www.scribd.com/people/view/400119-giorgi-leon-kavtaradze

or

http://www.geocities.ws/komblege/