დაიაენი/დიაუხის ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიცია. Giorgi Kavtaradze. Daiaeni/Diaui and the Georgian Political Tradition (in Georgian)

 

 

მოსე ჯანაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

 

(მოხსენებების მოკლე შინაარსი)

 

თბილისი, 2005 წლის 30 მაისი – 2 ივნისი

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

 

თბილისი: გამომცემლობა “მემატიანე”

 

2005

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

დაიაენი/დიაუხის ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიცია

 

 

/გვ. 13:/ საქართველო ისტორიულად სამი ძირითადი – აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი – ნაწილისაგან შედგება. სამივე ეს მხარე ჩამოყალიბებული იყო მათივე წიაღში არსებულ უმთავრეს მდინარეთა აუზების გარშემო: აღმოსავლეთი საქართველოსათვის განმსაზღვრელი იყო მტკვრის  აუზი, დასავლეთი საქართველოსათვის – რიონისა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთისათვის – ოროხის. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ეპოქებში აღმოცენდა წარმართული იბერია, ქრისტიანული ქართლი (ივერია) და ქართლ-კახეთის სამეფო, დასავლეთ საქართველოში – კოლხეთი, ეგრისი/ლაზიკა, აფხაზეთისა და იმერეთის სამეფოები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე – დაიაენი/დიაუხი, ხორძენე-მოსხიკე, ტაო-კლარჯეთი და სამცხე-საათაბაგო. საქართველოს ძლიერების ხანაში ხდებოდა ამ სამი, ერთი შეხედვით განსხვავებული სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე, მხარის გაერთიანება, ხოლო დაუძლურებისას – ერთმანეთისაგან დაშორება. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების აღმოცენების შედარებით ადრეულობაზე უნდა მიგვანიშნებდეს ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია და ისტორიული საქართველოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი განვითარების პროცესი.

 

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია დაიაენი/დიაუხის ქვეყანა. ასურულ ეპიგრაფიკულ წყაროებში იგი წარმოდგენილია Daiaeni ან Daiani-, ხოლო ურარტულში – Diaui ან Diauei ფორმით. აღნიშნული წერილობითი წყაროები მოწმობენ ამ ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი "ქალაქებით", ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპუ/გვ. 14:/რი ნაგებობებით, მეურნეობის წამყვანი სახეობებითა და მეტალურგიით; აგრეთვე საკმაოდ დაწინაურებული იერარქიული ტიპის ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი სტრუქტურით.

 

მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა მდ. ევფრატის (კარა-სუ) სათავის ჩრდილოეთით ანუ შემდეგდროინდელი ქართული მხარის ტაოს (სომხური წყაროების – ტაიქი) ადგილას. ასურული დაიაენი/დაიანისა და ურარტული დიაუხი/დიაუეხის შესატყვისია ქსენოფონტის "ანაბასისში" მოხსენიებული ტაოხთა (T‹ocoi – Anab., IV, VI, 5; IV, VII, 1-14) ქვეყანა. ანლაუტში d- > t- პროცესი დასაშვებია ხურიტულსა და ქართველურ ენებში, ხურიტულში -eni/-enni/-ine და --e  სუფიქსები გამოხატავენ კუთვნილებას, ხოლო ქართულში -an/-en- სუფიქსები – მრავლობით რიცხვს, კრებითობასა და წარმომავლობა-კუთვნილებას; ქართველურსა და სხვა კავკასიურ ენებში -- სუფიქსი ასევე გამოიყენება ეთნო-ტოპონიმების საწარმოებლად. ურარტულ წარწერებში ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლენილ დიაუხის, კულხასა და სხვა ქვეყნების ონომასტიკონის ხურიტულ-ურარტული ელფერის ასახსნელად, ალბათ გასათვალისწინებელია აქადურ-ახალასურული ტიპის ურარტული დამწერლობის უშუალო წარმომავლობა ერთ-ერთი ხურიტული (სავარაუდოდ ალზის მხარის) ლურსმული სახეობიდან, რასაც, შესაძლოა, განეპირობებინა უცხოენოვანი სახელების გაჟღერება წარწერათა შემდგენელთათვის შედარებით უფრო უკეთესად ცნობილ ხურიტულ თუ ურარტულ სახელებთან მიმსგავსებით. ძნელი წარმოსადგენია ამიერკავკასიის ქართველური მოსახლეობა ოდესმე სხვაენოვანი ხალხით ყოფილიყო მოწყვეტილი ჩრდილოეთ ანატოლიაში, ტრაპეზუნტ-კერასუნტის სექტორში ძველთაგანვე დადასტურებული და იქ ავტოქტონებად მიჩნეული კოლხური მოსახლეობისაგან (Xen., Anab., VIII, 22; V, II, 1; V, III, 2; შდრ. Diod., XIV, 30, 3).

                                                                                                                                                                                          

დაიაენის ქვეყნის შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარ/გვ. 15:/წერები: შუაასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. . 1115-1077 წწ.) წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის სათავეში მდგომი დაიაენი, ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და "ზედა" ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული. კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის (ძვ. . 859-824 წწ.) მიერ ნიმრუდის სასახლის "ფრთოსან ხარებზე" დატოვებულ წარწერაში. ეს წარწერა გვამცნობს, რომ ძვ. . 844 . ევფრატის სათავესთან მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქშიაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება. მდ. ევფრატის სათავე მდებარეობს . ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით. აშკარაა, რომ დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი ამ მდინარის სათავის მახლობლად მდებარეობდა.

 

სალმანასარ III-ის წარწერაში არ არის ნახსენები დაიაენის დედაქალაქის სახელწოდება, მაგრამ იმავე საუკუნის დამლევიდან დიაუხი ხდება ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი და ურარტუს მეფის, მენუას (ძვ. . 810-786 წწ.) წარწერები ერზურუმის აღმოსავლეთით მდებარე იაზილითაშიდან და ზივინიდან სავარაუდოდ გვამცნობს ამ ქალაქის სახელწოდებას – მენუა იუწყება, რომ მან დაიპყრო დიაუხის სამეფო ქალაქი შაშილუ (Šašilu).

 

როგორც ცნობილია, სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ ხანაში დაიაენი/დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს ადგილი არ უნდა ჰქონოდათ, ამიტომ საფიქრებელია, რომ ასიას სატახტო ქალაქი სწორედ შემდეგდროინდელი დიაუხის დედაქალაქი შაშილუ უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ბგერები: s და š, r და l, o და u ურარტულ დამწერლობაში ერთმანეთისაგან არ განირჩევა, ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის კვლევისას რეკომენდირებულია š- s-, ხოლო u- o- წაკითხვა, ტოპონიმი "შაშილუ" უნდა აღდგეს "სასირო"- ან "სასილო"- ფორმით.

 

"შაშილუს" ლოკალიზაციისათვის გასათვალისწინებე/გვ. 16:/ლია, რომ მდ. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის, დუმლუ-სუს სათავეებიდან (აქ რამდენიმე ათეული ნაკადული იყრის თავს) ჩრდილო-დასავლეთით დაახლ. 15-20 კმ-ით, იმიერ-ტაოში, თორთუმის-წყლის (თურქ. Tortum-ηay) ზედა წელთან, თორთუმის ციხეს (თურქ. Tortum-kale; ცნობისათვის: სამხრეთ საქართველოს 1917 . არქეოლოგიური ექსპედიციის მასალებში თორთუმის ციხისა და თორთუმის ხეობის მეორე ციხის – აღჯა ყალას მონაცემები ერთმანეთშია აღრეული) დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ეკვრის სოფელი საღირი (Sağır, ამჟამად ესენ-დურაქი), რომლის ძველი ქართული სახელწოდებაა "სასირე". შესაბამისად, თუკი ტოპონიმი "სასირე" ურარტული წყაროების "შაშილუ"-სთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის წაკითხვისას უპირატესობა უნდა მიენიოს ფორმას – "სასირო" (შდრ. პარალელური ყალიბები: სა-სირ-, სა-სირ-).

 

ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთუმის ციხე ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და გაბატონებული მდგომარეობა ეკავა მდ. ევფრატის სათავეებისა და ერზურუმის მხარეზე, სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი და ამასთანავე დიაუხის ქვეყნის ადრეული ხანის დედაქალაქი შაშილუ. შემთხვევითი არ ჩანს ისიც, რომ სწორედ თორთუმის ციხე წარმოადგენდა XV -ის დასაწყისში თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს, ხოლო 1549 . დეკემბერში ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი იუწყება ოსმალთა მიერ თორთუმის ციხისა და აღჯა ყალას აღებას და თორთუმს "გურჯისტანის ქვეყნების” დედაქალაქად მოიხსენიებს.

 

ტოპონიმი "სასირო" შესაძლოა დიაუხის მოსახლეობის ქართველურობაზე მიგვანიშნებდეს; "სასირე" ხომ ძველქართულად "ჩიტების ადგილს" ნიშნავს (შდრ. "სასირეთი" – სოფელი შიდა ქართლში და სხვ.). გასათვალისწინებელია აგრეთვე დიაუხის შემადგენელი ქვეყნების – შეშეთის (šešeti), დიდის /გვ. 17:/  (didi(ni)) და სხვ. – სახელწოდებათა ქართული ჟღერადობა. აღნიშნული გარემოება და დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი დედაქალაქის დღევანდელი თორთუმ-კალესა და სოფ. ესენ-დურაქის ადგილას ზემოთ ნავარაუდევი ლოკალიზაცია, შესაძლოა, ძვ. . IX -ში არსებული უძველესი ქართული დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებასაც იძლეოდეს.

 

არ არის გამორიცხული დაიაენი ხეთური წყაროების ხაიასას (შდრ. ხალიბი/ხალდი/ხალიტუ) ქვეყნის მემკვიდრე იყოს. გარდა ორივე ქვეყნის ოროხისა და ევფრატის ზემო წელის მხარეებში მდებარეობის ნაწილობრივი დამთხვევისა, შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს ამ ორი ქორონიმის (ხაია-სა, დაია-ენი) ფუძეებისა და "აია"- საერთო წარმომავლობის დაშვება, თუკი აიხსნება ანლაუტში დენტალური და ველარული ფონემების მონაცვლეობა ნულთან. ეს სრულიად ახალ პერსპექტივებს დასახავდა რეგიონის უძველესი ისტორიის საკითხთა კვლევისას. ეთნო-ტოპონიმების მსგავსი პარალელური ვარიანტები დასტურდება ძველ წერილობით წყაროებში (შდრ. ხალიბი/ალიბე, ხარიმატი/არიმატი, ხაბარენი/ობარენი, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, თორეტი/ორეტი, თუნი/უნი და . .., ეგებ თორთ-უმი/ოლთ-ისი, ვალი/დუალი და უფლისი/ტიფილისიც).

 

სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ადგილი უნდა ჰქონოდა მოსახლეობის ეთნიკურ სიახლოვეს – ყარსისა და არტაანის სანახებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ანალოგიურია გვიანბრინჯაო-ადრეული რკინის ხანის სამთავროს (მცხეთა) კერამიკის, ხოლო მტკვრის ზემო დინების რეგიონის დიაუხის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისადმი კუთვნილებას მოწმობენ ურარტული ეპიგრაფიკული მონაცემები. ამ ორი რეგიონის დამაკავშირებელ არტერიას მტკვრის დინება წარმოადგენდა, რაც ხელს შეუწყობდა მდინარის გაყოლებაზე მოსახლეობის გავრცელებას.

 

რამდენადმე მსგავს ვითარებას ადგილი უნდა ჰქონოდა დიაუხის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე, სა/გვ. 18:/დაც ოროხის ქვემო წელთან ყალიბდებოდა დიაუხის მეტოქე და მემკვიდრე ქვეყანა, ურარტული ლურსმული წარწერების კულხა (qula) – კოლხეთის ადრეული სახელმწიფო. დროის მსვლელობასთან ერთად ოროხის აუზში მდებარე კულხას თავის მხრივ ჩაენაცვლა ძველბერძნული წერილობითი წყაროებით კარგად ცნობილი და შავიზღვისპირეთში მდებარე კოლხეთი (Κολχίς). როგორც ჩანს, ოროხის დინებას უკავშირდებოდა კოლხეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის თანდათანობითი გადანაცვლება სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ.

 

შეიძლება ითქვას, რომ დაიაენი/დიაუხი იყო ამიერკავკასიის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეებში არსებული ქართული სახელმწიფოების წინაპარი ქვეყანა და შესაბამისად, ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის რაობის გარკვევას სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიოს საზოგადოდ ადრეული ამიერკავკასიური სახელმწიფოების აღმოცენება-განვითარების საკითხთა შესწავლის თვალთახედვით და კერძოდ ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციის ფესვების ძიებისას.

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 &

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon