სამეფო აკლდამებისსოციოლოგიური ინტერპრეტაციისათვის

 

 

მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის, VII

 

 

რედაქტორი ტარიელ ჩუბინიშვილი

 

 

თბილისი

გამომცემლობამეცნიერება

1979

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

სამეფო აკლდამებისსოციოლოგიური ინტერპრეტაციისათვის

 

 

/გვ. 83/ ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში ძველ აღმოსავლეთსა და მის მომიჯნავე მხარეებში, პირველყოფილი თემური წყობილების უმაღლეს საფეხურზე, საკვებწარმოებითი ეკონომიკის მნიშვნელოვანმა განვითარებამ და რეგულარული ნამატი პროდუქტების არსებობამ დასაბამი მისცა შრომის მეორე დიდ საზოგადოებრივ დაყოფას, ხელოსნობის გამოყოფის მიწათმოქმედებისაგან და წარმოების პარცელაზიას. სასაქონლო წარმობამ და მასთან დაკავშირებულმა სავაჭრო ურთიერთობების ჩასახვამ გამოიწვია ქონებრივი და სოციალური დიფერენციაციის ზრდა, ტომობრივი არისტოკრატიის განცალკევება და მის ხელში ქონებისა და ძალაუფლების თავმოყრა. კლასთა წარმოქმნის ეს პროცესი, რომელიც პირველყოფილი თემური წყობილების დასკვნით ფაზას განეკუთვნება.

წინაისტორიული ხანის საზოგადოებებში სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დონის დადგენა მხოლოდ არქეოლოგიური მასალის განხილვის შედეგად ხდება შესაძლებელი. თუ ზოგიერთი არქეოლოგი წერილობითი წყაროების გამო ამის დადგენას შეუძლებლად მიიჩნევდა[1], დღეს არქეოლოგიური მასალის საფუძველზე გაგვაჩნია რიგი საინტერესო ნაშრომი, სოციალური დიფერენციაციის პროცესის ჩასახვისა და მსვლელობის შესახებ[2].

“კლასთა წარმოქმნის“ ხანა, რომელიც უფრო „სამზედრო დემოკრატიის“ სახელით არის ცნობილი, ხშირად ხასიათდება მდიდრულად მორთული სამარხების ე. წ. „სამეფო აკლდამების“ არსებობით, რომლებიც ტომთა ან ტომთა კავშირების ბელადებისა და, ზოგ შემთხვევაში კი, თვით მეფეების (თუკი ამ საზოგადოებაში უკვე იყვნენ მეფეები) სასუფევლებს წარმოადგენდნენ.  „სამეფო აკლდამების“ წარმოქმნის ხანა საკმაოდ ფართო ქრონოლოგიურ პერიოდს მოიცავს და ამდენად მათი გამოჩენა ძველი სამყაროს სხვადასხვა მხარეში მუდმივად ერთი და იმავე ცენტრიდან მომდინარე ზემოქმედებით ძნელი ასახსნელია. /გვ. 84/ ეს აკლდამები, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი განვითარების გარკვეული სტადიის, პირველყოფილი თემური წყობილების დაშლისა და ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების გამომხატველნი არიან[3], მათი სოციოლოგიური ინტერპრეტაციისას ანგარიშგასაწევია, როგორც ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსხვავებები სამარხთა ინვენტარის შემადგენლობაში, ასევე თვით დასაკრძალავი ნაგებობის ხასიათი და დაკრძალვის რიტუალი.

ცხოვრების პირობების თანდათანობით გაუმჯობესებასთან ერთად იზრდება იმ საგანთა რიცხვიც, რომლებსაც წინაისტორიული ხანის ადამიანები იყენებდნენ, ეს კი იწვევდა სამარხეული ინვენტარის ზრდას[4]. პირველყოფილი საზოგადოების განვითარებასთან ერთად თანდათანობით სულ უფრო შესამჩნევი ხდება ქონებრივი უთანასწორება. ეს პროცესი თავის უმაღლეს საფეხურს აღწევს ტომთა ბელადების სამარხების (ე. წ. ”სამეფო აკლდამების”) სახით, რომლებიც გამოირჩევიან როგორც სოლიდურობითა და ზოგიერთ შემთხვევაში თავისი გრანდიოზულობით, ასევე უფრო ადრინდელი ხანებისათვის წარმოუდგენელი სიმდიდრითა და სიუხვით; მათში მოთავსებულ ექსპონატებს შორის ხშირად ვხვდებით ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშებს, ”ბელადების” დაკრძალვა, როგორც ჩანს, რთული სარიტუალო ცერემონიალის მიხედვით ტარდებოდა.

როდესაც ძველ აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალური პროცესები დამახასიათებელი ხდება მისი ”ბარბაროსული” პერიფერიისათვისაც (სადაც თვით სოციალური დიფერენციაციის პროცესის ჩასახვა უნდა მიეწეროს ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე იმპულსებს, რომელთაც დააჩქარეს ადგილობრივი საზოგადოების წიაღში არსებული წინამძღვრების განვითარება), ვრცელდება დაკრძალვის წეს-ჩვეულებების ზოგიერთი ელემენტიც, რომლებიც ახასიათებდა სოციალური განვითარების მოცემულ ეტაპს[5]. მაღალგანვითარებული ცივილიზაციების ზემოქმედების ძირითად მექანიზმს ეტყობა ვაჭრობა წარმოადგენდა; სწორედ სავაჭრო კავშირების ინტენსიფიცირება დაწინაურებულ მხარეებთან იწვევდა ისტორიული განვითარების ტემპების დაჩქარებას ”ბარბაროსულ” პერიფერიაში[6], ხოლო დაკრძალვის რიტუალი, რომელიც ხაზს უსვამდა ბელადთა დაწინაურებულ მდგომარეობას იმქვეყნიურ სამყაროშიც, როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა ნასესხები იყოს უფრო განვითარებულ საზოგადოებებში ჩამოყალიბებულ მეფეთა დამარხვის რიტუალიდან[7]. შესაძლოა, სწორედ ამ ნასესხობით აიხსნას ის დიდი მსგავსება, რომელიც შეიმჩნევა იმ ”სამეფო აკლდამების” დაკრძალვის წეს-ჩვეულებებში, რომლებიც ერთმანეთისაგან დიდი სივრცობრივი და ქრონოლოგიური საზღვრებით არიან დაშორებული და რომლებიც განეკუთვნებიან ძველი სამყაროს სრულიად განსხვავებულ კულტურულ წრეებს. ამავე მიზეზით უნდა აიხსნას ის ზოგიერთი სხვაობაც, რომელიც შეიმჩნევა ”სამეფო აკლდამებსა” და დასაკრძალავ /გვ. 85/ წეს-ჩვეულებების ხასიათსა და რიგითი მეთემეების მომიჯნავე სამარხების აღნაგობას შორის. თუმცა უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ისიც, რომ ერთი და იმავე კულტურის სამაროვნებში, მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რომლებიც ფუნქციონალურ ხასიათს იძენენ, ძირითადად შემონახულია დაკრძალვის წესის ერთგვაროვნება. როგორც ჩანს, ”სამეფო აკლდამების” ადგილობრივი განვითარების შედეგად აღმოცენების მტკიცებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია მათი მსგავსება რიგით სამარხებთან.

საფიქრებელია, რომ დამარხვის წესი, ამსახველი საზოგადოების განვითარების გარკვეული სტადიისა (როგორც ეს გვაქვს ”სამეფო აკლდამების” სახით) თავდაპირველად ვრცელდება იქ, სადაც ადგილი ჰქონია ამ სტადიის ჩამოყალიბებას, ხოლო შემდეგ იძენს ლოკალურ თავისებურებებს ამა თუ იმ კულტურის წიაღში და უკვე საკუთარი, ჩამოყალიბებული სახით, თავის მხრივ, ვრცელდება ამ კულტურის ექსპანსიასთან ერთად; დამახასიათებელი რჩება რა საზოგადოების განვითარების ისევ იმ გარკვეული სტადიისა, რომელიც ძალდატანებითი გავრცელების შემთხვევაში, მოსახლეობის მიგრაციის დროს, უკვე ყოველთვის და ყველგან როდი არის საზოგადოებრივი განვითარების მომასწავებელი.

კლასთა წარმოქმნის ხანის დაკრძალვის წესებში არსებული განსხვავებები პირველ რიგში ნიშნავდა სოციალური დიფერენციაციის არსებობის ასახვას[8]. ტომის ბელადის გაბატონებული მდგომარეობა თავისთავად განაპირობებდა მთელი დოვლათის მის ხელში თავმოყრას. ის, რომ ბელადის ავლა-დიდების დიდი ნაწილი აკლდამაშია მოთავსებული მასთან ერთად, უნდა მიუთითებდეს იმ გარემოებაზე, რომ ძალაუფლება არ გადადიოდა მემკვიდრეობით. ძალაუფლება, როგორც ეს კლასთა წარმოქმნის პერიოდშია საგულვებელი, ტომის განცალკევებული არისტოკრატიის შიგნით ნაწილდებოდა და ტომის ბელადიცა და მთავარი ქურუმიც მისი წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. ამავე დროს ისიც, რომ სიმდიდრის დიდი ნაწილი ”სამეფო აკლდამებისათვის” იყო განკუთვნილი, მიგვანიშნებს სასაქონლო წარმოების განვითარების დაბალ დონეზე, როცა შესაძლებელი იყო დაგროვილი კაპიტალის მსგავსი არარენტაბელური გამოყენება[9]. მდგომარეობა იცვლება კლასობრივი საზოგადოების არსებობის ხანაში, როდესაც საერთო კეთილდღეობის ზრდის პირობებში, სამარხთა შემადგენლობა სულ უფრო მწირი ხდება[10]. როგორც ჩანს, მზარდი მოთხოვნილებებისა და მემკვიდრეობითობის ინსტიტუტის დაფუძნების ვითარებაში, ვლინდება სულ უფრო ქმედითი შესაძლებლობები დაგროვილი სიმდიდრის გამოსაყენებლად

კლასთა წარმოქმნის ხანაში წინააღმდეგობა სიმდიდრის საზოგადოებრივი მოპოვების ფორმასა და მისი მითვისებისა და ფლობის ინდივიდუალურ ფორმას შორის სულ უფრო მატულობს[11]. საზოგადოების სტრუქტურის გართულებასთან ერთად იზრდება სოციალური ფაქტორის როლიც; გაბატონებული ფენა /გვ. 86/ ქმნის მზარდ მოთხოვნილებას შორეული, განვითარებული ქვეყნების სამკაულებსა და იარაღზე[12] და ხელში იგდებს ვაჭრობის საშუალებებს[13]. ვაჭრობა ხელს უწყობს კულტურული მიღწევების გავრცელებას დიდ ტერიტორიებზე[14]; მისი საშუალებით ხდება გაბატონებული ფენის წარმომადგენელთა მატერიალური კულტურის გარკვეული ინტეგრაცია[15], სარიტუალო ცერემონიალის მსგავსებასთან ერთად.

უკანასკნელ დროს გავრცელებული შეხედულების თანახმად, ტომობრივი არისტოკრატიის სამარხთა ასაგებად დახარჯული შრომის რაოდენობა, მოცემული საზოგადოების ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე, ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია აღნიშნული საზოგადოების სოციალური განვითარების დასადგენად[16].

როდესაც ამა თუ იმ საზოგადოების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვლაპარაკობთ, აუცილებელი ხდება მასში მესაქონლეობის მნიშვნელობის გათვალისწინება. მესაქონლეობა საწარმოო ძალების განვითარების დაბალ საფეხურზე მიწათმოქმედებასთან შედარებით უფრო იოლად იძლეოდა ნამატ პროდუქტს[17]. საქონელი, მოძრავი ქონების ადვილად გასხვისებადი ფორმა, შესამჩნევ როლს ასრულებდა კერძო საკუთრების ინსტიტუტის ფორმირებაში[18]. იმ საზოგადოებებში, სადაც ცალკეულ ოჯახებს ჰქონდათ დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა, იწყება მათ მიერ თემის ერთობლივი მეურნეობის დაყოფა; პირუტყვის კერძო მფლობელობის უპირატესობა სულ უფრო თვალნათლივი ხდება[19].

აღსანიშნავია, რომ წინაკლასობრივ ხანაში მდიდრული სამარხები, ”სამეფო აკლდამების” სახით, თითქმის ყოველთვის მესაქონლე ტომების კუთვნილება იყო[20]. მესაქონლეობა, ისევე როგორც მეტალურგია, წარმოადგენდა საწარმოო ძალების იმ ახალ ელემენტებს, რომლებმაც თავისი განვითარებით დაარღვიეს საწარმოო ძალებსა და და საწარმოო ურთიერთობებს შორის პირველყოფილ საზოგადოებაში მანამდე არსებული თანაფარდობა[21]. მესაქონლე ტომები აწარმოებდნენ არა მარტო უფრო მეტ პროდუქტს, ვიდრე ის ტომები, რომლებიც მეურნეობის სხვა ფორმებს მისდევდნენ, არამედ იძლეოდნენ დიდი რაო/გვ. 87/დენობით განსხვავებულ ნაწარმსაც, რაც ხელს უწყობდა რეგულარული აღებ-მიცემობის განვითარებას[22]. მესაქონლეობასთან ერთად ფართოდ ვითარდება ტომთა შორის გაცვლა-გამოცვლაც[23]. მესაქონლე ტომებისათვის პირუტყვი გადაიქცა ძირითად გაცვლით ერთეულად; მისი საშუალებით ხდებოდა ყველა სხვა საქონლის შეფასება[24]. ზოგიერთ ტომებში ნამატი პროდუქტის დაგროვება თავდაპირველად იწვევდა ცალკეული ტომების დაწინაურებას სხვებთან შედარებით[25], ხოლო შემდეგ თვით ტომის შიგნით, ცალკეული ოჯახებისას[26]. ტომის ბელადებისა და მათი ახლობლების ხელში თავს იყრიდა სულ უფრო მეტი სიმდიდრე, რაც თვალსაჩინოდ არის კიდეც ასახული მათ აკლდამებში[27]. როგორც ჩანს, ქონებრივი დიფერენციაცია თანდათანობით სოციალურში გადადიოდა[28], ხოლო სოციალური უთანასწორობა იდეოლოგიის საშუალებით ფუძნდებოდა დაკრძალვის წეს-ჩვეულებებში[29]. ერთი და იგივე საზოგადოებაში არსებული სამარხები, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან თავისი ხასიათით.

ვ. მასონის შეხედულებით, განსახილველი ხანის სამარხების ინვენტარზე დაყრდნობით, შესაძლებელი ჩანს სამი ფაზის გამოყოფა[30]. პირველი ფაზისათვის დამახასიათებელია რაოდენობრივი ზრდა ყოველდღიური მოხმარების საგნების; მეორე ფაზაში, რომელიც უკვე წარმოგვიდგენს ტომობრივი არისტოკრატიის გამოყოფის საიმედო კრიტერიუმს, გვხვდება სამარხები ინვენტარის ხარისხობრივად ახალი შემადგენლობით; მესამე ფაზაში კი ჩანან ადრეკლასობრივი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ”სამეფო” სამარხები, რომლებიც, გარდა ძვირადღირებული ნივთების რაოდენობრივი ზრდისა, უკვე ავლენენ მათ აგებაზე დახარჯული მნიშვნელოვანი საწარმოო ძალის არსებობას და, აგრეთვე, ადამიანთა მასობრივ მსხვერპლშეწირვასაც[31].

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე და მესამე ფაზების ურთიერთმონაცვლეობას ხშირად არც კი ჰქონია ადგილი. ამის ახსნა, ვფიქრობ, უნდა ვეძიოთ საზოგადოებრივი განვითარების საფუძვლებში. სხვადასხვა საზოგადოებაში პირველყოფილი წყობილების დაშლის პროცესი განსხვავებულ ფორმებში მიმდინარეობდა და განსხვავებული შედეგებიც მოიტანა. როგორც ჩანს, მეურნეობის სახეობა, რომელიც ხელს უწყობდა კლასების წარმოქმნას, იყო სწორედ მესაქონლეობა[32]. ბ. პიოტროვსკის შეხედულებით, თვით ეგვიპტესა და მესოპოტამიაში განვითარებულ ირიგაციულ მეურნეობას წინ უსწრებდა განვითარებული მესაქონლეობა, რომლის გარეშეც, მხოლოდ მიწათმოქმედებაზე დაყრდნობით, პირველი სახელმწიფოები ვერ აღმოცენდებოდ/გვ. 88/ნენ, რადგან საზოგადოებაში არ იქნებოდა სოციალური დიფერენციაციისათვის მყარი ეკონომიკური საფუძველი[33]. მეორე მხრივ, იქ, სადაც მიწათმოქმედებას ერწყმოდა მესაქონლეობა, თვალსაჩინოა სამეფო ძალაუფლების შემზღუდავი ძველი საზოგადოებრივი ფორმების გადმონაშთები[34]. სამეფო ძალაუფლების ზრდისათვის საჭირო იყო განვითარებული ირიგაციული მიწათმოქმედების არსებობა[35].

როდესაც მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასულ ტომებში, რომლის წიაღშიც ზოგი გვარი მიწათმოქმედებას მისდევდა და ზოგი მესაქონლეობას, მოსახლეობის სიჭარბე აიძულებდა ტომის გარკვეულ ნაწილს ახალი მიწები ეძებნა, უფრო მობილური, მესაქონლური მიდრეკილების მქონე გვარების წარმომადგენლები თავის საქონელთან ერთად გამოეყოფოდნენ დანარჩენ ტომს[36]. მესაქონლეთა ეს ჯგუფი შესაძლებელია შემდეგ მომთაბარე ცხოვრების გზას დასდგომოდა, ანდა რომელიმე უცხო კულტურის წიაღში შეეღწია და იქ ადგილობრივ, უფრო ნაკლებად ორგანიზებულ მოსახლეობას გაბატონებულ ფენად მოვლინებოდა და ამით დაეჩქარებინა ადგილობრივად მიმდინარე კლასთა წარმოქმნის პროცესი. მესაქონლე ტომების საბრძოლო ორგანიზაციის შედარებით მაღალ დონეს ალბათ ისიც აპირობებდა, რომ მათი მეურნეობის საფუძველს ისეთი ადვილად გასხვისებადი სახეობა წარმოადგენდა, როგორიც საქონელია. პირველ რიგში მიიტაცებოდა სწორედ საქონელი და საძოვრები[37]. მეორე მხრივ, მესაქონლეთა საზოგადოებებში, ჯერ ცალკეულ გვარებსა და შემდეგ ტომებს შორისაც, სულ უფრო მზარდი იყო ინტეგრაციის ტენდენცია საქონლის მზარდი ფარების გარედან მომდინარე თავდასხმებისაგან დასაცავად[38]. საზოგადოებრივი განვითარების მოცემულ ეტაპზე მეზობლების ძარცვა უფრო სარფიან და საპატიო საქმედ ითვლებოდა, ვიდრე შემოქმედებითი შრომა[39].

”სამხედრო დემოკრატიის” (ანუ კლასთა წარმოქმნის) ხანაში ომები და ორგანიზაცია ომებისათვის სახალხო ცხოვრების რეგულარული ფუნქცია ხდება[40]. ამ გარემოებას ჯერ კიდევ ლ. მორგანმა მიაქცია ყურადღება. მისი დაკვირვებით, საზოგადოება, რომელშიც ”სამხედრო დემოკრატიის” ხანა ყალიბდება, ხასიათდება ”მხედრული სულის” ზრდით[41]. ძარცვითი ხასიათის ბრძოლების საფუძველს, მოსახლეობის განუხრელი ზრდის პირობებში, ნამატი პროდუტებისა და წარმოების ძირითადი საშუალებების ნაძალადევი გასხვისება წარმოადგენ/გვ. 89/და[42]. როდესაც გვაროვნული და ტომობრივი არისტოკრატია ჯერ კიდევ არ იყო იმდენად ძლიერი, რომ წარმოების საშუალებების ექსპროპრიაცია მოეხდინა, იგი ცდილობდა საზოგადოების ტრადიციული სტრუქტურა შეენარჩუნებინა, ხოლო გამდიდრების ძირითადი წყარო ამ საზოგადოების გარეთ, მძარცველურ ომებში ეძებნა[43]. ასეთ პირობებში, ომებისა და ლაშქრობების წარმოება ეკონომიკურ აუცილებლობად გადაიქცევა; ომისათვის მზადყოფნა და ომის კულტი დამახასიათებელი ნიშანია ამ საფეხურზე მყოფი ყველა ხალხისათვის[44].

ომები გვაროვნული წყობილების რღვევის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა[45]. სწორედ პერმანენტული ომიანობის აუცილებლობით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ კლასთა წარმოქმნის ხანაში აღწევს ტომი, როგორც სოციალური ორგანიზაცია, უპირატესობას გვარსა და თემზე[46]. ”სამხედრო დემოკრატიის” ხანაში ტომობრივი ორგანიზაცია ხდება საზოგადოების აზრი და არსი[47]. უკვე ამ დროს ღებულობს ტომი სამხედრო ორგანიზაციის სახეს. ტომის შიგნით სულ უფრო ძლიერდება არისტოკრატიის როლი, რომელიც წარჩინებული მეომრებისა და მდიდარი მეთემეებისაგან შედგება[48]. მძარცველური ომების მსვლელობაში ხდება გვაროვნული წყობილების საზოგადოებრივი ფუნქციების მქონე ორგანოების გადაზრდა პოლიტიკურში[49].

მძარცველური ომები აძლიერებდნენ სამხედრო ბელადის ძალაუფლებას, ისევე როგორც მისდამი დაქვემდებარებული წარჩინებული მეომრებისას[50]. იქმნებოდა მემკვიდრეობითი ძალაუფლების საფუძვლები[51]. როგორც ჩანს, სწორედ საბრძოლო წინამძღოლობა აძლევდა საშუალებას ბელადს გამოცალკევებულიყო დანარჩენი გვაროვნულ-ტომობრივი არისტოკრატიიდან[52] და თავის გარშემო შემოეკრიბა საკუთარ გვარებთან და თემებთან კავშირდაკარგული პროფესიონალი მეომრების რაზმები[53]. სამხედრო-დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მხოლოდ სიმდიდრე ან უხეში ძალა ვერ იქნებოდა საკმარისი წინამძღოლობისათვის, საჭირო იყო, აგრეთვე, პირადი ღირსებები და დამსახურებანი[54]. მემკვიდრეობითი უფლებების მქონე გაბატონებული ფენის ჩამოყალიბება, ძირს უთხრიდა გვაროვნულ წყობილებას და თანდათანობით სულ უფრო იქცეოდა ძალმომრეობისა და ძარცვის იარაღად; იგი რო/გვ. 90/გორც ტომის გარეთ, ისე ტომის შიგნით მოქმედებდა[55]. მძარცველური ლაშქრობები სტიმულს აძლევდნენ ქონებრივი უთანასწორობის თანდათანობით ზრდას[56]. ისინი პირველ რიგში ამდიდრებდნენ არისტოკრატიულ ზედაფენას და ამით კიდევ უფრო ამტკიცებდნენ მის სოციალურ პოზიციებს[57]. კერძო საკუთრების ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაზე სიმდიდრე, როგორც სოციალური უთანასწორობის საფუძველი, საზოგადოებრივ აღიარებას პოულობს მხოლოდ მისი საჯარო გაცემით, რადგან სიუხვე განსაზღვრავს ადამიანის ადგილს საზოგადოებაში, მისი გავლენისა და ძალაუფლების ხარისხს[58]. კერძო საკუთრების დაგროვება იღებს უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევაც საზოგადოების განვითარების მოცემულ საფეხურზე, მხოლოდ ომებისა და ლაშქრობების საშუალებით ხდება[59].

”სამხედრო დემოკრატიის” (ანუ კლასთა წარმოქმნის) ხანის ტომობრივ გაეთიანებებში გამოიყოფა ორი სახეობა სამხედრო წინამძღოლებისა. ზოგ საზოგადოებაში გვხვდება ტომის ბელადი, რომელიც აერთიანებდა თავის ხელში სამოქალაქო, სახალხო და ზოგჯერ სასულიერო ფუნქციებს, ზოგში კი სამოქალაქო ბელადის გარდა იყო - სამხედროც[60]. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი მოვალეობა დამახასიათებელი იყო უფრო სამხედრო-დემოკრატიული წყობილების ადრეულ საფეხურებზე, ხოლო საზოგადოებრივ განვითარებასთან ერთად საერო ბელადის ძალაუფლებას ითვისებდა სამხედრო ბელადი[61], ”სახალხო კრებას” კი მეომართა საბჭო სცვლიდა[62]. გაჩნდნენ ქურუმები, რომლებიც თანდათანობით სულ უფრო მეტ გავლენას იძენდნენ; ზოგიერთ ტომში კი შეინიშნებოდა ტენდენცია ქურუმისა და ბელადის ერთ პიროვნებაში გაერთიანებისა[63]. ამ ორი სხვადასხვა ფუნქციის ერთ პიროვნებაში გაერთიანება, ეტყობა, უბრძოლველად არ ხდებოდა[64]. ამ ბრძოლის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მომავალი სახელმწიფოებრიობის ხასიათისათვის[65], თუმცა საკუთრივ კლასთა წარმოქმნის საერთო პროცესისათვის მას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა[66]. მძარცველური ომების კვალდაკვალ სამხედრო ბელადების ძალაუფლების ზრდა, მათ ხელში მნიშვნელოვანი სიმდიდრეების თავმოყრასთან ერთად, მტკიცდება ეთნოგრაფიული მონაცემებითაც[67].

ა. ხაზანოვის აზრით, კლასთა წარმოქმნის ხანაში ყველაზე უფრო მეტად ”დემოკრატიული” ის საზოგადოებები იყვნენ, რომლბისთვისაც ომი ყოველ/გვ. 91/დღიური საქმიანობა იყო, ხოლო ლაშქრობებსა და გადასახლებებში მონაწილეობდა მათი წევრების უმრავლესობა[68]. ასეთი საზოგადოების აგრესიულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ის იყო, რომ ძირითადი მწარმოებლის გამოყოფის პროცესი წარმოების საშუალებებისაგან იქ მხოლოდ იწყებოდა, ეს კი აიძულებდა გაბატონებულ ფენას ეძებნა გამდიდრებისათვის გარეშე წყაროები[69]. ეტყობა, როდესაც საზოგადოებაში შინაგანი პროცესების შემდგომი განვითარება ფერხდება, ხდება ექსპანსია სხვა საზოგადოებების მიმართულებით და ამის ხარჯზე გრძელდება მისი შემდგომი განვითარება. ყოველივე ეს ანელებდა, მაგრამ არ ამსუბუქებდა იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც უკვე არსებობდა კლასთა წარმოქმნის ეტაპზე  მყოფ საზოგადოებებში, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება მეტალურგიული წარმოების აღმოცენების შემდეგ[70]. სულ უფრო ღრმავდებოდა, აგრეთვე, წინააღმდეგობა, სიმდიდრის (საქონელი, მონები, სამკაულები) ძალისმიერი საშუალებით მოპოვების საზოგადოებრივ ფორმასა და მათი მითვისებისა და ფლობის ინდივიდუალურ ფორმას შორის[71].

ომები, წარმოადგენდნენ რა სხვა ანალოგიურ საზოგადოების წიაღში დამზადებული პროდუქტების მიღების ქმედით საშუალებას, აჩქარებდნენ სოციალური დიფერენციაციის პროცესს[72]; გარდა ამისა, ისინი ამდიდრებდნენ ერთ ტომს და აღატაკებდნენ სხვებს და ამით ხელს უწყობდნენ მომიჯნავე ტომების უთანაბრო განვითარებას, ქმნიდნენ წინაპირობებს დაჩაგრული ტომებს სრული დაქვემდებარებისათვის უფრო დაწინაურებულებისადმი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა ადრეკლასობრივი საზოგადოების აღმოცენებას[73]. დაპყრობა-შემოსევების შედეგად ჩამოყალიბებულ საზოგადოებაში ჩქარდება კლასთა წარმოქმნის პროცესი, შრომა ნაწილდება მასში შემავალ სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებას შორის, რისი რეგულირებაც, თავის მხრივ, საჭიროებდა პოლიტიკური ინსტიტუტების შემდგომ მნიშვნელოვან განვითარებას[74]. ეთნოგრაფიული მონაცემებითაც დასტურდება, რომ ომები და დაპყრობები ხელს უწყობდნენ ეთნიკური განსხვავებების ჯერ კასტურ, ხოლო შემდეგ კლასობრივ განსხვავებებში გადაზრდას[75]. მძარცველური ომები იწვევდნენ მოსახლეობის გადაადგილებას საკმაო მანძილზე და არცთუ იშვიათად მთელი ხალხის გადასახლებასაც, რაც მნიშვნელოვნად ცვლიდა ეთნიკურ რუკას[76]. ”სამხედრო დემოკრატიის” პერიოდში ტომთა კონფედერაციების ჩამოყალიბება ნიშნავდა არა მხოლოდ სხვადასხვა წარმომავლობისა და ტრადიციების მქონე ტომების დაახლოებისა და შეჯვარებას[77] და ახალი უფრო /გვ. 92/ ფართო ეთნიკური წარმონაქმნების ჩამოყალიბებას[78], არამედ ტომობრივი გაერთიანებების ჩარჩოებში სპეციფიკური სუბორდინაციული ურთიერთობების აღმოცენებას[79]. ა. ხაზანოვის შენიშვნით, აღნიშნულ ხანაში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული იყო არა კონფედერაციები, არამედ ტომობრივი კავშირები და იერარქიული ტიპის გაერთიანებები, რომელთა შემადგენლობაშიც გაბატონებული ტომის წარმომადგენელთა გარდა, შედიოდნენ, აგრეთვე, განსხვავებულ ხარისხში დაქვემდებარებული ტომებიც[80]. ახლად შექმნილი იერარქიული ტიპის ტომობრივ გაერთიანებებში გაბატონებული ტომის დაბალი კლასი შედარებით ნაკლებად ექსპლოატირებული იყო[81]; მისი რიგებიდან იქმნებოდა რაზმები, რომელთათვისაც ომი გახდა პროფესია და არსებობის ძირითადი წყარო[82]. ხდებოდა შრომის საზოგადოებრივი განაწილების შემდგომი განვითარება - სპეციალიზაცია ომზე[83].

როგორც ირკვევა, ”სამეფო აკლდამების” აღმოცენებით ხასიათდებიან ის საზოგადოებები, რომელთა წიაღშიც დიდია მესაქონლეობის ხვედრითი წილი[84]. მესაქონლეობაზე, როგორც მეურნეობის წამყვან ფორმაზე, დამყარებულ საზოგადოებებში აუცილებელი ხდება ცხოვრების სამხედრო წესის არსებობა; ამას საზოგადოების შიგნით კრიზისული მდგომარეობის არსებობისას, ხელი უნდა შეეწყო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიგრაციებისათვის, რაც, თავის მხრივ, აჩქარებდა იმ საზოგადოებებში მიმდინარე კლასთა წარმოქმნის პროცესს, სადაც შეაღწევდა მიგრირებული მოსახლეობის ეს ნაკადი[85].

ყოველივე ზემოთქმული საშუალებას გვაძლევს გარკვეულად ერთმანეთს დავუკავშიროთ ”სამეფო აკლდამების” არსებობა, მეურნეობაში მესაქონლეობის სექტორის ზრდა, ცხოვრების სამხედრო წესის დაფუძნება და ხალხთა მიგრაციები, როგორც კლასთა წარმოქმნის ეტაპის არსებობისათვის დამახასიათებელი მოვლენები, რომლებიც უნივერსალურ ხასიათს იღებენ ძველ სამყაროში.

 

 

Г. Л. Кавтарадзе

 

К СОЦИОЛОГИЧЕСКОЙ ИНТЕРПРЕТАЦИИ «ЦАРСКИХ ГРОБНИЦ»

 

Резюме

 

Ставится вопрос о возможности существования взаимосвязи между появлением т. н. «царских гробниц», ростом удельного веса скотоводства в хозяйстве, укоренением «военного духа» в обществе и переселением племен, как характерными явлениями этапа классообразования.

 

 

 

ბიბლიოგრაფია:

 

ქავთარაძე 1978 = გ. ქავთარაძე. ცენტრალური ანატოლიისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ურთიერთობის საკითხისათვის ადრებრინჯაოს ხანაში, – არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 183, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978, გვ. 5-19 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე).

 

ჯაფარიძე 1969 = ო. ჯაფარიძე. არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში. თბილისი, 1969.

 

Абрамзон 1970 =

 

Аверкиева 1970 =

 

Аверкиева 1973 =

 

Брюсов 1956 =

 

Иессен 1950 =

 

Косвен 1960 =

 

Крюков 1968 =

 

Кушнарева 1973 =

 

Кушнарева 1974 =

 

Лашук 1967 =

 

Массон 1967 =

 

Массон 1970 =

 

Массон 1973 =

 

Массон 1974 =

 

Морган 1934 =

 

Пиотровский 1937 =

 

Пиотровский 1955 =

 

Пиотровский 1964 =

 

Пиотровский 1973 =

 

Редер 1950 =

 

Толстов 1935 =

 

Хазанов 1968 =

 

Хазанов 1972 =

 

Хазанов 1975 =

 

Хлопин 1970 =

 

Хмелинский 1973 =

 

Шарафутдинова 1974 =

 

Чайлд 1949 =

 

Энгельс 1970 =

 

Redfield 1971 = Robert Redfield. How Human Society Operates, in: Man, Culture and Society. Revised Edition. Edited by Harry L. Shapiro. London, Oxford, New York: Oxford University Press, 1971.

 

Back:

http://www.scribd.cm/kavta

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 



[1] Брюсов 1956, 53.

[2] Массон 1967; Массон 1973; Кушнарева 1973 და სხვ.

[3] Иессен 1950, 195f.

[4] Чайлд 1949, 148.

[5] Массон 1973, 107.

[6] Массон 1974, 10.

[7] ჯაფარიძე 1969, 78-79; Массон 1973, 108.

[8] იხ. Крюков 1968, 203.

[9] Массон 1974, 10f.

[10] Чайлд 1949, 150.

[11] იხ. Абрамзон 1970, 66.

[12] Массон 1974, 8; Кушнарева 1974, 35.

[13] Пиотровский, см.: Шарафутдинова 1974, 105.

[14] Массон 1974, 10.

[15] Массон 1974, 10.

[16] Массон 1967, 85.

[17] Пиотровский 1973, 2.

[18] Массон 1970, 53.

[19] Лашук 1967, 111.

[20] Пиотровский 1973, 3.

[21] Брюсов 1956, 52.

[22] Энгельс 1970, 178.

[23] Брюсов 1956, 59.

[24] Энгельс 1970, 179.

[25] Пиотровский 1955, 7; Пиотровский 1973, 3.

[26] Пиотровский 1955, 7.

[27] Пиотровский 1973, 3.

[28] Массон 1973, 108.

[29] Массон 1967, 85.

[30] Массон 1967, 85f.

[31] Массон 1967, 86.

[32] Пиотровский 1964, 12f.; Пиотровский 1973, 3.

[33] Пиотровский 1973, 4.

[34] Пиотровский 1973, 4.

[35] Редер 1950, 126.

[36] Хлопин 1970, 102f.

[37] Пиотровский 1937, 56.

[38] Абрамзон 1970, 63.

[39] Энгельс 1970, 183.

[40] Энгельс 1970, 183.

[41] Морган 1934, 125.

[42] Хазанов 1972, 150.

[43] Лашук 1967, 115.

[44] Аверкиева 1973, 56; Энгельс 1970, 185.

[45] Толстов 1935.

[46] Хазанов 1972, 151.

[47] Абрамзон 1970, 63, 69.

[48] Абрамзон 1970, 69.

[49] Хмелинский 1973, 71.

[50] Энгельс 1970, 184.

[51] Энгельс 1970, 184.

[52] Хазанов 1972, 153.

[53] Хазанов 1972, 153.

[54] Лашук 1967, 112.

[55] Энгельс 1970, 184.

[56] Абрамзон 1970, 64.

[57] Хазанов 1972, 158.

[58] Аверкиева 1970, 44.

[59] Аверкиева 1970, 44

[60] Хазанов 1972, 152; Хазанов 1975, 125.

[61] Аверкиева 1973, 57; Аверкиева 1970, 42.

[62] Аверкиева 1973, 57.

[63] Аверкиева 1973, 57.

[64] Хазанов 1972, 152, прим. 43.

[65] Хазанов 1972, 153.

[66] Хазанов 1972, 153.

[67] Аверкиева 1970, 41.

[68] Хазанов 1972, 158.

[69] Хазанов 1968, 96; Хазанов 1975, 127; Хазанов 1972, 158.

[70] Косвен 1960, 245-250.

[71] Абрамзон 1970, 66.

[72] Хазанов 1975, 126.

[73] Хазанов 1972, 126.

[74] Redfield 1971, 423f.

[75] Хазанов 1975, 126.

[76] Хазанов 1975, 123.

[77] Аверкиева 1970, 44.

[78] Абрамзон 1970, 72.

[79] Аверкиева 1970, 44.

[80] Хазанов 1972, 151.

[81] Хазанов 1975, 124.

[82] Хазанов 1975, 125.

[83] Хазанов 1975, 125.

[84] შდრ. Иессен 1950, 196.

[85] მსგავსი მოვლენის არქეოლოგიურ მასალაში ასახვის შესახებ, იხ. ქავთარაძე 1978.