G. L. Kavtaradze

 

გაზეთი “საქართველო XXI”, 0031, 5 ოქტომბერი, 2009 წელი, ორშაბათი

 

ეკა ბუჩუკური

 

ვეფხისტყაოსნის ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი შესაძლოა თურქეთში ინახებოდეს [გვ. 1]

 

საკმაოდ სენსაციური მასალა, რომელიც კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამაარსებელმა ბ-მა გიორგი ქავთარაძემ მოგვაწოდა, “ვეფხისტყაოსნის” უცნობი ხელნაწერის აღმოჩენის თარიღს ეხება და რამაც, შესაძლებელია, ქართული ფილოლოგიის ისტორიაში დიდი გადატრიალებაც მოახდინოს. მასალის პირველადი, მცირე ნაწილი ათი წლის წინ გამოქვეყნდა ქართულ პრესაში, მას შემდეგ კვლევა-ძიება ახალი მასალებით შეივსო და ახალ, შედარებით სრულ ვარიანტს გაზეთი ”საქართველო XXI” გთავაზობთ.

 

გიორგი ქავთარაძე – ის მასალა, რომელმაც ჩემი ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, წარმოადგენდა ვახტანგ გურგენიძის მიერ მოწვდილ ცნობას. ეს ცნობა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივის ფონდებშია დაცული. ეს არის კონსტანტინე მარტვილელის (ოდიშარიას) განცხადება, რომელიც 1935 წლითაა დათარიღებული და მიწერილია ”ვეფხისტყაოსანის” 750 წლისთავისადმი მომწყობი საიუბილეო კომისიის თავჯდომარისადმი. [გვ. 17]

 

რას შეეხება ეს განცხადება?

 

– ეს არის კონსტანტინე მარტვილელის მიერ შედგენილი სიძველეთა სია, რომელიც 1914-1915 წლებში შეადგინა არტაანის მხარეს მცხოვრებ მაჰმადიან ქართველთა გამოკითხვისას. კ. მარტვილელი აღწერს, როგორ უჩვენა სოფელ ორ-კიზში მცხივრებმა ვინმე ოთარ-ბეგ შერვაშიძემ პერგამენტზე დაწერილი და `ჩულვ” ანუ 1435 წლით დათარიღებული ”ვეფხისტყაოსანი”. ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნუსხა კი მე-17 საუკუნით თარიღდება. აი, როგორ აღწერს ამ ამბავს კ. მარტვილელი: ”ოთარ-ბეგმა თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის ვეფხისტყაოსანი... გააღო ზანდუკი და დიდ ბაღდადში გახვეული რაღაც ამოიღო. როცა გახსნა ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა – პერგამენტზე სპარსული ტიპის სურათებით შემკული ხელნაწერი ”ვეფხისტყაოსანი” იყო, მასზე ქორონიკონი ”ჩულვ” ესვა. სულმა წამძლია, მყისვე გამოვართვი და გაკვირვებით, თანაც სიხარულით დავუწყე კითხვა. იგი წვრილისა და მეტად ლამაზის ხელით არის დაწერილი: ადგილ-ადგილ წითელი ასოები ამკობს მას (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური არქივი, ფონდი 15 (სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია), აღწერა 1, შეს, ერთ. 439).

 

– შეეცადეთ დაგეზუსტებინათ ამ ცნობების სისწორე?

 

– რა თქმა უნდა, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობის შეუმოწმებლობა არ შეიძლებოდა და მეც გავემართე სოფელ ორ-კიზისაკენ. კონსტანტინე მარტვილელი შემდეგ მარშრუტს იძლევა: ქალაქი არტაანი (თურქულად არდაჰანი), ნასოფლარები: კარგი სოფელი, ქვაბის ციხე, ოქროს ქოთანი და სოფლები: ვარდციხე (სომხების მიერ თარგმნილი გულაბერთად), ოჯახი, დუდუნა, თამამი, ურჩი და თვით 32 კომლიანი სოფელი ორ-კიზი. არტაანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ადვილად მივაგენი კონსტანტინე მარტვილელის მიერ მოხსენიებულ ვარდციხეს, მისი სომხური სახელწიდების გულთაბერის მეშვეობით (თურქული სახელწოდებაა ჩამლი-ჩათაქი)... ვიპოვე დუდუნაც, ორი-სამი მიწურის შემცველი სოფელი. ურჩი ური ყოფილა, ძველ ქართულ წყაროებში არტაანის ჰურად მოხსენიებული. აქ ყველაზე უფრო ხანგრძლივად ყოფილან შემორჩენილი მაჰმადიანი ქართველები. აქ ერთი, ადრე ჩასიძებული ართვინელი ქართველი ცხოვრობდა. ორ-კიზი არსად ჩანდა. კ. მარტვილელის აღწერით იგი მდებარეობდა ურჩისაგან თავქვე, მტკვრის პირას, ხოლო მტკვრის გადაღმა იყო ნასოფლარი ყიზილ-ქილისა. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ორ-კიზში უნდა იგულისხმებოდეს იქვე ახლოს მდებარე სოფელი ორაღაზი. ქურთებითა და თურქებით დასახლებული და ამ მხარისათვის დამახასიათებელი მიწურ-სახლებიანი ორაღაზი გულღიად შემხვდა. მთელმა სოფელმა მოიყარა თავი ჩემ გარშემო, მაგრამ ოთარ-ბეგ შერვაშიძე ან მისი შთამომავლობა ვერავინ გაიხსენა. თვით კ. მარტვილელი იძლევა ოთარ-ბეგის ერთ-ერთი, ალბათ უფროსი შვილის სახელს ჯაჰამალ-ბეგს, რომელიც მის ხელნაწერში ჯამალად არის ჩასწორებული. – მიუხედავად იმისა, რომ ამ მხარეში ქართველები უკვე იშვიათობაა, ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ქურთები გულღიად შემხვდნენ და მზად იყვნენ დამხმარებოდნენ ხელნაწერის ძიებაში.

 

_ მაინტერესებს საერთოდ როგორი დამოკიდებულება აქვთ თურქეთის ქართველებს ჩვენს მიმართ?

– არაჩვეულებრივი. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, როგორი სითბოთი და გულისხმიერებით გვხვდებიან ხოლმე. რამდენიმეჯერ ჩემი მეუღლე მარინაც თან მახლდა და ვერ აღვწერ, როგორი თანგადაყოლა იციან. ჩვენ ზოგიერთ ოჯახს დავუახლოვდით, ისე, რომ საქართველოშიც გვსტუმრობენ ხოლმე. ისევ ჩვენს თემას მივუბრუნდები. ორაღაზელებმა მირჩიეს წავსულიყავი სოფელ იოლჯექში (ძველი ქართული სოფელი სარძევე) და თან გამომყვნენ კიდეც – მათი ვარაუდით ადგილობრივ მოლასთან შესაძლოა ყოფილიყო გურჯული ქითაბი. მოლასთან ჩვენი სტუმრობა საღამო ხანს, ნამაზის შესრულების დროს დაემთხვა. ნახევარ საათზე მეტ ხანს ველოდეთ ეზოში. ჩემი ვარაუდით, მოლას სახლში ოციანი წლების შუახანებში დათა ვაჩნაძეს უნდა ეცხოვრა. ფანჯარაში შევიხედე. ოთახში ფოლიანტების მთელი წყება ელაგა, იმედი მომეცა, რომ ჩვენი კვლევა-ძიება უშედეგოდ არ ჩაივლიდა. მოლა გამოვიდა. გაიგო თუ არა, რომ ქართველი ვიყავი, ”ვეფხისტყაოსანზე” საუბრის ნაცვლად მთელი ორმოცი წუთი აჰმედ-ბეგ ხიმშიაშვილს აუგად იხსენიებდა – ქართველებს მიემხროო. 93 წლის კაცმა წამებში აღიდგინა 1918 წლის ამბები, ”ვეფხისტყაოსანზე” კი სიტყვაც არ დაუძრავს. როგორც შემდეგ გაირკვა აჰმედ-ბეგი მისი სიმამრი ყოფილა. ასე უშედეგოდ დამთავრდა ”ვეფხისტყაოსნის” ძიების ამბავი.

 

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ მეორეჯერაც იყავით არტაანის მხარეში “ვეფხისტყაოსნის” პირველი შესაძლო ხელნაწერის კვალის მოსაძებნად?

– დიახ, მეორედ დაახლოებით ორი წლის წინ ვიყავით მე და მარინა ჩვენ მეგობრებთან სანდრო ნონეშვილთან და მის მეუღლე თამრიკოსთან ერთად. დიდი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა მეგობარმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მაჰმადიანმა ქართველებმა. ისევ მივადექით სოფელ იოლჯექს, მოლა გარდაცვლილი დაგვხვდა. მოვიარეთ ადგილობრივი სოფლები, უამრავი ხნიერი ადამიანი გამოვკითხეთ, ბევრს ვცდილობდით რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო კვალისთვის მიგვეგნო. საინტერესო ცნობას მივაკვლიეთ – ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მათ ახსოვთ ყურანის ხელნაწერი, რომლის ტექსტის ქვეშ ძველთურქულად რაღაც ეწერა. უნდა ვიცოდეთ, რომ ძველთურქულად ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ და სომხურ წარწერებს მოიხსენიებს ხოლმე. ჩვენი ვარაუდით, საქმე გვაქვს პალიმფსესტთან, როდესაც პერგამენტზე ნაწერი ძველი ტექსტის გადაფარვა ხდება ახლით. შესაძლოა მოხდა ”ვეფხისტყაოსანის” ტექსტის ყურანის არაბული ტექსტით გადაფარვა. ძველი ტექსტის ამოკითხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით აბსოლუტურად შესაძლებელია. სად არის დღეს ეს ხელნაწერი სამწუხაროდ არავინ იცის, შესაძლებელია სადმე არქივში ან მუზეუმში ინახებოდეს.

 

– რამდენად შესაძლებელია მუზეუმში ხელნაწერის მიკვლევა?

– ეს ადვილი არაა, სახელმწიფო დონეზე გადასწყვეტი საკითხია, ჩვენ იქ არავინ შეგვიშვებს თავისუფლად და არავინ მოგვცემს ტექსტის გადაღების უფლებას. მთავარია, სათანადო სტრუქტურებმა გამოთქვან დახმარების სურვილი. მთავარია ის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ ხელნაწერის არსებობის ფაქტი, ხელნაწერზე ექსპერტების მუშაობა კი უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი და რა დანიშნულება გააჩნია მას ქართული მეცნიერებისთვის და ისტორიისთვის ყველასათვის გასაგებია, თანაც თუ ეს მართლა ”ვეფხისტყაოსნის” ადრეული ვერსია აღმოჩნდა, მისი ღირებულება უფრო გაიზრდება. იმედი გავაქვს, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კეთილ ნებას გამოიჩენენ და შეძლებენ დახმარება გაუწიონ მეცნიერებს ქართული ისტორიული ხელნაწერის აღმოჩენაში.

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

 

              &

http://www.geocities.ws/komblege/index.html