G. L. Kavtaradze

 

გაზეთი: ”საქართველო XXI”, 0034, 26 ოქტომბერი –1 ნოემბერი, 2009 წელი, ორშაბათი

 

როგორ ”გადაიქცა” მეფის ქანდაკება ერზერუმულ ფრაგმენტად

ეკა ბუჩუკური  /გვ. 15/

 

მასალა, რომელსაც ”საქართველო XXI” გთავაზობთ, კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამაარსებელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ მოგვაწოდა. ძნელია ერთ საგაზეთო სტატიაში ჩატიო დიდი მოცულობის ნაშრომი, რომელსაც მრავალწლიანი კვლევა დასჭირდა, თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ჩვენის აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ძველი ქართული სამეფოს არსებობისა და მისი კულტურული სიძლიერის კიდევ ერთი დამადასტურებელ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს.

 

1994 წლის ივლისში, მელბურნის უნივერსიტეტის კლასიკიური და ახლოაღმოსავლური კვლევის დეპარტამენტის გამგემ, პროფესორმა ანტონიო საგონამ თურქეთში, ქალაქ ერზურუმში მიმიწვია მის მიერ ერზურუმსა (ისტორიული კარნუ-ქალაქი) და ქალაქ პასინლერს (ისტორიული ბასიანი) შორის მდებარე მრავალფენიან ძეგლზე - სოს ჰოიუქზე მის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების გასაცნობად.

 

ერზურუმის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ჩემი ყურადღება მიიპყრო არქეოლოგ სანდრო ნონეშვილის დავამ მუზეუმის ერთ-ერთ მცველთან, რომელიც სანდროს უმტკიცებდა, რომ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი ადამიანის ქვის ქანდაკების ფრაგმენტი ასლან-ს (თურქულად ლომი) ან ბალიკ-ს (თურქულად თევზი) წარმოადგენდა და არა ადამიანისას. ქანდაკება მართლაც ისე იყო პირაღმა ამოტრიალებული, რომ მისი ანტროპომორფული ხასიათი ნაკლებად წარმოსადგენი ხდებოდა.

 

მუზეუმის ექსპონატთა კატალოგში მითითებული მასალის მიხედვით ეს ქანდაკება ლომის გამოსახულებას წარმოადგენდა; ქანდაკების ზურგზე ასახული ნომერი 96–78, სავარაუდოდ 1978წ., მუზეუმში მისი მოხვედრის თარიღს აღნიშნავდა. მოწითალო-რუხი ფერის ქვისგან დამზადებული ქანდაკება აშკარად მამაკაცის გამოსახულებას წარმოადგენდა. შემორჩენილი იყო მისი ძირითადი ფრაგმენტი – ტორსის ცენტრალური და მარცხენა ნაწილი – მარცხენა მხრით და მკლავით და წვერის ქვედა ბოლოთი (ფრაგმენტის სიმაღლე დაახლ. 1,50 სმ, სიგანე 70 სმ.); გამოსახული სამოსისა და ჯვრის გამოსახულებიანი ყელსაკიდის, ასევე ქანდაკების გრანდიოზულობიდან გამომდინარე, იგი მეფესა თუ მმართველს უნდა ეკუთვნოდეს. დანარჩენი მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების იმჟამინდელ გამგეს ჰილმი ოზკორუჯუკლუს კატალოგის ზემოხსენებული ინფორმაცია ლომისადმი მისი კუთვნილების თაობაზე სავსებით მართებულად გადაუხაზავს. იგი ამ ქანდაკებას დოქტორ სერაპ იაილალისთან ერთად ასურულ წარმომავლობად თვლის და მას ახალასურული ხანით ათარიღებს.

 

ეს შეხედულება საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა ახალასურული დინასტიის მეფის სალმანასარ III-ის წარწერაში ნაუწყებ ამბავთან მისი შესაძლო კავშირის გამო. სალმანასარი იუწყებოდა, რომ მან ძვ. წ. 844 წ. მდინარე ევფრატის სათავესთან მისულმა (ქ. ერზურუმის ჩრდილ. დაახლოებით 30–40 კმ.) მისულმა, მის ”წინაშე დავარდნილი” დაიაენის მეფე ასია შეივრდომა და მის ქალაქში საკუთარი ძეგლიც კი აღმართა. დაიაენის მთავარი ქალაქის ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას იძლევა დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგდროინდელი ცნობა, ურარტუს მეფის მენუას მიერ დიაუხის დედაქალაქის შაშილუს (სპეციალისტთა საერთო აზრით უნდა იკითხებოდესა როგორც სასილო) დანგრევის შესახებ. ურარტული დიაუხი ასურული დაიაენის და კლასიკური ხანის ბერძნული წყაროების ტაოხთა ქვეყნის შესატყვისია. საფიქრებელია, რომ დაიაენის დედაქალაქი სწორედ შაშილუ უნდა ყოფილიყო. რომლის ლოკალიზაციისთვის გასათვალისწინებელია, რომ მდინარე ევფრატის სათავე მდინარე დუმლუ-სუს სათავეების დასავლეთით, დაახლ. 20 კმ-ით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის ზედა წელთან, თორთომის ციხესთან მდებარეობდა შუა საუკუნეების ქართული სოფელი სასირე (თურქულად საღირი). გარდა დაიაენი/დიაუხის ქვეყნისა და ძველი ქართული მხარის - ტაოს სახელწოდებათა ჟღერადობისა და სივრცობრივი დამთხვევისა, საყურადღებოა ტოპონიმებს სასირესა და შაშილუს (უფრო ზუსტად – სასილოს) შორის არსებული ბგერითი თანხვედრა: სასირო ხომ ძველქართულად ჩიტების ადგილს ანუ საჩიტოს ნიშნავდა (შდრ. სასირეთი, სირაქლემა, გვარი: სირაძე). ეს დამთხვევა შესაძლოა ძვ. წ. IX საუკუნეში არსებული უძველესი ქართველური დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდეს.

 

ამდენად, საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდებოდა ერზურუმის მუზეუმში დაცული ქანდაკების რაობისა და წარმომავლობის საკითხის გარკვევა. თუ იგი მართლაც ახალასურული ხანით დათარიღდებოდა მეტი დამაჯერებული მიეცემოდა ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდს თორთომის ციხისა და მისი სანახების დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სატახტო ქალაქთან გაიგივების შესახებ და მისი სახელწოდების ქართული წარმომავლობის სამტკიცებლად. ეს კი უდავოს გახდიდა დაიაენი/დიაუხის სახელმწიფოს ქართულ ხასიათს, რაც პირადად მე მეტად სავარაუდოდ მიმაჩნია. გერმანიაში ყოფნისას შევეცადე, ერზურუმის მუზეუმში დაცული ქანდაკების ფრაგმენტის შესახებ გამეგო ცნობილ მეცნიერთა აზრი. თუ თურქები, როგორც უკვე აღვნიშნე, ახალასურული ხანით ათარიღებდნენ ამ ქანდაკებას, ევა შტრომბერგი, ეველინ კლენგელი, ევა ბრაუნ–ჰოლცინგერი, რალფ ვარტკე და მანფრედ კორფმანი ფოტო მასალის გაცნობის შემდეგ მის პართაულ წარმომავლობას ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო ვინიფრედ ორთმანი – აქემენიდურს. ცნობილ მეცნიერთა აზრთა სხვადასხვაობა ნიშნავდა იმას, რომ აუცილებელი იყო შემდგომი კვლევა-ძიების გაგრძელება.

 

გერმანიაში ყოფნისას, სომხეთისადმი მიძღვნილ პაულ რორბახის შტუტგარტში 1919წ. გამოცემულ წიგნში მივაკვლიე გაგიკ I-ის, ანისის მეფის ქანდაკების ფოტოსურათს, თვალის ერთი შევლებაც საკმარისი აღმოჩნდა რომ მივმხვდარიყავი ჩემს წინაშე იყო ერზურუმის ქანდაკების ფრაგმენტის სრული, დაუზიანებელი გამოსახულება.

 

სომეხ ბაგრატიდთა წარმომადგენლის, გაგიკ I-ის ზეობის წლები (ახ.წ. 990–1020 წწ.) ემთხვევა ანისის სამეფოს ოქროს ხანას.

 

გაგიკ I-ის ქანდაკებას გამოკვეთილი მასიური ვარდისფერი ფერის ქვიშაქვისგან, გამოსახავდა ფეხზე მდგარ მეფეს ნატურალურზე აღმატებულ ზომებში (ქანდაკების სიმაღლეა 2,26 სმ.) და აღმოჩენილი იყო 1906 წ. ნაქალაქარ ანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი. ქანდაკება ნაპოვნი იყო სომეხი არქიტექტორის თრდატის მიერ აგებული წმ. გრიგოლის გაგიკისეულ სამიარუსიანი მრგვალი ტაძრის გათხრისას, მისი ნანგრევებიდან 4მ მოშორებით. უნდა აღინიშნოს, რომ გაგიკისეული ტაძრის არქიტექტურული დეტალები მართლმადიდებლური ეკლესიის დეტალებთან საკმაოდ ახლოსაა, რადგან იმ პერიოდში ანისის სამეფოში ძლიერი მართლმადიდებლური ზეგავლენა აღინიშნებოდა, ხოლო ანისის საკათედრო ტაძარზე მოთავსებული წარწერა, რომელიც გაგიკის მეუღლეს დედოფალ კათრამიდეს ეკუთვნის, გაგიკი სომეხთა და ქართველთა შაჰინშაჰად არის მიჩნეული.

 

გაუგებარი რჩებოდა როგორ უნდა მომხდარიყო მეფის ქანდაკების ”გადაქცევა” ერზურუმულ ფრაგმენტად?

 

ბერლიცის 1992წ. ამერიკულ-ინგლისური თურქული მეგზურში (გამომცემელი ალან თაქერი) გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მეფე გაგიკ I-ის ქანდაკება რუსებმა ანისიდან ერევანში გადაიტანეს და დღესაც იქ ინახება, რაც სიმართლეს არ შეეფერება. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს ქანდაკება დაკარგულად ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც 1920 წ. ოქტომბრის დამლევს თურქების სამხედრო რაზმების შემოტევის შედეგად ქალაქი ყარსი დაეცა, სომხურმა ნაწილებმა ანისისკენ დაიხიეს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო გაგიკის ქანდაკების მიწაში ჩამარხვა. სავარაუდოა, რომ ქანდაკება გასული საუკუნის 20-იან წლებში ამოიღეს და დაამტვრიეს, ხოლო 70-იანი წლებში იგი ერზურუმის მუზეუმის ფონდსაცავში მოხვდა, როგორც ლომის გამოსახულება; მხოლოდ 90-იანი წლებიდან შენიშნეს მუზეუმის თანამშრომლებმა მისი ანთროპომორფული ხასიათი და ქანდაკება ახალასურულ ხანას მიაკუთვნეს. გაგიკ I-ის ქანდაკების დაკარგული თავი სავარაუდოდ შეიძლება აღმოჩნდეს თურქეთის მუზეუმების ფონდსაცავებში. ვინაიდან ძნელი წარმოსადეგია მუსლიმ მოსახლეობას გაებედა უდიერად შეხებოდა ბაღდადის ხალიფას საჩუქარს, მისი შემამკობელი თავსაბურავის გამოსახულებას – თეთრ ჩალმას მასზე წითლად გამოსახული მუსლიმთა საკრალური ფორმულით (არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი).

 

”საქართველო XXI” – რა გაგრძელება მოჰყვა ამ ქანდაკების კვლევა-ძიებას?

 

გიორგი ქავთარაძე – 1998 წელს, თბილისში დაბრუნებისთანავე, საწიროდ ჩავთალე კოლეგებისთვის გაგიკის ქანდაკების გადარჩენილი ფრაგმენტის მიკვლევის თაობაზე მეცნობებინა და 19 ივნისს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში წავიკითხე მოხსენება – "ქალაქ ერზურუმის მუზეუმში დაცული ერთი ქანდაკების ფრაგმენტის შესახებ." მოხსენებაზე დამსწრე ჩემმა ქართველმა კოლეგებმა (გერმანელი კოლეგებისაგან განსხვავებით, რომელთაც თბილისში წამოსვლამდი გავაცანი ჩემს ხელთ არსებული მასალები) ჩემი შეხედულება, ერზერუმული ფრაგმენტის გაგიკ I-ის ქანდაკებისადმი კუთვნილების თაობაზე, არადამაჯერებლად მიიჩნიეს. მე კი, ჩემი მხრით, ქართველი კოლეგების აზრი არაობიექტური მომეჩვენა (უნდა ვაღიარო, რომ მათ აზრს ჩემთვის მაინცადამაინც გული არ დაუწყვეტია, პირიქით ნათელი ხდებოდა, რომ თუ არა ასეთ თვალსაჩინო შემთხვევაში, სხვაში რაღაში დამეთანხმებოდნენ) და იმავე წელს ორი საგაზეთო წერილი (რუსულ და სომხურ ენებზე) გამოვაქვეყნე ამავე საკითხზე "სვობოდნაია გრუზიასა" (26 აგვისტოს) და "ვრასტანში" (26 სექტემბერს), ხოლო ინგლისურ ენაზე 1999 წ. სამეცნიერო ჟურნალ “Caucasica“-ში, (იხ. http://www.scribd.com/doc/2536648/). ამას სრული დუმილი მოჰყვა. /გვ. 21/

 

სხვა რა გზა იყო, გაგიკის ქანდაკების ბედი არათუ ქართველებს, სომხებსაც არაფერში ედარდებოდათ და მეც სრულიად სხვა თემებთან დაკავშირებით განვაგრძე მუშაობა. მაგრამ, 2000 წლის ადრე გაზაფხულს (19 მარტს) ინტერნეტში "ბორიალისას" წავაწყდი 1999 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ ანისის ვებსაითს, რომელიც იუწყებოდა, რომ "თურმე მეფე გაგიკის უნიკალური ქანდაკება ‘დაკარგულა’ პირველი მსოფლიო ომის დამლევს გაურკვეველ ვითარებაში და მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი ყოფილა შემონახული." როდესაც 2001 წ. გერმანიაში დავბრუნდი, გადავწყვიტე დავკავშირებოდი ევროპისა და ამერიკის არმენოლოგიურ სამეცნიერო წრეებს. სულ მალე გამოქვეყნდა არიზონას უნივერსიტეტის საინტერნეტო ჟურნალში, რომ “მეფე გაგიკ I-ის ქანდაკების ძირითადი ნაწილი აღმოჩენილ იქნა პროფესორ გ. ქავთარაძის მიერ.” წერილს გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე და არმენოლოგი, ფრესნოს (კალიფორნიის) უნივერსიტეტის პროფესორი დიკრან ქუიუმჯიანი. იგი მწერდა: “თქვენი ინფორმაცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომავალ წელს პარიზში მოეწყობა დიდი გამოფენა ანისის შუასაუკუნეების ქალაქის შესახებ. იქნებ გამაგებინოთ სად იმყოფება თურქეთში სკულპტურის აღნიშნული ნაწილი?”

 

წერილის მიღებისთანავე მე არა თუ შევატყობინე პროფესორ ქუიუჯიანს ყველაფერი, რასაც კი მივაკვლიე გაგიკის ძეგლთან დაკავშირებით, არამედ დავასკანერე და ელექტრული ფოსტის მეშვეობით გადავუგზავნე ერზურუმული ფრაგმენტის ფოტოგრაფიული გამოსახულება.

 

2000 წ. 2 აპრილს მივიღე პროფესორ ქუიუმჯიანის პასუხი: "ძვირფასო გიორგი, მე შევძელი თქვენი ფაილის გახსნა და რა თქმა უნდა ვიხილე დაზიანებული, მაგრამ უეჭველი ქანდაკება გაგიკისა ანისიდან. თუ მოხერხდა მისი სუფთად ამობეწდვა, იქნებ იგი მოგვეთავსებინა მომავალ წელს პარიზში მოსაწყობ ანისის გამოფენის კატალოგში, რასაკვირველია, მის აღმოჩენაში თქვენი ღვაწლის აღნიშვნით. ყოველივე დამატებით, რაც კი გაგაჩნიათ ამ ანდა ანისის სხვა ფრაგმენტებთან დაკავშირებით, მეტად სასარგებლო იქნებოდა. დიკრანი."

 

საყურადღებოა, რომ იმავე დღეს, რამდენიმე საათის დაგვიანებით, მივიღე (როგორც ჩანს, დასავლეთ ნახევარსფეროდან გამოგზავნილი) ვირტუალური ანისის ზემოდასახელებული ვებ-საითის ავტორის, ვიმე სტივის რამდენადმე სარკასტული ტონით შეფერილი, ი-მეილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ჩემს მიერ აღმოჩენილი ქანდაკების არსებობის ფაქტს და შენიშნავდა, რომ ყველა იმ წიგნში, რომელიც კი მას წაუკითხავს, “მხოლოდ ქანდაკების დაკარგვის ფაქტია კონსტანტირებული და ყველა ცნობა მეტად ბუნდოვანია იმის თაობაზე თუ რა შეემთხვა ამ ქანდაკებას.”

 

ნოემბერში მივიღე სტივის წერილი "ძვირფასო გიორგი, მადლობას გიხდი შენი ი-მეილისათვის. ამ ზაფხულს მე ვნახე ერზერუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ქანდაკების ფრაგმენტი და ფოტოაპარატით გადავიღე იგი. ერთი თვის შემდეგ მე ვათვალიერებდი 1993 წელს ამ მუზეუმის შიგნით ჩემს მიერ გადაღებულ კადრებს და შევნიშნე იგივე ფრაგმენტი იმავე მდებარეობაში. ამ ამბავმა გამახსენა, რომ მე ფაქტიურად ადრევე შევნიშნე იგი - მაგრამ, მაშინ ვფიქრობდი, რომ იგი ცხოველის გამოსახულების ფრაგმენტს წარმოადგენდა, შესაძლოა ლომისას (მე მაშინ არ მქონდა ნანახი მთლიანი ქანდაკების სურათი და მკლავის ფაქტურა რამდენადმე ლომის-მსგავსი ცხოველის წინამკლავს მივამსგავსე)... მე ამჟამად მოვათავსე ქანდაკების შესახებ გვერდი ანისის ვებ-საითზე. გმადლობთ, სტივი." რა თქმა უნდა იმ წამსვე შევამოწმე ვირტუალური ანისის ვებ-საითი. 2000 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული ვებ-საითს, იმჟამად უკვე გაჩნდა ცალკე გვერდი, მიძღვნილი მეფე გაგიკის ქანდაკებისადმი; იგი ჯერ იმეორებდა წინა წლის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ქანდაკება ‘დაკარგული’ ყოფილა პირველი მსოფლიო ომის დამლევს გაურკვეველ ვითარებაში და რომ მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი შემორჩენილა," ხოლო შემდეგ დამატებული იყო, რომ "ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მისი ნაწილი (გაგიკის ტორსის ზედა მარცხენა ნაწილი) ნაპოვნი იყო თურქეთის ტერიტორიაზე. ეს ნაწილი ამჟამად იმყოფება ერზურუმის არქეოლოგიურ მუზეუმში."

 

უფრო გვიან, საშობაოდ მივიღე პროფესორ ქუიუმჯიანის წერილი: "ძვირფასო გიორგი, ეს-ესაა მივიღე ბერლინიდან თქვენი წერილი “The Problem of the Identification of the Mysterious Statue from the Erzerum Museum”. დიდი მადლობა. როგორც ვხედავ, საკმაოდ დიდი დეტექტური მუშაობა გაგიწევია. იმედი მაქვს, რაიმონდ კევორკიანს თებერვალში გასამართი ანისის თავისი გამოფენასთან დაკავშირებით ეცოდინება შენი წერილის არსებობის შესახებ. მე ამის შესახებ მას შევეკითხები. საუკეთესო და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ. დიკრანი." 2001 წლის 4 იანვარს გამოგზავნილი ი-მეილით პროფესორი ქუიუმჯიანი იტყობინებოდა: "გმადლობთ გიორგი, ეს-ესაა გავხსენი იაჰუს ჩემი მეილი და წავაწყდი შენს ცნობას. გპასუხობ ისევ. მე მივიღე იგი, მე წავიკითხე იგი, მე იგი ძალზე საინტერესოდ მიმაჩნია. გმადლობთ, დიკრანი." ასე და ამრიგად, იულიუს კეისრისეული ვენი, ვიდი, ვიცი-ს ნოტაზე, დამთავრდა ჩემი ურთიერთობა პროფესორ ქუიუმჯიანთან. თუ რა შედეგი მოყვა რაიმონდ კევორკიანთან მის შეკითხვას, ჩემთვის უცნობი დარჩა. უფრო ზუსტად პარიზში ახალგამოსულ ანისის კატალოგში, რომელშიც გამოქვეყნდა სტივის მიერ ქ. ერზურუმის მუზეუმში გადაღებული გაგიკის ქანდაკების გადარჩენილი ძირითადი ნაწილის ფოტოსურათები (და არც ვირტუალური ანისის ვებგვერდზე) არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე თუ ვინ და როდის მიაკვლია მას, აღნიშნულია მხოლოდ (http://www.virtualani.org/gagikstatue/index.htm), რომ 1993 წელს ქანდაკება უკვე ერზურუმის მუზეუმში იმყოფებოდა, ეტყობა იგულისხმება სტივის მიერ ამ ქადაკების 1993 წ. ლომის გამოსახულების ფრაგმენტად მიჩნევის ზემოთ მოყვანილი ფაქტი.

 

ასე რომ ძეგლი დაკარგულად ითვლებოდა და ამიტომ უცხოელებისათვის ორიგინალად ასაღებდნენ პოლტორაცკის მიერ ათიან წლებში დამზადებულ და შეღებილ მულაჟს. ძეგლის ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებულ ძირითად ნაწილს მივაკვლიეთ 1994 წლის ივლისში ერზურუმში და მხოლოდ მოგვიანებით გერმანიაში დავადგინე რომ იგი ანისის მეფეს გაგიკს ეკუთვნოდა.

 

ქუიუმჯიანმა და სტივმა შეიძლება ითქვას, რომ ”გადამაგდეს” და ძეგლის აღმოჩენა ფაქტიურად მიითვისეს; არადა ვიდრე ქუიუმჯიანს ფოტოები არ გავუგზავნე, მათ გაგიკის ძეგლი ლომის ქანდაკების ფრაგმენტი ეგონათ. ეს ამბავი იმ დროს საზღვარგარეთ მოღვაწე არმენოლოგებს შორის გავრცელდა, თუმცა ჩემი ქართველობის გამო, როგორც ჩანს, მათთვის არასასურველი იყო ძეგლის აღმოჩენის საქმეში ჩემი ღვაწლის აღნიშვნა.

 

P.S. ზემოთაც ავღნიშნეთ, რთული იყო უამრავი მასალის ერთ მცირე სტატიაში ჩატევა და შეიძლება ბევრი საინტერესო ფაქტი და მასალაც გამოგვრჩა, თუმცა თუ განათლების სამინისტროს და სახელმწიფოს პოლიტიკური ნება იქნება, იქნებ დროზე მიგვეხედა იმ უნიკალური ძეგლებისა და მასალებისთვის, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ტეროტორიებზეა აღმოჩენილი და დარჩენილი, და რომლის მესაკუთრეობასაც ასე წარმატებით იჩემებენ ახლო თუ შორეული მეზობელ-მეგობრები, თორემ ჩვენი მიწების არ იყოს, ”შაგრენის ტყავივით” ისინიც ნელ-ნელა შეცოტავდება და დაილევა, მერე წადი და უმტკიცე ქვეყანას ”ვისი ვისია”...

ეკა ბუჩუკური

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

             &

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html