G. L. Kavtaradze

 

გაზეთი “საქართველო XXI”, 13-19 ივლისი, 2009 წელი,

რა ელის თურქეთში ქართულ სოფლებს და ძეგლებს?

ადგილობრივ მოსახლეობას იუსუფელის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება ელოდება

 

ეკა ბუჩუკური [გვ. 10]

 

რა რაოდენობის ქართული დიასპორა ცხოვრობს დღეს თურქეთის ტერიტორიაზე? თვლიან თუ არა ისინი თავს ქართველებად? რა როლი უირავთ მათ დღევანდელ თურქულ საზოგადოებაში? რამდენად მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური ცენტრის გახსნა თურქეთში და რატომ გვქონდა ქართველებს ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ევროპული ორიენტაცია? `საქართველო XXI~ ისტორიულ მენიერებათა დოქტორს, კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამაარსებელს გიორგი ქავთარაძეს ესაუბრა.

 

გიორგი ქავთარაძე: კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი 2007 წელს დაარსდა. ჩვენი ცენტრი შეისწავლის ანატოლიისა და კავკასიის ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ანთროპოლოგიის. სასურველია ძველი მოსახლეობის დნმ-ის მონაცემების შესწავლაც. თუმცა, ჩვენს რეგიონში ჯერჯერობით ეს მხოლოდ თურქეთში ხდება... ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქართველოლოგიური ცენტრი დაარსდეს თურქეთში, სადაც ქართველების და ლაზების უდიდესი დიასპორაა. სასურველია თურქეთის ქართულ დიასპორას შეეძლოს ქართული ენისა და კულტურის, ჩვენი სამეცნიერო მონაპოვრის უკეთესად შესწავლა. ჩვენი ცენტრის ბიბლიოთეკა შედგება ათი ათასობით სამეცნიერო წიგნის, ასლისა და მიკროფილმისაგან დიდი სურვილი გვაქვს, რათა ჩვენ საზღვარგარეთელ თანამემამულეებს მიეცეთ ჩვენი ფონდებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

საქართველო XXI: რა რაოდენობის ქართული დიასპორა ცხოვრობს დღეს თურქეთში?

– ალბათ არანაკლები, ვიდრე ვართ დღეს საქართველოში ქართველები. ძირითადად უძველესი ადგილობრივი და მე-19 საუკუნეში მუხაჯირობის დროს აარიდან გადასულ მოსახლეობაზე მოგახსენებთ. ერთი სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება, 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში – ქალებმა მარტო ქართული იციან, ქმრებმა ქართულიც და თურქულიც, შვილები კი ძირითადად თურქულად ლაპარაკობენ, მაღალმთიან მოსახლეობაზე მოგახსენებთ, რა თქმა უნდა. ადათ-წესები განსხვავებული აქვთ. ეთნო-ფსიქოლოგია, ერთი და იგივე გვაქვს, მაგრამ მუსულმანური რელიგიის მატარებელი ხალხია და ბუნებრივია, ამან ადათ-წესებზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ქართული მოსახლეობა ძირითადად სუნიტები არიან, შიიტი მუსლიმები ქართველთა შორის საინგილოსა და ფერეიდანში გვხვდება.

 

– აღიარებენ ისინი ქართულ წარმომავლობას?

– რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ წარმომავლობით ქართველები არიან. სახელწოდება გურჯს, ქართველი ურჩევნიათ, ეტყობა თავისი როლი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენამ შეასრულა. ვინაიდან ჩვენ დღეს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, ურჩევნიათ ქართველი დაუძახონ. აქვთ საკმაოდ ბევრი ქართული ანსამბლები, იმართება ფესტივალები. სხვათა შორის, აგვისტოს დასაწყისში, ფერიცვალებიდან ორი კვირით ადრე, ისინი მარიობას აღნიშნავენ. გარდა ამისა, ივნისის დამლევს ართვინში იმართება ქართული სიმღერებისა დაცეკვების ფესტივალი და ხარების ბრძოლა. როგორც ჩანს, ამ ტრადიციას ძველ მედიტერანულ სამყყაროსთან უნდა ჰქონდეს კავშირი და შეიძლება ითქვას, კორიდის ერთ-ერთი წინამორბედი სახეობა უნდა იყოს. რაც შეეხება ზემოთნახსენებ მარიობას, იგი მაიდანჯიქში იმართება, მისი ქართული სახელწოდებაა დიობანი, ანუ დიდი უბანი. შემორჩენილია აგრეთვე, ძველი ქართული შელოცვები, რომლებსაც ავადმყოფობის დროს წარმოთქვამენ. იმერხევში მცხოვრები ქართველების ენა უფრო აარულ მეტყველებასთანაა მიახლოვებული; ტაოური დიალექტიცაა აღმოჩენილი, რომელსაც ქ-ნმა შუშანა ფუტკარაძემ მიაკვლია. ლაზების ენა უფრო მეგრულთან არის ახლო, ისინი მართალია მთელ შავი ზღვისპირეთში არიან დასახლებული, მაგრამ ძირითადად რიზეს ჩრდილო-აღმოსავლეთით გონიომდე მკვიდრობენ.

 

– რა მიზანი ჰქონდა თქვენი ცენტრის დაარსებას?

– ჩვენი ცენტრის დაარსების მიზანი მრავალმხრივია. გარდა იმისა, რომ გვაინტერესებს ისტორიული, არქეოლოგიური კავშირები, ბუნებრივია, გვსურს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელი შევუწყოთ თურქეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას, დავეხმაროთ მათ ქართული სამყაროს გაცნობაში. საყურადღებოა, რომ ჩვენს მეზობლებს, სომხებს, მსოფლიოს მრავალ ადგილას აქვთ გახსნილი სომხური კულტურული და სამეცნიერო ცენტრები, ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით და სასურველია საერთო ძალისხმევით გასმოვასწოროთ მდგომარეობა.

 

– თურქეთის საზოგადოების, ძირითადად, რომელ ფენას წარმოადგენს ქართული დიასპორა? არიან სახელმწიფო მმართველ ფენაში?

– ლაზები ძირითადად ტკბილეულობის სპეციალისტები არიან, მთელი რიგი მაღაზიები მათ ეკუთვნით. არიან პოლიციაშიც, ფლოტში, არიან მეთევზეებიც. ქართველები შედარებით უფრო მრავალმხრივები არიან. ორივენი თურქეთის ერთგული მოქალაქეები არიან. ბოლო დროს, განსაკუთრებით ლაზებში შეიმჩნევა საკუთარი წარმომავლობით დაინტერესება. დღეს ჩვენ ინტერნეტმა დაგვაახლოვა. ბევრი ისეთი სწავლობს ქართულ ენას, რომლის მშობლებმაც კი არ იცოდნენ. თურქეთში დღეს ბევრია ისეთი ქართველი, რომელიც დიდი მონდომებით ეწევა ქართული ენისა და კულტურის, განსაკუთრებით სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას. მათთან ინტერნეტის საშუალებით მაქვს ურთიერთობა. სხვათა შორის, თურქმა ქართველებმა ორი-სამი სიტყვაც რომ იცოდნენ ქართულად, აუცილებლად შეეცდებიან ქართულად გაგესაუბრონ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი დახვედრა იციან და როგორ გვხვდებოდნენ, როცა იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით. ახლა კაშხლის მშენებლობა მიმდინარეობს ართვინის რაიონში და რამდენიმე ქართულ სოფელს გადაადგილება მოუწევს, სად გადაასახლებენ არ ვიცი, არც ის ვიცი თუ რა საფრთხე ემუქრება ქართულ ძეგლებს. იმედია გამოინახება მათი გადარჩენის საშუალებები.

 

– თქვენს ერთ-ერთ ნაშრომში შუაგული ამიერკავკასია – ფორპოსტი თუ პლაცდარმი თანამედროვე გეოპოლიტიკურ თამაშებში? აღნიშნავთ, რომ კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური უღელტეხილი, კავკასიის კარი, კლასიკური ხანის მწერლობაში ხშირად მოიხსენიება, როგორც ალექსანდრეს სვეტები, ბურჯი თუ რკინის კარი, თუმცა ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიისკენ... რკინის კარიბის კონცეფცია წარმოადგენდა გამოხატულებას ქართული სახელმწიფოებრიობის კონკრეტული პოლიტიკური ფუნქციისა, ყოფილიყო დამცველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის – “კავკასიის კარიბისა. ე.ი. კავკასია თავისი ისტორიის მანძილზე უფრო ევროპისკენ იყო მიდრეკილი?

– ჩვენ, ქართველები, ყოველთვის ევროპის ბასტიონი ვიყავით. შეიძლება აქ სომხებიც ვიგულისხმოთ, თუმცა სომხებს გარკვეულად უფრო ამბივალენტური დამოკიდებულებჰქონდათ დასავლეთის მიმართ, რადგან ისინი ხშირად ირანსაც ეყრდნობოდნენ. რაც შეეხებათ ჩრდილოკავკასიურ ტომებს, ისლამის მიღების შემდეგ, მათი აღმოსავლური ორიენტაცია მკვეთრად გამოიკვეთა. ქართველებმა სწორედ იმიტომ მივიღეთ ქრისტიანობა, რომ მიდრეკილება ყოველთვის ევროპისკენ გვქონდა. ძალიან საინტერესო მომენტია ქართლის ცხოვრებიდან, როდესაც მირიან მეფე ჩამოყავთ ირანიდან, ქართველები ამბობენ, რომ "ვითხოვოთ მისგან დამირვა სჯულსა ზედა მამათა ჩუენთასა, და ვითხოვოთ ჩუენ თანა არა აღრევა სპარსთა და წარჩინეულად პყრობა ჩუენი. ნუ უკუე შეიწყნაროს ვედრება ესე ჩუენი... მაშინ სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათჳს ვიდრე მონახვასა ესევითარისასა. დავსხნეთ თავნი ჩუენნი ციხეთა და ქალაქთა შინა და მოვსწყდეთ ყოველნი (I, 63)”.

ეს ხდებოდა წინაქრისტიანულ ხანაში, ე.ი. ჩვენ უკვე მაშინ გვქონდა განსაზღვრული ჩვენი ორიენტაცია. ბერძნულ-რომაული გავლენა იმ ხანად ჩვენში დიდი იყო. ეს ცხადად ჩანს ჩვენს მატერიალურ კულტურაში. რომი, ბევრს აკეთებდა იბერიის გასაძლიერებლად, რაც, ძირითადად, მისი კავკასიური პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე იყო.

 

ინტერვიუს გამოქვეყნებულ ტექსტში აღარ შესული დასკვნითი ნაწილი:

ოიკუმენეს (დასახლებული მსოფლიოს) ანუ ძველი ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული არეალის სახელმწიფოთა მესვეურთათვის, მომთაბარეთათვის გზის გადამკეტი კავკასიის კარიბის (დარიალის უღელტეხილის) ეფექტური კონტროლის დიდი საიროების გამო, სასურველი იყო შუაგულ ამიერკავკასიაში, იბერიაში, მსგავსი ფუნქციის შესრულებისათვის საკმაო ძალის მქონე პოლიტიკური წარმონაქმნის არსებობა.

ქართული სახელმწიფოებრიობის ბედის კავშირი კავკასიონის გადასასვლელების გაკონტროლების მოთხოვნასთან მკაფიოდ იკვეთება მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ჩემი აზრით, ძირითადად ქვეყნის ამ ფუნქციის არსებობით უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომ საქართველო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს მთელ ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს ანტიკური ეპოქიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე.

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

             &

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html