ძველი აღმოსავლეთი და ქართველთა წარმომავლობა - G. L. Kavtaradze

 

ენა და კულტურა, # 4

 

თბილისი: ლოგოსი, 2003

 

 

ძველი აღმოსავლეთი და ქართველთა წარმომავლობა

 

(რეცენზია გრიგოლ გიორგაძის წიგნზე, "უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა")

 

 

ქართულ ისტორიოგრაფიაში ღირსშესანიშნავ მოვლენად უნდა ჩაითვალოს აკადემიკოს გრიგოლ გიორგაძის წიგნის - "უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა" - გამოჩენა, რომელიც "ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის" გრიფით (მერვე ტომი) გასულ წელს გამოაქვეყნა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ეს წიგნი ძვირფასი შენაძენია არა მხოლოდ სტუდენტი ახალგაზრდობისათვისა და ჩვენი უძველესი წარსულით დაინტერესებული მკითხველისათვის, არამედ სამაგიდო წიგნია წინარე-ისტორიულ ხანაში მომუშავე ყველა მკვლევარისათვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წიგნი მრავალი ახალი თვალსაზრისის წარმოქმნა-ჩამოყალიბებისაკენ უბიძგებს სპეციალისტებს. გიორგი მელიქიშვილისა და თამაზ გამყრელიძე-ვიაჩესლავ ივანოვის ნაშრომების სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსვლის შემდეგ, რამდენიმე ათეული წელია, რაც ეთნოგენეტური საკითხებისადმი მიძღვნილი ასეთი მაღალი დონისა და ყველა ძირითადი საკითხის მომცველი წიგნი არ გამოცემულა საქართველოში.

 

გრიგოლ გიორგაძის ნაშრომი, ეთნოგენეტური კვლევისათვის აუცილებელი კომპლექსური მიდგომის ჩინებული ნიმუშია. ავტორი შესაშური სრულყოფილებით იყენებს და ახლებურად განიხილავს რიგ წყაროთმცოდნეობით, ისტორიულ, ენათმეცნიერულ, ეთნოლოგიურ, არქეოლოგიურ, ლიტერატურულმცოდნეობით, ძველი სულიერი კულტურისა და სხვ. მონაცემებს.

 

ნაშრომი არა მხოლოდ მეტად ფართო სივრცობრივ არეალს მოიცავს (თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთს, კავკასიის ჩათვლით), არამედ მასალას ათავსებს უაღრესად ვრცელ ქრონოლოგიურ ჩარჩოებში (ნეოლითიდან კლასიკურ ხანამდე). სივრცობრივი და ქრონოლოგიური ჩარჩოების ასეთი სიღრმე-სიფართე, ნაშრომს სრულიად განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს ეთნოგენეზის საკითხებისადმი მიძღვნილ ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში.

 

უაღრესად ფასეულია ავტორის ცდა, ძველ აღმოსავლეთში მოსახლე ეთნოსების მიერ დანატოვარი ენობრივი მასალის ჭრილში განიხილოს ქართველოლოგიური მონაცემები და შესაბამისად ვრცელი ისტორიული და ეთნო-ლინგვისტური პანორამის ფონზე წარმოაჩინოს ქართველთა წარმომავლობის პრობლემატიკა.

 

გრიგოლ გიორგაძის წიგნის გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, ოღონდ ამჯერად უკვე სულ სხვა ტევადობის სამეცნიერო მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ქართველთა წარმომავლობის საკითხის მჭიდრო კავშირი უძველეს ახლოაღმოსავლურ მოსახლეობასთან, რაზედაც ყურადღებას ჯერ კიდევ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების ევროპელი და ქართველი მეცნიერები ამახვილებდნენ. ავტორის მიერ გამოყენებული არგუმენტაცია არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ ქართველთა ეთნოგენეზის პრომლემა ვერ გადაწყდება ძველი აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციების შემქმნელი მოსახლეობის ისტორიისა და ეთნიკური კუთვნილების გათვალისწინების გარეშე.

 

გრიგოლ გიორგაძე ამ მხრივ ჩვენი ისტორიოგრაფიის იმ აზრობრივი ძარღვის მიმდევრად გვევლინება, რომელსაც სათავე ივანე ჯავახიშვილმა დაუდო და რომლის მიხედვითაც კავკასიაში მიმდინარე ეთნიკური პროცესები უწყვეტ კავშირშია ძველი აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელ ანალოგიურ მოვლენებთან. აღსანიშნავია, რომ ეს შეხედულება არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებული, მას მიმდევრები უკანასკნელ ხანებში სხვაგანაც გამოუჩნდა.

 

უცხოელი მეცნიერები ძველ ახლოაღმოსავლური ენების კვლევის შედეგად თავისთავად მიდიან კითხვამდე, თუ რა კავშირი არსებობს ამ ძველ ენებსა და დღეს ცნობილ ენებს შორის? ბუნებრივია ისინი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მიუხედავად იმისა იქნებოდა იგი დასმული ტიპოლოგიური თუ გენეტიკური მნიშვნელობით, უპირველეს ყოვლისა "ხალხთა და ენათა კავკასიური მუზეუმის" მონაცემთა საფუძველზე ცდილობენ. მათი აზრით, თუ შეხედულება ძველი ახლოაღმოსავლური და თანამედროვე კავკასიური ენების კავშირების შესახებ მისაღები გამოდგება, მაშინ მინიშნება გვექნება ისეთ წინარე-ისტორიულ სიტუაციაზე, რომლის დროსაც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი ნაწილი იმ მოსახლეობის მიერ იქნებოდა დანაწილებული ვინც დღემდე სახლობს კავკასიაში.

 

საყურადღებოა გრ. გიორგაძის დაკვირვება, რომ ქართველური ტომების კონტაქტები ძველაღმოსავლურ სამყაროსთან ისახება ქართველურ ენათა ოჯახის ჩამოყალიბების დროიდან და გრძელდება აღნიშნული სამყაროს არსებობის მთელ მანძილზე. ეს მნიშვნელოვანი დასკვნა ერთის მხრივ ეფუძნება, ქართველურ ენაში შუმერული, სემიტური, ინდოევროპული, ხათური, ხურიტული და სხვა ენებიდან ნასესხები ლექსიკის ანალიზსა და ძველაღმოსავლურ და ქართველურ ენათა სტრუქტურულად მსგავს დამახასიათებელ ნიშნებს, ხოლო მეორეს მხრივ, რიგ შემთხვევაში კავკასიასა და წინა აზიაში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალებში შენიშნულ დამთხვევებს.

 

ნაშრომში საკმაო ადგილი უკავია და უაღრესად მნიშვნელოვანია ხეთების მეფის სუფილულიუმასა და მითანის მეფის შატივაზას მიერ დადებული ხელშეკრულების ანალიზი (გვ. 134-149). საკვლევი თემიდან გამომდინარე, ყურადღებას იპყრობს ali-ძირის შემცველი ჩრდილოაღმოსავლური ტოპონიმების დაკავშირება კლასიკური ხანის წერილობითი წყაროების ეთნონიმ Calubew-თან (გვ. 142შმდ., 149), რომელსაც ქართველური წარმომავლობის ტომების აღმნიშვნელად მიიჩნევენ. კერძოდ, სტრაბონი ხალიბებს ხალდებად მიიჩნევდა, ხოლო ახ. . VII-VIII საუკუნის სომხური წყაროები ხალდებს ჭანებთან აიგივებენ. ეს დაკავშირება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებლობა იქმნება ზემოხსენებული "ხელშეკრულების" საფუძველზე ვივარაუდოთ ჯერ კიდევ ძვ.. XIV საუკუნის ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიფერიაზე ქართველური ტომების ბინადრობა. აღსანიშნავია, რომ ავტორი, მუშქების, ანუ მოსხ-მესხების, პირველ გამოჩენას ცენტრალურ ანატოლიაში, ლუვიურ-იეროგლიფური წარწერების მონაცემების მიხედვით ასევე ძვ.. XIV-XIII საუკუნეებით ათარიღებს (გვ. 176).

 

კლასიკური ხანის ხალიბ/ხალდებისა და მათი მონათესავე ტომების გავრცელების არეალი ხეთური ხანის ქასქების ტომის მიწა-წყალს უნდა თანხვდებოდეს. ავტორის ვარაუდით, ქასქების მიწები დაახლოებით თანამედროვე თურქული ქალაქების ზილესა და ჩორუმის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით უნდა მოთავსდეს  და აღმოსავლეთის მიმართულებით იგი საკმაოდ შორს იქნებოდა გადაჭიმული, დაახლობით ქალაქ ერზინჯანამდე (გვ. 99). კიდევ უფრო შორს აღმოსავლეთით, ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე, მდ. კარა-სუს მიდამოებში, იგი აცი-ხაიასას ათავსებს.

 

ქასქური ტომების ეთნიკური ვინაობის დადგენისას გრ. გიორგაძე განსაკუთრებით პერსპექტიულად მიიჩნევს გენეტიკური კავშირების ძებნას ძველ კოლხურ ტომებთან, რომლებიც კლასიკური ხანაში პონტოს აღმოსავლეთ რაიონებსა და კიდევ უფრო აღმოსავლეთით სახლობდნენ (გვ. 110). ქაშქურ ონომასტიკონში იგი უხვად გამოარჩევს მეგრულ-ლაზური სტრუქტურის სახელებს, რაც, მისი აზრით, სხვა შესაძლებლობებთან შედარებით, ქასქების უფრო მეტად სამხრეთ კოლხურ წარმომავლობაზე უნდა მიუთითებდეს. მისი სიტყვებით: "ხეთურ ტექსტებში მრავალჯერ მოხსენიებული ქასქების მდიდარი ტოპონიმიკის, საკუთარ სახელთა და ცალკეულ სიტყვათა შესწავლას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ქასქების ტომები განსახილველნი არიან როგორც დასავლურ-ქართველური, მეგრულ-ლაზური ან სამხრეთ კოლხური წარმოშობის ტომები" (გვ. 119). ავტორის ამ დასკვნას, უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კონკრეტულად, ქართველთა წარმომავლობის საკითხთა გარკვევისას და საზოგადოდ, ქართველურ ტომთა უძველესი ისტორიის განსაზღვრა-ჩამოყალიბებისას.

 

ქართველურ და მთელ რიგ ძველაღმოსავლურ ენათა შორის არსებული ენობრივი კონტაქტები გრ. გიორგაძეს შესაძლებლობას აძლევს მიახლოებით მაინც შემოფარგლოს ის გეოგრაფიული გარემო ანუ ის კულტურულ-ისტორიული ტერიტორია სადაც ყალიბდებოდა ქართველური ეთნიკურ-ენობრივი ერთობა (გვ. 90შმდ.).

 

ავტორის განსაზღვრებით, ეს მიწა-წყალი, სადაც ადგილი ჰქონდა ქართველური ეთნოსის წარმოშობასა და ჩამოყალიბებას, მდებარეობდა ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთი პერიფერიასა და მის კიდევ უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით და აგრეთვე ჩრდილოეთ შუამდინარეთის უფრო ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ რაიონებში, სახელდობრ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაში - აქედან ხდებოდა მათი შემდგომი განსახლება ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით (გვ. 49, 93). ამ ტერიტორიის საზღვრები სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აღწევდა ხათებით (პროტოხეთებით) დასახლებულ პონტოს აღმოსავლეთ რაიონებამდე, რომლებიც ძვ.. 2 ათასწლეულიდან ინდოევროპელმა ხეთებმა დაიკავეს, ხოლო  სამხრეთის მიმართულებით ჩრდილოეთ მესოპოტამიის ჩრდილოეთით მდებარე ხურიტულ ოლქებამდე. ჩრდილოეთის მიმართულებით ეს რეგიონი კავკასიურ სამყაროს უკავშირდებოდა (გვ. 91).

 

გრ. გიორგაძე შუმერულსა და ქართველურ ენათა შორის არსებულ საკონტაქტო ხანას წინარე-ქართველურის არსებობის ხანით განსაზღვრავს. მას დასაშვებად მიაჩნია შუმერთა კავკასიიდან სამხრეთის მიმართულებით გადასახლება (გვ. 27). მართლაც, ქართულ-შუმერული ლექსიკური დამთხვევები გამოირჩევიან თავისი სიუხვით, წიგნში წარმოდგენილ სხვა ძველაღმოსავლურ ენათა მონაცემებთან შედარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართულ-შუმერულთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლებია ქართულ-სემიტური პარალელები, თუმცა წინა აზიაში სემიტები შუმერებისაგან განსხვავებით ბევრად უფრო გვიანდელი მოსახლეობა იყო და შესაბამისად თითქოს უფრო მეტი საერთო უნდა აღმოჩენილიყო ქართველურ ენებთან მათი მასალის შედარებისას. ქართულ-შუმერულ ენობრივ პარალელთა მრავალრიცხოვნობასთან დაკავშირებით, თუ გავიხსენებთ ზოგიერთი მეცნიერის აზრს, ურუქის ხანის დადგომისას (ადრეული ძვ. . IV ათასწლეული) მესოპოტამიაში მოსახლეობის ჩრდილოეთიდან თუ ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან გადასახლების შესახებ, ალბათ მთლიანად უსაფუძვლოდ აღარ მოგვეჩენება შუმერების (თუ მათი შემადგენელი ერთი ფენის) მესოპოტამიაში კავკასიიდან თუ ანატოლიიდან გავრცელების შესახებ არსებული ჰიპოთეზები.

 

ამასთანავე არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ავტორს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული შეხედულება, სრულიად განსხვავებულ ეპოქებსა და რეგიონებს მიკუთვნებული ტერმინების, შუაასურული ხანის "აბეშლასა" და კლასიკური ხანის "აფსილების" იგივეობის შესახებ, რის საფუძველზეც ზოგჯერ აბეშლაელებს აფსუა ტომებად მიიჩნევენ, ძნელად დასაჯერებელია (გვ. 121).

 

აღსანიშნავია, რომ გრ. გიორგაძის აზრით, აბეშლაელები იმ მუშქების მსგავსად, რომელთა ტერიტორიაც სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიას მოიცავდა (ანუ უნდა ვიგულისხმოთ მდ. არეზის ჩრდილოეთით მდებარე მიწები), ჩრდილოეთიდან იყვნენ სამხრეთისაკენ (ძვ.. XII . სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში) გადანაცვლებულნი, ხეთების სამეფოს დაცემის მომდევნო პერიოდში, რის გამოც არც ერთი ეს ტომი არ არის მოხსენიებული ხეთურ ლურსმულ ტექსტებში (გვ. 124შმდ.).

 

ვფიქრობთ, ერთადერთი, რაც ამ ორ ეთნონიმს, "აფსილსა" და "აბეშლას", შესაძლოა ერთმანეთთან აახლოებდეს, მათში ნაგულისხმევ ეთნოსებზე ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, არის ამ ორი ტერმინის შესაძლო მომდინარეობა მდ. ფაზისის სახელწოდებიდან. თუ პირველ შემთხვევაში ეს ჰიდრონიმი კოლხურ მდინარეს რიონ-ფაზისს აღნიშნავდა, მეორე შემთხვევაში იქნებ არეზის (არაქსის) ფაზისს. გავიხსენოთ, რომ ქსენოფონტემ 10000 ბერძენ ჯარისკაცთან ერთად სპარსეთიდან სამშობლოსაკენ მიმავალი გზის ძიებისას ძვ.. 401 წელს, მდინარე ფაზისთან (არეზი), ამ მდინარის სახელიდან ნაწარმოები ეთნონიმის მატარებელ ფასიანთა ტომს გადაეყარა - ეგებ ავტოქტონ აბეშლაელთა შთამომავალთ.

 

უაღრესად საინტერესოა უძველეს ქართულ საისტორიო ტექსტებში დაცული არმაზის კერპის აღწერილობის გრ. გიორგაძის მიერ შენიშნული სტრუქტურული თანხვდენა ხეთური რელიგიური პანთეონის ღვთაებათა აღწერილობასთან; ქართული ტექსტები შეიცავს თითქმის ყველა იმ კომპონენტს, რომელიც კი გვხვდება ხეთური კერპების აღწერილობისას. ავტორის აზრით, ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი და უნდა მოწმობდეს, ისტორიულ ქართლში ახალი სახელმწიფო რელიგიის შექმნისას ძველი მცირეაზიული რელიგიური ტრადიციების გამოყენებას, ანუ იმ მხარის ტრადიციებისა, რომელთანაც უძველესი დროიდანვე უნდა არსებულიყო სათანადო კონტაქტები (გვ. 59).

 

ავტორი შენიშნავს, რომ ეთნოსთა მიგრაციებს ახლო აღმოსავლეთში ძვ. IV-III ათასწლეულებში ჰქონდათ ადგილი და ძირითადად გადაადგილება ხდებოდა კავკასიიდან სამხრეთისაკენ, მაშინ როდესაც არც ერთ დიდ მიგრაციას ადგილი არა ჰქონია სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.

 

მართლაც, ძვ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთში მძლავრად იჭრება .. მტკვარ-არეზის ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურა. უფრო გვიან, ძვ.. II ათასწლეულიდან ახლო აღმოსავლეთში მიგრაციებს ადგილი ჰქონდათ უპირატესად აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და შესაბამისად ახლოაღმოსავლური მოსახლეობაც იძულებული ხდებოდა თავშესაფარისათვის ჩრდილოეთის მიმართულებით, კავკასიის მთიანეთისაკენ გახიზნულიყო. შესაძლოა ამ გარემოებით უნდა აიხსნას წიგნში მოყვანილი ქართულ მისამღერებში შემონახული ურარტული გამოთქმების: ივრი ალალე, თარი ალალე, არი არალე და სხვ. ქართულ სამყაროში შემოტანა (გვ. 172). გურული კრიმანჭულის მისამღერში დადასტურებული ფრაზაც: ირიახო ურუახო/ურვახო, იქნებ ამისდა მსგავსად ხურიტული ენიდან იყოს ქართულ სიმღერაში შემორჩენილი. როგორც გრ. გიორგაძის წიგნიდან ვგებულობთ, სიტყვა ხურვოხე/ხუროხე ხურიტულ ენაზე ნიშნავდა "ხურიტულს" (გვ. 67). თავკიდურა -ბგერის მერყეობა დამახასიათებელი მოვლენაა სამხრეთკავკასიურ-აღმოსავლეთანატოლიური სახელებისათვის.

 

როგორც ჩანს, ქართველთა წარმომავლობის საკითხთა კვლევა მხოლოდ ძველი აღმოსავლეთის რეგიონით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, როგორც გრ. გიორგაძე შენიშნავს, ქართველურ ენებზე დაკვირვების შედეგად, გამოვლენილია აგრეთვე მათი მატარებელი მოსახლეობის კონტაქტები მედიტერანულ სამყაროსთან, ბასკებთან, დასავლეთ მცირე აზიასთან და შესაბამისად დადგენილია არაერთი საინტერესო ფაქტი (გვ. 172, შენიშვნა).

 

ქრონოლოგიურად ავტორისეული კვლევა აღწევს ფარნავაზის ხანის ერთიანი ქართული ეთნო-კულტურული სისტემის ჩამოყალიბებამდე, ანუ იმ ხანამდე სადაც გადის მიჯნა წინარე-ისტორიულ და ისტორიულ წარსულს შორის და რომლის შემდეგაც ქართველთათვის დგება მათი წარსულის ისტორიული პერიოდი.

 

გრიგოლ გიორგაძის ახალი წიგნი თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი შენაძენია. ნაშრომში წარმოდგენილი ასეთი ფართო სივრცობრივი და ქრონოლოგიური დიაპაზონის მომცველი კვლევა-ძიება, მხოლოდ ისეთ მრავალმხრივად ერუდირებულ, დიდად გამოცდილსა და ევროპული დონის ჭეშმარიტ პროფესიონალ მკლევარს შეეძლო, როგორიც ბატონი გრიგოლ გიორგაძეა. ძველი აღმოსავლეთისა და კავკასიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სპეციალისტები, მოელიან გრ. გიორგაძის ახალ, ჩვენი ქვეყნის ადრეული ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს, ნაშრომებს. ამის წინაპირობას ათეული წლების განმავლობაში მის მიერ შეძენილი დიდი ცოდნა, დაუცხრომელი ინტელექტი და სანიმუშო მუყაითობა წარმოადგენს.

 

წარმატებული მეცნიერები, როგორც წესი ღრმა სიბერემდე ცხოვრობენ - ცოდნის წადილი, შემოქმედებითი ცეცხლი და რაც მთავარია სულ ახალ-ახალი დასახული მიზნების მიღწევა მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ბატონ გრიგოლს მცხოვანებამდე ჯერ კიდევ ათეული წლები აშორებს, იგი, ჩვენი ისტორიოგრაფიის ახალ წარმატებებს დადარაჯებული მკითხველის სასიხარულოდ, ვერ მოისაკლისებს ვერც მნიშვნელოვან სამეცნიერო გამარჯვებებს, ვერც ცოდნის დიდ წადილს, ვერც შემოქმედებით ცეცხლსა და ვერც მომავალში განსახორციელებელი სამეცნიერო მიზნების სიმრავლეს.

 

გიორგი ქავთარაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

 

 

 

Back:

 

 

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

             &

 

http://www.geocities.ws/komblege/