გიორგი ლეონიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV და V რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო

პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი

 

გიორგი ლეონიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV და V რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები

 

 

 (მოხსენებათა მოკლე შინაარსები)

 

 

 

 

პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის გამოცემები, 3.

 

 

პატარძეული - თბილისი

 

გამომცემლობა “უნივერსალი”

 

 

2005

 

მუზეუმის ვებ-გვერდი:

http://www.scribd.com/doc/2530246/Leonidze-Family-in-the-19th-Century

 

 

რედაქტორები:

გიორგი ქავთარაძე

ტარიელ ფუტკარაძე

ნაზი ზუკაკიშვილი

 

 

სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

ნინო უსტიაშვილი

ნესტან სულავა

გიორგი ქავთარაძე (თავმჯდომარე)

ტარიელ ფუტკარაძე

 

 

© გიორგი ქავთარაძე

ISBN 99940-0-810-2 /გვ. 3/

 

ზაზა აბზიანიძე (თბილისი)

გიორგი ლეონიძე

(ლიტერატურული პორტრეტი)

გიორგი ლეონიძის პორტრეტი ერთ-ერთი თვალსაჩინოა ლიტერატურულ პორტრეტთა გალერიიდან. პორტრეტში ლაკონურობისდა მიუხედავად, შევეცადეთ თვალი მიგვედევნებინა გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიისა და შემოქმედებითი გზის ძირითადი ნიშანსვეტებისათვის ისე რომ ბიოგრაფიული ნარკვევი არ ყოფილიყო გამოცალკევებული, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. დიდი პოეტის ცხოვრებაცა და შემოქმედებაც ერთ მთლიან ფენომენადაა წარმოსახულითავისი დრამატიზმით, თავისი შუქ-ჩრდილებით, თავისი განუმეორებელი იერით... პორტრეტში შევეცადეთ წარმოგვეჩინა გიორგი ლეონიძის პიროვნული ხიბლიც და ის გაუნელებელი სინედლეც, რომელიც მის მხატვრულ სამყაროს ახასიათებს და ის შინაგანი პლასტებიგოგლას ისტორიზმი იქნება ეს თუ სიყმაწვილისდროინდელი შთაბეჭდილებანი, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ლეონიძისეული სამყაროს შეცნობა. ამ სამყაროს ერთი, ჯადოსნური ნაწილია გიორგი ლეონიძისნატვრის ხე”, რომლის ჩრდილქვეშ, მკითხველთა მთელი თაობები ეზიარებიან ქართული ენის მადლსა და ლაზათს.

 

ბონდო არველაძე (თბილისი)

ავეტიქ ისააკიანი გიორგი ლეონიძის შესახებ

გამოჩენილი სომეხი პოეტის ავეტიქ ისააკიანის ერევნის სახლ-მუზეუმის პოეტის პირად არქივში დაცულია დღემდე უცნობი ავ. ისააკიანის ჩანაწერები, უნიკალური ფოტოსურათები, რომლებიც ეხება დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის პიროვნებას და პოეზიას. /გვ. 4/

 

ეს საარქივო მასალა კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ორი სახელგანთქმული პოეტის პირად და შემოქმედებით თანამეგობრობაზე.

 

ნაზი ზუკაკიშვილი (პატარძეული)

გამოუქვეყნებელი მასალები გიორგი ლეონიძეზე

1. არავინ არ მოელოდა, თუ ასე სწრაფად და მოულოდნელად ჩაიქროლებდა სიცოცხლე ყვალასათვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანის საქართველოს სახალხო პოეტის, პოეტ-აკადემიკოსის გიორგი ლეონიძისა, რომელმაც ყველას დაწყვიტა გული, მაგრამ დარჩა იგი ახლობელთა, ნათესავთა, მეგობართა მოგონებებში. მოგონებებში ცოცხლდება ეს ბუმბერაზი პოეტი და შთამომავლობისათვის ნათელი ხდება მისი დიდი სულგრძელობა, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა. მისი სასწაულებრივი შემოქმედებაც ხომ ამისი ნათელი დადასტურებაა.

2. გავეცანი გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის საცავეებში დაცულ მოგონებებს გიორგი ლეონიძეზე. გაცრეცილ, გაკრული ხელით ნაწერ ბარათებში ინახება ფარული განძიმოგონებები დიდ ადამიანზე, დიდ პოეტზე.

3. გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის ფონდში დაცული მოგონებების გაანალიზება არ დამიმთავრებია. მუზეუმის ფონდში კვლავ მრავალი მოგონებაა დაცული, რაც გიორგი ლეონიძის ხსოვნას აცოცხლებს და ნათლად წარმოგვიდგენს მას, როგორც პოეტს, ასევე დიდ მკვლევარს და დიდ ჰუმანისტს, რაც ჩვენი შემდგომი მუშაობის მიზანდასახულებაა. /გვ. 5/

 

მარიამ კარბელაშვილი (თბილისი)

მე ვკითხულობდიქართლის ცხოვრებასწუხელის დიდხანს გათენებამდი”...

საქართველოს ისტორია გიორგი ლეონიძის პოეზიაში

საქართველოს ისტორიას გიორგი ლეონიძის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავსფიქრი სამშობლოს წარსულზე მსჭვალავს მთელ მის პოეზიას. ამ თემის დამუშავებაში აისახა პოეტის მსოფლმხედველობა და მსოფლგანცდა.

ქართლის ცხოვრებას”, როგორც მისთვის მარად საკითხავ წიგნს, . ლეონიძემ არაერთი ღრმა შინაარსით დატვირთული ლექსი მიუძღვნა (`წიგნიქართლის ცხოვრება”, `მინაწერიქართლის ცხოვრებაზე”, `მე ვკითხულობდიქართლის ცხოვრებას”); მისი პოეზიის სახეობრივ-პოეტურ სისტემაში ფართოდაა წარმოდგენილი ქართულ ქრონიკაში ასახული ეპიზოდები, ისტორიული პირები, ტოპონიმიკა; სავსებით ცხადიაქართლის ცხოვრებისლექსიკის მძლავრი გავლენა პოეტის ენაზე.

გიორგი ლეონიძეს, როგორც საქართველოს ისტორიის უბადლო მცოდნეს და თავად ისტორიულ საკითხთა მკვლევარს, აქვს ლექსები, რომელთაც უძღვისქართლის ცხოვრებიდანან ძველი ხელნაწერებიდან აღებული ეპიგრაფები (“წინაპრებს”, “ქართლს”, “ჯაფირი”, “ფანასკერტელს”, “სამშობლოს გმირებს”, “ქეთევანის წიგნი”), რომელთაც შთააგონეს პოეტს თემა.

ვახტანგ გორგასალი, თბილისი, სამგორი, რუსთავიეს სახეები . ლეონიძის პოეზიაში მრავალჯერ გვხვდება, სხვადასხვა პოეტური ხედვით ასახული. ამ თემის დაგვირგვინება გახდა ვრცელი ისტორიული პოემასამგორი”, შთაგონებული ჯუანშერის ქრონიკით: ესაა ფართო გააზრება საქართველოს ისტორიული წარსულისა, სადაც პოეტი მდიდარი იმაგინაციით პერსონაჟთა მდიდარ გალერეას ქმნის. პოემას მსჭვალავს ჰუმანისტური ისტორიული აზრიისტორიის მამოძრავებელი ძალახალხია, სამშობლოს სიყვარულით სავსე. /გვ. 6/

 

ლამარა კიკილაშვილი (თბილისი)

საქართველოს რადიოსოქროს ფონდი”: სამი ჩანაწერი გიორგი ლეონიძის კოლექციიდან

1. “გალაკტიონი წმინდა წყაროა”...

ჩვენ ხშირად გვიყვარს ორი სიდიდის შედარება. ეს იცოდა ბატონმა გიორგიმაც და ერთხელ, თავისი ლექსების კითხვისასეს იყო 1959 წელს, როცა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მაგნიტოფირზე მის ლექსებს ვიწერდით და ის გატაცებით კითხულობდა საკუთარ სტრიქონებს, – მოულოდნელად შეჩერდა და თქვა: “გალაკტიონი წმინდა წყაროა, მენიაღვარი”... როგორც ჩანს, ამ აზრს დიდხანს ეძებდა და იმ წუთში მიაგნო.

რას ფიქრობდა ბატონი გიორგი გალაკტიონის პოეზიაზე საერთოდ, კარგად ჩანს მის მიერ 1963 წლის თებერვალში რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გამართულ გალაკტიონის ხსოვნის საღამოზე წარმოთქმულ სიტყვაში: “გალაკტიონის პოეზია ბედნიერი ნიჭისაამოცარტული. მისი უდროო სიკვდილით ქართულ პოეზიას გაუწყდა უძვირფასესი სიმი, რომლის მელოდიები მუსიკასავით ავსებდა ჩვენს თაობებს. გალაკტიონ ტაბიძე დიდი ლირიკული ტალანტია ჩვენი დროისა. ის არის განახლება ჩვენი პოეტური მხედველობისა და ჩვენი ხმის ახლებური გასინჯვა. გალაკტიონის პოეზიისათვის უცხო იყო გარეგანი ეფექტები, თუმცა, მას ჰქონდა მეტრული სიმდიდრეც და იშვიათი რითმაც. ის იყო გზის გამხსნელიც და გამომგონებელიც. მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა ისეთი თრთოლვა, ისეთი მომხიბლავი მუსიკალური ცახცახი და ჟრუანტელი, რაც არ ჰქონია დღემდის არცერთ ქართველ პოეტს.

გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ლაღი, მსუბუქი სუნთქვაა, სუნთქვაა გულისა, მხოლოდ გულისა... და ამიტომ არის, რომ მის ლექსებს ჩვენ ვკრეფთ, როგორც წმინდა ალმასებს.

გალაკტიონი იყო პირდაპირი და უახლოესი გამგრძელებელი ბარათაშვილის ფიქრის და შემთხვევითი არ არის, /გვ. 7/ რომ იგი მის გვერდით წევს მთაწმინდაზე, როგორც ახალი ქართული პარნასის ბინადარი”...

თავის თანამედროვე პოეტზე, გვერდში მდგომ პოეტზე ასეთი რამ მხოლოდ გიორგი ლეონიძეს შეეძლო ეთქვასიწრფელით, უშურველად, გულისშემძვრელად და ალალი აღფრთოვანებით.

2. “ტიციანელო”...

ასე მოიხსენია ტიციან ტაბიძე – “თავისი სამუდამო მეგობარიცამეტ ცისფერყანწელ ძმათაგან ერთ-ერთმაგიორგი ლეონიძემ ტიციანის ხსოვნის პირველ საღამოზე მისი რეაბილიტაციის შემდეგ – 1961 წლის 6 მარტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში. მოიხსენია ასეთ კონტექსტში:

ტიციანი მრავალფეროვანი, დიდი დიაპაზონის ადამიანი და მხატვარი იყო, დიდი ტემპერამენტისა და სინაზის მქონე. მას უყვარდა ცხოვრება, მაგრამ უყვარდა შრომაც. იგი იყო აზრისა და საქმის ადამიანი, პოეტი, მოაზროვნე, ესტეტი, ორატორი, ცისფერყანწელების იდეოლოგი, დაუღალავი ორგანიზატორი, რედაქტორ-გამომცემელი, მეპრესე, ახალგაზრდობის დამხმარე და ნამდვილი ამფიტრიონი – “საწყალი ტიციანელო”, როგორც ღიმილით იტყოდა საკუთარ თავზე”...

მე ყოველთვის მქონდა მიკერძოება სიყვარულისა ტიციანისადმი და დღეს განსაკუთრებით ვგრძნობ ჩემი სამუდამო მეგობრისტიციანის აჩრდილის სიახლოვეს ჩემი საყვარელი მეგობრისპაოლო იაშვილის აჩრდილთან ერთად... – ამბობდა ბატონი გიორგი. და შემდეგ: “ჩემთვის პოეტი ტიციან ტაბიძე სამჯერ თუ ხუთჯერ უფრო დიდია, ვიდრე იგი ჩანს დღეს თავის ერთტომეულში, რითაც იცნობენ პოეტს ის მკითხველები, ტიციანს რომ ვერ შეესწრნენ. ამ წიგნს ბევრი რამ აკლია. უპირველესად, აკლია მისი მრავალი ლექსიმე არ ვლაპარაკობ მის გაფანტულ ლექსებზემრავალი მღელვარე სიტყვა, მისი ღაღადისი ძმობისა, სიყვარულისა, მეგობრობისა, საალერსო სიტყვები ავთანდილობისა. მის წიგნში არ არის შესული მისი ორატორობის ბრწყინვალე ნიმუშები. აქ არ არის შესული მისი თავდავიწყება და გატაცება კერძო, ინტიმურ საუბრებში საქართვე/გვ. 8/ლოზე, პოეზიაზე. ამ წიგნის მკითხველს არ გაუგონია ტიციანის მახვილი, იუმორით სავსე სიტყვა, რაბლესებური სიცილი, არ უნახავს ტიციანის ბავშვური ღიმილი. შეაერთეთ ეს ყოველივე და წაიკითხავთ ტიციანის სრულ, თუ გნებავთ, სრულყოფილ, ბრწყინვალე წიგნს, რისთვისაც ჩვენ ასე გვიყვარდა იგი”...

ეს არის დიდი მხატვრის ფუნჯით ნახატი სრულყოფილი პორტრეტი, პორტრეტი ტიციან ტაბიძისა, გულსაკლავად დაკარგულისა ქართველი მკითხველისა და ქართველი ხალხისათვის.

3. დიდი სიხარული და დიდი სინანული

1966 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი ლეონიძემ შემთხვევით დაკარგა ნიკო ფიროსმანზე დაწერილი მონოგრაფიული წიგნის უკვე დასაბეჭდად გამზადებული ხელნაწერი, წიგნისა, რომელზედაც თითქმის მთელი სიცოცხლე ფიქრობდა, მუშაობდა და ახალგაზრდობიდანვე ამზადებდა მასალებს. ამით ჩვენ დავკარგეთ გიორგი ლეონიძის ერთი საუკეთესო, ალბათ, მისნატვრის ხესთანმოსახსენიებელი წიგნი, რადგან გამოქვეყნებული ფრაგმენტებიდან, ავტორის სიტყვით, “დაუმთავრებელი და დაუმუშავებელიფრაგმენტებიდანაც იგრძნობა გიორგი ლეონიძისთვის ჩვეული სიტყვათმთხზველობა, მისი კალმის ოსტატობა ფიროსმანის მეგობართა სახეების შექმნის დროს, მეგობრებისა, გულწრფელად და ალალად რომ უყვარდათ საქართველოს დიდი მხატვარი, მაშინ საქართველოსათვის უცნობი და უჩინარი.

ამ გამოქვეყნებულ ფრაგმენტებს ვუმატებ ერთ საინტერესო ეპიზოდს რადიოსოქროს ფონდშიდაცული გიორგი ლეონიძის ჩანაწერების კოლექციიდან. 1965 წელს მაშინ ახალგაზრდა კრიტიკოს გიორგი გაჩეჩილაძისათვის მიცემულ ინტერვიუში ბატონი გიორგი იხსენებს: “...პირველი ლექსი, კარგად მახსოვს, 1909 წელს დავწერე. მანამდე, მართალია, გატაცებული ვიყავი პოეზიით, მაგრამ მხატვრობას უფრო მივდევდი. ამიტომ ხელოვნების დარგებიდან უფრო მხატვრობის სიყვარული შემრჩა. მხატვრებს /გვ. 9/ შორის მე ყველაზე მეტად მიყვარს ფიროსმანი. მეტიც, მასთან რაღაც სულიერ ნათესაობასაც კი ვგრძნობ.

უნდა მოგახსენოთ, რომ 1915-1916 წლებში მე ფიროსმანს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი, რადგან ორივენი ერთ უბანში და ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. მე ვცხოვრობდი ავჭალის, ანუ დღევანდელი საბჭოს ქუჩის 54 ნომერში, ფიროსმანსაც იქვე ახლოს, მალაკნის ქუჩაზე ჰქონდა ბინა. ჩვენი სახლის ალაყაფის კარებთანაც არაერთხელ მინახავს ფიროსმანი გართული საუბარში მეპურეებთან, მედროგეებთან, ხარაზებთან და სხვა. არ დამავიწყდება მისი ახოვანი, წარმოსადეგი ტანი, დარბაისელი, ღიმილიანი სახე, დამოუკიდებელი თავის დაჭერა, ხელოსნის ტანისამოსისუფთად ჩაცმული. მუდამ თეთრი საცვალის პირი უჩანდა საყელოში.

დიახ, მე ფიროსმანი არაერთხელ შემხვედრია იმ ქუჩაზე, რომელსაც იგი თურმე თავის პროსპექტს უწოდებდა, მაგრამ მე არ ვიცოდი, თუ ის კაცი, ასე ხშირად რომ მხვდებოდა ქუჩაზე, იყო მხატვარი, შემოქმედი, ავტორი იმ ნახატებისა, რითაც გამოჭედილი იყო ჩვენი ქუჩის სარდაფები, თონეები, საწვრილმანოები, დუქნები, სახარაზოები, საპარიკმახეროები... რომ ის ნიკო ფიროსმანი ყოფილა, მე გავიგე მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ – 1922 წელს, როცა შევუდექი მასზე მოგონებების ჩაწერას და ბიოგრაფიული მასალის შეგროვებას.

ერთხელ მიმასწავლეს ფიროსმანის ერთ მეგობართანმეწაღეჭინკასთან”, რომელიც ჩვენს სახლებში ცხოვრობდა მდგმურად და როცა შევეკითხე, გაკვირვებით შემომხედა, როგორ, შენ უფრო კარგად არ გახსოვს ფიროსმანიო? ისე მეკითხები, თითქოს არ გინახავსო. რამდენჯერ შესწრებიხარ აქ, ჩემთანო. და მომაგონა რამდენიმე მომენტი, რომლის მომსწრე მე ვიყავი... და უცებ ორივე ერთად განვიცადედიდი სიხარული, რომ მე მინახავს ნიკო ფიროსმანი და დიდი სინანული, რომ თავის დროზე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო იგი. მე ხომ შემეძლო, მასთან მებაასა, მესაუბრა, მაშინ ჩემი ლექსები უკვე იბეჭდებოდა ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში და ერთგვარი სახელიც მქონდა”. /გვ. 10/

 

ემზარ კვიტაიშვილი (თბილისი)

გიორგი ლეონიძის სახე ქართულ ხელოვნებაში

გიორგი ლეონიძისმეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტისა და უთვალსაჩინოესი საზოგადო მოღვაწისსახის აღბეჭდვას მის სიცოცხლეშივე ცდილობდნენ მხატვრები და მოქანდაკეები. გიორგი ლეონიძის პორტრეტები სხვადასხვა დროს შეასრულეს: ლადო გუდიაშვილმა, უჩა ჯაფარიძემ, გრიგოლ ჩირინაშვილმა, ბიძინა ავალიშვილმა, თენგიზ ღვინიაშვილმა, გიორგი პაპინაშვილმა და სხვებმა. ზოგი ნამუშევარი, სამწუხაროდ, დღემდე აურიცხველი და შეუსწავლელია.

ჩემს ყურადღებას იქცევდა პოეტის ბინაში, სასადილო ოთახის კედელზე ჩამოკიდებული მცირე ზომის ჭედურობა, ბარელიეფი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა გამოცდილი ოსტატის ხელი. რამდენიმე ხნის წინ ეს ნამუშევარი ჩამოვხსენი და დავაკვირდი. ძირს, მარჯვენა მხარეს, ამოტვიფრული იყო ინიციალები. ., უმალვე მივხვდი, რომ ბარელიეფი აწ გარდაცვლილი საუკეთესო მოქანდაკის, უაღრესად კეთილშობილი პიროვნების, ფარნაოზ მზარეულაშვილის მიერ იყო შესრულებული. მე მას არაერთხელ შევხვედრილვარ, ოჯახშიაც ვწვევივარ. ფარნაოზ მზარეულაშვილი პირადად იცნობდა და ეთაყვანებოდა გიორგი ლეონიძეს. “ნატვრის ხისავტორის გარდაცვალების შემდეგ ფარნაოზ მზარეულაშვილმა მისი მშვენიერი პორტრეტი გამოკვეთა ქვაში, რომელსაც პოეტის საფლავი უნდა დაემშვენებინა, მაგრამ, მიზეზთა გამო, მოქანდაკის ყოვლად უანგარო განზრახვა განუხორციელებელი დარჩა. სასურველია, ფარნაოზ მზარეულაშვილის ნახელავი მოიძებნოს და ქალაქ საგარეჯოში, შესაფერის ადგილას დაიდგას. /გვ. 11/

 

ემზარ კვიტაიშვილი (თბილისი)

გიორგი ლეონიძე და თაობათა უწყვეტი ჯაჭვი

რუსთაველის უპირველესი პოეტობა საქართველოში არასოდეს გამხდარა საეჭვო; თუნდ არ თქმულიყო, ეს ისედაც იგულისხმებოდა. გიორგი ლეონიძეს ყველაზე ახლობელ წინაპრებად დავით გურამიშვილი და ვაჟა-ფშაველა მიაჩნდა, განსაკუთრებულ სულიერ ნათესაობას მათთან გრძნობდა. ბუნებით ჭირისუფალსა და გარდასულებზე ნიადაგ მზრუნველს არავისი ღვაწლი და თავდადება არ დავიწყნია, მაგრამ ამ ორს გამორჩეულად ესიყვარულებოდა. ახალგაზრდობის ჟამს დაწერილ ღირსსახსოვარ ლექსშიძველი პოეტები”, დროთა უკუღმართობას და ძნელბედობას გადარჩენილ ძვირფას წინამორბედთა ასეთი თანმიმდევრობაა:

ხმალმა, ხანძარმა,

კალიამ, ჭირმა,

მათი სიმღერა ვერ შაანელა,

შოთა,

ბესიკი,

გურამიშვილი,

ჯიხვტყავიანი ვაჟა-ფშაველა!

ცხადია, ბესიკი ამ თანავარსკვლავედში შედარებით მოკრძალებული სახელია, მაგრამ ოსტატობისა და ტკბილხმოვანების, პოეტური სილაღისა და არტისტიზმის გამო, გიორგი ლეონიძე მას მუდამ სხვაგვარ პატივს მიაგებდა, “ოქროს ყელისპატრონად იხსენიებდა დასევდის ბაღისავტორზე ერთ-ერთი საუკეთესო გამოკვლევა დაწერა. მოხმობილი ჩამოთვლა უთუოდ პირობითია, თუნდაც იმიტომ, რომ აქ არ ფიგურირებს ნიკოლოზ ბარათაშვილიგიორგი ლეონიძის სათაყვანებელი პოეტი და პიროვნება, რომელსაც მან არაერთი ანთებული სტრიქონი და მშვენიერი პოემაც უძღვნა. ასევე აღმერთებდა იგი ილიასა და აკაკის, მაგრამ რო /გვ. 12/გორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი მზერა, უმთავრესად, გურამიშვილისა და ვაჟასკენ იყო მიპყრობილი და ერთ-ერთ უძლიერეს, მიძღვნითი ხასიათის სააღსარებო ლექსში – “დავით გურამიშვილს, ვაჟა-ფშაველას” (1938), ქართული პოეზიის ეს ორი გენია შეაწყვილა ისევე, როგორც მასზე ადრე ვაჟა მიმართავდა გურამიშვილისა და რუსთაველის აჩრდილებს (“მიშველეთ შენ და შოთამა”). შაირად ჩამოქნილ სტრიქონებში ღვთივ კურთხეული ოსტატებისადმი მადლიერი შეგირდის სამაგალითო მოკრძალება და უზომო სიყვარულია გაცხადებული:

მეტკბობი, გურამიშვილო,

გენდობი, ვაჟას ჩონგურო,

გთხოვთ, წინაპრებო, მიშველოთ,

სათქმელი გამილომგულოთ!

ხელუკრთომელი როდი ვარ,

სიტყვა მაქვს გამოკვანძილი,

თქვენს ნაგზაურზე მოვდივარ,

დიდი გქონიათ მანძილი.

გურამიშვილისა და ვაჟასნაგზაურზეშედგომა ბრმა მიბაძვას როდი ნიშნავს; შთამომავალი დიდ წინაპართა ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს და თავისებურ ელფერსაც აძლევს.

ეს ლექსი ერთი ამოსუნთქვით არის დაწერილი, ავტორიც ექსპრომტად მიიჩნევს. მაგრამ საამაყო წინაპრებთან დამოკიდებულებაზე იმთავითვე ბევრი აქვს ნაფიქრი და, მათგან სულიერად ნასაზრდოები, ცდილობს, მათ გვერდით დაიდოს ბინა, უკვდავთა საუფლოში მოხვედრის ღირსი გახდეს. სანუკვარი სურვილი სადად და ცხადად არის გამოხატული ფინალურ სტრიქონებში:

იქ ჟღერდეს ჭეშმარიტებით

ეს ლექსიც ანაზდაითი,

სადაც მღეროდნენ დიდებით

ვაჟა და დიდი დავითი. /გვ. 13/

საგანგებოდ უნდა აღინიშნოსწინაპრებს როდესაც რაიმე თვალსაჩინო ნიშნით ახასიათებს, გიორგი ლეონიძე ყოველთვის არ მისდევს ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. არც იმას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, როცა რომელიმე მათგანი გამოტოვებულია. ჩამოთვლა ამ დროს უფრო ლექსის კომპოზიციით არის განპირობებული, თორემ ყოვლად შეუძლებელია, მას დავიწყნოდა ან გამორჩენოდა დავით გურამიშვილი ხუთსტრიქონიან ლექსში – “წარწერა ქართველ მწერალთა სურათებზე”:

ილიაშუბლი საქართველოსი,

ბარათაშვილიაზრთა მპყრობელი,

აკაკიგედი და ორთეოსი,

ვაჟახმაჩანჩქერდაუშრობელი

და დიდი შოთამათი მშობელი.

აქ არც გენიალური საბა ორბელიანია ჩასმული, მაგრამ ვის შეუძლია თქვას, რომ ამ ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის ბრძენკაცს გიორგი ლეონიძე სხვაზე ნაკლებად აფასებდა. ქართულ მწერლობაში ძნელად მოიძებნება მეორე პოეტი, ვისაც იმდენი აღფრთოვანებისა და თაყვანისცემის გამომხატველი ლექსი ჰქონდეს მიძღვნილი ამაგდარი წინაპრებისადმი, რამდენიც გიორგი ლეონიძემ მიუძღვნა და შარავანდედით შემოსა მათი წმინდა ხსოვნა. “ოლესავტორს ღრმად სწამდა, რომ მისი შემოქმედება თაობათა უწყვეტი ჯაჭვის გამგრძელებელი იყო და ამის გამო ფანატიკური ერთგულებით ემსახურებოდა ქართული სიტყვის უკვდავებას. სწორედ ეს არის მწერლობის უმთავრესი, სასიცოცხლო დანიშნულება. /გვ. 14/

 

ელენე კოშორიძე (თბილისი)

გიორგი ლეონიძის პროზის ენის ექსპრესიულობისათვის

გიორგი ლეონიძის შემოქმედების ღირსებას ნაწარმოების შინაარსის ცხოველმყოფელობასთან ერთად მწერლის მხატვრული ენაც განაპირობებს. შენიშნულიცაა, რომ მის შემოქმედებაში სიმძიმის ცენტრი ენაზეა გადატანილი, რომელიც თავისი ექსპრესიულობით გამოირჩევა.

გიორგი ლეონიძის ჭეშმარიტი შემოქმედის ენის ექსპრესიულობის განმსაზღვრელია საგნებითა და მეტაფორებით აზროვნება; კერძოდ:

1. გიორგი ლეონიძის ენა მდიდარიამხედველობითი ხატებით”, “სმენითიეფექტებით, “სუნისა და გემოსშეგრძნებათა დამკვიდრებით, შინაგან განცდათა გამომხატველი ტროპებით.

აღნიშნული მხატვრული სახეების გამოხატვაში უდიდესი მნიშვნელობისაავით თანდებულებიანი სახელის როლი (“ქიშმიშივით დამჭკნარს ან სარივით გამხმარს ან რაში ედგა სული?”), ან ვითარების გარემოებითი დამოკიდებული წინადადება (“თამადა ისე გაჩუმებულიყო, თითქოს წისქვილის სათავე გადაუგდესო”).

2. გიორგი ლეონიძის ენის ექსპრესიულობას განსაზღვრავს რიტმულობა: მის პროზაში თხრობის რიტმს ქმნის: ) მსგავს ბგერათა გამეორება (“ქარცივი აქროლდა... ცაში შემოწალიკდნენ წერონი...”), ) იდენტური ან მსგავსი სიტყვის გამეორება (დღეობა და ღრეობა”... “ჩვენს ეზოში ია შემოვიდა. შემოვიდა და შემოეფინა”), ) ფრაზათა და წინადადებათა გამეორება, ) ელიფსი: წინადადებიდან ადვილად სავარაუდო სიტყვის გამოტოვება (“ქვეყანას ოთხი რამ აკლია: ცასკიბე, ზღვასხიდი, ჯორსშვილი და კაცსსამართალი! წაიღეს ჩემი მამული! სამართალია?...”).

3. გიორგი ლეონიძის პროზა მრავალფეროვანია ინტონაციური თვალსაზრისითაც. ერთმანეთს ენაცვლება მონოლოგი/გვ. 15/ური თხრობა და ცოცხალი, იუმორით სავსე დიალოგები, აგრეთვე წარმოსახვითი დიალოგი . . დიალოგიზებული თხრობა (შდრ. ყადარის მეტყველება და თოღრიას და მისი ცოლისშეჯავახება”), ან კიდევავტორის მიმართვები მკითხველისადმი (მაგ. – იცით რა არის სამოყვრო ამინდი? – არა?) და ამას მოჰყვება ავტორისეული ახსნა-განმარტება.

ზოგჯერ მწერალი წარმოთქმის ინტონაციასაც უნარჩუნებს ნათქვამს, რისთვისაც გრაფიკულ საშუალებას იყენებს (“შუშაბანდის ვარდო-!”).

4. გიორგი ლეონიძის სტილისათვის დამახასიათებელია ისეთი პარატაქსიული კონსტრუქციები, რომლებშიც გაერთიანეულია სინონიმური შინაარსის წინადადებები რაიმე აზრის განსამტკიცებლად (“მაიკოს გულს ღამე გაუთენდა, დანათრთვილარი გული მოუთბა, პირს შუქი ამოეფინა, მისი წილი მზე განათდა”), ასევეშერწყმული წინადადებები და შერწყმული განკერძოებანი, რომელთა საშუალებითაც მწერალი ჭარბი ფერებით წარმოსახავს საგნებსა და მოვლენებს (“ისევ ზვინივით მიაბიჯებდა ყინვით შეჯავშნული მუხლადი ღვინჯუა, ასჯერ დაცემული, ასჯერვე წამომდგარი! გათიშული, კრიჭაშეკრული, ყურებდაგლეჯილი, დაოსებული, გამოძალული, გარეგანთხეული, გაჭირვების ყუაზე მიმდგარი”).

5. გიორგი ლეონიძის ლექსიკა-ფრაზეოლოგია უაღრესად მდიდარია. ) აქ ერთმანეთის გვერდით გვხვდება სინონიმური წყვილები: მტრედი და გვიძინი, ბოსტანი და მტილი... ტილი და ბარდიბარი, ეურჩება და უარშიობს (ხან ძველი ფორმებია გაცოცხლებული, ხან დიალექტური სიტყვებია მოძიებული), აგრეთვე თვალისმომჭრელი, ტევადი შინაარსის კომპოზიტები: ალმასცხებული, გულდათოვლილი, გულაზავთებული, ეკალდასხმული და სხვ. კომპოზიტების უმეტესობა ავტორისეულია. ) ყურადღებას იქცევს ისეთი სიტყვაშეხამებანი, სადაც სიტყვა ახალ მნიშვნელობას იძენს: ღვინის კაპი, სიმინდის ფრჩხილი, ძვალმძივი... ) ავტორისეულ თხრობაში ხშირად ჩართულია სასაუბრო სიტყვის მასალა (“არც აცია, არც აცხელა”), . . მზამზარეუ/გვ. 16/ლი ფრაზეოლოგია (“ჩარბუზანა დააბეს”), წყევლისა და დალოცვის ფორმულები. ასევეხატოვანი სიტყვა-თქმანი (“ქრისტეს თიხის ყმაწვილიანქრისტეს ფეხის მომჭმელი”), ანდაზები და აფორიზმები, რაც მონათხრობს ხალხური მეტყველების იერს ანიჭებს.

6. გიორგი ლეონიძის პროზის ენა გამოირჩევა მეტაფორული საკუთარი სახელებითა და მეტსახელებით (“ყაჭილა”, “წიპრუა”...), მეტაფორული შესიტყვებებითაც: “ბუნებაში გადამდნარიყო”, “ჩააბარა სული გამჩენელსდა . .

 

ნესტან კუტივაძე (ქუთაისი)

. ლეონიძელიტერატურის მკვლევარი

1. მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის გიორგი ლეონიძის ლიტერატურული წერილები მისი შემოქმედების უაღრესად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელშიც კარგად ჩანს ავტორის განსწავლულობა და კვლევის სიღრმე.

2. გიორგი ლეონიძის ამ მემკვიდრეობის საინტერესო ნაწილია მწერლის მიერ ძველი ქართული ლიტერატურის საკითხებზე დაწერილი გამოკვლევები: “შაჰნავაზიანი”, იოსებ ტფილელი დადიდმოურავიანი”, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ბესიკი, საათნავა და სხვ. ეს ნარკვევები ხელნაწერების საგანგებოდ შესწავლისა და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით შესრულებული საყურადღებო გამოკვლევებია, რომელთა უმრავლესობა 20-30-იან წლებში შეიქმნა. იმ დროს, როდესაც ძველი ქართული მწერლობის ინტენსიური მეცნიერული შესწავლა-ანალიზი იწყებოდა.

3. გიორგი ლეონიძის პუბლიცისტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოეტის მიერ 1910-1920-იან წლებში გამოქვეყნებული ლიტერატურული წერილები. ისინი შეეხება ამ პერიოდის ლიტერატურული ცხოვრების აქტუალურ პრობლე/გვ. 17/მებსა თუ უმწვავეს ეროვნულ საკითხებს, რაც მრავალი წახნაგით წარმოაჩენს მე-20 საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი მეტრის მსოფლმხედველობას, მის ესთეტიკურ კრედოს, რომელსაც საფუძვლად უდევს როგორც კლასიკური მწერლობის ტრადიციები, ასევე მოდერნისტული ხელოვნების ტენდენციები. ეს თხზულებები ხატოვანი სტილით შესრულებული ესსეებია და კარგად ავლენს მათი ავტორის პოეტურ ნიჭს.

4. გიორგი ლეონიძის ლიტერატურული წერილები, მხატვრული შემოქმედებისაგან განსხვავებით, მწერლის მემკვიდრეობის ნაკლებად შესწავლილი ნაწილია და იგი მომავალში ელოდება თავის მკვლევარს.

 სილოვან ნარიმანიძე (თბილისი)

ხალხის შვილი

უპირველესად იმას ვიტყვი, რომ ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, რაც გიორგი ლეონიძემ მოიპოვა, არცერთ ჩვენს დიდ თანამედროვე მოღვაწეს არა რგებია. იმასაც ვიტყვი, რომ ის ეპოქა თავისებურად დიდი იყო, თავისი დიდი შვილებით. იმდენი დიდი სახელები, რაც იმ ეპოქის ზვირთებიდან ამოიმართა, არცერთ სხვა დროს არა რგებია, თუ არ ჩავთვლით მეცხრამეტე საუკუნეს. მომავალში არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დიდ ნაკლად მიმაჩნია, ჩვენი თანამედროვეების მიერ, იმ ეპოქაში მხოლოდ ნაკლისა და ნეგატიურის ძიება. ორივე ეს ფენომენი მაშინ, საკმაოზე მეტად ისახებოდა, ვიღაცას რომ შესძლებოდა და გაეთვალისწინებინა ის დიდი შეცდომები, რაც იმ ეპოქას თან სდევდა, ალბად სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ არა! დაე, ამ საკითხებზე პოლიტიკოსებმა იმსჯელონ, ჩვენ, გვინდა თუ არა, იმ ეპოქის შვილები ვართ და იმდროინდელი ავკარგი უნდა გავიზიაროთ ყველამ.

გიორგი ლეონიძის ცხოვრებისეული კრედო, ფართო ქართულ ცხოვრებისეულ ტრადიციებს ეყრდნობა, ის, ამ ტრა/გვ. 18/დიციების უტყუარი დამცველი და მიმდევარი იყო. ეს ტრადიციები ხომ ათეულ საუკუნეებს ითვლიდა, თანაც დროის დიდ გამოცდას იყო გამოვლილი, ამასთან, ჩვენეული იყოქართული!

სამშობლოს მთებისა და ტყეების, ხალხისა და მზის, მიწისა და სამშობლოს დიდებული მომღერალი, თავიდანვე გამოიკვეთა ქართული სიტყვის მეხოტბედ და მზრუნველად. ის იყო ქართული სიტყვის ფალავანი, სამშობლო იყო მოძღვარი მისი ცხოვრებისა, თვითონ კი, სიტყვის მგრძნობელი და მხილველი. გაუხედნავ ქართულ სიტყვას დაიმორჩილებდა, ლაგამს ამოსდებდა და ისევ ხალხის წიაღში აბრუნებდა! ხალხი იყო მკვებავი მისი ცხოვრებისა, ხალხურობა სათავე მისი შემოქმედებისა... იგი ცხოვრობდა თავისი დიდი გულის იმედით, ამაღლებულად და მოხდენილად, - საქვეყნო საქმის მოწოდებით!

ავთანდილ ნიკოლეიშვილი (ქუთაისი)

კრიტიკულ-ოპოზიციური იდეები გიორგი ლეონიძის პოეზიაში

  1. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული დიქტატორულ-იდეოლოგიური პოლიტიკისა, რის შედეგადაც იმ პერიოდის საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა მწერალი იძულებული იყო მეტ-ნაკლები აქტიურობით მდგარიყო ეპოქალური მოთხოვნების სამსახურში, გიორგი ლეონიძემ მაინც შეძლო ისეთი ნაწარმოებებიც შეექმნა, რომლებშიც შენიღბულად და ალეგორიულად გამოხატა თავისი კრიტიკულ-ოპოზიციური დამოკიდებულება სოციალისტური იდეოლოგიის მესვეურთა ანტიეროვნული პოლიტიკისადმი.
  2. გასაგები მიზეზების გამო, . ლეონიძის შემოქმედება ამ კუთხით ფაქტობრივად დღემდე არ ქცეულა სპეციალური კვლევის საგნად, რის გამოც პოეტის მსოფლმხედველობ/გვ. 19/რივი მრწამსის ობიექტურად წარმომჩენი არაერთი საკითხი სამომავლოდაა შესასწავლი და გამოსაკვლევი.
  3. ზემოთ აღნიშნული თვალსაზრისით საინტერესო პირველი ნაწარმოებები . ლეონიძემ 1924 წელს შექმნა. მათგან უწინარეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ სონეტისაქართველო”, რომელშიც მკაფიოდ გამოიხატა ავტორის აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მოღალატე იმ გადარჯულებული კონდოტიერებისადმი, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მტრებს 1921 წელს საბედისწეროდ გაუღეს დარიალის კარები. პოეტის ეროვნული თვალთახედვის გასააზრებლად ასევე უაღრესად საინტერესოა 1924-1925 წლებში დაწერილი ლექსები: “ძველი საქართველო”, “ვეფხვიდაწიგნიქართლის ცხვრება”.
  4. 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში შექმნილ ლექსებში . ლეონიძემ ოპოზიციური თვალთახედვით შეაფასა ის სოციალური გარდაქმნები, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლება ატარებდა ჩვენში იმხანად (“ახალი მინდვრის სიმღერა”, “ანდერძი”, “ის მოხევე დაიმარხოს”, “მთებიდა სხვ.).
  5. . ლეონიძის ბოლოდროინდელ შემოქმედებაში ის ტკივილიც გამოიხატა განსაკუთრებული ემოციური ცხოველმყოფელობით, რომელიც 30-იან წლებში ჩვენი ქვეყნისათვის თავსდატეხილი სისხლიანი რეპრესიების შედეგად აღებეჭდა პოეტის გულს შეუხორცებელ ჭრილობად (“უძოზე ისევ მღერის ბულბული”, “რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ”...).
  6. . ლეონიძის კრიტიკულ-ოპოზიციურმა თვალთახედვამ არაპირდაპირი ფორმით პოემასამგორშიცჰპოვა გამოვლინება. მხედველობაში მაქვს პოეტის მიერ ტრაგიკული სიმწვავით დასმული საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა. ჩვენი ქვეყნის ორი დიდი დამპყრობლისსპარსეთისა და ბიზანტიის იმპერიული მიზნების შეულამაზებლად და სიღრმისეულად წარმოჩენის შედეგად პოეტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ სამწუხარო ჭეშმარიტებას, საუკუნეთა განმავლობაში როგორ ყალბ ილუზიად და ამაო მოიმედეობად იქცეოდა მეგობრული თანადგომის ყოველი დაპირება სხვა ქვეყნების /გვ. 20/ მხრიდან, რის შედეგადაც ურიცხვ დამპყრობთა შეჯახების ასპარეზად გამხდარი საქართველო ყოველთვის რჩებოდა მარტო თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემების პირისპირ. ამით პოეტი არაპირდაპირი გზით მკითხველს იმის გამოც აფრთხილებდა, რომ ერს თავისი პრობლემები უპირველეს ყოვლისა თვითონ უნდა გადაეწყვიტა, თავადვე ყოფილიყო საკუთარი ბედის შემოქმედი და სხვა ქვეყნების იმედი, მათ შორისდიდი რუსეთისაც”, არ უნდა ჰქონოდა...

 

ნესტან სულავა (თბილისი)

გიორგი ლეონიძეძველი ქართული მწერლობის მკვლევარი

გიორგი ლეონიძემ ძველი ქართული მწერლობის ძეგლების პუბლიკაციებითა და სამეცნიერო გამოკვლევებით წინ წასწია ჩვენი წარსული სულიერი კულტურის მეცნიერულად შესწავლის საქმე, მან აღძრა ბევრი ახალი საკითხი მომავალი მუშაობისათვის. მისი გამოკვლევები არის არა პოეტის დილეტანტური ნააზრევი მეცნიერებაში, არამედ ჭეშმარიტად მეცნიერული, დასაბუთებული ნაკვლევი, ღრმა ანალიზის შედეგად და პირველწყაროების დეტალური განხილვის საფუძველზე მიღებული შრომები. ისინი მეტად ფასეული აღმოჩნდა ლიტერატურისმცოდნეობისათვის, ვინაიდან გიორგი ლეონიძის მეცნიერული შრომების გამოქვეყნების შემდეგ წარმართულმა კვლევამ ახლად მოპოვებული მასალების საფუძველზე მრავალი მისი შეხედულება დაადასტურა.

გიორგი ლეონიძემ სრულიად ახალგაზრდამ, 19-20 წლის ასაკში, დასაბეჭდად მოამზადა და საკუთარი სერიოზული გამოკვლევა დაურთო პოეტიკის სახელმძღვანელოს მამუკა ბარათაშვილისჭაშნიკს”. მან მოიძია ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ, შეაფასა და გაანალიზა პირველი ქართული /გვ. 21/ პოეტიკური თხზულება, გაარკვია და დაადგინა მისი როლი და მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საბასსიბრძნე სიცრუისასგიორგი ლეონიძისეულმა გამოცემამ, რომელსაც ახლდა ვრცელი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევა, “პირველი სერიოზული სამეცნიერო გამოკვლევა, მონოგრაფიული ნარკვევი სახელგანთქმული ქართველი მეიგავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე” (ალ. ბარამიძე). მან წარმოაჩინა, ერთი მხრივ, სულხან-საბას პიროვნული და საზოგადოებრივი პორტრეტი, მეორე მხრივ, აჩვენა XVII საუკუნის მეორე ნახევრისა და XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის გარემო ქართლში, ის ადამიანები, ქართველები თუ უცხოელები, ვისაც საბასთან მოუხდა ურთიერთობა.

გიორგი ლეონიძემ საგანგებოდ იკვლია ფეშანგი ხითარიშვილისშაჰნავაზიანი”, იოსებ თბილელისდიდმოურავიანი”, დავით გურამიშვილის ბიოგრაფია და შემოქმედებითი პრობლემატიკა, ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა, ბესარიონ გაბაშვილის, ვახტანგ მეექვსის, საიათნოვას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვანო მაჩაბლის, ფიროსმანის, პუშკინის, გრიბოედოვის ცხოვრებისა და შემოქმედების ცალკეული საკითხები.

გიორგი ლეონიძეს უზომოდ უყვარდავეფხისტყაოსანიდა ამ სიყვარულმა რუსთველოლოგიური პრობლემატიკითაც დააინტერესა. მან სპეციალურად შეისწავლავეფხისტყაოსნისზაზასეული ხელნაწერი და პირველხარისხოვანი გამოკვლევა დაგვიტოვა მის შესახებ.

გიორგი ლეონიძის გამოკვლევები ძველი ქართული მწერლობის კარდინალური პრობლემების შესახებ მეცნიერული სიღრმით გამოირჩევიან და ამიტომაცაა მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მარად გაუხუნარი, მარად აქტუალური. /გვ. 22/

 

მანანა ტაბიძე (თბილისი)

გიორგი ლეონიძის ლექსიკისათვის

ამ ბოლო დროს ლინგვოკულტუროლოგიური კვლევების გააქტიურებამ ქართული ლიტერატურის ახლებური წაკითხვის საშუალება მოგვცა. ამ დარგმა ერთმანეთთან დააახლოვა ლიტერატურათმცოდნეობა და ენათმეცნიერება, ამით კი მათ ერთმანეთისათვის ღირებული ინფორმაციის გაზიარების საშუალება მისცა. თუმცა ქართული სინამდვილისთვის არც ადრე იყო უცხო მწერლობისადმი ამგვარი მრავალდარგობრივი მიდგომა.

გიორგი ლეონიძე ერთდროულად არის დიდი პოეტი, დიდი მწერალი და საინტერესო მკვლევარი. ეს კი მას ქართული ენისა და კულტურის ერთიანი, ფართო ხედვის საშუალებას აძლევს. . ლეონიძის პროზა გაჯერებულია ხალხური მეტყველებისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი ფრაზეოლოგიზმებით, უხვი მეტაფორითა და იდიომებით, რომლებიც მთლიანად დიალექტის სიმდიდრიდანაა აღებული, მაგრამ ისეა დახვეწილი სალიტერატურო ქართულის ნორმატიული კანონებით, რომ მის პროზას ვერანაირად ვერ დააბრალებ კუთხურობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ . ლეონიძე მხოლოდ ინტუიციის, მწერლური ალღოს კარნახით კი არ არჩევს ხოლმე ლექსიკას, არამედ სრულიად გაცნობიერებული ენობრივი პოლიტიკის გამტარებლადაც გვევლინება - მისთვის ქართული არ არის ძველი და ახალი, დიალექტური და სალიტერატურო, იგი მთლიანია და მთელი დიალექტური ლექსიკა იმსახურებს სამწიგნობრო ფონდში მოხვედრასა და სამწერლობო ქართულის ნორმატიული ტრადიციების ქურაში გატარებას. შევეცდებით, სწორედ ამ წანამძღვრების საფუძველზე განვიხილოთ . ლეონიძის ლექსიკის ზოგი თავისებურება:

ლეონიძის პროზაში უაღრესად ცოტაა ნასესხობანი;

ლეონიძის პროზა ასოციალურია თავისი ენით: მასში არ ლაპარაკობენ მდაბიონი, ყველაზე ბანალური მოსაუბრეც კი ხატოვანი მეტყველია. მაგრამ ეს შედეგი არ არის მიღწეული ხელოვნურად.  /გვ. 23/

ლექსიკურ ნასესხობებზე უარის თქმა მწერლის ყურადღებას სიტყვაწარმოებისაკენ წარმართავს. ამ სფეროში . ლეონიძე ქართული ენის ახალ-ახალ შესაძლებლობებს პოულობს (ამ რიგისად უნდა მივიჩნიოთ მაგალითად, ზმნისწინური წარმოებანი: დამუგუზალდეს, გადაყივილში, მოცინცხალობს, დამაძუძურე, დამარჯნებული, ამოგაჟღერო, “საათის ერთი დაბღაუჭებადა სხვ.).

. ლეონიძის შემოქმედება საქართველოს ბედ-იღბლისათვის უაღრესად მნიშვნელოვან ეპოქაში ვითარდება. მისი დრო პესიმიზმისა და ნიჰილიზმისათვის გაცილებით მეტ საფუძველს იძლეოდა, ვიდრე იმედიანობისთვის. მაგრამ . ლეონიძის დამოკიდებულება სამშობლოსა და ქართული ენის სატკივრისადმი მამულიშვილისა და პატრონის დამოკიდებულებაა და არა გადაგვარება-გადაშენების მოწადინისა, რომელსაც საბჭოური გლობალიზაციის წინაშე ფარ-ხმალი დაუყრია (ამ განწყობილების დანახვა თუნდაც მამულის, სამშობლოს, აღმნიშვნელი ლექსიკის (და მეტაფორის) მიხედვით შეიძლება, მაგ.: მზისთანდარი, სამთელქვეყნიო ოქრო, ადგილის დედა, მამული-სული, გველამაზება სამშობლო, პირველი და ..).

 

 ნინო უსტიაშვილი (პატარძეული)

ლამპრად ანთებული სიცოცხლე

1. საუკუნეზე მეტმა განვლო გიორგი ლეონიძის დაბადებიდან. სულ ახლახან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა გამოსცა პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული.

გიორგი ლეონიძეს, როგორც სიტყვის ოსტატს, განვლილი აქვს დიდი შემოქმედებითი გზა, სკოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული პოეზიის ყველა მომდევნო თაობისათვის. გიორგი ლეონიძის პოეზიის მთავარი ნიშან-/გვ. 24/თვისება ის არის, რომ ხალხური სტიქია განსაკუთრებული სიძლიერით იგრძნობა მის შემოქმედებაში.

2. კრიტიკოს გურამ ბენაშვილის წერილში, რომელიც ეძღვნება გიორგი ლეონიძეს, ნათქვამია: “ის იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეხსიერებით აღბეჭდილი პიროვნება, რომლისთვისაც პრინციპულად არ არსებობდა ზღვარი წარსულსა და თანამედროვეობას შორის... მასში საოცარი სილაღითა და განუმეორებელი სურნელით ავლენდნენ თავის დრო-ჟამით გაფერმკრთალებული თუ დავიწყებული ერის სულიერი ღირებულებანი, ანუ ის არსებითი და ფუძემდებლური ნიშან-თვისებანი, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ქართველი ერის ერთად ყოფნა...”

3. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემული საიუბილეო კრებული ნათლად წარმოაჩენს, თუ რა ღრმად აქვს გადგმული ფესვები გიორგი ლეონიძის შემოქმედებას ქართულ სინამდვილეში და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მისი სიტყვის გრძნეულებას დადუმება არ უწერია.

 

 გიორგი ქავთარაძე (თბილისი)

გოგლაჩორეხის პროტოტიპი?

ჩორეხი გოგლასნატვრის ხისერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟია. იმის გასაგებად თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი პროტოტიპი, გასათვალისწინებელია ავტორისეული შენიშვნა, რომ შოთას ლექსშიანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი...,” ჩორეხი უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდა”. ნაწარმოებში თითქოსდა ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე გაელვებული ეს ფრაზა, – უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდავფიქრობ, გასაღებს უნდა იძლეოდეს ამ გმირის წარმომავლობის ამოსახსნელად, გოგლა უპირველესად სწორედ საკუთარ თავს უნდა ჰგულისხმობდეს ჩორეხში. მართლაც, თუკი რომელიმე სახეა "ნატვრის ხეში" ავტო/გვ. 25/რისეული თვისებების მატარებელი, ეს ჩორეხია; ჩორეხი, იგივე გოგლაა, ოღონდ სხვა დროსა და სხვა ვითარებაში.

თუმცა, ამასთანავე, ჩორეხის სახე უფრო ტევადია, იგი განმაზოგადებელი ხასიათისაა. გოგლასაგან განსხვავებით, ჩორეხი უშვილძირო იყომას არც შეიძლება გენეტიკური მემკვიდრე ჰყოლოდა, იგი განსხეულებაა სამშობლოს სიყვარულის ნესტრით დაჭრილი ყველა იმ პატრიოტისა, რომელიც არასდროს აკლდა ჩვენს ქვეყანას და იმედია არც არასოდეს დააკლდება; აკი თვით მწერალიც შენიშნავს: რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! და ისევ ისე წრიალებს ჩუმს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე.” ესავადობაარც გოგლას პოეზიას დაკლებია და მას ძირითად მაცოცხლებელ ძარღვად გასდევს: გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი, მისი ნაღველი, მომებურება... ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი, დღეს შორეთიდან ვინ მემდურება? ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის, ვინ დამცა სევდა განუკურნელი? დამწვარ დროშების, დამწვარ იალქნის, დამჭკნარ ვარდების მიყვარს სურნელი...“

რა თქმა უნდა, გოგლამ კარგად იცოდა, რომ ვეღარ მოესწრებოდა თავის ოცნებასდამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს, ამიტომაც ნიშანდობლივია ჩორეხზე გადატანილი მისი სიტყვები: ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...,” ხოლო მოთხრობის დამამთავრებელი, მრავალწერტილით გამოყოფილი ბოლო სტრიქონი: “...და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი...”, ჩორეხთან ერთად გიორგი ლეონიძეზეც ითქმის. /გვ. 26/

 

გიორგი ქავთარაძე (თბილისი)

გიორგი ლეონიძე და საქართველოს თავისუფლება

გიორგი ლეონიძის მთელი არსი, გააზრებული ცხოვრების დასაწყისიდან სიკვდილის კარამდე, გამსჭვალული იყო საქართველოს თავისუფლების იდეითა და დამპყრობელთაგან ერის გადარჩენის საჭიროებით. ეს კარგად ჩანს, როგორც მის დანატოვარ ლექსებში, პოემებში, მოთხრობებში და პუბლიცისტურ წერილებში, ყოველდღიურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ასევე თანამედროვეთა მოგონებებში.

ჩემთვისაც არის ეს ცნობილი, მე ხომ მასთან ყოველდღიური ურთიერთობის ორ ათეულ წელზე მეტი მაკავშირებდა.

სხვა საქმეა, რომ ეს სულისკვეთება პოეტის შემოქმედებაში სხვადასხვა ხანაში განსხვავებული რელიეფურობით იყო გამოკვეთილი, თუმცა კი მისი არსი ყოველთვის უცვლელი რჩებოდა.

სამწუხაროდ ლეონიძის სიცოცხლის ეს ლაითმოტივი, მიზეზთა გამო ფაქტიურად შეუსწავლელი რჩება და თავის მკვლევარს ელის.

 

ნათია ფიცხელაური (პატარძეული)

გიორგი ლეონიძის პოეზია

ხმაში უნდა ვეფხვის ძალი,

გულშიცეცხლის ნაკადული.”

ამ სიტყვების ავტორი, მართლაც გახლდათ ხმაძალიანი დაქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლული პოეტი”, როგორც მას მიხეილ ჯავახიშვილმა უწოდა. /გვ. 27/

მე გულს დავლეწავ, ნაკვესარ ლექსმა რომ დაიძგრიალოს”, თქვა მან და პირი მისი იყო ოქროს მწვეთავი, ჩანგი მისი ვარდის წყალში იადონის გული.

საქართველოს, მშობელი ხალხის სიყვარულით გამოამტევნა გემოწმინდა ქართულის თითოეული სიტყვა, შიგ სული ჩადო ნიავქარულებ, დაძრა ლექსისა და სიყვარულის ხანძარი, და ჩვენც გაგვხვია ამ სასიამოვნო ცეცხლში. აბა მართლაც სხვა რაღაა დიდება და უკვდავება.

გიორგი ლეონიძე კვლავ ცოცხალივით დგას თავის მარადიულ საქართველოში და ბუხუნა ხავერდოვანი ხმით გვესიტყვება სიცოცხლის მშვენიერებასა და ძალმოსილებაზე, სამშობლოს ლაღიან ველ-მინდვრებსა და ტყეებში მყვირალობით ატეხილ ირმებზე, ჩვენი წარსულის ნახანძრალებსა და მარტოობით დაჩაგრულ ოლეზე.

სახელი... სახელი...

კლდე ჩამოიშლება,

ქვა მყარი დაირღვევა,

არ მოიშლება სახელი.

 

ნათია ფიცხელაური (პატარძეული)

შერწყმული წინადადება გიორგი ლეონიძისნატვრის ხეში

1)       გიორგი ლეონიძე უკვდავია თავისი ნაწარმოებებით. “ნატვრის ხისპერსონაჟები დღესაც ცოცხლობენ ჩვენში. დაუვიწყარია მარიტას, ჩორეხის, ღვინჯუას, ციციკორეს სახეები.

2)       ჩვენს მეტყველებას ალამაზებს და სიტყვაკაზმულს ხდის შერწყმული წინადადება. ასეთი წინადადების მაგალითები უხვადაანატვრის ხეში”:

a)       ერთადერთი იმედი, გახარება, გასართობი ივრის ვენახების ხილი იყო. /გვ. 28/

b)       ვენახები ულეველი ხილით იყო სავსე: ბალი, თუთა, ჭერამი, თაფლა მსხალი, გულაბი, პანტა, ატამი, ვაშლი, კომში, ფშატი, ...ყურძენი ხომ იყო და იყო.

3)       გიორგი ლეონიძისნატვრის ხეშიყველა სახის კავშირიანი შერწყმული წინადადება არა აქვს გამოყენებული. მაგრამ შერწყმული წინადადების მაგალითები უამრავიანატვრის ხეში”.

4)       ამ თემაზე მუშაობამ ბევრი რამ შემძინა. ჩემი სათაყვანებელი თანასოფლელის გიორგი ლეონიძისნატვრის ხეზემუშაობამ დამანახა, რომ შერწყმული წინადადება ალამაზებს ჩვენს მეტყველებას.

 

ტარიელ ფუტკარაძე (ქუთაისი) ია ვაშაკიძე (თბილისი)

სამწიგნობრო ენისა და დიალექტის მიმართების საკითხი . ლეონიძის შემოქმედების მიხედვით

სპეციალისტების მიერ თეორიულად აღდგენილი საერთოქართველური ენის სტრუქტურა და არქაული სამწიგნობრო ქართული ფონემატურ-გრამატიკულ-ლექსიკური მოდელები ერთმანეთს უფრო ემთხვევა, ვიდრე სამწიგნობრო ენისა და ერთი რომელიმე ქართული/ქართველური კილოს მონაცემები. ძველ ქართულ სასულიერო თუ საერო მწერლობის ფონემატურ-გრამატიკული და ლექსიკური ფაქტები, უფრო საერთოქართველური/ზოგადქართული მოვლენაა, ვიდრე ერთი რომელიმე დიალექტისა (მაგ., ძირითადი თანხმოვნები და ხმოვნები, ხმოვანთკომპლექსთა კომბინაციები, სახელური და ზმური პარადიგმები...); შესაბამისად, საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ არქაული სამწიგნობრო ქართული - სასულიერო მწერლობის ენა - ეფუძნება საერთოქართველურ ენას/კოინეს, თანამედროვე სამწიგნობრო ენა კი უშუალო მემკვიდრეა პირველ რიგში სასულიერო მწერლობის ენისა (და არა ქართლური თუ თბილისური კილოსი).  /გვ. 29/

თავისი განვითარების ყველა ეტაპზე ქართული სამწიგნობრო ენაში აქტიურად აისახებოდა ქართველურ კილოთა მონაცემებიც; მაგ., სვანური კილოების ხანმეტობა ემთხვევა ხანმეტი ტექსტების პირის ნიშანთა დისტრიბუციას, არქაული ქართულის მიმართულებითი ბრუნვა წარმოდგენილია დღევანდელ ზანურ და ფხოვურ კილოებში (შდრ.: კაც-ის--, კოჩ-იშ-, კოჩ-იშ--...); ამ თვალსაზრისით საინტერესოა შოთა რუსთველთან და იოვანე პეტრიწთან წარმოდგენილი მეგრული კილოს ლექსიკა (ზადი/ზადუნს, წმახი/ჭვახე, ჟირი...) და სხვ. აშკარაა, რომ ქართული სამწიგნობრო ენის მესვეურები დღენიადაგ ამდიდრებდნენ ქართულ სამწიგნობრო ენას ქართველური კილოური მონაცემებით; ნათლად ჩამოყალიბებულ ანდერძად ხმიანდება კონსტანტინე გამსახურდიას შემდეგი სიტყვები: "ჩემის აზრით, უნდა ხდებოდეს ენის რეპარაცია ადგილობრივი დიალექტების საშუალებით. უნდა შემოუშვათ ქართულ (სამწიგნობრო) ენაში როგორც მეგრულ-სვანური დიალექტების სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული... ვაჟა-ფშაველამ ამ მხრივ დიდი სამსახური გაუწია ქართულ ენას, მიუხედავად იმისა, რომ აკაკი წერეთელი ენას უწუნებდა მას"; შდრ., აგრეთვე: "XX საუკუნის მწერლობამ უნდა მოგვცეს ილიას ქართლურის, აკაკის იმერულის, ვაჟას ფშაურის, მეგრულისა და გურული ენობრივი ელემენტების სრული სინთეზი. აი, ეს იქნება იდეალური ლიტერატურული ქართული".

ამ გზას წარმატებით აგრძელებს ქართული სიტყვის დიდი შემოქმედი გიორგი ლეონიძე; ქართველთა ერთობის შესახებ მის კონცეპტუალურ ხედვას კარგად წარმოაჩენს შემდეგი ციტატა: "ეს უბირი, უსწავლელი კაცი საქართველოს ერთიანობის დიდი ერთგული იყო: _ არა, განთვისება ნუ გვინდა! ნუ იტყვი, მე იმერელი ვარო, მე კახელი ვარო, მე მეგრელი ვარო! ერთი ძუძუს შვილები ვართ! ერთმაგე უნდა იყოს ერი, რით ვარგა გათვითებული, განცალკევებულიო!" შდრ., აგრეთვე: "ქართული ხალხური პოეზიის სრულ კრებულში ასახვა უნდა ჰპოვოს ყველა ქართველი ტომის შემოქმედებამ. მაშასადამე სვანური და მეგრულ-ჭანური ტექსტებიც უნდა გამოვიყენოთ". /გვ. 30/

სამწიგნობრო ენის განვითარების თვალსაზრისით . ლეონიძე თვისობრივად ერთგვარად განიხილავდა ყველა ქართველურ კილოს; მაგ., ის წერს: "ძველებური სახელები ამოვკრიფე, აგრეთვე, ქართული ფოლკლორიდან, სახელების სისრულისათვის შევაგროვე ზოგი კუთხური სახელებიც, მაგალითად, გურული, მეგრული, ქართლ-კახური, იმერული, რაჭული, მოხეური, ფშავ-ხევსურული, თუშური და სხვა. ამრიგად ავასხი, გამოვამზეურე ქართული წყობის, იერის, ქართული ოფლითა და სისხლით მონათლული მამაპაპური სახელები”.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ . ლეონიძემ ნიჭიერად გაამრავალფეროვნა ქართული სამწიგნობრო ენა ქართველი ხალხის ენობრივი წიაღიდან - დიალექტებიდან - საგანგებოდ ამორჩეული მასალით (. ჯორბენაძე, . კოშორიძე...); განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება ქართული ენის სისუფთავისა და დიალექტური ფორმებისადმი, კერძოდ, აღსანიშნავია:

1. . ლეონიძის აზრით, მწერლისთვის უპირველესი უნდა იყოს ენის სიწმინდის დაცვა; ვფიქრობთ, ენის სიწმინდის თემის ალუზიაა .ლეონიძის შემდეგი სტრიქონებიც: "მე შენ სიყვარულს, ძვირფასო, რამდენი ხანი ვეცადე, მე მინდა შენი სიწმინდით ჩემს ქართულ სიტყვას ვვრეცხავდე...".

2. ლექსში მარცვალთა რაოდენობის დასაცავად .ლეონიძე ხშირად იყენებს აღმოსავლურქართულ (შეკუმშულ/შეკვეცილ) და დასავლურქართულ (შეუკუმშველ/შეუკვეცელ) ფუძეებს; მარცვალთა რაოდენობის მიხედვით ირჩევს აგრეთვე, -ნიშნიან და . . ვულგარულ მსაზღვრელს ნათესაობით, მოქმედებით, მიწევნით და გამოსვლით ბრუნვებში;

3. მეორე და მესამე პირის გამომხატავი პრეფიქსების დიალექტური ხასიათის სიჭარბე. ალიტერაციის შექმნით უნდა აიხსნას ზოგ სხვა დიალექტურ ფორმათა გამოყენებაც: ("აბანოდან ამაივლის თვალციმციმა ქალი")...

4. არაიშვიათად, ლამაზი რითმის შესაქმნელად . ლეონიძე მიმართავს დიალექტურ ფუძეებს, ბრუნვისა და მწკრივის ფორმათა დიალექტურ ვარიანტებს:

5. გამოხატვის ექსპრესიულობის, გარემოს ზუსტი აღწერის (კოლორიტის შექმნის) თუ სამწიგნობრო ენის გამდიდ/გვ. 31/რების მიზნით . ლეონიძეს მწერლის ტექსტში (სალიტერატურო ენაში) ოსტატურად, დაწმენდილად შემოაქვს დიალექტში დაცული საზოგადო თუ საკუთარი სახელები; სოფლის რეალობების აღწერისას იგი დიალექტურ ლექსიკას ბუნებრივად აწნავს სალიტერატურო ენის სიტყვათა ნაკადში;

6. პერსონაჟის მეტყველებაში იშვიათად იყენებს დიალექტიზმს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ავტორი ამ პერსონაჟს ირონიით უყურებს;

7. . ლეონიძე სალიტერატურო ენაში ამკვიდრებს ხალხურ ფრაზეოლოგიზმებს...

 

გიორგი ჯავახიშვილი (თელავი)

გარექართველების თემა გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში

გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში გარექართველების თემას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სიტყვაგარექართველსაცპოეტმა პირველად 1946 წელს შექმნილი ლექსითივანე თარხნიშვილიდაუდო სათავე. ცნობილია ამ ლექსის ადრესატის - სახელოვანი მეცნიერ-ფიზიოლოგის მოღვაწეობის შესახებ.

პოეტმა ხსენებული სიტყვა მოიხსენია ასევე 1948 წელს დაწერილ ლექსშინუ გათათრდები”, სადაც გარექართველთა ტკივილი და ნოსტალგია მან შთაგონებით გადმოსცა.

გიორგი ლეონიძემძუძუმოსხლეტილ გარექართველთათემას მიუძღვნა გამოკვლევები ანთიმოზ ივერიელისა და დაუდ-ფაშას შესახებ.

1951 წელს ჟურნალდროშაში” (№ 2) გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის წერილი . ივერიელზე, რომელშიც ავტორმა საყურადღებო საკითხები დასვა საქართველოდან მოტაცებული და ისტანბულის ბაზარზე გაყიდული . ივერიელის ცხოვრება-მოღვაწეობაზე. მან გამოავლინა, რომ 1701 წელს . ივერიელის მიერ გამოცემულ ბერძნულ-არაბულკონდაკშიიგი /გვ. 32/გურჯადმოიხსენიება. რუმინეთში მანვე მიაკვლია ქართულსახარებაშიცალკე ფურცლის სახით ჩაკრულ, ხუცური შრიფტით ნაბეჭდ 13-სტროფიან რუსთველურ ლექსს, სადაც საუბარია ქართული სტამბის დაარსებაზე.

ცნობილია, რომ XVIII საუკუნის II ნახევრიდან - XIX საუკუნის I ნახევრამდექულემენებმაანუ ქართული წარმოშობის მამლუქთა დინასტიის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ერაყის ისტორიაში.

1954 წელს გიორგი ლეონიძემ ჟურნალდროშაში” (№ 3) ქართველ მამლუქთა წარმომადგენლის - “ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფედწოდებული დაუდ-ფაშას, იგივე ბოჩოლაშვილის (მანველაშვილის) შესახებ შემონახული მასალები (მისი წერილი დედისადმი) გამოაქვეყნა.

თავისი ნაშრომებით გიორგი ლეონიძემ ხსენებულ გარექართველთა ცხოვრება-მოღვაწეობის შემდგომ შესწავლას საქართველოში მკვიდრი ნიადაგი მოუმზადა.

 

გიორგი ჯავახიშვილი (თელავი)

გიორგი ლეონიძე - ქართული ფოლკლორული შეხვედრების მესვეური

გიორგი ლეონიძე ქართული ხალხური სიტყვიერების მასალებს ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან კრებდა. 1935-1936 წლებში იგირუსთაველის კულტურულ ლაშქრობაშიჩაება და ჩვენი ფოლკლორისტიკა არაერთი ძვირფასი ფოლკლორული ნიმუშით გაამდიდრა.

დიდი ქართველი მწერალი ყოველთვის განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ფოლკლორულ-შემკრებელობითი მუშაობისადმი. მისი ხელმძღვანელობით იგზავნებოდა საქართველოს ამერ-იმერში ექსპედიციები თუ ინდივიდუალური შეკრებები, იმართებოდა შეხვედრები თუ ხალხური ლექსის საღამოები. /გვ. 33/

1940 წელს გაზეთკომუნისტისრედაქციაში მოეწყო ხალხურ მთქმელთა I რესპუბლიკური შეკრება, რომლის მესვეურიც იყო გიორგი ლეონიძე. ამ შეკრებაზე მონაწილეობას იღებდნენ სახელგანთქმული მთქმელები: ისაკო მირიანაშვილი, ალექსანდრე ქუშხეველი, (კუდიანაშვილი), სიკო ჩანგაშვილი და სხვები. ამ შეხვედრის მონაწილეებიდან დღეისათვის ცოცხალია მხოლოდ ერთი მთქმელი - გელა ლიქოკელი (მაშინ გადაღებული ფოტოს დედანი ჩვენთან არის დაცული. - . .).

მსგავსი შეკრება 1951 წლის სექტემბერშიც ჩატარდა, რომელშიც 36 სახალხო მთქმელი მონაწილეობდა.

1961 წელს გიორგი ლეონიძის თაოსნობით საქართველოს თითქმის ყველა მხარეში გაიგზავნა ფოლკლორული ექსპედიციები, რომლებშიც 100-ზე მეტი შემკრები მონაწილეობდა.

გიორგი ლეონიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფოლკლორისტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებში, გამოდიოდა მოხსენებებითა და აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს. 

 

ნიკო ჯავახიშვილი (თბილისი)

ადიღური თემა გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში

გიორგი ლეონიძეს მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებაში საპატიო ადგილი უკავია ადიღურ თემას. ჩანს, რომ ადიღელ ხალხებს (თანამედროვე ადიღეელები, ჩერქეზები და ყაბარდოელები) გიორგი ლეონიძე დიდი პატივისცემით ეპყრობოდა.

1925 წელს დაწერილი ლექსი ციცარი ავტორმა დაიწყო ქართული ხალხური ლექსის ფრაგმენტით (“გადამაგდე და დამკარგე, როგორც ჩერქეზმა ისარი”). აქ შეიძლება პარალელის გავლება გრიგოლ ორბელიანის პოემაშისადღეგრძელომოტანილ ფრაზასთან, სადაც პოეტი ჩერქეზთა მონათესავე აფხაზებს მშვილდოსნობას უქებს. /გვ. 34/

1927 წელს შექმნილ ლექსში სიმღერები ელექტროფიკაციისა გიორგი ლეონიძემ ელექტროენერგია ბედაურთა მკვირცხლ, თავაწყვეტილ სრბოლას შეადარა. საქართველოში ოდითგან განთქმული ყაბარდოული რაშები მან ლექსში დიდი ნოსტალგიით გაიხსენა, ხოლო იმავდროულად, თავიანთი სიჩაუქით ცნობილ ჩერქეზ მხედრებსაც ხოტბა შეასხა.

ქართული პოეზიის ერთ-ერთ ჩინებულ ნიმუშში, 1928 წელს შექმნილ ლექსში ყივჩაღის პაემანი მან მოიხსენიაყაბარდოს ველი”, რომელიცყურღანებიდან გაფრენილმა გნოლმაგადაიარა.

მწერლის დაინტერესება ადიღური თემით დასტურდება, აგრეთვე, მისი საყურადღებო სამეცნიერო გამოკვლევიდან ჩერქეზნი”, “საჩერქეზო”, რომელიც ავტორმა 1960 წელს გამოაქვეყნა.

გიორგი ლეონიძის შემოქმედებიდან აშკარად ჩანს, რომ მას სათანადოდ ჰქონდა გაცნობიერებული ენობრივად და ანთროპოლოგიურად მონათესავე ქართველ და ადიღელ ერებს (და ასევე, მათთან ერთად, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალ სხვა ხალხებს) შორის ტრადიციულად არსებული ურთიერთპატივისცემის შენარჩუნების აუცილებლობა მათი მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველსაყოფად.

 

ნიკო ჯავახიშვილი (თბილისი)

ჩერქეზიშვილთა საგვარეულოს ისტორიისათვის

ჩერქეზიშვილები - ქართული წარჩინებული საგვარეულოა. ისინი კახეთში - თავადნი, ხოლო ქართლში - სამეფო აზნაურნი იყვნენ. მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული წარმომავლობა აქვთ.

თავად ჩერქეზიშვილთა წინაპარი ყაბარდოდან კახეთში XVII საუკუნის II ნახევარში გადმოსახლდამეფე თეიმურაზ I-მა გიორგი ჩერქეზსსაფიცრის წიგნი და გარეკახეთში, ივრის ნაპირას მდებარე მამული და ყმები უბოძა. მისი შთა/გვ. 35/მომავლები საისტორიო წყაროებში ჩერქეზიშვილებად იხსენიებიან.

XVIII საუკუნეში თავადი ჩერქეზიშვილები გარეკახეთში მდებარე სოფლების - მარტყოფისა და კაკაბეთის მოურავები და ტარუღანი იყვნენ. მათი სათავადოს რეზიდენცია სოფელ მანავში მდებარეობდა.

ჩერქეზიშვილთა სათავადოს - საჩერქეზო ეწოდებოდა. მასში შედიოდა ამჟამად საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში შემავალი სოფლები (ან ნასოფლარები): გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, თოხლიაური, მანავი, თარაქი, ბურდიანი, ყანდაურა, შიბლიანი, კაკაბეთი, კაჭრეთი დანანიანი ჯიმითამდე.

თავად ჩერქეზიშვილთა გამოჩენილი წარმომადგენელნი იყვნენ: XVIII საუკუნის I ნახევრის სასულიერო მწერალი, რუსთველი ეპისკოპოსი ნიკოლოზ ალადაღის ძე ჩერქეზიშვილი და იმავე საუკუნის II ნახევრის სასულიერო მოღვაწენი - ტრიფილე ჩერქეზიშვილი და მწერალი დოსითეოს ჩერქეზიშვილი; რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846-1925); სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თანამშრომელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ლევან ლევანის ძე (1851-1930) და ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილები; თბილისის ქალაქის თავი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი (1857-1910) და მთელი რიგი სამხედრო მოღვაწენი.

აზნაურ ჩერქეზიშვილთა ცნობილი შთამომავალი იყო ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის წარმომადგენელი ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი (1863-1948).

აღსანიშნავია, რომ საჩერქეზო XX საუკუნის II ნახევარშიც კი იხმარებოდა, როგორც საგარეჯოს რაიონში შემავალი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის აღმნიშვნელი ტერმინი.

საჩერქეზოს, როგორც საფეოდალოს შესახებ საყურადღებო გამოკვლევა ეკუთვნის დიდ ქართველ მწერალს გიორგი ლეონიძეს.

 

Back:

http://www.scribd.cm/kavta

&

http://www.geocities.ws/komblege/index.html