გიორგი ლეონიძის გახსენება

 

 

გიორგი ლეონიძის სახელი პირველად საშუალო სკოლის კედლებში გავიგონე მიმდინარე საუკუნის ოცდაათიან და ორმოციან წლებში. 1945 წელს შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ნოემბრის თვეში გავიცანი თინათინ გიორგის ასული ლეონიძე, რომელიც სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. იმავე ხანებში ხშირად ვხედავდი სხვადასხვა თავყრილობებზე პოეტის უფროს ქალიშვილს, ნესტანს. თითქმის იმავე დროს გავიცანი გიორგი ლეონიძის ძმა - სიკო და მის სახლში ხშირად ვყოფილვარ. მისი ვაჟი - ნიკო - მაშინ პატარა ბიჭი იყო. ძია სიკოსთან პირველად ბიძაჩემმა ანტონ ტუშურმა მიმიყვანა. მაშინ ძია სიკო მუშაობდა ღრმაღელეში სასაკლაოს ვეტექიმად. მას ძალიან უყვარდა ვიწრო წრეში პურის ჭამა და საჭმელებსაც თვითონ აკეთებდა. მე არასოდეს დამავიწყდება მისი გულკეთილობა და კახური მასპინძლობა-მოფერება. შემდეგ, როდესაც ახლო გავიცანი ბატონი გიორგი, მიკვირდა როგორ ჰგავდნენ ძმები ერთმანეთს ბევრ რამეში.

    გიორგი ლეონიძე გავიცანი 1950 წელს, როდესაც ვმუშაობდი პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად და კურირებას ვუწევდი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამ დროს ბატონი გიორგი მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორად. ადრე იგი ნანახი მყავდა სოფ. ჩარგალში, 1945 წლის ივლისში, მისი ინციატივით მოწყობილ პირველ ვაჟაობაზე, ხოლო შემდეგ ყაზბეგში, 1948 წელს, ალექსანდრე ყაზბეგის იუბილეზე და საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის დროს.

    გიორგი ლეონიძე ყველასაგან გამოირჩეოდა რაღაც მიუწვდომელი დიდბუნებოვნებით და მეჩვენებოდა, რომ იგი არ იყო მარტო მიწიერი მოკვდავი, არამედ მასში იყო რაღაც ღვთიურის განსახიერებაც. ის არ იყო ამპარტავანი და ამაყი, მაგრამ არც ძალიან თავმდაბალი. ერთხელ მან საუბარში მითხრა კიდევაც, რომნამეტანი თავმდაბლობა ძაან დიდი ამპარტავნობააო“. და მართლაც მას ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი და შესანიშნავად იცოდა თავისი ფასი. მას არასოდეს უთქვამს, რომ პირველი ვარო, მაგრამ ხშირად იტყოდა ხოლმე - „მეოთხე ხომ ვარო“. ერთხელ, კერძოდ, 1958 წელს - ვაჟაობაზე - გალაკტიონი არ რჩებოდა გაშლილ სუფრასთან და გიორგი ეუბნებოდა მას: „გალაკტიონ, შენ ხომ ჩვენს შორის პირველი ხარ, პირველი, და გთხოვთ ჩვენთან, სუფრასთან მობრძანდიო“. გალაკტიონი კი არ გაჩერდა და თბილისისაკენ წამოვიდა.

    ერთ-ერთ ვაჟაობაზე, ზუსტად არ მახსოვს რომელ წელს, გიორგი ლეონიძე, ვაჟას შვილი - ვახტანგ რაზიკაშვილი და სხვები ვიდექით სახლ-მუზეუმის წინა მოედანზე და გიორგიმ თქვა: „ვაჟას მსგავსი პოეტი ას წელიწადში ერთი დაიბადებაო“, ვახტანგმა კი უპასუხა: რათა ბატონო გიორგი, ას წელიწადში კი არა ხუთას წელიწადშიოდა თან ვახტანგმა თავისი დიდი ხელებით ხუთი თითი გაშალა და ასე აჩვენა. ეს ძალიან მოეონა გიორგის და ამბობდა: „ხედავთ რა კარგად მითხრა, რა სწორად მითხრაო“.

    1961 წლის მაისში, მამა დავითის პლატოზე გამართულ ბანკეტზე, რომელსაც ნიკიტა ხრუშჩოვი ესწრებოდა, რამდენიმე რაიკომის პირველი მდივანი და სხვა საპატიო პირები მოვხვდით მეორე სართულზე, ჩვენთან ერთად იყვნენ გიორგი ლეონიძე, კოწია ერისთავი და სხვები. გიორგი გვეუბნებოდა ხრუშჩოვზე: „მაგას რა ყურს უგდებთ, სიმინდით ჩვენ სახელს ვერ მოვიხვეჭთ მსოფლიოში, და თუ გინდათ, რომ სახელი გქონდეთ, თქვენ, რაიკომის მდივნებო, გაუფრთხილდით და მოუარეთ ჩვენ ისტორიულ ძეგლებს და დაეხმარეთ ქართულ მწერლობასო“. ჩვენ, ცხადია, გაოცებული დავრჩით გიორგი ლეონიძის მიერ გაბედული აზრის აშკარად გამოთქმით და ისღა მოვახერხეთ, რომ ჩავედით პირველ სართულზე, რათა მოგვესმინა ნიკიტა ხრუშჩოვისა და დავით მჭედლიძის ცილობისათვის. ხრუშჩოვი უკმაყოფილო იყოდუბინუშკასშესრულებით და თვითონ იმღერა კიდევაც ერთი კუპლეტი. შემდგომი შეხვედრებისას როცა ამ ამბავს გავახსენებდი, ძია გოგლა თავისებურად ჩაიღიმებდა ხოლმე.

    1961 წელს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 100 წლისთავის გამო, ვაჟაობა არა მხოლოდ ჩარგალში, არამედ საქართველოს სხვა რაიონებშიც მოეწყო. გაიმართა იგი თიანეთშიც და ცხადია აქაც პირველი კაცი გიორგი ლეონიძე იყო. ამ ზეიმს ნიკოლოზ ტიხონოვი ესწრებოდა და, ცხადია, ქართველი მწერლებიც. სუფრის თავკაცობა გიორგის დაევალა. რაიკომის მდივანი მაშინ გახლდათ მარიამ გონჯილაშვილი, ხოლო რაიაღმასკომის თავმჯდომარე იყო ნიკო მგელიაშვილი. გაიმართა დიდი ლხინი. უკვე საღამოს ათი საათი იქნებოდა, როდესაც ნიკოლოზ ტიხონოვს უთხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში და დილით გაფრენილიყო მოსკოვს. გიორგიმ გადაწყვიტა თიანეთში დარჩენა, ხოლო ბესარიონ ჟღენტმა და მე გადავწყვიტეთ ნიკოლოზ ტიხონოვის წაყვანა თბილისში. მაგრამ ამ დროს, ხევსურულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდობის მიერ გაჩაღებულმა ცეკვა-თამაშმა ისე მოხიბლა ნიკოლოზ ტიხონოვი, რომ ის თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვერ სტოვებდა სანახაობას და ბესო ჟღენტსა და მე გვეუბნებოდა: „მაცალეთ, ამის მსგავს სხვაგან ხომ ვერ ვნახავო“.

    როგორც, ზემოთ იყო ნათქვამი, გიორგი იმ ღამეს თიანეთში დარჩა და ღამის გასათევებლად წაუყვანიათ ხაწირში, ტყეში მოწყობილ სასტუმრო სახლში, რომელიც გადაჰყურებს დაბა თიანეთს. (ეს ადგილი ისტორიულია. აქ 1925 წლამდე არსებობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-სათვის აგებული სასახლე, სადაც, 1888 წლის 5-7 ოქტომბერს იქ მყოფი იმპერატორი რუსეთის ჯარის აღლუმს დაესწრო). ადრე დილით ამდგარა გიორგი ლეონიძე და ვიდრე მასპინძლები მიაკითხავდნენ, მას ექსპრომტად უთქვამს: „დილით გავხედე თიანეთს, ფიქრნი მივლიან მწარენი, ნეტავი როგორ არიან, წუხანდელ ნაყანწარევნი“-.

    გიორგის ძალიან უყვარდა ივრის ხეობა და თიანეთი. თიანელებიც აღმერთებდნენ და დიდ პატივს სცემდნენ მას. ერთხელ, როდესაც მან დაიტრაბახა: „დღეს მე მეცამეტე ხევსურს დავეხმარე თბილისში ბინის მიღებაშიო“, მეც ხუმრობით ვუთხარი: „ძია გოგლა, მე ვეღარაფერი გავიგე, თან მთის ქომაგი ხართ და თან ისე გამოდის მის დაცარიელებას თქვენ უწყობთ ხელს“-მეთქი. ჩაფიქრდა და მომიგო: „კაცო, შენ ეს რა მითხარი, მართლაც რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ მთა არ დაიცალოსო“. ძია გოგლას, ცხადია, მარტო მთა, ფშავ-ხევსურეთი, კი არა, მთელი საქართველო უყვარდა. ამის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

    გიორგი ლეონიძეს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და განსაკუთრებით რუსულ მწერლობაში. როდესაც მწერალი მიხეილ შოლოხოვი საქართველოში ჩამოვიდა და ბორჯომს ეწვია, მან მრავალჯერ ახსენა გიორგი ლეონიძე, რომელიც თბილისში შეხვედროდა მას, მაგრამ ბორჯომსა და ვარძიაში კი ვეღარ წამოჰყოლოდა. მიხეილ შოლოხოვმა ათჯერ მაინც გაიხსენა და გიორგის სადღეგრძელო დაგვალევინა.

    1963 წლის იანვრიდან უფრო ხშირად ვხვდებოდი ბატონ გიორგის და იგიც სამართლიანად მსაყვედურობდა: „შენ ერთხელაც ვერ მიმიწვიე ბორჯომში და არც შეხვედრა მოგიწყვიაო“. ამას მე ძალიან განვიცდი და ჩემი თავისთვის დღესაც ვერ მიპატიებია, რომ ჩემთვის უსაყვარლეს პიროვნებას სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. მას უყვარდა ვიწრო წრეში უბრალო პურის ჭამა. ლოთობა მისგან შორს იყო. იგი მხოლოდ ეძებდა მიზეზს, რომ თავისი გულის დარდი გაექარწყლებინა პატარა მეგობრებთან შეხვედრითაც.

    მომსწრე ვიყავი, როდესაც დავით გოგოჭურის სახლში გამართულ ნადიმზე ალაზა ხაიაურმა დიდი პათოსით წაიკითხა გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი ლექსი. ძია გოგლა ძალზე ნასიამოვნები დარჩა და მან განმეორებით მოითხოვა ლექსის წაკითხვა, რომელშიც იგი დიდებულ, მობუბუნე და მობუხუნე ლომთან არის შედარებული. მართლაც, რომ ყველამ დიდად გავიხარეთ.

    გიორგი ლეონიძე ჭეშმარიტად დიდი და ღირსეული პიროვნება იყო და ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი. მახსენდება ასეთი ეპიზოდი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გიორგი ლეონიძე კითხულობს მოხსენებას აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შუა მოხსენების დროს დარბაზში რაღაც ხმაური ატყდა, გიორგი ლეონიძემ შეწყვიტა მოხსენების კითხვა და ასე მიმართა დამსწრეთ: „მე ამ მოხსენებას თქვენთვის ვკითხულობ და არა საკუთარი თავისთვის, რადგან მე ძალიან კარგად ვიცი ის რასაც მოგახსენებთო“. შესვენებისას, კონცერტის დაწყების წინ, შევხვდი და რადგანაც მათამამებდა ხოლმე, ასე მივმართე: „ძია გოგლა, რა უფლებით მიეცი შენიშვნა მთელ დარბაზს, ხალხს, ეს ხომ არ შეიძლება“-თქო. მან მისებურად და მედიდურად მიპასუხა: „მე მაქვს ამის უფლება, მე მწერალი ვარო“. მეც, ცხადია, ღიმილით დავეთანხმე და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე.

გიორგი ლეონიძის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრელეჩკომბინატშიმის სანახავად მივედით მე და არჩილ ხელაშვილი, იმ დროს პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. როცა შევედით პალატაში იქ დაგვხვდა მისი მეუღლე, ქალბატონი ეფემია, რომელიც მეორე საწოლზე იყო ჩამომჯდარი. გიორგი ლეონიძეს იმ დროს 39 გრადუსი სიცხე ჰქონდა, სპილენძის თუნგით წყალი ედგა თავთან, ძალიან ცხელოდა და ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. საუბარი არ გაგვიმართავს, რადგან ამის თავი ავადმყოფს აღარ ჰქონდა. მე მივმართე ასეთი სიტყვებით: „ძია გოგლა, გულით რა გინდა“-მეთქი. მე ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ძია გოგლას ესურვა თიანეთის რაიონიდან ივრის კალმახი, ან ხინკალი - რაც მას უყვარდა.

მან კი ასე მომმართა: „შენ რა არ იცი მე რა მინდა - საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა“-. მეც მაშინათვე ვუპასუხე: „აი მაგას კი ვერ მოგართმევ ძია გოგლა, მაგის თავი მე არა მაქვს“-მეთქი. იმავე წუთას გარეთ გამოვედით და არჩილ ხელაშვილმა ხელებით დაიწყო თავისი გაოცების გამოხატვა: „აი, ერის კაცი, რომელიც სასიკვდილო სარეცელზე წევს და სამშობლოზე ზრუნავს და ფიქრობსო“. ამ ამბავს იმ დროს ყველას ვერც ვეტყოდით. ერთი კვირის შემდეგ არჩილ გიგოშვილი, მე და კიდევ ორი სხვა ამხანაგი წავედით გიორგი ლეონიძის სანახავად წყნეთში, მის აგარაკზე. იქ ბესარიონ ჟღენტი დაგვხდა; მან გვითხრა, რომ გიორგი ლეონიძე აგონიაში არისო და მასთან კონტაქტის დამყარება და რაიმე საუბრის გამართვა შეუძლებელიაო. ეზოში ბევრი ვისაუბრეთ შეკრებილებმა და დამწუხრებულები წამოვედით თბილისში.

1971 წელს თბილისში ჩამოვიდა საბჭოთა მწერლებისა და კულტურის მოღვაწეთა დელეგაცია. ამ დელეგაციაში იყო ქართველი ხალხის დიდი მეგობარი, უკრაინელი მწერალი, მიკოლა ბაჟანი. ის აეროპორტშივე ცუდად გამხდარა გულის შეტევით დალეჩკომბინატშიმოუთავსებიათ. მიკოლა ბაჟანს მე ვიცნობდი 1957 წლის ოქტომბრიდან, როდესაც იგი ბორჯომ-ლიკანში ისვენებდა. მიკოლა ბაჟანი ოქტომბრის თვეში იყო დაბადებული; მას შემოვატარებინეთ ვარძიაცა და ყინწვისიც. ერთი სიტყვით დავმეგობრდით და მიწერ-მოწერაც დავამყარეთ. მისი ავადმყოფობა რომ გავიგე მაშინათვე ვინახულე საავადმყოფოში; გამაცნო მეუღლე, რომელიც პალატაში თავზე ადგა. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ქართულ კულტურაზე და განსაკუთრებით კივეფხისტყაოსნისსაკითხებზე. იგი ხშირად ახსენებდა გიორგი ლეონიძეს და როდესაც მისი მეუღლე პალატიდან გავიდა, მე მას მოვუყევი გიორგი ლეონიძის სიცოცხლის ბოლო დღეებზე, სიტყვა სიტყვით გადავეცი გიორგი ლეონიძის ნატვრა და თან დავძინე: „ბატონო მიკოლა, თქვენც ლეონიძესავით არა მთხოვოთ უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“-თქო. მიუხედავად იმისა, რომ მიკოლა ბაჟანი დიდად გამბედავი და უშიშარი კაცი იყო, მან ხელები გაასავსავა და კატეგორიულად განმიცხადა: „არა ჩემო მეგობარო, იმას კი არა გთხოვ რაც შეუძლებელია, არამედ თუ რამე გაქვსვეფხისტყაოსანზექართულ ენაზე დასტამბული ის გამოგზავნე, ჩემს თანამშრომლებს რაულ ჩილაჩავასა და ქართველ გოგონებს ვათარგმნინებო“.

პაუზის შემდეგ, მიკოლამ მთელი გრძნობით მითხრა: „ქართველები ბედნიერი ხალხი ხართ და მუდამ უნდა იამაყოთ იმით, რომ საქართველომ ბევრი დიდი ადამიანი მისცა მსოფლიოს და მათ შორის იყო ჩემი გულითადი მეგობარი, გიორგი ლეონიძე, დიდება მის სახელს, იგი უკვდავია“.

ჭეშმარიტად უკვდავია გიორგი ლეონიძის სახელი და შემოქმედება და ვიდრე იქნება ქართველი ხალხი და მისი უკვდავ-უბერებელი ქართული ენა გიორგი ლეონიძის სახელიც მარადჟამს იარსებებს.

 

 

                               ჯიბო ლომაშვილი

 

 

1997 . ივლისი

 

წიგნიდან გიორგი ლეონიძე. საქართველოს ცრემლები. თბილისი, 1999.