შუაგული  ამიერკავკასია    ფორპოსტი  თუ  პლაცდარმი თანამედროვე  გეოპოლიტიკურ  თამაშებში?

Giorgi Kavtaradze. Middle Transcaucasia – an Outpost or a Bridgehead of the Modern Geopolitical Games. A Look from the Historical Perspective, - Litaraturuli Sakartvelo, September 3-9 , 2004, № 35 (3503), p. 2f., in Georgian.

 

შუაგული  ამიერკავკასია    ფორპოსტი  თუ  პლაცდარმი თანამედროვე  გეოპოლიტიკურ  თამაშებში?

 

ისტორიული პერსპექტივიდან

 

      დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს რუკაზე თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია ამიერკავკასიის ექტრაორდინალური, გარკვეული თვალთახედვით, შეიძლება ითქვას ცენტრალური, მდებარეობის დასანახად. მისგან ჩრდილოეთით განლაგებულია გამოკვეთილად ჩრდილოური ქვეყანა, რუსეთი, სამხრეთით – ტიპური ახლოაღმოსავლური თურქეთი და ირანი, დასავლეთიდან შავი ზღვა გამოყოფს მას აღმოსავლეთ ევროპისაგან, ხოლო აღმოსავლეთით კასპიის ზღვა – ცენტრალური აზიისაგან. ამიერკავკასიის ასეთი საშუალედო მდებარეობა მიზეზი უნდა ყოფილიყო მისი ეთნო-კულტურული მრავალფეროვნების, რაც შემჩნეული ჰქონდათ ჯერ კიდევ კლასიკური ხანის მწერლებსა და მოღვაწეებს.

ამიერკავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მდებარე საქართველო, ადრეული ხანების კოლხეთი და იბერია, კლასიკური ხანის ბერძნული მითოლოგიისათვის ოქროს საწმისის და პრომეთეოსის ქვეყანაა. იგი, მართლაც პრომეთეოს-ამირანისავით არის მიჯაჭვული კავკასიონის დიდ მთაგრეხილზე. საინტერესოა, რომ საქართველოს სახელმწიფო გერბზე გამოსახული თეთრი გიორგის (საქართველოს ხატება) ცხენის ფლოქვებთან, წმ. გიორგის ხატის ურჩხულის ნაცვლად, ძევს კავკასიონის მთები, ქვეყნის წინაშე მდგარი ბუნებრივი გამოწვევის სიმბოლო - სიმბოლო დედამიწის გეოგრაფიული, ეთნო-კულტურული და პოლიტიკური დაყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანსვეტთან მისი ბედის კავშირისა.

      როგორც ჩანს, სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა გამოიწვია არა მხოლოდ კლასიკური ხანის შუაგულ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის აღმოცენება, არამედ აგრეთვე განაპირობა მისი ისტორიული განვითარება საშუალო საუკუნეებში, ახალ და უახლეს ხანებში.

ამიერკავკასია (და კერძოდ საქართველო) მდებარეობს არა მხოლოდ გეოგრაფიულად –დედამიწის ოთხივე მხარის გზაჯვარედინზე – არამედ გზაჯვარედინზე ქრონოლოგიური თვალთახედვითაც – ძველ, ტოტალიტარულ და ახალ, დემოკრატიულ სამყაროებს შორის. ორივე ეს გზაჯვარედინი ამავე დროს ერთმანეთთან არის გადახლართული; ამიერკავკასიის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ჯერ ისევ არიან განლაგებული ფაქტობრივად ტოტალიტარული ქვეყნები, ხოლო დასავლეთითა და სამხრეთით – მეტნაკლებად დემოკრატიული ცხოვრების წესის მქონე, ან დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე მდგარი საზოგადოებები.

      პირველი და მეორე მსოფლიო ომებისა და კომუნისტური სისტემის კოლაპსის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აღმოცენდნენ მრავალრიცხოვანი სახელმწიფოები. ამ პროცესს დღესაც აქვს ადგილი, ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში, სადაც რამდენადმე მსგავსი ვითარება იყო რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად აღმოცენებულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისას. ეს ქვეყანა სამი წლის შემდეგ, 1921 წლის თებერვალ-მარტში, დაპყრობილი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ. თუმცა, ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიცია ათასობით წლებს ითვლის.

      საგანგებო კვლევის მიზანი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაში შესაძლო მიმართულებათა მონახაზის წარმოდგენა, საკუთრივ საქართველოს, საზოგადოდ ამიერკავკასიისა და უფრო ვრცელი (შავი და კასპიის ზღვების აუზების მომიჯნავე) არეალის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული ტენდენციების ფონზე და ამ ტენდენციათა ურთიერთმიმართების ხასიათის გარკვევა.

      უკანასკნელ ათწლეულში ქართველი პოლიტოლოგები და ფართო საზოგადოება ცდილობს გადაჭრას ქვეყნის წინაშე მდგარი სამმაგი არჩევანი:

      1. СНГ-ს ფარგლებში არსებულ თავდაცვით სისტემასთან (ანუ რუსეთთან) მიერთება;

      2. ნეიტრალიტეტის გამოცხადება;

      3. ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებში ინტეგრირება.

      პრორუსული გადახრა ფაქტიურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკან გამობრუნებას სახელმწიფოებრიობის შენების გზიდან და რუსული "ხახის" მიერ მის საბოლოო (თუმცა კი ალბათ თანდათანობით) შთანთქმას, რაც რუსული პოლიტიკური წრეების საუკუნოვანი ზმანებაა. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად საერთაშორისო გადაწყვეტილებებისა, რუსეთი ყველა ხერხებით ცდილობს საქართველოში შეინარჩუნოს სამხედრო ბაზების ნაწილი, გააფართოოს აქ თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ყოფნა და თან ამავე დროს სამშვიდობო მისიის ნიღბით ფაქტიურად მიიტაცოს საქართველოს ტერიტორიები. ნეიტრალური სტატუსი ირელევანტურია ქვეყნისათვის, რომელიც პოლიტიკური პროცესების შარაგზაზეა განლაგებული და გარშემორტყმულია აგრესიული მეზობლებით – უპირველეს ყოვლისა, რუსეთით. თურქეთი და რამდენადმე ირანი, თავისი კავკასიური პოლიტიკის ხელახალი განსაზღვრის შემდეგ და საკუთარი ისტორიული ტრადიციებისაგან განსხვავებით, ცდილობენ შეძლებისდაგვარად დაიცვან რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება.

საინტერესოა, რომ რუსეთი, თურქეთისა და ირანისაგან განსხვავებით, თავს მოვალედ თვლის მაქსიმალურად ჩაერიოს ამიერკავკასიის ქვეყნების შინაურ საქმეებში, კავკასიური (უფრო ზუსტად ჩრდილო კავკასიური) სამყაროსადმი თავისი კუთვნილების გამო. ამისათვის გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძველს მას აძლევს უკანასკნელ დროს  ტერმინ “ამიერკავკასიის” რატომღაც “სამხრეთ კავკასიით” შეცვლა და შესაბამისად კავკასიური ოთხეულის საპარლამენტო საბჭოს ჩამოყალიბება: აზერბაიჯანის, რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის შემადგენლობით. არადა, ამიერკავკასიული ქვეყნების პოლიტიკური ისტორია, ძირითადად განპირობებულია ამიერკავკასიის მდებარეობით დიდი კავკასიონის მთაგრეხილის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი სისტემის, გადმოღმა. შესაბამისად, ვფიქრობ, ტერმინ “ამიერკავკასიას” უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტერმინ “სამხრეთ კავკასიასთან” შედარებით; იგი სავსებით გამოხატავს ქედს გადმოღმა მდებარე რეგიონის არსს და უზადოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ენობრივი თვალსაზრისით (შდრ., მაგ., ერთმანეთს "სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასია" და "სამხრეთ-დასავლეთ სამხრეთ კავკასია").

საკუთრივ ამიერკავკასიაში 5 რეგიონი გამოიყოფა: 1. დასავლეთ ამიერკავკასია ანუ დასავლეთ საქართველო, 2. ცენტრალური ამიერკავკასია ანუ აღმოსავლეთ საქართველო, 3. აღმოსავლეთ ამიერკავკასია ანუ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, 4. სამხრეთ ამიერკავკასია ანუ სომხეთი, 5. სამხრეთ-დაასავლეთ ამიერკავკასია ანუ ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთი; შესაბამისად, თითქოს უფრო გამართლებული ჩანს, ამიერკავკასიული საკითხები, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიერკავკასიულმა ოთხეულმა გადაწყვიტოს – აზერბაიჯანმა, თურქეთმა, საქართველომ და სომხეთმა და არა ერთპიროვნულად კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, იმიერკავკასიაში მდებარე ქვეყანამ, რისი მცდელობაც სულ უფრო დაუფარავი ხდება.

როგორც ჩანს, ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებში ინტეგრირება, ერთადერთი არჩევანია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს თავისუფალი განვითარება.

      მაგრამ რამდენად შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დროის ხანგრძლივი პერსპექტივიდან ეს არჩევანი უპასუხებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს? რატომ ხდება აღნიშნული მესამე არჩევანი, პროდასავლური ორიენტაცია, ქართული საზოგადოების მოტტო? რამდენად საფუძვლიანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის შიში, რომ აღნიშნული ორიენტაციის გამო, ქვეყანა და მისი მოსახლეობა იმყოფება დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოების მტერთაგან მომდინარე, წინასწარ განუჭვრეტელი და გარდაუვალი დასჯის საფრთხის ქვეშ, რის გამოც, მათი აზრით, ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია შესაცვლელია?

      დასმული კითხვები ცხადყოფს, რამდენად დაძაბული და გაურკვეველია საქართველოში უკანასკნელი წლების პოლიტიკური სიტუაცია. ძნელი წარმოსადგენია, რომ მოიპოვებოდეს იოლი პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც აწუხებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებრიობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად მაინც უნდა შევეცადოთ მდგომარეობა უფრო გასაგები გავხადოთ ქვეყნის ისტორიული განვითარების თვალთახედვიდან გამომდინარე.

      თანამედროვე მოვლენების საფუძველში ადრეული ხანებისათვის დამახასიათებელი პროცესების ხასიათის შეცნობისათვის, საჭირო ხდება რეტროსპექტული ხედვის გამოყენება. საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ისარი სხვადასხვა დროს განსხვავებული მხარეებისაკენ იხრებოდა; მაგრამ რა სახის მექანიზმი განაპირობებდა ამ ცვალებადობას? რომელი იყო უდიდესი მაგნიტური ძალის მქონე მხარე, ისტორიის მანძილზე ქართული ვექტორის განმსაზღვრელი? დღევანდელობაში გასარკვევად აუცილებელი ხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

სამწუხაროდ, სპეციალურ ლიტერატურაში სათანადო ყურადღების გარეშეა დარჩენილი, ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფო ძალაუფლების აღმოცენებასა და კავკასიონის უღელტეხილების კონტროლის საჭიროებას შორის არსებული ურთიერთკავშირი. არადა, ეს ურთიერთკავშირი მკაფიოდ არის აღბეჭდილი რეგიონის ისტორიულ განვითარებაში. ასეთი უგულვებელყოფა ძირითადად განპირობებული იყო, უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში ამიერკავკასიის ინკორპორაციით ჯერ რუსეთისა და შემდეგ საბჭოთა იმპერიაში. ბუნებრივია, ამ იმპერიათა არცერთი ქვეშევრდომი დაწესებულება არ დაუშვებდა მსგავსი თემატიკის დამუშავებას და ვერც პოსტსაბჭოთა ხანაში იქნებოდა იგი მაინცდამაინც წახალისებული. ორივე ეს ქვეყანა (რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი) საკმაოდ წარმატებული გამოდგა ამიერკავკასიის ტერიტორიის ტოტალურ დაქვემდებარებაში; ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მათი ექსპანსიონისტური მიზნებისათვის მთელი ახლოაღმოსავლური-ხმელთაშუაზღვისპირეთული არეალის მიმართ. მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში არცერთი კავკასიელი ერი არ იყო ფაქტიურად წარმოდგენილი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, მიზეზი გახდა დასავლელი სპეციალისტების მიერ კავკასიის ისტორიის უგულვებელყოფისა.

      კომუნისტური სისტემის რღვევამ შესაძლებლობა მისცა აღნიშნული სისტემისადმი ადრე მიკუთვნებული ქვეყნების სპეციალისტებს გამოეყენებინათ კვლევისას ისეთი მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომლებიც საგრძნობლად არიან დაშორებული მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმებს და რომელთა გამოყენება მათთვის ადრე წარმოუდგენელი იქნებოდა. ადრეული კავკასიის პოლიტიკურ ისტორიის შესწავლასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ოპტიმალურად არნოლდ თოინბის ე.წ. "გამოწვევისა და პასუხის", ანუ "სტიმულისა და რეაქციის" (Challenge-and-Response) მოდელის გამოყენება ჩანს, ვინაიდან, ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის იდეის წარმოქმნა-განვითარება თავის "გამოწვევასა" თუ "სტიმულს" (challenge) სწორედ ადგილობრივი ბუნებრივი და საზოგადოებრივი გარემოს "პასუხში" ანუ "რეაქციაში" (response) პოულობდა.

      საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სხვა ამიერკავკასიული ქვეყნების მსგავსად, ძირითადად განპირობებული იყო ამიერკავკასიის მდებარეობით დიდი კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთით. ეს მთაგრეხილი ქმნიდა ტეხილს (გეოლოგიური “რღვევის ხაზის” მსგავსად) არა მხოლოდ გეოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური ეთნო-კულტურული, არამედ მსოფლიოს გეოპოლიტიკური დაყოფის თვალსაზრისითაც. კაცობრიობისთვის კავკასიონის მდებარეობის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ხატოვნად გამოთქვა, ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ, პლინიუს უფროსმა (Plinius Magnus), რომ კავკასიის კარი (ანუ დარიალის კარიბჭე) სამყაროს ორ ნაწილად განყოფს (n.h. VI, 30). XIII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის როჯერ ბეკონის მიხედვითაც, სამყარო ორ ნაწილად იყოფა: ბარბაროსების მხარედ და „კეთილგონიერი ადამიანების“ მხარედ (Opus majus, 1, 301).

სამყაროს კონცეფცია ყოველთვის საჭიროებდა ზღვარს, აგებულს მოაზროვნე ადამიანის მიერ ბარბაროსთა საწინააღმდეგოდ, ასეთი იყო, მაგალითად,  ჩინეთის დიდი კედელი ან ადრიანეს კედელი (Roman Limes). კავკასიის კარიბჭეს  ანალოგიური დაცვითი კედლის ფუნქცია ჰქონდა. უხსოვარი დროიდან იგი მძლავრი წინაღობა იყო საზიარო ინტერესების მქონე ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ ცივილიზირებულ სამყაროში, ანუ ოიკუმენეში, ევრაზიელი ნომადების შეღწევის საწინააღმდეგოდ.

კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური უღელტეხილი, კავკასიის კარი, ხშირად მოიხსენიება კლასიკური ხანის მწერლობაში. როგორც ალექსანდრეს სვეტები, ბურჯი თუ რკინის კარიბჭე. ისტორიული ლიტერატურიდან კარგად არის ცნობილი, რომ თავად ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიისაკენ. ამიტომ, საფიქრებელია, რომ ალექსანდრე დიდის სახელის კავშირი ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, ასახული სომხურ და ქართულ მატიანეებში, უნდა მიანიშნებდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ სახელმწიფოს raison d'être-ზე (არსებობის არსზე); კერძოდ, მის დანიშნულებაზე, ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროს ფორპოსტი, ამ უკანასკნელის ბრძოლაში გოგისა და მაგოგის საუფლოსთან, რომელსაც კავკასიის კარიბჭის, ანუ კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა ედო ბინა.

როგორც ჩანს, ალექსანდრესეული რკინის კარიბჭის კონცეპცია წარმოადგენდა გამოხატულებას ქართული სახელმწიფოებრიობის კონკრეტული პოლიტიკური ფუნქციისა, ყოფილიყო დამცველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის - კავკასიის კარიბჭისა. ქართლის ცხოვრების განცხადებითაც ალექსანდრე დიდმა ქართლში შემოსვლისას უბოძა ქართველებს ყველა სახელმწიფოსათვის აუცილებელი კომპონენტი - იდეოლოგიური საფუძველი: “უბრძანა... რათა პატივსცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა”. სიმბოლურია, რომ საქართველოს სახელმწიფო გერბზე გვხვდება დიდი მეფის ლეგენდარული ხატების მიერ ბოძებული მზის, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავის გამოსახულება.

ზემოაღნიშნული სახელმწიფოებრივი ფუნქცია იყო ერთ-ერთი გაფამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ადრე ელინისტური ხანის ცენტრალურ ამიერკავკასიაში ქართული სახელმწიფოს წარმოქმნას. უფრო ზუსტად, კავკასიონის მთავარი ქედის უშუალოდ სამხრეთით - ანუ ევრაზიელი ნომადებისა და ახლოარმოსავლური ცივილიზირებული საზოგადოებების საკონტაქტო ზონაში - საქართველოს მდებარეობა, ძირითადი მიზეზი იყო ჩრდილოეთიდან მასზე მუდმივი გარეგანი ზეწოლის, ანუ “გამოწვევის” (challenge), რომელმაც თავის მხრივ განაპირობა “პასუხი” (response) - აღნიშნულ ზონაში იბერიის სამეფოს აღმოცენება. გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა არა თუ მხოლოდ გამოიწვიეს კლასიკური ხანის ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა, არამედ განსაზღვრეს კიდეც მომდევნო ხანებში მისი ისტორიული განვითარება.

როგორც ინერიის სამეფოს “არსებობის არსი”, ასევე კლასიკური ეპოქის სხვა ახალი სახელმწიფოების, ალბანეთისა და კოლხეთ-ლაზიკის (ეგრისის), მნიშვნელობა განპირობებული ჩანს, ამიერკავკასიის საერთო გეოგრაფიული მდებარეობით დიდი კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთით და შესაბამისად, აღნიშნული სახელმწიფოების როლით ამ მთაგრეხილის სტრატეგიული ფუნქციის მქონე ზეკარების კონტროლის საქმეში. ისინი წარმოადგენდნენ ცივილიზებული სამყაროს (ბერძნული - ოიკუმენე, რომაული - orbis terarrum) ძნელად გადასალახავ ბასტიონებს კავკასიის კარიბჭის გადაღმა მდებარე სიბნელის ბარბაროსული საუფლოდან, ანუ ჩრდილოეთიდან, შემოჭრილი მომთაბარე ტომებისათვის. თუმცა, არსებობდა აშკარა სხვაობა იბერიისა და ნაწილობრივ ლაზიკის - დასავლურ (ბერძნული სახელმწიფოები, რომისა და ბიზანტიის იმპერიები), და ალბანეთის, სომხეთთან ერთად, აღმოსავლურ (ირანი, პართია) პოლიტიკურ ორიენტაციას შორის.  

რომაელთა ერთ-ერთი კარდინალური ამოცანის - ახლო აღმოსავლეთში Pax Romana-ს შენარჩუნების - ყველაე უფრო ხელსაყრელ შესაძლებლობას კავკასიის უღელტეხილებზე განხორციელებული კონტროლი იძლეოდა. ამიერკავკასიაში რომაელთა ძირითადი ამოცანა, არა იმდენად კავკასიაში ჩრდილოეთიდან გადმოსული ბარბაროსებისათვის გზის გადაკეტვა იყო, რამდენადაც მათი საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისათვის დაქვემდებარება. მხოლოდ ასეთი საშიშროების არსებობის შესაძლებლობაც კი უკვე მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენდა რომაელთა ხელში, მიმართულს მათი აღმოსავლელი ოპონენტების საწინააღმდეგოდ.

მრავალ უღელტეხილზე გაბატონებულ იბერებს შესაძლებლობა ჰქონდათ კავკასიონზე გადმოეყვანათ ჩრდილოელი მებრძოლები და წარმატებით გამოეყენებინათ ისინი საკუთარი და თავიანთი მოკავშირეების პოლიტიკური მიზნების შესაბამისად.  იბერიის ხელისუფალნი პერმანენტულად და დიდი წარმატებითაც იყენებდნენ თავიანთი ქვეყნის ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობას, რათა გაეწონასწორებინათ გარესამყაროს ყველა მხრიდან მომდინარე ძალთა ზეწოლა.

იბერიელები, რომელთა ძალაუფლება კავკასიის კარიბჭეზე ვრცელდებოდა, ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით - დარიალის უღელტეხილიდან მცხეთა-არმაზამდე -, რეგიონში რომაელთა ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები იყვნენ. რომაელებსა და იბერებს (ერთიდაიმავე orbis terarrum-ის შემადგენელ ნაწილებს) შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, საერთო სტრატეგიულ ინტერესებზე იყო დაფუძნებული.

როგორც ჩანს, სწორედ რომაული ხანებიდან მომდინარეობს ქართული სახელმწიფოს ხანგრძლივი სწრაფვა, გაეერთიანებინა თავის ხელქვეით შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე არსებული კავკასიონის ყველა გადასასვლელი, რაც ამავე დროს გამოიხატა ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფორმულაში “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”. როგორც ვხედავთ, აღნიშნული ფორმულა განსაკუთრებულ მახვილს სვამს ჩრდილოეთის საზღვრის გაყოლებაზე, რომელიც გადაჭიმული იყო დაახლოებით თანამედროვე ტუაფსედან, შავ ზღვაზე, დერბენდამდე, კასპიის ზღვაზე, და რომლის დაცვა და კონტროლი საშუალო საუკუნეებში არსებული ამ სამეფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა.

ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული არეალის სახელმწიფოთა ყველა დროის მესვეურთათვის, მომთაბარეთათვის გზის გადამკეტი კავკასიის კარიბჭის ეფექტური კონტროლის დიდი საჭიროების გამო, სასურველი იყო შუაგულ ამიერკავკასიაში, იბერიაში, მსგავსი ფუნქციის შესრულებისათვის საკმაო ძალის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა.

ქართული სახელმწიფოებრიობის ბედის კავშირი კავკასიონის გადასასვლელების გაკონტროლების მოთხოვნასთან მკაფიოდ იკვეთება მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ჩემი აზრით, ძირითადად ქვეყნის ამ ფუნქციის არსებობით უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომ საქართველო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს მთელ ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ხანებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე (კირილ თუმანოვი). აღნიშნული ფუნქციის დაკარგვამ საქართველოს დამოუკიდებელ არსებობას აზრი დაუკარგა და თითქმის ორი საუკუნე ქვეყანა აღარ ჩანდა მსოფლიოს რუკაზე. "კავკასიონის კარიბჭეთა მფლობელის" ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია არსებითად განაპირობებდა და როგორც ჩანს, მომავალშიც განაპირობებს საქართველოს სვე-ბედს.

როგორც ვხედავთ, ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული საზოგადოებების დაინტერესება ცენტრალური ამიერკავკასიით გარდაუვალი იყო, არა მხოლოდ ამ რეგიონის აბსტრაქტული დაცვითი ფუნქციის გამო, არამედ ძირითადად ამ უკანასკნელის მდებარეობის გამო ცივილიზებული და ბარბაროსული სამყაროების შეხების ზონაში, ან უფრო ზუსტად - ამ ორი სამყაროს გამყოფ რღვევის ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის ასეთი მდებარეობა განაპირობებდა მის სივრცეში ისტორიული განვითარების ამ ორი დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოდელის შეჯახებას; კავკასიონის მთავარი ქედის ფაქტორი, რომლის სამხრეთითაც ეს რეგიონი მდებარეობდა, განსაზღვრავდა მის ბედს - ყოფილიყო მაღალგანვითარებული და წარმატებული ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული ოიკუმენეს ფორპოსტი  სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების დაბალი ტემპის მქონე ევრაზიის ვრცელი სტეპების მრავალრიცხოვან და აგრესიულ მომთაბარეთა წინააღმდეგ, რომელთაც ახლო აღმოსავლეთში ლაშქრობისას პლაცდარმად ესაჭიროებოდათ ამიერკავკასიის ტერიტორია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ამიერკავკასიის ისტორიული დანიშნულება იყო, ყოფილიყო ცივილიზებული სამხრეთისა და დასავლეთის ბურჯი ბარბაროსული ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მუდმივი დაპირისპირება ბარბაროსსა და ცივილიზებულს, მიმთვისებელსა და მეურნეს, ყაჩაღსა და შემოქმედს შორის იყო ის კვესი და აბედი, რომლის საშუალებითაც დაინთო სახელმწიფოებრიობის ცეცხლი კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის გადმოღმა მდებარე ქართლში.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი კონცეპცია, ძირითადი იდეა თუ “არსებობის არსი”, გარდა დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კულტურულ-ეკონომიკური დაკავშირებისა, იყო კავკასიონის ქედის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილზე გადმომავალ ზეკარებზე კონტროლის განხორციელება, რაც, თავის მხრივ, ზემოაღნიშნულ დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირურთიერთობათა ეფექტური ფუნქციონირების წინაპირობასაც წარმოადგენდა. ქვეყნის ეს გეოპოლიტიკური დანიშნულება,   უპირველეს ყოვლისა, მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული მონაცემების ერთობლიობით იყო განპირობებული, რომელთა ძალდატანებითი შეცვლა ქვეყნის არსებობის ხელყოფის ტოლფასია.

 

გიორგი ქავთარაძე

ავტორის ვებ-გვერდი: www.geocities.ws/komblege/index.html

 

 

“ლიტერატურული საქართველო”, მწერალთა ყოველკვირეული გაზეთი, 3-9 სექტემბერი, 2004 წ. 35 (3503), გვ. 2-3.

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon