გიორგი ლეონიძე

 

ავტობიოგრაფია

 

 

როგორღაც მეუხერხულება ავტობიოგრაფიის წერა. ვგრძნობ, ჯერ იმდენი რამ არ გამიკეთებია მწერლობაში, რომ უკვე საჭირო იყოს ჩემი ცხოვრების ამბების გაზიარება მკითხველთათვის, მაგრამ რედაქტორის თხოვნაზე დაყოლა უფრო იმანაც გამაბედვინა, რომ ჩემთან სხვა ადამიანების მოღვაწეობაც არის დაკავშირებული, სხვა ამბებიც და, ვგრძნობ, არა მაქვს უფლება ამ ამბავთა და ადამიანთა შესახებ დავდუმდე და არაფერი არ ვუამბო მკითხველს.

 

ვიმეორებ: არავითარ საჭიროებას არა ვგრძნობ ჩემი ავტობიოგრაფიის ჩაწერისას, მაგრამ რამდენადაც იგი იქნება ერთგვარი პატარა ილუსტრაცია ჩვენი ახლობელი მწერლობის წარსულ ზოგ მომენტებზე, იმდენად საჭიროდ დავინახე დავთანხმებულიყავი ჩემს რედაქტორს და გამომცემელს, რომელმაც ამ პატარა წიგნისა-თვის დაჟინებით მოითხოვაავტობიოგრაფია.“

 

 

* * *

 

დავიბადე გარე-კახეთში; ჩემი სამშობლო სოფელი პატარძეული, მართლაც, ივრის ხეობის თვალია: მაღალი მდებარეობა, საღი ჰავა, მშვენიერი წყაროები, განთქმულია მისი გემრიელი პური.

 

პატარძეულ ნაქებ,

წინ მინდორ, უკან ტყე,

გოგოების სათამაშო,

ბიჭებისა სამოთხეო!

 

ასე ვმღეროდით ბავშვობისასფერხულში”. ჩემის აზრით, პატარძეული უძველეს დროს ნაქალაქარი უნდა იყოს; ადგილმდებარეობის გარდა, ამას მაფიქრებინებს ირგვლივ დიდძალი ისტორიული ნაშთები და ხშირი სამარხების (ქვა-ყუთების) აღმოჩენა. ახლაც არის ჯერ კიდევ გაუხსნელი გორაკი ქვა-ყუთიან სასაფლაოსი. ძველად მას, ალბათ, სხვა სახელწოდება ჰქონდა.

 

პატარძეული მდებარეობდა უჯარმა-კაწარეთის და ნინოწმინდის შორისამ სოფლის წარსულისათვის ისიც საყურადღებo, რომ აქ, თბილისიდან 35 კილომეტრის მანძილზე, დღესაც პატივშია ნადირობის ღმერთის – “კოპალესსალოცავი (საინტერესოა, რომ წარმართულიკოპალეკოცმანას-კოდმანას მთის ძირშია, ხოლო ზედ მთაზე კი- ქრისტიანული ნადირობის წმინდანი წმ. ესტატე! ეტყობა, მოსახლეობას არ დაუთმია ნადირთ-ღმერთი ქრისტიანობის მიღების დრoსაც). უძველეს საუკუნეებში ეს კუთხე იყო სამშობლო გამოჩენილ მწიგნობარგრძელიძე’’-თა (არსენ ნინოწმინდელიც აქაურივე იყო, ილარიონ თვალელიც – XI საუკუნის მოღვაწე. თვალიდღესაც ჰქვიანსაგარეჯო“-. აქედან – “თვალთ-ხევი“, რომელიც ჩამოდის საგარეჯოში).

 

პატარძული ისტორიული სოფელია. საბუთებში იგი XIV საუკუნიდან იხსნება; სხვათა შორის, ქეთევან წამებული, 1600 წელს, პატარძეულში რამდენიმე კომლ გლეხს სწირავს ნინოწმინდას.

 

1616 წელს პატარძეული აჰყარა და გადაასახლა ირანში, ფერეიდანს, შაჰ-აბასმა; იქ ხომ დღესაც არსებობს სოფელი ამ სახელწოდებით. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკები ხშირად არბევდნენ პატარძეულს და ზოგჯერ ტყვეებიც მიჰყავდათ, ბევრჯერ დამარცხებაც უწვნევიათ (ერთხელ, პატარძეულელებს ლეკთა ბელადიც მოუკლავთ). დღესაც შენახულა პატარძეულის ტყეშისალეკო ბილიკი“, ხოლო ხალხში სიმღერა:

 

პატარძეულის ციხეს

გამოუთხრიან ძირსაო,

გამოიყვანენ ლამაზ ქალს,

ცრემლით დაჰბანენ პირსაო!

 

ამ დღეების მოწმენი არიან ის თავმორღვეული, სისხლით დასვრილი კოშკები, რომლებიც დღესაც ამშვენებენ სოფელს-ერთი სოფლის თავს, მეორესოფლის ბოლოში; თვით პატარძეულის დიდი ციხე, ერეკლესაგან აშენებული 1758 წელს, ჩვენს დღეებში დაანგრია მოსახლეობამ და საშენ მასალად მოიხმარა. „ქვემო კოშკისპატრონი, XIX საუკუნის დასაწყისში, იყო ცნობილი გმირი პასკევიჩის დროს, -სოლომონ ბუტულაშვილი. ხომ გახსოვთ ხალხური ლექსი სოლომონზე?

 

სოლომონ ბუტულაშვილი

კარგად ინახავდა ცხენსა,

თბილი წყლით ძუას დაჰბანდა,

ერბo უხეხავდა წელსა,

გაფრენითა ქორსა ჰგავდა,

გამოფრენით შავარდენსა.

 

სოლომონი მოკლეს ცხარე ომში 1828 წელს. მისი შვილიშვილებიცნობილი ბილანიანთ ქალებიშესანიშნავი პედაგოგები და საზოგადო მოღვაწენი იყვნენ და ჩემი პირველი მასწავლებლები.

 

ჩემის აზრით, „სოლომონ ბუტულაშვილისავტორი ნინია დაარსენას ლექსისშემთხზველი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

 

სხვათა შორის, ერეკლეს ძალიან ჰყვარებია პატარძეული და ხშირადაც ჩამოსულა. მისი მზარეული ონაშვილი და კარის მოძღვარი იოანე აქაურები ყოფილ.

 

პატარძეული ყოველთვის განთქმული იყო ნიჭიერი მთქმელებითა და მაგარი მოჭიდავე ფალავნებით (თვით არსენა მეკოკიშვილი აქაური ქალის შვილია).

 

როგორც ზაქარია გულისაშვილის ნაწერებიდან ჩანს, 1870-იან წლებში განთქმული ყოფილა ნიჭიერი მთქმელიხახარე“. აქაურის, შაქრო ბილანიშვილის სიტყვით, რომელიცივერიისგანთქმულ სტილისტად ითვლებოდა, ზოგი ცნობილი ლექსიდედაენისაპატარძეულშია ჩაწერილი. ჩემს დროს განთქმული იყო მთქმელი ბაგრატა ზუკაკიშვილი, ქალებიდანგაიანე ელერდაშვილი, მართა ზუკიკაშვილი (ჩემი დიდი მეგობარები!). ბაგრატას ზოგი ლექსი ჩემმა ძმამ ლევანმა გამოაქვეყნა გაზეთივერიაში“1913 წელს.

 

ჩემი ყრმობის დროს პატარძეული ბევრად უფრო ლამაზი იყო,ვიდრე დღეს არის. მაშინ ჩრილოეთით მას ერტყა ახალმოზარდი მუხისა და რცხილის შიმელა ტყე; სოფელს კი ვენახები და ნიგვზნარები ამშვენებდა; ტყეები 1905 და 1917 წელს ბნელმა ძალებმა იმსხვერპლეს, ხოლო დიდი ნიგვზის ხეები მენშევიკობის დროს თითo ოქროს თუმნად შეისყიდა რომელიღაც უცხო ფირმის აგენტმა. მან ერთ ზამთა დასცა ძირს ხასხასე კაკლის ხეივანი. ტყის გაჩევას მოჰყვა მრავლად წყაროების დაშრობა, ხოლო ვენახები ფილოქსერამ გაანადგურა რევოლუციამდე.

 

ორი სიტყვა ჩემი გვარისათვის: ჩვენ, ლეონიძეები, მოსულები ვართ პატარძეულში და არა მკვიდრნი. ჩვენ როგორც ყველა ლეონიძეები, ვართ შავშეთიდან, განთქმულ ტბეთის ტაძართან ახლოს, 5-6 კილომეტრის მანძილზე. XVI საუკუნის ბოლო წლებში ძველი მესხეთიდან გადმოსახლდნენ იმერეთში, ქართლსა თუ კახეთში ლეონიძეები, ავალიშვილები და დიასამიძეები. გასული საუკუნის პირველ წლებში რომში ყოფილა კარდინალი ივანე ლეონიძე, როგორც პაპის ტახტის პრეტენდენტი. იგი სხვა კარდინალებს მოუწამიათ.

 

აი, რა სწერია . ჭიჭინაძის ,,შავშეთში (ეს მხარე თვითონ ფეხით დაიარა 1880-იან წლებში): ,,სოფელი ლეონიძექართულად ლაპარაკობენ. ამ სოფლის მებატონენი ლეონიძეები ყოფილან. ამათი რიცხვი აქ ხუთი კომლი ყოფილა. ერთი ლეონიძეთაგანი ასან-ეფენდი-ხოჯა სულთანის შვილების მასწავლებლად იყო. ამისი ძმა არიფ-აღა ლეონიძეც სახელოვანი პირია სტამბოლში“ (იხ. აკაკის ,,კრებული“, 1887 , სექტემბრის , გვ. 45).

 

მამაჩემი ნიკოლოზ სიმონის ძე ლეონიძე (1864-1901) მე არ მახსოვს, რადგან წლინახევრისა დავობლებულვარ. მე დედაჩემის სოფო ნიკოლოზის ასულ გუისაშვილის (1864-1936) კალთაში აღვიზარდე.

 

ერთხელ ღრმად მოხუც და სიტყვაძვირ ბიძაჩემს ალექსი გულისაშვილს შევეკითხე:

 

- რანაირი კაცი იყო მამაჩემი?

- ტყე უყვარდა! – მომიჭრა მოკლედ.

- პაპაჩემი? იმასაც ტყე უყვარდა!

 

ეს იყო და ეს!… ვფიქრობ, ამით ბიძაჩემს უნდოდა ეგრძნობებინა მათი რომანტიულობა, პოეტურობა. პაპაჩემის პოეტურობისა რა მოგახსენოთდიდი მცდელი მოღვაწე კაცი ყოფილა იმდენად, რომ ქალაქშიც კი ააშენა საკuთარი სახლები (საბჭოს ქუჩა 4), თუმცა თავისუფალ დროს სულ ტყეში აფარებდა თავს, – მაგრამ მამაჩემი კი დიდი პოეტური ბუნების მქონე ადამიანი ყოფილა და მწერლობის დიდი მოტრფიალე. იგი სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში ვაჟასთან, ბაჩანასთან ერთად. სოფრომ მგალობლიშვილი და შიო მღვიმელი თავის მოგონებებში ახსენებენ მას, როგორც ვაჟას დიდ მეგობარსერთად კითხულობდნენ, ერთად თევზაობდნენ, ერთად კრივობდნენო.

 

მამაჩემიაკაკის წრისწევრი ყოფილა გორში. 1886-1887 წლებში დაასრულა გორის სამასწავლებლო სემინარია და ხალხოსანთა ასპარეზზე დაიწყო მოღვაწეობა. ის ჯერ მთიულეთში მასწავლებლობდა (სოფელი ღუდა), მერექვემო ჭალაში (ქართლი), შემდეგთავის პატარძეულში. გაზ. „ ივერიამას აღნიშნავს როგორც საუკეთესო მამულიშვილ მასწავლებელს, რომელიც ხშირად თავის ხარჯზე აჭმევდა მოწაფეობას, მონაწილეობდა წარმოდგენებში სოფლად იგივეივერიამასჩინებულამსრულებელს უძახის. მაგრამ მთავარი მისი სიყვარული იყო ქართული მწერლობა. ნიკო ლეონიძემ თვითონაც სცადა კალამი ბელეტრისტიკაში; როგორც ჟურნალთეატრისფოსტა გადმოგვცემს, მასზე იმედებს ამყარებდნენ. აუარებელია მისი კორესპონდენციები, დაბეჭდილი ჯერ გაზეთდროებაში“, შემდეგივერიაში“. 1864 წლის ბოლოს, როცა ივანე კერესელიძემ გაზეთიცისკარიგამოსცა, ნიკო ახლობელ თანამშრობლად მიიწვია. ნიკო ლეონიძე ჯერ ისევ ახალგაზრდა, 39 წლისა, გარდაიცვალა პატარძეულში, სადაც ჰმარხია.

 

მამაჩემის მწერლობით საოცარი გატაცების ფაქტად ერთი ამბავი უნდა მოვიყვანო.მეგობარი ქალების რჩევით, დედაჩემს გადაეწყვიტა არ გავჩენილიყავ ამ ქვეყანაზე და ქმრისთვისაც გაეზიარებინა ეს საყოყმანო ფარული ზრახვა. მამაჩემი, – როგორც დედა მიამბობდა სიცილით, “შეხტა და შემოტრიალდა,“ – როგორ იქნება! რა იცი, იქნებ სულაც მწერალი გამოვიდესო!

 

ოჯახის გაძღოლა დედამ ითავა და შავკაბოსანმა იმდენი მოიმეცადინა, რომ ხუთივე შვილი აღგვზარდა (დედაჩემზე მაქვს დაწერილი – “პოეტის დედა“, “პატარა ქვაო პატარძეულში“,“ფორთოხალა“).

 

დედაჩემის კეთილი ხასიათი დღესაც განთქმულია მთელს გარეკახეთში და ყოვლთვის მაგალითად მოჰყავთ. საოცარი პურადი დიასახლისი იყო: პირველი ლექსი, რაც მან დამასწავლა, იყო:

 

ნეტავი ჩემი სასახლე მაღლა მთაზედა ამეგო,

გამვლელ და გამომვლელისთვის ყოველდღე კარი გამეღო,

სიტყვა არავისთვის მეწყინა, სულ ყველას გული გამეგო,

რაც მეშოვა და მეპოვა, სულ ღარიბებზე გადმეგო.

 

საოცრად უყვარდა ბუნება და ბევრი რამ აუხსნია ჩემთვის ბუნების ცხოვრებიდან. ასე, მას უყვარდა ვარდი და ეზოში წითელი ,,ვარდისჭალაჰქონდა გამართული უყვარდა და მხნედ მისდევდა მეფუტკრეობას, მეაბრეშუმეობას. მისთვის ყველაზე სასიამოვნო იყო ათქვირებული ყანის ,,დახედვა”. მახსოვს, ყანა რომ ტანს აიყრიდა და მწვანეში მოთავთავიანდებოდა, წაგიყვანდა ახლო მინდორში ყანის დასახედად და იმის გასაგებად, თუ წრეულს რა მოსავალი მოგვივიდოდა. მახსოვს, დიდხანს იდგა გარინდებული მწვანედ აღივებული თავისი მშვენიერი ყანის წინაშე და მისი მღელვარებით ტკბებოდაბევრჯერ წაგვიყვანდა ყანის გასამარგლადბევრჯერ ვნახავდით დედაჩემს დაბურულ ვაზებში, ფურჩნიდა და ახვევდა ვაზს.

 

შრომა სიცოცხლის სიამოვნებაა! – ხშირად იტყოდა დედა ღიმილიდ.

 

ნინოწმინდის დეკანოზის ასულიდედაჩემიშინგაზრდილი ქალი იყო.

სკოლაში არ მიეცათ, მაგრამ საიდან ჰქონდა ამდენი ცოდნა, მაგალითად, მშობლიურ ლიტერატურის, დღესაც არ ვიცი. პირველად მან ჩამინერგა სიყვარული ჩვენი მწერლობისა და ჩვენი ისტორიისა. როდესაც იგი და მისი და მაიკო მოჰყვებოდნენ ერეკლეს ამბებს, მარიამ დედოფლის და ბაგრატიონების გადასახლებას რუსეთში, მე დიხანს მეგონა, რომ ისინი ჩვენი ნათესავები იყვნენ, ისე მღელვარებით გადმოგვცემდნენ მათს ამბებს. არც მამიდები იყვნენ დაშორებულნი მწერლობის ინტერესს: უფროსი, მარიამი, ილია ჭავჭავაძის ოჯახში დადიოდა ხშირად, როგორც ოლღა ჭავჭავაძის მამის, თადეოზის, ნათლული; უმცროსი. ტასო, გატაცებული იყო დიდტანიანი მოთხრობების წერით. საერთოდ ჩვენს ოჯახში ლიტერატურის სიყვარულის ტრადიციები საკმაოდ იყო განმტკიცებული. ამას წინათივერიისძველ კომპლექტებს ვათვალიერებდი და ერთგან ავადმყოფ ალექსანდრე ყაზბეგისთვის ფულის შემწირველთა შორის ამოვიკითხე ერთადმამაჩემის, დედაჩემის, მამიდების და დეიდების სახელები მენიშნაამგვარად, ჩვენებიოჯახურადშესწევიან ყაზბეგს. დეიდაჩემი მაიკო საოცრად ნიჭიერი და მეტყველი ქალი იყო, კალამიც უჭრიდა. ოჯახში გამიგია, რომ შიო არაგვისპირელმა ისარგებლა მისი დღიურებით, რომელიც მას როგორღაც ხელში ჩავარდნია. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი ბიძებიდედის მხრივმწერლობის მონაწილენი იყვნენ, მაგალითად, მისივე ძმა ალექსი გულისაშვილი, ისტორიულარქეოლოგიურ წერილების გამომქვეყნებელიდროებასადაივერიაშიდა თვით გასაბჭოების დროსაც კი ერთგული კორესპონდენტი ჩვენი პრესისა; ხალხოსანი ბელეტრისტი შაქრო გულისაშვილი, რომლის თხზულებანი რამდენიმე წლის წინათ გამოვიდა, და იერემია გულისაშვილი, რომლის პიესებიდრონი მეფობენ”… მეორის სახელი არ მახსოვსდაბეჭდილია ცალკე წიგნად და იდგმებოდნენ კიდეც თბილისის თუ პროვინციის სცენაზე; ამრიგად მე დავიბადე პროვინციელი ლიტერატორის ოჯახში, სადაც მწერლობის ატმოსფერო სუფევდა და საიდანაც მშობლიურ მწერლობაშიც კი შეჰქონდათ მცირედი წვლილი

 

 

* * *

 

კარგი იყო უზრუნველი ბავშვობა იების კრეფიდან ვიდრე სკოლამდე. არაფერი არ ჯობდა კვირტმოსხმულ ვენახს, როცა გვრიტის ხმა გაისმოდა საამოდ ქოთქოთებდნენ ნუშის, ტყემლის, ვაშლის ხეებიგაზაფხულის პირველ ხეხილს თავის სისპეტაკეში ეძახოდნენ.

 

ცოტა რომ წამოვიზარდე, მდინარე იორი იყო ჩემი ემბაზი. იორი 4-5 კილომეტრით იყო დაშორებული და იქ დიდი ვენახი გვქონდა ჭალით, რომელსაც ამკობდა ატამნარი. სოფლიდან მზის ამოსვლამდე წასულები, – მთელი დღე ვცურაობდით, ვბანაობდით, ვცელქობდით, „ხვალასა ვჩხრეკდით“, წყალსა ვწყვეტდით, ვხელაობდით, ვხალისობდით და დაღლილები ვისვენებდით მორევში განცხრომით მწოლარე ნიკორა კამეჩის ხიმა ქედზე; შემდეგ თევზის მოხარშვა ან შეწვამერე ხეებზე ასვლა და ტკბილი ნაყოფის მირთმევა. კარგად დაბიდებულზე შინ ვიყავით, ვახშმის თავი არა გვქონდა, იქვე დიდ ტახტზე ვიძინებდით და ვაივაგლახით ძლივს გვხდიდნენ ტანისამოსს.

 

ხვალ ისევ იორი, ისევ ვენახი და ისევსანამ არდადეგები არ გათავდებოდა, თბილისში წასვლის დროს არ მოვიდოდა.

 

შემდეგ ქალაქის გახურებული ტროტუარები, თბილისის სასულიერო სასწავლებლის (სადაც 1907 წლიდან ვსწავლობდი) დახუთული ოთახები რემონტის საღებავების სუნითჯერ გზად დილიანში, მერე თვით სკოლაში. პირველ დღეებში ბევრი უნდა მეტირნა, ჩემი ცრემლებით გამომეგლოვა ჯერ დედა და მერე ჩემი სოფელი.

 

შემდეგ იწყებოდა სევდა და შემდეგ პანსიონის მძიმე რეჟიმი. რუსული, ლათინური, ბერძნულისაღვთო წერლის გაკვეთილები; ქართული ენა დევნილი იყო. წირვა-ლოცვაც კი მხოლოდ სლაურ ენაზე სრულდებოდა. ერთი სიტყვით, სწორედ ისეთივე რეჟიმი იყო დამყარებული, როგორიც აკაკი წერეთელს აქვს აღწერილითავგადასავალში“; საკვირველია, ამდენმა დრომ გაიარა აკაკის შემდეგ და შეიძლება ქართული ენის დევნას ახლა უფრო მეტი მოტრფიალენი ჰყავდნენ (ყოველ შემთხვევაშიჩვენს სასწალებელში)…

 

სწორედ ეს შეუბრალებელი დევნა კაციჭამიებისა უფრო ღრმად გვინერგავდა სამშობლოს სიყვარულს, გვაწრთობდა პაწაწინებს მებრძოლებად და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობდით მამულიშვილობას: ასე ვცემდით არალეგალურ მოწამეთა ჟურნალს (ორი ჟურნალის – „ფანდურისდაფუტკრისრედაქტორი მე ვიყავი), ვაარსებდით არალეგალურ წრეებს, სადაც ვკითხულობდით ლექსებს, ვმსჯელობდით ლიტერატურ საკითხებზე და სხვ.

 

Back:

http://www.scribd.cჲm/kavta

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html