სამი ფურცელი ანატოლიური დღიურიდან. Giorgi Kavtaradze. Three Pages from the Anatolian Diary, - Literaturuli Sakartvelo, 2001, 2 and 9 November.

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

სამი ფურცელი ანატოლიური დღიურიდან

 

(გაზ.: ლიტერატურული საქართველო, 2001 წლის 2 და 9 ნოემბერი)

           

 

I

 

მიუხედავათ იმისა, რომ ჩემი ძირითადი, ვიწრო, სპეციალობა ადრეული ლითონების ხანის ანატოლიის არქეოლოგიაა, თურქეთის რესპუბლიკაში პირველი სტუმრობა მხოლოდ 1994 წლის ივლისის დამდეგს მოვახერხე, როდესაც ჩემი კოლეგისა და ძველი ნაცნობის, მელბურნის უნივერსიტეტის კლასიკური და ახლოაღმოსავლური კვლევის დეპარტამენტის გამგის, პროფესორ ანტონიო საგონას მიწვევით ჩავედი ქალაქ ერზურუმში. ანტონიო საგონა იმ ხანად თხრიდა ერზურუმსა (ისტორიული კარნუ ქალაქი) და . პასინლერს (ისტორიული ბასიანი) შორის მდებარე მრავალფენიან ძეგლს სოს ჰოიუქს. ძეგლი მეტად საინტერესო ფენებს შეიცავს სპილენძის ხანიდან დღევანდლამდე. ბორცვის შიგნით, მიწურებში, დღესაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

 

 ერზურუმის მუზეუმში ყოფნისას ჩემი ყურადღება მიიპყრო არქეოლოგ სანდრო ნონეშვილის დავამ მუზეუმის ერთ-ერთ მცველთან, რომელიც სანდროს უმტკიცებდა, რომ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი ადამიანის ქვის ქანდაკების ფრაგმენტი "ასლანის" (aslan - თურქულად ლომი) ან "ბალიკის" (balık - თურქულად თევზი) გამოსახულებას წარმოადგენდა და არა ადამიანისას.

 

მოწითალო-რუხი ფერის ქვისაგან დამზადებული ქანდაკება (ზურგი ვარდისფერი აქვს) აშკარად გამოსახავდა მამაკაცს. შემორჩენილი იყო მისი ძირითადი ფრაგმენტი - ტორსის ცენტრალური და მარცხენა ნაწილი - მარცხენა მხრითა და მკლავით და წვერის ქვედა ბოლოთი (ფრაგმენტის სიმაღლე დაახლ. 1,50 სმ, სიგანე 70 სმ). გამოსახული სამოსისა და ყელსაკიდის, ასევე ქანდაკების გრანდიოზულობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ იგი მეფესა თუ მმართველს განეკუთვნებოდეს (ნახ. 1, 3).

 

 

ქანდაკებას მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში არავითარი განმარტებითი წარწერა არ ახლდა, ხოლო მუზეუმის ექსპონატთა კატალოგში მთელი ინფორმაცია ქანდაკების შესახებ გადახაზული დაგვხვდა. გადახაზული ინფორმაციის გაცნობამ ცხადი გახადა სანდრო ნონეშვილისა და მუზეუმის მცველის დავის მიზეზი. იისფერი მელნითა და კალმისტრით ნაწერი, რაც ამ ექსპონატის მუზეუმში მიღების სიძველეზე უნდა მიანიშნებდეს, გვაუწყებდა, რომ ქვის სკულპტურა წარმოადგენდა ლომის გამოსახულებას. როგორც ჩანს, გამოქანდაკებული სამოსელის მარცხენა მკლავის ჩაღარულ-ამოზნექილი, ტალღოვანი ზედაპირი ლომის ფაფრად ან თევზის ფარფლად იყო მიჩნეული. ქანდაკების ზურგზე ასახული ნომერი –96-78, როგორც ჩანს, 1978 წლით უნდა განსაზღვრავდეს ქანდაკების მუზეუმში რეგისტრაციის თარიღს.

 

ექსპონატთა კატალოგში ინფორმაცია ლომისა თუ თევზის ქანდაკების მუზეუმში მიღების თაობაზე გადაუხაზავს ამავე მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამგეს, ჰილმი ოზკორუჯუკლუს, და სავსებით მართებულადაც. - ოზკორუჯუკლუს ქანდაკებისათვის მუზეუმის ფონდსაცავში მიუკვლევია 90-იანი წლების დასაწყისში, მამაკაცის ქანდაკების ფრაგმენტად აღუქვამს იგი და იმთავითვე სამუზეუმო ექსპოზიციაში მიუჩენია მისთვის ადგილი. -ნი ოზკორუჯუკლუ იზიარებდა აიდინის უნივერსიტეტის (. იზმირთან) დოქტორის სერაპ იაილალის აზრს, ამ ქანდაკების ასურული წარმომავლობის თაობაზე და მას ახალასურული ხანით ათარიღებდა.

 

მსგავსი შეხედულება საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა ჩემთვის, მისი შესაძლო კავშირის გამო ახალასურული დინასტიის მეფის სალმანასარ III-ის წარწერაში ნაუწყებ ამბავთან, რომ მან, ძვ. . 844 . მდ. ევფრატის სათავესთან (. ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 30-40 კმ) მისულმა, მის "წინაშე დავარდნილი" დაიაენი/დაიაენეს მეფე ასია შეივრდომა და თავისი ძეგლიც აღმართა ასიას დედაქალაქში. დაიაენეს მთავარი ქალაქის ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგდროინდელი ცნობა, ურარტუს მეფის მენუას მიერ დიაუხის დედაქალაქის შაშილუს დანგრევის შესახებ. ურარტული დიაუხი ასურული დაიაენის და კლასიკური ხანის ბერძნული წყაროების ტაოხთა ქვეყნის შესატყვისია. ასურული კუთვნილებითი ნაცვალსახელი -ine შეესაბამება ხურიტულ -ke-, ხოლო d > t მონაცვლეობა ტიპიურია ხურიტული ენისათვის.

 

ვინაიდან სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ პერიოდში დაიაენე/დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს არ ჰქონდა ადგილი, საფიქრებელია, რომ მდ. ევფრატის სათავის მახლობლად მდებარე ასიას დედაქალაქი იგივე შემდეგდროინდელი დიაუხის დედაქალაქი შაშილუ უნდა ყოფილიყო. შაშილუს ლოკალიზაციისათვის გასათვალისწინებელია, რომ მდ. ევფრატის სათავე მდინარის დუმლუ-სუს სათავეების დასავლეთით, დაახლ. 20 კმ-ით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის ზედა წელთან, თორთომის ციხესთან მდებარეობდა შუა საუკუნეების ქართული სოფელი, სასირე (თურქული საღირი, თანამედროვე ესენ-დურაკი). სასირესთან შაშილუსა და ასიას დედაქალაქის დასაკავშირებლად, გარდა სივრცობრივი დამთხვევისა, საყურადღებოა ტოპონიმების სასირესა და შაშილუს შორის არსებული ბგერითი თანხვედრა; კერძოდ, ის გარემოება, რომ ურარტულ ლურსმულ დამწერლობაში, ისევე როგორც ასურულში, საიდანაც იგი არის ნასესხები, ბგერები s და š, r და l, o და u ერთმანეთისაგან არ განირჩევიან. თუ ტოპონიმი შაშილუ სინამდვილეში ჟღერდა როგორც სასირო, მისი სახელწოდება შესაძლებელია დიაუხი/დაიაენეს მოსახლეობის ქართველურობის მიმანიშნებელიც კი იყოს; სასირო ხომ ძველქართულად ჩიტების ადგილს ანუ საჩიტოს ნიშნავდა. აღნიშნული გარემოება ამასთანავე შესაძლოა ძვ. . IX საუკუნეში არსებული უძველესი ქართული თუ ქართველური დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდეს. დაიაენე/დიაუხის ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური იდენტიფიკაციისას შესაძლებელი ჩანს სტრაბონის ცნობის, მდ. ევფრატის სათავის მხარის, კარენიტის, არმენიელების მიერ ხალიბებისაგან დაპყრობის შესახებ (11, 14, 5), შეპირისპირება ურარტუს მეფის, არგიშტი I-ის (ძვ. . 786-764 წწ.) ერთ-ერთ წარწერასთან, რომლის თანახმადაც, დიაუხის მოსახლეობა რკინის მოპოვებას ეწეოდა. ხალიბები ხომ სახელგანთქმულნი იყვნენ როგორც რკინის დამმუშავებელი ტომი; თვით ეთნონიმი ხალიბიც ბერძნულ calurV  "ფოლადი" და calkoV "რკინა" უახლოვდება. ეს მონაცემები საშუალებას გვაძლევს დიაუხელებსა და ხალიბებს შორის იგივეობა თუ არა, ახლო კავშირი მაინც ვივარაუდოთ.

 

ყოველივე ზემოთქმულის გამო ადვილი წარმოსადგენია რაოდენ მნიშვნელოვნად გვესახებოდა ერზერუმის მუზეუმში დაცული ქანდაკების რაობისა და წარმომავლობის საკითხის გარკვევა. გერმანიაში ყოფნისას შევეცადე, აღნიშნულ საკითხზე გამეგო ცნობილ სპეციალისტთა აზრი; თურქი მეცნიერებისაგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც ზემოთ ითქვა, ახალასურული ხანით ათარიღებდნენ ამ ქანდაკებას, ევა შტრომბერგერი, ეველინ კლენგელი, ევა ბრაუნ-ჰოლცინგერი, რალფ ვარტკე და მანფრედ კორფმანი მის პართულ წარმომავლობას ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო ვინიფრედ ორთმანი - აქემენიდურს. აზრთა სხვადასხვობა, გამოწვეული ძირითადად ქანდაკების ფრაგმენტური ხასიათით, განაპირობებდა შემდგომი კვლევა-ძიების აუცილებლობას. ამის გამო 1996 წელს შტუტგარტში, ისტორიული გეოგრაფიის საერთაშორისო ჟურნალ Orbis Terrarum-ში (N 2, გვ. 191-216) გამოქვეყნებულ წერილში (Probleme der historischen Geographie Anatoliens und Transcaucasiens im ersten Jahrtausend v. Chr.) თავი შევიკავე ქანდაკების კუთვნილების ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციისაგან და, როგორც შემდგომში ცხადი გახდა, სავსებით მართებულადაც.

 

რამდენიმეწლიანი ძიების შედეგად 1919 წელს გერმანიაში, შტუტგარტში, გამოქვეყნებულ სომხეთისადმი მიძღვნილ პაულ რორბახის მიერ გამოცებულ წიგნში მივაკვლიე გაგიკ I-ის, ანისის მეფის, ქანდაკების ფოტოსურათს (ნახ. 2 და 4), რომელთანაც ერზურუმის მუზეუმის ქანდაკების ფრაგმენტის მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ თვალის ერთი შევლებითაც ჩემთვის სავსებით ნათელი გახდა მათი იდენტურობა. თვით ფოტოსურათზე აღბეჭდილი ქანდაკების ქვის დაზიანებული ადგილები მეორდება ერზურუმის მუზეუმის ფრაგმენტზე.

 

სომეხ ბაგრატიდთა წარმომადგენლის, გაგიკ I-ის ზეობის წლები (ახ.. 990-1020 წწ.) ემთხვევა ანისის სამეფოს ოქროს ხანას. როგორც ცნობილია, სომეხი ბაგრატიდები ფლობდნენ სომხეთის ჩრდილოეთ რეგიონებს VIII საუკუნიდან, ხოლო IX საუკუნის დამლევს მათ ხელახლა ჩამოაყალიბეს სომხეთის სამეფო. აშოტ III- თავისი დედაქალაქი X საუკუნის მეორე ნახევარში ყარსიდან ანისში გადაიტანა.

 

სომეხი მემატიანეების, ასოღიკის, კირაკოსის, მხითარ აირივანელის, სამუელ ანისელისა და სტეფანე ტარონელის ცნობების შეჯერებით ცხადი ხდება, რომ წმ. გრიგოლის გაგიკისეული ტაძარი, აგებული ზვარტნოცის ცნობილი ტაძრის გეგმის მიხედვით XI საუკუნის დამდეგს, შემკული იყო ქანდაკებებით თვით გაგიკ I-ის მეფობის ხანაში. მართლაც, სპეციალისტთა აზრით, გაგიკ I-ის მრგვალი ქანდაკება სტოვებს ნატურიდან დამზადებულის შთაბეწდილებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაგიკის ქანდაკება, მისივე ფონად ეკლესიის კედლებში გამოყენებული ქვები და ნაწილობრივ ეკლესიის მოდელი დამზადებული ყოფილა ერთი დიდი ზომის ქვისგან. ეს გარემოება საშუალებას იძლევა, რომ ქანდაკების დამზადება ტაძრის მშენებლობის თანადროულად, 1001-1015 წწ., დათარიღდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქანდაკება ამიერკავკასიულ ხელოვნებაში რელიეფურიდან მრგვალ სკულპტურაზე გადასვლის პერიოდის მანიფესტაციის გამო.

 

გაგიკ I-ის ქანდაკება, გამოკვეთილი მასიური ვარდისფერი ფერის ქვიშაქვისაგან, გამოსახავდა ფეხზე მდგარ მეფეს - ნატურალურზე აღმატებულ ზომებში (ქანდაკების სიმაღლეა 2, 26 ) - და აღმოჩენილი იყო 1906 წელს ნაქალაქარ ანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი (ექსპედიცია მუშაობდა 1892-93, 1904-1916 წწ.). ქანდაკება ნაპოვნი იყო სომეხი არქიტექტორის თრდატის მიერ აგებული წმ. გრიგოლის გაგიკისეული სამიარუსიანი მრგვალი ტაძრის გათხრისას, მისი ნანგრევებიდან 4 დაშორებით (ჩრდილოეთით).

 

გაგიკისეული ტაძრის ზვარტნოცის მიბაძვით აგება (საყურადღებოა, რომ სწორედ სურვილმა, შეევსოთ ზვარტნოცის ტაძრის გათხრებში არსებული ხარვეზები, განაპირობა 1905 წელს ანისში ექსპედიციის მუშაობის ობიექტად გაგიკისეული ტაძრის ნანგრევების შერჩევა), ზვარტნოცისა, რომელიც VII საუკუნის ქალკედონური მოძღვრების მიმდევარი სომეხი კათალიკოსის ნერსეს III-ის მიერ იყო აგებული არაპარში (ვაღარშაპატთან), და აგრეთვე ხელოვნებათმცოდნეთა მიერ შენიშნული გაგიკისეული ტაძრის არქიტექტურული დეტალების მართლმადიდებლურ ეკლესიათა დეტალებთან სიახლოვე უნდა მიგვანიშნებდეს ძლიერი მართლმადიდებლური ზეგავლენის არსებობაზე ანისის სამეფოში. ამ მხრივ, გარდა ბიზანტიის იმპერიის უდიდესი პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენისა, უნდა გავითვალისწინოთ ქართული მიწების, მრავალრიცხოვანი ქართული (მართლმადიდებლური) მოსახლეობითურთ, ანისის სამეფოში მოქცევის ფაქტი. იმავე ხანებში აგებული ანისის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც გაგიკის მეუღლეს, დედოფალ კათრამიდეს ეკუთვნის, გაგიკი წოდებულია სომეხთა და ქართველთა შაჰინშაჰად. მიჩნეულია, რომ გაგიკისეულ ტაძარში გამოვლენილია სომხური ქალკედონისტური მოძრაობის მიერ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში შეტანილი წვლილი.

 

წმ. გრიგოლის გაგიკისეული ეკლესია არ ყოფილა მყარად ნაგები და მიუხედავად კედლებისა და სვეტების ხშირი გამაგრებებისა, მალე დაქცეულა. გაგიკ I-ის ქანდაკება, მის წინგაშვერილ და იდაყვში ოდნავ მოხრილ ხელებზე დასვენებული ამავე ტაძრის მოდელითურთ,  ტაძრის ჩრდილოეთი მხრის ზედა ნაწილში (ნიშაში, ან სახურავთან) ყოფილა მოთავსებული (დაახლ. 10-12 სიმაღლეზე), ვინაიდან იგი აშკარად ატარებს სიმაღლიდან გადმოვარდნის კვალს - გაგიკის ქანდაკება 53, ხოლო ტაძრის მოდელი 20 ნატეხისაგან ყოფილა შეკოწიწებული ექსპედიციის წევრის, მხატვარ სერგეი პოლტორაცკის, მიერ. რესტავრაციის დროს მას ყველა დეტალი ხელთ ჰქონია და ამდენად აღდგენის სიზუსტე ეწვს არ უნდა იწვევდეს. ქანდაკება მიყუდებული ყოფილა კედელთან მარჯვენა დაუმუშავებელი მხრით, ხოლო თავი ოდნავ მიტრიალებული ჰქონია კედლიდან მარცხნისაკენ.

 

აღსანიშნავია, რომ ერზერუმულ ქანდაკებასაც ზურგი დაუმუშავებელი აქვს (მარჯვენა მხარი და მკლავი არ არის შემორჩენილი), ხოლო წვერი სრულიად აშკარად მასაც მარცხნისაკენ აქვს გადახრილი. ქანდაკებას მარჯვენა ნაწილში ამოწრილი აქვს ოთხკუთხა ხვრელი, ეტყობა, ეკლესიის კედელზე მისამაგრებლად. ამასთანავე, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან გარემოებად მიგვაჩნია გაგიკის ქანდაკებასთან მის გასაიგივებლად, მას აშკარად ემჩნევა, როგორც ჩანს, სერგეი პოლტორაცკის მიერ ჩატარებული რესტავრაციის კვალი; კერძოთ, სხეულის ზედა ნაწილში გაყრილი რკინის შტიფტი.

 

გაგიკის ქანდაკებაზე ქვაში ფაქიზად გამოკვეთილია ტანსაცმელი: მკერდზე არშიადაყოლებული სქელნაწრიანი ხალათი. დეტალებში თანხვდება ანისურ ფოტოსურათსა და ერზერუმულ ფრაგმენტზე ხალათის მარცხენა დრაპირებული სახელოს ნაოჭების ხაზების კონფიგურაცია და წელის მარცხენა ნაწილის დეკორატიული შემკულობა.

 

ერთადერთი, რაც ერზურუმულ ფრაგმენტს გაგიკის ქანდაკებისაგან განასხვავებს, არის მისი ფერი. თუმცა, თავდაპირველად იგი პოლიქრომულად ყოფილა მოხატული: სახე, ხალათი და ზონარიანი ჯვარი - წითელი, წვერი, ულვაშები და თმა - შავი, ჩალმა - თეთრი, ზედ, წითლად არის შესრულებული არაბული წარწერა. როგორც ზემოთ ითქვა, ქანდაკების ქვა ვარდისფერი ყოფილა, ერზურუმული ფრაგმენტი კი მოწითალო-რუხი ფერისაა. სავარაუდოა, ეს განსხვავება გამოიწვია ფრაგმენტის ხანგრძლივი დროით ნესტიან ან წყლიან ადგილას გდებამ. ამავე დროს მისი მარჯვენა ნაწილის ჩამოტეხილი ზედაპირი მოვარდისფრო დარჩენილა, ალბათ, იმის გამო, რომ საღებავების ზემოქმედება აღარ განუცდია.

 

რესტავრაციის შემდეგ ქანდაკება და ეკლესიის მოდელი დაცული იყო ანისის მუზეუმში, რომელიც ადრინდელი მეჩეთის შენობაში ყოფილა მოწყობილი.

 

ერზურუმული ფრაგმენტის ანისური ქანდაკებისადმი კუთვნილება ჩემში არავითარ ეწვს არ იწვევდა, ოღონდ გაუგებარი რჩებოდა თუ როგორ უნდა მომხდარიყო მეფის ქანდაკების "გადაქცევა" ერზურუმულ ფრაგმენტად? ჩემს გაურკვევლობას კიდევ უფრო ამძაფრებდა 1992 წლის ბერლიცის ამერიკულ-ინგლისური თურქეთის მეგზურის (გამომცემელი ალან თაქერი) ჩემთვის სრულიად დაუჯერებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გაგიკ I-ის ქანდაკება ანისის ექსპედიციის სხვა მონაპოვრებთან ერთად ათიანი წლების დამლევს რუსებს ანისიდან ერევანში გადაეტანათ, სადაც იგი თურმე დღესაც მუზეუმში ინახება. მაგრამ პირველივე ინფორმაცია, რომელიც თბილისში ჩამოსვლისთანავე მივიღე, ცხადყოფდა, რომ გაგიკ I-ის უნიკალური ქანდაკება დაკარგულად ითვლება (ქსე, . 1, გვ. 465-466). ამასვე ვგებულობთ ნათელა ალადაშვილის მიერ 1981 წელს ერევანში გამოქვეყნებული წერილიდან, რომელიც სომხური ხელოვნების მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენების ტექსტს წარმოადგენს.

 

უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს 1963 წელს ერევანში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ იოსებ ორბელის რჩეულ ნაშრომებში მოცემული სარედაქციო შენიშვნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ მეფე გაგიკის ქანდაკება 1917 წელს (ალბათ, 1920 წელი უნდა იყოს ნაგულისხმევი - ..) თურქული ჯარის მოახლოებისას ანისში მიწაში იქნა ჩაფლული. ეს ინფორმაცია უპირისპირდება ბერლიცის მეგზურის ზემომოყვანილ ცნობას, ათიანი წლების დამლევს ქანდაკების ანისიდან ერევანში გადატანის თაობაზე და მას ჩვენი რწმენით უპირატესობა უნდა მიენიწოს.

 

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის (დირექტორი ნიკო მარი) 1917 წლის ანგარიშის (გამოქვეყნებულია ტფილისში გამომავალ ჟურნალ Ars-ში, № II-III, 1918 .) თანახმად, ყარსის ოლქის თურქეთისათვის გადაცემისთანავე ინსტიტუტმა დაიწყო ანისის სიძველეთა მუზეუმის ექსპონატების ევაკუციისათვის მზადება. გაგიკის ქანდაკების დაშლა და შეფუთვა-ჩალაგება, თავის დროზე ამ ქანდაკების აღმდგენელსა და შემაკოწიწებელს, . . პოლტარაცკის, დაევალა. მუზეუმიდან გამოტანილი და მდ. არპაჩაიზე გადატანილი ძეგლი ანისის რკინიგზის ჩამომდგარ ვაგონში მოათავსეს. თუმცა, ყველა ექსპონატების გადარჩენა ვერ მოხერხდა 29 აპრილს ანისში თურქების გამოჩენის გამო. იმავე დღის საღამოთი სამუზეუმო ინვენტარის ძირითადი ნაწილი, გაგიკის ქანდაკებასთან ერთად, გადატანილი იყო . ალექსანდროპოლში (გუმრი, ყოფილი ლენინაკანი), ხოლო იქიდან დანიშნულების ადგილას. გადარჩენილი ნივთები სომხეთის ეროვნული საბწოს გადაწყვეტილებით, დროებითი შენახვისათვის ლორეს მთებში იყო გახიზნული. ანგარიშში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ამგვარად მოხერხდა შუასაუკუნეების სკულპტურის ამ უძვირფასესი ძეგლის გადარჩენა მოსალოდნელი დაზიანებისა და დაღუპვისაგან.

 

ათიანი წლების დამლევს ახლადშექმნილი, დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერთა ჯგუფმა განაგრძო ანისის გათხრები, მაგ., 1920 წლის ზაფხულში არქიტექტორ თოროს თორომანიანის ექსპედიციამ, არქეოლოგების, არქიტექტორების, მხატვრებისა და ფოტოგრაფების მონაწილეობით, შეისწავლა სომხეთის ძველი დედაქალაქის გალავანი, ტაძრები, ძეგლები, ქვაჯვრები, წარწერები და სხვ. იმავე წლის აგვისტოში ანისში გაიმართა სიძველეთა დაცვისა და რესტავრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. როგორც ჩანს, ამ პერიოდში გაგიკის ქანდაკება ანისის მუზეუმში უნდა ყოფილიყო დაბრუნებული. მაგრამ ქვეყანას დიდი საგარეო საფრთხე ელოდა. უკვე 1920 წლის 30 ოქტომბერს ქალაქი ყარსი დაეცა თურქი გენერლის კარაბექირის სამხედრო რაზმების შეტევის შედეგად, ხოლო 17 ნოემბრისათვის სომხურმა ნაწილებმა ანისის რკინიგზის სადგურისაკენ დაიხიეს. სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ უნდა მომხდარიყო გაგიკის ქანდაკების მიწაში ჩამარხვა.

 

უნდა ვიფიქროთ, რომ გაგიკ I-ის ქანდაკება ოციან წლებში მიწიდან ამოიღეს და დაამტვრიეს, ხოლო სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში შემთხვევით ნაპოვნი და ერზერუმის მუზეუმში მიტანილი მისი ძირითადი ნაწილი, ლომის გამოსახულებად მიიჩნიეს. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მუზეუმის თანამშრომლებმა შენიშნეს ქანდაკების ანთროპული ხასიათი, ივარაუდეს მისი ასურული წარმომავლობა და ექსპოზიციაში მიუჩინეს ადგილი ყოველგვარი თანმხლები ინფორმაციის გარეშე.

 

არ არის გამორიცხული, რომ ანისელი მეფის ქანდაკების ნაკლული ნაწილები აღმოჩნდეს აღმოსავლეთ თურქეთის სამხარეო მუზეუმების ფონდსაცავებში. მითუმეტეს, რომ სპეციალურ ლიტერატურაში გვხვდება მინიშნება, რომ ანისიდან გატანილი ჩუქურთმიანი ქვები ინახება ქალაქ ყარსის მუზეუმში.

 

განსაკუთრებით გაგიკის დაკარგული თავის პოვნა შესაძლებლად მიგვაჩნია, ვინაიდან მისი შემამკობელი თავსაბურავი - თეთრი ჩალმა წითლად შესრულებული არაბული წარწერით - ანისის მეფეს ბაღდადის ხალიფამ აჩუქა დაა მასზე გამოსახულია მუსლიმთა საკრალური ფორმულა: არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი. ძნელი წარმოსადგენია თურქ, მუსლიმ, მოსახლეობას გაებედა ამ არაბული წარწერის განადგურება.

 

1998 წელს, თბილისში დაბრუნებისთანავე, საჭიროდ ჩავთალე კოლეგებისთვის გაგიკის ქანდაკების გადარჩენილი ფრაგმენტის მიკვლევის თაობაზე მეცნობებინა და 19 ივნისს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში წავიკითხე მოხსენება - "ქალაქ ერზერუმის მუზეუმში დაცული ერთი ქანდაკების ფრაგმენტის შესახებ." მოხსენებაზე დამსწრე ჩემმა ქართველმა კოლეგებმა (გერმანელი კოლეგებისაგან განსხვავებით, რომელთაც თბილისში წამოსვლამდი გავაცანი ჩემს ხელთ არსებული მასალები) ჩემი შეხედულება, ერზურუმული ფრაგმენტის გაგიკ I-ის ქანდაკებისადმი კუთვნილების თაობაზე, არადამაჯერებლად მიიჩნიეს. მე კი, ჩემი მხრით, ქართველი კოლეგების აზრი არაობიექტური მომეჩვენა (უნდა ვაღიარო, რომ მათ აზრს ჩემთვის მაინცადამაინც გული არ დაუწყვეტია,  პირიქით - ნათელი ხდებოდა, რომ თუ არა ასეთ თვალსაჩინო შემთხვევაში, სხვაში რაღაში დამეთანხმებოდნენ) და იმავე წლის აგვისტო-სექტემბერში ორი საგაზეთო წერილი (რუსულ და სომხურ ენებზე) გამოვაქვეყნე ამავე საკითხზე "სვობოდნაია გრუზიასა" და "ვრასტანში". ამას კი სრული დუმილი მოჰყვა.

 

სხვა რა გზა იყო, გაგიკის ქანდაკების ბედი არათუ ქართველებს, სომხებსაც არაფერში ედარდებოდათ და მეც სრულიად სხვა თემებთან დაკავშირებით განვაგრძე მუშაობა. მაგრამ, 2000 წლის ადრე გაზაფხულს (19 მარტს) ინტერნეტში "ბორიალისას" წავაწყდი 1999 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ ანისის ვებ-საითს (Armenian Architecture - Virtual Ani - Gagikashen Church), რომელიც იუწყებოდა, რომ "თურმე მეფე გაგიკის უნიკალური ქანდაკება დაკარგულაპირველი მსოფლიო ომის დამლევს გაურკვეველ ვითარებაში და მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი ყოფილა შემონახული."

 

დამატებითი ინფორმაცია მოცემული იყო ასევე ვირტუალურ ანისში შემავალ სხვა გვერდზე (Armenian Architecture - Virtual Ani - History: Part Two), იმის თაობაზე, რომ 1918 წელს: "თურქების არმიის მოახლოებამდე ანისში ბევრს ეცადნენ გაეტანათ მუზეუმის ყველაზე უძვირფასესი ექსპონანტები, მაგრამ, ზოგიერთმა ნივთმა (მათ შორის მეფე გაგიკის უნიკალურმა ქანდაკებამ) ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილს. ყველაფერი, რაც შემორჩა (გათხრებისა და ძიებების არქივების, ანგარიშებისა და ფოტო მასალების სახით) განადგურებული იყო თურქების მიერ."

 

ჩემთვის იმთავითვე ცხადი გახდა გაგიკის ქანდაკების ფრაგმენტის აღმოჩენის დიდი მნიშვნელობა და გერმანიაში მყოფმა გადავწყვიტე ამჯერად უკვე ევროპისა და ამერიკის სომხურ სამეცნიერო წრეებს დავკავშირებოდი. იმავე დღეებში ელექტრონული ფოსტის (-მეილის) მეშვეობით შეტყობინება დავუგზავნე სომეხ მეცნიერებს. შედეგმაც არ დააყოვნა. უკვე 4 აპრილს არიზონის უნივერსიტეტი, ინტერნეტში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ თავის განცხადებაში - "სომხური არქეოლოგიის სიახლე" - იუწყებოდა, რომ "ანისის მეფის გაგიკ I ბაგრატუნის ქანდაკების მთავარი ნაწილი ნაპოვნი იქნა დოქტორ გიორგი ლეონ ქავთარაძის, არქეოლოგის, მიერ რამდენიმე წლის წინ თურქეთში, ხოლო სომხური ვებ-რინგი, ვირტუალური ანისი: “მეფე გაგიკის წმ. გრიგოლის ტაძარი (გაგიკაშენი)’ (http://www.virtualani.freeserve.co.uk/ gagikashen/gagikashen.htm), ჯერ ისევ გვაუწყებს, რომ მეფე გაგიკის ქანდაკება... ‘დაკარგულა’ (გაურკვეველ ვითარებაში პირველი მსოფლიო ომის დამლევს) და მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი გადარჩენილა. უკანასკნელი ვერსია ამ ინფორმაციისა თარიღდება 1999 წლის 11 სექტემბრით. დოქტორმა ქავთარაძემ ორი წლის წინ გამოაქვეყნა წერილები ამ მონაპოვრის თაობაზე თბილისის რუსულ და სომხურ გაზეთებში ("ვრაცტანი" 26.09.1998 № 14623-24 და "სვობოდნია გრუზია" 26.08.1998 № 21446). ქანდაკება არ იყო დაკარგული პირველი მსოფლიო ომის დამლევს; პროფესორი იოსებ ორბელი იუწყებოდა, რომ რუსული საფრონტო ხაზის დაშლისა და თურქული ძალების მოახლოებისას მეფის ძეგლი ისევ ანისის მიწაში იყო ჩამარხული. ინფორმაციისათვის გთხოვთ აპრილის დამლევამდე დაუკავშირდეთ გიორგი ლეონ ქავთარაძეს მისამართზე [email protected]".

 

იმავე წლის 28 მარტს ანალოგიური შინაარსის შემცველ ჩემს წერილს, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე და არმენოლოგი, კალიფორნიის (ფრესნოს) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიკრან ქუიუმჯიანი გამომეხმაურა შემდეგი წერილით: "ძვირფასო დოქტორო ქავთარაძე, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ პირველად მესმის ამის შესახებ, თუმცა მე ძალზე დაინტერესებული ვიყავი საკითხით, თუ რა ბედი ეწია ანისის მუზეუმის ექსპონატებს. სამწუხაროდ, მე არაფერი ვიცი თქვენი სტატიების შესახებ და ხელში რომ ჩამვარდნოდა სომხური ვარიანტის ასლი, შევეცდებოდი იგი დამებეჭდა პარიზში ან ყოველ შემთხვევაში მომეთავსებინა ჩვენს ვებ-პეიჯში, ინგლისურ ენაზე. ეს ინფორმაცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომავალ წელს პარიზში მოეწყობა დიდი გამოფენა ანისის შუასაუკუნეების ქალაქის შესახებ. ორი დღის წინ სრულიად შემთხვევით წავაწყდი ქვის ძეგლის კარგი ხარისხის შავ-თეთრ ფოტოსურათს (ვიდრე მას რეტუშს გაუკეთებდნენ საბჭოელები). გასულ წელს მე და ჩემმა მეუღლემ მოვინახულეთ ანისი და გაგიკაშენის ნანგრევები; მე რეგულარულად ვასწავლი სომხურ არქიტექტურას და ვსაუბრობ ხოლმე დაკარგულ სკულპტურებზე. შეგიძლიათ თუ არა მითხრათ, სად არის თურქეთში სკულპტურის ძირითადი ნაწილი’? გადაღებული გაქვთ თუ არა მისი უკანასკნელი ხანების სურათი? მე ამჟამად სახლში ვიმყოფები, პარიზში; ჩემი საფოსტო მისამართია შევერის ქუჩა 30,  75007 პარიზი, საფრანგეთი. მადლობა კარგი ამბისათვის. გერმანიიდან მეტს ველოდები თქვენგან. დიკრანი."

 

რა თქმა უნდა, ამ წერილის მიღებისთანავე მე არა თუ შევატყობინე პროფესორ ქუიუჯიანს ყველაფერი, რასაც კი მივაკვლიე გაგიკის ძეგლთან დაკავშირებით, არამედ დავასკანერე და ელექტრული ფოსტის მეშვეობით გავუგზავნე მასვე ერზერუმული ფრაგმენტის ფოტოგრაფიული გამოსახულება.

 

კვირას, 2 აპრილს, შუადღეს, მივიღე პროფესორ ქუიუმჯიანის პასუხი: "ძვირფასო გიორგი, მე შევძელი თქვენი ფაილის გახსნა და რა თქმა უნდა ვიხილე დაზიანებული, მაგრამ უეჭველი ქანდაკება გაგიკისა ანისიდან. თუ მოხერხდა მისი სუფთად ამობეჭდვა, იქნებ იგი მოგვეთავსებინა მომავალ წელს პარიზში მოსაწყობ ანისის გამოფენის კატალოგში, რასაკვირველია, მის აღმოჩენაში თქვენი ღვაწლის აღნიშვნით. ყოველივე დამატებით, რაც კი გაგაჩნიათ ამ ანდა ანისის სხვა ფრაგმენტებთან დაკავშირებით, მეტად სასარგებლო იქნებოდა. დიკრანი."

 

საყურადღებოა, რომ იმავე დღეს, რამდენიმე საათის დაგვიანებით, მივიღე (როგორც ჩანს, დასავლეთ ნახევარსფეროდან გამოგზავნილი) ვირტუალური ანისის ზემოდასახელებული ვებ-საითის ავტორის (რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, გაგიკის ქანდაკების დაკარგვასა და მხოლოდ მისი ფოტოსურათების გადარჩენას იუწყებოდა), რამდენადმე სარკასტული ტონით შეფერილი, -მეილი:

 

"ძვირფასო დოქტორო ქავთარაძე, მადლობა მინდა მოგახსენოთ ვირტუალური ანისის ვებ-საითის მიმართ თქვენს მიერ გამოვლენილი ინტერესისათვის. ნუთუ თქვენ მართლა აცხადებთ, რომ იპოვეთ მეფე გაგიკის დაკარგული ქანდაკება? თუ ასეა, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მოლოცვები თქვენ!! ჩემი თავდაპირველი რეაქცია დიდი გაოცება, და ნაწილობრივ უნდობლობაცაა, განა შესაძლებელია, ეს ქანდაკება ამდენ ხანს მიუკვლეველი დარჩენილიყო (თუმცა, მე შემიძლია დავუშვა, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო - ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ქალაქ მუშში, სურბ კარაპეტის მონასტრის კარები ხომ მხოლოდ ოთხმოციან წლებში იპოვეს). გეთაყვა, შეგიძლიათ მომაწოდოთ დამატებითი დეტალები თქვენი აღმოჩენის გარემოებათა შესახებ, ანდა თუ გაქვთ მისი სურათები? ქანდაკება გაუჩინარებამდე ინახებოდა მუზეუმში, რომელსაც ბინა ედო მანუჩირის მეჩეთში. მე მახსოვს, რომ 1989 წელს, მაშინ როდესაც თურქმა სამხედროებმა შეასუსტეს კონტროლი ანისზე, მიზნად დავისახე შემემოწმებინა მთელი ნაგავი, დაგროვილი მეჩეთის ქვემოთ მდებარე ციცაბო ფერდობზე და ჩავძვერი მდინარის ნაპირამდე, იმ ვარაუდით, რომ თუ ვინმე მეჩეთის ფანჯრიდან მოისროდა ქანდაკებას, იქ მეპოვა მისი ნამტვრევები. მე არ ვიცი მისი გაუჩინარების შესახებ იმაზე მეტი, რაც მოვათავსე ვირტუალური ანის ვებ-საითზე (გაგიკაშენის გვერდზე და ანისის ისტორიის მეორე გვერდზე). მგონი წაკითხული უნდა მქონდეს სადღაც, რომ იგი ჩატვირთული იყო (თუ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩაეტვირთათ) ერევნისაკენ მიმავალ მატარებლის შემადგენლობაში, მაგრამ ქანდაკებამ ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე - თუმცა, უნდა ითქვას, რომ მე არ მიმესვლება რომელიმე სომხურ წყარომდე.; ხოლო ყველა იმ წიგნში, რომელიც კი წამიკითხავს, მხოლოდ ქანდაკების დაკარგვის ფაქტია კონსტანტირებული და ყველა ცნობა მეტად ბუნდოვანია იმის თაობაზე თუ რა შეემთხვა ამ ქანდაკებას. გულწრფელად თქვენი სთივი. P.S. იმის გამო, რომ მსურს მაქსიმალურად შევამცირო თურქეთში გამგზავრებისას მოსალოდნელი პრობლემები, მიზანშეწონილად მიმაჩნია არ გავამხილო ჩემი ვინაობა ვებ-საითებზე ანდა -მეილების საშუალებით დამყარებულ საწყისი კონტაქტების დროს."

 

მე .. სთივს მაშინ ვერ გავეცი პასუხი, არა იმდენად მისი ანონიმურობის, არამედ უფრო იმის გამო, რომ ველოდებოდი პასუხს თურქეთის კულტურის სამინისტროსაგან, რომელსაც მივმართე შტუტგარტში თურქეთის ვიცე-კონსულის რეკომენდაციით, რათა დაერთოთ ჩემთვის ნება გამომექვეყნებინა ერზერუმის მუზეუმში მიკვლეული ქანდაკების ჩემს მიერ მოპოვებული ფოტოსურათი. სამწუხაროდ, გერმანიაში ნებართვამ ვერ ჩამომისწრო, ხოლო აპრილის დამლევს მე უკვე თბილისში ვიყავი.

 

ნოემბერის დამდეგს გერმანიაში მობრუნებულს, -მეილის ბოქსში დამხვდა სთივის 2000 წლის 11 ივნისით დათარიღებული -მეილი, რომელშიც იგი ისევ მთხოვდა, მეცნობებინა მისთვის ქანდაკების ადგილმდებარეობა და მისი საჯაროდ ნახვის შესაძლებლობის არსებობა. იგი იუწყებოდა, რომ ზაფხულში მიემგზავრებოდა თურქეთში და სურდა შესაძლებლობის შემთხვევაში ქანდაკების ხილვა. ამჯერად იგი ხელს აწერდა, როგორც ვირტუალური ანისის ვებ-მასტერი (webmaster:www.virtualani.freeserve.co.uk). უკვე 8 ნოემბერს სთივს გავუგზავნე ვრცელი ინფორმაცია ერზერუმული ფრაგმენტის შესახებ. იმავე დღეს ჩემი გერმანიაში ჩამოსვლა შევატყობინე პროფესორ ქუიუმჯიანს, რომელსაც შევპირდი ჟურნალ "Caucasica"-ში (3, 1999) დაბედილი ჩემი წერილის გაგზავნას.

 

სთივმა მიპასუხა 21 ნოემბერს: "ძვირფასო გიორგი, მადლობას გიხდი შენი -მეილისათვის. ამ ზაფხულს მე ვნახე ერზერუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ქანდაკების ფრაგმენტი და ფოტოაპარატით გადავიღე იგი. ერთი თვის შემდეგ მე ვათვალიერებდი 1993 წელს ამ მუზეუმის შიგნით ჩემს მიერ გადაღებულ კადრებს და შევნიშნე იგივე ფრაგმენტი იმავე მდებარეობაში. ამ ამბავმა გამახსენა, რომ მე ფაქტიურად ადრევე შევნიშნე იგი - მაგრამ, მაშინ ვფიქრობდი, რომ იგი ცხოველის გამოსახულების ფრაგმენტს წარმოადგენდა, შესაძლოა ლომისას (მე მაშინ არ მქონდა ნანახი მთლიანი ქანდაკების სურათი და მკლავის ფაქტურა რამდენადმე ლომის-მსგავსი ცხოველის წინამკლავს მივამსგავსე). თუ კი მოგეპოვება რაიმე გასაზიარებელი დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ, მოხარული ვიქნებოდი მიმეღო იგი. თუ არის ცნობილი, თურქეთში სად და რა ვითარებაში იყო ნაპოვნი ფრაგმენტი? მე ამჟამად მოვათავსე ქანდაკების შესახებ გვერდი ანისის ვებ-საითზე - მისი URL-ია: http://www.virtualani.freeserve.co.uk/gagikashen/gagikashen.htm . გმადლობთ, სთივი." რა თქმა უნდა იმ წამსვე შევამოწმე ვირტუალური ანისის ვებ-საითი. 2000 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული ვებ-საითს, იმჟამად უკვე გაჩნდა ცალკე გვერდი, მიძღვნილი მეფე გაგიკის ქანდაკებისადმი; იგი ჯერ იმეორებდა 1999 წლის 11 სექტემბრის ზემომოყვანილი ვერსიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ქანდაკება დაკარგულიყოფილა პირველი მსოფლიო ომის დამლევს გაურკვეველ ვითარებაში და მისგან მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი შემორჩენილა," ხოლო შემდეგ დამატებული იყო, რომ "ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მისი ნაწილი (გაგიკის ტორსის ზედა მარცხენა ნაწილი) ნაპოვნი იყო თურქეთის ტერიტორიაზე. ეს ნაწილი ამჟამად იმყოფება ერზურუმის არქეოლოგიურ მუზეუმში."

 

კიდევ უფრო გვიან, 10 დეკემბერს, მივიღე პროფესორ ქუიუმჯიანის პასუხი: "ძვირფასო გიორგი, ამ ზაფხულს ერთი მეგობარი იყო მუზეუმში და გადაიღო მაღალხარისხოვანი ფოტოსურათები ანისის გამოფენისათვის, რომელიც, როგორც გითხარი თებერვალში იხსნება პარიზში. მე ისევ ფრესნოში (კალიფორნიაში) ვარ, მაგრამ პარიზში დავბრუნდები 25 დეკემბრისათვის. გეთაყვა, გამოიყენე ჩემი სხვა -მეილი, [email protected] . ველოდები შენს სტატიას. გმადლობთ, დიკრანი." მე -მეილითვე შევატყობინე პროფესორ ქუიუმჯიანს ფოსტით გაგზავნილი სტატიის შესახებ. მან კი, როგორც ჩანს, ჯერ ამანათი მიიღო, ხოლო მოგვიანებით გახსნა -მეილის ბოქსი; ამის გამო მე მისგან ორი -მეილი მივიღე. 29 დეკემბერს იგი მწერდა: "ძვირფასო გიორგი, ეს-ესაა მივიღე შენი წერილი 'The Problem of the Identification of the Mysterious Statue from the Erzerum Museum' ბერლინის გავლით. დიდი მადლობა. როგორც ვხედავ, საკმაოდ დიდი დეტექტური მუშაობა გაგიწევია. იმედი მაქვს, რაიმონდ კევორკიანს თებერვალში გასამართი ანისის თავისი გამოფენასთან დაკავშირებით ეცოდინება შენი წერილის არსებობის შესახებ. მე ამის შესახებ მას შევეკითხები. საუკეთესო და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ. დიკრანი." 2001 წლის 4 იანვარს გამოგზავნილი -მეილით პროფესორი ქუიუმჯიანი იტყობინებოდა: "გმადლობთ გიორგი, ეს-ესაა გავხსენი იაჰუს ჩემი მეილი და წავაწყდი შენს ცნობას. გპასუხობ ისევ. მე მივიღე იგი, მე წავიკითხე იგი, მე იგი ძალზე საინტერესოდ მიმაჩნია. გმადლობთ, დიკრანი." ასე და ამრიგად, იულიუს კეისრისეული veni, vidi, vici- ნოტაზე, დამთავრდა ჩემი ურთიერთობა პროფესორ ქუიუმჯიანთან. თუ რა შედეგი მოყვა რაიმონდ კევორკიანთან მის შეკითხვას, ჩემთვის უცნობი დარჩა.

 

 

II

 

გიორგი ლეონიძის 1959 წლით დათარიღებულ ლექსში "ლეონიძეთა შორის ვიყავი" არის შემდეგი სტრიქონები:

ლეონიძეთა შორის ვიყავი,

           ჩქეფდა ჭოროხი, ტყე შრიალებდა,

      სახლიკაცების ნახვით ვიხარე,

          რა საქმე მქონდა ძველ იარებთან.

        სამასი წლებით დაშორებულებს

           დღეს საძმო წიქა ერთად გვეჭირა,

          ის გვიხაროდა, რომ ქართველობა

                 თვითეულს გულში გადაგვერჩინა...”

           

თანდართული ავტორისეული შენიშვნა ნათელყოფს არა მარტო            ლექსის დედააზრს, არამედ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს გოგლას წინაპართა წარმომავლობის თაობაზე.

 

შენიშვნაში ვკითხულობთ: "ლეონიძეთა გვარი მესხეთიდან მოდის. დღესაც ტბეთის განთქმული ტაძრიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე არის სოფელი ლეონიძე. იქიდან ვართ ლეონიძეები წამოსულები მე-17 საუკუნეში, როცა მესხეთი ოსმალეთმა დაიპყრო.  ამჟამად ლეონიძეების ერთი შტო ცხოვრობს აჭარა-ერგეში (ზემო ჯოჭო)." ეგებ, შესაძლებელი გახდეს ისტორიული ბედ-უკუღმართობის გამოსწორება და ისევ გამოჩნდეს საქართველოს რუკაზე  სოფელი ლეონიძე, მითუმეტეს, რომ ზემო ჯოწოში მოსახლეთა უმეტესობას ლეონიძეები შეადგენენ. შენიშნულია, რომ ძველ აჭარაში -ძე სუფიქსით გაფორმებული ანთროტოპონიმებიი, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, წარმოდგენილი იყო მხოლობით რიცხვში. ასევეა შემორჩინილი დღესაც შავშეთ-იმერხევში.

 

ამ ცნობას საოცრად ეხმიანება "ნატვრის ხის" ერთ-ერთ მოთხრობაში - "ჩორეხში" ნაუწყები ამბავი, რომ როდესაც ჩორეხი რუქას გაშლიდა, "დაადებდა თითს რუქაზე - მესხეთი, - შეეალერსებოდა, თან ღიმილით იტყოდა: - ჩემი გვარიც იქიდან 1918 წლის არი, იქიდან ვართ წამოსულები! თანაც დასძენდა: - სამცხე, აჭარა, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, ერუშეთი, სრულიად ჭანეთი. აი, საქართველოს ნატამალი! კურთხეული მხარე! არ დავივიწყოთ საქართველოს მოწრილი ძუძუ! ჩვენი აკვანი! ქართული სალამით ამოდის იქ მზე...".

 

მოყვანილი პასაჟი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ჩვენს მიერ ადრე შენიშნულ იმ გარემოებაზე, რომ თუკი რომელიმე სახე "ნატვრის ხეში" ავტორისეული თვისებების მატარებელია - ეს ჩორეხია. ჩორეხი - იგივე გოგლა, ოღონდ სხვა დროსა და სხვა ვითარებაში.

 

საზოგადოდ, მესხეთის თემას მნიშვნელოვანი და მეტად მტკივნეული ადგილი უკავია გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში:

 

საქართველოზე მოჭრილო ძუძუ,

შემაჟრიალებს შენი ტკივილი...”

 

გოგლა ძალზე მძაფრად განიცდიდა მისი ძველი მამულის, "დიდებული მესხეთის", დაცემას:

 

შენ ჩემი გულის დასაკლავი ხარ,

     ისევ მტრის ხელში გადავარდნილი!

დიდო მესხეთო, ძველო მამულო,

      ფეხდაფეხ დამდევს შენი აჩრდილი...

დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო,

მადლო მესხურო, მზეო მესხურო,

ოცნებას უნდა, რომ ძველებურად

უკვდავი სხივით გადამესხურო!”

 

            საფიქრებელია, რომ თავისი თავის მესხად სახელდებისას:

 

მესხი ვარ! ვანთე მე სხივი,

    მესხმა შესხმა ვსთქვი ახალი,

        მტერი დამესხა, დავძლიე,

        ვიყავი სახელმაღალი...”

 

გოგლა არა იმდენად თავისი წინაპრების მესხური წარმომავლობით იყო შთაგონებული, რამდენადაც დიდი ივანე ჯავახიშვილის შეხედულებით ქართული ეთნოსის ანუ მესხების კავკასიაში ანატოლიიდან, ხეთების ქვეყნიდან გადმონაცვლების შესახებ. აკი წერდა კიდეც:

 

აქ დაბინავდა ახალ კერაზე

           ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი;

          გამოქროლილი ფრთიან მერანზე,

                გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.

           ხშირად მისი გზა სისხლნადინარი

     ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია.

         ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,

      ღალისის პირი, კაბადოკია.”

 

მეც კარგად მახსოვს. ექვსი წლისა ხანგრძლივად ვიყავი ავად. საღამო ხანს ჩემს საწოლთან ჩამოჯდა.

 

წყალი ვთხოვე, დამალევინა და თან მიამბო: "წინათ ჩვენ, ქართველები, შორს სამხრეთით - კაპადოკიაში ვცხოვრობდით, ხეთები გვერქვა სახელად და ღერბად არწივი გვქონდა. ის ქვეყანა უწყლო გახდა და იქიდან წამოვედით. სწორედ ამიტომ არის, რომ წყალს ქართველები ჯერ პატარებს ვაწვდით და ვამბობთ, რომ წყალი უმცროსისაა - პატარები რომ მაინც გადარჩენილიყვნენ. სხვა ხალხებს ასეთი წესი არ აქვთ. იმავე მიზეზით არის გამოწვეული ისიც, რომ მხოლოდ ჩვენს ენაში გაჩნდა ეს სიტყვა - წყალობა, ანუ წყლის მიწოდება."

 

შეხედულება ქართველთა წინაპრების სხვა მხარეებიდან კავკასიაში მოსვლის თაობაზე, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო "მოქცევა ქართლისა" იმ ცნობით, რომლის თანახმადაც ვინმე აზო, დადგენილი ალექსანდრე მაკედონელის მიერ მცხეთაში მეფედ, "წარვიდა არიან-ქართლად მამისა სისა და წარმოიყვანა რვა სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი (პავლე ინგოროყვას კონიუქტურით: წარმოიყვანა ათასი სახლი მდაბიო უფლისა და ათნი სახლნი მამამძუძეთანი) და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო არიან-ქართველთა მეფისა." დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის არსენ ბერის (იყალთოელის), "ნინოს ცხოვრების" მეტაფრასული რედაქციის ავტორის განმარტებით: "ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი, და ენა მათი უწყით, და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან."

 

არიან-ქართლის თანამედროვე საქართველოდან შორს, სამხრეთ-დასავლეთით, ლოკალიზების საშუალებას იძლევა "ქართლის ცხოვრებაში" შემავალი ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" ცნობა, რომ აზონის მოკვლის და მისი სპის დამარცხების შემდეგ "წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიაძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა." ანალოგიური დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა."

 

ბუნებრივია, ისეთ ბრწყინვალე წყაროთმცოდნეს, როგორიც გიორგი ლეონიძე იყო, ქართული მატიანეების ცნობები კიდევ უფრო გაუმძაფრებდნენ მესხური ფესვების ძიების სურვილს. არაერთხელ მინახავს, გარინდებული, როგორი დიდი ტკივილით შეჰყურებდა ხოლმე საზღვარს იქით დარჩენილ სარფსა და ზღვის სანაპიროს, ჭანეთის მთებს.

 

პირიქითა მესხეთში გადასვლა, სადაც ტბეთის ტაძარიცა და სოფელი ლეონიძეც მდებარეობდა, გოგლას აუხდენელ ოცნებად დარჩა; სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ტაო-კლარჯეთის ხილვაზე ოცნებობდა:

 

  ისე დავბერდი,

 ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...

  ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...

 როდის მოუვა მათ გაზაფხული?

  ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,

 სადაც გმინავენ ძველი ლოდები,

   სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა

   შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!“

 

მე წილად მხვდა ბედნიერება 1996 წლის ივნისის დამდეგს თურქეთის საქართველოში ყოფნისას დიდი ძალისხმევის შედეგად მიმემკვლია გოგლას წინაპართა სოფლისათვის - ლეონიძისათვის, რითაც დედაჩემის, ნესტან ლეონიძის, ოცნებაც შევასრულე.

 

სოფელი მდებარეობს ართვინის ვილაიეთის შავშათის (შავშეთის) მაზრაში და წარმოადგენს სოფელ დასამობის (თურქულად დერეიჩი-ქოის) ნაწილს. მისი სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი (თურქულად ნიოლიძეთა უბანი). თუმცა იმავე წელს თურქულმა ადმინისტრაციამ მას ახალი სახელი არდიჩლი მაჰალესი (თურქულად ღვიის უბანი) შეურჩია.

 

მეცხრამეტე საუკუნის რუკებზე კი ეს სოფელი ლეონიძე და ლიონიძე სახელწოდებითაა აღნიშნული. ადგილობრივი ქართული  მოსახლეობა მას დღეს ნიოლეთსაც უწოდებს.

 

ერთი ციცქნა სოფელი (სულ რამდენიმე კომლია) მთაზეა გაშენებული და ნაძვებითა და ფიჭვებით არის გარემოცული. მენიშნა - გოგლამ წყნეთის ეზოში ბლომად ჩარგო ნაძვები და ფიჭვები. ლეონიძეები თუ ნიოლიძეები სოფელში აღარ შემორჩენილან, თუმცა ახოვანი, ცისფერთვალა და ღია წაბლისფერთმიანი მცხოვრებლები გარეგნულად გოგლას წააგავდნენ, თანაც ქართული ჩინებულად შემოუნახავთ. სავარაუდოა, რომ გარდა ერგელი ლეონიძეებისა, აჭარელი რიონიძეებიც მათი განაყოფია.

 

გამომკითხეს ჩემი სტუმრობის მიზეზი. თუმცა უფრო საკუთარი შეხედულებისა სჯეროდათ, რომ მე იქ დანგრეულ ქილისესთან (ეკლესიასთან) წინაპართა მიერ ჩამარხული ოქროს წამოსაღებად უნდა ვყოფილიყავი ჩასული. მკითხეს ისიც, თუ სადაური ვიყავი - ბათუმელი თუ თბილისელი. როგორც შევატყე, მათთვის ჩემი ბათუმლობა უფრო სასურველი იქნებოდა; ისე კი, გარეგნულად არაფერი შეუმჩნევიათ.

 

ძალზე გამახარა იმან, რომ იქვე, ნიოლეთის მთის ძირას, მდინარეების - იმერხევისა და შავშეთის წყლის - ხერთვისში, ასკერთა თუ ჟანდარმების პოსტთან მდებარე სოფლის მაღაზიის ფირნიშზე საქონლის ასორტიმენტი: პური, ყველი და სხვ. ქართულად ეწერა. როგორც შევიტყვე, მაღაზიის მეპატრონეს, მაღალ, ევროპული იერის მქონე კაცს, რომელიც ბესოდ გამეცნო, წინა ორი წლის მანძილზე დელისში უვაწრია სოფლის ბოსტნეულით, მაგრამ ჩვენს გზებზე მდგომი ავტოინსპექტორის ფორმიანი გამომძალველების გამო ამ განზრახვაზე ხელი აუღია.

 

თვით ნიოლეთისაკენ მოასფალტებული საავტომობილო გზა იმჟამად გაჰყავდათ, თუმცა ელექტროენერგია და ტელეფონი ყველა ოჯახში ჩვეულებრივი რამ იყო.

 

საერთოდ, თურქეთში ყოფნისას იგრძნობა ევროპული ცხოვრების წესის დამკვიდრების საკმაოდ მაღალი ტემპი (განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში). თურქეთი უკვე დიდად არ განსხვავდება ისეთი ევროპული ქვეყნებისაგან, როგორიც რუმინეთი ან საბერძნეთია.

 

ნიოლიძე-ნიოლეთისა და საერთოდ შავშეთის მოსახლეობა არც ანთროპოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად და ნაწილობრივ არც ლინგვისტურად არ განსხვავდება მთიანი აჭარისაგან; ბუნებაც მსგავსია. ერთი კია, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან მიწვეულს საძმო ჭიქის მათთან ერთად დაჭერისა და ღვინით მათი დალოცვის საშუალება არ მომეცა.

 

გამოთხოვებისას, როგორც ყველა "ნამდვილმა ქართველმა", მათაც გამოთქვეს თავისი სკოლადამთავრებული შვილების საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მოწყობის სურვილი.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მკითხველს კითხვით მივმართო: ხომ არ იქნებოდა სასურველი, რომ ახალციხისა და სხვა ქალაქების უნივერსიტეტებში ლიმიტები გამოეყოთ ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულ ჩვენებურებს?

 

 

III

 

თუ შავშეთ-კლარჯეთი აჭარას არის მიმსგავსებული, არტაანის მხარე უფრო ჯავახეთს წააგავს; გადაშლილი ხრიოკი ზეგანი მხოლოდ საძოვრად გამოიყენება. გლეხები ძირითადად მიწურებში ცხოვრობენ. მოსახლეობა მთლიანად შეცვლილი დამხვდა. აქ ახლა ძნელად თუ შეავლებ თვალს რაიმე ქართულს.

 

არტაანში ჩემი გამგზავრების მიზეზი იყო აწ გარდაცვლილი ღირსეული მამულიშვილის - ბატონ ვახტანგ გურგენიძის მიერ მოწვდილი ცნობა, საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივის ფონდებში დაცული კონსტანტინე მარტვილელის (ოდიშარიას) განცხადების შესახებ, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" 750 წლისთავის მომწყობი საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარისადმია მიწერილი და 1935 წლის დეკემბრითაა დათარიღებული.

 

განცხადებაში კონსტანტინე მარტვილელი იძლევა იმ სიძველეთა სიას, რომელიც შეუდგენია 1914-1915 წლებში არტაანის მხარის ქართველ მაჰმადიანთა გამოკითხვისას. სახელდობრ, სოფელ ორ-კიზში ვინმე ოთარ-ბეგ შერვაშიძეს, რომლის თურქული გვარი აღარ ახსოვდა, უჩვენებია პერგამენტზე ნაწერი და ჩულვ - ანუ 1435 - წლით დათარიღებული "ვეფფხისტყაოსანი". "ვეფხისტყაოსნის" ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნუსხა კი მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება.

 

აი, როგორ აღწერს ამ ამბავს თავად . მარტვილელი: "ოთარ-ბეგმა... "ვეფხისტყაოსანი" თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის... გააღო ზანდუკი და აბრეშუმის დიდ ბაღდადში რაღაც გრძლად გახვეული ამოიღო და რომ გახსნა, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა - პერგამენტზე სპარსული ტიპის სურათებით შემკული ხელთნაწერი "ვეფხისტყოსანი" იყო, მასზე ქორონიკონი "ჩულვ" ესვა; სულმა წამძლია, მყისვე გამოვართვი და გაკვირვებით და თანაც სიხარულით დავუწყე კითხვა, იგი წვრილისა და მეტად ლამაზის ხელით არის დაწერილი; ადგილ-ადგილ წითელი ასოები ამკობს მას" (იხ. . მარტვილელი (ოდიშარია), არტაანის მხარე. ისტორიულ-გეოგრაფიული და სტატისტიკური მასალები. 1937 . მანქანაზე ნაბეჭდი. 130 ფურცელი. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური არქივი, ფონდი №15 (სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია), აღწერა №1, შეს. ერთ. №439).

 

ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობის შეუმოწმებლობა არ შეიძლებოდა და მეც გავემართე სოფელ ორ-კიზისაკენ. კონსტანტინე მარტვილელი იძლევა შემდეგ მარშრუტს: ქალაქი არტაანი (თურქულად არდაჰანი), ნასოფლარები: კარგი სოფელი, ქვაბის ციხე, ოქროს ქოთანი და სოფლები: ვარდციხე (სომხების მიერ თარგმნილი გულაბერთად), ოჯახი, დუდუნა, თამამი, ურჩი და თვით 32 კომლიანი სოფელი ორ-კიზი.

 

არტაანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ადვილად მივაგენი კონსტანტინე მარტვილელის მიერ მოხსენიებულ ვარდციხეს მისი სომხური სახელწოდების გულაბერთის მეშვეობით (თურქული სახელწოდებაა ჩამლი-ჩათაქი). ვიპოვე დუდუნაც, ორი-სამი მიწურის შემცველი სოფელი. ურჩი ური ყოფილა, ძველ ქართულ წყაროებში არტაანის ჰურად მოხსენიებული. აქ ყველაზე უფრო ხანგრძლივად ყოფილან შემორჩენილი მაჰმადიანი ქართველები. დღესაც აქ ერთი, ადრე ჩასიძებული, ხანდაზმული ართვინელი ქართველი ცხოვრობს. ორ-კიზი არსად ჩანდა. . მარტვილელის აღწერით იგი მდებარეობდა ურჩისაგან თავქვე, მტკვრის პირას, ხოლო მტკვრის გადაღმა იყო ნასოფლარი ყიზილ-ქილისა. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ორ-კიზში უნდა იგულისხმებოდეს იქვე ახლოს მდებარე სოფელი ორაღაზი.

 

ქურთებითა თუ თურქებით დასახლებული და ამ მხარისათვის დამახასიათებელი მიწურ-სახლებიანი ორაღაზი გულღიად შემხვდა. მთელმა სოფელმა მოიყარა თავი ჩემს გარშემო, მაგრამ ოთარ-ბეგ შერვაშიძე ან მისი შთამომავლობა ვერავინ გაიხსენა. თვით . მარტვილელი იძლევა ოთარ-ბეგის ერთ-ერთი, ალბათ უფროსი, შვილის სახელს ჯაჰამალ-ბეგს, რომელიც მის ხელნაწერში ჯამალად არის ჩასწორებული.

 

ორაღაზელებმა მირჩიეს წავსულიყავი სოფელ იოლჯექში (. მარტვილელის მიხედვით, ოჯახი - სინამდვილეში ძველი ქართული სოფელი სარძევე) და თან გამომყვნენ კიდეც - მათი ვარაუდით ადგილობრივ მოლასთან შესაძლოა ყოფილიყო გურჯული ქითაბი.

 

საღამო ხანი იყო, ნამაზის შესრულების დრო, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებდა. ნახევარ საათზე მეტი ველოდეთ გარეთ, ეზოში. ჩემი ვარაუდით მოლას სახლში უნდა ეცხოვრა ოციანი წლების შუა ხანებში დათა ვაჩნაძეს. ფანჯარაში შევიხედე. ფოლიანტების წყება ელაგა, მთელი წიგნთსაცავი ჩანდა. იმედი მომეცა.

 

მოლაც გამოვიდა. გაიგო თუ არა, რომ ქართველი ვიყავი, "ვეფხისტყაოსანზე" საუბრის ნაცვლად მთელი ორმოცი წუთი აჰმედ-ბეგ ხიმშიაშვილს აუგად იხსენიებდა. 93 წლის კაცმა წამებში აღიდგინა 1918 წლის ამბები.

 

ასე უშედეგოდ დამთავრდა "ვეფხისტყაოსნის" ძიების ამბავი. უკან, ართვინისაკენ მიმავალს, მწარედ ამეკვიატა გოგლასეული სტრიქონები:

 

ხელში აგიღებ... გაკოცებ,

         კიდევ ჩაგკოცნი...

ჩაგცქერი;

     წიგნი კი არა - ჟრჟოლა ხარ,

 ჩამოქაფული ჩანჩქერის.”

 

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon