იბერიის სამეფოს წარმართული პანთეონის საკითხისათვის - G. L. Kavtaradze

 

ქართველური მემკვიდრეობა XII

 

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

ქუთაისი:

 

გამომცემლობა “ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”,

 

2008

 

 

ISSN 1512-09-53  /გვ. 346/

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

იბერიის სამეფოს წარმართული პანთეონის საკითხისათვის

 

ქართლის ცხოვრებაშიმეცნიერ კაცთა მიერ ჩართული დამატების, “ანდრია მოციქულის ქადაგება საქართველოშიჩანართის (BP'b) თანახმად აწყვერს (თანამედ. მდ. აწყური) მოსული ანდრია პირველწოდებული შეჩერებულა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო (ქც, I, 39:27-29 - აქ და ქვემოთ - ყაუხჩიშვილი 1955). იმავე ჩანართის სხვა ადგილას აწყვერში მდებარე ამ ტაძრის თაობაზე ნაუწყებია, რომ “...იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი არტემი და აპოლონდა რომაპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი” (ქც, I, 41:4-5, 8). ცხადია, რომ ესდიდნი ღმერთნი აპოლონ და არტემბერძნულ-რომაული პანთეონის ღვთაებები აპოლონი და არტემიდეა (რომაული – Appolo და Diana).

 

ქართლის ცხოვრებისზემოაღნიშნული ჩანართის მიხედვით, ახ. . I . შუახანების ქართლის ანუ იბერიის სამეფოს დასავლეთ ნაწილში დამკვიდრებული ყოფილა აპოლონისა და არტემიდეს კულტიაქ მათ სახელზე ნაგები ტაძარია და აქვე ადგილი ჰქონია მათ კულტმსახურებას. ბუნებრივია კითხვა: რა ვითარება უნდა ყოფილიყო ამ მხრივ იბერიის სამეფოს დედაქალაქში, მცხეთა-არმაზციხეში, სადაც, ქართული მატიანეების თანახმად, აღმართული იყო ქვეყნის ძირითადი ღვთაებების გამოსახულებები.

 

მართალია ამ ღვთაებებს შორისარმაზი, ზადენი, გაცი, გაიმი (“მოქცევაქართლისა” - გა), აინინა, დანინაარ არის დასახელებული არც აპოლონი და არც არტემი (არტემიდე), მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ზემოხსენებული ჩანართის ინფორმაცია ქართლში აპოლონისა და არტემიდეს კულტის არსებობის შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ეს ღვთაებები მოიხსენიებიან, როგორც დიდნი ღმერთნი. სავარაუდო ხდება, რომ მცხეთა-არმაზციხის ზემოჩამოთვლილ ღვთაებათა შორის სხვა სახელწოდებით ყოფილიყვნენ ნაგულისხმევი აპოლონი და არტემიდე. იმის გათვალისწინებით, რომ აპოლონი და არტემიდე ტყუპ ღვთაებებს წარმოადგენენ, განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იპყრობდეს ღვთაებათა წყვილი გაცი და გაიმი; ორივე ეს კერპი ხომ ყოველთვის ერთმანეთისაგან განუყოფლად და ერთ კონტექსტში მოიხსენიება ხოლმე.

 

წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევისცნობით, “...კუალად [არმაზისა. .] იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა (ქც, I, 89:17-90:1-2). იმავე ტექსტის XII -ის სომხური თარგმანის (ორიგინალის შემოკლებული ვარიანტი) მიხედვით, საუბარია არა კონკრეტულადკაცზე”, არამედ ზოგადად გამოსახულებაზე: მისგან მარჯვნივ იდგა ოქროს გამოსახულება სახელად გაცი, და მის მარცხენა ხელთან ვერცხლისა - სახელად გაიმი (ქც-ის სომხური თარგმანი, 47 - აქ და ქვემოთაბულაძე 1953) და შესაბამისად მასში შესაძლოა ქალღმერთიც ყოფილიყო ნაგულისხმები. სომხურ თარგმანს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება /გვ. 347/ ქართული მატიანის ტექსტის პირვანდელი სახის დადგენისათვის, ვინაიდან ქართლის ცხოვრების ყველაზე ადრეული მანუსკრიპტი, რომელმაც კი მოაღწია ჩვენს ხანამდე, ანა დედოფლის ხელნაწერია და იგი XV -ით თარიღდება (ანასეული ნუსხის სავარაუდო თარიღი თავსდება 1479 და 1495 წწ. შორის) (ყაუხჩიშვილი 1955, 015; Toumanoff 1947, 340-344), მაშინ როდესაცქართლის ცხოვრების” XII -ის სომხური თარგმანის ყველაზე ადრეული მანუსკრიპტი თარიღდება XIII საუკუნით (Thomson 1996, v; Rapp 1998, 3). ილ. აბულაძის თანახმად, მისი თარიღი 1279 და 1311 წწ. შორის უნდა ექცეოდეს (იხ. აბულაძე 1953, 020).

 

ოქროს და ვერცხლის მცხეთურ კერპებთან მიმართებაში, გასათვალისწინებელია კლასიკური ხანის დოლიხეში (თანამ. დიულიუქი, გაზიანთეფეს ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში) მიკვლეული ბრინჯაოს ფილა, რომელზედაც ერთმანეთის გვერდით გვხვდება Apollo Citharoedus-ის და მისი დის Diana Lucifera- (ანუ ბერძნ. არტემიდეს) გამოსახულებები მზისა და მთვარის სახით. ორივე ეს ასტრალური ღვთაება დოლიხეს ფილაზე განლაგებულია ვარსკვლავებით გარემოცული ცისა და დღის შუქის ღვთაების იუპიტერ დოლიხენუსის (Iuppiter Optimus Maximus Dolichenus) ფერხთით (Speidel 1980, 5, 12, 16-17, fig. 31).[1] დიანა მიჩნეულიასოლარულიაპოლონისლუნარულპარტნიორად, რომელსაც ამ უკანასკნელთან ერთად ზუსტად განსაზღვრული მუდმივი დოქტრინალური მდგომარეობა ეკავა იუპიტერ დოლიხენუსის თეოლოგიაში (Speidel 1978, 22-23), ამასთანავე, გაცისა და გაიმის ოქროსა და ვერცხლის გამოსახულებებს (რაც ალბათ მათ ანალოგიურსოლარულდალუნარულბუნებაზე უნდა მიგვანიშნებდეს) ახასიათებთ ასევე მკაფიოდ გამოხატული დაქვემდებარებული პოზიცია არმაზისადმი, შესაბამისად, ჩნდება ეწვი, თავის მხრივ ამ უკანასკნელის ხასიათშიც ხომ არ უნდა ვეძიოთ იუპიტერისათვის დამახასიათებელი ნიშნები. აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ორმუზი, ანუ არმაზ, იგივე იუპიტერია (Такайшвили 1906-1912, 663).

 

წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევისმიხედვით, არმაზის კერპი აღწერილია, როგორც: “...კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, დაელთა მისთა აქუნდარმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდაელთა შინა...” (ქც, I, 89:9-11). იგივე ტექსტი სომხურ თარგმანში შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: “...კაცი შემოსილი ბრინჯაოს გულსაფარით და ოქროს მუზარადით, თვალები შემკული ჰქონდა ზურმუხტითა და ბივრილით, ხელში ეკავა მახვილი, მსგავსი ელვათა კონისა. ამოძრავებდა მას და შიშში აგდებდა შეკრებილთ...” (47). განსაკუთრებით საინტერესოა არმაზის თავსაბურავის აღწერა, როგორცმყარი ჩაბალახისა” (ქც, I, 89:10). ზედსართავიმყარიარმაზის კერპის თავსაბურავთან მიმართებაში მართებული იქნებოდა, თუკი საქმე გვექნებოდაფრიგიული ჩაჩისმსგავს საგანთან და არა საკუთრივ ქართული ტიპისჩაბალახთან” (ყაბალახი).

 

ელვათა კონა”, “მახვილი”, “ჯავშანი” (“ქერცლიანი-ჯავშანიანგულსაფარი”), ფრიგიულ ჩაჩთან ერთად, რომაელ სამხედროთა (და არა /გვ. 348/ მხოლოდ მათი) ღვთაების, იუპიტერ დოლიხენუსის დამახასიათებელი ნიშნებია (იხ., მაგ., Speidel 1980, 9, 11, 18-20, Abb. 1, 7, 9, 11, 21, 38, 41). ეს ღვთაება იგივე სირიული ღვთაება Hadad-ია დოლიხედან, რომელიც, თავის მხრივ, ხურიტული ან/და ხეთური პანთეონის ქარიშხლის ღვთაებიდან იღებდა სათავეს (Speidel 1980, 6-9, Abb. 3, 8), ისევე როგორც, სავარაუდოდ, თვით არმაზის თავდაპირველი ემანაციისაელვისა და ჭექა-ქუხილის მთის მწვერვალის ანატოლიური ტიპის ადგილობრივი ღვთაებისა.

 

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ იბერიის ღვთაება არმაზი ავლენს რომის იმპერიის უზენაესი ღვთაებისათვისიუპიტერისათვის, ხოლო არმაზის თანხმლები კერპებიგაცი და გაიმი (გა) – იუპიტერისადმი აშკარად დაქვემდებარებულ აპოლონისა და დიანასათვის დამახასიათებელ ზოგიერთ ნიშან-თვისებას. იბერიის სამეფოს პანთეონი, როგორც ჩანს, სინკრეტული ხასიათის ღვთაებებისაგან შედგებოდა, იგი იმთავითვე დაკავშირებული ჩანს გვიანაქემენიდური-ადრეელინისტური ხანის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სინკრეტული ხასიათის კულტურულ სამყაროსთან და ამისდა შესაბამისად არმაზის კულტიც ძველახლოაღმოსავლურ, აქემენიდურ და ელინისტურ ეპოქებისათვის დამახასიათებელ სინკრეტიზმის ანაბეწდს ატარებდა. დამახასიათებელია, რომ საბერძნეთში მდებარე, სტრატოსის .. მთის ღვთაება, ბერძნების მიერ სტრატიოსის ზევსად სახელდებული, სპარსელთა მიერ აჰურა-მაზდასთან იყო გაიგივებული (იხ., მაგ., Canby 1987, 714).

 

იბერიის სამეფო პანთეონის სინკრეტული ხასიათი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გამდიდრებული იყო რომის რელიგიური წარმოდგენებისათვის დამახასიათებელი ნიშნებით[2]. ცენტრალური ამიერკავკასიის მოვლენებში რომაელთა ინტენსიურ მონაწილეობას (Kavtaradze 2001, 204-224; ქავთარაძე 2003, 112-127), შესაბამისად, თავისი კვალი უნდა დაემჩნია ადგილობრივ სულიერ სამყაროზეც, კერძოდ, რელიგიურ წარმოდგენებზე.

 

იუპიტერ დოლიხენუსი იყომთელი სამყაროს დამცველი“, რომის იმპერიაში საყოველთაოდ გავრცელებული კულტი, რომელიც რომაელთა ხელისუფლებისა და მათი იმპერატორის ძირითადი მხსნელი იყო და ამავე დროს, აღმოსავლეთის მიმართულებით რომაული ძალაუფლების გავრცელების ხელშემწყობი (Speidel 1980, 5, 7, 9, 15, 18, Abb. 4; Schwertheim 1991, 40); შესაბამისად, რომაული პანთეონის ზემოქმედების კვალის არსებობა იბერიის დედაქალაქში, რომელსაც რომის იმპერატორის ვესპასიანეს მიერ აგებული გალავანი იცავდა (ყაუხჩიშვილი 1976, 241-244; Halfmann 1986, 48), მოულოდნელი არ უნდა იყოს. /გვ. 349/

 

 

დამოწმებული ლიტერატურა

 

აბულაძე 1953 - ილ. აბულაძე. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი. ქართული ტექსტი და ძველი სომხური თარგმანი გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა. თბილისი, 1953.

ქავთარაძე 2003 - . ქავთარაძე. იბერიის სამეფოსარსებობის არსიძველი საისტორიო წყაროების მიხედვით, - მნათობი, № 7-8, 2003 ., გვ. 94-154.

ყაუხჩიშვილი 1976 - . ყაუხჩიშვილი. საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1976.

ყაუხჩიშვილი 1955 - . ყაუხჩიშვილი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით, I. თბილისი: სახელგამი, 1955.

Такайшвили 1906-1912 - Е. Такайшвили. Описание рукописей «Общества распространения грамотности среди грузинского населения», том II, вып. 1-4. Издание управления Кавказского учебного округа. Тифлис: Типография К. П. Козловского, 1906-1912.

Canby 1987 - J. V. Canby (Rev.) R. Donceel & R. Lebrun. Archèologie et religions de l’Anatolie ancienne. Mèlanges en l’honneur du professeur Paul Naster, - Bibliotheca Orientalis, Jaargang XLVI, № ¾, Mei-Juli 1987, pp. 712-720.

Halfmann 1986 - H. Halfmann. Die Alanen und die römische Ostpolitik unter Vespasian. - Epigraphica Anatolica, Zeitschrift für Epigraphik und historische Geographie Anatoliens, Heft 8, 1986.

Kavtaradze 2001 - G. L. Kavtaradze. Georgian Chronicles and the raison d’ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), – Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World 6, 2000. Stuttgart: Franz Steiner Verlag, 2001, pp. 177-237.

Rapp 1998 - St. H. Rapp (Ed.). K'art'lis c'xovreba. The Georgian Royal Annals and their Medieval Armenian Adaptation. Vol. II. Anatolian and Caucasian Studies. Delmar, New York: Caravan Books, 1998.

Schwertheim 1991 - E. Schwertheim. Iupiter Dolichenus, der Zeus von Doliche und der kommagenische Königskult, in: Studien zum antiken Kleinasien: Friedrich Karl Dörner zum 80. Geburtstag gewidmet. Asia Minor Studien, Bd. 3. Bonn: Habelt, 1991..

Speidel 1978 - M. P. Speidel. The Religion of Iuppiter Dolichenus in the Roman Army. Leiden: E. J. Brill, 1978.

Speidel 1980 - M. P. Speidel. Jupiter Dolichenus. Der Himmelsgott auf dem Stier. Stuttgart, 1980.

Thomson 1996 - R. W. Thomson. Rewriting Caucasian History. The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles. The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation. Translated with Introduction and Commentary by R. W. Thomson. Oxford: Clarendon Press, 1996.

Toumanoff 1947 - C. Toumanoff. The Oldest Manuscript of the Georgian Annals: The Queen Anne Codex (QA), 1479-1495. - Traditio, V. Studies in Ancient and Medieval History, Thought and Religion. New York, 1947. /gv. 350/

 

 

Giorgi Kavtaradze

 

ON THE PAGAN PANTHEON OF THE IBERIAN KINGDOM

 

The ancient pantheon of Iberian Kingdom seems to have deities with syncretic nature. Originally this pantheon was related to the syncretic cultural world of late Achaemenian - early Helleinistic eastern Mediterranean area and which was afterwards enriched with the religious beliefs of the Roman empire.

 

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 



[1] აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლის ინვენტარი ფართოდ იყო გამოყენებული იუპიტერ დოლიხენუსის კულტმსახურებაში (Speidel 1980, 17).

[2] თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულია აზრი, არმაზის წარმომავლობის თაობაზე ირანული აჰურა-მაზდასაგან, რაც, ამ ორი ღვთაების სახელწოდებათა ფონეტიკური მსგავსებით უნდა აიხსნას და რაც გარკვეული ისტორიული მოვლენის, ქართლში აქემენიანთა გაბატონებისა და ირანელთა მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-რელიგიური ზეგავლენის გამოძახილი უნდა იყოს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ცეცხლთაყვანისმცემლობის ადვილად შესამჩნევი ზეგავლენა ქართულ კულტურულ, რელიგიურ თუ ენობრივ სამყაროზე ძირითადად სასანიანთა სპარსეთის დროისაა და ახ. წ. IV-VII სს. უნდა დათარიღდეს. ამ მემკვიდრეობაში ისევე მცირეა აქემენიანთა დროინდელი რელიგიური წარმოდგენების ნაკვალევი, როგორც, მაგალითად, გ. ლეონიძის პოემაში “ბავშვობა და ყრმობა”, სადაც ზარათუშტრას მსოფლმხედველობასთან მსგავსება არა ქართულ ყოფაში არსებული მაზდეანური ხასიათის დანაშრევებით არის განპირობებული, არამედ უპირატესად ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოების “ასე ამბობდა ზარათუსტრა” ზეგავლენით.