ქართველმა მკვლევარმა თურქეთშივეფხისტყაოსნის” უძველესი ხელნაწერი აღმოაჩინა?!

 

საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცულია ცნობა, რომელმაც ქართული ლიტერატურის ისტორიაში შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს. ეს კონსტანტინე მარტვილელის მიერ  1914-1915 წლებში შედგენილი სიძველეთა სია, რომელიც მან არტაანის მხარეში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველთა გამოკითხვითაა შედგენილი. განცხადებაში აღწერილია, თუ როგორ უჩვენა მარტვილელს სოფელ ორ-კიზში მცხოვრებმა ოთარ-ბეგ შერვაშიძემ პერგამენტზე დაწერილიჩულვ” ანუ 1435 წლით დათარიღებულივეფხისტყაოსანი”. ”ქართული სიტყვაანატოლიისა და კავკასიის ფონდის დამაარსებელს გიორგი ქავთარაძეს ესაუბრა, რომელიც რამოდენიმე წელია ამ უძველეს ხელნაწერს თურქეთში ეძებს.

 

გიორგი ქავთარაძეცნობა, რომელიც ვახტანგ გურგენიძემ მომაწოდა, შეეხებოდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ არქივში დაცულ კონსტანტინე მარტვილელის (ოდიშარიას) განცხადებას, რომელიც 1935 წლითაა დათარიღებული და მიწერილიავეფხისტყაოსნის” 750 წლისთავის მომწყობი საიუბილეო კომისიის თავჯდომარისადმი. ჩვენთვის ცნობილივეფხისტყაოსნისუძველესი ხელნაწერი მე-17 საუკუნით თარიღდება. კონსტანტინე მარტვილელის სიტყვებით ოთარ-ბეგმა ”...გააღო ზანდუკი და და დიდ ბაღდადში გახვეული რაღაც ამოიღო. როცა გახსნა, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდაპერგამენტზე სპარსული ტიპის სურათებით შემკული ხელნაწერივეფხისტყაოსანიიყო, მასზე ქორონიკონიჩულვესვა. სულმა წამძლია, მყისვე გამოვართვი და გაკვირვებით, თანაც სიხარულით დავუწყვე კითხვა. იგი წვრილისა და მეტად ლამაზის ხელით არის დაწერილი: ადგილ-ადგილ წითელი ასოები ამკობს მას.” (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური არქივი, ფონდი 15 (სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია) აღწერა 1, შეს, ერთ 439).

 

ბატონო გიორგი, რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სინამდვილეს?

 

ამ ცნობის სისწორის დასადასტურებლად გავემართე არტაანისკენ (თურქულად არდაჰანი) მარტვილელის მარშრუტის მიხედვით. არტაანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ადვილად მივაგენი ცნობაში ნახსენებ ვარდციხეს (სომხურად გულაბერთი), ორ-კიზი კი არსად ჩანდა. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, მარტვილელის მარშრუტში მოყვანილი დასახელება იქვე, ახლოს მდებარე სოფელ ორაღაზს უნდა შეესაბამებოდეს. სამწუხაროდ, ოთარ-ბეგ შერვაშიძე და მისი უფროსი შვილი ჯაჰამალი (ხელნაწერში ჯამალად ჩასწორებული) ვერავინ გაიხსენა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მირჩია წავსულიყავი სოფელ იოლჩექში (სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა სარძევე) და თან გამომყვნენ კიდეც, მათი ვარაუდით ადგილობრივ მოლასთან შესაძლოა ყოფილიყო ქართული ქითაბი.

 

შეძელით იოლჩექში ქართული ქითაბის ნახვა?

 

მოლასთან ჩვენი სტუმრობა ნამაზის პერიოდს დაემთხვა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მოლა გამოვიდა და ჩვენი სტუმრობის მიზეზი გვკითხა. გაიგო თუ არა, რომ ქართველები ვიყავით ახმედ ბეგ ხიმში-ოღლუს (ხიმშიაშვილის, რომელიც, როგორც გავარკვიეთ მისი სიმამრი ყოფილა), ლანძღვა დაიწყოქართველებს მიემხროო. ქართული ხელნაწერის არსებობის თაობაზე არაფერი გვითხრა. ხელმეორედვეფხისტყაოსნისმოსაძებნად დაახლოებით ორი წლის წინ ვიყავით. მეგზურობა ჩვენმა მეგობარმა მაჰმადიანმა ქართველებმა გაგვიწიეს. მოლა გარდაცვლილი დაგვხვდა. მოვიარეთ ადგილობრივი სოფლები, გამოვკითხეთ უამრავი ხნიერი ადამიანი და ერთ საინტერესო ცნობას მივაგენითადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მათ ახსოვთყურანის” ხელნაწერი, რომლის ტექსტის ქვეშ ძველთურქულად (ასე მოიხსენებს ადგილობრივი მოსახლეობა ქართულად და სომხურად ნაწერს) ნაწერს. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პალიმფსესტთანძველი ტექსტის ახლით გადაფარვასთან. სავარაუდოა, რომ მოხდავეფხისტყაოსნისტექსტის ყურანის არაბული ტექსტით გადაფარვა. ამის ამოკითხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით სავსებით შესაძლებელია, მთავარია ხელნაწერი ვიპოვოთ.

 

ბატონო გიორგი, სად შეიძლება ხელნაწერი ინახებოდეს?

 

ადვილი შესაძლებელია ყურანის ხელნაწერი თურქეთის რომელიმე არქივსა ან მუზეუმში ინახებოდეს, აქ კი ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. იქ არავინ შეგვიშვებს და არც ტექსტის გადაღების საშუალებას მოგვცემს. მთავარია, ჩვენ დავაფიქსიროთ ხელნაწერის არსებობის ფაქტი, ხელნაწერის ამოკითხვა კი ექსპერტების საქმეა. თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, ადვილი შესაძლებელია ქართულ მეცნიერებასა და ისტორიაში გადატრიალება მოხდეს, რადგანვეფხისტყაოსანსმსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენ გვესმის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს და შესაძლოა, ახლა ამის დროც არ იყოს, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა ჩვენი მოგზაურობის დროს ბევრ და საკმაოდ მნიშვნელოვან უძველეს ქართული ძეგლების ნიმუშებს წავაწყდით. საინტერესოა აგრეთვე ანისის სომეხთა მეფის გაგიკის თავნაკლული ქანდაკების აღმოჩენა*.

 

მაკა ბუაჩიძე, გაზ. ქართული სიტყვა, 14 (25), 21-27 აპრილი, 2010 წელი, გვ, 10.

 

* იხ. http://www.scribd.com/doc/24327540/

 

 

Back:

 

http://www.scribd.cm/kavta

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html