გიორგი ქავთარაძე. კავკასიის კარიბჭე. Giorgi Kavtaradze. The Caucasian Gateway. Viewpoint, - Sakartvelos Respublika, no. 179, 05.09.1996 (in Georgian).

 

კავკასიის კარიბჭე

ადამიანი რთული საზოგადოებრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ცდილობდა ჩასწვდომოდა დროის დინებით მოტანილი ცვლილებების არსს, რათა რამდენადმე მაინც განეჭვრიტა თავისი მომავალი. კაცობრიობის განვითარების გააზრება კლასიკური ხანიდან მაინც, საზოგადოების მიერ დასახულ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ინტენსიური კვლევა უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობს.

საქართველოსა და მთლიანად კავკასიისათვის სასაზღვრო ფუნქცია თვით ფიზიკური გარემოს მიერ იყო ინსპირირებული. ამის „გამომწვევ“ მიზეზს მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფო სისტემა - კავკასიონის მთავარი ქედი წარმოადგენდა, უუძველესი ხანებიდანვე მომხვდურთათვის გადაულახავი ბარიერი, რომელიც ევრაზიის ნომადებს ახლო აღმოსავლეთის ცივილიზებული მხარეებისაგან გამოყოფდა.

ნიშანდობლივია, რომ ცნობილ თანამედროვე ისტორიკოსს, დენის სინორს, ევრაზიის კონტინენტზე გამავალი ძირითადი საზღვარი კავკასიაზე აქვს გაყვანილი, რითაც იგი უგულვებელყოფდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ საზღვარს (ნაშრომი 1987 წ. არის გამოქვეყნებული). მისი აზრით, ტერიტორიულ არეალთა განსაზღვრისას ხელოვნურია განმასხვავებელ კრიტერიუმებად პოლიტიკური მოწყობილობის მიჩნევა, რომელსაც უპირატესობა არ უნდა ენიჭებოდეს უფრო ხანგრძლივად არსებულ, მყარ და ღრმად ფესვებგამდგარ ეროვნულ და კულტურულ ნიშნებთან შედარებით.

დ. სინორი ევრაზიას ერთობლიობაში განიხილავს და იგი მასში გამოყოფს ორ შემადგენელ ნაწილს, კულტურული ევოლუციის დაბალი ტემპის მქონე ცენტრალურ ნაწილს, შიდა აზიას (იგივე ცენტრალურ ევრაზიას), მომთაბარე ხალხების კერას, და პერიფერიას, რომლის გაყოლებაზეც მსოფლიოს ძირითადი ბინადარი ცივილიზაციები ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ. პირველი ზონა, ცენტრალური ევრაზია, მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას პოლონეთისა და ფინეთის დასავლეთი საზღვრებიდან წყნარ ოკეანამდე და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანიდან კავკასიამდე და სამხრეთ ჩინეთამდე - ირანელი, სლავი, ურალელი, ალთაელი და ჩინელ-ტიბეტელი ხალხების ისტორიულ სამშობლოს. მეორე ზონისათვის, ევრაზიის პერიფერიისათვის, რომელიც მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიას, დამახასიათებელია კულტურული ნიშან-თვისებების უნიკალური კომბინაცია. XX საუკუნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაყოფის თვალსაზრისით, პირველი ზონა ძირითადად ემთხვევა ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ტერიტორიას, ხოლო მეორე ზონა მოიცავს მათ გარემომცველ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებს, სამხრეთ ჩინეთისა და ამიერკავკასიის დამატებით.

როგორც ჩანს, ამიერკავკასია არ განიხილება შიდა აზიის ანუ ცენტრალური ევრაზიის ნაწილად (ეს ორი ცნება, დ. სინორით სინონიმურია, თუმცა, მეორე მათგანს იგი უფრო მართებულად მიიჩნევს), იმ მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების გამო, რომლებმაც, ისტორიული ინერციის წყალობით, მას, ცენტრალური ევრაზიისა და განაპირა ზოლის მოსახლეობას შორის არსებულ ენდემურ კონფლიქტში (რომელშიაც პირველი ჩვეულებრივ აგრესორის როლში გამოდიოდა), სავსებით გარკვეული ადგილი მიანიჭეს განაპირა ზოლის წიაღში.

კავკასია და საქართველო, ორი ზონის, ცენტრალური ევრაზიისა და ევრაზიის პერიფერიის შეხების წერტილში არიან განლაგებულნი. კავკასიის ადგილმდებარეობის საკვანძო მნიშვნელობა კარგად არის ასახული I საუკუნის რომაელი მოღვაწისა და მწერლის, პლინიუს უფროსის სიტყვებში, რომ კავკასიის კარიბჭე სამყაროს ორ ნაწილად ყოფს.

ცივილიზებული სამყაროს ძირითადი მიზანი ბარბაროსთა განდევნა იყო ოიკოუმენეს საზღვრებს იქით, მათი მოსალოდნელი შემოსევების აღსაკვეთად. მიჩნეულია, რომ ამ მგზნებარებით არის შეგულიანებული ლეგენდარული სახე ალექსანდრე მაკედონელისა, როდესაც იგი „გოგისა და მაგოგის უწმინდურ ხალხებს“ - კვინტესენციური ბარბაროსის მითიურ განსახიერებებს - ერეკება გაუვალ მთებში, „რკინის კარის“ გაღმა მდებარე მხარეში; კავკასიონის ქედს იქით იყო სემიტთა „გოგისა და მაგოგის“ და ბერძენთა „ჰიპერბორეელთა“ საუფლო.

ბარბაროსთა დამთრგუნავი ალექსანდრე დიდის სახელი, ძველეგვიპტური სფინქსის მსგავსად, ეფექტური საშუალება ჩანდა ველურ ტომთა შესაშინებლად და ამიტომ მათი შემოსევის ხიფათის გაჩენისას ისევ გაცოცხლდა ძველი ლეგენდა მის მიერ მომთაბარეთა წინააღმდეგ მოწყობილი „რკინის კარის“ შესახებ, რომლის სახელწოდებაც, „კასპიური კარი“, სხვადასხვა დროს ხან დასავლეთ ირანში მდებარე სიდარის (ფირუზ-კუხის) ხეობას უკავშირდებოდა, ხან დარიალისას (I საუკუნიდან), უფრო გვიან კი - დერბენტისას.

საყურადღებოა, რომ ძველი ქართული და სომხური მატიანეები, “მოქცევაÎ ქართლისაΔ, „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, მოვსეს ხორენაცის “სომხეთის ისტორია” ცენტრალურ ამიერკავკასიაში, ქართლში, სახელმწიფოს აღმოცენების ფაქტს ალექსანდრე მაკედონელის სახელთან აკავშირებენ, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დღემდე არ მოიპოვება ამიერკავკასიაში არა მხოლოდ ალექსანდრე დიდის, არამედ, საერთოდ მაკედონელთა ყოფნის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი და, ამრიგად, ეს ცნობები დაკავშირებული ჩანს ძველ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებთან, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე მაკედონელს მიეწერება კავკასიის კარიბჭის გამაგრება.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე დიდმა ქართლში „მოსრნა და დაატყუევნა“ უცხოტომელები, რომელთა ნაწილიც (ბუნ-თურქნი) “შეივლტოდეს კავკასიად”, ანუ ჩრდილოეთით გადახვეწილან, საიდანაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე წამოსულნი, ხოლო „დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი”, მისცა მათ მმართველად აზონი ძე იარედოსისი და ნებისმიერი სახელმწიფოს აღმოცენებისათვის აუცილებელი იდეოლოგიური საფუძველიც ჩამოუყალიბა: ''და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივსცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა". დღესაც საქართველოს რესპუბლიკის გერბზე თეთრი გიორგის თავთან, მზე, მთვარე და ხუთი მნათობია აღბეჭდილი, ხოლო მისი ცხენის ფეხქვეშ, წმიდა გიორგის ხატზე გამოსახული ურჩხულის ნაცვლად, კავკასიონის ქედია გაწოლილი, სიმბოლო ქვეყნის წინაშე დასმული ბუნებრივი „გამოწვევისა“, მისი ბედის კავშირისა მსოფლიო გეოგრაფიული და, შესაბამისად, პოლიტიკური დაყოფის ერთ-ერთ ნიშანსვეტთან.

ამიერკავკასია, და კერძოდ ქართლი (იბერია), ცივილიზებული და ბარბაროსული სამყაროების მიჯნაზე მდებარეობის გამო, ასპარეზს წარმოადგენდა ისტორიული განვითარების ორი საპირისპირო მოდელის ზემოქმედებისათვის და, შესაბამისად, სხვადასხვა ეპოქაში მათი ადგილი ცვალებადი იყო ზემოაღნიშნულ ორ სამყაროს შორის, თუმცა, კავკასიონის მთავარი ქედის ბუნებრივი ფაქტორი მათ უფრო მაღალგანვითარებული, ცივილიზირებული სამხრეთისა და დასავლეთის ბასტიონის ფუნქციას აკისრებდა განვითარების შენელებული ტემპის მქონე ბარბაროსული ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის წინააღმდეგ.

მუდმივი დაპირისპირება ბარბაროსსა და ცივილიზებულს, მიმთვისებელსა და მეურნეს, ყაჩაღსა და შემოქმედს შორის იყო ის კვესი და აბედი, რომლის საშუალებითაც დაინთო სახელმწიფოებრიობის ცეცხლი კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის გადმოღმა მდებარე ქართლში.

ვინაიდან „კავკასიის კარიბჭე“ (იგივე არაგვის, იბერიის, სარმატთა თუ ოვსთა კარი – “დარიალა”) ქართლის ხელისუფალთა ხელში იყო, გასაგები ხდება მოვსეს ხორენაცის ცნობა, რომ სომეხი მეფეები „ჩრდილოეთის მთების“ გამგებლობას “ავალებენ” ალექსანდრე მაკედონელის მიერ დადგენილ ქართლის ხელისუფლის მიჰრდატის (მკვლევართა აზრით, ამ პიროვნებაში პონტოს ძლევამოსილი მეფე მითრიდატე VI ევპატორი უნდა იგულისხმებოდეს) შთამომავლებს. ეს ცნობა მიგვანიშნებს, რომ გარკვეული ურთიერთკავშირი არსებობდა ქართლში სამეფო ხელისუფლების ჩამოყალიბებასა და „კავკასიის კარის“ დაცვის საჭიროებას შორის.

ქართლის (=საქართველოს) ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ზრუნავდა „კავკასიის კარის“ თავდაცვისუნარიანობაზე, არცთუ იშვიათად ეფექტურად იყენებდა ამ კარის ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობას და საჭიროების მიხედვით, მისი საშუალებით, ჩრდილოეთიდან გადმოყავდა ხოლმე დამხმარე სამხედრო ძალა მომხდურებთან ბრძოლის მიზნით თუ საკუთარი მტრების დასალაშქრავად.

ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზებული სახელმწიფოებისათვის, გარდა ჩრდილოეთის მომთაბარე მოსახლეობისაგან თავის დაცვის აუცილებლობისა, მათი პერმანენტული ურთიერთბრძოლის პირობებში, სასურველი ხდებოდა კავკასიონის მთავარი ქედის გადასასვლელები (ზეკარები), მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ თუ არა, ნეიტრალურ ძალას მაინც ჰქონოდა ხელში, რათა მეორე (მოწინააღმდეგე) მხარეს ჩრდილოეთიდან გადმოყვანილი ველური ძალის მეოხებით ისინი არ წაელეკა. ამის გამო ზემოთ დასახელებულ სახემწიფოთა მესვეურთათვის სასიცოცხლო საჭიროებას წარმოადგენდა უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე “კავკასიის კარის” ეფექტიანი კონტროლის შემძლე პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა ცენტრალურ ამიერკავკასიაში.

“კავკასიის კარის” კონტროლის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებას სასურველ პარტნიორად ხდიდა, როგორც სამხრეთისაკენ მუდმივი სწრაფვის მქონე ჩრდილოეთის ტომებისათვის, ასევე „გოგისა და მაგოგის უწმინდური ტომების“ შემოსევისა და მეორედ მოსვლის მოლოდინში მყოფ სამხრეთის ქვეყნებისათვის. ეს გარემოება მეტად ხელსაყრელ შესაძლებლობას აძლევდა საქართველოს ხელისუფალთ, რათა გაეწონასწორებინათ ერთმანეთის მოქიშპე ძალების დაწოლა საქართველოზე და ამით სასურველი ბალანსი შეექმნათ საკუთარი უსაფრთხოებისათვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთიდან ძალთა გადმოყვანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა, რათა ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი არ მისცემოდა და არც არასოდეს, თითქმის XIX საუკუნემდე, საქართველოს ხელისუფალთ არ გადაუციათ კავკასიის ზეკარისა და შემოსასვლელი გზების კონტროლის უფლება ჩრდილოეთის მხარისათვის, რაც, თავისთავად ცხადია, საკუთარი ქვეყნისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნებოდა, ვინაიდან სახელმწიფო დაკარგავდა თავის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას – “კავკასიის კარის” ფაქტორით მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული საქართველოს ისტორიული განვითარება.

კანონზომიერი ჩანს, რომ კავკასიონის სამივე გადმოსასვლელის (შავი ზღვის, დარიალისა და კასპიის ზღვის) გადმოღმა აღმოცენდა ამიერკავკასიის, ანუ კავკასიონის ქდის უშუალოდ სამხრეთით მდებარე სამივე სახელმწიფო: დასავლეთით - კოლხეთი, აღმოსავლეთით - ალბანეთი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - იბერია (ქართლი). საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა შეძლო სამივე სახელმწიფოს ფუნქციათა გაერთიანება და ამიერკავკასიისათვის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. XII-XIII სს. საქართველო განისაზღვრება ფორმულით: „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურამდე“, რაც ქვეყნის გეოგრაფიული პარამეტრების გარდა, იმავდროულად პოლიტიკური ფუნქციის განმსაზღვრელიცაა და კავკასიონის მთავარი ქედის გაყოლებაზე, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ერთიანი სასაზღვრო ზოლის ჩამოყალიბების აღმნიშვნელია.

კავკასიონის ქედის ზეკარების, და ამდენად ჩრდილოეთის ნომადთათა სამხრეთისაკენ მოძრაობის ერთპიროვნული კონტროლის გამო საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ დომინანტურ ძალად იქცა. მაგრამ XIII ს-დან ცენტრალური ევრაზიის მომთაბარეთა ზურგიდან, სამხრეთიდან შემოსევამ ქვეყანას საორიენტაციო კრიტერიუმები შეუცვალა. სამხრეთ-დასავლეთით ერთმორწმუნე ბიზანტიის ადგილას აგრესიული, მუსლიმური ოსმალეთი აღმოცენდა. როგორც ყოველთვის სამხრეთის მოძალებისას საქართველომ ხსნისათვის თვალი ჩრდილოეთს მიაპყრო, სადაც მეჯოგე ტომთა გაერთიანების ნაცვლად სწრაფი ტემპით ყალიბდებოდა “ახალი ბიზანტია” - რუსეთის მართლმადიდებლური იმპერია.

იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთში “მესამე რომსა” თუ “მეორე ბიზანტიას” ხედავდნენ, მხედველობიდან გამორჩათ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: რომისა და ბიზანტიის იმპერიები, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და გეოპოლიტიკური მიზნებით დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი სამფლობელოების აღმოსავლეთის განაპირას ჰყოლოდათ საკმაო ძალის მქონე მოკავშირე, რომელიც ამ იმპერიების აღმოსავლური საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფებდა კავკასიონის გადაღმა მობინადრე ნომადი ტომების შემოსევებისაგან, მათთვის კავკასიონის ზეკარების გადაკეტვით, რუსეთს კი სულაც არ ესაჭიროებოდა კავკასიონის გადასასვლელების დამცველი ძალა. რუსეთისათვის მიზანშეუწონელი იყო კავკასიონის წყალგამყოფი ქედის გადაღმა (სამხრეთით) დამოუკიდებელი და, მით უფრო, ძლიერი სახელწიფოებრივი წარმონაქმნის არსებობა, თუნდაც იგი მისი ერთმორწმუნე და მოკავშირე ყოფილიყო. ეს უნდა იყოს ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ყოველგვარი „მოკავშირეობა“ თუ „მეგობრობა“ რუსეთსა და საქართველოს შორის, უკანასკნელის ოკუპაციითა და ანექსიით, თუ ინკორპორაციით მთავრდებოდა. ჩრდილოეთიდან მომდგარი რუსეთის სულ უფრო მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიონის მთავარი ქედის გადალახვას ისახავდნენ მიზნად. ამ ქვეყანას კავკასიონის ზეკარებზე ესაჭიროებოდა არა „ტიხრებისა“ თუ „რკინის კარების“ აგება-მოწყობა, არამედ მათი „მოშლა“ და „შემტვრევა“. ცხადია ეს საქართველოსათვის საკუთარი ისტორიული ფუნქციის, „არსებობის აზრის“ დაკარგვას მოასწავებდა.

რუსეთისათვის კავკასიის კარის “გასაღების” გადაცემით საქართველომ თავის სახელმწიფოებრიობას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. კავკასიონის ზეკარის „მეციხოვნემ“ თავისი არსებობის აზრი, ფუნქცია დაკარგა; ფუნქციის გარეშე კი ვერაფერი იარსებებს, ვერც ცოცხალი ორგანიზმი და ვერც სახელმწიფო. საკუთარი “არსებობის აზრზე” ნებაყოფლობით უარის თქმას განსაკუთრებით იმ მიზეზის გამო აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ამ დროს ქვეყანას აღარავითარი ნება აღარ რჩება რათა „გამოწვევას“ გასცეს „პასუხი“ და შესაბამისად ამისა იგი, ყოველგვარ სტიმულსა და ენერგიას მოკლებული, ჩიხში ემწყვდევა. სახელმწიფოებრივად ფუნქციადაკარგული ქვეყნის მოსპობა მტრისათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს; ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას არც შემწედ, არც მოსარჩლედ და არც მოკავშირედ არავინ გამოუჩნდება. რუსეთის მიზანი საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი აზრით, ყოველთვის მეტად თანმიმდევრული იყო: მის მიზანს წარმოადგენდა ამ უკანასკნელისათვის „არსებობის აზრის“ დაკარგვა. რუსეთისათვის ეს პრაქტიკული გეოპოლიტიკური ამოცანებით იყო ნაკარნახევი. შემთხვევითი არ არის ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული აზრი, რომ „თუ საქართველო თვითონ დამოუკიდებლად აწარმოებდა პოლიტიკას, მაშინ იყო მისი რენესანსიც. როდესაც კი საქართველო უახლოვდებოდა რუსეთს, მაშინ მისი საქმეები აირეოდა, რადგანაც რუსეთის პოლიტიკაში სრულებითაც არ შედიოდა საქართველოსათვის დახმარების გაწევა. რუსეთს თავისი მიზნები ჰქონდა...“

სწორედ ამ გარემოებით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო ქართლ-კახეთის ნგრევისა და გაჩანაგების თვრამეტწლიანი პროცესი. საყურადღებოა თვით პროტექტორი მხარის სახელმწიფო საბჭოს 1801 წლის შეფასება ტრაქტატის შედეგებისა საქართველოს მიმართ: “Простая протекция, какую с 1783 г. давала Россия Грузии, вовлекла сию несчастную землю в бездну зол, которыми она приведена в совершенное изнемождение и продолжение оной на тех же основаниях неминуемо ввергнёт её в совершенную погибель“ (Архив государственного совета, т. III. Санкт-Петербург, 1878 г., стр. 1197). რუსეთის ”პროტექციისაგან” საქართველოს ”გადარჩენისათვის” აუცილებელი გამხდარა რუსეთის იმპერიის მიერ მისი სახელმწიფოებრიობის გაუქმება!

რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისათვის, რა თქმა უნდა, დაუშვებელი იქნებოდა ცენტრალურ ამიერკავკასიაში მზარდი, სტაბილური და სიცოცხლისუნარიანი ეროვნული ორგანიზმის არსებობა, რომლის სიძლიერეც უკუპროპორციულია იქ რუსეთის ბატონობის ხარისხისა.

რუსეთთან შეერთების შემდეგ, იმპერიის მესვეურთა მიერ ჩატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგად საქართველოს ეთნიკური რუკა მნიშვნელოვნად შეიცვალა; თუ 1800 წლის მონაცემებით, ქართველობა ამიერკავკასიის მოსახლეობის 43% შეადგენდა, და ეს მიუხედავად რუსეთის პროტექტორატის პირობებში, 1783-1799 წწ. ქართლ-კახეთის მოსახლეობის რიცხვის თითქმის განახევრებისა, XX ს. ოთხმოციანი წლების დამლევს ოც პროცენტს ძლივსღა აღემატებოდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, როგორც საგარეო, ისე შიდა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ანუ, როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს დაპყრობა აუცილებლობას წარმოადგენდა რუსეთისათვის, განსაკუთრებით ბაქოს ნავთის ექსპორტის საჭიროების გამო. სხვა საქმე იყო, თუ თვით საქართველო დათანხმდებოდა განხორციელებულიყო რუსეთის ეს „აუცილებლობა“.

კანონზომიერი ჩანს ის გარემოება, რომ 1920 წლის 7 მაისის საბჭოთა რუსეთისა და დემოკრატიული საქართველოს სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისა, სპეციალისტები განიხილავენ, როგორც აშკარა ნიშანს საქართველოს აღსასრულის დასაწყისისა. მიეცა რა ამ ხელშეკრულების ძალით რუსეთს საყრდენი ამიერკავკასიაში გასაბატონებლად, მართლაც, „ხელშეკრული“ და გარე სამყაროსაგან იზოლირებული საქართველოს არსებობა რეგიონში უკვე ზედმეტი გახდა.

კავკასიონის წყალგამყოფი ქედის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი გამყოფის, გადმოღმა საქართველოს მდებარეობა, როგორც ჩანს, თავისთავად არის მისი გეოპოლიტიკური პოზიციის დეტერმინანტი, ხოლო კავკასიონის ზეკარების კონტროლის საჭიროება - უმთავრესი სახელმწიფოებრივი ფუნქცია მსოფლიო პოლიტიკის გადასახედიდან. საკმარისი იყო საკუთარ ფუნქციურ დანიშნულებაზე უარის თქმა და იგი სხვა, უფრო სამხრეთით მდებარე სახელმწიფოებს დაეკისრებოდათ, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მათი გეოგრაფიული პარამეტრები არ იყო ორგანულ კავშირში ამ ფუნქციის შესრულების შესაძლებლობასთან. ამის შედეგად, იქმნებოდა მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა განაწილების არაბუნებრივი ბალანსი, რაც ვერ იქნებოდა სასარგებლო ვერც საქართველოსათვის და ვერც გარე სამყაროსათვის.

სპეციალისტთა მიერ შენიშნული, ქართული გეოპოლიტიკური ვექტორის მკვეთრი უკუქცევა შავი ზღვიდან, რაც, მათი აზრით, შესაძლოა საფუძველს უმაგრებდა საქართველოს გაერთიანების მიმართულებას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ვფიქრობთ, სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის - კავკასიონის ზეკარებზე ბატონობის - შესრულებისათვის სწრაფვის გამომხატველია. ამრიგად, ქართული ჰორიზონტალური ვექტორის ძირითად დანიშნულებად, კავკასიონის ქედის სამხრეთი კალთების გაყოლებით განვრცობა და ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მომდინარე ვერტიკალურ ვექტორთა შემოღწევისათვის გზის გადაკეტვა ისახება. რაც შეეხება ქართული ვექტორის მიმართულებას, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და არა პირუკუ, ეს იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ აღნიშნული ვექტორის ჩამოყალიბებისათვის საჭირო თავდაპირველი იმპულსი უნდა ჩასახულიყო დასავლურ, ანატოლიურ-ბერძნულ-რომაულ სამყაროში და არა აღმოსავლურ, ირანულ-მესოპოტამიურში, რაც ალბათ ბუნებრივიც იყო: შავი ზღვა (პონტო), ხომ გეოგრაფიულადაც ეგეოსურ-მედიტერანულ არეალთან ერთად, ატლანტის ოკეანის ნაწილია, წინააღმდეგ ინდოეთის ოკეანის წყლების შემცველ სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვისა, რომელთა ნაპირებთანაც მესოპოტამია და ირანი მდებარეობენ.

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი კონცეპცია, ძირითადი იდეა თუ „არსებობის აზრი“, გარდა დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კულტურულ-ეკონომიკური დაკავშირებისა, იყო კავკასიონის ქედის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილზე გადმომავალ ზეკარებზე კონტროლის განხორციელება, რაც, თავის მხრივ, ზემოაღნიშნულ დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირ-ურთიერთობათა ეფექტიანი ფუნქციონირების წინაპირობასაც წარმოადგენდა. ქვეყნის ეს გეოპოლიტიკური დანიშნულება მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული მონაცემების ერთობლიობით იყო განპირობებული.

გიორგი ქავთარაძე

1995 წლის ზაფხული.

გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა” (თვალსაზრისი), 179, 1996 წლის 5 სექტემბერი.

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon