ერთი საგაზეთო წერილის შესახებ

 

მისასალმებელია გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ამა წლის 22 ოქტომბრის გამოცემაში ადგილი რომ დაეთმო ღვაწლმოსილი პროფესორის, - გრანი ქავთარიას სამეცნიერო წერილს "ფარასმანე, არიან-ქართლის (ხორძენეს) მეფე", რომელიც ჩვენი ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ დიდ გამოცანას "არიან ქართლს", ანუ ქართველთა და მათი სახელმწიფოს წარმომავლობის ყველაზე მეტად ბინდით მოსილ საკითხების შემცველ თემას ეხება. - გრანი ქავთარია თავის წერილში ჩვეული ოსტატობით მიაპყრობს მკითხველის ყურადღებას ჩვენი ძველი ისტორიის ამ ყველაზე მეტად დამაინტერესებელი ფურცლებისადმი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს დღეს ხდება, როდესაც ჟურნალ-გაზეთებში და საზოგადოდ მასმედიაში არასათანადო ყურადღება ეთმობა საქართველოს ისტორიის ამსახველ წერილებს, რაც განსაკუთრებით უცნაურია ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში მყოფი და ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისათვის.

 

შესაძლოა, ქვემოთ გამოთქმული ჩემი მოსაზრება არ არის მართლზომიერი გაზეთში გამოქვეყნებულ წერილთან მიმართებაში, მაგრამ ვფიქრობ მკითხველისათვის საინტერესო იქნებოდა თუნდაც ორიოდე სიტყვით ყოფილიყო გადმოცემული მასში განხილული საკითხების ისტორიოგრაფია; მით უმეტეს რომ -ნი გრანი ქავთარია ავტორია ჩვენი ახალგაზრდობისათვის (და არა მხოლოდ ახალგაზრდობისათვის) საყვარელი წიგნების: "ფარნავაზი" (1999) და "აზონი - პირველი მეფე მცხეთას შინა" (2000), რომლებიც ჩვენი ისტორიის ამავე საკითხებისადმია მიძღვნილი და რომლებშიც ეს საკითხები ავტორის ამჟამინდელი ხედვისაგან განსხვავებით სრულიად სხვა რაკურსით არის წარმოდგენილი. თუ აღნიშნულ წერილში ავტორი გვაუწყებს, რომ "დიდ გადაცდომად არ მიაჩნია იმის მტკიცება, რომ ფარასმანე იყო არა ხორესმიის, არამედ ხორძენეს მეფე" და რომ "ნათლად იკვეთება, რომ "მოქცევაი ქართლისაის" არიან-ქართლი ყოფილა ძველი ქართული მხარე ხორძენე", ამასთანავე არაერთგზის შენიშნავს, რომ "ალექსანდრე მაკედონელის მოკავშირედ აღიარებული ფარასმანე, იყო არა შუა აზიის ხორასმიის, არამედ ხორძენეს, "მოქცევაი ქართლისაის" არიან-ქართლის მეფე", რომ "არიან-ქართლის მეფე... ალექსანდრეს ეახლა, როგორც ხორძენეს მეფე" და სხვ., ზემოდასახელებულ მის წიგნებში არაფერი იყო თქმული .. ხორესმიის (იგივე ხორეზმის) მეფის თაობაზე და ქართულ სამყაროსთან მისი და მისი ქვეყნის შესაძლო კავშირის შესახებ, თვით იმ გვერდებზეც კი, სადაც ხორძენეზეა საუბარი (იხ., მაგ., აზონი, გვ. 29-30).

 

არადა სასურველი იქნებოდა ავტორს გაეთვალისწინებინა, რომ წერილის სათაურში ("ფარასმანე, არიან-ქართლის (ხორძენეს) მეფე") მოცემული და წერილის დედააზრის ამსახველი ორივე კომპონენტი - .. ხორასმიელთა მეფის ფარასმანესის დაკავშირება ქართულ სამყაროსთან და ფლავიუს არიანეს "ხორასმის" გაიგივების შესაძლებლობის დაშვება იბერიულ (ქართულ) მხარესთან "ხორძენესთან" - არ არის ახალი სამეცნიერო ლიტერატურაში და არცთუ მცირე ხანია, რაც ცნობილია; თუმცა ადრე არასოდეს არ გამოქვეყნებულა ფართო მკითხველისათვის საგაზეთო წერილის სახით და ამდენად ამ საკითხების პოპულარიზაცია გამოქვეყნებული წერილის ავტორის უდავო დამსახურებაა.

 

სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე საკმაო ხანია, რაც შენიშნულია, რომ სახელწოდება "ფარასმანესი" (იგივე "ფარსმანი") იბერიის (სამეფო) სამეფო კარისათვის იყო დამახასიათებელი და არა ცენტრალურ აზიაში მცხოვრები ხორასმიელებისათვის (იხ., მაგ., . გოილაძის, . ვირთის, . ქავთარაძის, სთ. რეპის და სხვათა ნაშრომები). არც ფლავიუს არიანეს ხორასმიელთა მეფე ფარასმანესში ქართული მხარის ხორძენეს მმართველის დანახვის შესაძლებლობა არის ახალი; ამის თაობაზე ჩემი შეხედულება ქართულ ენაზე პირველად 2003 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნებულ წერილში (¹ 7-8, გვ. 94-154) - "იბერიის სამეფოს "არსებობის არსი" ძველი საისტორიო წყაროების მიხედვით" - არის გამოთქმული; სადაც, კერძოდ, შევნიშნავდი, რომ "ფლავიუს არიანეს ალექსანდრეს ლაშქრობის ტექსტში ხორასმიელთა მეფის, ფარასმანესის, სახელის ქვეშ იბერიელთა მხარის, ხორძენეს, მმართველი უნდა ყოფილიყო ნავარაუდევი" და რომ "ასეთ შემთხვევაში, არიანეს ინფორმაცია და მოქცევა" ქართლისა"- ცნობა არიან-ქართლის მეფის ძის აზოს შესახებ, რომელიც ალექსანდრე დიდის დახმარებით გამეფდა მცხეთაში, ერთიდაიმავე მოვლენის გამოძახილი უნდა ყოფილიყო" (იხ. გვ. 106, უფრო ვრცლად ამავე საკითხზე იხ., იქვე, გვ. 105-107).

 

დასასრულ, მიუხედავად ზემოგამოთქმული შენიშვნებისა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალბათ ძირითადად მაინც საგაზეთო წერილებისათვის დამახასიათებელი შეზღუდული შესაძლებლობებით უნდა აიხსნას, ჩემი მადლიერება მინდა გამოვთქვა - გრანი ქავთარიას და გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" გამომცემელთა მიმართ საინტერესო სტატიის გამოქვეყნებისათვის, მით უმეტეს, რომ მასში საკმაოდ ადეკვატურად აისახა და შეიძლება ითქვას, დამატებითი ხორციც კი შეისხა ჩემს მიერ უკანასკნელ ხანებში ჩატარებული კვლევა-ძიების შემადგენელმა ერთმა საკითხმა.

 

გიორგი ქავთარაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

23.12.2010

 

 

”საქართველოს რესპუბლიკა”

2010-12-30

ბმული: http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=23796

 

 

იხ., აგრეთვე:

 

"საქართველოს რესპუბლიკ" 2010 წლის 22 ოქტომბრი - გრანი ქავთარია. ფარასმანე, არიან-ქართლის (ხორძენეს) მეფე: http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=20227

 

და

 

მნათობი”, ¹ 7-8, გვ. 94-154 - გიორგი ქავთარაძე. იბერიის სამეფოს "არსებობის არსი" ძველი საისტორიო წყაროების მიხედვით: http://www.scribd.com/doc/33607813/

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

or

 

http://www.scribd.com/documents