კავკასიონის გეოპოლიტიკური როლი ისტორიული პერსპექტივიდან - Giorgi L. Kavtaradze

 

 

საქართველოს საპატრიარქო

კონრად ადენაუერის ფონდი

 

საქართველოში არსებული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები

 

 

სარედაქციო საბჭო: არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), თამაზ ბერაძე, როზეტა გუჯეჯიანი, როლანდ თოფჩიშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ლელა მარგიანი, ტარიელ ფუტკარაძე, ბეჟან ხორავა

 

თბილისი: ”კალამუსი”, 2009

ISBN 2345632456

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

კავკასიონის გეოპოლიტიკური როლი ისტორიული პერსპექტივიდან /გვ. 280/

 

დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს რუკაზე თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია ამიერკავკასიის ცენტრალური მდებარეობის დასანახად. მისგან ჩრდილოეთით განლაგებულია გამოკვეთილად ჩრდილოური ქვეყანარუსეთი, სამხრეთითირანი და თურქეთი, დასავლეთიდან შავი ზღვა გამოყოფს მას აღმოსავლეთ ევროპისაგან, ხოლო აღმოსავლეთით კასპიის ზღვაცენტრალური აზიისაგან. ამიერკავკასიის ასეთი შუალედური მდებარეობა მიზეზი უნდა ყოფილიყო მისი ეთნო-კულტურული მრავალფეროვნების, რაც შემჩნეული ჰქონდათ ჯერ კიდევ კლასიკური ხანის მწერლებსა და მოღვაწეებს.

 

ამიერკავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მდებარე საქართველო, ადრეული ხანების კოლხეთი და იბერია, კლასიკური ხანის ბერძნული მითოლოგიისათვის ოქროს საწმისის და პრომეთეოსის ქვეყანაა. იგი, მართლაც პრომეთეოს-ამირანისავით არის მიჯაჭვული კავკასიონის დიდ მთაგრეხილზე. საინტერესოა, რომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო გერბზე გამოსახული თეთრი გიორგის (საქართველოს ხატება) ცხენის ფლოქვებთან, წმიდა გიორგის ხატზე გამოსახული ურჩხულის ნაცვლად, ძევს კავკასიონის მთები, ქვეყნის წინაშე მდგარი ბუნებრივი გამოწვევის სიმბოლოსიმბოლო დედამიწის გეოგრაფიული, ეთნო-კულტურული და პოლიტიკური დაყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანსვეტთან მისი ბედის კავშირისა.

 

ამიერკავკასია (და კერძოდ, საქართველო) მდებარეობს არა მხოლოდ გეოგრაფიულადდედამიწის ოთხივე მხარის გზაჯვარედინზე, არამედ გზაჯვარედინზე ქრონოლოგიური თვალთახედვითაცძველ, ტოტალიტარულ და ახალ, დემოკრატიულ სამყაროებს შორის. ორივე ეს გზაჯვარედინი ამავე დროს ერთმანეთთან არის გადახლართული; ამიერკავკასიის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ჯერ ისევ არიან განლაგებული ფაქტობრივად ტოტალიტარული ქვეყნები, ხოლო დასავლეთითა და სამხრეთითმეტნაკლებად დემოკრატიული ცხოვრების წესის მქონე, ან დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე მდგარი საზოგადოებები.

 

პირველი და მეორე მსოფლიო ომებისა და კომუნისტური სისტემის კოლაპსის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აღმოცენდნენ თუ აღორძინდნენ მრავალრიცხოვანი სახელმწიფოები. ამ პროცესს დღესაც აქვს ადგილი, ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში; კერძოდ, 1918 წელს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ეს ქვეყანა სამი წლის შემდეგ, 1921 წლის თებერვალ-მარტში, დაპყრობილ ქნა საბჭოთა რუსეთის მიერ. საბჭოთა იმპერიის დასუსტებისთანავე, 1991 წლის 9 აპრილს, საერთო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე ისევ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

როგორც ჩანს, სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა გამოიწვია არა მხოლოდ კლასიკური ხანის შუაგულ ამიერკავკასიაში /გვ. 281/ სახელმწიფოებრიობის აღმოცენება, არამედ აგრეთვე განაპირობა მისი ისტორიული განვითარება საშუალო საუკუნეებში, ახალ და უახლეს ხანებში.

 

საგანგებო კვლევის მიზანი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაში შესაძლო მიმართულებათა მონახაზის წარმოდგენა, საკუთრივ საქართველოს, საზოგადოდ ამიერკავკასიისა და უფრო ვრცელი (შავი და კასპიის ზღვების აუზების მომიჯნავე) არეალის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული ტენდენციების ფონზე და ამ ტენდენციათა ურთიერთმიმართების ხასიათის გარკვევა.

 

ქართველი პოლიტოლოგები თუ ფართო საზოგადოება სამგვარ არჩევანი წინაშე:

     1. СНГ- ფარგლებში არსებულ თავდაცვით სისტემასთან (ანუ რუსეთთან) მიერთება;

     2. ნეიტრალიტეტის გამოცხადება;

     3. ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებში ინტეგრირება.

 

პრორუსული გადახრა ფაქტიურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკან გაბრუნებას სახელმწიფოებრიობის შენების გზიდან და რუსულ "ხახაში" თანდათანობით ჩავარდნას. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად საერთაშორისო გადაწყვეტილებებისა, რუსეთი ყველა ხერხებით ცდილობს საქართველოში შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა, გააფართოოს აქ თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა.

 

ნეიტრალური სტატუსი წამგებიანია ქვეყნისათვის, რომელიც პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში და, ამავე დროს გარშემორტყმულია აგრესიული მეზობლებითუპირველეს ყოვლისა, რუსეთით. თურქეთი და რამდენადმე ირანი, თავიანთი კავკასიური პოლიტიკის ხელახალი განსაზღვრის შემდეგ და საკუთარი ისტორიული ტრადიციებისაგან განსხვავებით, ცდილობენ შეძლებისდაგვარად დაიცვან რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება.

 

როგორც ჩანს, ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებში ინტეგრირება, ერთადერთი არჩევანია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს თავისუფალი განვითარება.

 

მაგრამ რამდენად შეგვიძლია დარწმუნებულ ვიყოთ, რომ დროის ხანგრძლივი პერსპექტივიდან ეს არჩევანი უპასუხებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს? რატომ ხდება აღნიშნული არჩევანი, პროდასავლური ორიენტაცია, ქართული საზოგადოების motto? რამდენად საფუძვლიანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის შიში, რომ აღნიშნული ორიენტაციის გამო, ქვეყანა და მისი მოსახლეობა იმყოფება დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოების მტერთაგან მომდინარე, წინასწარ განუჭვრეტელი და გარდაუვალი დასჯის საფრთხის ქვეშ, რის გამოც, მათი აზრით, ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია შესაცვლელია?

 

დასმული კითხვები ცხადყოფს, რამდენად დაძაბული და გაურკვეველია საქართველოში უკანასკნელი წლების პოლიტიკური სიტუაცია. ძნელი წარმოსადგენია, რომ მოიპოვებოდეს იოლი პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც აწუხებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებრიობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად მაინც უნდა შევეცადოთ მდგომარეობა უფრო /გვ. 282/ გასაგები გავხადოთ ქვეყნის ისტორიული განვითარების თვალთახედვიდან გამომდინარე.

 

თანამედროვე მოვლენების საფუძველში ადრეული ხანებისათვის დამახასიათებელი პროცესების ხასიათის შეცნობისათვის, საჭირო ხდება რეტროსპექტული ხედვის გამოყენება. საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ისარი სხვადასხვა დროს განსხვავებული მხარეებისაკენ იხრებოდა; მაგრამ რა სახის მექანიზმი განაპირობებდა ამ ცვალებადობას? რომელი იყო უდიდესი მაგნიტური ძალის მქონე მხარე, ისტორიის მანძილზე ქართული ვექტორის განმსაზღვრელი? დღევანდელობაში გასარკვევად აუცილებელი ხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

 

სამწუხაროდ, სათანადო ყურადღების გარეშეა დარჩენილი, ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფო ძალაუფლების აღმოცენებასა და კავკასიონის უღელტეხილების კონტროლის საჭიროებას შორის არსებული ურთიერთკავშირი. არადა, ეს ურთიერთკავშირი მკაფიოდ არის აღბეჭდილი რეგიონის ისტორიულ განვითარებაში. ასეთი უგულვებელყოფა ძირითადად განპირობებული იყო, უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში ამიერკავკასიის ინკორპორაციით ჯერ რუსეთისა და შემდეგ საბჭოთა იმპერიაში. ბუნებრივია, ამ იმპერიათა არცერთი ქვეშევრდომი დაწესებულება არ დაუშვებდა მსგავსი თემატიკის დამუშავებას და ვერც პოსტსაბჭოთა ხანაში იქნებოდა იგი მაინცდამაინც წახალისებული. ორივე ეს ქვეყანა (რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი) საკმაოდ წარმატებული გამოდგა ამიერკავკასიის ტერიტორიის ტოტალურ დაქვემდებარებაში; ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მათი ექსპანსიონისტური მიზნებისათვის მთელი ახლოაღმოსავლური-ხმელთაშუაზღვისპირეთული არეალის მიმართ. მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში არცერთი კავკასიელი ერი არ იყო ფაქტიურად წარმოდგენილი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, მიზეზი გახდა დასავლელი სპეციალისტების მიერ კავკასიის ისტორიის უგულვებელყოფისა.

 

კომუნისტური სისტემის რღვევამ შესაძლებლობა მისცა აღნიშნული სისტემისადმი ადრე მიკუთვნებული ქვეყნების სპეციალისტებს გამოეყენებინათ კვლევისას მათთვის ადრე წარმოუდგენელი ისეთი მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომლებიც საგრძნობლად არიან დაშორებული მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმებს და რომლებიც უკვე რამდენად მოძველებულადაც კი არიან მიჩნეული. ადრეული კავკასიის პოლიტიკურ ისტორიის შესწავლასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ოპტიმალურად არნოლდ თოინბის . . "გამოწვევისა და პასუხის", ანუ "სტიმულისა და რეაქციის" (Challenge-and-Response) მოდელის გამოყენება ჩანს, ვინაიდან, ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის იდეის წარმოქმნა-განვითარება თავის "გამოწვევასა" თუ "სტიმულს" (challenge) სწორედ ადგილობრივი ბუნებრივი და საზოგადოებრივი გარემოს "პასუხში" ანუ "რეაქციაში" (response) პოულობდა [Toynbee 1956 : 31, 101, 208 შმდ.].

 

საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სხვა ამიერკავკასიული ქვეყნების მსგავსად, ძირითადად განპირობებული იყო ამიერკავკასიის მდებარეობით დიდი კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთით. ეს მთაგრეხილი ქმნიდა ტეხილს (გეოლოგიური "რღვევის ხაზის" მსგავსად) არა მხოლოდ გეოგრაფიული, /გვ. 283/ სოციალურ-ეკონომიკური და ეთნო-კულტურული, არამედ მსოფლიოს გეოპოლიტიკური დაყოფის თვალსაზრისითაც. კაცობრიობისათვის კავკასიონის მდებარეობის უაღრესად დიდი მნიშვნელობა, ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ, ნათლად გამოხა პლინიუს უფროსმა (Plinius Magnus): კავკასიის კარი (ანუ დარიალის კარიბჭე) სამყაროს ორ ნაწილად განყოფს (n.h. 6, 30).

 

სამყაროს კონცეფცია ყოველთვის საჭიროებდა ზღვარს, აგებულს მოაზროვნე ადამიანის მიერ ბარბაროსთა საწინააღმდეგოდ, ასეთი იყო, მაგალითად, ჩინეთის დიდი კედელი ან ადრიანეს კედელი (Roman Limes). კავკასიის კარიბჭეს ანალოგიური დაცვითი კედლის ფუნქცია ჰქონდა. უხსოვარი დროიდან იგი მძლავრი წინაღობა იყო საზიარო ინტერესების მქონე ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ ცივილიზირებულ სამყაროში, ანუ ოიკუმენეში, ევრაზიელი ნომადების შეღწევის საწინააღმდეგოდ.

 

კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური უღელტეხილი, კავკასიის კარი, ხშირად მოიხსენება კლასიკური ხანის მწერლობაში, როგორც ალექსანდრეს სვეტები, ბურჯი თუ რკინის კარიბჭე [შდრ., Anderson 1932 : 15-19]. ისტორიული ლიტერატურიდან კარგად არის ცნობილი, რომ თავად ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიისაკენ. ამიტომ, საფიქრებელია, რომ ალექსანდრე დიდის სახელის კავშირი ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, ასახული სომხურ და ქართულ მატიანეებში, უნდა მიანიშნებდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ სახელმწიფოს raison d'être-ზე (არსებობის არსზე); კერძოდ, მის დანიშნულებაზე, ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროს ფორპოსტი, ამ უკანასკნელის ბრძოლაში გოგისა და მაგოგის საუფლოსთან, რომელსაც კავკასიის კარიბჭის, ანუ კავკასიონის მთავარი ქედის, გადაღმა ედო ბინა.

 

სიმბოლურია, რომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო გერბზე გვხვდებოდა დიდი მეფის ლეგენდარული ხატების მიერ ბოძებული მზის, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავის გამოსახულება. ამრიგად, ალექსანდრესეული რკინის კარიბჭის კონცეპცია წარმოადგენდა გამოხატულებას ქართული სახელმწიფოებრიობის კონკრეტული პოლიტიკური ფუნქციისა, ყოფილიყო დამცველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტისკავკასიის კარიბჭისა.

 

ზემოაღნიშნული სახელმწიფოებრივი ფუნქცია იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ადრეელინისტური ხანის ცენტრალურ ამიერკავკასიაში ქართული სახელმწიფოს წარმოქმნას. უფრო ზუსტად, კავკასიონის მთავარი ქედის უშუალოდ სამხრეთითანუ ევრაზიელი ნომადებისა და  ახლოაღმოსავლური ცივილიზირებული საზოგადოებების საკონტაქტო ზონაშისაქართველოს მდებარეობა, ძირითადი მიზეზი იყო ჩრდილოეთიდან მასზე მუდმივი გარეგანი ზეწოლის, ანუ "გამოწვევის" (challenge), რომელმაც თავის მხრივ განაპირობა "პასუხი" (response) – აღნიშნულ ზონაში ანუ ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის (იბერიის სამეფოს) აღმოცენება. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ Pax Achaemenia შეცვლა Pax Macedonicaთი იყო იბერიის (აღმოსავლურქართული) სახელმწიფოს წარმოქმნის აღმნიშვნელი ნიშანსვეტი [Toumanoff 1943 : 142, 150 შმდ,. 443; შდრ., Gugushvili 1936, 109 შმდ.]. /გვ. 284/

 

იბერიის სამეფოს "არსებობის არსი" მსგავსად, კლასიკური ეპოქის სხვა ახალი სახელმწიფოების: ალბანეთისა და ლაზიკის მნიშვნელობა განპირობებული ჩანს, ამიერკავკასიის საერთო გეოგრაფიული მდებარეობით[1]. ეს სახელმწიფოები წარმოადგენდნენ ცივილიზებული სამყაროს (ბერძნულიოიკუმენე, რომაულიorbis terarrum) ძნელად გადასალახავ ფორპოსტებს კავკასიის კარიბჭის გადაღმიდან შემოჭრილი მომთაბარე ბარბაროსი ტომებისათვის. თუმცა, არსებობდა აშკარა სხვაობა ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) დასავლურ (ბერძნულ-ბიზანტიურ) და ალბანეთისა და სომხეთის აღმოსავლურ (პართია, ირანი) პოლიტიკურ ორიენტაციებ შორის.

 

რომაელთა ერთ-ერთი კარდინალური ამოცანისახლო აღმოსავლეთში Pax Romana- შენარჩუნებისყველაზე უფრო ხელსაყრელ შესაძლებლობას კავკასიის უღელტეხილებზე განხორციელებული კონტროლი იძლეოდა. იბერიელები, რომელთა ძალაუფლება კავკასიის კარიბჭეზე ვრცელდებოდა,  რეგიონში რომაელთა ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები იყვნენ. რომაელებსა და იბერებს (ერთიდაიმავე orbis terarrum-ის შემადგენელ ნაწილებს) შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, საერთო სტრატეგიულ ინტერესებზე იყო დაფუძნებული.

 

იბერიის ხელისუფალნი პერმანენტულად და დიდი წარმატებითაც იყენებდნენ თავიანთი ქვეყნის ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობას, რათა შეეჩერებინათ ყველა მხრიდან მომდინარე აგრესია. ჯერ კიდევ, ტაციტუსი შენიშნავდა, რომ იბერიელები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა პოზიციები თავიანთ სასარგებლოდ გამოყენები "დიდი ხელოვანები"; მათ შეეძლოთ, კავკასიონის გადაღმა მხარეებიდან უეცრად "გადმოესხათ" მოქირავნეები თავიანთი მტრების წინააღმდეგ (Ann. 6, 33).

 

როგორც ჩანს, უძველესი დროიდან მომდინარეობს ქართული სახელმწიფოს სწრაფვა, გააკონტროლოს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე არსებული კავკასიონის ყველა გადასასვლელი; რაც გამოხატული საქართველო ტერიტორიული მთლიანობის ფორმულაში: "ნიკოფსიიან დარუბანდამდე". აღნიშნული ფორმულა განსაკუთრებულ მახვილს სვამს ჩრდილოეთის საზღვრის გაყოლებაზე, რომელიც გადაჭიმული იყო დაახლოებით თანამედროვე ტუაფსედან (შავ ზღვა) დერბენდამდე (კასპიის ზღვა), რომლის დაცვა და კონტროლი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა.

 

ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული არეალის სახელმწიფოთა ყველა დროის მესვეურთათვის, მომთაბარეთათვის გზის გადამკეტი კავკასიის კარიბჭის ეფექტური კონტროლის დიდი საჭიროების გამო, სასურველი იყო შუაგულ ამიერკავკასიაში, იბერიაში, მსგავსი ფუნქციის შესრულებისათვის საკმაო ძალის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა.

 

ქართული სახელმწიფოებრიობის ბედის კავშირი კავკასიონის გადასასვლელების გაკონტროლების მოთხოვნასთან მკაფიოდ იკვეთება მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ჩემი აზრით, ძირითადად ქვეყნის ამ ფუნქციის არსებობით უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომ საქართველო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს მთელ ქრისტიანულ /გვ. 285/ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ხანებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე  [Toumanoff 1943].

 

როგორც ვხედავთ, ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული საზოგადოებების დაინტერესება ცენტრალური ამიერკავკასიით გარდაუვალი იყო არა მხოლოდ ამ რეგიონის აბსტრაქტული დაცვითი ფუნქციის გამო, არამედ ძირითადად ამ უკანასკნელის მდებარეობის გამო ცივილიზებული და ბარბაროსული სამყაროების შეხების ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის ასეთი მდებარეობა განაპირობებდა მის სივრცეში ისტორიული განვითარების ამ ორი დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოდელის შეჯახებას; კავკასიონის მთავარი ქედის ფაქტორი, რომლის სამხრეთითაც ეს რეგიონი მდებარეობდა, განსაზღვრავდა მის ბედსყოფილიყო მაღალგანვითარებული და წარმატებული ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული ოიკუმენეს ფორპოსტი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების დაბალი ტემპის მქონე ევრაზიის ვრცელი სტეპების მრავალრიცხოვან და აგრესიულ მომთაბარეთა წინააღმდეგ, რომელთაც ახლო აღმოსავლეთში ლაშქრობისას პლაცდარმად ესაჭიროებოდათ საქართველოს და ამიერკავკასიის ტერიტორია.

 

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ქართველთა სახელმწიფო ისტორიულად წარმოადგენდა ცივილიზაციის ბურჯსამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის შესაყარზე.

 

მუდმივი დაპირისპირება ბარბაროსსა და ცივილიზებულს, მიმთვისებელსა და მეურნეს/შემოქმედს შორის იყო ის კვესი და აბედი, რომლის საშუალებითაც დაინთო სახელმწიფოებრიობის ცეცხლი კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის გადმოღმა მდებარე ქართ სახელმწიფოში.

          

 

დამოწმებული ლიტერატურა:

 

Anderson 1932 A. R. Anderson. Alexander's Gate, Gog and Magog, and the Inclosed Nations. The Medieval Academy of America. Cambridge, Massachusetts, 1932.

 

Gugushvili 1936 – A. Gugushvili. The Chronological-Genealogical Table of the Kings of Georgia, – Georgica, 1-3, 1936.

 

Toynbee 1956 – A. J. Toynbee. A Study of History, vol. II. London, New York, Toronto: Oxford University Press, 1956.

 

Toumanoff 1943 – C. Toumanoff. Medieval Georgian Historical Literature (VIIth – XVth

Centuries), – Traditio, I. Studies in Ancient and Medieval History, Thought and Religion. New York, 1956.

 

 

 

 

Back:

 http://www.scribd.com/people/view/400119-giorgi-leon-kavtaradze

 &

http://kavtaradze.wetpaint.com/

 &

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 



[1] დიდი კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთით აღნიშნული სახელმწიფოების მიერ ამ მთაგრეხილის სტრატეგიული ფუნქციის მქონე ზეკარების კონტროლი.