Zaal Botkoveli. What was seen by my own eyes, - Sakartvelos Respublika 280 (5009), Friday, 3rd December, 2004, page 6 (in Georgian)

 

მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახზე

 

"საქართველოს რესპუბლიკის" 3 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ გიორგი ლეონიძის შვილიშვილთან გიორგი გვინჩიძესთან.

 

ბატონი გიორგი დიდი სიყვარულით იხსენებს თავის დიდ პაპას და პოეტის ცხოვრების ბევრ საინტერესო დეტალსაც ამცნობს დაინტერესებულ მკითხველს.

 

ამავე დროს გიორგი გვინჩიძე გამოხატავს თავის შეშფოთებას პატარძეულის სახლ-მუზეუმის მდგომარეობის გამო, რომელიც, მისი თქმით, ლამის უპატრონოდაა მიტოვებული და სააწრაფო შველას მოითხოვს.

 

პირადად ვიცნობ რა ბატონ გიორგის და, ამავე დროს, ვიც არ მეპარება მის კეთილსინდისიერებაში, აღნიშნულ ფაქტს ჩემშიც პროტესტის მძაფრი გრძნობა უნდა გამოეწვია და საგანგაშო ზარებიც ერთად უნდა დაგვერისხებინა, მაგრამ...

 

აი, ეს მაგრამაა, რომ სულს მიღრღნის და ამ წერილს მაწერინებს.

 

საქმე ის გახლავთ, ბატონებო, რომ ზემოთ ხსენებული ინტერვიუს გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, დავაზუსტებ, 29 ოქტომბერს, პატივად მერგო კიდევ ერთხელ მომეხილა პატარძეული, დიდი გოგლას სახლ-მუზეუმი და თავად დავრწმუნებულიყავი, თუ როგორაა მოვლილი პოეტის ნაფუძარი, მისი ხსოვნა და, საერთოდ, რითია დაკავებული მუზეუმის ხელმძღვანელობა.

 

თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ პატარძეულის სახლ-მუზეუმის დირექტორი გახლავთ პოეტის მეორე შვილიშვილი, მისი სისხლი და ხორცი, გიორგი ქავთარაძე. რომელიც აღნაგობითაც და დღემდე რაღაც სასწაულად შემორჩენილი ბავშვური სულითაც საოცრად წააგავს მის დიდებულ წინაპარს.

 

რა ვიხილე მუზეუმში?

 

ბატონებო, ამ დანგრეულ, იავარქმნილ საქართველოში თითქმის არ მეგულება მეორე მუზეუმი, რომელსაც ასე სათუთად, ასეთი გამორჩეული სიფაქიზით უვლიდნენ.

 

შედიხარ საექსპოზიციო დარბაზებში და გრჩება შთაბედილება, რომ დიდი პოეტი ახალი გასულია აქედან და სულ მალე დაბრუნდება. უამრავი მემორიალური საგანი ანდამატივით გიზიდავს თავისკენ, რათა მათთვის ხელის ხლებით სიმბოლურად ჩასწვდე გოგლას სულის იდუმალ ხვეულს და საცნაური გახადო, თუ რა ძალამ შეაქმნევინა "ყივჩაღის პაემანი", "ნინოწმინდის ღამე", "ოლე", "ნატვრის ხე"... დიახ, ბატონებო, იმ დარბაზებში დღესაც სასწაულებრივი მისტერიის მომსწრენი ვხდებით, ჩვენს თვალწინ უკვე მერამდენედ იბადება სილამაზე, სიკეთე, სათნოება, კეთილშობილება, ვაჟკაცობა, ქედუხრელობა, ყოველივე ის, რითაც გაჯერებულია გიორგი ლეონიძის შემოქმედება და რამაც, ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდლამდე მოიყვანა ეს ქვეყანა...

 

პატარძეულის სახლ-მუზეუმი ქართული მწერლობის თაყვანისმცემელთა, ლიტერატურული პილიგრიმების მოსახილი ადგილი გახლავთ და გულწრფელად უნდა განვაცხადო - მუზეუმის დირექტორის, ფონდების მცველისა და დირექტორის თანაშემწის ნინო უსტიაშვილის, მეცნიერ-მუშაკის ნაზი ზუკაკიშვილის, ექსკურსიამძღოლის ნათია ფიცხელაურის და სხვათა უანგარო თავდადება რომ არა, ეს მუზეუმიც ისეთივე გაპარტახებული და იავარქმნილი იქნებოდა, როგორიც ასობით მუზეუმია საქართველოში.

 

მუზეუმში ვნახე პოეტის ლექსების ორი კრებული, რომელიც ამ ბოლო წლებში გამოუცია ბატონ გიორგი ქავთარაძეს ("საქართველოს ცრემლები" და "ლექსნი, თქმულნი გიორგი ლეონიძისა"). ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რასთან არის დაკავშირებული ასეთი სოლიდური კრებულების გამოცემა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი წინაპრის სიყვარულმა და მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობამ გიორგი ქავთარაძეს ეს დაბრკოლებაც გადაალახვინა.

 

პატარძეულის სახლ-მუზეუმში ყოფნისას დავინტერესდი და დავრწმუნდი, რომ მუზეუმში ინახება უნიკალური საფონდე მასალა. აქ ექსპონატთა საერთო რიცხვი 3880 ერთეულია, აქედან 1440 ცალი სხვადასხვა სახის დოკუმენტური მასალაა, 2215 ცალი - ფოტოსურათი და ნეგატივი, 35 - ფერწერული ტილო და გრაფიკა, მემორიალური ინვენტარი 160 ერთეულია. ეს ყველაფერი შენახულია და საიმედოდაა დაცული.

 

სახლ-მუზეუმის მთელი კოლექტივი თანამოაზრეებისაგან შედგება. სწორედ ამიტომ მოახერხეს და მუზეუმის ეზო გოგლას "კეთილისმყოფლებისაგან" დაიცვეს, რომლებსაც იქ "საქველმოქმედო მიზნებისათვის", თქვენ წარმოიდგინეთ, სახინკლის ჩადგმა მოუნდომებიათ... რომელ ერთ მსგავს კურიოზზე მოგახსენოთ.

 

კინაღამ დამავიწყდა. პატარძეულში, 29 ოქტომბერს ჩემი ჩასვლა, სწორედ გიორგი ლეონიძის პატარძეულის სახლ-მუზეუმის დირექციის ინიციატივით ჩატარებული სამეცნიერო სესია გახლდათ. სესია საგარეჯოს კულტურის სახლში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ეგიდით ჩატარდა. ეს გახლდათ ქართული სიტყვის ზეიმი, დიდი გოგლას ხსოვნის უკვდავყოფის კიდევ ერთი შესანიშნავი გამოვლინება. უნდა გენახათ, რა სითბო, რა სიყვარული იყო ჩაღვრილი თითოეული სტუმრისა თუ მასპინძლის თვალებში, როგორ ეფერებოდნენ, როგორ ელოლიავებოდნენ ქართული ბედაური სიტყვის სწორუპოვარი დიდოსტატის ხსოვნას, თითქოს მხოლოდ ამ დღეს იშორებდნენ იმ ყსა და ლექს, რაც ჩვენს ჯვარცმულ ქვეყანაში, ამ ბოლო ათწლეულის მანძილზე დაუგროვდათ სულში.

 

აი, სულ ეს იყო, რისი სახალხო თქმაც გადამაწყვეტინა ინტერვიუმ ბატონ გიორგი გვინჩიძესთან.

 

არავითარი სურვილი არა მაქვს ჩავერიო გიორგი ლეონიძის მემკვიდრეთა შორის წარმოქმნილ გაუგებრობებში, უფრო მეტიც, აქვე ვუდასტურებ ჩემს გულწრფელ პატივისცემას გიორგი გვინჩიძეს, ვუსურვებ წარმატებას იმ საშვილიშვილო საქმეში, რასაც თბილისში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის გახსნა ჰქვია, მაგრამ ერთს კი ნამდვილად სიფრთხილით შევკადრებდი: დიდი წინაპრის ხსოვნას უფაქიზესი მოვლა და პატრონობა ირდება. საქართველოს ახლა რომ მტერი ჰყავს, შინაური თუ გარეული, ამდენი ალბათ შაჰ-აბასის დროს არ ჰყოლია და ჩვენს მანათობელ შუქურებზე ნურავის ვახარხარებთ, ნურავის ვათქმევინებთ აუგს. გიორგი გვინჩიძე თავადაც ისტორიკოსი ბრძანდება და კარგად მოეხსენება მისი დიდი პაპის სიცოცხლეში, გასული საუკუნის პირველ ნახევარში, რასაც ნიშნავდა მაკონტროლებელი ორგანოების ვისიმე შესამოწმებლად გაგზავნა.

 

იქნებ აჯობებდა გიორგი ლეონიძის შთამომავლებს ერთად ეფიქრათ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამოცემაზე. მე თუ მკითხავთ, ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი ისაა რომ ქართველ მკითხველს, სრულიად საქართველოს, დღემდე არ გააჩნია მისი სათაყვანებელი პოეტის შემოქმედების სრული აკადემიური გამოცემა. აკადემიური გამოცემის ტომეულები კარგა ხანია მომზადებული აქვს რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს და დიდად სასურველია ეს საშური საქმე მალე მოგვარდეს.

 

თქვენთან ერთად მეც ეს იმედი მასულდგმულებს, ძვირფასო მკითხველო!

 

ზაალ ბოტკოველი

 

 

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 280 (5009), პარასკევი, 3 დეკემბერი, 2004 ., გვ. 6.

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon