გიორგი ქავთარაძე (თბილისი)

 

 

უძველესი ტაო ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით

 

 

/გვ. 133/ შუა- და ახალასურული წერილობითი წყაროების დაიაენისა და ურარტული წყაროების დიაუხის ქვეყნების ადგილმდებარეობა სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთი ანატოლიის ძველი ისტორიის ერთ-ერთი საპრობლემო საკითხია. ჯერ ისევ გასარკვევია, თუ რას უნდა აღნიშნავდნენ სივრცობრივად და ქრონოლოგიურად ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში გამოყენებული ტერმინები "დაიაენი" და "დიაუხი". კერძოდ, ყველასთვის ბოლომდე ნათელი არ არის თუ რა უნდა იყოს ნაგულისხმევი ამ ტერმინებში – ორი სხვადასხვა ქვეყანა თუ ერთიდაიგივე. უკანასკნელ ხანებში აგრეთვე ეჭვს ქვეშ დადგა – დიაუხის ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი – ქსენოფონტის "ანაბაზისის" ცნობის ტაოხთა ქვეყნის ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე ლოკალიზების შესაძლებლობაც.

 

დაიაენი/დიაუხის ქვეყნის (თუ ქვეყნების) ადგილმდებარეობის დადგენას შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს საქართველოს უძველესი ისტორიის ძირეულ საკითხთა გადაწყვეტაში; კერძოდ, გასარკვევია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მდებარეობდა ეს ქვეყანა; ხოლო თუ ძირითადად ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ტერიტორიაში ექცეოდა, რა მიმართება უნდა ჰქონოდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღმოცენების პროცესთან. ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის მიერ ხომ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ქართველი ერისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აკვნად არის მიჩნეული.

 

სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთი ანატოლიის არქეოლოგიური და ზედაპირზე არსებული ნაშთების (ციხე-სიმაგრეების, ციკლოპური ნაგებობების და სხვ.), ძველაღმოსავლური და კლასიკური ხანების წერილობითი წყაროების, ონომასტიკისა და ტოპოგრაფიულ თავისებურებათა მონაცემები ცხადყოფენ აღნიშნული რეგიონების უდიდეს შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე ადრეული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბების საკითხთან მიმართებაში. კერძოდ, ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები და დანატოვარი კულტურული ნაშთები მოწმობენ დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი "ქალაქებით", ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობის დაწინაურებული სახეობებითა და მეტალურგიით. რეგიონის სიმდიდრეთა თავდაცვის საჭიროებას ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ურარტელთა ძალმომრეობისაგან და ეკონომიკურ უპირატესობათა საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებისათვის მისწრაფებას უნდა განეპირობებინა რკინით განსაკუთრებით მდიდარი დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმოქმნა და ხუთსაუკუნოვანი არსებობა ძვ. . XII-VIII საუკუნეების მანძილზე.

 

დაიაენის ქვეყანა ასურულ ეპიგრაფიკულ წყაროებში წარმოდგენილია Daiaeni ან Daiani- ფორმით, რაც შეესატყვისება ურარტულში Diaui ან Diauei ფორმას. ხოლო ასურული დაიაენი/დაიანისა და ურარტული დიაუხი/დიაუეხის შესატყვისია ქსენოფონტის "ანაბასისში" მოხსენიებული ტაოხთა ქვეყანა.

 

მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა მდ. ევფრატის (კარა-სუ) სათავის ჩრდილოეთით (Меликишвили 1950:26-42) ანუ ისტორიული ქართული მხარის ტაოს (სომხური წყაროების - ტაОქი) რაიონში (Mанандян 1956:19; Nashef, 1982:77). შენიშნულია, რომ სომხური და ქართული წყაროების ტაОქი/ტაო ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს (მუსხელიშვილი 1980:164). დაიაენის შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარწერები: შუაასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. . 1114-1076 წწ.) მეფობის მესამე წლის, ძვ. . 1112 . წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის მონაწილე დაიაენი, ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და "ზედა" ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული (Lehmann-Haupt 1931:792, 851; შდრ., მელიქიშვილი 1951:207-209; Diakonoff /გვ. 134/ 1984:69, შენ. 127-128). დაიაენის ჩრდილოურ მდებარეობაზე მიგვანიშნებს ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის (ძვ. . 858-824 წწ.) ძვ. . 856 . ლაშქრობის აღწერილობაც, როდესაც იგი მდ. არაცანის (მურათ-სუს, იგივე აღმოსავლეთი ევფრატის) დინების ჩრდილოეთით მდებარე სუხმის ქვეყნიდან გადავიდა დაიაენიში (მელიქიშვილი 1951, 219); “სოხმე//სუხმი” დაიაენის ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრებოდა (მუსხელიშვილი 2004, 9).

 

კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა, სალმანასარ III-ის უფრო გვიანდელ, ნიმრუდის სასახლის "ფრთოსან ხარებზე" დატოვებულ წარწერაში (სტრ. 102-107). სალმანასარი გვამცნობს: “ჩემი მმართველობის მეთხუთმეტე წელს წავედი ნაირის ქვეყანაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღვთაებებს და აშურის იარაღი განვბანე მასში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, ფეხთჩამივარდა, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან, ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში” (მელიქიშვილი 1970:374; Дьяконов 1951:299). ეს ამბავი ხდება ძვ. . 844 წელს, თანამედროვე . ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით მდებარე ევფრატის სათავესთან, სადაც მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქიც, სადაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება, მდინარის სათავიდან ძალზე დაშორებული არ უნდა ყოფილიყო (Salvini 1967:22). მართებულად შენიშნავს . სალვინი, რომ სალმანასარის მიერ ევფრატის სათავესთან დაიაენის მეფის ყმად მიღების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, უნდა მიუთითებდეს ამ გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდების – დაიაენი – იდენტიფიცირების შესაძლებლობაზე ურარტული წყაროების დიაუ()ხთან და ამ უკანასკნელის მეშვეობით ქსენოფონტის მიერ მოხსენიებულ ტაოხებთან (Salvini 1995:22, 55). ასურელები და ურარტელები ხშირად განსხვავებულ ტოპონიმებს იყენებდნენ ერთიდაიმავე ადგილის აღსანიშნავად (Арутюнян 1957:97-106).

 

როგორც ირკვევა, მდინარე ევფრატი (უფრო ზუსტად, დასავლეთი ევფრატი ანუ კარა-სუ) მრავალრიცხოვან წყაროთა შეერთების შედეგად არის წარმოქმნილი, რომელთა რიცხვიც, ზოგიერთი ცნობით, ასზე მეტია. ევფრატის სათავის დასადგენად საგანგებო ძიება XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაატარა გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა მორიც ვაგნერმა. მისი ცნობით, ევფრატის სათავე წყაროს წარმოადგენს დუმლუ-სუ, რომელიც გიაურ დაღის განშტოების შემადგენელ დუმლუ დაღის ფერდობიდან გამოედინება (Wagner 1852:240, 241; Проскуряков 1905:71). აშკარაა, რომ დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქი, უნდა მდებარებულიყო იმ მთათა სისტემაში, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ სალმანასარის მიერ მონახულებულ მდინარის სათავეში აღმოსავლეთი ევფრატი (იგივე მურათ-სუ, ძველი არაცანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად არ მოიხსენებოდა ხოლმე ამ სახელით (Meликишвили 1963:117; Дьяконов 1968:125).

 

ურარტუს მეფის, მენუას (ძვ. . 810 – დაახლ. 785/80 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზლითაშიდან (თანამედროვე ეშექ ილიასი, დელიბაბას სამხრეთით, . ჰორასანიდან  დაახლ. 40 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) და ზივინიდან (დღევ. . სიუნგიუთაში, . სარიკამის სამხრეთ-დასავლეთით დაახლ. 35 კმ) გვამცნობენ, ძვ. . IX საუკუნის დამლევისა და VIII საუკუნის დასაწყისის დიაუხის (უფრო ადრეული ხანების ასურული წყაროების დაიაენის) ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდებას – შაშილუ (URUŠašilu(ni)). როგორც უკვე ვიცით, სალმანასარ III-ის წარწერაში არაფერია ნათქვამი დაიაენის დედაქალაქის სახელწოდების თაობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი სადღაც მდ. ევფრატის სათავესთან ახლოს მდებარეობდა და რომ იგი სალმანასარს დანგრევის ნაცვლად თავისი ძეგლით “დაუმშვენებია”. ვინაიდან მენუას ეს წარწერები მხოლოდ ნახევარი საუკუნით თუ არის დაშორებული სალმანასარის ლაშქრობის ხანიდან, არ არის გამორიცხული სალმანასარის წარწერაში მოხსენიებული ასიას ქალაქი, სწორედ `შაშილუ” ყოფილიყო. მით უმეტეს რომ, სალმანასარის მემკვიდრეების – შამში-ადად V-ის (ძვ. . 823-811 წწ.) და ადადნირარ III-ის (ძვ. . 810-782 წწ.) – დროინდელი, დასუსტებული ასურეთის მიერ დაიაენის დალაშქვრის შესახებ არაფერია /გვ. 135/ ცნობილი. არც ურარტუს სამეფო იყო ძვ. .  IX საუკუნის მეორე ნახევარში, მენუას გამეფემამდე, იმდენად ძლიერი, რომ დაიაენი, ანუ ურარტული წარწერების დიაუხი, დაელაშქრა. მხოლოდ ძვ. .  IX საუკუნის დამლევიდან ხდება დიაუხი ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი. რაც შეეხება იაზლითაშის წარწერაში მენუას ფრაზას: ”ის ტყვეები (?), (რომლებიც) დაბრუნდნენ, (მან) დააბრუნა მთლიანად (?)”[1], ეს წარწერა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ”ტყვეებში”, აუცილებლად დიაუხიდან წაყვანილ იმ ურარტელთა მონების დაბრუნება ვივარაუდოთ, რომლებიც ურარტუდან იყვნენ თავის ქვეყანაში გამოქცეულნი. შესაძლოა საქმე ეხებოდეს, დიაუხელთა მიერ ადრე დატყვევებულ ურარტუს ქვეშევრდომებს, რომლებიც დიაუხის მეფემ უკან დაუბრუნა მენუას, მითუმეტეს, რომ იმავე წარწერის დასაწყისში მენუა დიაუხს მოიხსენიებს, როგორც ”ძლევამოსილ” ქვეყანას. შენიშნულია, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ასეთი განმადიდებელი ეპიტეტით მოხსენიება, გამონაკლისი შემთხვევაა ურარტუს მეფეთა ტექსტებში (Меликишвили 1960:158, 159, შენ. 5).

 

მენუას იაზლითაშის  წარწერა იუწყება: “დავიპყარი მე დიაუეხის ქვეყანა, იერიშით დავიპყარი ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი, ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები (დავაქციე). მივედი (?) შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი... უტუპურშინი დიაუეხის მეფე მეახლა, ფეხებში ჩამივარდა, თავქვე დაემხო” (Меликишвили 1960:157-159; Арутюнян 2001:77-79). სოფელ ზივინში ნაპოვნ ქვის ფილაზე, რომლის მხოლოდ ორი ფრაგმენტია შემორჩენილი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, სწერია: “მენუა ამბობს: დავიპყარი მე ქალაქი შაშილუ: დაუდგი მე ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს” (Меликишвили 1960:159-160; Арутюнян 2001:80).

 

ვინაიდან ურარტუს მეფე მენუას წარწერები, დიაუხის "სამეფო ქალაქის" შაშილუს დაპყრობის შესახებ, ერთმანეთის მახლობლად მდებარე იაზლითაშსა და ზივინშია მიკვლეული, . მელიქიშვილი ვარაუდობდა, რომ იმხანად ეს მხარე დიაუხის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული და არც ამავე მხარეში, კერძოდ ზივინის რაიონში, გამორიცხავდა დიაუხის "სამეფო ქალაქ" შაშილუს ლოკალიზების შესაძლებლობას (მელიქიშვილი 1951:203; Меликишвили 1959:176, 205; Арутюнян 2001, 523), როგორც ჩანს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზივინში ნაპოვნ ზემომოყვანილ წარწერაში, მენუას მიერ ქალაქ შაშილუს დაპყრობაა ნაუწყები. ზივინთან შაშილუს . დიაკონოვიც აიგივებდა (Diakonoff 1984:171, შენ. 216). 1961 წელს გამოცემული სომხეთის ისტორიული ატლასის მიხედვით კი, ზუაინი, მდ. არაზის ჩრდილოეთით, ზივინის ადგილას, ხოლო შაშილუ, ამავე მდინარის სამხრეთით, იაზლითაშის ადგილას არიან განლაგებულნი. ორივე შემთხვევაში, დიაუხის ფარგლებს გარეთ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით (Атлас 1961:102).

 

ურარტული ხანის ზუაინა/ზუა(ნი)- (URUZuaina-Zua(ni)), თანამედროვე ზივინთან გაიგივებისა და იაზლითაშის წარწერაში შაშილუს მოხსენიების გამო, რომელიც ზუაინა/ზუა()თან ერთად არის არგიშთი I-ის (ძვ. . 785/80 – დაახლ. 760 წწ.) ხორხორულ მატიანეში ნახსენები, . არუთიუნიანის აზრით, შაშილუ სადღაც დიაუხის ვრცელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ზუაინა/ზუა(ნი) ანუ ზივინის მახლობლად უნდა ყოფილიყო განთავსებული და ამასთანავე არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მენუას ხანაში დიაუხის ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მდ. არეზის სამხრეთით იაზლითაშამდე ყოფილიყო გადაჭიმული ანუ ჰასანკალე-პასინლერსა და დელიბაბა-ველიბაბას რაიონამდე. თუმცა იგი იქვე შენიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფიქრებელი იქნებოდა, ურარტელებს ეს წარწერა დიაუხის სამფლობელოთა ფარგლების გარეთ, ურარტუსაკენ მიმავალი გზის პირას დაეტოვებინათ (Арутюнян 2001:523)[2]. იაზლითაშის მახლობლად ურარტუსაკენ მიმავალ გზაზე (ჰორასანსა და ელეშქირთ/ალაშქირთს შორის) მდებარე თაჰირის (საჩის) უღელტეხილს ურარტული ციხე-სიმაგრე აკონტროლებდა (Kleiss & Hauptmann 1976:22, № 156).

 

დიაუხის სამეფო ქალაქის, შაშილუს ადგილმდებარეობა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ერთი რამ უდავოა, დაახლ. ნახევარი საუკუნით უფრო ადრე, სალმანასარ III-ის ძვ. . 844 /გვ. 136/ წლის წარწერაში მოხსენიებული დაიაენის მეფის, ასიას ქალაქი ვერ იქნებოდა იაზლითაშისა და ზივინის მახლობლად მდებარე, თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი ევფრატის სათავესა (ერზურუმიდან დაახლ. 40 კმ ჩრდილოეთის მიმართულებით) და ამ ადგილებს შორის დაახლ. 160-170 კმ- შეადგენს. იაზლითაში და ზივინი ერზურუმიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე დღევ. . ჰორასანიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით (შესაბამისად, დაახლ. 40-20 კმ) არიან განლაგებულნი. ამასთანავე, ნაკლებად მოსალოდნელია, დაიაენი/დიაუხის ქვეყნის დედაქალაქს სალმანასარისა და მენუას ლაშქრობებს შორის გასულ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ესოდენ მნიშვნელოვნად შეეცვალა ადგილმდებარეობა და შორს აღმოსავლეთისაკენ გადაენაცვლა.

 

. მელიქიშვილი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მენუას დროს დიაუხის ”სამეფო ქალაქის” (ტერმინი, რომელიც უნდა აღნიშნავდეს სამეფო რეზიდენციასა თუ დედაქალაქს) ეპითეტით მოხსენიებული ქალაქი შაშილუ, არგიშთი I-ის დროს ურარტუს დაქვემდებარებაში გადადის, ხოლო დიაუხის ”სამეფო ქალაქად” უკვე ქალაქი – ზუაინა/ზუა(ნი) ჩანს (მელიქიშვილი 1955, 86). ვფიქრობ, არც ურარტული წყაროების ზუა/ზუანის თანამედროვე ზივინთან გაიგივების ვარაუდი (Капанцян 1947:181; Арутюнян 2001:79, Sen. 3, 523, 530) უნდა იყოს დამაჯერებელი. მართალია, არგიშთი I-ის სურბ საჰაკის (ვანის) წარწერა იუწყება, მის მიერ ზუაინა/ზუა(ნი)ში წარწერის დატოვებას (Меликишвили 1960:234-236; Арутюнян 2001:186-189), მაგრამ ზივინში შაშილუს დაპყრობის მაუწყებელი მხოლოდ მენუას, და არა მისი ძის არგიშთის, წარწერაა მიკვლეული; ეს გარემოება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს ზუაინა/ზუა()სა და ზივინის გაიგივების საშუალებას. რაც შეეხება ამ ორი, ძველი (ზუაინა/ზუა(ნი)) და ახალი (ზივინი) ტოპონიმის ფონეტიკურ მსგავსებას, ანალოგიური ჟღერადობის სახელწოდებები სხვაც არაერთი მოიძებნება იმ ტერიტორიაზე რომელიც დიაუხის ქვეყანას ჰქონდა ადრე დაკავებული[3].

 

დიაუხის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ზუაინა/ზუა(ნი) ლოკალიზების სასარგებლოდ შესაძლოა მოწმობდეს მენუას იაზლითაშის წარწერაში ამ ქალაქის დიაუხში შემავალ შეშეთის ქვეყანასთან თუ შეშეს მთასთან ერთ კონტექსტში მოხსენიება (იხ. ქვემოთ); ვინაიდან შაშილუს ქვეყნის უშუალოდ ურარტუს შემადგენლობაში მოქცევის შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად გამხდარი ზუაინა/ზუა(ნი) არგიშთი I-ის სურბ-საჰაკის წარწერების თანახმად უკვე ”ულდინი”- (. მელიქიშვილის მიხედვით, ”დიდი”-) ქვეყანაში მდებარეობდა[4], ეს გარემოება შეშეთისა და `ულდინი”- (თუ ”დიდი”-) ქვეყნების იდენტურობაზე თუ არა, მათ ნაწილობრივ ტერიტორიულ დამთხვევაზე მაინც უნდა მიგვანიშნებდეს; მითუმეტეს რომ ორივე ეს ქვეყანა, როგორც მენუას, ასევე არგიშთი I-ის წარწერაში, დიაუხის შემადგენლობაში იგულისხმება და სპეციალისტები მათ დიაუხის ქვეყნის გადაღმა ანუ მის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარედ მოიაზრებენ[5]. /გვ. 137/

 

გარდა ამისა, ურარტუს მიერ შაშილუს აღების შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად შაშილუს ნაცვლად ზუაინა/ზუა(ნი) გახდომა, თავისთავად უნდა მოწმობდეს შაშილუსთან მიმართებაში ზუაინა/ზუა(ნი) უფრო დიდი მანძილით დაშორებაზე ურარტუს საზღვრებიდან, რასაც ადგილი ვერ ექნებოდა ჰორასანის-სარიკამიშის გზის დასავლეთ სექტორში მდებარე ზივინსა თუ იაზლითაშის შემთხვევაში, რომლებიც ევფრატის სათავის მხარესთან შედარებით ურარტუს საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარეობდნენ, ძველი ბასიანის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. არეზის ხეობაში. ზუაინა/ზუა(ნი) აქ ნავარაუდევი ლოკალიზაცია არ შეესაბამება აღნიშნულ რეგიონში იმ ხანად შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას.

 

მენუას ზემომოყვანილ იაზლითაშის წარწერაში ერთიდაიმავე კონტექსტში ”შეშეთის ქვეყნის, ქალაქ ზუასა და ქალაქი უტუხაის” მოხსენიებაც, თითქოს უფრო მდ. ჭოროხის შუა წელის მარჯვენა შენაკადების ზონაზე უნდა მიგვანიშნებდეს, ვიდრე მდ. არეზის ზემო წელსა და მის მახლობლად მდებარე მხარეებზე. . არუთიუნიანის მიხედვით, ქალაქ უტუხაის მხარის სახელწოდება (URUUuai asuni) მეტათეზის დაშვების შედეგად შესაძლოა უკავშირდებოდეს თორთუმ-ჩაის მარჯვენა შენაკადთან მდებარე ”უხტა/ოხდა”- (Арутюнян 2001:529), ხოლო . დიაკონოვი და . ქაშქაი ამ ტოპონიმს `Uhta”- სახით წარმოადგენენ (Diakonoff & Kashkai 1981:97). . ბაქრაძის რუკაზე იმავე ადგილას ”ოხტა” არის აღნიშნული (Бакрадзе 1878, რუკა).

 

აღსანიშნავია, რომ . ბაქრაძის იმავე რუკაზე ”ოხტა”- სამხრეთ-დასავლეთით ”აზორდ/აზორთ”-ია აღნიშნული. ეს სახელი იმავე სამოსახლოსა და ზოგადად თორთომის ხეობის აღმნიშვნელად – ”აზორდაცფორი” – ცნობილია ჯერ კიდევ ”VII საუკუნის სომხური გეოგრაფიიდან” (Hewsen 1992:65-65A, 204, შენ. 243, 209, შენ. 253). ამ დასახლებული პუნქტის თანამედროვე თურქული სახელია უზუნდერე და მას სამხრეთიდან უშუალოდ ესაზღვრება შუა თორთომის ხეობის უმძლავრესი ციხე-სიმაგრე – აღჯა-ყალა. იქნებ თორთომის-წყლის შუა დინებაზე განლაგებული აღჯა-ყალა წარმოადგენდა ზუაინა/ზუა(ნი)?

 

თუ ზუაინა/ზუა(ნი) ვერ გავაიგივებთ ზივინთან, მაშ რა უნდა ყოფილიყო იაზლითაშსა და ზივინში ურარტული წარწერების არსებობის გამომწვევი მიზეზი? . სალვინი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც იაზლითაში, ასევე ზივინი, ერზურუმ-ყარსის შარაგზაზთან მდებარეობენ, რომელიც უკვე ურარტელთა ხელში იქნებოდა იქ ნაპოვნი წარწერების შედგენის ხანაში (Salvini 1995:54)[6], ხოლო . საგონა იაზლითაშსა და ზივინს ათავსებს ძველ ურარტულ გზაზე, რომელიც თაჰირის უღელტეხილის გავლითა და მდ. არეზის ზემო დინების გადაკვეთის შედეგად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა; იგი თვლის, რომ იაზლითაშისა და ზივინის წარწერების ადგილმდებარეობა უკვე თავისთავად უნდა მიგვანიშნებდეს აქ ურარტული გზის არსებობაზე (Sagona 2004:304, 306, შენ. 39). როგორც ჩანს, არცთუ იშვიათად ურარტელები წარწერებს დალაშქრული მხარეებისაკენ მიმავალ გზებთან ათავსებდნენ ხოლმე.

 

ის გარემოება, რომ მენუა შაშილუს აღების შემდეგ მიემართება შეშეთის ქვეყნისა და ქალაქ ზუაინა/ზუა(ნი)საკენ, უნდა მიუთითებდეს ერთი და იმავე ვექტორზე მათი განლაგების სასარგებლოდ, რომლის დასაწყისში ქალაქი შაშილუ, ხოლო მის გადაღმა, სავარაუდოა, ჩრდილოეთით, შეშეთის ქვეყანა და ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი) მდებარეობდნენ. თუ შეშეთის ქვეყანა შავშეთია, მაშინ გამოდის, რომ შაშილუ ურარტუდან შავშეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა და მისგან უფრო სამხრეთით უნდა ყოფილიყო განლაგებული[7]; ამდენად დასაშვები ხდება თორთომის-წყლის ხეობაში მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ერზურუმის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილზე გაბატონებულ ევფრატის სათავის მხარეში ქვეყნის მთავარი ქალაქის მდებარეობა, ამ უკანასკნელს დიდ სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა და შესაბამისად ასიას ქალაქის აქ არსებობა, სალმანასარის წარწერაში ევფრატის სათავის /გვ. 138/ მხარეში მისი ლოკალიზების შესახებ ცნობის გარეშეც, თავისთავად უფრო მოსალოდნელი იქნებოდა ვიდრე იაზლითაშ-ზივინის სექტორში.

 

”შაშილუს" ლოკალიზაციისას გასათვალისწინებელია, მდ. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის, დუმლუ-სუს სათავეებიდან (როგორც ითქვა, აქ რამდენიმე ათეული ნაკადული იყრის თავს) დაახლ. 20-30 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის (თურქ. Tortum-ηay) ზედა წელთან მდებარე თორთომის ციხე (თურქ.Tortum-kale) და მისი შემოგარენი. როგორც ირკვევა, თორთომის ციხესთან ერთ დროს დიდი ქალაქი უნდა არსებულიყო (Sinclair 1989:14).

 

თორთომის ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. . რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა, რომელიც შემდეგ ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს გაყოლებითა და ქართლის ყელისგურჯი ბოღაზის”) გავლით სამხრეთით, . ერზურუმისკენ მიემართებოდა. თორთომში ისპირ-ერზურუმის გზა ნარიმან-ოლთისის გზით იკვეთება, ხოლო მესამე, ჩრდილოეთის გზა, მდ. თორთომის-წყალს მიყვება და შემდეგ მდ. ჭოროხის გაყოლებით, ამ უკანასკნელის შესართავთან შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს.

 

შემთხვევითი არ ჩანს ის გარემოება, რომ სწორედ თორთომის ციხე წარმოადგენდა XV საუკუნის დასაწყისში თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს (Clavjo 1928); ხოლო 1549 . დეკემბერში ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი იუწყება ოსმალთა მიერ თორთომის ციხისა და აღჯა-ყალას აღებას და თორთომს "გურჯისტანის ქვეყნების” დედაქალაქად მოიხსენიებს (აბულაძე  1993:259).

 

ისტორიულად თორთომის ციხე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიჯნას დარაჯობდა.

 

როგორც ზემოთ ითქვა, სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ ხანაში, დაიაენი/დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ საფიქრებელია, რომ ასიას სატახტო ქალაქი სწორედ შემდეგდროინდელი დიაუხის დედაქალაქი შაშილუ უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ბგერები: s და š, r და l, o და u ურარტულ დამწერლობაში ერთმანეთისაგან არ განირჩევა (Меликишвили 1960:46), ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის კვლევისას რეკომენდირებულია š- s-, ხოლო u- o- წაკითხვა (Diakonoff 1984:194, შენ. 82; 29, Diakonoff & Kashkai 1981:xi; 37, 122)[8], ტოპონიმი "შაშილუ" უნდა წავიკითხოდ, როგორც "სასირო" ან "სასილო". . მელიქიშვილი ამ ტოპონიმს "სასილო"- ფორმით აღადგენდა (მელიქიშვილი 1970:375, 377).

 

ფორმა ”სასილო” საინტერესოა იმ მხრივ, რომ თორთომის ციხეს დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ეკვრის თურქული სოფელი საირი (თურქ. Sağır ანუ “ყრუ”, ამჟამად . Esen-durak- ანუ “ჯანსაღი ბანაკი”, ვახუშტის თქმითაც თორთომი ადგილია "მოსავლიანი, პირუტყΒანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი"), რომლის ძველი ქართული სახელწოდებაა "სასირე" (შდრ., ბარამიძე 1923), საკმაოდ ახლო მდგომი ურარტულ სამეფო ანალებში დადასტურებულ ტოპონიმ ”სასილო”-სთან. შესაბამისად, თუკი ტოპონიმი "სასირე" ურარტული წყაროების "შაშილუ"-სთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის წაკითხვისას ფორმა ”სასილო”-სთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს – “სასიროს"[9]. სა-სირ-- პარალელური ყალიბია სა-სირ- (აფრიდონიძე/მაკალათია 1980:287, 289).

 

ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთომის ციხე, ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და გაბატონებული მდგომარეობა ეკავა მდ. ევფრატის სათავეებსა და საზოგადოდ ერზურუმის მხარეზე, სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი და ამასთანავე დიაუხის ქვეყნის ადრეული ხანის დედაქალაქი “შაშილუ”, რაზედაც აქ ტოპონიმ "სასირეს" არსებობაც უნდა მიგვანიშნებდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ურარტუს ისტორიის ცნობილი სპეციალისტი . პიოტროვსკი ქალაქ შაშილუს ათავსებდა X საუკუნის ქართული მონასტრის, ხახულის ადგილას, რომელიც თორთომიდან მხოლოდ ოციოდე კილომეტრით თუ იქნება დაშორებული (იხ. კუფტინი. 1949:315). ხოლო . . ჰევზენი ამ ქალაქს კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ჭოროხის შუა /გვ. 139/ დინებასთან ერთ-ერთი მცირე შენაკადის შეერთების ადგილთან მდებარე არსის/ერსისთან ეძებს (Hewsen 1992:206, შენ. 243, 210, შენ. 256).

 

წინამდებარე კვლევის თვალსაწიერიდან მნიშვნელოვნად გვესახება ის გარემოება, რომ “შაშილუსა” და მისი მსგავსი ძირების შემცველი ტოპონიმების ეტიმოლოგია გაურკვეველად არის მიჩნეული (Astour 1987:35). ამ მხრივ გარკვეული დატვირთვა იქნებ ტოპონიმ "სასირო"- მიეცეს, რომელიც შესაძლოა დიაუხის მოსახლეობის ქართველურობაზე მიგვანიშნებდეს; "სასირე" ხომ ძველქართულად "ჩიტების ადგილს" ნიშნავს. ტოპონიმი "სასირეთი" დასტურდება თეძმის ხეობაში და ცხინვალ-სამაჩაბლოს ხეობებში. სოფელ აჭყვისთავთან (აჭარაში, . ქობულეთის ჩრდილო-დასავლეთით) სამ ადგილას დასტურება ტოპონიმი – “სასირე”[10]. . კლიმოვმა ჩიტის აღმნიშვნელი *სირ-არქეტიპი აღადგინა ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის (Климов 1964, 163). დღევანდელ ქართულშიც სიტყვა ”სირ-” ”ჩიტის” მნიშვნელობით ასახულია სიტყვებში: სირ-აქლემ-; სარ--სირ- – ”ღობემძვრალა” (ფენრიხი/სარჯველაძე 2000:403).

 

საგულისხმოა, რომ მდ. ევფრატის სათავეების მხარეში, მოგზაურები იუწყებიან ხოლმე ფრინველთა გამორჩეულ სიჭარბეს. თორთუმ-ჩაისა (თორთომის-წყლის) და ოლთუ-ჩაის (ოლთისის-წყლის) წყალგამყოფ ქედს დღესაც თურქულად ეწოდება – Kargapazarlı dağları ანუ ”ყვავთა ბაზრის მთები", ხოლო ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს შემადგენელი წყაროების სათავეების მქონე და ამავე დროს მტაცებელი ფრინველების ბუდეებით გამორჩეულ მთას – Kuş-kuşların baş- ანუ “ჩიტთა თავების მთას” (Проскуряков 1905:70, 71)[11].

 

დიაუხის ქვეყნის მოსახლეობის წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, ითვალისწინებენ ხოლმე, აგრეთვე, დიაუხის შემადგენელი ქვეყნების – შეშეთის, დიდის და სხვ. – სახელწოდებათა ქართულ ჟღერადობას. პირველ ტერმინში გამოყოფენ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელ ქართულ -et სუფიქსს და მას აიგივებენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მდებარე მხარის – ”შავშეთისსახელთან (Меликишвили 1954:60; მაისურაძე 1991:18-22)[12], თუმცა, ვინაიდან რეკომენდირებულია ურარტული š- s- გახმოვანება, ეს ტერმინი უნდა იკითხებოდეს, როგორც ”სესეთი” (შდრ., მელიქიშვილი 1970:375). მენუას იაზლითაშისა და არგიშთი I-ის სურბ საჰაკის წარწერათა შეპირისპირება, როგორც უკვე ითქვა, ცხადყოფს, რომ შეშეთი დიაუხის ქვეყნის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენდა, ვინაიდან არგიშთის მიერ ნახსენები დიაუხის სამეფო ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი), მენუას წარწერის მიხედვით შეშეთის ქვეყანაშია. მეორეს მხრივ, დაიაენის ტერიტორიისა და შეშეთის თანხვდენაზე შესაძლოა მიუთითებდეს ტიგლათფილესერ I-ის ზემოაღნიშნული წარწერა, რომლის მიხედვითაც დაიაენის ნაირის ქვეყანათა ჩამოთვლისას, ხოლო “შეშეს მთას” ნაირის მთებს შორის ბოლო ადგილები უკავიათ (Меликишвили 1959:178), რაც მათ ყველაზე უფრო ჩრდილოურ მდებარეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს მათთან ერთად ერთ კონტექსტში ჩამოთვლილ სხვა ქვეყნებთან და მთებთან შედარებით. ამისდა შესაბამისად, მათ ადგილმდებარეობას მდ. ჭოროხის შუა დინების ჩრდილოეთით განსაზღვრავენ ხოლმე (Арутюнян 1970:417; Арутюнян 1985:246). იქვე, შავშეთსა და ჭოროხს შორის, მდებარეობდა ვახუშტის ცნობით, მთა შავშეთისა (ვახუშტი 1973:680-5). დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე ეძებენ ”სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში” მოხსენიებულ შეშის მთასაც: “მთაჲ ესე მაღალი არს. თავი ყოველთა ამათ ქედთაჲ, რომელსა ჰრქვიან თავი შეშეთაჲ” (მაისურაძე 1991:21-22; ცეცხლაძე 2000:10). გამოთქმულია ვარაუდი, ტყიანი მხარის – “შავშეთის” აღმნიშვნელი და ტერმინ “შეშეთთან” ახლო მდგომი სახელწო/გვ. 140/დების მიღების შესახებ სიტყვა “შავი”-სა და ძველ ქართულში “ხე” სიტყვის მნიშვნელობით ხმარებული სიტყვა “შეშა”-საგან, -et სუფიქსის დართვის შედეგად (მაისურაძე 1991:21-22).

 

თუ კი დასაშვები იქნებოდა შავშეთში დიაუხის სამეფო ქალაქ ზუაინა/ზუა(ნი) ლოკალიზება, ტოპონიმ “ზუა”-სთან მიმართებაში გასათვალისწინებელი გახდებოდა ქართული ფუძე ზუ-, აქედან -ზუ-არ-, რაც ნიშნავს “მზიან ადგილს”. სულხან-საბას მიხედვით: “მზუარე, ადგილი მზის მდეგი (მზე-მდეგი (ორბელიანი 1966:472). საინტერესოა, რომ . წერაქვის (ქვემო ქართლი) მიდამოებში შუა საუკუნეების ციხეს ჰქვია ”დიდი მზიგული”. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მეორე ქართული სიტყვა – “ზუავ-”, ანუ გოროზი, ამაყი: “ზუავი იგი ნაბუქოდონოსორ” (აბულაძე 1973:169).

 

ქართული თუ ქართველური კუთვნილების სახელებად მიჩნეულია, სავარაუდოდ დიაუხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, არგიშთი I-ის ძის სარდური II-ის წარწერაში მოხსენიებული ცუდალა (URUudala) რომელშიც . მელიქიშვილი გამოჰყოფს ქართულ სიტყვას – “ცუდ-”- და ქართულივე სუფიქსს – “()ლა”- და აგრეთვე იმავე წარწერიდან ცნობილი ტოპონიმები ფუზუნია და ალქანია (Меликишвили 1954:115; Меликишвили 1960:287). აღსანიშნავია, ისიც, რომ ყარსისა და არტაანის სანახებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვიანბრინჯაო-ადრეული რკინის ხანის მცხეთა-სამთავროს კერამიკის ანალოგიური ჩანს (მუსხელიშვილი 2001:16).

 

დიაუხის ქვეყნის საპირისპირო, ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე, ჭოროხის ხეობაში ყალიბდებოდა დიაუხის მეტოქე და მემკვიდრე ქვეყანა, ურარტული ლურსმული წარწერების "კულხა" (KURQula) – კოლხეთის ადრეული სახელმწიფო, ურარტუს სამეფოს ახალი მეტოქე ჩრდილოეთის სატრანზიტო გზებისათვის ბრძოლაში. დროის მსვლელობასთან ერთად ჭოროხის აუზში მდებარე კულხა შეცვლა შავიზღვისპირეთში მდებარე ძველბერძნული წერილობითი წყაროების "კოლხიდამ" (ინაძე 1993:43-52). სწორედ ჭოროხის დინებას უნდა უკავშირდებოდეს კოლხეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის თანდათანობითი გადანაცვლება სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ნავარაუდევია, რომ ძვ. . VII საუკუნიდან, როდესაც ადგილი აქვს ბერძნული ახალშენების მოწყობას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე, აქ ამ დროს არსებული დიდი პოლიტიკური წარმონაქმნის – ”კოლხას" სახელი გადაიქცა ამ მხარეების ვრცელი ტერიტორიის ზოგად აღმნიშვნელად, კრებითი სახელწოდება ”კოლხიდის” სახით (მელიქიშვილი 1955:87, 88).

 

რაც შეეხება დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმომავლობის საკითხს, არ არის გამორიცხული, რომ დაიაენი ხეთური წყაროების ხაიასას (შდრ. ხალიბი/ხალდი/ხალიტუს (Дьяконов 1952:111-112) – ანატოლიური სამყაროსათვის დამახასიათებელი l და i ბგერების მონაცვლეობის გათვალისწინებით) ქვეყნის მემკვიდრე იყოს (შდრ., Пиотровский 1949:46). გარდა ორივე ქვეყნის ჭოროხისა და ევფრატის ზემო წელის მხარეებში მდებარეობის ნაწილობრივი დამთხვევისა (უფრო დღევანდ. . ერზინჯანის მიდამოებში), შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს ამ ორი ქორონიმის (აია-სა, აია-ენი) ფუძეებისა და "აია"- საერთო წარმომავლობის დაშვება[13], თუკი აიხსნება ანლაუტში დენტალური[14] და ველარული ფონემების მონაცვლეობა ნულთან. ეს სრულიად ახალ პერსპექტივებს დასახავდა რეგიონის უძველესი ისტორიის საკითხთა კვლევისას. ეთნო-ტოპონიმების მსგავსი პარალელური ვარიანტები დასტურდება ძველ წერილობით წყაროებში (შდრ. ხალიბი/ალიბე, ხარიმატი/არიმატი, ხაბარენი/ობარენი, ტოსარენე/ოსარენე, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, თორეტი/ორეტი, თუნი/უნი და . ., ეგებ არდ-/-ართ-[15] და უფლისი/ტიფილისიც[16]). /გვ. 141/

 

ზემოაღნიშნული გარემოებანი და დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი დედაქალაქის დღევანდელი თორთუმ-კალესა და . ესენ-დურაქის ადგილას, ზემოთ ნავარაუდევი, ლოკალიზაცია, შესაძლოა, ძვ. . IX -ში არსებული უძველესი ქართული დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებასაც იძლეოდეს. ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ ამ მხარის არქეოლოგიურ შესწავლას შეუძლია[17].

 

 

ლიტერატურა

 

1.    აბულაძე 1973 = . აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი: ”მეცნიერება”.

 

2.   აბულაძე 1993 = ც. აბულაძე. საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების სახელწოდებანი ოსმალურ წერილობით ძეგლებში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: ”მეცნიერება”.

 

3.   აფრიდონიძე/მაკალათია 1980 = შ. აფრიდონიძე, ფ. მაკალათია. ქართული ოიკონიმები. 3. განმეორებადი პრეფიქსები (ნა-; სა-), – ტოპონიმიკა II, შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით. თბილისი.

 

4.   ბარამიძე 1923 = საქართველოს ისტორიული რუკა. შედგენილი ტოპოგრაფ ევ. ბარამიძის მიერ, პროფ. ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით. თბილისი: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამოცემა.

 

5.   ბურჭულაძე/შავხელიშვილი 1993 = . ბურჭულაძე, . შავხელიშვილი. ”ქართლის”, ”საქართველოს” აღმნიშვნელ სიტყვათა თაობაზე ნახურ-დაღესტნურ ენებში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: ”მეცნიერება”.

 

6.   გოგიტიძე 2002 = . გოგიტიძე. სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს საისტორიო გეოგრაფია (ძვ. წ. XII-IV სს.). თბილისი: ს.ს. "გამომცემლობა აჭარა".

 

7.   ვახუშტი 1973 = ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი: ”საბჭოთა საქართველო”.

 

8.   ინაძე 1993 = . ინაძე. ტერმინები ”კოლხი” და ”კოლხეთი” ანტიკურ მწერლობაში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: ”მეცნიერება”.

 

9.   კუფტინი 1949 = . კუფტინი. საქართველოს ძველი ეთნო- და ტოპონიმიკის ზოგიერთ გაურკვეველ შემთხვევაზე უცხო წყაროებით, – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. X, 5.

 

10.  მაისურაძე 1991 = . მაისურაძე. აღმოსავლურქართულ ტომთა კვალი ძვ. . XII საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე (ერთი ტოპონიმის იდენტიფიკაციის მაგალითზე), – ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევები. თბილისი: ”მეცნიერება”.

 

11.   მელიქიშვილი 1951 = გ. მელიქიშვილი. უძველესი სამეფო სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, – მიმომხილველი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორის ინსტიტუტი), II.

 

12.  მელიქიშვილი 1955 = . მელიქიშვილი. საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის. თბილისი.

 

13.  მელიქიშვილი 1970 = . მელიქიშვილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, - წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I. თბილისი.

 

14.  მესხია/გვრიტიშვილი/დუმბაძე/სურგულაძე 1958 = . მესხია, . გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე. თბილისის ისტორია. თბილისი.

 

15.  გიგინეიშვილი/გიუნაშვილი 1979 = მოქცევაჲ ქართლისაჲ – შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ვლ. გიუნაშვილმა. თბილისი.

 

16.  მუსხელიშვილი 1980 = . მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II. თბილისი: გამომცემლობა ”მეცნიერება”.

 

17.  მუსხელიშვილი 2001 = . მუსხელიშვილი. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის წარმოქმნის ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნიკურ-კულტურული საფუძვლები. – ანალები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), 1. /გვ. 142/

 

18.  მუსხელიშვილი 2004 = მუსხელიშვილი 2004 = . მუსხელიშვილი. “დაიაენი” – “დიაოხის” ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობისათვის. – ანალები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), 1.

 

19.  ორბელიანი 1966 = სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, წიგნი I. თბილისი: გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო”.

 

20. სიხარულიძე 1958 = . სიხარულიძე. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წიგნი I. ბათუმი: სახელმწიფო გამომცემლობა.

 

21.  ფენრიხი/სარჯველაძე 2000 = . ფენრიხი, . სარჯველაძე. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. თბილისი: სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა.

 

22.  ცეცხლაძე 2000 = . ცეცხლაძე. შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია. ბათუმი: “გამომცემლობა აჭარა”.

 

23.  ჯოჯუა 1976 = . ჯოჯუა. ქართული ტოპონიმები ბერძნულ წყაროებში, – ტოპონიმიკა I, შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით. თბილისი.

 

24.  Атлас 1961 = Атлас Армянской Советской Социалистической Республики. Ереван-Москва, карта: Государство Урарту и сопредельные страны в VIII-VII вв. до н. э.

 

25.  Арутюнян 1957 = Н. В. Арутюнян. Даинала-Тини (Из истории иригации в Урарту), – Известия Академии Наук Армянской ССР, Общественные Науки 4.

 

26.  Арутюнян 1970 = Н. В. Арутюнян. Биайнили (Урарту). Ереван.

 

27.  Арутюнян 1985 = Н. В. Арутюнян. Топонимика Урарту. Ереван.

 

28.  Арутюнян 2001 = Н. В. Арутюнян. Корпус Урартских Клинообразных Надписей. Ереван: Издательство «Гитутюн» НАН РА.

 

29.  Бакрадзе 1878 =  Бакрадзе. Археологическое Путешествие по Гурии и Адчаре. СПб.

 

30.  Дьяконов 1951 = И. М. Дьяконов. Ассиро-Вавилонские источники по истории Урарту, – Вестник древней истории № 2.

 

31.  Дьяконов 1952 = И. М. Дьяконов. Заметки по урартской эпиграфике, VI. Москва -Ленинград.

 

32.  Дьяконов 1968 = И. М. Дьяконов. Предыстория армянского народа. Ереван: Издательство АН Армянской ССР.

 

33.  Капанцян 1947 =  Капанцян. Хайаса – колыбель армян. Этногенез армян и их начальная история. Ереван: Издательство Академии наук Армянской ССР.

 

34.  Климов 1964 = Г. А. Климов. Этимологический словарь картвельских языков. Москва.

 

35.  Mанандян 1956 = Я. А. Mанандян. О некоторых спорных проблемах истории и географии древней Армении. Ереван: Айпетрат.

 

36.  Меликишвили 1950 = Г. А. Меликишвили. Диауехи (из истории Южного Закавказья в древневосточную эпоху). Вестник Древней Истории 4.

 

37.  Меликишвили 1954 = Г. А. Меликишвили. Наири-Урарту. Тбилиси.

 

38.  Меликишвили 1959 = Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси.

 

39.  Меликишвили 1960 = Г. А. Меликишвили. Урартские клинообразные надписи. Москва.

 

40.  Меликишвили 1963 = Г. А. Meликишвили. Ассирия и "Страны Наири" на рубеже XII­XI вв. до н. э., – Вестник Древней Истории № 2.

 

41.  Пиотровский 1949 = Б. Б. Пиотровский. Археология Закавказья с древнейших времен до I тысячелетия до н. э. Курс лекций. Ленинград.

 

42.  Проскуряков 1905 = Я. С. Проскуряков. Заметки o Турции (Записки Кавказского Отдела Императорского Русского Географического Общества. Книжка XXV, выпуск 1-й.). Тифлис.

 

43.  Allen  1960 = W. E. D. Allen. Ex Ponto, V. Heniochi-Aea-Hayasa. – Bedi Kartlisa, Revue de kartvιlologie, VIII-IX, 34-35.

 

44.  Astour 1987 = M. C. Astour. Semites and Hurrians in Northern Transtigris, – Studies on the Civilization and Culture of Nuzi and the Hurrians, vol. 2. General Studies and Excavations at Nuzi 9/1. Edited by D. J. Owen & M. A. Morrison. Winana Lake, Indiana: Eisenbrauns.

 

45.  Clavjo 1928 = R. G. Clavjo. Embassy to Tamerlane 1403-1406 (trans. G. Le Strange. New York & London.

 

46.  Diakonoff 1984 = M. Diakonoff. The Pre-History of the Armenian People. Translated from the Russian by Lori Jennings. With revisions by the Author. Delmar, New York: Caravan Books.

 

47.  Diakonoff & Kashkai 1981 = I. M. Diakonoff & S. M. Kashkai. Geographical Names According to Urartian Texts. Rιpertoire Gιographique des Textes Cunιiformes IX. Beihefte zum Tόbinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 7. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag.

 

48.  Hewsen 1992 = Hewsen, R. H. The Geography of Ananias of Širak (Ašxarhac'oyc'), The Long and Short Recensions. Introduction, Translation and Commentary by R. H. Hewsen. Beihefte zum Tόbinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 77. Wiesbaden.

 

49.  Hόsing 1933 = G. Hόsing. Die Vφlker alt-Kleinasiens und am Pontos. Wien.

 

50.  Kleiss & Hauptmann 1976 = W. Kleiss & H. Hauptmann. Topographische Karte von Urartu. Verzeichnis der Fundorte und Bibliographie. Berlin.

 

51.  Kφnig 1955 = F. W. Kφnig. Handbuch der chaldischen Inschriften, I. Graz.

 

52.  Kφnig 1957 = F. W. Kφnig. Handbuch der chaldischen Inschriften, II. Graz.

 

53.  Lehmann-Haupt 1931 = C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt. Band II, 2. Hδlfte. Berlin/Leipzig.

 

54.  Nashef 1982 = Kh. Nashef. Die Orts- und Gewδssernamen der mittelbabylonischen und mittelassyrischen Zeit. Rιpertoire Gιographique des Textes Cunιiformes V. Beihefte zum Tόbinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 7. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag.

 

55.  Φzkaya 1994 = V. Φzkaya. Erzurum-Horasan-Aliηeyerek Kφyό Yόzey Araştırması. – Araştırma Sonuηları Toplantısı, XI. Ankara.

 

56.  Sagona 2004 = C. Sagona. Did Xenophon Take the Aras High Road? Observations on the Historical Geography of North-East Anatolia, in: A View from the Highlands. Archaeological Studies in Honour of Charles Burney. Edited by Antonio Sagona. (Ancient Near Eastern Studies. Supplement 12). Leuven: Peeters Press.

 

57.  Salvini 1967 = M. Salvini. Nairi e Ur(u)ari, contribuo alla storia della formazione del regno di Uraru (Incunabula Graeca, vol. XVI). Roma, edizioni dell’Ateneo.

 

58.  Salvini 1995 = M. Salvini. Geschichte und Kultur der Urartδer. Darmstadt: wissenschaftliche Buchgesellschaft.

 

59.  Sinclair 1989 = T. A. Sinclair. Eastern Turkey: an Architectural and Archaeological Survey, vol. II. London: The Pindar Press. /გვ. 143/

 

60.  Wagner 1852 = M. Wagner. Reise nach Persien und dem Lande der Kurden. Erster Band. Leipzig.

 

61.  Wilhelm 2004 = G. Wilhelm. Urartian, in: The Cambridge Encyclopedia of the World’s Ancient Languages. Edited by Roger D. Woodard. Cambridge: Cambridge University Press.

 

62.  Yakar 2000 = J. Yakar. Ethnoarchaeology of Anatolia. Rural Socio-Economy in the Bronze and Iron Ages. Tel Aviv University Sonia and Marco Nadler Institute of Archaeology, Monograph Series 17. Tel Aviv: Emery and Claire Yass Publications in Archaeology.

 

 

 

 

Giorgi Leon Kavtaradze (Tbilisi)

 

Ancient Tao from the View-Point of Historical Geography

 

 

Summary

 

The Historical Geography of Ancient Tao, i.e., the land of Daiaeni of Assyrian cuneiform inscriptions and the land of Diaukhi of the Urartian written sources is one of the most controversial problems of the modern historiography. The scholars are still not in complete agreement with the problem - is there only a chronological or also, at the same time, a geographical difference between these two lands. The land of Daiaeni existed already in the late second millennium B.C. It is mentioned in the inscription of the middle of 9th century of the king of the New Assyrian period, Shalmanasar III too, where he informs us about the fact that he erected his statue in the anonymous city of the king of Daiaeni, Asia, when the latter came to him to the source of the Euphrates and "fell before his feet". This event is dated 844 B.C. Therefore it becomes clear that at that time the "Royal City" of Daiaeni was located near the source of the Kara-su (the Western Euphrates), in the territory which is known by Georgian and Armenian tradition as Tao or Taik.

An additional information from the point of view of the location of the Asia’s "capital" might be provided by the name of the “Royal city” of Diaukhi – "Šašilu”. The name of the main city of the land of Diaukhi - Šašilu is known from the inscriptions of Yazlitash and Zivin (both villages are east of Horasan) of Urartian king Menua of the late 9th and early 8th centuries B.C. As Menua's inscriptions mentioned this city only half a century after the Shalmanasar’s campaign, there is a strong probability that the Asia's "Royal City" is as same as Šašilu of Menua's inscriptions. It seems, that "Šašilu” was situated on the place of the Medieval Georgian village of Sasire (immediately west of the well known castle of Tortomi or Tortum-kale, ca 20-30 km north-west of the Dumlu-su, the source river of the Euphrates). When identifying Šašilu as Sasire we take into account the fact that in Urartian cuneiform script it is impossible to distinguish from each other the sounds š and s, l and r, u and o and the information of the above inscription of Shalmanasar III that he erected his statue in the anonymous city of Asia when the latter came to him exactly to the source of the Euphrates.

The ethnic belonging of the population of Daiaeni/Diaukhi is still a moot point among the specialists. Except for the obvious similarity between the archaeological material of the Early Iron Age of the central part of eastern Georgia and south-western part of hıstorıcal Georgia which perhaps indicates on the close ethnic affinity between the populations of these two areas, some toponyms characteristic of Daiaeni/Diaukhi are also often considered of Kartvelian origin. A new evidence in this connection might be provided by the above-mentioned name of old Georgian village, Sasire, which means in the old Georgian language - the “place of birds”.

 

 

 

ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანი

 

პირველი საერთაშორისო კონფერენცია ლინგვოკულტუროლოგიასა და ანთროპოლოგიაში

 

II

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ქართველი ხალხის სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და ეთნოლინგვისტური კვლევის საერთაშორისო ცენტრი

 

 

ბათუმი

 

გამომცემლობა ”შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

 

2011

 

 

Georgian Ministry of Education and Sciences

Shota Rustaveli State University

International Center of Sociocultural Anthropology and Ethnolinguistic Study of Georgian People

 

Linguocultural Researches

 

First Linguocultural and Anthropological International Conference

II

 

Shota Rustaveli State University Press

Batumi

2011

 

 

 

Back:

 

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 

&

 

http://www.scribd.com/kavta

 

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon

 

 



[1] . არუთიუნიანის თარგმანის მიხედვით: `Тех пленников (?), (которые) возвратились, (он) вернул полностью (?)~ (Арутюнян 2001:78, წარწერა 53:17-18).

[2] თუმცა იაზლითაში, . ჰორასანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმავალი თანამედროვე გზიდან დაახლ. 5 კმ-ით უფრო დასავლეთით მდებარეობს (Φzkaya  1994:387, რუკა).

[3] იქნებ ”ზუას” სახელის გამოძახილი ისმოდეს იმერხევის სოფლების – ”ოქროს წუა”-, ”ზიოსი||ძიოსი”- (თურქული სახელწოდება – თეფბაში) (ხევწვრილი-წყლის მარჯვენა მხარეზე) და სოფლის სათესების – ”ზუარეთი”-სა (. მიქელეთი, შავშეთი) და ”ზუელ (ძველ) კარები”- (. დასამობი) სახელწოდებებში.

[4] აღნიშნული წარწერის ამ ტოპონიმს . . კიონიჰი ”ულდინი”-, ხოლო . მელიქიშვილი ”დიდი”- (KURDidi(ni)?) სახით კითხულობდა (შდრ., (Меликишвили 1960:234 (128, B12), 235; Kφnig 1955:82 (უკანა მხარე); Kφnig 1957:207)). უკანასკნელ ხანებში . არუთინიანი . . კიონიჰის წაკითხვის სისწორეს ასაბუთებს და ტერმინ ”ულდინი”-ის (kurUldinie) შესახებ შენიშნავს: «Такое чтение, но в полной сохранности, предлагает Ф. В. Кёниг. В тексте хорошо сохранилась лишь концовка знака, но остатки предыдущих клиньев как будто совпадают с началом знака ul. Что касается расшифровки здесь (d)i(?) у Г. А. Меликишвили, то наличие в конце знака двух "угловых" (а не горизонтальных!) клиньев друг над другом это чтение делает невозможным» (Арутюнян 2001:186 (174, B12), 187, შენ. 7, იხ., აგრეთვე, 528).

[5] შდრ., დიდის შესახებ: `next to the land of Diauee~ (Diakonoff & Kashkai 1981:27). შავშეთ-იმერხევში ტერმინ "დიდის" პარალელი ეძებნება ”დიობანი”დი(დი)+ობანიდიდი უბანი სახელწოდების სახით. . მელიქიშვილი ამ სახელწოდებას სავარაუდოდ აკავშირებდა კაპადოკიურ ფირფიტებში ხშირად დადასტურებულ სახელთან – Didi (e, a) (მელიქიშვილი 1951, 213). ანლაუტში დენტალური ფონემის მერყეობის (დიდი/იდი) გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ), შესაძლებელი იქნებოდა აგრეთვე ტოპონიმი ”იდი”- მხედველობაში მიღება, რაც განსაკუთრებით საგულისხმო იმ მხრივ იქნებოდა, რომ ”იდი" ოლთისის-წყლის ზემო წელზე (შდრ., ბარამიძე 1923), ზუაინა/ზუა()-ად მიჩნეული ზივინის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ვახუშტის მიხედვით, ”ნარუმაკს (თვით ვახუშტის განმარტებით: ”აწ ნარიმანი”) ზეით..., ჭოროხის აღმოსავლეთ კიდეზედ, არს დაბა დიდი იდი...” (ვახუშტი 1973:683, 684). აქ ვახუშტის ჭოროხი, ცხადია, ოლთისის-წყალი უნდა იყოს, ვინაიდან იგი შემდეგნაირად განსაზღვრავს ტაოს ფარგლებს: ”აღმოსავლით ჭოროხის მდინარე; სამβრით თორთომიდამ ჩამოსული მთა იდამდე; დასავლით თორთომის მთა; ჩდილოთ ჭოროხი და ისპირის მთა” (ვახუშტი 1973:684). ანგარიშის გასაწევ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ იდის მდებარეობა თანხვდება, . არუთიუნიანის მიერ, . . კიონიჰის მონაცემებზე დაყრდნობით, ”ულდინი”-სათვის განსაზღვრულ ადგილს: «недалеко от царского города Зуани (совр. Зивин) страны Диаухи, где-то у верховьев реки Олту, притока Чороха» (Арутюнян 2001:528; Kφnig 1957:207).

[6] ყარსი-ერზურუმ-ერზინჯანის მხარეების ნაწილი სპეციალურ ლიტერატურაში ურარტუს მიერ დამორჩილებულ დიაუხის ქვეყნის ყოფილ ტერიტორიად არის ხოლმე მიჩნეული, რომელმაც დიაუხის დაპყრობის საშუალებით აღმოსავლეთ პონტოს მთების კალთებს მიაღწია (Yakar 2000:442).

[7] მართებული ჩანს, . გოგიტიძის დაკვირვება, რომ . შაშილუს ქვეყანა დიაუხის გაერთიანების უკიდურეს სამხრეთ ოლქს წარმოადგენდა (გოგიტიძე 2002:106-107).

[8] Diakonoff 1984, 194, შენ. 82; 29, Diakonoff & Kashkai 1981, xi; 37, 122.

[9] თუმცა შავშეთში, სოფ. კუჭენში, ტყის აღმნიშვნელად დასტურდება ფორმა “სა-სილ-”-, რომელსაც „სა-სირ-“- აღადგენენ (ცეცხლაძე 2000:66, 247, შენ. 65).

[10] სამივე ადგილი წარმოადგენს უღელტეხილთა მსგავს გადასასვლელებს, რომლებიც დასახლებულ პუნქტებს აკავშირებდა ერთმანეთთან და რომლებსაც ფრინველებიც იყენებენ გადასაადგილებლად; აქ ძველად ბადით ფრინველებს, ძირითადად მიმინოებს, იჭერდნენ ხოლმე. იგივე ტოპონიმი გვხდება სათესების აღმნიშველადაც, კერძოდ, ქვემო მაჭახელში მდებარე აჭარის აღმართის სასოფლო საკრებულოში შემავალ სოფელ ჭანივრში, ორ სათეს ადგილას დასტურდება ტოპონიმი "სასირე", ხოლო ქვემო აჭარის მახუნცეთის საკრებულოში შემავალ სოფელ ბზუბზუში – სათესი "სასირია" (სიხარულიძე 1958:52, 128-129).

[11] აღსანიშნავია, რომ . ერზურუმის ჩრდილოეთით, 4 საათის სავალზე, XIX -ში მდებარეობდა . კუშჩიქოი, რაც თურქულად ”მეჩიტბადეთა სოფელს” ნიშნავს.

[12] ”შეშეთი”-სა თუ `შეშე”- დამთხვევაზე შავშეთ-იმერხევთან თითქოს უნდა მიუნიშნებდეს ასურულ-ურარტულ წყაროებში მოცემული ცნობებიც. თუმცა . არუთიუნიანს ეჭვი შეაქვს ”შეშეთინას ქვეყნის” არსებობაში და იგლათფილესერ I-ის წარწერაში მოხსენიებული ”შეშე- მთისა” და ”შეშეთინა-" დაბოლოების მსგავსი სიტყვების ურარტულ წარწერებში გამოვლენის ((fd)Dainali tini, Umešini tini etc.) გამო, მენუას წარწერის ”შეშეთინას ქვეყანას” (KURŠešetina) თვითნებურად ”მთა შეშედ” (ŠADUŠeše tina (resp. tini?)) ასწორებს (Арутюнян 2001:79, შენ. 2).

[13] აღსანიშნავია, რომ ტერმინ ”ხაიასას”, ზოგიერთი მეცნიერი, ”არგონავტების მითის” კოლხეთის აღმნიშვნელ ”აიას” პროტოტიპად მიიჩნევს (Hόsing 1933:51; Allen 1960).

[14] აღსანიშნავია, რომ იმერხევის სამ სოფელთან: ბაზგირეთთან, ზიოსთან და დასაბომთან გვხვდება საძოვრები სახელწოდებით “ურისაკლავი”. ინფორმატორთა ცნობით, ადგილის სახელია “ტურის საკლავი”, ხოლო თავკიდური “” დაკარგულია: “ზველად გლები და ტურΑები ყოფილან ბევრაჲდა საქონელი ენჩოღი (თურქულად – “ხშირად”) აქედან საღ-სალამათი ვერ მოდიოდნენ სახში. იმითვინ ეუბნევიან ურისაკლავ” (ცეცხლაძე 2000:216, 248). თავკიდური “” თანხმოვანი დაკარგულია დაბაწვრილთან მდებარე სათიბის სახელში ბათანატბათანა” (ცეცხლაძე 2000:108).

[15] ტერმინი `ardi”- ხურიტულად ”ქალაქს” აღნიშნავდა, გარდა ”არდინი”-სა (. მუსასირი), ანალოგიური სახელწოდებების ქალაქები ცნობილია ეტიუნის ქვეყნიდან და რუსახინილის მახლობლად მდებარე მხარიდან (Арутюнян 2001:496, 497). შდრ., აგრეთვე, სახელწოდებები: ართვინი (ართვანი/არდვინი), არტაანი, არტანუჯი და .. ”მთა ქართლი/ქართი” ერქვა ქართველთა უძველეს ციხე-ქალაქს, შემდეგდროინდელ არმაზციხეს. ვინაიდან არამეულ ენაში ”ქალაქის” აღმნიშვნელი სიტყვაა – `kart~- (თავის მხრივ, ალბათ, ციხე-ქალაქის აღმნიშვნელ ხურიტულ ტერმინ `ardi”-სთან დაკავშირებული), ხოლო არამეული ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო არმაზციხის ადრეულ ბინადართა შორის, დასაშვებია ტერმინი `kart~- საფუძვლად დასდებოდა ტერმინ ”ქართლს” ანდა ქართულში უფრო ადრეული ხანებიდან შემოსულ ხურიტულ ტერმინს `ardi”- სწორედ არამეული სიტყვის ზეგავლენის შედეგად შეეძინა ანლაუტში ველარული ფონემა. ეთნონიმი ”ქართუელი” თავდაპირველად შესაძლოა აღნიშნავდა ”მთა ქართლის” ანუ არმაზციხის დაქვემდებარებაში მყოფ მოსახლეობას.

[16] მხედველობაში ვღებულობ, რომ ”თბილისი" პირველად VI საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიკოსის თეოფანე ბიზანტიელის თხზულებაში (Theoph. in Phot. Bibl. Cod. 64) მოიხსენიება, როგორც ტიფილის- (Τίφιλις) (იხ. მესხია/გვრიტიშვილი/დუმბაძე/სურგულაძე 1958:13; ჯოჯუა 1976:446), ხოლო დიდოურ ენაზე ეს ტოპონიმი დადასტურებულია ”თუფლის"- სახით (ბურჭულაძე/შავხელიშვილი 1993, 324). შდრ., უმლაუტში დენტალური ფონემის მერყეობის გავითვალისწინებით, ტოპონიმი უფლის-ციხე, აგრეთვე უფლისციხის მოხსენიება ძველთაგანვე საზღვრულითურთ – კასპის უფლისციხისუფლისციხჱ კასპისა”) სახით (გიგინეიშვილი/გიუნაშვილი, 1979, 81, 82), რაც სხვა უფლისციხის (თუ უფლისციხეების) არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

[17] ესენ-დურაქის მოსახლეობამ გვამცნო მათ სოფელში მიწის სამუშაოების დროს უხეში, ნაცრისფერი ჭურჭლის გამოვლენის შესახებ, რაც, შესაძლოა, მოწმობდეს იქ, ერზურუმის მხარისათვის დამახასიათებელი, ადრერკინის ხანის ნაწარმის არსებობას, რომელიც ურარტუს სამეფოს ადრეული პერიოდის სინქრონული უნდა იყოს.