ბონდო არველაძე

მტერს არ სძინავს...

ლიტერატურული მესხეთი, № 3 (183), 2014 წ., მარტი /გვ. 8/

 

აგერ რამდენიმე ათეული წელია სამეცნიერო და ფართო მკითხველი საზოგადოება განებივრებულია პროფესორ გელა საითიძის ნარკვევებით და სტატიებით, რომელნიც ხშირად ქვეყნდება ქართულ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ახლახან კი გამოვიდა მისი ვრცელი კრებული - ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევების” სახელწოდებით. მასში თავმოყრილია გასული საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან დაწყებული, დღემდე გამოქვეყნებული მისი რჩეული ნაწერები. ეს საკმაოდ ვრცელი მოცულობის კრებული ნაყოფია წლების მანძილზე ფუტკარივით შრომისა, რომელმაც თითქმის ჩემ თვალწინ გაიარა. გელა მუდმივი მკითხველია ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკისა, კერძოდ, ქართველოლოგიის კაბინეტისა. ეს ტრადიციული დარბაზი, სადაც მეცნიერ-მკვლევართა მთელი თაობები გაიზარდნენ, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მას ამორჩეული აქვს პირველი მაგიდა, მის კუთხეში, კედელთან ზის და დინჯად შლის ძველი ჟურნალ-გაზეთების გაყვითლებულ ფურცლებს... დიახ, ასეთი მუყაითი შრომა-გარჯით იქმნება ჭეშმარიტი სამეცნიერო შრომა. ამის ერთ-ერთი მაგალითია აღნიშნული კრებულიც. იგი იწყება 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისადმი მიძღვნილი ახალი ფაქტობრივი მასალებით გაჯერებული სტატიით. ამდენხანს ვიცოდით, თითქოს ლენინი მაინცდამაინც არ იყო მომხრე საქართველოს ანექსია-ოკუპაციის, მაგრამ, აღმოჩნდა პირიქით: აგრესიის ინიციატორი, რა თქმა უნდა, სტალინთან ერთად, ისიც ყოფილა. ეს ირკვევა 1921 წლის 28 იანვარს სტალინის მიერ .ორჯონიკიძისადმი გაგზავნილი წერილიდან. მასში ვკითხულობთ: ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნას სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე, შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი ძალების სამხედრო ძლიერების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო... მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ გაუზვიადებელ პასუხს.

ამონარიდიდან ნათლად ჩანს, ლენინი საქმის კურსშიც იყო და უშუალოდაც მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციის მომზადებაში. მათ ეს ოკუპაცია იმისთვის სჭირდებოდათ, რომ საქართველოს გავლით სურსათ - სანოვაგე მიეწოდებინათ საბჭოთა სომხეთისთვის.

განა სომხეთისთვის სურსათ-სანოვაგის საქართველოზე ტრანსპორტირების მომიზეზებით არ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა რუსულმა ურჩხულმა 1993 წელს?!.. რუსეთს გულზე ეკლად ესობოდა და ესობა საქართველოს დამოუკიდებლობა და, ამიტომაც, მყისიერად აამოქმედა პრო-ლეტარიატის ბრძენი ბელადის სტალინის მიერ ქართულ მიწაზე ჩადებული ნელმოქმედი ნაღმები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სახით.

მაგრამ, მივუბრუნდეთ წარსულს: 1921 წლის თებერვლის შუა რიცხვებში თბილისში გავრცელებული პროკლამაციით ცნობილი გახდა .. შულავერის საქართველოს რევკომის წევრთა შემადგენლობა. მკვლევარს მოტანილი აქვს ფაქტის შესახებ საინტერესო კომენტარი, რომელიც გაზეთსაქართველოსგაუკეთებია: ეს პროკლამაცია კიდევ ერთი ხერხია რუსი ბოლშევიკების პროვოკაციისა. გულუბრყვილო ადამიანს შეუძლია იფიქროს, თითქოს რუსის წითელი არმიები იმიტომ ღვრიან თავიანთ სისხლს, რომ ფილიპე მახარაძე დასვან საქართვე-ლოს მთავრობაში.

ნამდვილად რუსი ბოლშევიკების ერთადერთი მიზანი ის არის, გაანადგუროს საქართველოს რესპუბლიკა და ისე დაუმორჩილოს დიდ რუსეთს, როგორც აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვაგან ჰქნეს, სადაც კი მივიდნენ. შულავერის რევკომში თითქოს ერთი რუსიც არ ურევია, მაგრამ ვინ არ იცის, რომ ეს მოხერხებული ანკესია, რომელზედაც უნდათ წამოაგონ ქართველი ხალხის სიფხიზლე და თავდაცვის ენერგია.

რუსი ბოლშევიკების ეს ხერხიც ვერ გავა და საქართველო დაწყევლის როგორც მათ, ისე მათგან გამასხარავებულ ქართველ კომუნისტებს“.

ამას წერდა გაზეთი 1921 წლის 23 თებერვლის ნომერში. ორი დღის შემდეგ წითელი ბრადიაგების მე-11 არმია შემოვიდა თბილისში, რომელსაც წინ მოუძღოდა ავადსახსენებელი სერგო ორჯონიკიძე... 70-წლიანი შავი სუდარა გადაეფარა ქართველი ხალხის ეროვნულ სულს!..

1900-იანი წლების ქართული ჟურნალ-გა-ზეთებიდან თავისი ეროვნული შემართებით გამოირჩეოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს ჟურნალი კლდე. ამ ჟურნალის დაარსების ინიციატორი იყო ფრიად განათლებული და პატრიოტი ქართველი დავით ვაჩნაძე. ჟურნალის მიზანი იყო ერის გამომაფხიზლებელ მესაყვირედ ქცეულიყო იგი. მისი თანამშრომლები იყვნენ რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), შალვა ამირეჯიბი, დავით კასრაძე, მიხეილ მაჩაბელი, დიმიტრი ჯავახიშვილი და სხვ . მათი პროგრამიდან გამოვყოფდი მოწოდებას - „საქართველო ჯერ ქართველებისთვის”. ამ ლოზუნგის საჭიროება წარმოიშვა იმიტომ, რომ იმ დროს (1915-1919) ოსმალეთში განხორციელებული სომეხთა ე.წ. გენოციდის შედეგად საქართველოს მოაწყდა ასეულ ათასობით სომეხი ლტოლვილი. ეკონომიურად შეჭირვებულ საქართველოს არ შეეძლო ამდენი ლტოლვილის მიღება და დაბინავება, ამიტომ მენშევიკურმა მთავრობამ მიმართა სომხეთის დაშნაკურ ხელისუფლებას, რომ მათი თანამემამულეების გარკვეული ნაწილი მაინც მიეღო, რაზეც დაშნაკებმა უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ სომხეთს უჭირდა და მათ ვერ გამოკვებავდა.

როგორი პასუხია?!..

რა, ამ დროს საქართველოს ულხინდა?!..

ათასობით საკუთარი ლტოლვილი თანამემამულე მშიერ-მწყურვალი, სიცივეში ბაკურიანის და აწყურის ტყეებში სულს ღაფავდა. მიუხედავად იმისა, დაშნაკებმა ასე გულგრილად გაწირეს ჩვენთან შემოხიზნული სომეხი ლტოლვილები. საქართველოს მთავრობა ყოველგვარ ღონეს ხმარობდა, შესაძლებლობის ფარგლებში, სომეხი ლტოლვილებისთვის მიეხედა. ამ დროს ქართველთმოძულე დაშნაკი აგიტატორები კი დაძრწოდნენ სომეხ ლტოლვილებთან ბანაკებში და საქართველოს წინააღმდეგ აქეზებდნენ. მათმა ანტიქართულმა შოვინისტურმა აგიტაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. ამას მოწმობს საქართველოს მთავრობის სახელზე დაწერილი სომეხ ლტოლვილთა არაერთი მიმართვა, რომლებშიც წერდნენ - გთხოვთ მოგვაშოროთ დაშნაკი აგიტატორები, ისინი საქართველოს წინააღმდეგ გვაქეზებენო!

სომხეთის დაშნაკური მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა ჯავახეთი სომხეთისგანარ დაცარიელებულიყო, ეს კი რეალური იყო, რადგან ოსმალეთის ჯარები ახალქალაქის მაზრის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და ჯავახეთის შეშინებული სომეხი მოსახლეობა გაქცევით შველოდა თავს. ეს კი დაშნაკების ანგარიშში არ შედიოდა. თუ სომხები ჯავახეთში არ იქნებოდნენ, მაშინ სომხეთის დაშნაკურ მთავრობას საფუძველი აღარ ექნებოდა მოეთხოვათ ჯავახეთის მიერთება სომხეთთან...

ეს მცირე წიაღსვლა გავაკეთე იმიტომ, რომ ამ დროს - „ქართული ტერიტორიების შენარჩუნებისათვის ბრძოლა ჟურნალ „კლდის” ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა, ვინაიდან მასში ირეკლებოდა საქართველოს მომავლის ბედი“, - მართებულად წერს გელა საითიძე.

ქართული მიწების და სომეხ ლტოლვილთა საკითხთან დაკავშირებით რეზო გაბაშვილი ამბობდა: „რა თქმა უნდა, საჭირო იყო გაჭირვებაში ჩავარდნილის ხელის გამართვა, მაგრამ ასევე აუცილებელი იყო ქართველებსაც ეფიქრათ თავის თავზე ყოველი ადამიანი ვალდებულია ხელი წააშველოს დავრდომილს და შეინახოს იგი, მაგრამ როცა ეს დავრდომილი აღემატება მის ძალას, იგი ვალდებულია თავის თავზე იფიქროს“.

ჟურნალ „კლდის“ ამ პოზიციის გამო დაშნაკურმა გაზეთებმა (თუმცა რომელი არ იყო დაშნაკური) „მშაკმა“ და „ჰორიზონმა“, ისტერიული წივილ-კივილი ატეხეს და შოვინიზმში დაადანაშაულეს „კლდეისტები“. არა და, მათ არასოდეს არ უთქვამთ: „საქართველო მარტო ქართველებისთვის“! „კლდეისტების“ ლოზუნგი იყო - „საქართველო ჯერ ქართველებისთვის“! რაც ნორმალურია და მასში არმენოფობია არ იკითხება. გელა საითიძისა არ იყოს - „თუ კაცი გეტყვის - „არას გერჩი, ოღონდ ჩემს კარმიდამოში ჯერ მე მომეცით სულის მოთქმის საშუალებაო, განა ეს სომეხმოძულეობას ნიშნავს”?

ჟურნალ „კლდის“ ფურცლებზე ქვეყნდებოდა აგრეთვე სტატიები, რომლებშიც პრინციპულად მოითხოვდნენ ცარიზმის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. აგრეთვე მოითხოვდნენ საქართველოს ეკლესიიდან რუსეთის მიერ მიტაცებული ასეულმილიონობით მანეთის ღირებულების ქონების უკან დაბრუნებას.

კრებულის ერთ-ერთი საინტერესო წერილია „მტერს არ სძინავს, ფხიზლად ვიყოთ ქართველებო“! მასში მოკლედ, მაგრამ საფუძვლიანად არის გაანალიზებული წითელი რუსეთის წინასწარი სამზადისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასამხობად. ყოველივე ამას, როგორც ითქვა, _ ლენინი უძღვებოდა. 1921 წლის 26 იანვარს ერთა ლიგამ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. ამ ფაქტმა გააცოფა ლენინი და სტალინი. მათ სასწრაფოდ მოიწვიეს რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმი და დადგენილება გამოიტანეს: „საქართველო საშინლად გათავხედდა, არის თუ არა საკმარისი კავკასიის ფრონტის სამხედრო ძალები საქართველოსთან მოახლოებული ომისთვის? მიეცით დირექტივა რესპუბლიკის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოს დაკავკასიის ფრონტს, თუ საჭირო იქნება, მოემზადონ საქართველოსთან ომისათვის“.

ლენინმა შუქი აუნთო წითელ ჯარს საქართველოს ოკუპაციის განსახორციელებლად. დანარჩენს უკვე სტალინი ხელმძღვანელობდა, ორჯონიკიძე კი, - მისი ხელის ბიჭი, სამხედრო ოპერაციას პრაქტიკულად ასრულებდა.

გელა საითიძე კარგად წერს: „ი.ჯუღაშვილმა თავისი მშობლიური ენის ცოდნა იმაში გამოიყენა, რომ მოსკოვიდან ბაქოში გაგზავნილ ტელეგრამაში ორჯონიკიძეს ქართულად აცნობა: „დასტურია. მიდი, აიღე ქალაქი“! ე.ი. სამშობლო ქვეყნის დედაქალაქი თბილისი საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში დააბრუნეო...” ო, როგორ ჰგავს ეს თანამედროვე სიტუაციას, ოღონდ გვარსახელებია სხვადასხვა, თორემ დანარჩენი ტყუპისცალივით ანალოგიურია!.. ჯობია მოვუსმინოთ გელა საითიძეს, რომელიც უხმობს დიდ ნიკო ნიკოლაძეს - „მოყვრად და მეგობრად მოწვეული რუსი მალე გადაიქცა ჩვენში ბატონად და სასტიკ მტარვალად. დიდი ზიანი ნახა ბედშავმა საქართველომ ამ შეუსაბამო კავშირით, ბევრი ჭირი და ვარამი, ტანჯვა-ვაება და აწიოკება განიცადა მან რუსის მთავრობისაგან, მისი სალდათ-ჩინოვნიკებისაგან. ბევრი უმანკო სისხლი დაიღვარა საქართველოში, ბევრი ღირსეული შვილი კოლხეთ-ივერიისა დაიღუპა ციმბირის ტუნდრებში, აურაცხელი დამცირება განიცადა ქართველმა ერმა, აუარები მიწა-მამული ჩამოერთვა მას, შერაცხეს სახაზინოდ და დაასახლეს ზედ უცხო ტომნი, განსაკუთ-რებით რუსები და სომხები... ეს იყო სატანური პოლიტიკა ერის გარუსების, გადაგვარების, მოსპობის და განადგურების რუსის მთავრობამ მოსპო ჩვენში ქართული მართვა-გამგეობა, ეკლესია, სკოლა, სასამართლო და ნაცვლად დაამყარა ყველაფერი რუსული. მან მოიწადინა ქართული სულის ამოგლეჯვა, ე.ი. ჩაიდინა ის, რაც არ ჩაიდინეს ჩვენში აზიის უსაშინლესმა მტარვალებმა 2000 წლის განმავლობაში“

.ნიკო ნიკოლაძე ამას წერდა 1918 წლის მარტში. მან ყველაზე უკეთ იცოდა რუსის ავადმყოფური დამპყრობლური ფსიქიკა, რუსეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტორია ხომ იცოდა და იცოდა, მან გააფრთხილა ქართველი ერი, რომ რუსეთი არ შეურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას...

ჩვენი დიდი წინაპრის თითქმის საუკუნის წინ ნათქვამი ეს სიტყვები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, რადგან დედამიწის ავთვისებიან სიმსივნეს - რუსეთის იმპერიას დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო ახლაც ეკლად ესობა გულზე და ყოველგვარ სისაძაგლეს ჩადის, რათა მისი სწრაფვა დასავლეთისკენ, შეაჩეროს და გზას ააცდინოს. კიდევ უფრო სავალალოა, რომ მას ჰყავს ახალი სერგო ორჯონიკიძეები, ფილიპე მახარაძეები და ლევან ღოღობერიძეები... ერის გამყიდველები, ე.წ. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის სახით. ისინი დაუფარავად აცხადებენ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად გადააქცევენ... ღმერთმა დაიფაროს ასეთი პრეზიდენტისაგან საქართველო, თორემ ისევ სამგლოვიარო რექვიუმად აკვნესდება კოლაუ ნადირაძის ტრაგიკული სტრიქონები:

  „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...

   წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

     შემოდიოდა სიკვდილის ცელი“.

ეს უბედურება კვლავ რომ არ დაატყდეს საქართველოს, გელა საითიძე გვაფრთხილებს: „მტერს არ სძინავს, ფხიზლად ვიყოთ, ქართველებო“!

სულმოუთქმელად წავიკითხე - „მკვდრეთით აღდგომის პირველი დღესასწაული“. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის - 1918 წლის 26 მაისის, - სიხარულის და ეროვნული ბედნიერების მცირე მემატიანე. მას ქართველი ერი სულ ცოტა 117 წელი ელოდა, ელოდა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არასოდეს ყოფილა ერთი წუთითაც კი. დროდადრო გაიბრძოლებდა ხოლმე, რომ ცარიზმის კოლონიური უღლისაგან თავი დაეხსნა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსის ჩექმამ მძიმე ბეჭედი დაასვა ქართველი ერის სულს. მათმა ბატონობამ დათრგუნა და დაჩაგრა ქართული კულტურა, ქართული რაინდობა და კეთილგონიერების ნაცვლად, შთანერგა ბრმა მიმბაძველობა და მონური სული, ერის ფსიქიკა, ნიჭი, ინიციატივა და შემოქმედება, ამასთან ერთად ეროვნული გრძნობა და შემეცნება - წერდა ნიკო ნიკოლაძე (გაზეთი საქართველო“, 1918).

გელა საითიძეს პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული აქვს ქართველი მწერლებისა დპუბლიცისტების წერილები, რომლებშიც გადმოცემულია საქართველოს საერთო-სახალხო სადღესასწაულო განწყობა და სიხარული 26 მაისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, მოტანილი აქვს აგრეთვე ებრაელ მიხეილ ხანანაშვილის სიტყვა:

„დღეს 26 მაისი - სიხარულის დღეა. დღეს საქართველო გასხივოსნებულია და ამ ბედნიერ, კაი დღეს მეც ქართველი ისრაელი, სხვა ქართველებთან ერთად სავსებით ვიზიარებ საერთო დიდებულ ზეიმი და ვუძღვნი გულწრფელ სალამს ჩვენს სათაყვანებელ ძვირფას სამშობლოს:

„ვაშა შენს წარსულს!

  ნეტარესა შენს აწმყოს!

      და დიდება შენს მომავალს“!

ეს არის გულწრფელი სიტყვები. მასში ეჭვის შეტანა მკრეხელობაა!

საქართველოში მცხოვრები არცერთი სხვა ერის შვილებს არ მიუღიათ ისეთი აღფრთოვანებით ჩვენი დამოუკიდებლობა, როგორც შეხვდნენ ქართველი ებრაელები. ზოგიერთმა, პირიქით, პრეტენზია წამოგვიყენა და თითქმის სურამის მთაგრეხილამდე მოითხოვა ქართული მიწა. ხოლო დედაქალაქის _ ქუთაისში გადატანა. რომ ვერ მიიღეს, გამოგვიცხადეს ომი, მაგრამ სამარცხვინოდ დამარცხდნენ.

მეფის რუსეთს კი დავაღწიეთ მაშინ თავი, მაგრამ წითელმა რუსეთმა 70-წლიანი ბატონობის უღელი დაადგა ბედკრულ საქართველოს.

*

საბჭოთა იდეოლოგიის წყალობით არ ვიცნობდით ქართველი მენშევიკების ლიდერებს. კომუნისტური პარტიის ისტორიის მოკლე კურსის მიხედვით, გვქონდა ცალმხრივი ცოდნა მათ შესახებ. ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა კრებულში წარმოდგენილი წერილიც - „საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარე(შტრიხები კარლო ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტისთვის). გულახდილად ვიტყვი - პირადად მე მენშევიკური პარტიის მიმართ არცთუ დიდი სიმპათიები გამაჩნია, თუ რატომ, ამაზე სხვა დროს. რაც შეეხება კარლო ჩხეიძეს, რუსეთის სათათბიროში გამოსვლის დროს ლენინი არაერთგზის გააბითურა, ბოლოს იმდენად გამწარდა ლენინი, რომ კარლო ჩხეიძეს და კაკი წერეთელს პირადად სთხოვა: „რა გინდათ ქართველებს, გამანებეთ თავი. ავტონომიას მოგცემთ და ფინეთივით იქნებითო“!.. რა თქმა უნდა, ლენინმა არ შეასრულა თავისი სიტ/გვ. 9/ყვა და ძალადობით როცა ხელთ იგდო ხელისუფლება, ავტონომია კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და ოკუპაციის კლანჭებში მოაქცია.

მკითხველს გარკვეული წარმოდგენა მაინც რომ შეექმნას კარლო ჩხეიძის მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ მამაცობაზე, მოვიტან ორიოდე ამონარიდს წერილიდან: „მთავრობამ უზარმაზარი მიწების ექსპროპიაცია მოახდინა ბათუმის და სოხუმის ოკრუგებში, რათა შემდეგ იგი მცირე აზიელი ბერძნებით და სომხებით დაესახლებინა, ხოლო ადგილობრივი აფხაზები თურქეთში გარეკა...“: „არც ერთ მთავრობას იმდენი ყალბი დაპირება არ გაუცია, რამდენიც რუსეთის მთავრობას. მისი პოლიტიკა არის შავრაზმული, შავრაზმელები კი ვერ დამშვიდებულან იმის გამო, რომ კავკასიაში ჯერჯერობით ძირფესვიანად დანგრეული არ არის ყველა სოფელი და ყველა ქალაქი, რომ ძუძუთა ბავშვები ყელგამოუჭრელნი არიან, რომ ყველა ქალი გაუუპატიურებელია... ისინი აღშფოთებულნი არიან იმით, რომ კავკასიაში ჯერ კიდევ ფეთქავს სიცოცხლე, რომ პუშკინის და ლერმონტოვის ნამღერი სამოთხე „კავკასია, ამ შავრაზმელებს ჯერჯერობით სასაფლაოდ ვერ უქცევიათ...“

თანამედროვე რუსი შავრაზმელებიც ხომ ასე ფიქრობენ ჩეჩენი და ქართველი ხალხის სისხლში ყელამდე მცურავი პუტინის მომხრეებით...

ისტორია მეორდება! სამწუხაროა, რომ თანამედროვე რუს შავრაზმელებს დასაყრდენი ჰყავთ რუსის მონა ე.წ. ქართველი „პატრიოტების“ სახით.

რუსეთის სათათბიროში, ერთ-ერთი გამოსვლისას, კარლო ჩხეიძემ დაიცვა რა ქართული ენა, ასეთი მარადიული სიტყვებით დაამთავრა: „ქართული ენა საშიში არ არის, არც მართლმადიდებლისთვის, არც თვითმპყრობელობისთვის, არც რუსეთის ერთიანობისთვის. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ქართული ენა - ეს ის ენაა, რომელზედაც სახარება ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში იქმნა გადათარგმნილი, ანუ იმ დროს, როცა ბევრი აქ მყოფი ნაციონალისტის წინაპარი ჯერ კიდევ ტყეში დაეხეტებოდა და კენკრას ჭამდა (ხაზგასმა ჩვენია, ..).

რუსეთის სათათბიროში როცა რუსი შავრაზმელების რისხვა და მუქარა მიმართული იყო პოლონეთის წინააღმდეგ, ამ დროს გამოვიდა კარლო ჩხეიძე და დაიცვა პოლონელი ხალხი - „პოლონეთის კულტურა გაცილებით მაღლა დგას, ვინემ რუსეთის. აი, რით არის საშიში პოლონელი ხალხი... მათში მეტია დისციპლინა, მათი ეროვნული თვითცნობიერება უმაღლეს საფეხურზეა ვინემ რუსების. პოლონელებს ორგანიზაციის, ერთობის მეტი უნარი აქვთ, ისინიუფრო ძლიერნი არიან ეკონომიურად, მათი საწარმოო ძალები უფრო განვითრებულია, მათი მრეწველობა და მეურნეობა უსწრებს რუსეთისას. ყოველივე ეს კი დიდად საზარალოა რუსეთისთვის“.

კარლო ჩხეიძის გამოსვლებიდან ამონარიდების მოტანა კიდევ შეიძლება. ურიგო არ იქნება ქართველმა პოლიტიკოსებმა გულდასმით წაიკითხონ კარლო ჩხეიძის და კაკი წერეთლის ნაწერები... აქ კი მსურს მცირე მოგონება შემოგთავაზოთ: გასული საუკუნის 60-იან წლები იყო. ასპირანტი ვიყავი და საჯარო ბიბლიოთეკის სამეცნიერო დარბაზის მუდმივი მკითხველი გახლდით. ყოველდღიური ურთიერთობის გამო თანამშრომლებთან ვმეგობრობდი. ერთხელ დარბაზში შემოვიდა ტანმორჩილი, სიმპათიური ქალი. წიგნები გამოიტანა, მაგიდას მიუჯდა და კარგახნის კითხვის შემდეგ წიგნები ჩააბარა და წავიდა. მეც ჩქარა ჩავაბარე წიგნები ბიბლიოთეკას. თანამშრომელმა - მზია მეგრელაძემ ჩუმად მითხრა:

-    „იცი ვინ არის ეს ქალი“?

-    არა-მეთქი.

კიდევ უფრო დაუწია ხმას და ყურში მიჩურჩულა:

- კარლო ჩხეიძის ქალიშვილიაო. ეს დიდი გამბედაობა იყო ქ-ნ მზიას მხრიდან, რადგან კარლო ჩხეიძის სახელის ხსენებაც სასტიკად იყო აკრძალული საბჭოთა ცენზურის მიერ. ხშირად ვხედავდი კარლო ჩხეიძის ქალიშვილს დარბაზში, მაგრამ, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვაღიარებ, ჩეკას შიშით, გამოლაპარაკება ვერ გავბედე.

კარლო ჩხეიძემ - ამ გენიალურმა მოღვაწემ და ორატორმა, ვერ გაუძლო ემიგრანტის გამწარებულ ცხოვრებას და 1926 წლის 11 ივლისს თავი მოიკლა.

*

ჩვენი სასიქადულო პოეტის გიორგი ლეონიძის შემოქმედების პირველი პერიოდი თითქმის შეუსწავლელია, განსაკუთრებით მისი პუბლიცისტიკა. ეს ხარვეზი შეავსო გელა საითიძემ სტატიით - „გიორგი ლეონიძე - გაზეთების - „ნაციონალისტის“და „მიწის თანამშრომელი“.

პოეტი არ ყოფილა არც პარლამენტის და არც დამფუძნებელი კრების წევრი. სამაგიეროდ, იყო მისი უფროსი მეგობრის - სანდრო შანშიაშვილის მიერ დაარსებული გაზეთის - „საქართველოს“, ამ ყოველდღიური სალიტერატურო და საპოლიტიკო გამოცემის პასუხისმგებელი მდივანი. მკვლევარი მართებულად შენიშნავს: პოეტის ბიოგრაფები ამ ფაქტს დუმილით უვლიან გვერდს იმ მიზეზის გამო, რომ ემიგრაციაში გახიზნული სპირიდონ კედიას, გიორგი გვაზავას, რევაზ გაბაშვილის, დავით ვაჩნაძის, შალვა ამირეჯიბის და სხვა ქართველი ეროვნული მოღვაწეების გვერდით მოღვაწეობისთვის ბოლშევიკები თავზე ხელს არ გადაუსვამდნენ გიორგი ლეონიძესა და ამიტომაც ერი-დებოდნენ მისი შემოქმედების - პირველი პერიოდის პუბლიცისტიკის განხილვას. ასეა თუ ისე, გელამ პირველმა წამოსწია გოგლას მოღვაწეობის ეს წლები (1918-1921). ამ დროს ბატონი გოგლა აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „თეატრი და ცხოვრება“, „სახალხო საქმე“, „საქართველო“, „ნაციონალისტი“, „მიწა“ და სხვ.

გიორგი ლეონიძე დამოუკიდებელ საქართველოს ეთაყვანებოდა, მაგრამ მენშევიკური ხელისუფლება მისთვის მიუღებელი იყო, როგორც ყოველგვარი სოციალისტური სისტემა - „სწორედ ამიტომ იყო, რომ გიორგი ლეონიძე იმათ მხარეზე იდგა, ვინც ეროვნული, ნაციონალისტური პოზიციიდან განიხილავდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის ინტერესებს, ვინც ეძებდა და სახავდა გზებს ერის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების და მისი ინტერესების, საქვეყნო წარმოჩენისათვის“ - აღნიშნავს გელა საითიძე.

თუმცა ჯობია თანმიმდევრობით მივყვეთ:

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას (ედპ) 1918 წელს გამოეყო და ცალკე პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა „საქართველოს ნაციონალისტური (ეროვნული) პარტია“. მიზეზი გამოყოფისა იყო ში ნაგანი პრინციპული შეუთანხმებლობა. გამოყოფილმა ფრაქციამ დააარსა „საქართველოს ნაციონალისტური (ეროვნული) პარტია“. მათჰქონდათ ბეჭდვითი ორგანო გაზეთი - „ნაციონალისტი“. რედაქტორი გახლდათ გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე). გაზეთის რედაქცია ფაქტიურად ახლადდაარსებული პარტიის ორგანიზაციული და იდეოლოგიური მუშაობის ცენტრად იქცა. აი, ამ გაზეთში დაიწყო მოღვაწეობა გაზეთ „საქართველოდან“ წამოსულმა ახალგაზრდა გოგლა ლეონიძემ. რა თქმა უნდა, პოეტის არჩევანი ამ გაზეთზე შემთხვევითი არ იყო. „ნაციონალისტის“ პროგრამა მისთვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ აგრარული საკითხების გადაჭრას. ამ დროს „ედეპელთა“ მეორე ჯგუფი, ე.წ. „საქართველოს“ მიმართულება - „ქალაქის წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას“. ამ პარტიამ დამფუძნებელ კრებაში 2 დეპუტატი გაიყვანა. 1920 წლის გაზაფხულზე შემუშავდა და 20 ოქტომბერს კონფერენციაზე დაამტკიცეს საკუთარი პარტიული პროგრამა. ამ კონფერენციაზე გადაწყდა პარტიისა და მისი ბეჭდვითი ორგანოს სახელის შეცვლა. პარტიას ეწოდა - „საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია“, ხოლო გაზეთს - „მიწა“.

გული არ მიშვება არ მოვიტანო ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - დავით ვაჩნაძის სიტყვები, რომელშიც რელიეფურად ჩანს პარტიის იდეოლოგია და მიზანი: „ქართველ ნაციონალისტთა გეგმა მარტივია: დაცვა და განმტკიცება ერთიანი და თავისუფალი საქართველოს ცხოვრებისა...

ნაციონალისტის სწამთ. მეურნეთა საქართველოს სახელმწიფო, სწორედ ამ მეურნეთა და საქართველოს მსახურება, მისი ინტერესებისთვის ბრძოლა შეადგენს უდიდეს მიზანს ნაციონალისტური პარტიისა... საქართველოს ეროვნული დროშის ქვეშ ჩვენ საბოლოოდ გამოვალთ და, იმედია, მტკიცე საფუძველს ჩავუყრით სოფლის მეურნეთა პარტიის ორგანიზაციებს, რომლებსაც ექნებათ საღი ნაციონალურ პროგრამა სახელმძღვანელოდ“ (გაზეთი ნაციონალისტი, 1920 წ., 20).

- ნეტავი დღეს გვყავდეს ასეთი ნაციონალისტური პარტიის მსგავსი - ქართული მიწის გულშემატკივარი... მამა-პაპათა სისხლით გაჟღენთილი ქართული მიწა უცხოელებზე იყიდება და ქართველ გლეხს სანუკვარი მიწა ხელიდან უმოწყალოდ ეცლება, გამკითხავი კი არავინაა...

*

მაგრამ, მივხედოთ გელა საითიძის მიკვლეულ უცნობ გოგლას. მას განხილული აქვს პოეტის წერილები, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, მკითხველისთვის მიუწვდომელი იყო. 21 წლის გოგლა ლეონიძეს პირველი წერილი გამოუქვეყნებია გაზეთ „ნაციონალისტში“ (1920, 4). ამ წერილის სათაურია - „ძველ პოეზიაზე“. ახალგაზრდა პოეტი ორიგინალური თვალთახედვით განიხილავს ძველ ქართულ პოეზიას, თუმცა სჯობია თვით მას მოვუსმინოთ: „...ინტერნაციონალური კულტურა მძვინვარე ვეშაპივით მოექანება. მას დამოუკიდებელი კულტურა აბრაზებს... ჩვენ დღითი-დღე ვიწამლებით კომერციული კულტურის ფაბრიკაციით და ცოფიანი კოსმოპოლიტები ჰქმნიან დიდ კულტურას, ხელოვნებას საერთაშორისო ბირჟით, რომ ერის სული უნაყოფოგახდეს... მაგრამ ერის კულტურა ხომ შემოქმედ პიროვნებაზეა დამოკიდებული? პენიაში გაშიშვლებულა ერის სული. პენია - ერის სულის კვინტესაციაა, ჩვენი წარსული ჩვენივე თვითდამტკიცებაა.

არავითარი საერთო ჩვენ არ გვქონდა რომაელებთან, ბერძნებთან, არც გერმანელებთან, სამაგიეროდ, შეგვრჩა სულიერი ზნეობა, ტრადიციები, მოგონებები. ჩვენ გვქონდა მრავალი კულტურული გავლენა, მაგრამ თითოეული ჩვენთვის დარჩა, როგორც უბრალო დეკლარაცია. ჩვენმა სულმა არც ერთი მათგანი არ მიიღო.

გეოგრაფიულმა პირობებმა მეტად ადრე გამოიყვანა ისტორიულ ასპარეზზე. ოდესმე უძლიერესი ტომები ვიყავით, მაგრამ მომავლით დაორსულებული საქართველო, მონგოლებმა გააბერწა“.

ამ სტრიქონების წაკითხვა სიამაყის გრძნობით ავსებს ყოველ ქართველს, მით უმეტეს, ვინც ახლოს იცნობდა მას, მისთვის მოულოდნელი არ იქნება ახალგაზრდა გოგლას ასეთი ეროვნული კრედო.

მქონდა ბედნიერება ათეულ წელზე მეტი ვყოფილიყავი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ამ ინსტიტუტის ოქროს ხანად ითვლება ის წლები, როცა ბატონი გოგლა იყო დირექტორი. როგორც ხელმძღვანელი - ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს... ახლა მახსენდება რაღაც ნაღვლიანად, მაგრამ სიამაყით იგონებდა ხოლმე მის დიდ წინაპარს სოლომონ ლეონიძეს. ეტყობა, ეს ახალგაზრდობიდანვე მოსდევდა. ეს კარგად ჩანს აღნიშნულ წერილში, რომლის ლიტერატურულ ლირიკას აფასებს სამეფო კანცლერი სოლომონ ლეონიძე. მან დაწერა სამგლოვიარო მარში მეფე ირაკლიზე - „აღსდექ გმირთ-გმირო, ნუ გძინავს“! რომელიც გამართულია, მოშვილდულია დიდი სიხარბით. მას აქვს ვერჰარნისებული რიტმი. ძველი პოეტების შესახებ ასე წერს: „გარდასული პოეტები.. ძველ ღვინოებს ჰგვანან, რომლებმაც დაათვრეს ძველი საქართველო“. მაგრამ გიორგი ლეონიძე ძველი პოეტების შეფასებაზე არ ჩერდება და ქართულ წიგნზე სპეციალურ წერილს წერს - „ქართული წიგნი“. გელა საითიძე დეტალურად აცნობს მკითხველს ამ წერილის შინაარსს.

როგორც მკვლევარი, აღნიშნავს - „პოეტი კვალიფიციურად მიმოიხილავს გერმანიაში არსებულ საგამომცემლო საქმიანობას, სადაც უდიდესი ყურადღება ექცევა წიგნის ბეჭდვას, როგორც შინაარსობრივ, ისე გარეგნულ მხარეს და ამ საქმეში თურმე - „აქტიურად მონაწილეობენ თვითონ მწერლები, მხატვრები და სტამბელებიც (გაზეთინაციონალისტი, 1920, 7).

პოეტი გამოთქვამს იმედს, - საქართველოშიც მაღლა აიწევს წიგნის ბეჭდვის კულტურა.

გაოცებას იწვევს ახალგაზრდა პოეტის ფართო ცოდნა და მასშტაბური ლიტერატურული აზროვნება. როდის მოასწრო ამდენის წაკითხვა, გაააზრება და გათავისება, როცა ქართველი ხალხის წარსულზე, ან მწერლობაზე წერს. გრძნობ, პოეტი შინაგანად განიცდის იმ დროით სუნთქვას და იმ დროით ცხოვრებას. სისხლხორცეულად განიცდის ქართულ ფენომენს. ამის ნიმუშად შეიძლება მოვიტანოთ მისი წერილი - „ვახტანგ VI“. ამ წერილის ყოველი ფრაზა, ყოველი წინადადება ძალზე ტევადია, საკმაოდ ორიგინალურია პოეტის პირადი დამოკიდებულება ამ ბრძენი და ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი მეფისადმი: „არას დროს არ ყოფილა საქართველო თავის დასასრულთან ისე ახლოს, როგორც ამ ბაგრატიონის დროს... მისი სამეფო გაახმო ყიზილბაშების ცეცხლმა. მის დროს უდაბნოები მრავლდება და ქართული ჰორიზონტი ვიწროვდება. მთელ სამეფოში არ მოიპოვება არც ერთი დაუმახინჯებელი კანონი და გაურყვნელი ხასიათი. მისი აჯანყებული ერისთავები ბრაზობენ, როგორც კენტავრები. ეს ის დროა, როცა რაინდული მისტერიები მთავრდება (გაზეთინაციონალისტი, 1920, 20).

ამ დროს „რუსეთის საშიშარი ქირურგი პეტრე-იმპერატორი, საშიშარ ოპერაციას უკეთებს საქართველოს (იქვე). რა იგულისხმება ამ მხატვრულ მოქნეულ ფრაზაში? რუსეთის ანკესზე წამოგებული ვახტანგ მეექვსე, რომლის სიუზერენი სპარსეთია, პეტრე პირველთან კავშირს კრავს სპარსეთის წინააღმდეგ. დანდობილი ქართველი მეფე თავისი 40.000-იანი მხედრობით ამაოდ ელის პეტრეს გამოჩენას მტკვრის სანაპიროსთან... დარუბანდის აღების შემდეგ პეტრე უკან ბრუნდება... ეს იყო რუსეთის მეფის ჩვეულებრივი, მორიგი ღალატი და მუხანათობა. ნეტავ რუსის რომელ მეფეს შეუსრულებია პირობა!.. ასეთს არ იცნობს ისტორია!.. ამჯერადაც, პეტრე პირველმა გატეხა სიტყვა - „საქართველო... საქრისტიანო ქვეყანა იანიჩრებს მისცა სათარეშოდ... ამით მთავრდება აღმოსავლეთ საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება სანჯაყებად და საფაშალიკოებად, სახანოებად და საბეგლარბეგოებად“... ვახტანგ VI იძულებული გახდა თავისი ქვეყნის დამაქცევარის - რუსეთის კალთას შეფარე-ბოდა. ეს იყო ერთი ყველაზე ტრაგიკული აქტი ქართლის ისტორიაში, რადგან - „ამ გარდახვეწამ ქართულ რასას საუკეთესო სისხლდაუკარება, ხოლო ამავე განგებამ ქართული რენესანსის ბედი გადასწყვიტა“. რაში აისახა იგი? ახალგაზრდა გიორგი ლეონიძე კითხვას ასე პასუხობს: „ვახტანგ მეექვსემ უარყო აღმოსავლეთი და საშინელი წყურვილით ეძებს ევროპის ორიენტაციას და ბოლოს დაადგება კიდეც მას (რუსეთს). თუმცა ამის პირველ მსხვერპლად შეიქმნა თვითონ თავისი ოჯახით... მან გააკეთა რამდენიც შეძლო, ის იყო წმინდა მოწამე საქართველოსთვის, თუმცა წინამძღოლობდა იმ საუკუნეში, რომელსაც არ ეკუთვნოდა... ის დაიწვა საქართველოთი, როგორც არავინ და საქართველომ მოაშთო იგი. ძველი ელლინი ისტორიკოსი ალბათ იტყოდა მის სიკვდილზე: „ნუ სტირით მას, აღმერთეთ იგი, ის ღმერთმა დაუთმო ადამიანებს, ახლა ისევ ღმერთებს დაუბრუნდა“.

მცირე კომენტარი: ვფიქობთ, საკამათოა - XVI-XVIII საუკუნეების რენესანსი რუსეთიგზით დაიწყოო... ქართული რენესანსი იწყება და მეტ-ნაკლები ინტენსივობით გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე... სულხან-საბას შემოქმედება არის ნათელი მაგალითი. ქართული კულტურა ბიზანტიის დროიდან, ყოველთვის დასავლეთის ცივილიზაციის ორბიტაში განიხილებოდა მაშინაც კი, როცა რუსეთმა ოკუპაციის უღელი დაადგა საქართველოს, ამ დროსაც კი ქართული ინტელექტუალური და მხატვრული აზროვნება დასავლეთისკენ იყო მიმართული.

*

ერთ-ერთი საინტერესო სტატია არის - „გრიგოლ რობაქიძე - გაზეთ «Кавказ»-ის თანამშრომელი“. ამ იძულებით ემიგრაციაში გადახვეწილი მწერლის შემოქმედება ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი. ამას მოწმობს ეს სტატია, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის ლიტერატურული მემკვიდრეობის დღემდე უცნობი მხარეა წარმოდგენილი. ეს არის რუსულენოვან გაზეთში - «Кавказ»-ში მისი ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდი, რაც მკვლევარებს გამორჩენიათ და პირველად კვლევის განსჯის ობიექტად აქცია გელა საითიძემ. მასში 30-ზე მეტი ნარკვევი, სტატია და წერილი ჰქონდა მწერალს დასტამბული შემდეგი ხელმოწერით - «Г.Робакидзе, Кавкасиели», «Гр.Р.К, «Р» და სხვ. მათი ანალიზის საფუძველზე გრიგოლ რობაქიძე „გვევლინება როგორც დიდი მასშტაბის მოაზროვნე, ინტელექტუალი, თავისი ქვეყნის და ხალხის ბედზე დაფიქრებული გულმხურვალე მამულიშვილი, სხვათა წარმატებებით გახარებული და ნაკლოვანებათა პირში მთქმელი პიროვნება“, - წერს გელა საითიძე და არ შეიძლება არ დაეთანხმო.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, - ყველას არ ძალუძს თანამოკალმის შემოქმდებითი წარმატების გულწრფელი აღიარება, ეს მხოლოდ დიდი ტალანტის მქონე მწერალს და კეთილშობილ პიროვნებას შეუძლია.

ამ გაზეთში გრიგოლ რობაქიძეს გამოუქვეყნებია წერილები აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ტოლსტოის, აგრეთვე კ. ბალმონტის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანის შესახებ და სხვ.

ვფიქრობთ, გრიგოლ რობაქიძის მოღვაწეობის რუსული სფერო სპეციალური კვლევის საგანი უნდა გახდეს. /გვ. 10/

საქართველოს უცხოელ კეთილმოსურნეთა შორის ერთ-ერთი პირველია ნიკოლოზ დურნოვო. იგი თავგამოდებით იცავდა ქართველ ხალხს და ქართულ ეკლესიას, როცა მას მისი თანამემამულე, ქართველთმოძულე მოღვაწეები თავს ესხმოდნენ. ამიტომ მას დიდად აფასებდა აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვა ქართველი სასულიერო მოღვაწეები. საბჭოთა პერიოდში მისი სახელი ტაბუდადებული იყო. მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიეცა შესაძლებლობა ქართველ საზოგადოებას, გაეგო მისი სახელი და გასცნობოდა იმ ღვაწლს, რაც მან დასდო ზოგადად ქართული კულტურის დასაცავად და, კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას.

ნიკოლოზ დურნოვოს პრინციპულად მიუღებლად მიაჩნდა ცარიზმის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული ველიკორუსული პოლიტიკა, როცა შოვინიზმის შხამით მოწამლული რუსი მოხელენი და სინოდის წარმომადგენლები ყველაფერს კადრულობდნენ ქართველთა დასამცირებლად.

ამ დროს ნიკოლოზ დურნოვო არაკანონიერად აცხადებდა 1811 წელს რუსეთის წმინდა სინოდის მიერ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას. მაშინდელ სიტუაციაში ეს დიდი გამბედაობა იყო!

ნიკოლოზ დურნოვო ერთ-ერთი პირველი შეებრძოლა ქართველთმოძულე დეკანოზ ვოსტორგოვს, რომელმაც ცინიკურად განაცხადა - „არავინ ისე არ მეზიზღება, როგორც ქართველები. ქართველება ოდითგანვე საზიზღარნი იყვნენ. მართალია, საქართველო ღვთისმშობელს ხვდა წილად, მაგრამ იმანაც ვერ გაბედა ამ საძულველ და საზიზღარ ხალხში წამოსვლა და სამოციქულოდ სხვები გამოგზავნაო. ქართველები რუსების მუდმივი მტრები არიან, ყველა ქართველი ჩვენი მოღალატეა“.

ქართველი ხალხის უკიდეგანო სიძულვილი ვოსტორგოვმა საუკუნის წინ გადმოანთხია. ნიშანდობლივია, რომ კრემლში მოკალათებულმა კაგებეს ოფიცრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში ამ სიძულვილის რეალიზაცია მოახდინეს და აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი რაკეტებით მისი თანამემამულეების ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს, მოახდინეს ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ამ კრებულის შესახებ, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. აქვე იმას ვიტყვი, ამ წერილს რეცენზიის პრეტენზია არა აქვს. იგი არის მისი გულდასმით წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებანი.

ჩემო გელა, წერილს ვამთავრებდი, როცა გონებაში ამომიტივტივდა შენი ერთი სტატიის სათაური - „სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია“! მართლაც, სათქმელი და გასაკეთებელი ბევრია, ჩვენი ქვეყნის რუსეთის 70-წლიანი ოკუპაციით ჩაშრეტილი ქართული ეროვნული სულის და ენერგიის აღსადგენად!

 

მინაწერი:

პოეტი-აკადემიკოსის გიორგი ლეონიძის (1899-1966) შემოქმედების პირველი პერიოდი - განსაკუთრებით პუბლიცისტიკა, შესასწავლია. ეს გასაგებიცაა - ემიგრაციაში გახიზნული სპირიდონ კედიას, გიორგი გვაზავას, რევაზ გაბაშვილის, დავით ვაჩნაძის და შალვა ამირეჯიბითან თანამშრომლობისა და მათ გვერდით მოღვაწეობისათვის ბოლშევიკები თავზე ხელს არ გადაუსვამდნენ. მკვლევარებმა კარგაად იცოდნენ და პოეტის ამ წლების (1918-1921) მოღვაწეობის შესახებ დუმილს ამჯობინებდნენ…

ვფიქრობთ, პოეტის თითქმის საუკუნის წინ გამოქვეყნებული წერილები საინტერესო იქნება მკითხველი საზოგადოებისათვის.

გთავაზობთ 21 წლის გოგლა ლეონიძის ორ წერილს - „ძველ პოეზიაზე“ და „ვახტანგ VI“ (გაზეთი ნაციონალისტი”, 1920, № 4 და № 20).

 

ძველ პოეზიაზე

ინტერნაციონალი კულტურა მძვინვარე ვეშაპივით მოექანება. მას დამოუკიდებელი კულტურა აბრაზებს.

კულტურაარსი ინდივიდუალი, ნაციაალფა და ომეგა კულტურის უარყოფილია. ჩვენც დღითი დღე ვიწამლებით კომერციული კულტურის ფაბრიკაციით.

და ცოფიანი კოსმოპოლიტები ჰქმნიან დიდს კომერციულ კულტურას, ხელოვნების საერთაშორისო ბირჟით, რომ ერის სული უნაყოფო გახდეს, ხოლო სამშობლო ენის ბრწყინვალება უსახო ესპერანტომ შეაღამოს.

მაგრამ ერის კულტურა ხომ შემოქმედ პიროვნებებზეა დამოკიდებული? გენიაში აშიშვლებულია ერის სული. გენიაერის სულის კვინტესსენციაა.

ჩვენგან გავლილი საუკუნეები დიადი მოგონებებითაა სავსე და საპატიო ძეგლებით არის დაფარული. ჩვენი წარსული ჩვენივე თვითდამტკიცებაა.

არავითარი საერთო ჩვენ არა გვქონია რომაელებთან, ბერძნებთან, არც გერმანელებთან. სამაგიეროდ, შეგვრჩა საკუთარი სულიერი ზნეობა, ტრადიციები, მოგონებები.

ჩვენ გვქონდა მრავალი კულტურული გავლენა, მაგრამ თითოეული ჩვენთვის დარჩა, როგორც უბრალო დეკორაცია. ჩვენმა სულმა არც ართი მათგანი არ მიიღო. ჩვენ უბრუნდებით ჩვენს ოჯახს და ვიღებთ მამათა სამკვიდროს.

ჩვენ ვამკვიდრებთ ყოველ პიროვნებას, წარსულის თითეულ ლანდს და მიუზღავთ ტანამდებს.

მათგან შეგვრჩა სიმტკიცე და ზომიერება, ამიტომ ვერ მივიღებთშტემპელ დასმულკულტურას, რადგან დაშრეტილ რასას არ ვეკუთვნით.

გეოგრაფიულმა პირობებმა მეტად ადრე გამოგვიყვანა ისტორიულ ასპარეზზე. ოდესმე უძლიერესი ტომი ვიყავით, მაგრამ მომავალით დაორსულებული საქართველო მონგოლიზმმა გააბერწა.

მთელი მაშინდელი საქართველო ერთი დიდიყარამანიანია”, სიღარიბის დასაფარავადვარდბულბულიანშირომ იკლავს თავს. ქართული პარნასი ალყა-შემოვლებულიაანბანთქებით”, ხოლო ყარაულებათ ყველგანმაჯამებიდგანან. ირგვლივ გრიალებენ გრძელი პოემები, იაფი ფერებით შეღებილი. უსტილო, უთავბოლო სიტყვებით გატენილი ოდები, რომლებშიც ტრადიციული და მექანიკური კადანსი რიტმად ითვლება. კლასიკური ენა ბნელდება, როგორც არასდროს. არ არის იმდენად ქმედითი ენერგია, რომ სინამდვილე ესთეტიურად გარდიქმნას. არაბებისგან განაზებული პოეზია ჰკარგავს მთვარის ქვის სინაზეს.

კარის პოეტები ძველს სიუჟეტებს აახლებენ, ისევე როგორც საშუალო საუკუნეებში ფრანგი, გერმანელი, ესპანელი და სლავიანი პოეტები ჰომერის ჰეკზამეტრებიდან და კურციუსის პროზიდან აღებულ სიუჟეტებს ჰლექსავდნენ.

მაგრამ ამ ეპოქის დასასრულს ლათინთა საერთაშორისო კულტურამ საქართველოსაც გადაანათა. სპარსული და ბიზანტიური სტილი აქაც იცვლება. კარმელიტიანელების და წმ. ავგუსტინის ორდენის მისიონერებს შემოაქვთ არა მარტო ლიტერატურა, თვითონ ტეხნიკური ხერხი და ზოგი თავისებურობანიც იტალიური არქიტექტურის.

თუმცა ესეც დეკორაციად რჩება.

ცნობილია, რომ სწორედ მაშინ იჩინა თავი ეროვნულმა ტენდენციამ და გამძაფრებულმა ინდივიდუალიზმმა. უფრო ენერგიული გახდა პროტესტითათრულისწინააღმდეგ.

ეს არის პირველი თავის ამართვა მონგოლიზმის მერე, როცა ძველ ნაანდერძევ სახეების, კომბინაციების ახლით შევსება დაიწყო, საქართველო გახდა პოეტების დიდი სახლი:

თეიმურაზ I, არჩილ II, ან კიდევ მთელი პლეადა: ნანუჩა ციციშვილი, ხოსრო თურმანიძე, ბარძიმ ვაჩნაძე, ნოდარ ფარსადანიძე, სულხან თონიაშვილი, გარსევან ჩოლოყაშვილი, იაკობ სამებელი, ფერშანგ ბერტყაძე, ფავლენიშვილი ქაიხოსრო, ბერიძის ქალი, ონანა კახი მდივანი და მერე რენესსანსის პოეტები: მამუკა ბარათაშვილი, დავით გურამიშვილი, ბესიკი, საიათნოვა.

მიუხედავად სანტიმენტალი რიტორიკისა, მათ სიტყვა გაამდიდრეს ეპოქის ახალი მიღწევებით. ცხოვრების ახალი შინაარსი ძველ ფორმებს შეეპარა და გადასული ზრდა ჩამოაყალიბა.

საქართველო ეამაყა ბებერ ევროპას, სადაც იკივლა ფრანსუა ვიონმა და სადაც დაქანებული დაისივით მიდიოდნენ: შუასაუკუნეების რომანტიკა და მრგვალი ტაბლის საიდუმლოებანი, წმ. გრაალის ძიება და მერლინის სიცბიერე.

მეთვრამეტე საუკუნის ქართული ხელოვნება ლირიკით იწურება. მაშინ შეიქმნა ქართული ლირიკისათვის საკუთარი მიმღეობა და ესთეტიკა, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა საერთო არც აღმოსავლეთის დაშაქრულ პოეზიასთან, არც ბიზანტიურ ესთეტიკასთან.

დღემდის ბესიკს სთვლიან ჯადოქრად, თუმცა ბესიკამდე მრავალი ჯადოსანი იყო და ამ უცნობმა პლეადამ დაწურა ქართული ლირიკა, შემოიტანა რა პოეტური სიტყვის ინსტრუმენტალიზაცია, ზღვარი და იდეალი ლირიკისამუსიკა.

ლიტურგიული ენა პოეზიაში შეჰქმნა თეიმურაზ I-მა, რომელიც დღემდის გამოუკვლეველია. მას აქვს საკუთარი სტილი, თავისი პოეტური პრინციპი: განზრახულობა, წინასწარობა და ეფეკტების გათვლა, აწონვა თითოეული რითმის და ალლიტერაციის. მას უყვარს დაგძელებული მეტაფორები და იმდენი რიტმი, რამდენიც აზრია.

ქართული ლირიკის გოლგოთაზე ჯვარცმულია ვახტანგ VI-ეცქართული ისტორიის მარკუს ავრელიუსი. ჯერ დაუბეჭდავია მისი ორი დიდი წიგნი ლირიკის, სადაც მართალია, არის აღმოსავლური გაგება პოეზიის, მაგრამ სადაც უხვობს ქართული კოლორიტი, რასაკვირველია, არა ეტნოგრაფიული.

უსათუოდ დიდი გვირგვინოსანია, აცრემლებული იამბისტიდავით გურამიშვილიც, რომელმაც შეჰქმნა საკუთარი ესთეტიკა და ბლომად დაღვარა საკუთარივე ცრემლი. მას აქვს ქართული პროფილი და გაგება სიტყვის შინაგანი სივრცის.

ბესიკისათვის სიტყვა სცოცხლობდა ანარეკლებით. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ სიტყვას შეუძლიან რიტმში სამყარო შეამწყვდიოს. მას უყვარდა სიტყვა, როგორც მასალა პოეზიისა, მისი ფერი და ფორმა, თუმცა მისი მეტაფიზიური სიღრმე ვერ არი შეერთებული მხატვრულ ფორმასთან.

დღემდის გაუგებარი რჩება საიათნოვაც. მისი სიტყვები დაძირულია ნორჩი ალმასებით.

მას აქვს ქართული სინათლე. ახალი პოეტები უსათუოდ მოსძებნიან მის ჩამოღვენთილ სიტყვას და ის ახალი ბრწყინვალებით აღდგება ქართულ რონსარად.

ძველს ქართულ ლირიკას ათავებს სამეფო კანცლერი სოლომონ ლეონიძე. მან დასწერა სამგლოვიარო მარში მეფე ირაკლიზეაღსდეგ გმირთ გმირო, ნუ გძინავს”. რომელიც გამართულია და დაჭიმული მძლავრი ხელით. ამ ლექსში თითეული სახე და სიტყვა მოშვილდულია დიდი სიხარბით. მას აქვს ვერჰარნისებული რიტმი.

ქართული ლირიკა სრულიად გამოუკვლეველია. რად ჰღირან ჯერ მარტო ლირიკოსები გოჩა და გიორგი მთაწმინდელი, რომლისსაღამოს ზარმაევროპა დაიარა?

ან ისგამორჩენილი და დავიწყებულნი”, რომელთა შუასაუკუნებრივი ლირიკა ხალხურ პოეზიაში გადავარდა უსახოდ?

მალე ადგებიან ძველი ქართველი პოეტები:  X-XII საუკ., შუა საუკუნეებიდან და მაშინ დაგვაბრმავებს ქართული რასსის საშოდან გახმიანებული სიტყვა.

ჭეშმარიტად, მრავალი ფერისცვალება ჰქონდა ქართულ პოეზიას, რომელიც დღემდე შემდგარი იყო მონგოლიზმით.

მართალია, ჩვენ არ გვესვენა მხრებზე არც რომი, არც ლათინთა კულტურა, არაფრით გვავალებდა ყველასგან მოძულებული ბებერი ბიზანტიაც, მაგრამ ჩვენი სული დანახშირდა საკუთარი ცეცხლებით.

ვიწრო და ნაჩქარევი საგაზეთო წერილი ნებას არ გვაძლევს გავშალოთ სიტყვა საგანზე. ჩვენ ცალკე ვეცდებით გავანათოთ გადასული პოეტებიეს ძველი ღვინოები, რომელთაც დაათვრეს ძველი საქართველო.

ნაციონალისტი 4, 1920 .

 

ვახტანგ მეექვსე

რამდენი განწირულება და დაცემაა ხელმწიფის დიდებაში! ყველაზე ქაოტიურ ეპოქაში ის მოვიდა, როგორც დაგვიანებული ჰარუნ-ალ-რაშიდი. “ქილილა და დამანას” მთარგმნელი და “დასტურლამას” ბრძენი დამწერი იძულებულია შუბი ატრიალოს და წვრილთვალა რკინა ჩაიცვას.

ძალაუნებურად გინდა აქ დაიჯერო ინდუსთა მითი “ავატარა” – ტიპებისა და ხასიათების განცხადებაზე, რომელსაც იგონებს სენ-ვიკტორიც, დასარწმუნებლად, რომ ვახტანგ მეექვსე თითქოს რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსია, რომელიც მე-XVIII საუკ. ცისკარზე გაება საქართველოში, რასაკვირველია, უფრო მცირე გამოცხადებით და უფრო ვიწრო წრეში, თუმცა იმავე სიწმინდის განკაცებით.

არა დროს არ ყოფილა საქართველო თავის დასასრულთან ასე ახლოს, როგორც ამ ბაგრატიონის დროს, ისევე, როგორც ტრაიანეს და ანტონინეს რომი მარკუს ავრელიუსის მიერ პურპურის მიღებისას. მისი სამეფო გაახმო ყიზილბაშების ცეცხლმა. მის დროს უდაბნოები მრავლდება და ქართული ჰორიზონტი ვიწროვდება. მთელ სამბრძანებელში არ მოიპოვება არც ერთი დაუმახინჯებელი კანონი და გაურყვნელი ხასიათი. მისი აჯანყებული ერისთავები ბრაზობენ როგორც კენტავრები. ეს ის დროა, როცა რაინდული მისტერიები თავდება.

ამ საუკუნის დრამაში მრავალი საშინელი აკტია. მაგრამ ყველაზე ის აკტია სისხლეური, რომელსაც ეწოდება: “საქართველოს პოლიტიკის დუელი საქართველოს გეოგრაფიასთან”.

რუსეთის საშიშარი ქირურგი პეტრე იმპერატორი, საშიშარ ოპერაციას უკეთებს საქართველოსაც. პეტერბურგმა იცის საქართველოს სტრატეგიული და პოლიტიკური როლი შავი ზღვის დასაჭერად, ასევე ეკონომიურიც – სავაჭრო გზისა სპარსეთ-ინდოეთში. მაგრამ არ იცის ის სვინდისი და ღვთიური თავშეწირვა რომლითაც ასე აბეზრებდა საქართველოს.

მრავალ პოლიტიკურ კომბინაციებით ის ატყუებს თბილისის სამეფო კარს, ჰღლის ელჩების გზავნით და უთავბოლო დაპირებებით.

ცნობილია, რომ ამ დროს ჩვენი სარდლები ატაცებულნი იყვნენ ეკლესიური შთაგონებით, ხოლო ვეზირები იამბიკოებს სწერდნენ. სამეფო პოლიტიკაში კი, როგორც იტყვის სოლომონ ლეონიძე: “ჯვარი იყო სკიპტრის საფუძველი”.

თავის ვრცელი გეგმის განახორციელებლად აღმოსავლეთის პოლიტიკაში, სპარსეთის წინააღმდეგ მოკავშირედ, პეტრე პირველი იწვევს ვახტანგს – სპარსეთის სიუზერენს.

1722 წელს მთავარნი “ტარკოვსკი და აქსაისკი” პეტრეს დარუბანდის დაჭერას უადვილებენ, თუმცა ალაღებული იმპერატორი ქვევით აღარ მიდის. მდ. აგროლნისა და სელსეის შუა პუნქტებს ამაგრებს და უკანვე ბრუნდება.

გულუბრყვილო ბაგრატიონი კი 40 000 მხედარით ამაოდ ელის მტკვარზე შეპირებულ პაემანს.

და “ქრისტეს საფლავზე მთებარე კანდელი”, როგორც ვახტანგი უწოდებდა თავის მოკავშირეს, საქრისტიანო ქვეყანას იანიჩრებს აძლევს სათარეშოდ. საქართველო რჩება “ვითარცა ნავი ოკეანისა შინა მცურვალი”. იყოფა სანჯაყებად და საფაშალიკოებად, სახანოებად და საბეგლარბეგოებად.

ვახტანგი კი, მთელი თავისი ტაძრეულით და უმაღლეს არისტოკრატიის თანხლებით, რომელიც ორი ათასი თავად-აზნაურით შესდგებოდა, მიდის პეტერბურგს მოკავშირის “საფარველის” ქვეშ.

ამ გადახვეწამ ქართულ რასას საუკეთესო სისხლი დაუკარგა, ხოლო ამავე განგებამ ქართული რენესანსის ბედი გადასწყვიტა!

ვახტანგმა პირველმა უარყო აღმოსავლეთი და საშინელი წყურვილით ეძებდა ევროპის ორიენტაციას და ბოლოს დაადგა კიდეც მას (რუსეთით). თუმცა მის პირველ მსხვერპლად შეიქმნა თითონ თავის ოჯახით. მან უპირველესმა განიცადა ის ცეცხლები და გრიგალები, რომლებშიც მერე ჩაიწვა ირაკლიII  და რომელთაც საშინელი სიგიჟით შემოგვანათეს 1918 წელს, როცა ნოე ჟორდანია, მათი უტახტო მემკვიდრე, აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას...

მან გააკეთა რამდენიც შეეძლო. ის იყო წმინდა მოწამე საქართველოსთვის, თუმცა სწინამძღვრობდა იმ საუკუნეს, რომელსაც არ ეკუთვნოდა.

ბედმა მას აჩუქა უღარიბესი საქართველო... სახელმწიფო ყიდდა საეკლესიო ჭურჭელს და თავადის ქალები სამშობლოსათვის თმებიდან სამკაულებს იძრობდნენ. სიღარიბე იქამდის მივიდა, რომ როგორც იგონებს ბესარიონ კათალიკოზი, მეფის დაგვირგვინებისა და ქორწილის ნადიმებში სამეფო კარი და თავად-აზნაურობა ნაბდებში ისხდა...

ტყვეების ყიდვას აღარ ჰქონდა დასასრული, ხოლო ულმობელი ყეინები დაჟინებით ითხოვდნენ კონტრიბუციას...

უბედო მეფე მრავალი წელი იჯდა ტყვეობაში ქირმანს: აქ, და მერე საომარ კასრავებში სწერდა წიგნებს, რომელნიც გვხიბლავენ დინჯი ოსტატობით და მჭრელი ჭკუით.

თავის ოჯახში ის იყო უწყნარესი მამა. ბატონიშვილები ბაქარ და ვახუშტი უსათუოდ ატარებენ მის პროფილს...

სიკვდილმა უსწრო მას შორეულ აშტრახანს. საქართველო არ იყო მისი ღირსი და უფრო მისი ბოლო ორი წლის კარჩაკეტილი გამოტირებისა. ამ დროს ის დაიწვა საქართველოთი, როგორც არავინ და საქართველომ მოაშთო იგი. ძველი ელლინი ისტორიკოსი ალბათ იტყოდა მის სიკვდილზე: “ნუ სტირით მას, აღმერთეთ იგი. ის ღმერთებმა დაუთმეს ადამიანებს. ეხლა ისევ ღმერთებს დაუბრუნდა...”

“ნაციონალისტი” 20, 1920 წ.

 

 

Back:

გიორგი ლეონიძე - პუბლიცისტი (1916-1922 წწ.), იხ.:

http://www.geocities.ws/komblege/publicist.htm

&

http://www.geocities.ws/komblege/index.html

&

http://www.scribd.com/kavta